Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საშინაო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია 16.02.2021 02:02 ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. _2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება. ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს. ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა. ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა. რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა. ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა. დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს. ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.
  2. განათლების სფეროში საშინაო დავალებების ირგვლივ არსებულ დისკუსიას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ხშირად ადგილი აქვს არაზუსტ ინფორმაციას და განზოგადებულ მოსაზრებებს, რომლებიც მითებს უფრო ქმნიან, ვიდრე რეალობას. ხშირად მასწავლებლები სკოლის შიგნით და გარეთ არსებული ზეწოლის გამო, საშინაო დავალებებს ყოველდღიურ ტექნიკურ რუტინად აქცევენ. ხშირ შემთხვევაში, მშობლებიც ამ ტენდენციის მხარდამჭერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მათთვის არაერთ სირთულეს და დისკომფორტს იწვევდეს. ამ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო არაერთი საერთაშორისო კვლევა საშინაო დავალების ეფექტურობასთან დაკავშირებით დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის. საშინაო დავალების ისტორია XIX საუკუნიდან იწყება და მას თავდაპირველად სკოლის კურიკულუმში არსებული საკითხების დასწავლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იყენებდნენ. საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ბევრი მრავალფეროვანი აზრი და შეხედულობა არსებობს როგორც მასწავლებლებში, ასევე მშობლებში, მოსწავლეებში და პოლიტიკის განმსაზღვრელთა წრეებშიც. გამართულ მსჯელობებს თუ დავაკვირდებით მის დანიშნულებებთან, უპირატესობებთან და სუსტ მხარეებთან დაკავშირებით, ზოგადი მოსაზრებები ამგვარად შეიძლება დაიყოს (Cowan & Hallam, 1999): ზოგადი მოსაზრებები საშინაო დავალების დანიშნულებასთან და უპირატესობებთან დაკავშირებითზოგადი მოსაზრებები საშინაო დავალების სუსტ მხარეებთან დაკავშირებითსაშ. დავალება აუმჯობებსებს აკადემიურ მოსწრებას: – მეტი პროდუქტიულად დახარჯული დრო სწავლის პროცესზე – კოგნიტური უნარების განვითარება საშ. დავალება ეხმარება მოსწავლეს ზოგადი უნარების განვითარებაში: – დამოუკიდებლად მუშაობის უნარი – დროის მართვის უნარების განვითარება – თვით-დისციპლინის უნარების განვითარება – სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარების განვითარება საშ. დავალება სკოლებისთვის სასარგებლოა: – კურიკულუმის გარკვეული ნაწილი სახლში სრულდება – მოსწავლეების პროგრესის შესამოწმებლად – ხდება სახლში არსებული რესურსების გამოყენება – პოლიტიკის განმსაზღვრელთა და მშობელთა მოლოდინების დაკმაყოფილება – მშობელთა ჩართულობის ზრდასაშ. დავალება აზიანებს მოსწავლის სკოლასთან დამოკიდებულებას: – მოსწავლე კარგავს სწავლისადმი ინტერესს – მშობლების მხრიდან მოსწავლეებზე ზეწოლის მატება – მშობლები ხშირად არასწორად უხსნიან ბავშვებს საკითხებს – მშობლების სწავლების მიდგომები რადიკალურად განსხვავდება მასწავლებლების მიდგომებისგან – მშობლები მოსწავლეების მაგივრად ასრულებენ დავალებას ან მათი წვლილი დავალების შესრულებაში ზედმეტად დიდია – მოსწავლეები წარმოადგენენ არაავთენტურ ნამუშევარს (პლაგიატის რისკი) – სხვაობები მოსწავლეების აკადემიურ შესაძლებლობებს შორის მატულობს საშ. დავალებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ოჯახზეც, როდესაც: – დავალების შესრულება ზედმეტ ძალისხმევას საჭიროებს – ქმნის უთანხმოებებს ოჯახის სხვა წევრებთან სხვადასხვა მიზეზების გამო მოსწავლეზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს შემდეგი გზებით: – მომატებული შფოთვა – ნაკლები მოტივაცია სწალისადმი – მომატებული გადაღლილობა – ნაკლები დრო გართობისთვის საშინაო დავალების ისტორიაში იკვეთება შემდეგი ტენდეცია: როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ სწავლის ხარისხი და სტანდარტები ვარდნას განიცდიან, საშინაო დავალებების რაოდენობის მატება იწყება. შედეგად, მშობლების და მოსწავლეების დატვირთვა იზრდება და ამაზე საპასუხოდ ისევ საშინაო დავალებების რაოდენობის შემცირება ხდება, ეს ციკლი უსასრულოდ განაგრძობს განმეორებას. ამავე დროს, ჩნდება კითხვა: რა მტკიცებულება არსებობს იმის, რომ საშინაო დავალებები სასარგებლოა მოსწავლეებისთვის? ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხები უკვე დიდი ხანია განათლების მკვლევრებში ცხარე დავის საგანია. მაგალითისთვის, ზოგი მას ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვასაც კი უწოდებს (Gill & Schlossman, 1996). განათლების მკვლევარი ალფი კონი სკოლების საშინაო დავალებებით გატაცებას ‘საშინაო დავალების მითს’ უწოდებს და კვლევებით ამტკიცებს, რომ 13 წლამდე მოსწავლეებისთვის მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს (Kohn, 2006). მიუხედავად ამისა, საშინაო დავალებები საკმაოდ გავრცელებულ პედაგოგიკურ პრაქტიკას წარმოადგენს მსოფლიოში. მაგალითად, ჩინეთში 15 წლის მოსწავლე კვირაში საშუალოდ 14 საათს უთმობს საშინაო დავალების შესრულებას (შედარებისთვის, ფინეთში იგივე საათობრივი მაჩვენებელი კვირაში მხოლოდ 2.8 საათს შეადგენს). თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს არაერთი კვლევა, რომლებიც გვიჩვენებენ საშინაო დავალების პოზიტიურ გავლენას მოსწავლეების აკადემიურ მოსწარებაზე და თვითორგანიზების უნარებზე (Cooper et al. 2006). ასევე, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სწორედ საშინაო დავალებაზე მუშაობისას აღმოაჩენენ ხოლმე მშობლები, რომ მათ ბავშვს დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია, რაც ეხმარება მშობლებს დროულად გაუწიონ მათ შვილს დახმარება. ასევე, ხშირად საშინაო დავალება აძლევს მშობლებს სასკოლო კურიკულუმის უფრო ახლოდან გაცნობის საშუალებას, რამაც შეიძლება სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობით დამოკიდებულებას შეუწყოს ხელი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საშინაო დავალებების ზემოთხსენებული პოზიტიური ასპექტები ძირითადად საბაზო საფეხურიდან ზემოთ უფრო იზრდება (12 წლიდან და ზემოთ). როდესაც საშინაო დავალების ეფექტურობაზე ვსაუბრობთ ასევე მნიშვნელოვანია სამი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება: მოსწავლის ასაკი, საშინაო დავალების დანიშნულება, ხარისხი და სახლის პირობები. მოსწავლის ასაკი დავიწყოთ იმით, რომ საშინაო დავალების ეფექტურობა დაწყებით კლასებში (6-12 წლის მოსწავლეები) არც თუ ისეთი თვალსაჩინოა. კვლევები მოწმობს, რომ საშინაო დავალებას დაწყებით კლასებში მხოლოდ მწირი სარგებელი მოაქვს, თუმცა, არც ის ვიცით ეს მწირი პროგრესი უშუალოდ საშინაო დავალებებითაა განპირობებული, თუ სხვა ფაქტორებით (Dettmers et al. 2009). შესაბამისად, რთულია განსაზღვრო სად მთავრდება საკლასო პროცესის გავლენა და სად იწყება საშინაო დავალების გავლენა სასწავლო პროცესზე. კვლევებიდან ასევე ნიშანდობლივად ჩანს, რომ რაც უფრო რუტინულია დაწყებითებში და მაღალ კლასებში საშინაო დავალების გაცემა, მით უფრო ნაკლები აკადემიური სარგებელი მოაქვს მას მოსწავლეებისთვის (EEF, 2020; Cooper at al. 2001; Hallam 2004). ასე რომ, ყოველდღიურმა საშინაო დავალებების პრაქტიკამ შესაძლოა ხარისხის გაუარესებამდე მიგვიყვანოს როგორც დაწყებით, ასევე საშუალო საფეხურზე. მიუხედავად ამისა, ეს პრაქტიკა ძალიან გავრცელებულია სკოლებში, სადაც მასწავლებლებს მოეთხოვებათ, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს დავალება მისცენ. ასეთ შემთხვევებში, ხშირად გვხვდება დავალებები, რომლებიც ძალიან დაბალი ხარისხისაა და მათი ერთადერთი დანიშნულება მხოლოდ პროფესიული მოვალეობის მოხდაა. როდესაც მასწავლებლებს ვავალებთ დაწყებითებში საშინაო დავალების მიცემას, აუცილებელია დავრწმუნდეთ მოსწავლეებისთვის ამ დროის უფრო სარგებლიანად გამოყენება თუ იქნებოდა შესაძლებელი (opportunity cost). მაგალითად, გაცილებით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეების მიერ მეტაკოგნიტური სტრატეგიების დასწავლას (Perry et al. 2019). 2015 წელს, კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მეტი საშინაო დავალება და სწავლასთან ასოცირებული სტრესი დაწყებით მოსწავლეებში (ძირითადად ვაჟებში) ნეგატიური გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (Michaud et al. 2015). ასევე, 2013 წელს ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა რომ მოსწავლეები, რომლებსაც მეტი საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი უფრო ნაკლები საათი სძინავთ დღე-ღამეში და ამგვარად სწავლაში მიღწეული პროგრესი ძილნაკლულობის მიერ გამოწვეული გადაღლილობით და უხასიათობით ბათილდება (Sun et al. 2013). კვლევების თანახმად, დაწყებითთან შედარებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებში მეტი პროგრესი აღინიშნება. ყველაზე დიდი ეფექტიანობით საშინაო დავალება გამოირჩევა ამ საფეხურზე მაშინ, როდესაც მისი რაოდენობა მორგებულია მოსწავლეების საჭიროებებზე, შინ არსებულ პირობებზე და არ მოითხოვს დიდ დროს და გადამეტებულ ძალისხმევას მომზადებისთვის (Cooper, 1998). სახლის პირობები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების შემთხვევაში, ხშირად საშინაო დავალების შესრულების ხარისხი უფრო ოჯახის წევრების სკოლისადმი და ზოგადად განათლებისადმი დამოკიდებულებას ასახავს, ვიდრე მოსწავლის კოგნიტურ ან/და თვითორგანიზების მაღალი უნარების ქონას. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უფრო ხშირად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე უფროს მოსწავლეებს, რაც ბევრ ოჯახში არსებული არათანაბარი პირობებიდან გამომდინარე პრობლემურია. მაღალი კლასის მოსწავლეების შემთხვევაში ამ ფაქტორს გავლენა შედარებით ნაკლებად აქვს, რადგან მოსწავლეები ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობენ სახლში და სასწავლო მასალის სირთულიდან გამომდინარე ოჯახის წევრები ხშირად არ ფლობენ სათანადო ცოდნას და კომპეტენციას, რომ დახმარება ეფექტური გამოდგეს. შესაბამისად, მშობლების განათლების დონეც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კვლევის თანახმად, რაც უფრო მაღალია მშობლების კვალიფიკაცია, მით უფრო მეტ დროს უთმობენ მათი შვილები დავალების შესრულებას (MacBeath, 2011). აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტად ვხდით მოსწავლეების წარმატებას დამოკიდებულს მათ საშინაო დავალების შესრულებაზე, მით უფრო მეტად ვხდით მათ წინსვლას დამოკიდებულს სახლის პირობებზე, მშობლების განათლების დონეზე და კერძო მასწავლებლებზე ხემისაწვდომობაზე, რაც მიგვინიშნებს, რომ ერთადერთი რამ, რაც იზრდება არის მოსწავლეთა შორის უთანასწორობა. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს საშინაო დავალების ნიშნით შეფასება, რაც საქართველოში მიღებული პრაქტიკა გახლავთ. კერძო სკოლების შემთხვევაში, სადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ხშირად სკოლაში გვიანობამდე რჩებიან, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მოსწავლეებმა სახლში დასვენებას და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას უნდა დაუთმონ თავისუფალი დრო. ასეთ შემთხვევებში დამატებით დავალება შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი გახდეს. როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება? დაწყებით კლასებში,ბევრ სკოლას ძალიან მარტივი პრინციპი გააჩნია: პირველ კლასში საშინაო დავალებას მოსწავლე 10 წუთზე მეტს არ უნდა უთმობდეს, მეორეში 20-ს, მესამში 30-ს და ა.შ. ამ მიდგომას მყარი კვლევითი საფუძველი უდევს. იგივე კვლევის თანახმად უფროსი მოსწავლეებისთვის ჯამში საშინაო დავალების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს (Cooper at al. 2006). დროითი ფაქტორის გარდა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პირობებიც. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს მშობლებისგან და სხვა ოჯახის წევრებისგან ინტერვიუების აღება, რომელსაც კავშირი ექნება სკოლაში განხორციელებულ აქტივობასთან, ან პროექტებთან; გარდა ამისა, სახლში კვლევის ჩატარება (შაბათ-კვირის მანძილზე), მშობლებთან ერთად კითხვა და ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე საუბარი შეიძლება მეტად სასარგებო იყოს. მაღალი ხარისხის საშინაო დავალება სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ინსტრუმენტი უნდა იყოს, რაც თავისთავად გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას ზოგადად სასწავლო პროცესის მიმართ (Brundrett & Silcock, 2002). საშინაო დავალებების წამყვანი მკვლევრები შემდეგ რეკომენდაციებს გვთვაზობენ იმისთვის, რომ ყველა დავალება იყოს უფრო მეტად აკადემიური და გონებრივი სარგებლის მომტანი (Vatterott, 2010): მიზნობრიობა: მოსწავლეებისთვის ნათელი უნდა იყოს დავალების დანიშნულება. უნდა იცოდნენ კონკრეტულად რაში დაეხმარებათ დავალების შესრულება სკოლაში მიმდინარე საკითხების და თემების გაგებაში;ეფექტიანობა: დავალების შესრულება არ უნდა მოითხოვდეს მოსწავლისგან დიდ დროს, თუმცა, სანაცვლოდ უნდა მოითხოვდეს დაფიქრებას; არჩევანის უფლება: რაც უფრო მეტად საინტერესოა მოსწავლისთვის დავალება, მით მეტის სწავლა სურს მოსწავლეს. ამის მიღწევა მოსწავლისთვის არჩევანის უფლების მიცემით შეიძლება; კომპეტენცია: მოსწავლეებს უნდა გააჩნდეთ კომპეტენცია, შესაძლებლობები და რესურსები დავალების წარმატებით შესრულებისთვის. ამის მისაღწევად საჭიროა მოსწავლეებს ისეთი დავალება მივცეთ, რომელსაც მარტოც გაართმევენ თავს. ამისთვის მასწავლებელმა მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე დიფერენცირებულად უნდა გასცეს საშინაო დავალებები.მამოტივირებელი: ხარისხიანი საშინაო დავალება მოსწავლეს გაუჩენს შინაგან მოტივაციას, რომ შეისწავლოს მეტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეები არ არიან მოტივირებულები, ან არ გააჩნიათ საშუალება, რომ სახლში იმუშაონ, საჭიროა სკოლის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება. ამის ერთ-ერთი გზა საშინაო დავალების ჯგუფების შექმნაა. თუმცა, ხშირად ეს ჯგუფები პრობლემის მხოლოდ სიმპტომებს ებრძვის და არა მის გამომწვევ მიზეზებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ამგვარი ინტერვენცია სკოლის მხირდან დადებით შედეგებს იღებს. რამოდენიმე მაგალითი: დაწყებითი კლასები, საშინაო დავალების საათი: ყველაზე მარტივი ხერხი საშინაო დავალების შესასრულებლად გამოყიფილი დროა. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ან ყოველკვირეული. ის, ვინც სწრაფად ასრულებს დავალებას, შეუძლია სხვა რამით დაკავდეს, როგორიცაა თანაკლასელებისთვის დავალების შესრულებაში დახმარება, თავისუფალი კითხვა, ხელოვნება ან მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა. საბაზო და საშუალო კლასები, ყოველკვირეული საშინაო დავალების საათი: თუ ამის შესაძლებლობა არსებობს სკოლებს შეუძლიათ ყოველ კვირის ერთ-ერთ დღეს ყოველ გაკვეთილს რამდენიმე წუთი მოაკლონ იმისთვის, რომ გამოაცალკევონ 1 საათი, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ შეუსრულებელი/დაუსრულებელი საშინაო დავალებების აღსადგენად. ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს აღარ დასჭირდებათ სკოლიდან გვიან წასვლა და დაეხმარებათ მათ, რომ არ ჩამორჩნენ სკოლის კურიკულუმს. საბაზო და საშუალო კლასები, გხანგრძლივებული სკოლის დღე: კვირაში ერთხელ ან ორჯერ სასწავლო დღე 45 წუთით გვიან სრულდება. მოსწავლეები, ვისაც საშინაო დავალებების დავალიანებები აქვთ, ან სურთ დავალებების სკოლაში შესრულება რჩებიან და მუშაობენ დამოუკიდებლად ან ჯგუფურად. გახანგრძლივებული სკოლის დღე ევროპის და ჩრდ. ამერიკის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ხშირად იგი გახანგრძლივებული სკოლის პროგრამის ნაწილია(იხ. მეტი აქ: Extended Schools Programme). და ბოლოს, თუ თქვენს სკოლაში მიღებულ საშინაო დავალებების პრაქტიკას გადახედავთ და დაიწყებთ დიალოგს, ამ განხილვის ნაწილი აუცილებლად გახდება სხვა ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ზოგადად კურიკულუმი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება და სხვა სწავლა-სწავლების სტრატეგიები. საშინაო დავალების რეფორმას აუცილებლად მოჰყვება შეფასების, კურიკულუმის და პედაგოგიკური პრაქტიკების გადახედვაც, რამაც შეიძლება ბევრად უკეთეს შედეგებამდე მიიყვანოს თქვენი კლასი და სკოლა. საშინაო დავალების პოლიტიკის რეფორმა არ არის მარტივი, ჩვენ გვიწევს ას წლოვან ტრადიციასთან ბრძოლა, რომელსაც ჯერ კიდევ უამრავი მხარდამჭერი ჰყავს მასწავლებლებში, მშობლებში და პოლიტიკის განმსაზღვრელთა წრეებშიც. კონსენენსუსის მიღწევა განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა სკოლის და ოჯახების ფასეულობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, საერთო ენის გამონახვა მაინც შესაძლებელია. თუ საზოგადოების მოთხოვნებზე და ოჯახებში არსებულ ყოველდღიურობაზე ვკონცენტრირდებით, მივიღებთ მეტად შინაარსიან საშინაო დავალებებს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შესაძლებობებზე მორგება“ არ ნიშნავს დავალების გაპრიმიტიულებას – როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველი დავალება უნდა მოითხოვდეს მოსწალისგან დაფიქრებას, ანალიზს და სხვადასხვა კოგნიტური თუ მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებას, რამაც თავისთავად უნდა გაუმარტივოს მოსწავლეებს ინფორმაციის დამუშავების პროცესები. კოგნიტურმა და მეტაკოგნიტურმა სტრატეგიებმა ეფექტი რომ გამოიღოს ერთი-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მოტივაცია, რადგან ის, თუ როგორი საშინაო დავალების პოლიტიკას ვაწარმოებთ სკოლაში, დიდად არის დამოკიდებული მოსწავლეების მოტივაციის დონეზე (Zimmerman, 1995). *** ==>> განათლების შესახებ სხვა ანალიტიკური სტატიების სანახავად გადადით ბმულზე *** წყაროები: Brundrett, M., & Silcock, P. (2002). Achieving competence, success and excellence in teaching. Psychology Press. Cooper, H., Jackson, K., Nye, B., & Lindsay, J. J. (2001). A model of homework’s influence on the performance evaluations of elementary school students. The Journal of Experimental Education, 69(2), 181-199. Cooper, H., Robinson, J. C., & Patall, E. A. (2006). Does homework improve academic achievement? A synthesis of research, 1987–2003. Review of educational research, 76(1), 1-62. Cooper, H., Lindsay, J. J., Nye, B., & Greathouse, S. (1998). Relationships among attitudes about homework, amount of homework assigned and completed, and student achievement. Journal of educational psychology, 90(1), 70. Cowan, R., & Hallam, S. (1999). What do we know about homework? (Vol. 9). University of London, Institute of Education. Dettmers, S., Trautwein, U., & Lüdtke, O. (2009). The relationship between homework time and achievement is not universal: Evidence from multilevel analyses in 40 countries. School Effectiveness and school improvement, 20(4), 375-405. Education Endowment Foundation (EEF). (2020) Homework: Low impact for low cost, based on limited evidence. Education Endowment Foundation: https://educationendowmentfoundation.org.uk/pdf/generate/?u=https://educationendowmentfoundation.org.uk/pdf/toolkit/?id=132&t=Teaching%20and%20Learning%20Toolkit&e=132&s= Gustafsson, J. E. (2013). Causal inference in educational effectiveness research: A comparison of three methods to investigate effects of homework on student achievement. School Effectiveness and School Improvement, 24(3), 275-295. Hallam, S., & Rogers, L. (2018). Homework: The Evidence. UCL IOE Press. UCL Institute of Education, University of London, 20 Bedford Way, London WC1H 0AL. Gill, B., & Schlossman, S. (1996). ” A Sin against Childhood”: Progressive Education and the Crusade to Abolish Homework, 1897-1941. American Journal of Education, 105(1), 27-66. Kohn, A. (2006). The homework myth: Why our kids get too much of a bad thing. Da Capo Lifelong Books. MacBeath, J. (2011). Learning in and out of school: the selected works of John MacBeath. Routledge. Michaud, I., Chaput, J. P., O’Loughlin, J., Tremblay, A., & Mathieu, M. E. (2015). Long duration of stressful homework as a potential obesogenic factor in children: a QUALITY study. Obesity, 23(4), 815-822. Sun, W. Q., Spruyt, K., Chen, W. J., Jiang, Y. R., Schonfeld, D., Adams, R., … & Jiang, F. (2014). The relation among sleep duration, homework burden, and sleep hygiene in chinese school-aged children. Behavioral sleep medicine, 12(5), 398-411. Perry, J., Lundie, D., & Golder, G. (2019). Metacognition in schools: What does the literature suggest about the effectiveness of teaching metacognition in schools? Educational Review, 71(4), 483-500. Vatterott, C. (2010). Five hallmarks of good homework. Educational Leadership, 68(1), 10-15. Zimmerman, B. J. (1995). Self-regulation involves more than metacognition: A social cognitive perspective. Educational psychologist, 30(4), 217-221.