Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სამხედრო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, სომხეთის 62 მოქალაქე დააკავეს. აზერბაიჯანული მხარე დაკავებულებს დივერსანტებად მიიჩნევს, რომლებმაც პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგონ. სომხური მხარე დარწმუნებულია, რომ ეს სამხედრო ტყვეები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“გაეროს გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს დოკუმენტის სახით გავრცელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის მიერ გაეროს გენერალური მდივნისთვის, ანტონიო გუტერეშისთვის გაგზავნილი წერილი. მასში საუბარია „სომხეთის ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სტაბილურობის დარღვევისაკენ და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას“, – იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ბაირამოვმა თავის წერილში აღნიშნა, რომ „ოკუპაციისგან გათავისუფლებული აზერბაიჯანის ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე, სომხური შეიარაღებული ძალები დივერსიებსა და პროვოკაციებს ახორციელებენ. აზერბაიჯანის შესაბამისი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, დააკავეს დივერსიული დაჯგუფების 62 წევრი, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან“. გაეროს გენერალური მდივნის ყურამდე მიიტანეს, რომ „ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერიტორიაზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული მსგავსი დივერსიები და პროვოკაციები, ამტკიცებს სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იმ ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომელიც მან ერთობლივი განცხადებით იკისრა“. რეაქცია სომხეთიდან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით და დაგმო სომეხი სამხედრო ტყვეების სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შესახებაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. […] სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და დაბრუნების მოთხოვნები მკაფიოდაა დაფიქსირებული 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში; სამხედრო ტყვეების დევნა ამ განცხადების უხეში დარღვევაა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომეხი სამხედრო მოსამსახურეები ტყვეობაში აღმოჩნდნენ სამმხრივი შეთანხმების სხვა პუნქტის დარღვევის შედეგად, „როდესაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებიდან ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები“ გააჩაღა გადრუთის რაიონის ორი სოფლის მიმართულებით: „აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების შესახებ სომეხი სამხედროების დაკავებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოაცხადა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი სომეხ სამხედრო ტყვეებს იყენებს მძევლებად თავისი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად“. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანილი ყველა სომეხი სამხედრო მოსამსახურე უნდა გათავისუფლდეს და სომხეთში დაბრუნდეს. ამის შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სომხეთის ომბუდსმენმა, არმან ტატოიანმა დაწერა: „ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“. ომბუდსმენს მიუღებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილი 10 ნოემბრის ზავის შესახებ სამმხრივი შეთანხმების მე-8 პუნქტში არ არის მითითებული ტყვეების გაცვლის ან დაბრუნების კონკრეტული ვადები: „მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას უფლება აქვს, მუდმივად დაარღვიოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნები და ჰუმანიტარული შეთანხმებები. ტყვეების დაბრუნება ხელოვნურად ჭიანურდება, არ გვატყობინებენ მათ რეალურ რიცხვს, უფრო მეტიც, ცდილობენ ამ მონაცემების შემცირებას. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან, იქმნება შეფერხებები დაღუპულთა ცხედრების გადაცემის პროცესში“. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ტყვედ ჩავარდნილი სომხები არიან არა სამხედრო ტყვეები, არამედ დივერსანტები, არმან ტატოიანის აზრით, უხეშად არღვევს ომისშემდგომ ჰუმანიტარულ პროცესსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მოთხოვნებს: „ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტის მოთხოვნებს. ისინი ტყვეები არიან და წერტილი“. სომხეთის ომბუდსმენს „სრულიად დაუშვებლად“ მიაჩნია ამ თავისი არსით ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზება და „აზერბაიჯანის ხელისუფლების აშკარა მცდელობები, დაუკავშიროს ისინი გარკვეულ ტერიტორიულ საკითხებს“. კომენტარები ბაქოდან „საინტერესო სურათი იქმნება, – წერს Caucasus Policy Analysis Center-ის დირექტორი, აჰმედ ალილი, – ცნობილ სამმხრივ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ „ჯარები უნდა დარჩნენ იმ პოზიციებზე“, სადაც ისინი იმყოფებოდნენ დოკუმენტზე ხელმოწერის მომენტში“. „სომხური მხარე ამას შემდეგნაირად კითხულობს: თუკი ტერიტორიებზე, რომელიც ოდესღაც შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში და ახლა კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ, ცალკეულ „კუნძულებზე“ განლაგებული არიან სომეხი სამხედრო მოსამსახურეები, ისინი უნდა დარჩნენ იქვე. ამ მომენტში, ეს გარემოება მხარეებს შორის დისკუსიის ერთ-ერთი მწვავე საკითხია. მაგრამ ახლა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ის, რომ აღნიშნული სომეხი სამხედროები იმალებოდნენ ქალაქ ჰადრუთსა და მიმდებარე სოფლებში გადარჩენილი სახლების სახურავებსა და სარდაფებში. ამ კონტექსტში, გამონათქვამი „უნდა დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე“ ახალ აზრს იძენს“, – აღნიშნა ალილიმ. განსხვავებული მოსაზრება აქვს სამხედრო მიმომხილველს, ასაფ გულიევს. JAMnews-ისთვის გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა: „აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ორ მომენტს. პირველი, ამ 62 დაკავებულის მოქალაქეობას. სამწუხაროდ, მე არ ვფლობ ამ მონაცემებს. თუკი ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომელიც 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ეკისრება. მაგრამ აქ ასევე შესაძლებელია კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, სომხეთს შეუძლია განაცხადოს, რომ დაკავებულები არ ემორჩილებიან სომხეთის ხელისუფლებას. თუკი ეს ასეა, მაშინ ეს ადამიანები არიან არა სამხედრო ტყვეები, არამედ ტერორისტული დაჯგუფების წევრები, რომლებიც არ ემორჩილებიან არც საკუთარი ქვეყნის და არც აზერბაიჯანის კანონებს. აქედან გამომდინარე, ისინი დამნაშავეები არიან. მაგრამ თუკი დაკავებულები მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები არიან, მათი კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებლების, რომლებიც არ ემორჩილებიან ამ ქვეყნის კანონებს. და ამ შემთხვევაში არ შეიძლება ისინი სამხედრო ტყვეებად მივიჩნიოთ. რაც შეეხება ტერმინოლოგიას – დივერსანტები, ტერორისტები – სხვადასხვა ცნებებია. დივერსანტები – რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც მათ წინაშე დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ. ტერორისტები კი – კანონგარეშე მყოფი ადამიანები, რომლებზეც არ ვრცელდება ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეების სტატუსის შესახებ“. ინფორმაცია აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების შესახებ მხარეები ტყვეების „ყველა-ყველაზე“ გაცვლის პრინციპზე შეთანხმდნენ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სულ სომხეთში დაბრუნდა 54 ტყვე. მაგრამ სომხური მხარის მონაცემებით, აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების რიცხვი გაცილებით დიდია. ადვოკატი სირანუშ სააკიანი, რომელიც სომეხი ტყვეების ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოადგენს, ამტკიცებს, რომ სომხეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები აზერბაიჯანში სულ მცირე 120 სომეხი პატიმრის ყოფნის შესახებ. თუმცა, ტყვეების საქმეთა შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისია მხოლოდ 5 სომეხი პატიმრის შესახებ იტყობინება: 2 სამხედრო მოსამსახურის და 3 მოქალაქის. სააკიანის აზრით, მხოლოდ ხუთ ტყვეზე საუბრით, აზერბაიჯანი „ბოროტად იყენებს სომხეთის ხელისუფლების უმწეო მდგომარეობას“.
  2. ომის ცხრა პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინებში 13:54, 12.06.2019 დღეს არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმარებისა და მოქმედებებისთვის საბრძოლო შენაერთებიდან საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე. სხვადასხვა ეპოქაში, მხედართმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები, მუდმივად ეძებდნენ ომის წარმატებულად წარმოების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომლითაც გარკვეულ თეორიულ ბაზისს შექმნიდნენ სამხედრო კამპანიის დაგეგმარებისათვის. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წელია, სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით და მეოცე საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ამ შრომათა ერთობლიობამ ომის წარმოების ცხრა პრინციპის სახე მიიღო. მეორე მსოფლიო ომი დასრულების შემდგომ ეს პრინციპები ოფიცრების მომზადების სისტემებში იქნა შეტანილი, დღემდე საველე სახელმძღვანელოების ფუნდამენტია და ოპერატიული დაგეგმარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელოში „3-0 ოპერაციები“, აქამდე არსებულ ცხრა პრინციპს კიდევ სამი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს არმიათა გამოყენების დემოკრატიულ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს. ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც საკუთარი ხედვები ჩამოყალიბებულ ნაშრომად დაგვიტოვა, ჩინელი მხედართმთავარი და სტრატეგი სუნ ძია (500-400 წწ. ძვ.წ). მისი ცნობილი ნაშრომი „ომის ხელოვნება“ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბრძოლების წარმოება, შეტევის დაგეგმვა, არმიის მანევრები, სახმელეთო წყაროები და ჯაშუშთა გამოყენება. ხოლო მისი ნაშრომის ერთ-ერთი თავი თავი „გათვლები“ დღეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც ომის სტრატეგიული დაგეგმარება, რომელსაც, თუ მისავე სიტყვებს დავეყრდნობით, „რაც უფრო მეტს აკეთებ მით უფრო იზრდება ომში გამარჯვების შესაძლებლობა“. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც სუნ ძი თავის ნაშრომს წერდა,ომის თავისეულ ფილოსოფიას აყალიბებდნენ ძველი ბერძნებიც. ძვ.წ. აღ.-ის 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენელებმა მილტიადეს ხელმძღვანელობით მათზე რიცხობრივად აღმატებული სპარსული ჯარი დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე არ მოქმედებდა სპეციფიკურად ომის წარმოების თანამედროვე ცხრა პრინციპით, მისი ტაქტიკა თავის თავში უკვე მოიცავდა მასირებისა და ძალთა ეკონომიის პრინციპებს. სუნ-ძი: „ომის სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“ გაცილებით გვიან, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შემდგომ, სამხედრო თეორეტიკოსებმა და სტრატეგებმა უფრო ფართოდ გაშალეს ომის წარმოების პრინციპების თეორიული საფუძვლები. გენერალი ანრი ჟომინი ნაპოლეონის კამპანიის შესწავლის შემდეგ წერდა: „ნაპოლეონის კამპანიებში სახეზე გვაქვს ომის წარმოების რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა გამოყენებაც თითქმის ყველა შემთხვევაში ნაპოლეონის ომების წარმატების საფუძველი იყო“. ჟომინის აზრით, ნაპოლეონმა დაამტკიცა, რომ არმიები, როგორც წესი, წარმატებულები არიან, როდესაც მოქმედებენ მოწინააღმდეგეთა კომუნიკაციების ხაზების წინააღმდეგ, ახდენენ ძალთა მასირებას და კონცენტრირებულად, სწრაფად და საჭირო დროს უტევენ ყველაზე სუსტ წერტილებს. ეს იდეები გარკვეულწილად ჟომინის შემდგომი პერიოდის ომის წარმოების ფუძემდებლურ პრინციპებად იქცა დასავლურ სამხედრო თეორიაში. ომის პრინციპების ჩამოყალიბების ფინალურ პერიოდად პირველი მსოფლიო ომი იქცა. ამ ომის არაეფექტური, უზარმაზარი და ფუჭი დანაკარგების მქონე, არაპროდუქტიული ოპერაციების ფონზე თეორეტიკოსები ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ ომის წარმოებას ახალი თეორიულ საფუძვლები ესაჭიროებოდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და არმიათა მზარდმა მექანიზაციამ თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამგვარი თეორიული დისკუსიების მიმდინარეობას და უფრო გაადვილა გარკვეული პრინციპების ცხოვრებაში რეალიზაცია. 1916 წელს ბრიტანელი გენერალი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი სამხედრო ჟურნალში აქვეყნებს სტატიას „ომის პრინციპები 1914-1915 წლების კამპანიების ფონზე“. მისი ეს სტატია ომის წარმოების თეორიული პრინციპების პირველ დეტალურ ახსნას წარმოადგენს, სადაც იგი ომის რვა პრინციპს განიხილავს და სწორედ მათზე დაყრდნობით აშშ-ს ომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „წვრთნების რეგულაციები №10-5“, რომელიც ამერიკული არმიის პირველ ოფიციალურ დოკუმენტია ომის პრინციპების შესახებ. ამ მოვლენებიდან მალე, ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა უილიამ ნელორმა, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა, გამოაქვეყნა სამი წერილი „ქვეითთა ჟურნალში“, რომლებშიც იგი ამ პრინციპებს დეტალურად განიხილავდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში პრინციპების კრიტიკამ მათი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დოქტრინებიდან ამოღება გამოიწვია. თუმცა მეორე მსოფლიო ომის ხასიათმა ნათლად აჩვენა ამდაგვარი მიდგომის შეცდომა. ომის დამთავრებისთანავე აშშ-ს არმიამ ხელახლა გამოაქვეყნა ომის ცხრა პრინციპი 1949 წლის საველე სახელმძღვანელოში „100-5. საველე სამსახურის რეგულაციები: ოპერაციები“. ეს წარმოადგენდა პრინციპების, როგორც საარმიო დოქტრინების ქვაკუთხედის, ოფიციალურ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამის ომის შემდგომ პერიოდში ისინი კვლავ ამოიღეს საარმიო დოქტრინიდან 100-5, 1980 წელს სახმელეთო და საჰაერო ბრძოლის დოქტრინაში ამ პრინციპებს ისევ შეხვდებით და ამ პერიოდიდან მოყოლებული ომის ცხრა პრინციპი მუდმივად არის აშშ-ს არმიის დოქტრინებში, კერძოდ „FM 100-5“და „FM-3.0 ოპერაციები“ თანამედროვე ომების პირობებში წამყვანი არმიები კვლავინდებურად არიან ჩართულები კონფლიქტებში სახელმწიფო თუ იმ არასახელმწიფო აქტორებთან, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით თავიანთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევას; თანამედროვე ოპერატიული გარემო კვლავაც სავსეა კონფლიქტების კერებით, სადაც იქმნება ახალი გამოწვევები, კომპლექსური მაღალ ტექნოლოგიური დაპირისპირებით, სადაც ფრონტის ხაზის გარჩევა სულ უფრო რთულდება. თუ ადრე არმიები ახერხებდნენ ბრძოლის ველის ხალხისაგან გამოცალკევებას, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებულად გართულებულია და ხალხის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა იმ კონფლიქტში გამარჯვებისთვის, რომელშიც ეს საზოგადოება თავისდაუნებურად ჩართულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღეს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. ამის რეალიზაციისთვის ცხრა ძირითად პრინციპს, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ სამი პრინციპი დაემატა და ჯამში ეს პრინციპები დღეს ქმნიან აშშ-ს არმიის გაერთიანებული ოპერატიული მოქმედების საბაზისო პრინციპებს. 1. მიზანი – თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ. სამხედრო კამპანიის თითოეული ოპერაცია და გაანგარიშება დაიგეგმოს უმთავრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. სტრატეგიული დაგეგმარებით დაკავებული ადამიანები უნდა განსაზღვრავდნენ სამიზნეებს უმთავრესი სტრატეგიული სამიზნის გათვალისწინებით და ეს სამიზნეები მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს ყველა დონის სამხედრო მოსამსახურისთვის. 2. აგრესია – დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა; მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე განახორციელე შეტევითი ქმედებები, საერთო მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტურია მომარაგებისა და კომუნიკაციების გზების ხელყოფა. შეტევითი ოპერაციები არის გზა, რის მეშვეობითაც ეუფლები ინიციატივას, ინარჩუნებ მოქმედების თავისუფლებას და აღწევ გადამწყვეტ შედეგებს. აგრესიულობის ეს პრინციპი კრიტიკულია ომის წარმოების ნებისმიერი დონეზე წარმატებით მოქმედებებისათვის. 3. კონცენტრაცია/მასირება- მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. კონცენტრირებული დარტყმა მიმართული უნდა იყოს შედეგზე და მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ახალი უპირატესობის მომცემი უნდა გახდეს. კონცენტრირების საშუალებით ორი ძირითადი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი: გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მცირერიცხოვანი ძალებითაც კი, და მეორე – საკუთარი ძალების მოწინააღმდეგის ცეცხლისგან მაქსიმალურად განრიდება (ლიმიტირება). 4. ძალთა ეკონომია – არ გამოიყენო იმაზე მეტი მეორად სამიზნეებზე, ვიდრე საჭიროა, რათა არ დაირღვეს კონცენტრაციის პრინციპი. საჭირო დროსა და ადგილზე, კონცენტრაციის წარმატებისთვის, აუცილებელია არსებული ძალების ეფექტურად მართვა და კოორდინაცია. ძალთა ეკონომია არის პრინციპი, რომელიც დაგეგმარებისას საკუთარი ძალების გონივრულად და მიზნის თანაზომიერად გამოყენების საშუალებას იძლევა. მეთაურმა გონივრულად უნდა გამოიყენოს და მართოს მის ხელთ არსებული საბრძოლო რესურსი, მათ შორის ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორებიცაა იმიტირებული ან ლიმიტირებული შეტევა, თავდაცვა, შეყოვნება, ცრუ მოქმედებები და სხვა მსგავსი ოპერაციები. 5. მანევრი – ძალის მოქნილი გამოყენებით ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში. ძნელია მოძრავი სამიზნისათვის მოხვედრა. ზოგადად მოძრაობა, თავისი ბუნებით, რთულად პროგნოზირებადია. ეფექტური მანევრები არღვევს მოწინააღმდეგის ერთიანობას. მანევრი გამოიყენება წარმატების განსავითარებლად, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, მოქმედებების თავისუფლების მისაღწევად და საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. აქტიური მანევრით მოწინააღმდეგის გეგმებსა და მოქმედებებში შედის დისონანსი, რაც ახალი წარმატების შესაძლებლობასაც აჩენს. ომის წარმოების ნებისმიერ დონეზე წარმატებული მანევრი მეთაურისგან დაგეგმარებაში, ოპერირებაში და ორგანიზებაში აზროვნების სხარტ უნარს საჭიროებს. 6. მართვის ერთობა -თითოეული სამიზნის მიმართ მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა. მართვის ერთობა ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მოქმედი ძალები ემორჩილებიან ერთ მეთაურს. მართვისა და ძალისხმევის ერთობა გულისხმობს ომის ყველა დონეზე ძირითადი მიზნების მისაღწევად მეთაურის მიერ საბრძოლო ძალისხმევის კონცენტრაციას . ბრძოლის ველზე წარმატება მეთაურისგან მოითხოვს მის ხელთ არსებული ძალების ერთიანი და კოორდინირებული მართვის უნარს. 7. უსაფრთხოება – არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას. შესაბამისი უსაფრთხოება მოქმედებების თავისუფლების და მოწინააღმდეგის მოქმედებების მიმართ საკუთარი ძალების მოწყვლადობის შემცირების საშუალებას იძლევა. დაზვერვა, მოწინააღმდეგის დოქტრინების, დაგეგმარების, სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნა ზრდის უსაფრთხოებას.ომს რისკი ახლავს. წარმატებისათვის საჭიროა გონივრული და გააზრებული რისკის გაწევა საკუთარი ძალების დასაცავად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. საკუთარი ძალების დაცვა და უსაფრთხოება, თავის მხრივ, რისკების გათვლისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. 8. სიურპრიზი – დაარტყი მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელ დროსა და ადგილზე, ან მოულოდნელი ფორმით. ტრადიციული სამხედრო ძალებისათვის დღეს სიურპრიზის მიღწევა უაღრესად რთულია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ საბრძოლო სივრცეზე დიდი ძალების ფარული და შენიღბული მოქმედებები თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა სიურპრიზი ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელმაც, შესაძლებელია, მის განმხორციელებელს მცირე ძალისხმევით დიდი უპირატესობის მიღწევის საშუალება მისცეს. სიურპრიზის საფუძველი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს: ძალთა მოცულობა, მთავარი მოქმედების ადგილი თუ მიმართულება, დროის შერჩევა და კიდევ ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიურპრიზის ეფექტის შექმნაზე, კერძოდ: ეფექტური დაზვერვა, სისწრაფე, მოულოდნელი საცეცხლე ძალების გამოყენება, ოპერაციათა უსაფრთხოება და ოპერაციათა მეთოდებისა და ტაქტიკების ვარიაციულობა. 9. სიმარტივე – მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. წარმატებული სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმარტივე. გეგმა გასაგები უნდა იყოს ყველა დონის მეთაურისთვის. მარტივი, გასაგები და ნათელი ბრძანებები ამცირებს გაურკვევლობის წარმოქმნის ალბათობას. სასურველია გეგმის „მოძრავი ნაწილების“ რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. როგორც ამბობენ, ყველაზე მარტივი გეგმა ხშირად საუკეთესოა. დღეს აშშ-ს დოქტრინებში დამატებულია კიდევ სამი პრინციპი. 10. სიმტკიცე – მეთაურები ემზადებიან განსაზღვრული, ხანგრძლივი ოპერაციებისთვისაც. ეროვნული, სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში გაერთიანებული ოპერაციები შესაძლოა წლები გაგრძელდეს, როგორც ეს ერაყისა ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. კრიზისის ძირითადი მიზეზები ხშირად ცვალებადი და რთულად გასაგებია, რაც აძნელებს საბოლოო მიზნისთვის აუცილებელი კონდიციების მიღწევას და ამიტომაც, ხშირად საჭიროა მოთმინება, ურყევი, შეუპოვარი და მიზანდასახული მოქმედებები. ასეთი ხანგრძლივი მოქმედებებისთვის აუცილებელია შეირაღებული ძალების გამძლეობა და მეთაურების ურყეობა. 11. ლეგიტიმურობა – სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. სამხედრო ძალების გამოყენება მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით. შეიარაღებული ძალები აუცილებლად უნდა მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. სასურველია კამპანიებსა და ოპერაციებს მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნის ხელისუფლებამაც, რომელშიც ასეთი კამპანია მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყოს აღიარებული. ლეგიტიმურობაში, შესაძლოა, საგარეო აუდიენციის არა ერთი აქტორი იყოს დაინტერესებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა არ არის. წარმატებული სამხედრო კამპანიების ჩატარება შესაძლებელია შეზღუდული ლეგიტიმურობის პირობებშიც. ეს პრინციპი მნიშვნელოვან კორელაციაში იმყოფება მოქმედი სახელმწიფოების მოწყობის ტიპთან, ოპერაციების გარემოსთან და სხვა სუბიექტურ ცვლადებთანაც. სწორი პროპორციის დაცვა ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებას შორის აუცილებელია. 12. ზომიერება/სიფრთხილე – მოითხოვს ფრთხილ და დისციპლინირებულ ბალანსირებას უსაფრთხოებას, სამხედრო ოპერაციების ჩატარებასა და სასურველ სტრატეგიულ დასასრულს შორის. ეს მიდგომა მეტწილად საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებს გულისხმობს. მეთაურებმა ეს წესები ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ და ფუჭი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, თუ გარემოებები მათში ცვლილებს მოითხოვს, აუცილებელია მათი განხორციელება. ჯარისკაცების სიცოცხლე ამ წესების გამო გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ უნდა მოექცეს. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – გიორგი ანთაძე
  3. ომის ბუნებისა და სამხედრო ისტორიული ცოდნის შესახებ 13:20, 09.07.2019 ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მორალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საქმიანობაა. მისი წარმოშობა იმდენად ღრმა წარსულში იკარგება, რომ ნებისმიერი განსჯა ე.წ. პირველი დაპირისპირების შესახებ მხოლოდ სპეკულაციური შეიძლება იყოს. არის ეს ჩვენი ცხოველური ბუნების (ინსტინქტის), ასე ვთქვათ, გაადამიანურებული სახე (ისეთივე, როგორც მაგალითად, სიყვარულია, რომლის არსი გამრავლების (სახის შენარჩუნების) ინსტინქტს ეყრდნობა), თუ სხვა რამ (მაგალითად _ ბედისწერა), სავარაუდოდ, ის თემებია, რომელთა შესახებ ყოველი მოსაზრება ერთნაირი ალბათობით შეიძლება ჭეშმარიტად მივიჩნიოთ. თუმცა ეს ჭეშმარიტება ვერასოდეს ვერ გასცდება ჰიპოთეტური ჭეშმარიტების საზღვრებს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, აღნიშნული პრობლემა თავისი არსით წმინდად ფილოსოფიურია და ნებისმიერი ვარაუდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო მსჯელობებს დაედოს საფუძვლად. ერთადერთი, რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. ხოლო, რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით. არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია, თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ასე რომ თეზისს – ადამიანი ყოველთვის ომობს, შესაძლოა დაემატოს თეზისი, რომ ის ომობს ყველგან და ომობს ერთნაირად. ზემოთ ჩვენ ფილოსოფია ვახსენეთ. ერთი შეხედვით კითხვები – რა არის ომი, როგორია მისი ბუნება, რატომ ომობს ადამიანი – წმინდად ფილოსოფიურია და ბევრს არ უნდა გვაძლევდეს პრაქტიკული სამხედრო მოქმედებისთვის. ნაწილობრივ, ეს ასეცაა, განსაკუთრებით საკითხს თუ მორალური ფილოსოფიის კუთხით მივუდგებით: რა არის ომი – ბოროტება თუ სიკეთე? უღირს კი ადამიანს, ომის ფასად, იმ ბოროტებათა ფასად, რასაც ომი წარმოშობს, აღისრულოს თავისი, თუნდაც სამართლიანი, საწადელი? კითხვა არც ახალი და არც მთლად რიტორიკულია. ვისაც ახსოვს ბჰაგავადგიტა, აუცილებლად ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც ბრძოლის წინ, კურუკშეტრას ველზე, მეფობის და სიმართლის მაძიებელი არჯუნა ბრძოლაზე უარს აცხადებს: ერთბაშად, ის აცნობიერებს, რომ იმ ადამიანთა სისხლი, რომელიც უნდა დაიღვაროს, გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ამ სისხლით მოპოვებული გამარჯვება. მეტიც, ის აცნობიერებს, რომ მისივე სიცოცხლეა ნაკლებ ფასეული და მზადაა ის გაიღოს, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას. საკითხის ამდაგვარად დაყენებას და ჩვენს შორის კაცობრიობის ისტორიის დაახლოებით 2500 წელი დგას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი ამ პასაჟის ძალა არა არჯუნას მიერ დასმულ კითხვაშია, არამედ იმ გამაოგნებელ პასუხში, რომელსაც მას კრიშნა აძლევს და რაც შემდგომ ინდური ცნობიერების, მისი ფილოსოფიის და კულტურის უშრეტი შთაგონების წყარო ხდება: „ცდება ის, ვისაც ჰგონია რომ კლავს, ცდება ისიც, ვისაც ჰგონია რომ ჰკლავენ; დაბადება წესია მოკვდავისა და სიკვდილი დაბადებულისთვის, გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა; ბრძენი ამაზე არ წუხს,… ხოლო მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში“.ამგვარად ის, რომ ომი მორალური დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, მხოლოდ ცრუ განცდაა. ომი არის ხდომილება, რომელიც უნდა მიიღო, როგორც ის არის და იმოქმედო ისე, როგორც გეკუთვნის. საინტერესოა, რომ ომისადმი ასეთი დამოკიდებულება, ის აზრი, რომ ომი არც სიკეთე და არც ბოროტებაა, არამედ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მეტიც, აუცილებელი ნაწილია, საკმაოდ გავრცელებულია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ თუ არა ომი, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის ყველაზე კარგი თვისებების გამოვლენა: ვაჟკაცობა, სიმამაცე, რაინდობა, თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. ეს ის თვისებებია, რომელიც, თუ არა ომი, არასოდეს წარმოჩინდებოდა. სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად, ისეთი განსხვავებულნიც კი, როგორიცაა გერმანელი გენერალი მოლტკე, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, ფლორენციელი მაკიაველი, რუსი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიავი და ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ერთსულოვანნი არიან ომის, როგორც მორალურ ღირებულებათა ერთგვარი საყრდენის შეფასებისას. მართლია, რიგი ფილოსოფოსების მიიჩნევს, რომ ომი მაინც ბოროტებაა. თუმცა, ამავე დროს, მაინც იძულებულია აღიაროს მისი ცივილიზაციური მნიშვნელობა. მაგალითად, რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი, ომზე მსჯელობისას, საკითხის სამ ასპექტში განხილვას გვთავაზობს და ესენია თეორიული,ისტორიული და პრაქტიკული. თეორიული ასპექტი, ზოგადად, ზნეობრივია და ის შემდეგ დაშვებას ეყრდნობა: მშვიდობა არის სიკეთე, ხოლო ომი – ბოროტება. მაგალითად ყურანის მეორე სურა ამბობს: “იბრძოლეთ მტრებთან, სანამ არ დამკვიდრდება ისლამი. . . [ხოლო ამის შემდეგ] დაე, შეწყდეს მტრობა, ვინაიდან ღმერთს სძულს, ვინც თავს ესხმის”. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ამყარებდეს, რომ ომის თავი და თავი მიზეზი არა რაიმე მატერიალურის უკმარისობაა, როგორც ეს ხშირად გონიათ, არამედ სურვილი: მაგალითად, პირველი მკვლელობა (აბელის და კაენის ამბავი ძველი აღთქმიდან) შიმშილის გამო კი არ მოხდა, არამედ შურის გამო. ასევე ძნელად დასაჯერებელია ის ვითარებაც, როდესაც ომი ახსნილია დარვინის მოძღვრების ტერმინებში: ასე რომ იყოს, მაშინ რითი ავხსნათ ის ფაქტი, კითხულობს სოლოვიოვი, რომ უიარაღო ებრაელებმა თავი შეინარჩუნეს, ხოლო შეიარაღებულმა რომაელებმა ვეღარ? გაცილებით მნიშვნელოვანია ომის ისტორიული ასპექტი: ომი ქმნის ცივილიზაციას. ომი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი შიდა კავშირების გაძლიერებისათვის ხალხებისა და კულტურების შიგნით და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ასევე ხელს უწყობს კულტურების ურთიერგავლენას და მოწინააღმდეგე მხარეების ურთიერთდაახლოებას. მაგალითები საყოველთაოდ ცნობილია: ომი ტროასთან დასაბამს აძლევს ელინურ სამყაროს, ხოლო ომი სპარსელებთან და ალექსანდრეს ლაშქრობანი – ელინისტურს. რომ არა რომაელთა დაპყრობანი და pax romana ქრისტიანობა ვერასოდეს გასცდებოდა იერუსალიმს. და ბოლოს, ეროვნულ სახელმწიფოთა ქმნადობა ასევე ომის, როგორც მოვლენის შედეგია. შესაბამისად, ომის ზეგავლენა ისტორიულ პროცესზე სამი მიმართულებით ვლინდება: ერების ქმნადობა ერთაშორისი ურთიერთობების ქმნადობა კულტურული ერთობის გეოგრაფიული გავრცობა. თუმცა, ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, კითხვა, თუ რას წარმოადგენს ომი, სხვა, პრაქტიკული შინაარსის მატარებელიცაა. ის ერთგვარ მიმართულებას აძლევს იმ სააზროვნო პროცესს, რომელიც ომის მსვლელობას, მის წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს. არანაკლებ ფილოსოფიურ განცდებს აღძრავს ასევე კითხვა თუ რატომ ომობს ადამიანი? თუმცა სწორედ მისი ფილოსოფიურობის გამო, პასუხი აქაც ბუნდოვანია, ხოლო გაცილებით ადვილია იმ ჩამონათვალის დემონსტრირება, თუ რა საბაბით უკვე იომა მან აქამდე. ითვლება რომ, იმპერატორ კონსტანტინეს პერიოდიდან ვიდრე 1900 წლამდე, ევროპის თეატრებზე ადამიანმა, სულ ცოტა 200-ჯერ მაინც იომა, მათ შორის იყო სამოქალაქო ომები, დაპყრობითი ომები, ომები მემკვიდრეობისათვის, ინტერვენციები, რელიგიური ომები, ომები status quo ante-ს დასაბრუნებლად, ღირსების აღსადგენად და კომერციული ინტერესებისათვის სხვა სიტყვებით, ადამიანი, პრაქტიკულად, ნებისმიერი საბაბით ომობს, ხოლო თუ რა მიზეზს ნიღბავს ეს საბაბი, ხშირად, ძალიან რთული გამოსაცნობია. მაინც, რა ვითარებაა ომი, რა არის მასში ის არსებითი, რაც მას სხვა საქმიანობისგან გამოარჩევს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ალბათ, ყველაზე ადვილი იქნებოდა ამთავითვე ომის განსაზღვრება მოგვეცა და შემდეგ, მასზე დაყრდნობით გვეცადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით, რომელიც სრულებითაც არ არის ტრივიალური: პირველი, არ არსებობს ომის ისეთი განსაზღვრება, რომელიც ყველას მიერ, სანდოობის ერთნაირი ხარისხით, განსაზღვრებადაა მიჩნეული. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, კლაუზევიცისეული ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება, სინამდვილეში არის არა განსაზღვრება, არამედ განსაზღვრების ფრაგმენტი და მისი განსაზღვრებად მიჩნევა მხოლოდ ისტორიულ გაუგებრობას უნდა მივაწეროთ. მეორე პრობლემა უფრო ზოგად მოსაზრებებთან არის დაკავშირებული: ჩვეულებრივ, განსაზღვრებისას ადამიანები ცდილობენ განსასაზღვრი ცნების ადეკვატური შინაარსის დადგენას. მაგრამ ასეთი რამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი სხარტი ფრაზის ან წინადადების, ანდა სულაც რაიმე ნაცნობი შინაარსის მოხდენილად გამოყენებით ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია განსასაზღვრი ცნების იმდაგვარი აღწერა, რომ მისი შინაარსის ადეკვატური აღქმა შევძლოთ. ვფიქრობ, ომის შემთხვევაშიც ასეა და ეს კარგად ჩანს, თუ კი იმავე კლაუზევიცს ოდნავ სიღრმისეულად ჩავუკვირდებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, ვეცდებით თავიდან ავიცილოთ ომის ყოვლისმომცველი განმარტება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენსავე ცნობიერებაში ინტუიციურად ომს მიკუთვნებული ვითარებების აღწერა უფრო თავისუფლად შევძლოთ. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ომის ფენომენის ყველაზე სრულ აღწერას, და შესაბამისად, ზემოთ დასმულ კითხვებზე ყველაზე სრულ პასუხს, თავად ომების ისტორია იძლევა. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ სამხედრო ისტორია ზოგადად, და ომების ისტორია კერძოდ, ჩვენი ცნობისმოყვარეობის ობიექტად ვაქციოთ. სამწუხაროდ, ისტორიას განსაზღვრებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ის მშვენიერი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანურ დაპირისპირებათა მრავალფეროვნებიდან ომი რომ გამოვაცალკევოთ. ორმხრივი დაპირისპირებების მთელ სპექტრში, დუელი – შეტაკება- ბრძოლა-კამპანია- ომი – სამხედრო კონფლიქტი – კონფლიქტი, რომელთა შორის განსხვავება, ერთი შეხედვით, რაოდენობრივია, ომს თავისი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შესაძლოა ვიდაოთ იმაზე, არის თუ არა დუელი ომი, მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებაც, ბრძოლაც და კამპანიაც, ანუ ომის ეს არსებითი შემადგენლები, ორთა დაპირისპირებას, ე.ი. თავისი შინაარსით, მაინც დუელს გულისხმობს, მაგრამ ის ვითარება, რომ , ზოგადად, სამხედრო დაპირისპირების აზრით სამხედრო კონფლიქტი და საერთოდაც კონფლიქტი – ომი არაა, სადავოს არ წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ ზუსტად უნდა შევძლოთ ზღვარის გავლება ზოგადად დაპირისპირებასა და იმას შორის რაც ომია. მთავარია, ვიპოვოთ ის ნიშნები, რომლებიც მოვლენას ცალსახად ომად გადააქცევს. იმ ფაქტორებს შორის, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი დაპირისპირება ომად განვიხილოთ, ჩვეულებრივ, გამოყოფენ შემდეგს: მიზანმიმართული, შეიარაღებული (და შეუზღუდავი) ძალადობა ორგანიზებულობა ნება მასობრიობა ხანგრძლივობა სხვა სიტყვებით, ომად მიჩნეულია კარგად ორგანიზებული, ერთ ნებასა და მიზანს დამორჩილებული მასების კონფლიქტი, სადაც ერთი ორგანიზებული და შეიარაღებული მასა ცდილობს თავს მოახვიოს თავისი ნება მეორეს და რომელიც გარკვეული ხანგრძლივობისა და მოცულობის მქონე მიზანმიმართული ძალადობით ხასიათდება. ხოლო ვინაიდან მასის ნება სინამდვილეში პოლიტიკურ მიზანდასახულობად ფორმდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. თუ კი ომს ამდაგვარად დავინახავთ, შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ ისიც, რომ ომს ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებები აწარმოებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ალიანსები, ანდა სხვა რომელიმე ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომის პოლიტიკაზე ამდაგვარი მიბმა ასევე შეიცავს სირთულეებს და მოითხოვს, სულ ცოტა, თავად პოლიტიკის, როგორც ტერმინის დაზუსტებას. სად გადის ის ზღვარი, როდესაც შეიარაღებულ ადამიანთა ერთობლივ მიზანდასახულ მოქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ მხრივ, განვასხვავოთ ის სხვა ძალადობრივი, მაგრამ არანაკლებ მიზანდასახული ქმედებებისგან? სამწუხაროდ, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ამ და ომის რაობასთან დაკავშირებული სხვა, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული საკითხები შეადგენს სამხედრო თეორიის (გნებავთ, სამხედრო ფილოსოფიის), მეცნიერების ამ მეტად საინტერესო დარგის, ძირითად შინაარსს. საკმარისია დავიმახსოვროთ, რომ სხვა მოვლენებისა და პროცესებისაგან განსხვავებით, ისინი ხასიათდებიან შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირებით, რის საშუალებითაც მავანნი თავიანთი მიზნების რეალიზაციას ფიქრობდნენ. სწორედ აქ (ამ განზომილებაში) უნდა ვეძიოთ ომის ბუნების გასაღები. აქედან, სხვათა შორის, გამოდის ისიც, რომ რაიმე ვითარების აღწერისას, თუ ეს აღწერა შეიარაღებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფების დაპირისპირებას არ ეხება, სიტყვა ომის გამოყენება სათუოა. ზემოთ ისტორია ვახსენეთ. სამხედრო ცოდნის სისტემაში სამხედრო ისტორიას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არა მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ისტორიის (და მათ შორის არც სამხედრო ისტორია უნდა იყოს გამონაკლისი) ცოდნა თავისთავად არის ღირებული, არამედ იმიტომაც, რომ ომების ისტორია თავს უყრის კაცობრიობის მიერ, მისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე, დაგროვილი ბრძოლებისა და ომების პრაქტიკას. ცნობილია, რომ შეიარაღებული დაპირისპირებები და შეტაკებები უკვე პალეოლითიდან საკმაოდ ორგანიზებულ ხასიათს იძენს. ქვის უხეში იარაღებით შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფები ებრძვიან თავიანთ მსგავს არსებებს რომ მოიპოვონ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დამატებითი საკვები, გავლენის სივრცე და უცხოტომელი მდედრობითი სქესის ადამიანები. თავისი პრიმიტიული ხასიათის მიუხედავად, ამ ტიპის „ნადავლი“ საკმაოდ დიდხანს, ათასწლეულების განმავლობაში, იქნება ძირითადი სამხედრო მონაპოვარი. როგორც იერიხონისა და ანატოლიის ნაქალაქართა გათხრები აჩვენებს, ნეოლითის ადამიანს უკვე შეეძლო ორგანიზებული ომების წარმოება. ხოლო ფარაონ თუთმოს III ლაშქრობები მეგიდოსა (არმაგედონი) და კადეშის დასაკავებლად დასაბამს აძლევს არა მარტო ომების წარმოების ახალ ერას ისტორიაში, არამედ თავად ამ ისტორიის აღნუსხვას იწყებს. სხვათა შორის, მეგიდოს კამპანია (ძვ.წ.1479წ.), სწორედ ამ მიზეზით, ომების საკაცობრიო ისტორიის ათვლის წერტილადაა მიჩნეული. თუ კი კაცობრიობის ბოლო ომი, ბიბლიური თქმულების მიხედვით, არმაგედონში უნდა შედგეს, როგორც ჩანს, ომების ისტორია დასრულდება იქ, სადაც დაიწყო. თუმცა ბოლო ომთან ერთად, ალბათ, კაცობრიობაც შეწყვეტს არსებობას. ამაში უნდა იყოს რაღაც სიმბოლური. ის, რომ ომების ისტორია საომარი პრაქტიკის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს, ხოლო მისი ცოდნა არა მარტო ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი გონების კაპრიზია, კარგად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ ისტორიამ არ იცის მეტ-ნაკლებად გამორჩეული სარდალი, რომელიც თავის წინამორბედთა ომებზე არ გაზრდილა. სწორედ ამიტომ, მისი ასეთი წმინდა პრაქტიკული დანიშნულების გამო, ომების ისტორიას, ხშირად, სამხედრო ხელოვნების ისტორიასაც უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული, და მიმზიდველი მონაკვეთი ანტიკური ომების სახელითაა ცნობილი. რას ეყრდნობიან, როდესაც ამ თორმეტსაუკუნოვანი პერიოდის ცოდნაზე აცხადებენ პრეტენზიას? პირველი, ეს თავად ამ პერიოდის წერილობითი წყაროებია, რომელიც, მეტ-ნაკლები, წარმატებით დასტურდება თანამედროვე საისტორიო მეცნიერების მონაპოვრებით. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გამოჩენილ მხედართმთავართა მემუარებს და კომენტარებს ცნობილი ბრძოლებისა თუ კამპანიების ანალიზისას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ის სამხედრო თეორეტიკოსები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავად მოქმედი ან უკვე გადამდგარი სამხედროები, ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ამოეცნოთ ომის პარადოქსალური ლოგიკა. ანტიკური ომები მათთვის იმ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო მათი თეორიული ნააზრევი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი კალმიდან გამოვიდა საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური კრიტიკა არა მარტო ანტიკურობის ეპოქის ომების, არამედ ომების საკაცობრიო ისტორიის საზოგადოდ. პირველი ჯგუფის ბერძენ და რომაელ მწერალთაგან აღსანიშნავია ჰეროდოტე (ძვ.წ.484-425წ.), თუკიდიდე (ძვ.წ.460-399წ.), ქსენოფონტი (ძვ.წ.426-354წ.), ენეას ტაქტიკოსი (ძვ.წ. IVს), პოლიბუსი (ძვ.წ.202-120წ.), უილიუს კეისარი (ძვ.წ.101-44წ.), სალუსტუს კრისპი (ძვ.წ.86-35წ.), პლუტარქე (46-120წ.) ტაციტი (55-120), არიანე (92-175), სექსტ იულიუს ფრონტინი (ჩვ,წ,I_IIსს.), აპოლოდორი (ჩვ,წ. II ს), კასიუს დიო (155-235წ.), ფლავიუს ვეგეციუსი (ჩვ,წ.IV ს-ის ბოლო მეოთხედი). მათი წყალობით ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს არა მარტო ისტორიულ მოვლენათა განვითარებაზე, არამედ თავად საომარ მოქმედებათა მიმდინარეობაზე, ჯარების სახეობებსა და მათი დაკომპლექტების პრინციპებზე, მომარაგებასა და საბრძოლო სივრცის უზრუნველყოფაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო წყობაზე, საზღვაო თუ სახმელეთო სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, მთავარი კამპანიების სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, სტრატეგიული აზროვნების პარადიგმებზე ზოგადად და საბრძოლო სივრცის ექსპლუატაციაზე. ბერძნულ-სპარსული ომები (ძვ.წ.499-448წ.), პელოპონესის ომი (ძვ.წ.460-404წ.) , ალექსანდრეს ლაშქრობა აზიაში (ძვ.წ.336-323წ.), პუნიკური ომები (ძვ.წ.264-202წ.), სამოქალაქო ომები რომის იმპერიაში (ძვ.წ. 88-82 და 50-44 წ.წ.), გალიის ომები (ძვ.წ.58-51წ.), ომი პართელებთან (ძვ.წ.55-38წ.) და გერმანელთა ომები (ახალი ერის დასაწყისში) – აი იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც პრაქტიკულად განსაზღვრეს ისტორიული განვითარების ხაზი და ის რაც გვაქვს დღეს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დაიბადა მაშინ, როდესაც ამ მოვლენების სისხლიანი ისტორია იწერებოდა. მეორე ჯგუფის მწერალთაგან, ჩვენის აზრით, საყურადღებოა მაკიაველი (1469-1527), ნაპოლეონი (1769-1821), კლაუზევიცი (1780-1869), ჟომინი (1779-1869), არდანტ დუ პიკი (1821-1870), შლიფენი (1833-1913), და ფელდმარშალი მონტგომერი (1887-1976). მათი ხედვა, სამხედრო პრაქტიკა და ომის ნიუანსების ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნა მათ ნაწერებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს და ნებისმიერი კვალიფიციური მკითხველისათვის სამაგიდო წიგნებად აქცევს. რაც შეეხება მესამე ჯგუფის მწერლებს, ჰანს დელბრუკის (1848-1949) „სამხედრო ხელოვნების ისტორია“, ჯონ ფრედრიკ ჩარლზ ფულერის (1878-1966) „დასავლეთის სამყაროს სამხედრო ისტორია“ და სერ ბეიზილ ლიდელ ჰარტის (1895-1970) „სტრატეგია“ , საყოველთაო აღიარებით, სამხედრო ისტორიის კლასიკას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არც სრული, და შესაძლოა, არც საუკეთესო იყოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი მათგანის ცოდნა საგანზე კვალიფიციური მსჯელობის სრულ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ომის ფენომენის სრულად გასააზრებლად, ზოგადად, საჭიროა ვიცოდეთ იმ გეოსტრატეგიული გარემოს თავისებურებანი, რომელშიც ესა თუ ის საომარი მოქმედებები ვითარდება. სხვა სიტყვებით, უნდა ვფლობდეთ ცოდნას გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების შესახებ. ასევე, სასურველია კონკრეტული დაპირისპირების პრეისტორიის ცოდნა. მეორეს მხრივ, ასეთივე აუცილებლობას წარმოადგენს ვიცოდეთ თუ რა შეიარაღებას ფლობდნენ დაპირისპირებული მხარეები, როგორ უდგებოდნენ ისინი ზოგადი სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს, რა მიაჩნდათ ძირითად სამხედრო ამოცანად და რა გზებით ცდილობდნენ მის გადაჭრას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო მოწყობა, ჯარების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის საკითხები და როგორ უდგებოდნენ ისინი ქვეყნის საომარ მზადებას საერთოდ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ხასიათს, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავად საომარი მოქმედების ხასიათსაც. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ფონს, რომელზედაც კონკრეტული საომარი კამპანიები და გადამწყვეტი ბრძოლები ვითარდებოდა. ამ უკანასკნელთა აღწერაც, რის გარეშე ვერ შევიქმნით სამხედრო ხელოვნების განვითარების სრულ სურათს, ზოგადად განსხვავდება ჩვეულებრივი თხრობისაგან და დამატებით გამოყენებული საბრძოლო სივრცისა და მანევრის დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე მხედართმთავართა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ქმედებებს, მათ ხასიათსა და მისწრაფებებს, ყველაფერ იმას, რაც ომის სუბიექტურ მხარეს განსაზღვრავს. ცხადია, ყველა ეს თემა აქ ვერც მოხვდებოდა: ამას წიგნი (წიგნები) და სულ სხვა შრომა სჭირდება და რასაც, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოუჩნდება თავისი მკვლევარი. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
  4. ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ 15:47, 01.04.2019 სტატიაში „კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ ამავე სივრცეში გამოქვეყნდა, ჩვენ შევეხეთ ლიდელ ჰარტის მიერ კლაუზევიცის კრიტიკას და ვწერდით, რომ მისი აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებდა სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ ერთადერთი თემა, რაც ლიდელ ჰარტს საკამათოდ მიაჩნდა. ერთ-ერთი ძირითადი, ამ მხრივ, თავად სტრატეგიის გააზრება იყო. კლაუზევიცი თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორც „ომის მიზნებისათვის ბრძოლების გამოყენებას“. აქედან ის ასკვნის, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი ამოცანები უნდა განუსაზღვროს, რომელიც ომის საზრისს შეესაბამება. ლიდელ ჰარტი თვლის, რომ ასეთ მიდგომას ორი ნაკლი გააჩნია: – ომის საზრისთან შესაბამისობის მოთხოვნა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროა და არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და მეორე – აღნიშნული განსაზღვრება ძალიან ვიწროა: გამოდის, რომ ბრძოლა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ასეთი დასკვნის შესაძლებლობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ომი შესაძლოა დავიყვანოთ ერთ გადამწყვეტ ბრძოლამდე. თუცა, საქმე სხვაგვარადაა. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის სხვაობის გამოვლენას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ორივე ძალაუფლება რომ ერთი და იმავე ადამიანის ხელში ყოფილიყო თავმოყრილი: მაგალითად, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. დღეს ასეთი ვითარება თითქმის არ გვხვდება (შესაძლოა ჩრდილო კორეა, ბირმა, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა). ძირითადად, ასეთი ქვეყნები XIX საუკუნეშივე გაუჩინარდნენ. თუმცა, როგორც ლიდელ ჰარტი აღნიშნავს, ამ გაუჩინარების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ვინაიდან სამხედროებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ომის წარმოების სამხედრო გეგმებს, ხოლო სამოქალაქო ლიდერებმა (განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში) დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაში ჩარევა და იმ რესურსების განკარგვა, რომელიც მათი კომპეტენციის მიღმა იყო. ამ თვალთახედვიდან, სტრატეგიის მოლტკესეული განსაზღვრება ლიდელ ჰარტს ბევრად უფრო ადეკვატურად მიაჩნია, ვიდრე კლაუზევიცის: „იმ საშუალებათა პრაქტიკული გამოყენება, რომელიც სარდალს ეძლევა დასახული მიზნის განსახორციელებლად“. ამ განსაზღვრებიდან, ჰარტისთვის, რამოდენიმე საყურადღებო გარემოება გამომდინარეობს: მეორეს მხრივ, მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, უფლებამოსილია ჩაერიოს კამპანიის სტრატეგიულ მართვაში. ეს მართვა კი გულისხმობს მხოლოდ შემდეგს: 1. მთავარსარდლის, რომელმაც მთავრობის ნდობა დაკარგა – შეცვლა; 2. ომის დინამიკიდან გამომდინარე, დასმული პოლიტიკური ამოცანის დაზუსტება ან შეცვლა. ლიდელ ჰარტის აზრით, ასეთი ჩარევა მრავალი მიზეზითაა განპირობებული: შესაძლოა მიჩნეულ იქნას, რომ სამხედრო მოქმედებებმა თავისი თავი ამოწურა და პოლიტიკური მიზნების მიღწევა ამ ეტაპზე სხვა მეთოდებით უფროა შესაძლებელი: მაგ. ეკონომიური წნეხით, ახალი კავშირებით და ა.შ. მათ შორის დაზავების პირობებზე მოლაპარაკების დაწყებით. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგის განადგურება სამხედრო გზით აუცილებლობას უკვე არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარევას, რაც ჯარების უშუალო მართვაში გამოიხატება. ამდაგვარ პოლიტიკას ლიდელ ჰარტი შეზღუდული პოლიტიკური მიზნების სტრატეგიას უწოდებს და შენიშნავს, რომ, საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის რეალურ შინაარსს. ხშირად, ამდაგვარი პოლიტიკის მოტივაცია იყო ძალთა თანაფარდობაში ცვლილების მოლოდინი, რასაც მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვის ხარჯზე აღწევდნენ. გამოფიტვა გულისხმობდა შესაძლებლობების დასუსტებას მცირე დივერსიფიცირებული დარტყმების ხარჯზე, ისე რომ საკუთარი მთავარი ძალები დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ. მეთოდები მრავალგვარია: დარტყმა მოწინააღმდეგის მომარაგების ბაზაზე; ცალკეული მცირე ჯგუფების ადგილზე განადგურება, ანდა ისეთი ზიანის მიყენება, რომ ეს ჯგუფები უმოქმედონი გახდნენ. მოწინააღმდეგის ჩათრევა ისეთ შეტევით მოქმედებაში, რომელიც მისთვის მოუხერხებელი და არაფრის მომტანია (წარმატების შემთხვევაშიც კი). ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც მოწინააღმდეგეს ძალების დაქსაქსვას აიძულებს. მოწინააღმდეგის მორალური და ფიზიკური ენერგიის ცვეთა. ყველაფერი ეს კარგად საზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის შიგნით მთავარსარდალს მოქმედების თავისუფლება გააჩნია იმ თეატრის ფარგლებში, სადაც ის ჯარების მოქმედებას ხელმძღვანელობს. მაგალითად, თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს ფაბიანური სტრატეგიის ფარგლებში, მაშინ ერთი თეატრის შიგნით მთავარსარდლის ინიციატივით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია, შესაძლოა, უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური წარმატება საბოლოო პოლიტიკური მიზნის განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც, საბოლოო ჯამში, ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიის გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე, ასევე თავად სტრატეგია წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის (დიდი სტრატეგიის) გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე. პრაქტიკულად, დიდი სტრატეგია ემთხვევა სამხედრო პოლიტიკას, რითაც ომის მსვლელობას ხელმძღვანელობენ. ხოლო ეს უკანასკნელი განსხვავდება ფუნდამენტური (სახელმწიფო) პოლიტიკისაგან, რომელიც სამხედრო პოლიტიკის მიზანს განსაზღვრავს. რაში მდგომარეობს დიდი სტრატეგიის დანიშნულება? – სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფის) ყველა რესურსი მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისაკენ და კოორდინაცია გაუკეთოს ამ რესურსის გამოყენებას. თავად მიზანს კი ფუნდამენტური პოლიტიკა განსაზღვრავს. შესაბამისად, დიდი სტრატეგია გულისხმობს რესურსების: გამოვლენას; მობილიზებას; განაწილებას; გამოყენების კოორდინაციას. გარდა ამისა, დიდი სტრატეგიის მნიშვნელოვანი სფეროა ომის შემდგომი მშვიდობის მოწყობა და შენარჩუნება. სტრატეგიის წარმატება, ლიდელ ჰარტისთვის, ძირითადად, დამოკიდებულია მიზნის და საშუალებების სწორი თანაფარდობის განსაზღვრაზე: ჭარბი საშუალებები შესაძლოა ისევე მავნე აღმოჩნდეს, როგორც მათი ნაკლებობა; სწორედ ამ საკითხში თეორიული ცოდნა პრაქტიკული რეალიზაციის სირთულეებს აწყდება. პრაქტიკული რეალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მხედართმთავრის ხელოვნებას ვეძახით. ერთადერთი, რაც ომში გათვლას არ ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ნება გაწიოს წინააღმდეგობა .თუმცა, მოწინააღმდეგის ნების დაძლევა სტრატეგიის საქმე არ გახლავთ. ლიდელ ჰარტისთვის სტრატეგიამ უნდა სცადოს თავად წინააღმდეგობა გახადოს მინიმალური და ამაში ის ორ ფაქტორს შეიძლება დაეყრდნოს: მოძრაობა და მოულოდნელობა. ამ ორიდან პირველი განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიურს. თუმცა,ისინი განაპირობებენ ერთმანეთს: სწრაფი გადაადგილება ქმნის მოულოდნელობის ეფექტს; მოულოდნელობა, თავის მხრივ, იძლევა შემდგომი გადაადგილების სტიმულს. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგია მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ნაკლებ ბრძოლას მოითხოვს. მაშინაც კი, როდესაც ომის მიზანი გენერალური ბრძოლის გამართვაა (კლაუზევიცი), სტრატეგიის დანიშნულებაა იმდაგვარი პირობების შექმნა, რომ ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომგებიან პირობებში წარიმართოს. მაგრამ რაც უფრო მომგებიანია პირობები, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა თავად ბრძოლა. მაგალითები, რომლებითაც ლიდელ ჰარტი აპელირებს, შემდეგია:კეისარი ილერდასთან; კრომველი პრესტონთან; ნაპოლეონი ულმთან;მოლტკე სედანთან ;ალენბი სამარიაში .ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად კი 1940 წელს სედანთან გუდერიანის გარღვევა მიაჩნია. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს მოწინააღმდეგის განადგურება, ანუ როდესაც ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიზანი მიღწეული იქნება, თუ კი მოწინააღმდეგეს განზრახვაზე ავაღებინებთ ხელს. სხვა სიტყვებით, სტრატეგიის მიზანია შევქმნათ მომგებიანი სტრატეგიული გარემო. უფრო ზუსტად, საფრთხე შევუქმნათ მოწინააღმდეგის მდგრადობას, რამაც შესაძლოა მისი ძალების რღვევა გამოიწვიოს. როგორაა ეს შესაძლებელი? ანუ როგორ ხორციელდება მოწინააღმდეგის მდგრადობის სტრატეგიული რღვევა? ფიზიკურ სიბრტყეში ეს წარმოადგენს იმ მოქმედებათა შედეგს, რომლებსაც მივყავართ: 1. მოწინააღმდეგის დისპოზიციის რღვევამდე, რის შედეგადაც ის იძულებულია მისთვის მოულოდნელად შეცვალოს ფრონტი, რასაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის რღვევა მოყვება; 2. მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვამდე; 3.მომარაგების სისტემისათვის საფრთხის შექმნა; 4. იმ საკომუნიკაციო ხაზებისათვის საფრთხის შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეს შუძლია უკან დახევა და ხელახალი ზღუდის გამაგრება. ერთ-ერთი ამ ფაქტორის რეალიზაცია საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის მდგრადობა დაირღვეს. თუმცა, რეალობაში ეს ფაქტორები ერთმანეთზეა მიბმული და ერთ-ერთის რეალიზაცია ჯაჭვური რეაქციით იწყებს სხვათა ამოქმედებას. ლიდელ ჰარტი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუ არმია საკუთარი რესურსების შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს (ასე ვთქვათ, მტრის ხარჯზე აწარმოებს ომს), ანდა ის მცირე ზომისაა, მაშინ მისი დამოკიდებულება ბაზებსა და კომუნიკაციებზე ნაკლებია ხოლო თუ საქმე დიდ და რთულ ორგანიზაციათან გვაქვს, მაშინ მისი მიბმა ბაზებსა და კომუნიკაციებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ეს კი ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უფრო რთულია. თუმცა აქაც არის საშუალება რომ უკანდასახევ გზებზე შევქმნათ საფრთხე და მოწინააღმდეგე „ადგილიდან დავძრათ“. ფსიქოლოგიურ სიბრტყეში მოწინააღმდეგის მდგრადობის რღვევა ლიდელ ჰარტისათვის წარმოადგენს ზემოჩამოთვლილი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას მოწინააღმდეგის სარდლობაზე. ფსიქოლოგიურ ეფექტს იმის გააზრება ქმნის, რომ მოულოდნელად მახეში აღმოვჩნდით. შედეგად, მას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგის ზურგზე მიმართული მოქმედებების ეფექტი ძირითადად ფსიქოლოგიურია: მოწინააღმდეგე ტყდება, მაშინ, როდესაც პირდაპირ განხორციელებული შეტევის ფსიქოლოგიური ეფექტია წინააღმდეგობის ნების გაძლიერება. ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ბოლომდე კლაუზევიცის ვერცერთი მიმდევარი ვერ გაერკვა, გახლავთ ის, რომ ომში ყველა მოვლენასა და ყველა პრინციპს მედალივით ორი მხარე აქვს. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აწონილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ენიჭება: ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის წარმოებს, და თითოეული, ცდილობს რა, დარტყმა მიაყენოს მეორეს, ამავდროულად ასევე უნდა ფიქრობდეს თავდაცვაზეც. მაშასადამე, საკუთარი დარტყმა ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგეს მოულოდნელად უნდა შევუტიოთ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალები გაფანტულია, ხოლო საკუთარი – კონცენტრირებული. მაგრამ, მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ მიმართავს საკუთარი ძალების დაქსაქსვას, როდესაც ამის საფუძველი გააჩნია (მაგ. დივერსიფიცირებული დარტყმების მოლოდინი). მაშასადამე მას ეს მოლოდინი უნდა გავუჩინოთ, ანუ საკუთარი ძალები დავქსაქსოთ. ამდენად, თუმცა ეს პარადოქსად ჟღერს, ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია.შედეგად, ომის ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ თუ გინდა დაიკავო რაიმე ადგილი, წარმატების უზრუნველსაყოფად ერთდროული საფრთხე რამდენიმეს უნდა შეუქმნა. დებულება, რომ ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია შეგვიძლია იმ ერთადერთ პრინციპად მივიჩნიოთ, რომელიც ომის მსვლელობის ლოგიკას უდევს საფუძვლად. თუმცა, მისი პრაქტიკული ამოქმედება გარკვეული სირთულის შემცველია და ის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას გულისხმობს:საკუთარი ძალების დაქსაქსვა; მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვა და საკუთარი ძალების თავმოყრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა დებულება, რომელიც პრინციპად შეგვიძლია განვიხილოთ, ამ ალგორითმიდან მომდინარეობს. ჰარტი თვლის, რომ ასეთი სულ რვა დებულებაა . აქედან ექვს შეგვიძლია დადებითი პრინციპები ვუწოდოთ, ხოლო ორს – უარყოფითი. პოზიტიური პრინციპები: მიზანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიე. როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება და შესაბამისად, როგორადაც არ უნდა ხდებოდეს თავდაპირველი გეგმის დაზუსტება, არასოდეს შეცვალო თავდაპირველი მიზანი. საკუთარი მოქმედებებისთვის ისეთი გეზი შეარჩიე, საიდანაც შენს ამოქმედებას ყველაზე ნაკლებად ელიან. იმოქმედე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზებზე. მიმართულების არჩევისას იპოვე ისეთი, საიდანაც მოწინააღმდეგის რამოდენიმე ობიექტი ერთდროული დარტყმის ქვეშ ექცევა. უზრუნველყავი თავდაპირველი გეგმისა და ჯარების თავდაპირველი განლაგების მოქნილობა. ნეგატიური პრინციპები: არასოდეს შეუტიო მოწინააღმდეგეს სრული ძალებით, თუ მას თავდაცვის საშუალება გააჩნია (ანუ, სანამ მისი თავდაცვის უნარი პარალიზებული არ არის). არასოდეს განაახლო შეტევა მიმართულებაზე, თუ მანამდე ამ მიმართულებით შეტევამ მარცხი უკვე განიცადა. ამ ორი ჯგუფის პრინციპებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის ორი ამოცანაც, რომელიც აუცილებლადაა გადასაჭრელი: 1.როგორ დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს წონასწორობა? 2.როგორ განვავითაროთ წარმატება? პირველი ამოცანა დარტყმის მიყენებამდე უნდა გადავჭრათ, ხოლო მეორე – უშუალოდ დარტყმის შემდეგ. ამ ამოცანების გადაჭრასთან შედარებით საკუთრივ დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს სირთულეს. ლიდელ ჰარტის აზრით, როდესაც ომის მიზანზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ განსახვავება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მიზანსა და სამხედრო მიზანს შორის. სამხედრო მიზანი პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და ამიტომ, ის მთლიანად პოლიტიკური მიზნით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი, რაც სამხედრო ხელმძღვანელს მოეთხოვება არის ის, რომ შეუსრულებელი სამხედრო მიზანი არ დაისახოს. ზოგადად, ომის მიზანი – ეს არის ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკეთესია (მომგებიანია, თუნდაც ჩვენი თვალსაზრისით) ომისწინა ვითარებასთან შედარებით. ამის გამო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი მშვიდობა გვინდა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, ანდა თუნდაც ომში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პოლიტიკური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვათა შორის, მიაჩნდათ, რომ ომის ნამდვილი მიზანი არის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განადგურება (კლაუზევიცი). აღნიშნული დებულება მიჩნეული იყო სამხედრო დოქტრინის საფუძვლად. ლიდელ ჰარტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ბზარი შეიტანა კლაუზევიცის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სახმელეთო ოპერაციების ხასიათს. ვერც ერთმა სახმელეთო ოპერაციამ ვერ უზრუნველყო საბოლოო წარმატება და რეალურად, ომი ჩიხში შეიყვანა. ის, რომ გერმანია დამარცხდა, ამის მიზეზი არა მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება იყო ხმელეთზე, არამედ ის უკმარობა მარაგებისა, რომელიც საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია. მეტიც, გამარჯვებულთა ძალებიც იმდენად იყო გამოფიტული, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ომის შემდგომ თავიანთი წარმატება. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო თეორიის ხელახალი გადააზრება. ამავე დასკვნისაკენ ლიდელ ჰარტს სხვა ფაქტორებიც უბიძგებდა: როლი, რომელიც საზღვაო ძალებმა შეასრულეს მოწინააღმდეგის განადგურების საქმეში, თანაც ისე, რომ არც ერთი დიდი საზღვაო ბრძოლა არ გაუმართავთ. საჰაერო ძალების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრების განადგურება ისე, რომ აღარ იყო საჭირო მისი ძირითადი ძალების ბრძოლის ველზე განადგურება. ჯარების მექანიზაციამ გაზარდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურების შანსი მსხვილი ბრძოლების გარეშე. თუ ავიაციას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი დარტყმა ირიბი ხასიათის მოქმედებით (გადააფრინდეს მოწინააღმდეგეს), იგივე შეუძლია განახორციელოს მექანიზირებულ არმიას ხმელეთზეც (შემოუაროს მოწინააღმდეგეს). თუმცა, ავიაციისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია გამაგრდეს დაკავებულ ტერიტორიაზე. ავიაციამ და ტანკმა ერთობლივად დრამატულად გაზარდეს სამოქალაქო ობიექტებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე დრამატულად გაიზარდა ზემოქმედების მანძილიც. ამან შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების პარალიზება მის მნიშვნელოვან ცენტრებზე ზემოქმედებით. განსაკუთრებულია ავიაციის ზემოქმედების ეფექტი: ის შოკში აგდებს სამოქალაქო მოსახლეობას. ამ უპირატესობათა ჯამურმა ეფექტმა შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ლიდელ ჰარტი ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, ბრძოლა სტრატეგიული მანევრის დამამთავრებელ ფაზად გარდაიქმნება და თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაკარგავს. ჰარტისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც: როდესაც ომი დაიწყო, ახალშექმნილმა მცირერიცხოვანმა მექანიზირებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, თუ კი მათი გამოყენება გამიზნულია სიღრმეში განლაგებული სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ამის მაგალითებია პოლონეთი, რომელიც რამოდენიმე კვირაში დაეცა ექვსი სატანკო დივიზიის შეტევის შედეგად; საფრანგეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა ათი სატანკო დივიზია; მთელი დასავლეთ ევროპის აღებას ერთი თვე დაჭირდა ისე, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები თითქმის არ გამართულა. იგივე ხდება, სხვათა შორის, ბალკანეთში 1991 წელს, როდესაც წარმატება მიღწეულ იქნა არსებითად ბრძოლების გაუმართავად. მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი (თუმცა, ნეგატიური) გაკვეთილი ლიდელ ჰარტისთვის ე.წ. სტრატეგიული დაბომბვის შედეგებია: რას ელოდნენ? – ეკონომიკის კოლაფსს და დემორალიზაციას. შედეგად კი მიიღეს უმნიშვნელო ეფექტი სამხედრო მოქმედებებზე, წინააღმდეგობის ნების განმტკიცება და ომის შემდგომ დანგრეულის რეაბილიტაციაზე რესურსის მნიშვნელოვანი ხარჯვა. ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც 1914-1918 წლების ომის შემდეგ, სცადა თავი დაეღწია კლაუზევიცის მემკვიდრეობისათვის. თავისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მან შეაჯამა 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „პარიზი, ანუ ომის მომავალი“. წიგნი იწყება იმ სამხედრო მოქმედებათა კრიტიკით, რითაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ მიეღწიათ თავისი მიზნისათვის: ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები. წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ სწრაფვაში ორივე მხარემ ისე გამოფიტა ერთმანეთი, რომ რეალური შედეგისათვის არც მიუღწევია. ამის შემდეგ წიგნში ნაჩვენებია მორალური მიზნების უპირატესობა. კერძოდ: 1. როგორ შეუძლიათ სატანკო არმიებს დაარტყან მოწინააღმდეგის „აქილევსის ქუსლს“: მსხვილ შტაბებსა და კავშირგაბმულობის ცენტრებს, რომლებიც არმიის ნერვიულ სისტემას ქმნიან. 2. როგორ შეუძლია ავიაციას დამოუკიდებლად მიაყენოს დარტყმა სახელმწიფოს ნერვიულ სისტემას: მსხვილ სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებსა და ინფრასტრუქტურას. ამ წიგნის გამოსვლიდან ორ წელიწადში, 1927 წელს, გენერალური შტაბის მითითებით წიგნი სახელმძღვანელოდ გამოიყენეს პირველი მექანიზირებული ნაწილების ოფიცრებისათვის. ასევე მოიქცა საჰაერო ძალების შტაბიც, რომლის ხედვა მაშინ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებს ემთხვეოდა. თუმცა, ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ავიაციასთან დაკავშირებით წიგნში გამოთქმული მოსაზრებები იყო მცდარი: 1925 წელს ის თვლიდა, რომ მსხვილი სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეძლო დაეჩქარებინა ომის დამთავრება. 1929 წლისთვის მას უკვე უყალიბდება აზრი, რომ ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა ახალი ტიპის გაჭიანურებული ომი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შეხედულება საჯარო გახადა, მისი თავდაპირველი მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა სამხედრო სარდლობისთვის. შედეგად მივიღეთ ის უაზრო მსხვერპლი, რომელიც სტრატეგიულ დაბომბვებს მოყვა მეორე მსოფლიო ომში. ომის შემდეგ ლიდელ ჰარტს უჩნდება აზრი, რომ ისევ მოვიდა დრო გადაიხედოს თეორია და კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ომის სამხედრო მიზანი. ის მიდის აზრამდე, რომ ბრძოლა, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა ამოვარდეს სტრატეგიის ლექსიკონიდან და ის სტრატეგიულმა ოპერაციამ უნდა შეცვალოს. თუმცა, მალევე, ცივმა ომმა ახალი რეალობა გააჩინა, რამაც მთლიანად შეცვალა XX საუკუნის მეორე ნახევრის სტრატეგიული გარემო: გლობალურმა დაპირისპირებამ გლობალური სტრატეგია მოითხოვა. შედეგად, ლიდელ ჰარტისეულ იერარქიაში სახელმწიფოს ფუნდამენტური პოლიტიკა – დიდი სტრატეგია – სამხედრო სტრატეგია ტერმინები შეიცვალა და მივიღეთ ალიანსის (ფუნდამენტური) პოლიტიკა – გლობალური სტრატეგია – ალიანსის სამხედრო სტრატეგია. მაგრამ ეს სულ სხვა თხრობის თემაა. ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
  5. ომი ხდომილებაა. მისი მართვის უნარი – ხელოვნება, ხოლო იმ პრინციპების ცოდნა, რომელიც ამ სპეციფიკური ხელოვნების საფუძველში დევს – თეორია. შესაბამისად, ის რაც ომზე, როგორც ხდომილებაზეა მიბმული, ასევე ორ პლანში შეგვიძლია განვიხილოთ: როგორც ხელოვნება (პრაქტიკა) და თეორია (ცოდნა, რომელსაც აღნიშნული პრაქტიკის განზოგადება იძლევა). კონკრეტულად, სტრატეგია, როგორც ომზე მიბმული საქმიანობის სფერო (საკუთრივ მართვა და წარმართვა) შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვნებადაც და ომის თეორიადაც. ისტორიულ რეტროსპექტივაში ის სწორედ ამდაგვარად ვითარდებოდა. მისი ხელოვნებად ჩამოყალიბების გზა სამხედრო ისტორიაშია აღწერილი. გაცილებით გვიან, სტრატეგია განვითარებას, როგორც თეორია იწყებს, თეორია რომელიც, ლეერის სიტყვებით რომ ვთქვათ, არის მთელი სამხედრო საქმიანობის სინთეზი, მისი განზოგადება, ფილოსოფია. ისევე, როგორც ფილოსოფია ეძებს კავშირებს სამყაროსეულ მოვლენებს შორის, სტრატეგიაც სამხედრო მოვლენათა შორის არსებული კავშირების გამოვლენასა და ახსნას ისახავს მიზნად. თუმცა, არსებობს სტრატეგიის უფრო ვიწრო გაგებაც, რომლის მიხედვითაც სტრატეგია წარმოადგენს სწავლებას (მოძღვრებას) სამხედრო მოქმედებების თეატრზე (სმთ) ოპერაციების შესახებ. თუ სტრატეგიას როგორც ხელოვნებას შევხედავთ, ვნახავთ, რომ თავის მხრივ, არსებობს სხვადსხვა ფაქტორი, რომელზედაც ის თავადაა მიბმული და რომლებიც მასზე, როგორც პრაქტიკაზე, ზოგადად, გავლენას ახდენს. მიჩნეულია, რომ სტრატეგიაზე, როგორც კონკრეტულ არჩევანზე, შემდეგი ფაქტორები ზემოქმედებს: პოლიტიკა, დიპლომატია, ეკონომიკა, სამხედრო, გეოგრაფია, ისტორიული გზა, კულტურა, იდეოლოგია და სახელმწიფოს მართვის ფორმა. აქედან, პოლიტიკა, იდეოლოგია და გეოგრაფია ქმნიან განსაკუთრებულ ეროვნულ სტრატეგიულ კულტურას. ხოლო ამ კულტურამ, თავის მხრივ შესაძლოა გავლენა იქონიოს სტრატეგიული პრობლემის ადეკვატურ აღქმაზე. თუ კი პოლიტიკური ფაქტორის გავლენა სტრატეგიაზე, ასე თუ ისე, ნათელია, შესაძლოა გეოგრაფიული და უფრო მეტად იდეოლოგიური ფაქტორის გავლენა არც ისე თვალშისაცემი ჩანდეს. თუმცა, ეს მატყუარა განცდაა. მაგალითად, ძნელია გადააჭარბო გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობა, ვინაიდან ქვეყნის სიდიდე და მდებარეობა წარმოადგენს ძირითად დეტერმინანტს სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად. შედარებისთვის: ისრაელისათვის გეოგრაფიული პრესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გააჩინა მუდმივი დაუცველობის განცდა. მეორეს მხრივ, აშშ იმდენად დაცილებული იყო ძირითადი სამხედრო თეატრებიდან, რომ დასაშვებად მიიჩნია ძალთა ბალანსის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების იგნორირება. გეოგრაფიული ფაქტორის პოლიტიკაზე ზეგავლენის, ისტორიაზე და ისტორიულად განპირობებული სტრატეგიული არჩევანის შესახებ კარგ მაგალითს წარმოადგენს ინგლისი. მეტიც, ბრიტანეთის კუნძულის გეოგრაფიამ გავლენა იქონია ომის სპეციფიკური ფორმის ე.წ. ბრიტანული ომის ჩამოყალიბებაზე(ლიდელ ჰარტი): კონტინენტზე მსხვილი საბრძოლო დაპირისპირებებისგან თავის არიდება და ფლოტის საშუალებით მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების წინააღმდეგ პერიფერიებზე საფრთხის შექმნა. გეოგრაფიული ფაქტორი განსაზღვრავს ასევე კონკრეტული სამხედრო მოქმედების შინაარსსაც. მაგალითად, თუ განვიხილავთ II მსოფლიო ომში დაპირისპირებული მხარეების მიერ ავიაციის გამოყენების მეთოდიკას, ვნახავთ, რომ მათ განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ: ინგლის-ამერიკისთვის ეს იყო სტრატეგიული ბომბვა, ხოლო გერმანიისთვის – სახმელეთო ძალების მხარდაჭერა, რაც ბუნებრივი იყო, ვინაიდან გერმანიისთვის სახმელეთო კომპონენტი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო იმავე საავიაციო ბაზების შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც ინგლის-ამერიკისთვის ევროპის კონტინენტზე არ არსებობდა ტერიტორია, რომლის დაკარგვა მის საავიაციო შესაძლებლობებს დაასუსტებდა. გეოგრაფიული ფაქტორის ზეგავლენის კარგი მაგალითია XVI საუკუნის ესპანეთის სამეფოს გეოგრაფია და ესპანეთის სტრატეგიული არჩევანის სირთულე ტერიტორიების შესანარჩუნებლად (იგულისხმება 80-წლიანი ომი ნიდერლანდებში). რაც შეეხება რელიგიას, იდეოლოგიასა და კულტურას, დიდი ანგარიშით, სამივე ეს ტერმინი სამყაროს ხედვას ნიშნავს და ამ ხედვის გავლენა სტრატეგიულ არჩევანზე, ხშირად, გაცილებით მეტია ვიდრე რეალური პოლიტიკის გავლენა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აშშ საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ იდეოლოგიური კლიშეები განაპირობებენ ქვეყნის სტრატეგიულ მიდგომებს: ლიბერალური ღირებულებების დაცვისა მხარდაჭერის საკითხში ამერიკის განსაკუთრებულობა არის სწორედ ის თემა, რამაც განსაზღვრა ცივი ომის მიმართულება და პრაქტიკულად, მთელი უახლესი ისტორია დღემდე. როგორც ხელოვნება, სტრატეგია უძველესი დროიდან არსებობს. ყოველ შემთხვევაში, რაც ომი ორგანიზებულ და მეთოდურ საქმიანობად იქცა. სტრატეგიის, როგორც ხელოვნების მიზანია მოწინააღმდეგის დამარცხება ზოგადად და დასახული პოლიტიკური მიზნის რეალიზაცია – კერძოდ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის განხორციელებისას დაგვჭირდეს (შეძლებისდაგვარად) მინიმალური ხარჯი, ძალისხმევა და დანაკარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვებას აზრი არა აქვს. აღნიშნული ამოცანა (ომის მიზნის მიღწევა) შესაძლოა რამოდენიმე ქვეამოცანად დავყოთ: ზოგადი მიზნის სწორად განსაზღვრა (ჩანაფიქრი); სწორი მიმართულების განსაზღვრა, რასაც ბუნებრივად მივყავართ ოპერაციის ძირითადი იდეის სწორ განსაზღვრამდე, ანდა საოპერაციო ხაზების ზუსტ არჩევამდე, რაც სტრატეგიული ხედვის (ოპერაციის) პირველ ნაბიჯს შეადგენს; შესაბამისობა დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებებს შორის: აღნიშნული, პირველ რიგში გამოიხატება საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არმიის სტრატეგიულ გაშლაში, რომელიც მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელი უნდა იყოს, ხოლო საკუთარი ძალებისათვის – უსაფრთხო. ეს ორი გარემოება მნიშვნელოვანია ოპერაციისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად, რაც გარკვეულ უპირატესობებს ქმნის ძალის, დროისა და ადგილ-მდებარეობასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგეს ვართმევთ ინიციატივას, ანუ საკუთარ კონტროლს ვუქვემდებარებთ მის აზრებსა და ნებას. მესამე ამოცანის განხორციელება საშუალებას იძლევა გადავჭრათ უფრო რთული ამოცანა: ოპერაციის (საოპერაციო ხაზების) უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს იმდენად რთული ამოცანაა, რომ ნაპოლეონს ის მთელი სამხედრო საქმიანობის ანა-ბანად მიაჩნდა. მარშის განხორციელება – გულისხმობს მოწინააღმდეგის მიმართ ისეთი ვითარების შექმნას, რომ მისი ხაზები დარტყმის მუქარის ქვეშ აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც საკუთარი დაცულია (მანევრი). იმისათვის, რომ ბრძოლა რეალური შედეგით დაგვირგვინდეს, აუცილებელია ბრძოლის შედეგების სწორი ექსპლუატაცია. ყველაფერი ეს მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი ოპერაცია.ყველა ამ ამოცანის განხორციელება განაპირობებს იმას, რომ ოპერაცია ნაკლებად ხდება დამოკიდებული ბრძოლის იღბალზე (ტაქტიკა). მეტიც, სტრატეგიული მოსაზრებები განმსაზღვრელი ხდება ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა: გავმართოთ თუ არა ბრძოლა, სად, როდის, რა წინაპირობების შეთხვევაში და ა.შ. ამგვარად, როდესაც სტრატეგიის პრაქტიკოსებზე ვიწყებთ საუბარს და მათ ხელოვნებაზე (ოსტატობაზე) ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მათი მოქმედება აღნიშნული ამოცანების გადაჭრის ეფექტურობასთან მიმართებით უნდა განვსაზღვროთ. ამის საშუალებას კი სამხედრო ისტორიის ცოდნა იძლევა. ამ კუთხით დანახული, სტრატეგიის ხელოვნების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ქმედებები, რომლებსაც აწარმოებდნენ კიროს დიდი, ფილიპე მაკედონელი, ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი. პირველი, რაშიც ეს გამოიხატება, გახლავთ თემა, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი ომისათვის. მეორე – თუ როგორ უდგებოდნენ ისინი საკითხს ომის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ბოლოს, ისინი არასოდეს უშვებდნენ მხედველობიდან იმ კავშირს, რომელიც პოლიტიკასა და სტრატეგიას შორის არსებობს. ამ მხრივ (იგულისხმება სტრატეგიისა და პოლიტიკის ერთიანობა) ყველაზე კარგ სასტარტო ვითარებაში ალექსანდრე აღმოჩნდა, ვინაიდან მან, პრაქტიკულად, ფილიპეს საქმე გააგრძელა. სხვათა შორის, მისი დიადი ჩანაფიქრის განხორციელება ამანაც განაპირობა. გაცილებით რთული საწყისი პოზიციიდან იწყებდნენ თავის საქმიანობას კიროს დიდი და იულიუს კეისარი. ხოლო ყველაზე ცუდ სასტარტო პოზიციაში ჰანიბალი აღმოჩნდა: მას მოუწია სტრატეგიული ინტერესების დაცვა კართაგენის პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც, დიდი ანგარიშით, განაპირობა კიდეც მისი მარცხი. იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც აღნიშნული მხედართმთავრები მიმართავდნენ ომისათვის მზადების პროცესში, აღნიშვნის ღირსია შემდეგი: მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებების შესწავლა; მომავალი საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არსებულ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება და უკმაყოფილო მოსახლეობის გამოყენება; ომისათვის სახსრებისა და საშუალებების მომზადება; ომისათვის არმიის შეგროვება და სპეციალური მომზადება. თითოეული მათგანის არმია გაცილებით მცირერიცხოვანი იყო მოწინააღმდეგესთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მას ხარისხით (მომზადება, გამოცდილება, დისციპლინა). ამის ხარჯზე ეს არმიები უფრო მაღალი სულის სიმტკიცესა და ერთიანობას ამჟღავნებდნენ, რაც მათ რეალურ უპირატესობას ანიჭებდა. დარტყმის ძირითად ობიექტად (მიზნად) ეს სარდლები ყოველთვის მოწინააღმდეგის არმიას ირჩევდნენ, რომლის განადგურება, ანდა მანევრის შეზღუდვა სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა; ეს ბოლო ვითარება განსაზღვრავდა საოპერაციო ხაზების ხასიათს: ისინი მეთოდურად მიყვებოდნენ არჩეულ გეგმას და მაშინაც, როდესაც დასახლებული პუნქტის აღება უწევდათ, მხედველობაში ყოველთვის მოწინააღმდეგის საოპერაციო ხაზებზე დაწოლა და ცოცხალი ძალის განადგურება რჩებოდა მიზნად. ომის საწყისი ეტაპი: ომის საწყის ეტაპზე, ისინი გასაოცარი ოსტატობითა და ძალისხმევით ახერხებდნენ დაეძლიათ ბუნებრივი წინაღობები, რითაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ როგორც მოწინააღმდეგეებზე, ასევე მოკავშირეებზეც. ამით ისინი აღწევდნენ საკუთარი ძალების მომგებიან გაშლას, რის გამოც, თავდაპირველად, არ ხვდებოდათ არანაირი წინააღმდეგობა. შედეგად, არმიის სტრატეგიული გაშლა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მიმდინარეობდა თავიანთთვის უსაფრთხოდ, ხოლო მოწინააღმდეგისათვის – მოულოდნელად, რაც მათ უპირატესობას აძლევდა, რომ ხელთ ეგდოთ ინიციატივა და საფრთხე შეექმნათ მოწინააღმდეგის კომუნიკაციებისთვის. დიდი ყურადღება ეთმობოდა ოპერაციის ძირითადი ბაზის ფორმირებას და წინსვლასთან ერთად დამატებითი ბაზების მოწყობას. მანევრის აზრს წარმოადგენდა მიზანთან (ბრძოლის ობიექტი, ველი) უკეთესი ძალების მიყვანა და ბრძოლის წინ მათი მომგებიანი განლაგება. თუ სტრატეგიული ცოდნის გარიჟრაჟზე ვილაპარაკებთ, შეგვიძლია დავუშვათ მისი არსებობა ანტიკურობაში (თუნდაც იმიტომ, რომ ანტიკურობაში ყალიბდება სამხედრო მწერლობა, როგორც ამდაგვარი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობა), თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში ის საწყის, პრიმიტიულ დონეს არ გასცილებია. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებების ავტორებად მიჩნეულია ფრონტინი, პოლიენი, ვეგეციუსი, ონოსანდრე. ფრონტინის წიგნი სამხედრო ეშმაკობების (სტრატეგემები) შესახებ შეიცავს ოთხ ნაწილს, სადაც პირველ სამში ისტორიული მაგალითების განხილვის საშუალებით ახსნილია ის ხერხები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდეგ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბრძოლამდე და როგორ უნდა დავიცვათ ან დავიპყროთ ქალაქი. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, აქ უკვე მოცემულია მსჯელობა დისციპლინის მნიშვნელობაზე, სამართლიანობაზე, სიმტკიცეზე, თავშეკავებულობაზე. სხვა სიტყვებით, ომის მორალურ მახასიათებლებზე. პოლიენი, რვაწიგნიანი კრებულის ავტორი სტრატეგემებზე, განიხილავს მისთვის ცნობილი ყველა ბრძოლისა და შეტაკების დროს გამოყენებულ სამხედრო ეშმაკობებს. ვეგეციუსის ნაშრომი „ De re militare“ (სამხედრო მოწყობის შესახებ) გარკვეული აზრით, წარმოადგენს ისეთი ავტორების კომპილაციას, როგორებიც იყვნენ კატონი, კორნელიუს ცელსი, ფრონტინი, პატერნი. ის ასევე ეყრდნობოდა იმპერატორების ავგუსტეს, ტრაიანისა და ადრიანეს სამხედრო დაწესებულებების განხილვას. მართალია, ვეგეციუსი ხშირად ურევს ერთმანეთში ბერძნულსა და რომაულ სისტემებს და სხვა უამრავი ნაკლიც გააჩნია, მაგრამ მან პირველმა მოახერხა დაელაგებინა და სისტემატურად გადმოეცა სამხედრო ცოდნის ყველა დარგი. სტრატეგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მესამე წიგნის ისეთი თავები, როგორიცაა: არმიების შესახებ (თავი I); რა შემთხვევაში ვიხმაროთ ეშმაკობა და როდის დავეყრდნოთ ძალას ( თავი VIII); რა ვიღონოთ, როდესაც არმია ახალგაზრდა გამოუცდელი, ან ომს გადაჩვეული ვეტერანებისაგან შედგება ( თავი IX);ომის ზოგადი წესები (თავი X). არსებითად განსხვავებული ნაწარმოებია ონოსანდერეს „სტრატეგიკოსი“ (Στρατηγικός)), ერთგვარი დარიგებები მხედართმთავრებს. აქ არ არის ისტორიული მაგალითების განხილვა. გადმოცემა დოგმატურია და ერთგვარი დოქტრინის შთაბეჭდილებას ტოვებს. საუკეთესოდ მიჩნეულია შემდეგი თავები: მხედართმთავრის არჩევის შესახებ (თავი I); სამხედრო საბჭო ( თავი II); არმიის მოძრაობა (თავი V); გამოდევნების დროს გასათვალისწინებელი საფრთხეები (თავი XVI); მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების შეძენის სარგებელი (თავი XVII); წარუმატებლობის შემთხვევაში მხედართმთავრის ხასიათის სიმტკიცის შესახებ (თავი XIX); რაზე უნდა ფიქრობდეს სარდალი ბრძოლის წინ ან შემდეგ (თავი XXVII);როგორ უნდა იქცეოდეს სარდალი წარმატებული კამპანიის შემდეგ (თავი XXXIII); წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ბიზანტიელი იმპერატორის მავრიკის „სტრატეგიკონი“. სტრატეგიას ის განიხილავს ვიწრო აზრით, როგორც ომისათვის (ბრძოლისათვის) მზადებას. ტრაქტატი შედგება თორმეტი წიგნისაგან, რომელთაგან მნიშვნელოვანია : აღალი, მისი ტარება, მდებარეობის განსაზღვრა და დაცვა (თავი V); მხედართმთავრის ხელოვნება (თავი VII/VIII); როგორ ვაწარმოოთ ომი და ბრძოლა სხვადასხვა ხალხების წინააღმდეგ (XI). მავრიკის მიმდევართაგან აღსანიშნავია ლეონ VI (ფილოსოფოსი) ასევე იმპერატორი, თუმცა მისი ნაშრომის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს კომპილაციას (ვეგეციუსი, ონოსანდრე, მავრიკი), რაზედაც მისი საკუთარი სტრატეგემებია დამატებული. მარინო სანუტო (XIV ს.) ავტორი წიგნისა „საიდუმლო წიგნი წმინდა მიწის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად”. ეს წიგნი მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ განსაზღვრულია პალესტინის დასაკავებლად საჭირო ძირითადი საოპერაციო ხაზები (საზღვაო), განისაზღვრა ასევე ოპერაციის ბაზისი (ეგვიპტე) და წარმატებისათვის აუცილებელი პირობა – პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის მთელი ძალაუფლების ერთ ხელში გაერთიანება. აღორძინების მწერლობიდან ყურადღებას იპყრობს მაკიაველის ორი ტრაქტატი: „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ და „მთავარი“. ერთიანობაში ეს ორი ნაწარმოები ქმნის იმ სინთეზს, რომელიც სტრატეგიისა და პოლიტიკის მჭიდრო ერთიანობაში მოიაზრება (მაკიაველის ძირითადი დამსახურება). „ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ“ შედგება შვიდი ნაწილისაგან, რომელთაგან პირველი არმიის მოწყობას ეხება. სამხედრო ორგანიზაციის ხასიათი და მისი მოწყობა: მაკიაველის აზრით, ომის ხელობად გადაქცევა წარმოადგენს ბოროტებას, ვინაიდან მშვიდობიანობის დროს, ის, ვისთვისაც ომი პროფესიაა, იძულებულია საარსებო წყარო ეძიოს და ამისათვის ან ომის დროს ძარცვოს უფრო მეტი, ანდა ცხოვრების წესად აქციოს ძალადობა და ძარცვა. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა: ხელი შეუწყოს იმას, რომ ომი არ მთავრდებოდეს და მშვიდობა არ დამყარდეს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ არ შეიძლება ომი კერძო პირის საქმიანობად ვაქციოთ, არამედ ის სამეფოს, ანდა სახელმწიფოს საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს. სხვა სიტყვებით, ან მეფე, ან სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეთა ხარჯზე უნდა ქმნიდეს და ინახავდეს ჯარს. მაგალითი: რომის რესპუბლიკა. მაკიაველი წერს: „საუკეთესოა ის არმია, რომელიც თავად მოქალაქეებისაგან შედგება და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი არმიის შექმნა“. ამავე დროს, მაკიაველს მიაჩნია, რომ მუდმივი არმიის ყოლა არ არის მომგებიანი, შესაბამისად, საჭიროა მილიციის ტიპის ლაშქარი, როგორც ეს ბერძნებსა ანდა იგივე რესპუბლიკურ რომს ჰქონდათ, სადაც მოქალაქე იმავე დროს ჯარისკაციც იყო. ჯარისკაცის შერჩევის კრიტერიუმები: პატიოსნება და ნამუსიანობა (მორალური ასპექტი); მოქნილობა და ძალა; ქვეითების დაკომპლექტება სოფლის მცხოვრებლებისგან; კავალერიის დაკომპლექტება ქალაქელთაგან; ნაწილებში ჩარიცხვის ასაკი – 17-დან 40 წლამდე (ყველა მამაკაცი გამონაკლისის გარეშე); შემადგენლობა: ციხე-ქალაქების გარნიზონები და საველე ნაწილები. მშვიდობის დროს საველე ნაწილების სახლში გაშვება ხდება.რაოდენობა: 24-30 ათასი; ძირითადი სახეობა: ქვეითები წვრთნის შინაარსი: ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება; ბატალიონის მოქმედება ბრიგადის შიგნით; დისციპლინა. სტრატეგიული მოსაზრებები: მაკიაველის სტრატეგიული მოსაზრებები არათანამიმდევრულია: ერთის მხრივ, მას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა წარმატების საფუძველია, ხოლო მეორეს მხრივ, მიაჩნია, რომ ბრძოლაში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაება, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. ამის გამო, და იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლაში წარმატება, ხშირად, შემთხვევითობაზე არის მიბმული, უმჯობესია მოწინააღმდეგე სხვაგვარად აიძულო დანებებისაკენ, ვთქვათ, იგივე შიმშილით. სამხედრო საქმიანობის ძირითადი შინაარსი სამი გვარის მოქმედებისაგან შედგება: გადასვლები (მარშები), ბრძოლა, დაბანაკება. როდესაც ბრძოლაში წარმატება მიღწეულია, აუცილებელია გამოდევნება და მოწინააღმდეგის სრული განადგურება. წარმატების (ზოგადად) საფუძველი (პრინციპები): საიდუმლოს შენახვა (ძირითადი); საკუთარი ძალების რწმენა; მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა; ის, რაც სასარგებლოა მოწინააღმდეგისათვის, მავნებელია შენთვის. ბრძოლაში წარმატების პირობები: უზრუნველყოფა: ხალხი, იარაღი, ფული და პური (გამარჯვების ძარღვი); ვითარების შეფასება: ვინ არის მოწინააღმდეგე? ვინ არის მისი მეთაური? სად მიწევს ბრძოლა (გეოგრაფიული გარემო)? სეზონის გათვლა: ომი მხოლოდ ზაფხულში წარმოებს; მხედართმთავარი და მისი მორალურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ახალ დროში რეალურად ეყრება საფუძველი ევროპული სტრატეგიული პრაქტიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც პრაქტიკოს მწერალთა მთელ პლეადას წარმოშობს, ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდებით: რაიმონდო მონტეკუკოლი. მონტეკუკოლის ეკუთვნის, სხვათა შორის, ცნობილი გამოთქმა, რომ „ომის საწარმოებლად აუცილებელია სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ფული“. თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მაკიაველის ჩათვლით, რომელთათვისაც სამხედრო თეორია შემოიფარგლებოდა მხოლოდ არმიის ორგანიზებისა და წვრთნის, აგრეთვე საბრძოლო წყობის საკითხებით და სტრატეგემებით, მონტეკუკოლიმ შექმნა ტაქტიკის ერთგვარი სახელმძღვანელო, სადაც სამხედრო თეორია აბსტრაქტულად კი არ არის გადმოცემული, არამედ მჭიდრო კავშირშია ისტორიულ პრაქტიკასთან. რაიმონდო მონტეკუკოლის პორტრეტი 1634-1643 წლებში, როდესაც ის შვედეთის ტყვეობაში იმყოფებოდა, მონტეკუკოლი წერს ტრაქტატს ომის შესახებ, რომელიც დიდ ხანს საიდუმლოდ ინახება და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნდება. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში განხილულია ომისათვის მზადება: პოლიტიკური (ალიანსები), მარაგები (მატერიალური, შეიარაღება), ფინანსური. მეორე ნაწილი ეხება წვრთნას, დისციპლინას, ლოგისტიკას, დაზვერვას. მაკიაველისგან განსხვავებით, მომნტეკუკოლის პროფესიული არმია წარმატების საფუძვლად მიაჩნია (მაგ. ნასაუს მიერ შექმნილი ჰოლანდიური არმიის მსგავსად). ამავე ნაწილში განხილულია ფორტიფიკაცია, მარშები, ოპერატიული მანევრი და სირთულეები, რომლებიც ტაქტიკაში ჩნდება არტილერიის, კავალერიის და ქვეითების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისას (ტაქტიკა). მესამე ნაწილი კი ეხება ომის დამთვრებასა და სასურველი მშვიდობის ორგანიზაციას. მონტეკუკოლი ნათლად ხედავს, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო და არა ხალხი, ანდა მმართველი. ის ასევე ნათლად ასხვავებს გარე და შიდა ომებს. ეს უკანასკნელნი ჯერ სამოქალაქო, ხოლო შემდგომ რევოლუციურ ომებად ინათლებიან, რითაც ომის სტატუსს „კარგავენ“. მონტეკუკოლიდან იღებს სათავეს ის ცნობიერება, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის ბედს დაპირისპირებული არმიები განაპირობებენ. 1664 წელს ჩნდება მონტეკუკოლის ძირითადი ნაშრომი: „სამხედრო მეცნიერების ძირითადი წესები“. წიგნი ასევე სამი ნაწილისაგან შედგება: სამხედრო მეცნიერების საწყისი წესები; წესები უნგრეთში თურქების წინააღმდეგ ომისთვის და მესამე – მსჯელობა იმაზე, თუ რა მოხდა უნგრეთის უკანასკნელ ომში 1661-დან 1664 წლამდე. აქ ის რიგ საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამს: სამხედრო მეცნიერების საქმეა ხელი შეუწყოს არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. არმია, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს აღმავლობისთვის. ომი, რომელიც საზღვრების გასაფართოებლად წარმოებს, სახელმწიფოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ეს აძლიერებს მონარქიას როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორებთან მიმართებაში. “მუდმივად იარაღასხმული ყოფნა” – მონარქიისთვის ძირითადი რჩევაა. როდესაც კი სახელმწიფოსათვის არსებულის შენარჩუნება ძირითად საზრუნავად იქცევა “ჯერ ფერს დაკარგავს, ხოლო შემდეგ დაიჟანგება იარაღი. ასევე მოსდის სახელსაც – ჯერ ფერმკრთალდება, ხოლო შემდეგ დამცირდება”. მისი გამონათქვამებიდან ასევე საყურადღებოა – „ომის დროს არავინ უნდა დაინდო, ვინაიდან არავინ დაგინდობს, შენ თუ დამარცხდი“. მონტეკუკოლის აზრით, მონარქის ძირითადი საზრუნავი არმია და მისი უზრუნველყოფა უნდა იყოს. თუ კი იარაღი ჩლუნგდება, გარე საფრთხე რომც არ არსებობდეს, შიდა გამოჩნდება. ეს არის კანონი. მზისქვეშეთში არაფერი არ არის მყარი. ყველაფერი იცვლება. ამის გამო, დიდი ხნით, ვერავინ ინარჩუნებს ერთსა და იმავე მდგომარეობას. ამიტომაც, მუდმივად ან წინ მიდიხარ, ან უკან იხევ. როგორი უნდა იყოს არმია? – მუდმივი: სახელმწიფოს ორი რამ ასულდგმულებს: მიწათმოქმედი, რომ გამოკვებოს ქვეყანა და ჯარისკაცი, რომელიც მიწათმოქმედს იცავს. შედეგად, ომისთვის მზადება ორ კომპონენტს მოიცავს: მუდმივი არმიის ფორმირება და მარაგების შექმნა არმიის სრული უზრუნველყოფისათვის. არმიის ამოცანაა აწარმოოს ომი და მიაღწიოს წარმატებას. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება სტრატეგიის, როგორც სისტემატური მოძღვრების შექმნის მცდელობები. ამ საქმის მოთავედ ითვლება ლოიდი. ლოიდი – წარმოშობით ინგლისელი, მსახურობდა ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის არმიებში. დაიბადა 1728 წელს და გარდაიცვალა 1783 წელს, ჰოლანდიაში, უკიდურეს გაჭირვებაში. საფლავი არ არსებობს, ვინაიდან უსახსრობის გამო შარაგზაზე იქნა დასვენებული. თავის შრომაში „სამხედრო და პოლიტიკური მემუარები“, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ფართე ისტორიული ნაშრომის შესავალს წარმოადგენდა (დარჩა დაუსრულებელი), ლოიდი არა მარტო მონიშნავს იმ მიჯნებს, რომელსაც სტრატეგია, როგორც მეცნიერება, უნდა ეხებოდეს, არამედ ამ მიჯნებს შიგნით აღწერს პრაქტიკულად იმ ცნებებისა და პრინციპების მთელ სპექტრს, რასაც სტრატეგია განსაზღვრავს და ეყრდნობა. ლოიდის ტაქტიკური მოძღვრების საფუძველს (წიგნის პირველი ნაწილი) შემდეგი დებულებები შეადგენს: პატივი ეცი ხიშტს; შეხედე ცეცხლს, როგორც მომზადებას; ისროლე მხოლოდ იქ, სადაც ვერ გაივლი; იმოძრავე, არასოდეს გაჩერდე შუა გზაზე;ბრძოლა დაასრულე გადამწყვეტი დარტყმით. ლოიდი პირველია, ვისაც საოპერაციო ხაზის ცნება შემოაქვს და რომელიც სამხედრო სტრატეგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს. სხვათა შორის, ტერმინიც მასვე ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ლოიდის თანამედროვე სამხედრო მოქმედებები ეყრდნობოდა მომარაგების ბაზების (მაღაზიების) სისტემას, ის მხოლოდ მისი განხილვით არ იზღუდებოდა და ყურადღებას აქცევდა ასევე ომის წარმოების ე.წ. „თათრულ მეთოდს“, რომელიც საერთოდ არ ცნობდა ასეთ საყრდენებს და ეყრდნობოდა მთლიანად ადგილზე რეკვიზიციას. ლოიდმა ამ ორ უკიდურესობას შორის მთელი სპექტრი განალაგა განხილვისთვის, რასაც შემდგომი მწერლობა ჰკიდებს ხელს. მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, პრაქტიკულად ერთდროულად, ჩნდება მთელი პლეადა ბრწყინვალე სტრატეგებისა, რომლებიც საოცრად უხამებდნენ ერთმანეთს პრაქტიკულ სარდლობასა და თეორიულ მოღვაწეობას (ეს, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ეპოქის მონაპოვარი). მათგან, რა თქმა უნდა, გამორჩეულებია ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი, ერჰერცოგი კარლი და ანტუან ჰენრი ჟომინი. ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი (1760-1806) – სამხედრო საქმიანობას მხოლოდ ადმინისტრაციული ხედვის კუთხით განიხილავს. ამის გამო, წინა პლანზე მასთან კომუნიკაციები, კომუნიკაციებზე ზეწოლა და კომუნიკაციების დაცვა გამოდის. მასვე ეკუთვნის იდეა, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პრინციპების ჩამონათვალის გაკეთება, რომელთა გეომეტრიული წესით დადგენა იქნება შესაძლებელი (ე.წ. სტრატეგიული გეომეტრია). აქედან გამომდინარე, ბიულოვი რამოდენიმე რჩევას იძლევა: ა) თავდაცვაში არასოდეს არ უნდა განლაგდე მოწინააღმდეგის პარალელურ ხაზზე, არამედ ეცადო ყოველთვის დაიკავო ფლანგი, იმისათვის რომ მის კომუნიკაციებზე ზემოქმედებისა საშუალება გქონდეს. მოწინააღმდეგის წინ მხოლოდ ის ძალა უნდა იყოს, რომელიც მის შესაკავებლადაა საკმარისი. ბ) შეტევა, მისი აზრით, რამოდენიმე კონცენტრირებული ხაზით უნდა ხორციელდებოდეს. უკანდახევა კი პირიქით, ექსცენტრული ხაზებით , რომ შემდგომ, კონცენტრული ხაზებით კონტრშეტევის განხორციელება შევძლოთ. ანტუან ჰენრი ჟომინი (1779-1869) – სამხედრო მოქმედებებს ტაქტიკის კუთხით უდგება. მისთვის წინა პლანზე გამოდის ძალების კონცენტრაცია, შიდა ხაზებზე მოქმედება და შებრძოლება გადამწყვეტ პუნქტში. ამგვარი აზრისკენ მას ფრიდრიხ დიდის მიერ ლოიტენთან მოპოვებული გამარჯვების ანალიზმა უბიძგა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგეს ორჯერ მეტი ძალა ყავდა ბრძოლის ველზე გამოყვანილი და მიუხედავად ამისა, ბრძოლის გადამწყვეტ უბანზე რიცხობრივი უპირატესობა ფრიდრიხის მხარეს იყო. ერცჰერცოგი კარლი (1771-1847) – სამხედრო მოქმედებებს გეოგრაფიულ გარემოსთან ბმაში განიხილავს. მას მიაჩნია, რომ სამხედრო გათვლებისას ერთადერთ მუდმივ მოცემულობას ბუნებრივი გარემო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ყველა სხვა მოცემულობა ცვლადია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის თეატრის ძირითადი პუნქტები მხოლოდ გეოგრაფიული მოსაზრებებით უნდა განისაზღვროს. თუმცა ეს მიდგომა ნაკლოვანია, ვინაიდან ერთსა და იმავე გარემოს სხვადსხვა პირობებში სხვდასხვა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს. ამის გამო ჟომინი ასხვავებდა ადგილის გეოგრაფიულ მნიშვნელობას მისი სამანევრო მნიშვნელობისაგან. მაშინ როდესაც პირველი უცვლელია, მეორე შესაძლოა უსასრულობამდე იცვლებოდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაშია მის მიმართ არმია: უკავია ეს ადგილი, აპირებს მის დაკავებას, თუ, უბრალოდ, მას ბაზად იყენებს. აქვე შეგვიძლია შევნიშნოთ ისიც, რომ კულტურულ ქვეყნებში(განვითარებული ინფრასრტუქტურით), სამხედრო მნიშვნელობა ენიჭება გზაჯვარედინებს, მთაგორიან ქვეყნებში – ველებს(ხეობებს), კვანძებს (კვეთის ადგილებს), უდაბნოსა და სტეპებში – ოაზისებს, ხოლო ჭაობიან ადგილას – მშრალობებსა და ხიდებს. ამავე პერიოდში ასპარეზზე ჩნდება კარლ ფონ კლაუზევიციც (1780-1831), რომელიც, რა თქმა უნდა, უკვე სრულებით სხვა საუბრის თემაა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე