Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სტრატეგიის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ 15:47, 01.04.2019 სტატიაში „კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ ამავე სივრცეში გამოქვეყნდა, ჩვენ შევეხეთ ლიდელ ჰარტის მიერ კლაუზევიცის კრიტიკას და ვწერდით, რომ მისი აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებდა სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ ერთადერთი თემა, რაც ლიდელ ჰარტს საკამათოდ მიაჩნდა. ერთ-ერთი ძირითადი, ამ მხრივ, თავად სტრატეგიის გააზრება იყო. კლაუზევიცი თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორც „ომის მიზნებისათვის ბრძოლების გამოყენებას“. აქედან ის ასკვნის, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი ამოცანები უნდა განუსაზღვროს, რომელიც ომის საზრისს შეესაბამება. ლიდელ ჰარტი თვლის, რომ ასეთ მიდგომას ორი ნაკლი გააჩნია: – ომის საზრისთან შესაბამისობის მოთხოვნა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროა და არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და მეორე – აღნიშნული განსაზღვრება ძალიან ვიწროა: გამოდის, რომ ბრძოლა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ასეთი დასკვნის შესაძლებლობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ომი შესაძლოა დავიყვანოთ ერთ გადამწყვეტ ბრძოლამდე. თუცა, საქმე სხვაგვარადაა. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის სხვაობის გამოვლენას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ორივე ძალაუფლება რომ ერთი და იმავე ადამიანის ხელში ყოფილიყო თავმოყრილი: მაგალითად, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. დღეს ასეთი ვითარება თითქმის არ გვხვდება (შესაძლოა ჩრდილო კორეა, ბირმა, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა). ძირითადად, ასეთი ქვეყნები XIX საუკუნეშივე გაუჩინარდნენ. თუმცა, როგორც ლიდელ ჰარტი აღნიშნავს, ამ გაუჩინარების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ვინაიდან სამხედროებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ომის წარმოების სამხედრო გეგმებს, ხოლო სამოქალაქო ლიდერებმა (განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში) დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაში ჩარევა და იმ რესურსების განკარგვა, რომელიც მათი კომპეტენციის მიღმა იყო. ამ თვალთახედვიდან, სტრატეგიის მოლტკესეული განსაზღვრება ლიდელ ჰარტს ბევრად უფრო ადეკვატურად მიაჩნია, ვიდრე კლაუზევიცის: „იმ საშუალებათა პრაქტიკული გამოყენება, რომელიც სარდალს ეძლევა დასახული მიზნის განსახორციელებლად“. ამ განსაზღვრებიდან, ჰარტისთვის, რამოდენიმე საყურადღებო გარემოება გამომდინარეობს: მეორეს მხრივ, მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, უფლებამოსილია ჩაერიოს კამპანიის სტრატეგიულ მართვაში. ეს მართვა კი გულისხმობს მხოლოდ შემდეგს: 1. მთავარსარდლის, რომელმაც მთავრობის ნდობა დაკარგა – შეცვლა; 2. ომის დინამიკიდან გამომდინარე, დასმული პოლიტიკური ამოცანის დაზუსტება ან შეცვლა. ლიდელ ჰარტის აზრით, ასეთი ჩარევა მრავალი მიზეზითაა განპირობებული: შესაძლოა მიჩნეულ იქნას, რომ სამხედრო მოქმედებებმა თავისი თავი ამოწურა და პოლიტიკური მიზნების მიღწევა ამ ეტაპზე სხვა მეთოდებით უფროა შესაძლებელი: მაგ. ეკონომიური წნეხით, ახალი კავშირებით და ა.შ. მათ შორის დაზავების პირობებზე მოლაპარაკების დაწყებით. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგის განადგურება სამხედრო გზით აუცილებლობას უკვე არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარევას, რაც ჯარების უშუალო მართვაში გამოიხატება. ამდაგვარ პოლიტიკას ლიდელ ჰარტი შეზღუდული პოლიტიკური მიზნების სტრატეგიას უწოდებს და შენიშნავს, რომ, საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის რეალურ შინაარსს. ხშირად, ამდაგვარი პოლიტიკის მოტივაცია იყო ძალთა თანაფარდობაში ცვლილების მოლოდინი, რასაც მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვის ხარჯზე აღწევდნენ. გამოფიტვა გულისხმობდა შესაძლებლობების დასუსტებას მცირე დივერსიფიცირებული დარტყმების ხარჯზე, ისე რომ საკუთარი მთავარი ძალები დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ. მეთოდები მრავალგვარია: დარტყმა მოწინააღმდეგის მომარაგების ბაზაზე; ცალკეული მცირე ჯგუფების ადგილზე განადგურება, ანდა ისეთი ზიანის მიყენება, რომ ეს ჯგუფები უმოქმედონი გახდნენ. მოწინააღმდეგის ჩათრევა ისეთ შეტევით მოქმედებაში, რომელიც მისთვის მოუხერხებელი და არაფრის მომტანია (წარმატების შემთხვევაშიც კი). ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც მოწინააღმდეგეს ძალების დაქსაქსვას აიძულებს. მოწინააღმდეგის მორალური და ფიზიკური ენერგიის ცვეთა. ყველაფერი ეს კარგად საზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის შიგნით მთავარსარდალს მოქმედების თავისუფლება გააჩნია იმ თეატრის ფარგლებში, სადაც ის ჯარების მოქმედებას ხელმძღვანელობს. მაგალითად, თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს ფაბიანური სტრატეგიის ფარგლებში, მაშინ ერთი თეატრის შიგნით მთავარსარდლის ინიციატივით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია, შესაძლოა, უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური წარმატება საბოლოო პოლიტიკური მიზნის განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც, საბოლოო ჯამში, ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიის გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე, ასევე თავად სტრატეგია წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის (დიდი სტრატეგიის) გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე. პრაქტიკულად, დიდი სტრატეგია ემთხვევა სამხედრო პოლიტიკას, რითაც ომის მსვლელობას ხელმძღვანელობენ. ხოლო ეს უკანასკნელი განსხვავდება ფუნდამენტური (სახელმწიფო) პოლიტიკისაგან, რომელიც სამხედრო პოლიტიკის მიზანს განსაზღვრავს. რაში მდგომარეობს დიდი სტრატეგიის დანიშნულება? – სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფის) ყველა რესურსი მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისაკენ და კოორდინაცია გაუკეთოს ამ რესურსის გამოყენებას. თავად მიზანს კი ფუნდამენტური პოლიტიკა განსაზღვრავს. შესაბამისად, დიდი სტრატეგია გულისხმობს რესურსების: გამოვლენას; მობილიზებას; განაწილებას; გამოყენების კოორდინაციას. გარდა ამისა, დიდი სტრატეგიის მნიშვნელოვანი სფეროა ომის შემდგომი მშვიდობის მოწყობა და შენარჩუნება. სტრატეგიის წარმატება, ლიდელ ჰარტისთვის, ძირითადად, დამოკიდებულია მიზნის და საშუალებების სწორი თანაფარდობის განსაზღვრაზე: ჭარბი საშუალებები შესაძლოა ისევე მავნე აღმოჩნდეს, როგორც მათი ნაკლებობა; სწორედ ამ საკითხში თეორიული ცოდნა პრაქტიკული რეალიზაციის სირთულეებს აწყდება. პრაქტიკული რეალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მხედართმთავრის ხელოვნებას ვეძახით. ერთადერთი, რაც ომში გათვლას არ ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ნება გაწიოს წინააღმდეგობა .თუმცა, მოწინააღმდეგის ნების დაძლევა სტრატეგიის საქმე არ გახლავთ. ლიდელ ჰარტისთვის სტრატეგიამ უნდა სცადოს თავად წინააღმდეგობა გახადოს მინიმალური და ამაში ის ორ ფაქტორს შეიძლება დაეყრდნოს: მოძრაობა და მოულოდნელობა. ამ ორიდან პირველი განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიურს. თუმცა,ისინი განაპირობებენ ერთმანეთს: სწრაფი გადაადგილება ქმნის მოულოდნელობის ეფექტს; მოულოდნელობა, თავის მხრივ, იძლევა შემდგომი გადაადგილების სტიმულს. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგია მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ნაკლებ ბრძოლას მოითხოვს. მაშინაც კი, როდესაც ომის მიზანი გენერალური ბრძოლის გამართვაა (კლაუზევიცი), სტრატეგიის დანიშნულებაა იმდაგვარი პირობების შექმნა, რომ ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომგებიან პირობებში წარიმართოს. მაგრამ რაც უფრო მომგებიანია პირობები, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა თავად ბრძოლა. მაგალითები, რომლებითაც ლიდელ ჰარტი აპელირებს, შემდეგია:კეისარი ილერდასთან; კრომველი პრესტონთან; ნაპოლეონი ულმთან;მოლტკე სედანთან ;ალენბი სამარიაში .ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად კი 1940 წელს სედანთან გუდერიანის გარღვევა მიაჩნია. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს მოწინააღმდეგის განადგურება, ანუ როდესაც ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიზანი მიღწეული იქნება, თუ კი მოწინააღმდეგეს განზრახვაზე ავაღებინებთ ხელს. სხვა სიტყვებით, სტრატეგიის მიზანია შევქმნათ მომგებიანი სტრატეგიული გარემო. უფრო ზუსტად, საფრთხე შევუქმნათ მოწინააღმდეგის მდგრადობას, რამაც შესაძლოა მისი ძალების რღვევა გამოიწვიოს. როგორაა ეს შესაძლებელი? ანუ როგორ ხორციელდება მოწინააღმდეგის მდგრადობის სტრატეგიული რღვევა? ფიზიკურ სიბრტყეში ეს წარმოადგენს იმ მოქმედებათა შედეგს, რომლებსაც მივყავართ: 1. მოწინააღმდეგის დისპოზიციის რღვევამდე, რის შედეგადაც ის იძულებულია მისთვის მოულოდნელად შეცვალოს ფრონტი, რასაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის რღვევა მოყვება; 2. მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვამდე; 3.მომარაგების სისტემისათვის საფრთხის შექმნა; 4. იმ საკომუნიკაციო ხაზებისათვის საფრთხის შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეს შუძლია უკან დახევა და ხელახალი ზღუდის გამაგრება. ერთ-ერთი ამ ფაქტორის რეალიზაცია საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის მდგრადობა დაირღვეს. თუმცა, რეალობაში ეს ფაქტორები ერთმანეთზეა მიბმული და ერთ-ერთის რეალიზაცია ჯაჭვური რეაქციით იწყებს სხვათა ამოქმედებას. ლიდელ ჰარტი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუ არმია საკუთარი რესურსების შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს (ასე ვთქვათ, მტრის ხარჯზე აწარმოებს ომს), ანდა ის მცირე ზომისაა, მაშინ მისი დამოკიდებულება ბაზებსა და კომუნიკაციებზე ნაკლებია ხოლო თუ საქმე დიდ და რთულ ორგანიზაციათან გვაქვს, მაშინ მისი მიბმა ბაზებსა და კომუნიკაციებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ეს კი ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უფრო რთულია. თუმცა აქაც არის საშუალება რომ უკანდასახევ გზებზე შევქმნათ საფრთხე და მოწინააღმდეგე „ადგილიდან დავძრათ“. ფსიქოლოგიურ სიბრტყეში მოწინააღმდეგის მდგრადობის რღვევა ლიდელ ჰარტისათვის წარმოადგენს ზემოჩამოთვლილი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას მოწინააღმდეგის სარდლობაზე. ფსიქოლოგიურ ეფექტს იმის გააზრება ქმნის, რომ მოულოდნელად მახეში აღმოვჩნდით. შედეგად, მას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგის ზურგზე მიმართული მოქმედებების ეფექტი ძირითადად ფსიქოლოგიურია: მოწინააღმდეგე ტყდება, მაშინ, როდესაც პირდაპირ განხორციელებული შეტევის ფსიქოლოგიური ეფექტია წინააღმდეგობის ნების გაძლიერება. ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ბოლომდე კლაუზევიცის ვერცერთი მიმდევარი ვერ გაერკვა, გახლავთ ის, რომ ომში ყველა მოვლენასა და ყველა პრინციპს მედალივით ორი მხარე აქვს. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აწონილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ენიჭება: ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის წარმოებს, და თითოეული, ცდილობს რა, დარტყმა მიაყენოს მეორეს, ამავდროულად ასევე უნდა ფიქრობდეს თავდაცვაზეც. მაშასადამე, საკუთარი დარტყმა ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგეს მოულოდნელად უნდა შევუტიოთ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალები გაფანტულია, ხოლო საკუთარი – კონცენტრირებული. მაგრამ, მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ მიმართავს საკუთარი ძალების დაქსაქსვას, როდესაც ამის საფუძველი გააჩნია (მაგ. დივერსიფიცირებული დარტყმების მოლოდინი). მაშასადამე მას ეს მოლოდინი უნდა გავუჩინოთ, ანუ საკუთარი ძალები დავქსაქსოთ. ამდენად, თუმცა ეს პარადოქსად ჟღერს, ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია.შედეგად, ომის ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ თუ გინდა დაიკავო რაიმე ადგილი, წარმატების უზრუნველსაყოფად ერთდროული საფრთხე რამდენიმეს უნდა შეუქმნა. დებულება, რომ ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია შეგვიძლია იმ ერთადერთ პრინციპად მივიჩნიოთ, რომელიც ომის მსვლელობის ლოგიკას უდევს საფუძვლად. თუმცა, მისი პრაქტიკული ამოქმედება გარკვეული სირთულის შემცველია და ის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას გულისხმობს:საკუთარი ძალების დაქსაქსვა; მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვა და საკუთარი ძალების თავმოყრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა დებულება, რომელიც პრინციპად შეგვიძლია განვიხილოთ, ამ ალგორითმიდან მომდინარეობს. ჰარტი თვლის, რომ ასეთი სულ რვა დებულებაა . აქედან ექვს შეგვიძლია დადებითი პრინციპები ვუწოდოთ, ხოლო ორს – უარყოფითი. პოზიტიური პრინციპები: მიზანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიე. როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება და შესაბამისად, როგორადაც არ უნდა ხდებოდეს თავდაპირველი გეგმის დაზუსტება, არასოდეს შეცვალო თავდაპირველი მიზანი. საკუთარი მოქმედებებისთვის ისეთი გეზი შეარჩიე, საიდანაც შენს ამოქმედებას ყველაზე ნაკლებად ელიან. იმოქმედე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზებზე. მიმართულების არჩევისას იპოვე ისეთი, საიდანაც მოწინააღმდეგის რამოდენიმე ობიექტი ერთდროული დარტყმის ქვეშ ექცევა. უზრუნველყავი თავდაპირველი გეგმისა და ჯარების თავდაპირველი განლაგების მოქნილობა. ნეგატიური პრინციპები: არასოდეს შეუტიო მოწინააღმდეგეს სრული ძალებით, თუ მას თავდაცვის საშუალება გააჩნია (ანუ, სანამ მისი თავდაცვის უნარი პარალიზებული არ არის). არასოდეს განაახლო შეტევა მიმართულებაზე, თუ მანამდე ამ მიმართულებით შეტევამ მარცხი უკვე განიცადა. ამ ორი ჯგუფის პრინციპებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის ორი ამოცანაც, რომელიც აუცილებლადაა გადასაჭრელი: 1.როგორ დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს წონასწორობა? 2.როგორ განვავითაროთ წარმატება? პირველი ამოცანა დარტყმის მიყენებამდე უნდა გადავჭრათ, ხოლო მეორე – უშუალოდ დარტყმის შემდეგ. ამ ამოცანების გადაჭრასთან შედარებით საკუთრივ დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს სირთულეს. ლიდელ ჰარტის აზრით, როდესაც ომის მიზანზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ განსახვავება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მიზანსა და სამხედრო მიზანს შორის. სამხედრო მიზანი პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და ამიტომ, ის მთლიანად პოლიტიკური მიზნით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი, რაც სამხედრო ხელმძღვანელს მოეთხოვება არის ის, რომ შეუსრულებელი სამხედრო მიზანი არ დაისახოს. ზოგადად, ომის მიზანი – ეს არის ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკეთესია (მომგებიანია, თუნდაც ჩვენი თვალსაზრისით) ომისწინა ვითარებასთან შედარებით. ამის გამო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი მშვიდობა გვინდა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, ანდა თუნდაც ომში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პოლიტიკური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვათა შორის, მიაჩნდათ, რომ ომის ნამდვილი მიზანი არის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განადგურება (კლაუზევიცი). აღნიშნული დებულება მიჩნეული იყო სამხედრო დოქტრინის საფუძვლად. ლიდელ ჰარტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ბზარი შეიტანა კლაუზევიცის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სახმელეთო ოპერაციების ხასიათს. ვერც ერთმა სახმელეთო ოპერაციამ ვერ უზრუნველყო საბოლოო წარმატება და რეალურად, ომი ჩიხში შეიყვანა. ის, რომ გერმანია დამარცხდა, ამის მიზეზი არა მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება იყო ხმელეთზე, არამედ ის უკმარობა მარაგებისა, რომელიც საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია. მეტიც, გამარჯვებულთა ძალებიც იმდენად იყო გამოფიტული, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ომის შემდგომ თავიანთი წარმატება. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო თეორიის ხელახალი გადააზრება. ამავე დასკვნისაკენ ლიდელ ჰარტს სხვა ფაქტორებიც უბიძგებდა: როლი, რომელიც საზღვაო ძალებმა შეასრულეს მოწინააღმდეგის განადგურების საქმეში, თანაც ისე, რომ არც ერთი დიდი საზღვაო ბრძოლა არ გაუმართავთ. საჰაერო ძალების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრების განადგურება ისე, რომ აღარ იყო საჭირო მისი ძირითადი ძალების ბრძოლის ველზე განადგურება. ჯარების მექანიზაციამ გაზარდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურების შანსი მსხვილი ბრძოლების გარეშე. თუ ავიაციას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი დარტყმა ირიბი ხასიათის მოქმედებით (გადააფრინდეს მოწინააღმდეგეს), იგივე შეუძლია განახორციელოს მექანიზირებულ არმიას ხმელეთზეც (შემოუაროს მოწინააღმდეგეს). თუმცა, ავიაციისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია გამაგრდეს დაკავებულ ტერიტორიაზე. ავიაციამ და ტანკმა ერთობლივად დრამატულად გაზარდეს სამოქალაქო ობიექტებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე დრამატულად გაიზარდა ზემოქმედების მანძილიც. ამან შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების პარალიზება მის მნიშვნელოვან ცენტრებზე ზემოქმედებით. განსაკუთრებულია ავიაციის ზემოქმედების ეფექტი: ის შოკში აგდებს სამოქალაქო მოსახლეობას. ამ უპირატესობათა ჯამურმა ეფექტმა შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ლიდელ ჰარტი ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, ბრძოლა სტრატეგიული მანევრის დამამთავრებელ ფაზად გარდაიქმნება და თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაკარგავს. ჰარტისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც: როდესაც ომი დაიწყო, ახალშექმნილმა მცირერიცხოვანმა მექანიზირებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, თუ კი მათი გამოყენება გამიზნულია სიღრმეში განლაგებული სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ამის მაგალითებია პოლონეთი, რომელიც რამოდენიმე კვირაში დაეცა ექვსი სატანკო დივიზიის შეტევის შედეგად; საფრანგეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა ათი სატანკო დივიზია; მთელი დასავლეთ ევროპის აღებას ერთი თვე დაჭირდა ისე, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები თითქმის არ გამართულა. იგივე ხდება, სხვათა შორის, ბალკანეთში 1991 წელს, როდესაც წარმატება მიღწეულ იქნა არსებითად ბრძოლების გაუმართავად. მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი (თუმცა, ნეგატიური) გაკვეთილი ლიდელ ჰარტისთვის ე.წ. სტრატეგიული დაბომბვის შედეგებია: რას ელოდნენ? – ეკონომიკის კოლაფსს და დემორალიზაციას. შედეგად კი მიიღეს უმნიშვნელო ეფექტი სამხედრო მოქმედებებზე, წინააღმდეგობის ნების განმტკიცება და ომის შემდგომ დანგრეულის რეაბილიტაციაზე რესურსის მნიშვნელოვანი ხარჯვა. ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც 1914-1918 წლების ომის შემდეგ, სცადა თავი დაეღწია კლაუზევიცის მემკვიდრეობისათვის. თავისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მან შეაჯამა 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „პარიზი, ანუ ომის მომავალი“. წიგნი იწყება იმ სამხედრო მოქმედებათა კრიტიკით, რითაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ მიეღწიათ თავისი მიზნისათვის: ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები. წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ სწრაფვაში ორივე მხარემ ისე გამოფიტა ერთმანეთი, რომ რეალური შედეგისათვის არც მიუღწევია. ამის შემდეგ წიგნში ნაჩვენებია მორალური მიზნების უპირატესობა. კერძოდ: 1. როგორ შეუძლიათ სატანკო არმიებს დაარტყან მოწინააღმდეგის „აქილევსის ქუსლს“: მსხვილ შტაბებსა და კავშირგაბმულობის ცენტრებს, რომლებიც არმიის ნერვიულ სისტემას ქმნიან. 2. როგორ შეუძლია ავიაციას დამოუკიდებლად მიაყენოს დარტყმა სახელმწიფოს ნერვიულ სისტემას: მსხვილ სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებსა და ინფრასტრუქტურას. ამ წიგნის გამოსვლიდან ორ წელიწადში, 1927 წელს, გენერალური შტაბის მითითებით წიგნი სახელმძღვანელოდ გამოიყენეს პირველი მექანიზირებული ნაწილების ოფიცრებისათვის. ასევე მოიქცა საჰაერო ძალების შტაბიც, რომლის ხედვა მაშინ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებს ემთხვეოდა. თუმცა, ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ავიაციასთან დაკავშირებით წიგნში გამოთქმული მოსაზრებები იყო მცდარი: 1925 წელს ის თვლიდა, რომ მსხვილი სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეძლო დაეჩქარებინა ომის დამთავრება. 1929 წლისთვის მას უკვე უყალიბდება აზრი, რომ ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა ახალი ტიპის გაჭიანურებული ომი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შეხედულება საჯარო გახადა, მისი თავდაპირველი მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა სამხედრო სარდლობისთვის. შედეგად მივიღეთ ის უაზრო მსხვერპლი, რომელიც სტრატეგიულ დაბომბვებს მოყვა მეორე მსოფლიო ომში. ომის შემდეგ ლიდელ ჰარტს უჩნდება აზრი, რომ ისევ მოვიდა დრო გადაიხედოს თეორია და კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ომის სამხედრო მიზანი. ის მიდის აზრამდე, რომ ბრძოლა, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა ამოვარდეს სტრატეგიის ლექსიკონიდან და ის სტრატეგიულმა ოპერაციამ უნდა შეცვალოს. თუმცა, მალევე, ცივმა ომმა ახალი რეალობა გააჩინა, რამაც მთლიანად შეცვალა XX საუკუნის მეორე ნახევრის სტრატეგიული გარემო: გლობალურმა დაპირისპირებამ გლობალური სტრატეგია მოითხოვა. შედეგად, ლიდელ ჰარტისეულ იერარქიაში სახელმწიფოს ფუნდამენტური პოლიტიკა – დიდი სტრატეგია – სამხედრო სტრატეგია ტერმინები შეიცვალა და მივიღეთ ალიანსის (ფუნდამენტური) პოლიტიკა – გლობალური სტრატეგია – ალიანსის სამხედრო სტრატეგია. მაგრამ ეს სულ სხვა თხრობის თემაა. ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
  2. ის, რომ ქართული სინამდვილე, ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გარკვეული აზრით, პრობლემატურია, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, არ შეუძლია უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი წინააღმდეგობა რომ დაიცვას მოსახლეობა და ტერიტორია . პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის შეიძლება ორ ქვეპრობლემად დაიყოს: სტრატეგიული და დოქტრინული. პირველი პრობლემის თავი და თავი, უსაფრთხოების რელევანტური, კონცეპტუალურად დაბალანსებული სტრატეგიის არარსებობაა (ბოლო წლებში პრეზენტირებული სტრატეგიული ხედვების სიმრავლის მიუხედავად ). სტანდარტული პროცედურა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, წარმატებით გამოიყენება (ე.წ. აშშ არმიის სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგია), შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს: ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ ეროვნულ ინტერესებს (ეს არ გახლავთ ერთსვლიანი პროცედურა და შუალედურ რგოლად აუცილებლად მოითხოვს ეროვნული მიზნების განსაზღვრას) ვახდენთ გარემოს სტრატეგიულ შეფასებას; ვირჩევთ ეროვნულ (სახელმწიფო) პოლიტიკას; ვაყალიბებთ უსაფრთხოების (სახელმწიფო) სტრატეგიას (პოლიტიკის უსაფრთხო რეალიზაციის სქემას); ვსაზღვრავთ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას (როგორც შერჩეული პოლიტიკის ეფექტური მხარდაჭერის ინსტრუმენტს); ვაფასებთ რისკებს, რის შემდეგ, შესაძლოა, პროცესის გამეორება დაგვჭირდეს ეს გახლავთ ერთგვარი ალგორითმი, რომლის თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოში ინსტიტუციურად გამყარებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების სახით. ასე მაგალითად, ეროვნული ღირებულებების სისტემა კონსტიტუციაშია (უნდა იყოს) წარმოდგენილი და ამ მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას არც ერთ ინდივიდუმს და არც ერთ ინსტიტუტს არ უტოვებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა, ასევე, რამოდენიმე ცნების საკმაოდ სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მაგალითად, მოცემულ კონტექსტში სტრატეგია გააზრებულია როგორც სახელმწიფოს მიერ მის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტების (პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული) კოორდინირებული გამოყენება. სტრატეგიის ამდაგვარი გაგება, საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ მისი საყრდენი წერტილები: მიზანი, (ძალის) ინსტრუმენტები, რესურსი. ასე რომ, სტრატეგია ერთგვარი სამფეხაა, რომელიც ამ საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ასურათებენ – როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის მქონეა. რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ პასუხები სამ, შედარებით მარტივ, კითხვაზე: რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი) რა გზით არის შესაძლებელი მიზნის განხორციელება? (ინსტრუმენტი) რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზანი? (რესურსი) სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს მიზანთან შეცდომით აიგივებენ, წარმოადგენს პასუხს კითხვაზე თუ რა მსურს, რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს, რომ მიზნის რეალიზაცია შევძლო? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში ფიგურირებს, გახლავთ რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. თუ კი ჩვენს სამფეხას დავუბრუნდებით, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც სამფეხა არათანაბარ „ფეხებზე“ დგას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რომელიმე „ფეხის“ სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია დანარჩენებზე. კუთხე, რომლითაც ამ დროს სამფეხა არის დახრილი, არის აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია (ანუ „სამფეხა“ ისეთნაირად არის დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს: მეტად ამბიციური მიზანი, რომელიც რესურსით ან საშუალებებით არ არის გამყარებული, ნაკლებ ამბიციური და მიღწევადი მიზნით იცვლება. განვიხილოთ ეს ვითარება მაგალითზე: დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოს ძირითად მიზნად შეირჩა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ინახოს სახელმწიფოს ძალის რა ინსტრუმენტები გააჩნია მას ამ მიზნის სარეალიზაციოდ? თუ ეს არის არშემდგარი სამხედრო ძალა, სუსტი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ამავდროულად, დეზორიენტირებულია საკითხის მოგვარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის არარსებობით და, ასევე, სუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით, მაშინ, ცხადია, რა სიტყვებიც არ უნდა დავხარჯოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას, მიზანი განუხორციელებელი დარჩება. თუ, ამავე დროს, მიზნის სარეალიზაციოდ არანაირი ხელშესახები რესურსიც არ არსებობს, ე.წ. „სტრატეგიული სამფეხა“ „ამოგვიყირავდება“: რისკი, რომ შერჩეული სტრატეგია ჩავარდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო იმედგაცრუების ემოციური ტალღა, რომელიც ამ ჩავარდნამ შესაძლოა გამიწვიოს, შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ აღნიშნული მიზანი საერთოდ ამოვარდეს ქვეყნის პოლიტიკური ცნობიერებიდან. ეს რომ არ მოხდეს, როგორცა ჩანს, მიზნად, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამბიციური, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა განისაზღვროს: მაგალითად, როგორ შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი რესურსი? ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, პირველ რიგში, იმის ზუსტად განსაზღვრას თუ რა არის ეს რესურსი? ახალი მიზანი ისევ, იმავე საფეხურებით, რისკ-ფაქტორამდე უნდა მივიდეს და ხელახალი „დაყირავებული“ სამფეხას შემთხვევაში, პროცესი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ცუდათაა შერჩეული, იმ აზრით, რომ არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტად იქცეს, შეგნებულად ავირჩიეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თუ რა სირთულეები იმალება, ერთი შეხედვით, მარტივი და ცხადი ფრაზების უკან, როგორც კი ისინი პოლიტიკურ კონტექსტში ინაცვლებენ და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის სლოგანად იქცევიან. ჩვენს, ქართულ სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, აქ პრობლემა იმითაცაა დამძიმებული, რომ ეროვნული ღირებულებების სისტემა ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობის ასპარეზია. ის, რაც კონსტიტუციურად არის ინსტიტუციონალიზებული, სახელმწიფოს მიზნების ფორმულირებისთვის მყარ ორიენტირს არ იძლევა. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ? მართალია, ეს კითხვა მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ თუ მასზე რეალური პასუხი არ მოიძებნა იმ ღირებულებათა ჩამონათვალის სახით, რომელიც სპეციფიკურად ქართულია, თავად ქართული სახელმწიფოს, როგორც ამ ღირებულებათა რეალიზაციის მექანიზმის არსებობა, აზრს კარგავს. დემოკრატია, კეთილდღეობა, პიროვნული თავისუფლებები, და სხვ. ზოგადად, ის ღირებულებებია, რომელთა უზრუნველყოფა დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემის წევრად აღიარებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგვარი პასპორტია. მათი რეალიზაციის გაცხადებით ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემაში მყოფ სხვა სუბიექტებთან ერთად დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს საზოგადოება სპეციფიკურად ქართული, სამწუხაროდ, არ ჩანს. თუ ჩვენ, გარდა აღნიშნულისა, სხვა არც ერთი ღირებულება არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას ვცდილობთ, მაშინ მართლაც სულერთი უნდა იყოს რა ენაზე ვილაპარაკებთ, რომელ ეკლესიაში ვილოცებთ და საერთოდაც, რა ერქმევა ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზნები მხოლოდ მოჩვენებითია, ანუ უსაფრთხოების სტრატეგიული ტრიადიდან პირველი, ძირითადი ელემენტი, უბრალოდ ამოვარდნილია. თუ ამას დავუმატებთ რაც ზემოთ მოტანილ მაგალითში სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტებთან და რესურსთან დაკავშირებით ვთქვით, ვნახავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების რეალური რისკ-ფაქტორი სტრატეგიის სამივე შესაძლო კომპონენტის დაბალანსების შეუძლებლობაშია (ვინაიდან შეუძლებელია დააბალანსო ის, რაც არ არსებობს) და არანაირად იმ საფრთხეებში, რასაც ჩვენი სტრატეგიული გარემო ბუნებრივად გვთავაზობს. ამ შეუძლებლობის შედეგია ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოების არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული მაინც. სხვა სიტყვებით, ქართული სტრატეგიული „სამფეხა“ ჰაერში კიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტრინის პრობლემა: რა დოქტრინით უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი არმია, რომ შემდეგი სამხედრო დაპირისპირების მოგერიება შევძლოთ? აქაც რამოდენიმე უხერხულ კითხვას ვაწყდებით: დავიწყოთ იმით, რომ შიდა და გარე სამხედრო მუქარებისგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამხედრო უსაფრთხოების ძირითად შინაარსს. ხოლო ღონისძიებანი, რომლებიც ამ შინაარსის რეალიზაციას უზრუნველყოფს, წარმოადგენს ქვეყნის ომისათვის მზადების პროცესს. ქვეყანა ომისათვის ემზადება მაშინაც, როდესაც არანაირ ომს არ გეგმავს და მაშინაც, როდესაც არავინა არ გეგმავს მასთან ომს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის არსებობს ზოგადად არმიები? ეს კი, ჩვენ შემთხვევაში, ნიშნავ იმას, რომ თუ კი საქართველო მომავალი ომისათვის არ ემზადება, მაშინ რატომ ვინახავთ ქართულ არმიას? ამ კითხვას, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ პრობლემაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე არც ჩანს: ზოგადად, რა სახის ომების წარმოება შეუძლია დღევანდელ არმიებს? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი არმიები, ძირითადად, მხოლოდ მეორე და მესამე თაობის ომებისთვის არის მზად. სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობანი, რომელიც ამა თუ იმ არმიას სხვის მიმართ გააჩნია, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ცვლის ომის ხასიათს. თანაც, ის არმიები, რომლებსაც შეუძლიათ მესამე თაობის ომი აწარმოონ და მოწინააღმდეგე ამ გზით დათრგუნონ, თითზეა ჩამოსათვლელი. ის, რომ არმიების გამოყენება დღეს, მეტწილად, ლოკალურ კონფლიქტებში, არასპეციფიკური დანიშნულებით ხდება, ამ სურათს მთლიანობაში არ ცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული არმიის მზადებაც, რამენაირად, ამ ყალიბში უნდა მოექცეს. მზადების სხვა მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს. აი აქ კი ჩნდება სერიოზული კითხვა: რომელ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ქართულ არმიას მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ის მეორე ან მესამე თაობის ომში ჩაება? ეს კითხვა რამოდენიმე ქვეკითხვად იშლება: ვისთან არის შესაძლო ამ ტიპის კონფლიქტი? რა გეოგრაფიული არეებია სავარაუდო კონფლიქტის ზონა? რა შეიარაღებული ძალებია(ხარისხი, რაოდენობა) წარმატებისათვის საჭირო? როგორი იქნება მოსახლეობის დაძაბვის ხარისხი მომავალ ომში? ის, რაც უახლესმა ისტორიამ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივი პასუხი პირველ კითხვაზე გაგვაჩნია. თუმცა ეს, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან, კითხვას აჩენს: პასუხები, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაინც, ბუნდოვანია, ვინაიდან ასეთი პასუხები სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. დღევანდელი ვითარებით, არმია და შესაბამისად, სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში განიცდის კოლაფსს. განსაკუთრებით კი, თუ ის მეოთხე თაობის ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარებით, ქართული შეიარაღებული ძალები, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ როგორც საერთაშორისო ძალების შიგნით მოქმედი ქვედანაყოფი და მათი გამოყენებით სახელმწიფოს მართლაც შეუძლია გარკვეული საგარეო-პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ამ ასპექტს აძლიერებს ქართული არმიის პროფესიონალიზაციის ტენდენციაც, რომელიც, ბოლო წლებში, ნელ-ნელა გამოიკვეთა: პროფესიული არმიები, თავიანთი ბუნებით, ძირითადად, საექსპედიციო ძალებია. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის კონცეფციაც, ზოგადად, ამაზეა ორიენტირებული. ბუნებრივია, დოქტრინა, რომელიც ამდაგვარი არმიის მზადებას უზრუნველყოფს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოდ არ ვარგა (თუ კი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობა, საბოლოოდ, საგარეო ფაქტორებზე არ არის მიბმული). მაგრამ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტები, რომელიც არმიის მშენებლობის ოფიციალურ დოკუმენტებადაა წარმოდგენილი და სადაც აღწერილია თუ რა ვითარებაში როგორ დაიცავს არმია მოსახლეობასა და ტერიტორიას, უბრალოდ არაადეკვატურია. ერთი შეხედვით, ჩიხში ვართ. იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში არსებული, ჩვენს გარდა, ოთხი პოლიტიკური მოთამაშიდან ერთი, თავისი მისწრაფებებით და ამბიციებით, ზესახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის, მეორე -რეგიონში ყველაზე წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობს, ხოლო დანარჩენმა ორმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო მშენებლობას, ისე ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა სხვის კეთილ სურვილზეა დამოკიდებული. ეს არც თუ მთლად სახარბიელო პერსპექტივაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში კეთილი ნება, ხშირად, ცვალებადი პარამეტრია. როგორ უნდა გავართვათ თავი ამ დილემას? როგორ ვიმოქმედოთ, რომ სხვის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუ ერთ დღეს თავი მტრულ გარემოცვაში ვიგრძენით? თუ მეოთხე თაობის ომების სავარაუდო დახასიათებას გავიხსენებთ, როგორცა ჩანს, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა რომ შესაძლებელია მეოთხე თაობის ომების საწარმოებლად სერიოზულად ვემზადოთ: მეოთხე თაობის ომების სივრცე ხომ პრაქტიკულად ათანაბრებს ძლიერი-სუსტის დისბალანსს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრ დოგმაზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო მშენებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროფესიული კონტინგენტი როგორს სიმბოლო, ან იგივე საგარეო მოხმარებისათვის, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება მეორე დოქტრინაც, სახელმძღვანელო, რომელიც საკუთარი თავის დაცვას შეგვაძლებინებს. როგორ იქნებიან ამ სისტემაში ინკორპორირებული ჩვენი პროფესიონალები, ერთ-ერთი რთული საკითხია გადასაწყვეტად. თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის რეჟიმში გადასაყვანი სტრატეგია, ვინაიდან ცვალებად სამყაროში ბევრი რამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია ისიც, რომ სანამ ქვეყანაში მეოთხე თაობის სრულ პოტენციალს შევქმნით, საბრძოლო სივრცე მეხუთე თაობის კომბატანტთა ასპარეზად იქცეს და ჩვენ ისევ აუტსაიდერთა რიგებში აღმოვჩნდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს? კითხვა დასმულია და იმედია, ვინმე პასუხზეც დაფიქრდება. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
  3. ომი ხდომილებაა. მისი მართვის უნარი – ხელოვნება, ხოლო იმ პრინციპების ცოდნა, რომელიც ამ სპეციფიკური ხელოვნების საფუძველში დევს – თეორია. შესაბამისად, ის რაც ომზე, როგორც ხდომილებაზეა მიბმული, ასევე ორ პლანში შეგვიძლია განვიხილოთ: როგორც ხელოვნება (პრაქტიკა) და თეორია (ცოდნა, რომელსაც აღნიშნული პრაქტიკის განზოგადება იძლევა). კონკრეტულად, სტრატეგია, როგორც ომზე მიბმული საქმიანობის სფერო (საკუთრივ მართვა და წარმართვა) შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვნებადაც და ომის თეორიადაც. ისტორიულ რეტროსპექტივაში ის სწორედ ამდაგვარად ვითარდებოდა. მისი ხელოვნებად ჩამოყალიბების გზა სამხედრო ისტორიაშია აღწერილი. გაცილებით გვიან, სტრატეგია განვითარებას, როგორც თეორია იწყებს, თეორია რომელიც, ლეერის სიტყვებით რომ ვთქვათ, არის მთელი სამხედრო საქმიანობის სინთეზი, მისი განზოგადება, ფილოსოფია. ისევე, როგორც ფილოსოფია ეძებს კავშირებს სამყაროსეულ მოვლენებს შორის, სტრატეგიაც სამხედრო მოვლენათა შორის არსებული კავშირების გამოვლენასა და ახსნას ისახავს მიზნად. თუმცა, არსებობს სტრატეგიის უფრო ვიწრო გაგებაც, რომლის მიხედვითაც სტრატეგია წარმოადგენს სწავლებას (მოძღვრებას) სამხედრო მოქმედებების თეატრზე (სმთ) ოპერაციების შესახებ. თუ სტრატეგიას როგორც ხელოვნებას შევხედავთ, ვნახავთ, რომ თავის მხრივ, არსებობს სხვადსხვა ფაქტორი, რომელზედაც ის თავადაა მიბმული და რომლებიც მასზე, როგორც პრაქტიკაზე, ზოგადად, გავლენას ახდენს. მიჩნეულია, რომ სტრატეგიაზე, როგორც კონკრეტულ არჩევანზე, შემდეგი ფაქტორები ზემოქმედებს: პოლიტიკა, დიპლომატია, ეკონომიკა, სამხედრო, გეოგრაფია, ისტორიული გზა, კულტურა, იდეოლოგია და სახელმწიფოს მართვის ფორმა. აქედან, პოლიტიკა, იდეოლოგია და გეოგრაფია ქმნიან განსაკუთრებულ ეროვნულ სტრატეგიულ კულტურას. ხოლო ამ კულტურამ, თავის მხრივ შესაძლოა გავლენა იქონიოს სტრატეგიული პრობლემის ადეკვატურ აღქმაზე. თუ კი პოლიტიკური ფაქტორის გავლენა სტრატეგიაზე, ასე თუ ისე, ნათელია, შესაძლოა გეოგრაფიული და უფრო მეტად იდეოლოგიური ფაქტორის გავლენა არც ისე თვალშისაცემი ჩანდეს. თუმცა, ეს მატყუარა განცდაა. მაგალითად, ძნელია გადააჭარბო გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობა, ვინაიდან ქვეყნის სიდიდე და მდებარეობა წარმოადგენს ძირითად დეტერმინანტს სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად. შედარებისთვის: ისრაელისათვის გეოგრაფიული პრესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გააჩინა მუდმივი დაუცველობის განცდა. მეორეს მხრივ, აშშ იმდენად დაცილებული იყო ძირითადი სამხედრო თეატრებიდან, რომ დასაშვებად მიიჩნია ძალთა ბალანსის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების იგნორირება. გეოგრაფიული ფაქტორის პოლიტიკაზე ზეგავლენის, ისტორიაზე და ისტორიულად განპირობებული სტრატეგიული არჩევანის შესახებ კარგ მაგალითს წარმოადგენს ინგლისი. მეტიც, ბრიტანეთის კუნძულის გეოგრაფიამ გავლენა იქონია ომის სპეციფიკური ფორმის ე.წ. ბრიტანული ომის ჩამოყალიბებაზე(ლიდელ ჰარტი): კონტინენტზე მსხვილი საბრძოლო დაპირისპირებებისგან თავის არიდება და ფლოტის საშუალებით მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების წინააღმდეგ პერიფერიებზე საფრთხის შექმნა. გეოგრაფიული ფაქტორი განსაზღვრავს ასევე კონკრეტული სამხედრო მოქმედების შინაარსსაც. მაგალითად, თუ განვიხილავთ II მსოფლიო ომში დაპირისპირებული მხარეების მიერ ავიაციის გამოყენების მეთოდიკას, ვნახავთ, რომ მათ განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ: ინგლის-ამერიკისთვის ეს იყო სტრატეგიული ბომბვა, ხოლო გერმანიისთვის – სახმელეთო ძალების მხარდაჭერა, რაც ბუნებრივი იყო, ვინაიდან გერმანიისთვის სახმელეთო კომპონენტი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო იმავე საავიაციო ბაზების შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც ინგლის-ამერიკისთვის ევროპის კონტინენტზე არ არსებობდა ტერიტორია, რომლის დაკარგვა მის საავიაციო შესაძლებლობებს დაასუსტებდა. გეოგრაფიული ფაქტორის ზეგავლენის კარგი მაგალითია XVI საუკუნის ესპანეთის სამეფოს გეოგრაფია და ესპანეთის სტრატეგიული არჩევანის სირთულე ტერიტორიების შესანარჩუნებლად (იგულისხმება 80-წლიანი ომი ნიდერლანდებში). რაც შეეხება რელიგიას, იდეოლოგიასა და კულტურას, დიდი ანგარიშით, სამივე ეს ტერმინი სამყაროს ხედვას ნიშნავს და ამ ხედვის გავლენა სტრატეგიულ არჩევანზე, ხშირად, გაცილებით მეტია ვიდრე რეალური პოლიტიკის გავლენა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აშშ საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ იდეოლოგიური კლიშეები განაპირობებენ ქვეყნის სტრატეგიულ მიდგომებს: ლიბერალური ღირებულებების დაცვისა მხარდაჭერის საკითხში ამერიკის განსაკუთრებულობა არის სწორედ ის თემა, რამაც განსაზღვრა ცივი ომის მიმართულება და პრაქტიკულად, მთელი უახლესი ისტორია დღემდე. როგორც ხელოვნება, სტრატეგია უძველესი დროიდან არსებობს. ყოველ შემთხვევაში, რაც ომი ორგანიზებულ და მეთოდურ საქმიანობად იქცა. სტრატეგიის, როგორც ხელოვნების მიზანია მოწინააღმდეგის დამარცხება ზოგადად და დასახული პოლიტიკური მიზნის რეალიზაცია – კერძოდ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის განხორციელებისას დაგვჭირდეს (შეძლებისდაგვარად) მინიმალური ხარჯი, ძალისხმევა და დანაკარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვებას აზრი არა აქვს. აღნიშნული ამოცანა (ომის მიზნის მიღწევა) შესაძლოა რამოდენიმე ქვეამოცანად დავყოთ: ზოგადი მიზნის სწორად განსაზღვრა (ჩანაფიქრი); სწორი მიმართულების განსაზღვრა, რასაც ბუნებრივად მივყავართ ოპერაციის ძირითადი იდეის სწორ განსაზღვრამდე, ანდა საოპერაციო ხაზების ზუსტ არჩევამდე, რაც სტრატეგიული ხედვის (ოპერაციის) პირველ ნაბიჯს შეადგენს; შესაბამისობა დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებებს შორის: აღნიშნული, პირველ რიგში გამოიხატება საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არმიის სტრატეგიულ გაშლაში, რომელიც მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელი უნდა იყოს, ხოლო საკუთარი ძალებისათვის – უსაფრთხო. ეს ორი გარემოება მნიშვნელოვანია ოპერაციისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად, რაც გარკვეულ უპირატესობებს ქმნის ძალის, დროისა და ადგილ-მდებარეობასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგეს ვართმევთ ინიციატივას, ანუ საკუთარ კონტროლს ვუქვემდებარებთ მის აზრებსა და ნებას. მესამე ამოცანის განხორციელება საშუალებას იძლევა გადავჭრათ უფრო რთული ამოცანა: ოპერაციის (საოპერაციო ხაზების) უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს იმდენად რთული ამოცანაა, რომ ნაპოლეონს ის მთელი სამხედრო საქმიანობის ანა-ბანად მიაჩნდა. მარშის განხორციელება – გულისხმობს მოწინააღმდეგის მიმართ ისეთი ვითარების შექმნას, რომ მისი ხაზები დარტყმის მუქარის ქვეშ აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც საკუთარი დაცულია (მანევრი). იმისათვის, რომ ბრძოლა რეალური შედეგით დაგვირგვინდეს, აუცილებელია ბრძოლის შედეგების სწორი ექსპლუატაცია. ყველაფერი ეს მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი ოპერაცია.ყველა ამ ამოცანის განხორციელება განაპირობებს იმას, რომ ოპერაცია ნაკლებად ხდება დამოკიდებული ბრძოლის იღბალზე (ტაქტიკა). მეტიც, სტრატეგიული მოსაზრებები განმსაზღვრელი ხდება ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა: გავმართოთ თუ არა ბრძოლა, სად, როდის, რა წინაპირობების შეთხვევაში და ა.შ. ამგვარად, როდესაც სტრატეგიის პრაქტიკოსებზე ვიწყებთ საუბარს და მათ ხელოვნებაზე (ოსტატობაზე) ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მათი მოქმედება აღნიშნული ამოცანების გადაჭრის ეფექტურობასთან მიმართებით უნდა განვსაზღვროთ. ამის საშუალებას კი სამხედრო ისტორიის ცოდნა იძლევა. ამ კუთხით დანახული, სტრატეგიის ხელოვნების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ქმედებები, რომლებსაც აწარმოებდნენ კიროს დიდი, ფილიპე მაკედონელი, ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი. პირველი, რაშიც ეს გამოიხატება, გახლავთ თემა, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი ომისათვის. მეორე – თუ როგორ უდგებოდნენ ისინი საკითხს ომის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ბოლოს, ისინი არასოდეს უშვებდნენ მხედველობიდან იმ კავშირს, რომელიც პოლიტიკასა და სტრატეგიას შორის არსებობს. ამ მხრივ (იგულისხმება სტრატეგიისა და პოლიტიკის ერთიანობა) ყველაზე კარგ სასტარტო ვითარებაში ალექსანდრე აღმოჩნდა, ვინაიდან მან, პრაქტიკულად, ფილიპეს საქმე გააგრძელა. სხვათა შორის, მისი დიადი ჩანაფიქრის განხორციელება ამანაც განაპირობა. გაცილებით რთული საწყისი პოზიციიდან იწყებდნენ თავის საქმიანობას კიროს დიდი და იულიუს კეისარი. ხოლო ყველაზე ცუდ სასტარტო პოზიციაში ჰანიბალი აღმოჩნდა: მას მოუწია სტრატეგიული ინტერესების დაცვა კართაგენის პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც, დიდი ანგარიშით, განაპირობა კიდეც მისი მარცხი. იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც აღნიშნული მხედართმთავრები მიმართავდნენ ომისათვის მზადების პროცესში, აღნიშვნის ღირსია შემდეგი: მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებების შესწავლა; მომავალი საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არსებულ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება და უკმაყოფილო მოსახლეობის გამოყენება; ომისათვის სახსრებისა და საშუალებების მომზადება; ომისათვის არმიის შეგროვება და სპეციალური მომზადება. თითოეული მათგანის არმია გაცილებით მცირერიცხოვანი იყო მოწინააღმდეგესთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მას ხარისხით (მომზადება, გამოცდილება, დისციპლინა). ამის ხარჯზე ეს არმიები უფრო მაღალი სულის სიმტკიცესა და ერთიანობას ამჟღავნებდნენ, რაც მათ რეალურ უპირატესობას ანიჭებდა. დარტყმის ძირითად ობიექტად (მიზნად) ეს სარდლები ყოველთვის მოწინააღმდეგის არმიას ირჩევდნენ, რომლის განადგურება, ანდა მანევრის შეზღუდვა სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა; ეს ბოლო ვითარება განსაზღვრავდა საოპერაციო ხაზების ხასიათს: ისინი მეთოდურად მიყვებოდნენ არჩეულ გეგმას და მაშინაც, როდესაც დასახლებული პუნქტის აღება უწევდათ, მხედველობაში ყოველთვის მოწინააღმდეგის საოპერაციო ხაზებზე დაწოლა და ცოცხალი ძალის განადგურება რჩებოდა მიზნად. ომის საწყისი ეტაპი: ომის საწყის ეტაპზე, ისინი გასაოცარი ოსტატობითა და ძალისხმევით ახერხებდნენ დაეძლიათ ბუნებრივი წინაღობები, რითაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ როგორც მოწინააღმდეგეებზე, ასევე მოკავშირეებზეც. ამით ისინი აღწევდნენ საკუთარი ძალების მომგებიან გაშლას, რის გამოც, თავდაპირველად, არ ხვდებოდათ არანაირი წინააღმდეგობა. შედეგად, არმიის სტრატეგიული გაშლა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მიმდინარეობდა თავიანთთვის უსაფრთხოდ, ხოლო მოწინააღმდეგისათვის – მოულოდნელად, რაც მათ უპირატესობას აძლევდა, რომ ხელთ ეგდოთ ინიციატივა და საფრთხე შეექმნათ მოწინააღმდეგის კომუნიკაციებისთვის. დიდი ყურადღება ეთმობოდა ოპერაციის ძირითადი ბაზის ფორმირებას და წინსვლასთან ერთად დამატებითი ბაზების მოწყობას. მანევრის აზრს წარმოადგენდა მიზანთან (ბრძოლის ობიექტი, ველი) უკეთესი ძალების მიყვანა და ბრძოლის წინ მათი მომგებიანი განლაგება. თუ სტრატეგიული ცოდნის გარიჟრაჟზე ვილაპარაკებთ, შეგვიძლია დავუშვათ მისი არსებობა ანტიკურობაში (თუნდაც იმიტომ, რომ ანტიკურობაში ყალიბდება სამხედრო მწერლობა, როგორც ამდაგვარი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობა), თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში ის საწყის, პრიმიტიულ დონეს არ გასცილებია. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებების ავტორებად მიჩნეულია ფრონტინი, პოლიენი, ვეგეციუსი, ონოსანდრე. ფრონტინის წიგნი სამხედრო ეშმაკობების (სტრატეგემები) შესახებ შეიცავს ოთხ ნაწილს, სადაც პირველ სამში ისტორიული მაგალითების განხილვის საშუალებით ახსნილია ის ხერხები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდეგ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბრძოლამდე და როგორ უნდა დავიცვათ ან დავიპყროთ ქალაქი. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, აქ უკვე მოცემულია მსჯელობა დისციპლინის მნიშვნელობაზე, სამართლიანობაზე, სიმტკიცეზე, თავშეკავებულობაზე. სხვა სიტყვებით, ომის მორალურ მახასიათებლებზე. პოლიენი, რვაწიგნიანი კრებულის ავტორი სტრატეგემებზე, განიხილავს მისთვის ცნობილი ყველა ბრძოლისა და შეტაკების დროს გამოყენებულ სამხედრო ეშმაკობებს. ვეგეციუსის ნაშრომი „ De re militare“ (სამხედრო მოწყობის შესახებ) გარკვეული აზრით, წარმოადგენს ისეთი ავტორების კომპილაციას, როგორებიც იყვნენ კატონი, კორნელიუს ცელსი, ფრონტინი, პატერნი. ის ასევე ეყრდნობოდა იმპერატორების ავგუსტეს, ტრაიანისა და ადრიანეს სამხედრო დაწესებულებების განხილვას. მართალია, ვეგეციუსი ხშირად ურევს ერთმანეთში ბერძნულსა და რომაულ სისტემებს და სხვა უამრავი ნაკლიც გააჩნია, მაგრამ მან პირველმა მოახერხა დაელაგებინა და სისტემატურად გადმოეცა სამხედრო ცოდნის ყველა დარგი. სტრატეგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მესამე წიგნის ისეთი თავები, როგორიცაა: არმიების შესახებ (თავი I); რა შემთხვევაში ვიხმაროთ ეშმაკობა და როდის დავეყრდნოთ ძალას ( თავი VIII); რა ვიღონოთ, როდესაც არმია ახალგაზრდა გამოუცდელი, ან ომს გადაჩვეული ვეტერანებისაგან შედგება ( თავი IX);ომის ზოგადი წესები (თავი X). არსებითად განსხვავებული ნაწარმოებია ონოსანდერეს „სტრატეგიკოსი“ (Στρατηγικός)), ერთგვარი დარიგებები მხედართმთავრებს. აქ არ არის ისტორიული მაგალითების განხილვა. გადმოცემა დოგმატურია და ერთგვარი დოქტრინის შთაბეჭდილებას ტოვებს. საუკეთესოდ მიჩნეულია შემდეგი თავები: მხედართმთავრის არჩევის შესახებ (თავი I); სამხედრო საბჭო ( თავი II); არმიის მოძრაობა (თავი V); გამოდევნების დროს გასათვალისწინებელი საფრთხეები (თავი XVI); მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების შეძენის სარგებელი (თავი XVII); წარუმატებლობის შემთხვევაში მხედართმთავრის ხასიათის სიმტკიცის შესახებ (თავი XIX); რაზე უნდა ფიქრობდეს სარდალი ბრძოლის წინ ან შემდეგ (თავი XXVII);როგორ უნდა იქცეოდეს სარდალი წარმატებული კამპანიის შემდეგ (თავი XXXIII); წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ბიზანტიელი იმპერატორის მავრიკის „სტრატეგიკონი“. სტრატეგიას ის განიხილავს ვიწრო აზრით, როგორც ომისათვის (ბრძოლისათვის) მზადებას. ტრაქტატი შედგება თორმეტი წიგნისაგან, რომელთაგან მნიშვნელოვანია : აღალი, მისი ტარება, მდებარეობის განსაზღვრა და დაცვა (თავი V); მხედართმთავრის ხელოვნება (თავი VII/VIII); როგორ ვაწარმოოთ ომი და ბრძოლა სხვადასხვა ხალხების წინააღმდეგ (XI). მავრიკის მიმდევართაგან აღსანიშნავია ლეონ VI (ფილოსოფოსი) ასევე იმპერატორი, თუმცა მისი ნაშრომის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს კომპილაციას (ვეგეციუსი, ონოსანდრე, მავრიკი), რაზედაც მისი საკუთარი სტრატეგემებია დამატებული. მარინო სანუტო (XIV ს.) ავტორი წიგნისა „საიდუმლო წიგნი წმინდა მიწის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად”. ეს წიგნი მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ განსაზღვრულია პალესტინის დასაკავებლად საჭირო ძირითადი საოპერაციო ხაზები (საზღვაო), განისაზღვრა ასევე ოპერაციის ბაზისი (ეგვიპტე) და წარმატებისათვის აუცილებელი პირობა – პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის მთელი ძალაუფლების ერთ ხელში გაერთიანება. აღორძინების მწერლობიდან ყურადღებას იპყრობს მაკიაველის ორი ტრაქტატი: „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ და „მთავარი“. ერთიანობაში ეს ორი ნაწარმოები ქმნის იმ სინთეზს, რომელიც სტრატეგიისა და პოლიტიკის მჭიდრო ერთიანობაში მოიაზრება (მაკიაველის ძირითადი დამსახურება). „ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ“ შედგება შვიდი ნაწილისაგან, რომელთაგან პირველი არმიის მოწყობას ეხება. სამხედრო ორგანიზაციის ხასიათი და მისი მოწყობა: მაკიაველის აზრით, ომის ხელობად გადაქცევა წარმოადგენს ბოროტებას, ვინაიდან მშვიდობიანობის დროს, ის, ვისთვისაც ომი პროფესიაა, იძულებულია საარსებო წყარო ეძიოს და ამისათვის ან ომის დროს ძარცვოს უფრო მეტი, ანდა ცხოვრების წესად აქციოს ძალადობა და ძარცვა. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა: ხელი შეუწყოს იმას, რომ ომი არ მთავრდებოდეს და მშვიდობა არ დამყარდეს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ არ შეიძლება ომი კერძო პირის საქმიანობად ვაქციოთ, არამედ ის სამეფოს, ანდა სახელმწიფოს საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს. სხვა სიტყვებით, ან მეფე, ან სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეთა ხარჯზე უნდა ქმნიდეს და ინახავდეს ჯარს. მაგალითი: რომის რესპუბლიკა. მაკიაველი წერს: „საუკეთესოა ის არმია, რომელიც თავად მოქალაქეებისაგან შედგება და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი არმიის შექმნა“. ამავე დროს, მაკიაველს მიაჩნია, რომ მუდმივი არმიის ყოლა არ არის მომგებიანი, შესაბამისად, საჭიროა მილიციის ტიპის ლაშქარი, როგორც ეს ბერძნებსა ანდა იგივე რესპუბლიკურ რომს ჰქონდათ, სადაც მოქალაქე იმავე დროს ჯარისკაციც იყო. ჯარისკაცის შერჩევის კრიტერიუმები: პატიოსნება და ნამუსიანობა (მორალური ასპექტი); მოქნილობა და ძალა; ქვეითების დაკომპლექტება სოფლის მცხოვრებლებისგან; კავალერიის დაკომპლექტება ქალაქელთაგან; ნაწილებში ჩარიცხვის ასაკი – 17-დან 40 წლამდე (ყველა მამაკაცი გამონაკლისის გარეშე); შემადგენლობა: ციხე-ქალაქების გარნიზონები და საველე ნაწილები. მშვიდობის დროს საველე ნაწილების სახლში გაშვება ხდება.რაოდენობა: 24-30 ათასი; ძირითადი სახეობა: ქვეითები წვრთნის შინაარსი: ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება; ბატალიონის მოქმედება ბრიგადის შიგნით; დისციპლინა. სტრატეგიული მოსაზრებები: მაკიაველის სტრატეგიული მოსაზრებები არათანამიმდევრულია: ერთის მხრივ, მას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა წარმატების საფუძველია, ხოლო მეორეს მხრივ, მიაჩნია, რომ ბრძოლაში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაება, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. ამის გამო, და იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლაში წარმატება, ხშირად, შემთხვევითობაზე არის მიბმული, უმჯობესია მოწინააღმდეგე სხვაგვარად აიძულო დანებებისაკენ, ვთქვათ, იგივე შიმშილით. სამხედრო საქმიანობის ძირითადი შინაარსი სამი გვარის მოქმედებისაგან შედგება: გადასვლები (მარშები), ბრძოლა, დაბანაკება. როდესაც ბრძოლაში წარმატება მიღწეულია, აუცილებელია გამოდევნება და მოწინააღმდეგის სრული განადგურება. წარმატების (ზოგადად) საფუძველი (პრინციპები): საიდუმლოს შენახვა (ძირითადი); საკუთარი ძალების რწმენა; მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა; ის, რაც სასარგებლოა მოწინააღმდეგისათვის, მავნებელია შენთვის. ბრძოლაში წარმატების პირობები: უზრუნველყოფა: ხალხი, იარაღი, ფული და პური (გამარჯვების ძარღვი); ვითარების შეფასება: ვინ არის მოწინააღმდეგე? ვინ არის მისი მეთაური? სად მიწევს ბრძოლა (გეოგრაფიული გარემო)? სეზონის გათვლა: ომი მხოლოდ ზაფხულში წარმოებს; მხედართმთავარი და მისი მორალურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ახალ დროში რეალურად ეყრება საფუძველი ევროპული სტრატეგიული პრაქტიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც პრაქტიკოს მწერალთა მთელ პლეადას წარმოშობს, ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდებით: რაიმონდო მონტეკუკოლი. მონტეკუკოლის ეკუთვნის, სხვათა შორის, ცნობილი გამოთქმა, რომ „ომის საწარმოებლად აუცილებელია სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ფული“. თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მაკიაველის ჩათვლით, რომელთათვისაც სამხედრო თეორია შემოიფარგლებოდა მხოლოდ არმიის ორგანიზებისა და წვრთნის, აგრეთვე საბრძოლო წყობის საკითხებით და სტრატეგემებით, მონტეკუკოლიმ შექმნა ტაქტიკის ერთგვარი სახელმძღვანელო, სადაც სამხედრო თეორია აბსტრაქტულად კი არ არის გადმოცემული, არამედ მჭიდრო კავშირშია ისტორიულ პრაქტიკასთან. რაიმონდო მონტეკუკოლის პორტრეტი 1634-1643 წლებში, როდესაც ის შვედეთის ტყვეობაში იმყოფებოდა, მონტეკუკოლი წერს ტრაქტატს ომის შესახებ, რომელიც დიდ ხანს საიდუმლოდ ინახება და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნდება. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში განხილულია ომისათვის მზადება: პოლიტიკური (ალიანსები), მარაგები (მატერიალური, შეიარაღება), ფინანსური. მეორე ნაწილი ეხება წვრთნას, დისციპლინას, ლოგისტიკას, დაზვერვას. მაკიაველისგან განსხვავებით, მომნტეკუკოლის პროფესიული არმია წარმატების საფუძვლად მიაჩნია (მაგ. ნასაუს მიერ შექმნილი ჰოლანდიური არმიის მსგავსად). ამავე ნაწილში განხილულია ფორტიფიკაცია, მარშები, ოპერატიული მანევრი და სირთულეები, რომლებიც ტაქტიკაში ჩნდება არტილერიის, კავალერიის და ქვეითების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისას (ტაქტიკა). მესამე ნაწილი კი ეხება ომის დამთვრებასა და სასურველი მშვიდობის ორგანიზაციას. მონტეკუკოლი ნათლად ხედავს, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო და არა ხალხი, ანდა მმართველი. ის ასევე ნათლად ასხვავებს გარე და შიდა ომებს. ეს უკანასკნელნი ჯერ სამოქალაქო, ხოლო შემდგომ რევოლუციურ ომებად ინათლებიან, რითაც ომის სტატუსს „კარგავენ“. მონტეკუკოლიდან იღებს სათავეს ის ცნობიერება, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის ბედს დაპირისპირებული არმიები განაპირობებენ. 1664 წელს ჩნდება მონტეკუკოლის ძირითადი ნაშრომი: „სამხედრო მეცნიერების ძირითადი წესები“. წიგნი ასევე სამი ნაწილისაგან შედგება: სამხედრო მეცნიერების საწყისი წესები; წესები უნგრეთში თურქების წინააღმდეგ ომისთვის და მესამე – მსჯელობა იმაზე, თუ რა მოხდა უნგრეთის უკანასკნელ ომში 1661-დან 1664 წლამდე. აქ ის რიგ საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამს: სამხედრო მეცნიერების საქმეა ხელი შეუწყოს არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. არმია, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს აღმავლობისთვის. ომი, რომელიც საზღვრების გასაფართოებლად წარმოებს, სახელმწიფოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ეს აძლიერებს მონარქიას როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორებთან მიმართებაში. “მუდმივად იარაღასხმული ყოფნა” – მონარქიისთვის ძირითადი რჩევაა. როდესაც კი სახელმწიფოსათვის არსებულის შენარჩუნება ძირითად საზრუნავად იქცევა “ჯერ ფერს დაკარგავს, ხოლო შემდეგ დაიჟანგება იარაღი. ასევე მოსდის სახელსაც – ჯერ ფერმკრთალდება, ხოლო შემდეგ დამცირდება”. მისი გამონათქვამებიდან ასევე საყურადღებოა – „ომის დროს არავინ უნდა დაინდო, ვინაიდან არავინ დაგინდობს, შენ თუ დამარცხდი“. მონტეკუკოლის აზრით, მონარქის ძირითადი საზრუნავი არმია და მისი უზრუნველყოფა უნდა იყოს. თუ კი იარაღი ჩლუნგდება, გარე საფრთხე რომც არ არსებობდეს, შიდა გამოჩნდება. ეს არის კანონი. მზისქვეშეთში არაფერი არ არის მყარი. ყველაფერი იცვლება. ამის გამო, დიდი ხნით, ვერავინ ინარჩუნებს ერთსა და იმავე მდგომარეობას. ამიტომაც, მუდმივად ან წინ მიდიხარ, ან უკან იხევ. როგორი უნდა იყოს არმია? – მუდმივი: სახელმწიფოს ორი რამ ასულდგმულებს: მიწათმოქმედი, რომ გამოკვებოს ქვეყანა და ჯარისკაცი, რომელიც მიწათმოქმედს იცავს. შედეგად, ომისთვის მზადება ორ კომპონენტს მოიცავს: მუდმივი არმიის ფორმირება და მარაგების შექმნა არმიის სრული უზრუნველყოფისათვის. არმიის ამოცანაა აწარმოოს ომი და მიაღწიოს წარმატებას. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება სტრატეგიის, როგორც სისტემატური მოძღვრების შექმნის მცდელობები. ამ საქმის მოთავედ ითვლება ლოიდი. ლოიდი – წარმოშობით ინგლისელი, მსახურობდა ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის არმიებში. დაიბადა 1728 წელს და გარდაიცვალა 1783 წელს, ჰოლანდიაში, უკიდურეს გაჭირვებაში. საფლავი არ არსებობს, ვინაიდან უსახსრობის გამო შარაგზაზე იქნა დასვენებული. თავის შრომაში „სამხედრო და პოლიტიკური მემუარები“, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ფართე ისტორიული ნაშრომის შესავალს წარმოადგენდა (დარჩა დაუსრულებელი), ლოიდი არა მარტო მონიშნავს იმ მიჯნებს, რომელსაც სტრატეგია, როგორც მეცნიერება, უნდა ეხებოდეს, არამედ ამ მიჯნებს შიგნით აღწერს პრაქტიკულად იმ ცნებებისა და პრინციპების მთელ სპექტრს, რასაც სტრატეგია განსაზღვრავს და ეყრდნობა. ლოიდის ტაქტიკური მოძღვრების საფუძველს (წიგნის პირველი ნაწილი) შემდეგი დებულებები შეადგენს: პატივი ეცი ხიშტს; შეხედე ცეცხლს, როგორც მომზადებას; ისროლე მხოლოდ იქ, სადაც ვერ გაივლი; იმოძრავე, არასოდეს გაჩერდე შუა გზაზე;ბრძოლა დაასრულე გადამწყვეტი დარტყმით. ლოიდი პირველია, ვისაც საოპერაციო ხაზის ცნება შემოაქვს და რომელიც სამხედრო სტრატეგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს. სხვათა შორის, ტერმინიც მასვე ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ლოიდის თანამედროვე სამხედრო მოქმედებები ეყრდნობოდა მომარაგების ბაზების (მაღაზიების) სისტემას, ის მხოლოდ მისი განხილვით არ იზღუდებოდა და ყურადღებას აქცევდა ასევე ომის წარმოების ე.წ. „თათრულ მეთოდს“, რომელიც საერთოდ არ ცნობდა ასეთ საყრდენებს და ეყრდნობოდა მთლიანად ადგილზე რეკვიზიციას. ლოიდმა ამ ორ უკიდურესობას შორის მთელი სპექტრი განალაგა განხილვისთვის, რასაც შემდგომი მწერლობა ჰკიდებს ხელს. მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, პრაქტიკულად ერთდროულად, ჩნდება მთელი პლეადა ბრწყინვალე სტრატეგებისა, რომლებიც საოცრად უხამებდნენ ერთმანეთს პრაქტიკულ სარდლობასა და თეორიულ მოღვაწეობას (ეს, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ეპოქის მონაპოვარი). მათგან, რა თქმა უნდა, გამორჩეულებია ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი, ერჰერცოგი კარლი და ანტუან ჰენრი ჟომინი. ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი (1760-1806) – სამხედრო საქმიანობას მხოლოდ ადმინისტრაციული ხედვის კუთხით განიხილავს. ამის გამო, წინა პლანზე მასთან კომუნიკაციები, კომუნიკაციებზე ზეწოლა და კომუნიკაციების დაცვა გამოდის. მასვე ეკუთვნის იდეა, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პრინციპების ჩამონათვალის გაკეთება, რომელთა გეომეტრიული წესით დადგენა იქნება შესაძლებელი (ე.წ. სტრატეგიული გეომეტრია). აქედან გამომდინარე, ბიულოვი რამოდენიმე რჩევას იძლევა: ა) თავდაცვაში არასოდეს არ უნდა განლაგდე მოწინააღმდეგის პარალელურ ხაზზე, არამედ ეცადო ყოველთვის დაიკავო ფლანგი, იმისათვის რომ მის კომუნიკაციებზე ზემოქმედებისა საშუალება გქონდეს. მოწინააღმდეგის წინ მხოლოდ ის ძალა უნდა იყოს, რომელიც მის შესაკავებლადაა საკმარისი. ბ) შეტევა, მისი აზრით, რამოდენიმე კონცენტრირებული ხაზით უნდა ხორციელდებოდეს. უკანდახევა კი პირიქით, ექსცენტრული ხაზებით , რომ შემდგომ, კონცენტრული ხაზებით კონტრშეტევის განხორციელება შევძლოთ. ანტუან ჰენრი ჟომინი (1779-1869) – სამხედრო მოქმედებებს ტაქტიკის კუთხით უდგება. მისთვის წინა პლანზე გამოდის ძალების კონცენტრაცია, შიდა ხაზებზე მოქმედება და შებრძოლება გადამწყვეტ პუნქტში. ამგვარი აზრისკენ მას ფრიდრიხ დიდის მიერ ლოიტენთან მოპოვებული გამარჯვების ანალიზმა უბიძგა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგეს ორჯერ მეტი ძალა ყავდა ბრძოლის ველზე გამოყვანილი და მიუხედავად ამისა, ბრძოლის გადამწყვეტ უბანზე რიცხობრივი უპირატესობა ფრიდრიხის მხარეს იყო. ერცჰერცოგი კარლი (1771-1847) – სამხედრო მოქმედებებს გეოგრაფიულ გარემოსთან ბმაში განიხილავს. მას მიაჩნია, რომ სამხედრო გათვლებისას ერთადერთ მუდმივ მოცემულობას ბუნებრივი გარემო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ყველა სხვა მოცემულობა ცვლადია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის თეატრის ძირითადი პუნქტები მხოლოდ გეოგრაფიული მოსაზრებებით უნდა განისაზღვროს. თუმცა ეს მიდგომა ნაკლოვანია, ვინაიდან ერთსა და იმავე გარემოს სხვადსხვა პირობებში სხვდასხვა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს. ამის გამო ჟომინი ასხვავებდა ადგილის გეოგრაფიულ მნიშვნელობას მისი სამანევრო მნიშვნელობისაგან. მაშინ როდესაც პირველი უცვლელია, მეორე შესაძლოა უსასრულობამდე იცვლებოდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაშია მის მიმართ არმია: უკავია ეს ადგილი, აპირებს მის დაკავებას, თუ, უბრალოდ, მას ბაზად იყენებს. აქვე შეგვიძლია შევნიშნოთ ისიც, რომ კულტურულ ქვეყნებში(განვითარებული ინფრასრტუქტურით), სამხედრო მნიშვნელობა ენიჭება გზაჯვარედინებს, მთაგორიან ქვეყნებში – ველებს(ხეობებს), კვანძებს (კვეთის ადგილებს), უდაბნოსა და სტეპებში – ოაზისებს, ხოლო ჭაობიან ადგილას – მშრალობებსა და ხიდებს. ამავე პერიოდში ასპარეზზე ჩნდება კარლ ფონ კლაუზევიციც (1780-1831), რომელიც, რა თქმა უნდა, უკვე სრულებით სხვა საუბრის თემაა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე