Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საზღვრები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. როგორ ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის საზღვრები თურქეთთან 2021 წლის 16 მარტს სრულდება 100 წელი საქართველოსა და თურქეთის დღემდე არსებული საზღვრის ჩამოყალიბებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვა საზღვრებთან შედარებით ყველაზე უპრობლემოა, ორმხრივადაა აღიარებული და ემსახურება ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ასი წლის წინ ასევე მოხდა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების საზღვრების ფორმირება თურქეთთან და, ნაწილობრივ, ერთმანეთთან. ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც აყალიბებდა საზღვრებს სამხრეთ კავკასიაში, იყვნენ საბჭოთა რუსეთი და ქემალისტური თურქეთი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკის (რსფსრ) მთავრობის (სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარე იყო ვლადიმირ ლენინი. მაგრამ უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობდა არა მთავრობა, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელშიც სულ რამდენიმე წევრი იყო და მასაც სათავეში ედგა იგივე ლენინი. რსფსრ-ის მთავრობა და პოლიტბიურო იჯდა მოსკოვის კრემლში და, ამიტომაც, მის სინონიმად ხშირად გამოიყენება „კრემლი“. თურქეთს წარმოადგენდა ქ. ანკარაში განლაგებული დიდი ეროვნული კრების მთავრობა, რომელიც შეიქმნა 1920 წლის 23 აპრილს. თურქეთის დიდი ეროვნული კრების მოწვევის სულისჩამდგმელი და მთავრობის თავმჯდომარე იყო გენერალი (ფაშა) მუსტაფა ქემალი, რომელიც მომავალში ქემალ ათათურქს დაირქმევს (მისი სახელიდან შეიქმნა ტერმინი „ქემალისტები“). 1921 წლის 16 მარტს რსფსრ-მ და თურქეთმა მოსკოვში გააფორმეს „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის შესახებ“. ხელშეკრულების დამდებ მხარეებს იმ დროს ფორმალური საერთო საზღვარი არ ჰქონდათ, მაგრამ, ფაქტობრივად, 1921 წლის თებერვლის ბოლოდან, რსფსრ მთლიანად აკონტროლებდა ყოფილი რუსეთის იმპერიის კავკასიურ ტერიტორიებს. „მოსკოვის ხელშეკრულებამ“ ჩამოაყალიბა დღემდე არსებული საქართველო-თურქეთის და სომხეთ-თურქეთის საზღვრები. რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხდებოდა „მოსკოვის ხელშეკრულების“ დადება? 1920 წლამდე რუსეთის ბოლშევიკ ლიდერებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ მოხდება „მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია“. ეს ილუზია საბოლოოდ ჩაქრა 1920 წელს, როდესაც პოლონეთში შეჭრილ ბოლშევიკების წითელ არმიას პოლონელი მუშათა კლასის („პროლეტარიატის“) მხარდაჭერა კი არ შეხვდათ, რასაც ირწმუნებოდნენ კრემლის მარქსისტი დოგმატიკოსები, არამედ ეროვნული იდეის ირგვლივ მუშტად შეკრული პოლონელი ერი. წითელმა არმიამ 1920 წლის აგვისტო-ოქტომბერში მძიმე მარცხი განიცადა პოლონეთთან ომში. „იმპერიალიზმის სუსტ რგოლად“ მათ მიაჩნდათ „გაღვიძებული აღმოსავლეთი“, რომლის „ჩაგრულ ხალხებს ესაჭიროებოდათ დახმარება დასავლეთის კოლონიური ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში“. დახმარების გაწევა თურქეთის ქემალისტებისათვის კარგად ესადაგებოდა ამ იდეოლოგიურ დოგმას; ნაკლებ იდეოლოგიზებული და უფრო პრაგმატული იყო კრემლის მიერ გეოპოლიტიკურ საფრთხედ მიჩნეული ანატოლიის გადაქცევა „ბრიტანული გავლენის ზონად“, რაც თითქოს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი გაიმარჯვებდა თურქეთთან ომში, სტამბოლს ისევ კონსტანტინოპოლად აქცევდა და კონტროლს დაუწესებდა შავი ზღვის სრუტეებს. ბოლშევიკებმა ამჯობინეს დახმარება თურქებისათვის აღმოეჩინათ; 1920 წლის ბოლოსათვის ბოლშევიკებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს რუსეთის სამოქალაქო ომში და ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე გაბატონდნენ; სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი, მაგრამ სუსტი რესპუბლიკები რსფსრ-მ დაიპყრო: 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია უბრძოლველადშევიდა ბაქოში, იმავე წლის 2 დეკემბერს - ერევანში, 1921 წლის 25 თებერვალს თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ აიღო თბილისი. კრემლმა ყველა დედაქალაქში დასვა მთავრობები, დაკომპლექტებული ადგილობრივი ეროვნების კომუნისტებით; ერთდროულად, ბოლშევიკების დიპლომატია ცდილობდა ურთიერთობის ნორმალიზაციას „იმპერიალისტებთანაც“: 1920 წლის ბოლოდან ლონდონში მიმდინარეობდა მუშაობა ანგლო-რუსულ სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომელიც პოლიტიკურ პუნქტებსაც მოიცავდა. ეს იყო პირველი ხელშეკრულება, რომელიც კრემლმა „ანტანტის“ ქვეყანასთან დადო. ის 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა. რაც შეეხება I მსოფლიო ომში დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიას, იქ 1919 წლიდან წარმოიქმნა ორხელისუფლებიანობა. I მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს, „ანტანტას“ (დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს), იტალიას და სხვებს, ურთი­ერთობა ჰქონდათ სტამბოლში მყოფ ოსმალეთის სულტნის სრულებით უუნარო მთავრობასთან. ისინი არ ცნობდნენ შუა ანატოლიის პატარა ქალაქ ანკარაში დაბანაკებულ თურქეთის დიდი ეროვნული კრების „მეამბოხე ნაციონალისტთა“ (ქემალისტების) მთავრობას, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოიხსენიებდა არა „ოსმალეთად“, არამედ „თურქეთად“; სტამბოლში შეკრებილმა ოსმალეთის პარლამენტმა 1920 წ. 28 იანვარს მიიღო კანონიMisaki-i Milli(„ეროვნული პაქტი“; ხანდახან ითარგმნება, როგორც „ეროვნული აღთქმა/ფიცი“), რომლის თანახმად თურქეთის განუყოფელ ტერიტორიად ცხადდებოდა თურქებით დასახლებული ტერიტორიები, ხოლო 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო (ოსმალეთის პარლამენტის წევრებში ასეთი რეფერენდუმის შედეგი ეჭვს არ იწვევდა, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ხსენებულ ოლქებში მუსლიმი იყო). ამ კანონის მიღების შემდეგ მოკავშირეთა (ბრიტანეთ-საფრანგეთ-იტალიის) სამხედრო ნაწილებმა სტამბოლის ოკუპაცია მოახდინეს და ოსმალეთის პარლამენტი დაშალეს, რომლის წევრების დიდი ნაწილი შეუერთდა ანკარაში მყოფ თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას; ოსმალეთის პარლამენტის დაშლამ კარგი დასაბუთება მიანიჭა მუსტაფა ქემალის აზრს, მოეწვია ქ. ანკარაში ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანო, თურქეთის დიდი ეროვნული კრება, რომელსაც შეუერთდა ოსმალეთის პარლამენტში არჩეული დეპუტატების საგრძნობი ნაწილი. მაგრამ მოქმედება მხოლოდ იურიდიული კანონების მეშვეობით ქვეყანას ვერ გადაარჩენდა. მთავარი იყო სახელმწიფოს ხერხემლის, ბრძოლისუნარიანი არმიის, შექმნა, რაც ქემალისტებმა მოახერხეს. არმიას სათავეში ჩაუდგნენ მსოფლიო ომში გამობრძმედილი თურქი გენერლები და ოფიცრები. ეს არმია ეწეოდა მძიმე ომს დასავლეთ ანატოლიაში შეჭრილ საბერძნეთის კარგად შეიარაღებულ არმიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში - ფრანგულ გარნიზონებთან, აღმოსავლეთით - სომხეთთან. ამასთან, ქემალისტებს აკლდათ სამხედრო საჭურველი და, აგრეთვე, ფინანსები, თუნდაც იმისათვის, რომ ხელფასი გადაეხადათ სახელმწიფო მოხელეებისა და ოფიცრებისათვის; დასავლეთიდან დახმარების მიღების იმედი ქემალისტებს იმ დროს არ ჰქონდათ. ოსმალეთის ძველი მოკავშირე, მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, დიდ პოლიტიკას გამოეთიშა; დიდი ბრიტანეთი, იმ დროს მსოფლიო ჰეგემონი, ნომინალურად ბერძნებს უჭერდა მხარს, თუმცა პროგერმანულად განწყობილმა საბერძნეთის მეფემ ლონდონს მალე აუცრუა გული; 1921 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთი, რომელმაც სირიისა და ლიბანის ოკუპაცია მოახდინა, ქემალისტებს ევრძოდა, მართალია, წარუმატებლად. საბოლოოდ კი საფრანგეთი „ანტანტის“ პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც de facto აღიარა ანკარის მთავრობა, როდესაც 1921 წლის 20 ოქტომბერს „ანკარის ხელშეკრულებით“ გაურიგდა მას თურქეთ-სირიის საზღვრის საკითხზე. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქემალისტებმა ერთადერთ „მეგობრად“ დაიგულეს რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა, რომელიც თავის მტრად „დასავლეთის იმპერიალიზმს“ სახავდა, ხოლო კომუნისტური პროპაგანდა დახმარებას ჰპირდებოდა „აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების ეროვნულ-გამანთავისუფლებელ ბრძოლას იმპერიალისტების წინააღმდეგ“. გამჭრიახმა პოლიტიკოსმა მუსტაფა ქემალმა კარგად გამოიყენა ბოლშევიკების მოსაწონი იდეოლოგიური კლიშეები (“იმპერიალისტებთან ბრძოლა“, „ჩაგრული მასები“ და ა.შ.), როდესაც თავისი ახალშექმნილი მთავრობის სახელით 1920 წლის 26 აპრილს ოფიციალურად მიმართა რსფსრ-ის მთავრობას წინადადებით - დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობა, და თხოვნით - აღმოეჩინათ მისი ქვეყნისათვის დახმარება შეიარაღებით, ფინანსებით, სურსათით და ა.შ. 1920-1921 წლებში რსფსრ-მ აღმოუჩინა ფინანსური დახმარება ქემალისტებს 8,4 მილიონი ოქროს რუბლით. უსასყიდლო სამხედრო დახმარება დიდი არ ყოფილა, მაგრამ მაინც საგრძნობი: 37,8 ათასი შაშხანა, 324 ტყვიამფრქვევი, ვაზნების 45 ათასი ყუთი, 54 ქვემეხი 130 ათასი ყუმბარით და სხვ. მუსტაფა ქემალის წერილში ასევე ეწერა: „ვიღებთ პასუხისმგებლობას გავაერთიანოთ რუსეთის ბოლშევიკებთან მთელი ჩვენი მუშაობა და ყველა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რომელთა მიზანია იმპერიალისტურ მთავრობებთან ბრძოლა და ყველა ჩაგრულის განთავისუფლება... თუ საბჭოთა ძალები გეგმავენ წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ ან დიპლომატიური გზით, თავისი გავლენის მეშვეობით, აიძულონ საქართველო შევიდეს [მათთან] კავშირში ინგლი­სელების კავკასიიდან გასაძევებლად, თურქეთის მთავრობა თავის თავზე იღებს სამხედრო ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ და ვალდებულებას კისრულობს აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოების წრეში“. მართლაც, როდესაც სულ ორი დღის შემდეგ, 1920 წლის 28 აპრილს, რუსეთის წითელი არმიის ჯავშნოსანი მატარებლები ბაქოში შევიდნენ და იქ კომუნისტური მთავრობა დასვეს, იქვე მყოფმა თურქულმა სამხედრო ნაწილებმა დახმარება აღმოუჩინეს წითელარმიელებს. ქემალისტები თანამშრომლობდნენ დამოუკიდებელ აზერბაიჯანთანაც და გააგრძელეს თანამშრომლობა საბჭოთა აზერბაიჯანთანაც, რომელსაც ტერიტორიული დავა ჰქონდა სომხეთთან, თუნდაც გასაბჭოებულთან. მუსტაფა ქემალის წერილი მოსკოვში მხოლოდ 1 ივნისს ჩაიტანეს (კომუნიკაცია მაშინ რთული იყო). რსფსრ-ის საგარეო უწყებამ მას დაუყოვნებელი პასუხი გასცა 1920 წლის 3 ივნისს, სადაც ეწერა: „საბჭოთა მთავრობა ცხოველი ინტერესით ადევნებს თვალს გმირულ ბრძოლას, რომელსაც თურქი ხალხი ეწევა თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის და ამ, თურქე­თისათვის მძიმე დღეებში, ბედნიერია საფუძველი ჩაუყაროს მეგობრობის საფუძ­ველს, რომელმაც უნდა გააერთიანოს თურქი და რუსი ხალხები“. 1920 წლის ივლისიდან რუსეთისა და თურქეთის სამთავრობო დელეგაციებმა დაიწყეს მუშაობა ხელშეკრულებაზე და იმავე წლის 24 აგვისტოსათვის მისი პროექტი მომზადდა. ხელშეკრულების პროექტის მე-4 მუხლით რსფსრ მზად იყო აეღო შუამავლობა თურქეთსა და იმ მესამე სახელმწიფოებს შორის, რომელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა 1920 წლის 28 იანვარს მიღებული „ეროვნული პაქტით“ განსაზღვრულ ტერიტორიებზე. რა ტერიტორიაზე იყო ლაპარაკი და ვინ ცხოვრობდა იქ? „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ რსფსრ-ს მხრიდან გულისხმობდა იმ დროს დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების დაყოლიებას ან იძულებას, რათა თურქეთისათვის დაეთმოთ ყარსის (არტაანთან ერთად) და ბათუმის ოლქები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიაში შედიოდა ბათუმისა და ყარსის ოლქები (ამ უკანასკნელში შედიოდა არტაანის ოკრუგი). 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებით („ბრესტის ზავით“) საბჭოთა რუსეთმა, იმ დროისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი ამიერკავკასიის მონაწილეობის გარეშე, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიას გადასცა ეს ოლქები. 1918 წლის მაისის ბოლოდან დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკები სამხედრო ინტერვენციის მუქარით იძულებული გახდნენ 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში დადებული ხელშეკრულებებით „დაეთმოთ“ ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიისათვის, რომელიც მათ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განაგებდა. „ბათუმის ხელშეკრულებით“ ოსმალეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დამატებით ჩამოაჭრა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების დიდი ნაწილები. მაგრამ მსოფლიო ომში ოსმალეთი დამარცხდა „ანტანტის“ ძალებთან და 1918 წლის 30 ოქტომბრის „მუდროსის დაზავებით“, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი იყო, ოსმალური არმია იძულებული გახდა დაეცალა ეს ტერიტორია. ზემოხსენებული ბრესტ-ლიტოვსკისა და ბათუმის ხელშეკრულებები ბათილად გამოცხადდა. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ბათუმის ოლქი (ფართობი 6 951 კვ. კმ) შედგებოდა ორი ოკრუგისგან: ბათუმის ოკრუგში (ფართობი 3044 კვ.კმ) 1897 წლის მოსახლეობის აღწერამ აღრიცხა 56,5 ათასი ქართველი (მთელი მოსახლეობის 64 პროცენტი); ართვინის ოკრუგში (ფართობი 3907 კვ.კმ), მოსახლეობის 74 პროცენტი თურქად აღირიცხა, მათ მოსდევდნენ სომხები (14 პროცენტი) და ქართველები (10 პროცენტი). 1918 წლის 16 დეკემბრიდან ბათუმის ოლქი შედიოდა ბრიტანეთის შავი ზღვის არმიის საოკუპაციო ზონაში, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. 1920 წლის 8 აპრილიდან 14 ივლისამდე ბათუმის ოლქი იყო „ერთა ლიგის“ დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია და ბრიტანული სამხედრო ნაწილები იქ იდგნენ „მოკავშირეთა ძალების“ სახელით. 1920 წლის ივლისში ბრიტანელები ბათუმიდან გავიდნენ და მთელი ოლქი საქართველოს გადასცეს: 20 ივლისს ის ქართულმა არმიამ ჩაიბარა. ყარსის ოლქში (ფართობი 18 926 კვ. კმ), 1920-იან წლებამდე განვლილი ასიოდე წლის მანძილზე ხშირად იცვლებოდა ეთნიკური სტრუქტურა: ნებაყოფლობით თუ იძულებით მიგრაციაში ჩართული იყვნენ სომხები, თურქები, ქურთები, ბერძნები, რუსები, თუმცა უმრავლესობას მუსლიმი მოსახლეობა შეადგენდა. ყარსის ოლქში შემავალ არტაანის ოკრუგში (ფართობი 5,6 ათასი კვ. კმ) 1897 წელს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მუსლიმი იყო (თურქები, ყარაფაფახები, თურქმენები, ქურთები), დანარჩენი კი - სომხები, ბერძნები, რუსები. არტაანის ქართულენოვანი მუსლიმი მოსახლეობა მცირერიცხოვანი იყო და დემო­გრაფიულ სტატისტიკაში არც კი ჩანდა. 1918-1919 წლებში ყარსის ოლქის ტერიტორია პოლიტიკურად არამდგრადი იყო. 1918 წლის ბოლოს მიმავალმა ოსმალურმა ადმინისტრაციამ იქ დატოვა მარიონეტული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ე. წ. „ყარსის რესპუბლიკა’), რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ბათუმის ოლქზე, მესხეთ-ჯავახეთზე, ერევნის გუბერნიის ნაწილებზე. 1919 წლის დასაწყისში ყარსის ოლქის ოკუპაცია მოახდინეს ბრიტანელებმა, რომლებმაც ზემოხსენებული „რესპუბლიკა“ იმავე წლის აპრილში გააუქმეს. ამის შემდეგ ყარსის ოლქის ტერიტორიაზე გავრცელდა იმ დროს დამოუკიდებელი სომხეთის და, ნაწილობრივ, საქართველოს ნომინალური იურისდიქცია, თუმცა ამ უკანასკნელთა შორის საზღვრის დელიმიტაცია არ განხორციელებულა და ზოგი ტერიტორია სადავო რჩებოდა. ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მუსლიმები, ძირითადად ქურთები, შეადგენდნენ. ნახ. 1-ზე წარმოდგენილია 1920 წელს თბილისში გამოქვეყნებული საქართველოს რუკის ფრაგმენტი, რომლის თანახმადაც ბათუმის, ართვინის, არტაანის ოლქები საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისის ოლქი - საქართველოს გარეთ იყო. ნახ. 1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (1920 წ.) ნახ. 2-ზე კი მოყვანილია სომხეთის რესპუბლიკის რუკა 1920 წლის ზაფხულის მდგომარეობით ამერიკელი პროფესორის რიჩარდ ჰოვანისიანის წიგნიდან „The Armenian Republic (vol. III)”, რომლის თანახმადაც არტაანის ოლქი სომხეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისი - საქართველოს! მართალია, იმავე წლის აგვისტოში სომხეთის არმიის ნაწილებმა დაიკავეს ოლთისის ოლქი, მაგრამ მალე მოუხდათ დაპირისპირება თურქეთის რეგულარულ არმიასთან და ადგილობრივ მოხალისეებთან. ნახ. 2 სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები (1920 წლის ზაფხულში) რსფსრ-თურქეთის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 1920 წელს ვერ მოხერხდა. იმ დროისათვის შეიქმნა საკუთრივ თურქეთის დანაწევრების საფრთხე: 1920 წლის 10 აგვისტოს, ერთი მხრივ, მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებსა და სომხეთის რესპუბლიკას და, მეორე მხრივ, ოსმალეთის სულტნის მთავრობას შორის დადებული „სევრის ხელშეკრულება“ ანაწევრებდა ოსმალეთის ტერიტორიას, მათ შორის პირდებოდა სომხეთს ფართობის გასამმაგებას თურქეთის აზიური ნაწილის ხარჯზე (იხ. ინტერპრესს­ნიუსი: თვალსაზრისი - „სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი“, 10 აგვისტო 2020). ანკარაში მყოფმა ქემალისტებმა „სევრის ხელშეკრულება“ არ ცნეს. რეალურ ცხოვრებაში კი ამ ხელშეკრულების სომხეთთან დაკავშირებულ მუხლებს წინასწარგანზრახულის ზუსტად საწინააღმდეგო შედეგები მოჰყვა. ერთი მხრივ, „სევრის ხელშეკრულებამ“ საბაბი მისცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას მოეთხოვა მისთვის დაპირებული ტერიტორია, რომლის პრაქტიკული დაუფლება შეუძლებელი იყო „ანტანტის“ ქვეყნების და/ან აშშ-ის ქმედითი, მათ შორის სამხედრო, მხარდაჭერის გარეშე. ერევანმა კი მათგან მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო. აშშ პრეზიდენტს ვუდრო უილსონს კი უნდოდა კავკასიის პრობლემებში სომხეთის მხარეს ჩართვა, მაგრამ აშშ სენატი ამას კატეგორიულად წინაღუდგა. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, მის გეოპოლიტიკურ გათვლებში თეორიულად შესაძლებელი „დიდი სომხეთი“ პროდასავლურ სახელმწიფოდ აღიქმებოდა და თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოების საკითხში სომხეთის მთავრობას არ უნდა ჰქონოდა არც რუსეთის დახმარების იმედი. მეორე მხრივ, იმავე „სევრის ხელშეკრულებამ“ მისცა საბაბი თურქეთს 1920 წლის 24 სექტემბერს გამოეცხადებინა ომი სომხეთისათვის, რომელიც დამთავრდა სომხური არმიის განადგურებით. 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი „ალექსანდროპოლის ხელშეკრუ­ლებისათვის“, რომლის მე-10 მუხლით სომხეთი აბათილებდა „სევრის ხელშეკრულებას“ და უარს აცხადებდა მისთვის დაპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ის თურქეთს გადასცემდა ყარსის ოლქს და ყოფილი ერევნის გუბერნიის ნაწი­ლებსაც კი, მათ შორის სურმალუს მაზრას. თურქული არმია დაუდგენელი დროით რჩებოდა ქ. ალექსანდროპოლში (საბჭოთა პერიოდში - ლენინაკანი, ამჟამად გიუმრი) და კონტროლს უწევდა იქიდან სამხრეთისაკენ მიმავალ რკინიგზის ხაზს. თურქებმა მოახდინეს ადრე ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში შემავალი ნახჭევნისა და შარურ-დარალაგიოზის მაზრების ნაწილობრივი ოკუპაციაც, თუმცა იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ 1920 წლის 28 ივლისს იქ შესული რუსეთის წითელი არმიის ნაწილებისათვის, რომლებმაც მაშინვე დასვეს იქ კომუნისტური რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) და გამოაცხადეს „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა. სომხეთთან ომის შედეგმა ძალიან გაამყარა თურქეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში და მის სამეზობლოში. კრემლში დაინახეს, რომ მათ „სიტუაციურ მეგობარს“, თურქეთს, სავსებით შეეძლო რეგიონის დომინანტი ძალა გამხდარიყო. ამიტომაც, 1920 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის მე-11 წითელი არმია უბრძოლველად შევიდა სომხეთის რესპუბლიკის დარჩენილ ნაწილში, 29 ნოემბერს ქ. იჯევანში დასვა რევკომი, რომელმაც „სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სომხეთის მთავრობა 2 დეკემბერს გადადგა და ძალაუფლება გადააბარა დროებით სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც სომეხ კომუნისტებთან ერთად შევიდა ორი წევრი იქამდე მმართველი პარტია „დაშნაკცუთიუნიდან“. 1921 წლის თებერვალში თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ კრემლმა მოახდინა კავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს, ოკუპაცია და მისი ძალადობრივი გასაბჭოება, რის გასამართლებლად ჩვეული ხრიკი გამოიყენა -- „მშრომელი მასების აჯანყებისათვის მხარის დაჭერა“. 25 თებერვალს თბილისში უკვე იჯდა კომუნისტური რევკომი. ამის შემდეგ კრემლს შეეძლო პირდაპირ ეწარმოებინა მოლაპარაკება თურქეთთან სამხრეთ კავკასიის საზღვრების შესახებ, არავითარი „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ მას აღარ ესაჭიროებოდა. 26 თებერვალს მოსკოვში დაიწყო კიდეც მოლაპარაკებები რსფსრ-სა და თურქეთს შორის. მოლაპარაკებები ეხებოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრებს, მაგრამ მათში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა არც ერთი ახალგასაბჭოებული რესპუბლიკის წარმომადგენელს, თუმცა ისინი მოსკოვში ჩავიდნენ. უნდა ითქვას, რომ რუსულ მხარეს ხელს აძლევდა მოლაპარაკებებში მათი ჩართვა, რადგან საბჭოთა სომხეთის (და, იქნებ, საბჭოთა საქართველოს?) წარმომადგენლების ტერიტო­რიული პრეტენზიები გააძლიერებდა რსფსრ-ს პოზიციას. მაგრამ თურქული მხარე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო: ის ხაზს უსვამდა, რომ საქმე აქვს უშუალოდ და მხოლოდ რსფსრ-ის დელეგაციასთან. 1921 წლის 28 თებერვალს რსფრ-ის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა (მინისტრმა) გეორგი ჩიჩერინმა მისწერა რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურის წევრს და ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარს იოსებ სტალინს, რომელიც ლენინის მითითებებს ასრულებდა და, ერთდროულად, კავკასიის საკითხების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა პოლიტბიუროში: „[თურქული დელეგაციის ხელმძღვანელის] იუსუფ ქემალ-ბეის აზრით „ეროვნული პაქტი“ და „ალექსანდროპოლის ხელშეკრულება“ ხელშეუხებლად და უპირობოდ უნდა იქნეს აღიარებული. არსებითად ამის არგუმენტაციად მათ მოაქვთ, რომ თითქოს სომეხი კომუნისტები მხოლოდ და მხოლოდ ფერშეცვლილი დაშნაკები არიან. ფორმალურად თურქებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საკითხი ეხება საქართველოს, ხოლო „ალექსანდროპოლის ხელშეკრულების“ საკითხი ეხება სომხეთს, ასე რომ ეს საკითხები უნდა განხილული იქნეს ამ სახელმწიფოებთან და არა ჩვენთან. მათ დელეგაციას არა აქვს არავითარი რწმუნებულება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების თაობაზე. მისი რწმუნებულებაა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის შესახებ ხელშეკრულების დადება. მათ შეუძლიათ წავიდნენ და მათივე მთავრობას შეუძლია გამოაგზავნოს სხვა დელეგაცია საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მათ კი ეს არ შეუძლიათ. ეს არგუმენტი მხოლოდ დღეს გამოჩნდა. დამთავრდა იმით, რომ მათ მოითხოვეს სამდღიან ვადაში ჩვენი მთავრობის კატეგორიული პასუხი“. სასაზღვრო საკითხებზე მსჯელობისას თურქების დიდ უპირატესობას ქმნიდა fait accompli: დიპლომატიურ ენაზე ეს ფრანგული სიტყვები აღნიშნავს „დასრულებულ საქმეს, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება“. ამ შემთხვევაში fait accompli იყო სომხეთის რესპუბლიკის მიერ „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით“ თურქეთისათვის დათმობილი ტერიტორია. თურქული მხარე ულტიმატუმის ფორმით მოითხოვდა ამ ხელშეკრულების აღიარებას რსფსრ-ის მიერ. ბათუმის ოლქის გარდა დანარჩენ ტერიტორიაზე უკვე ისედაც იდგა ან თანდათან შედიოდა თურქეთის არმია. მოსკოვში მოლაპარაკებების მსვლელობისას კი, 1921 წლის მარტის დასაწყისში, თურქეთის არმია შევიდა საქართველოს (იმ დროისათვის უკვე გასაბჭოებულის) კუთვნილ ბათუმის ოლქში, ხოლო 11 მარტს - ქალაქ ბათუმშიც. თურქეთის არმიის შენაერთები შევიდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ნაწილებშიც კი, სადაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა მათ დაუფარავი სიხარულით შეხვდა. ამ მაზრებიდან თურქები ორიოდე კვირაში გავიდნენ: მათ შესახებ მოსკოვის მოლაპარაკებისას მსჯელობაც კი არ ყოფილა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 17 მარტამდე ბათუმში იმყოფებოდა, იქამდე, სანამ ემიგრაციაში წავიდოდა, მაგრამ ქმედითუნარიანობა მას დაკარგული ჰქონდა. საბჭოთა საქართველოს მთავრობას კი დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლო: ის კრემლის დირექტივების შემსრულებელი იყო. მოსკოვის მოლაპარაკება ჩიხში შედიოდა, როდესაც ჩიჩერინის თხოვნით 1921 წლის 6 მარტს თავისი მოსაზრება წერილობით ჩამოაყალიბა იოსებ სტალინმა: „ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი რსფსრ-ს რჩება,ართვინი და არტანუჯი თურქეთს გადაეცემა,ახალი საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადის დაახლოებით ლიმან-ბორჩხა -მდ. ჭოროხი -მდ. იმერხევის ხაზზე და, უფრო აღმოსავლეთით, ყარსის ოლქის საზღვრამდე. თავისთავად იგულისხმება, რომ მე ვლაპარაკობ დაახლოებით ხაზზე, რადგან ზუსტი საზღვარი ამ დაახლოებითი ხაზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისმა კომისიამ. სამხედროები არ თანხმდებიან დაუთმონ არტაანი თურქეთს, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი ტფილისის გასაღებია. მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს დავითანხმო სამხედროები და მივაღწიო დათმობას ისე, რომ საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადიოდეს დაახლოებით ყარსის ოლქისა და ტფილისის გუბერნიის ძველი საზღვრის ხაზზე. ამასთან მე აქაც ვაკეთებ შენიშვნას ზუსტი საზღვრის შესახებ იმ დაახლოებითი ხაზის მიხედვით, რომელიც ვახსენე პირველ პუნქტში. თურქეთი გადის ალექსანდროპოლიდან, ამასთან ალექსანდროპოლ-კამარლუს მთელი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ (ამ ხაზის დასავლეთით) რსფსრ-ის სასარგებლოდ უზრუნველყოფილი იქნება დაახლოებით 20 ვერსის სიღრმის ზოლი. ნახჭევნის საკითხზე ბოლო სიტყვა აზერბაიჯანის წარმომადგენელს მიეცემა“. ნათელი იყო, რომ საბჭოთა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად აინტესესებდა ბაქო თავისი ნავთობსარეწებით და ბათუმი, როგორც ნავთობის ტერმინალი, დაკავშირებული ბაქოსთან რკინიგზითა და ნავთობპროდუქტების (კეროსინის/ნავთის) მილსადენით. სტალინი ახსენებდა საზღვარს „რსფსრ-სა და თურქეთს შორის“. ის რუსეთის ინტერესებს იცავდა, მისთვის ისტორიული ქართული ან სომხური პროვინციები არაფერს ნიშნავდა. ართვინის, არტაანის, ყარსის და სხვა ტერიტორიებისათვის ომი თურქეთთან რუსეთს არ უნდოდა და არც შეეძლო. თურქული დელეგაციის თხოვნით სტალინი 9 მარტს პირისპირ შეხვდა მას. თურქებმა, რომლებიც ისედაც იხრებოდნენ ერთგვარი კომპრომისის მიმართ ბათუმის შემთხვევაში, მიიღეს მისი შეთავაზებული საზღვრები, მაგრამ მოითხოვეს უფრო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მათი გადა­წევა. საბოლოოდ, თურქეთს დარჩა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, მათ შორის ბორჩხა, შუაზე გაიყო სოფელი სარფი, მაჭახელას ხეობა, მდ. ჭოროხის მხოლოდ შესართავი აღმოჩნდა საქართველოში. „მოსკოვის ხელშეკრულების“ II მუხლით ქ. ბათუმისა და აჭარის სტატუსი ასე განისაზღვრა: „თურქეთი თანახმაა საქართველოს დაუთმოს სიუზერენიტეტი ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოკრუგის ნაწილს, იმ პირობით, რომ ამ მუხლში მითითებული ადგილების მოსახლეობა ისარგებლებს ფართო ავტონომიით ადმინისტრაციულ საკითხებში...“ მართალია, კრემლმა სამხრეთ კავკასია თითქმის მთლიანად შეიერთა, მაგრამ მოსკოვში დადებული ხელშეკრულება თურქული დიპლომატიის წარმატება უფრო იყო. „მოსკოვის ხელშეკრულებით“ თურქეთმა მიიღო უშიშროების გარანტია საბჭოთა რუსეთისაგან თავის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, დაასრულა სამხედრო მოქმედება აღმოსავლეთის ფრონტზე და გადაისროლა ძალები დასავლეთის ფრონტზე, საბერძნეთის არმიასთან საბრძოლველად. თურქებმა მოახერხეს ძირითადად აღედგინათ ყოფილ რუსეთის იმპერიასთან 1877 წლამდე არსებული საზღვარი, დაიბრუნეს 1877-1878 წწ. ომში დამარცხების შემდეგ რუსეთისათვის დათმობილი მიწები - ყარსი, არტაანი მიმდებარე ტერიტორიითურთ, ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი. თურქი დიპლომატები მთელ ბათუმის ოლქს მოითხოვდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, უარი თქვეს მის ჩრდილოეთ ნაწილზე (3 ათასი კვ. კმ). ამასთან, თურქეთმა თავის შემადგენლობაში დაიტოვა 1920 წლის შემოდგომაზე სომხეთის რესპუბლიკისაგან დაპყრობილი სურმალუს მაზრა (3 688 კვ. კმ), სადაც მდებარეობს არარა­ტის მთის მასივი. ამ მაზრის ტერიტორია 1828 წლიდან შედიოდა რუსეთის იმპერიის, ხოლო 1918 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1828 წლამდე კი სურმალუ ეკუთვნოდა სპარსეთს და არა ოსმალეთს. ქ. ალექსანდროპოლი და მისი მაზრა თურქეთმა დაცალა, რკინიგზა სომხეთის სსრ-ს დაუბრუნა, მაგრამ „20 ვერსით“ დასავლეთით არ გადაწეულა: საზღვარი გაჰყვა მდინარეების მდ. არფა-ჩაის (ახურიანის) და მდ. არაქსის ტალვეგს (შუა ხაზს), ისე, როგორც „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებაში“ იყო ჩაწერილი, რკინიგზის ხაზიდან დასავლეთით სულ რამდენიმე კილომეტრში. თურქეთის მხრიდან ერთგვარი დათმობა იმაში გამოიხატა, რომ ყარსის ოლქის მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა სომხეთს გადაეცა. თურქული მხარის მოთხოვნით, „მოსკოვის ხელშეკრულების“ III მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი ერევნის გუბერნიის ნახჭევნის მაზრის ტერიტორიაზე შექმნილიყო ავტონომია „აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი არ გადასცემს ამ პროტექტორატს მესამე სახელმწიფოს“. „მესამე სახელმწიფოში სომხეთი იგულისხმებოდა, თუმცა ამ ტერიტორიას (5 482 კვ. კმ) სპარსეთიც ესაზღვრებოდა და 1828 წლამდე ნახჭევანი სპარსეთის ერთ-ერთი სახანო იყო. „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სსრ-ის პროტექტორატის“ (ასე ეწოდებოდა მას 1931 წლამდე, როდესაც „პროტექტორატის“ ნაცვლად ის გახდა „ავტონომიური სსრ“) შემადგენლობაში თურქული მხარის მოთხოვნით შევიდა შარურ-დარალგიოზის მაზრის ტერიტორიის ნაწილიც (შარური). სურმალუს მაზრის ანექსია თურქეთს აძლევდა საშუალებას მიახლოებოდა ნახჭევანს. თუმცა, შარურის ტერიტორიამაც იმ დროს ვერ უზრუნველჰყო თურქეთის უშუალო დამეზობლება ნახჭევანთან: ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1932 წელს, როდესაც თურქეთმა და სპარსეთმა ტერიტორიების გაცვლის გზით შეცვალეს თავიანთი საზღვრის მცირე მონაკვეთების კონფიგურაცია და თურქეთს გაუჩნდა 9 კილომეტრის სიგრძის საზღვარი მდ. არაქსზე, რომლის გადაღმა ნახჭევნის ავტონომიის ტერიტორია მდებარეობს. თურქეთის საზღვრები სამხრეთ კავკასიასთან კიდევ ერთხელ დამტკიცდა 1921 წლის 13 ოქტომბრის „ყარსის ხელშეკრულებით“, რომელზეც სამხრეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები აწერდნენ ხელს. ხანდახან გამოითქმის ხოლმე აზრი, თითქოს „ყარსის ხელშეკრულებას“ რაღაც ვადა აქვს. სინამდვილეში ის უვადოდაა დადებული, საზღვრებთან დაკავში­რებით კი მთლიანად იმეორებს იმავე წლის 16 მარტის „მოსკოვის ხელშეკრულების“ პირობებს. 1921 წლის სასაზღვრო ცვლილებები ასახულია ნახ. 3-ზე, სადაც მოცემულია 1921 წლიდან არსებული თურქეთის საზღვარი საქართველოსთან და სომხეთთან. დანარჩენი საზღვრები ძირითადად თანამედროვე მდგომარეობითაა ასახული (გარდა 1932 წელს ჩატარებული თურქეთ-სპარსეთის საზღვრის ზემოაღნიშნული ცვლილებისა). 1921 წლიდან სომხეთ-საქართველოს საზღვარი „ლორეს ნეიტრალური ზონის“ ჩრდილოეთის ხაზზე გადის. ნახ. 3 სამხრეთ კავკასიის საზღვრები „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად 1920-იანი წლების დამდეგს კრემლში მიხვდნენ, რომ თურქების საბოლოო მიზანი იყო საერთო საზღვრის შექმნა ენობრივად მოძმე აზერბაიჯანთან. ამიტომაც რსფსრ-ის მთავრობამ მიიღო ზომები, რათა ექსკლავად ექცია ნახჭევანი და დაეშორებინა ის აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისათვის. კრემლმა ახალშექმნილი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილად ცნო ზანგეზური, იგივე სიუნიქი (პირობითი ცენტრით ქ. გორისში), რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს ზემოხსენებულ ტერიტორიებს. კრემლმა არ გაიზიარა ბაქოს კომუნისტური მთავრობის არგუმენტები, რომ რუსეთის იმპერიის დროს ზანგეზურის მაზრა შედიოდა ელისავეტპოლის (განჯის) გუბერნიაში და იქ იყო შერეული, აზერბაიჯანულ-სომხური, მოსახლეობა. 1921 წლის 20 მარტს ქართულმა სამხედრო ნაწილებმა ბათუმიდან განდევნეს ცხრა დღით ადრე იქ შესული თურქული ჯარის ნაწილები, რომლებსაც „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად უნდა დაეცალათ ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია. მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა წარმატებით ჩაატარა ეს სამხედრო აქცია, ქალაქი წითელმა არმიამ ჩაიბარა. როგორც ჩანს, ოთხი დღით ადრე „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულების“ ხელმომწერმა ერთი-ერთმა მხარემ „უხერხულად“ მიიჩნია სამხედრო ოპერაციის ჩატარება მეორე ხელმომწერი მხარის წინააღმდეგ! 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოკავშირე რესპუბლიკები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად გადაიქცნენ. თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა. 1992 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა პროტოკოლს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ხოლო იმავე წლის 30 ივნისს ორმა სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“. ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია „ყარსის ხელშეკრულება“ იმ თვალსაზრისით, რომ მან საბოლოოდ დაადგინა საზღვარი ორ ქვეყანას შორის. 1921 წლის მარტში ჩამოყალიბდა დღემდე მოქმედი საქართველო-თურქეთის, სომხეთ-თურქეთის საზღვრები და საზღვრის ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ერთობლივ საზღვარს აღიარებენ თურქეთი და აზერბაიჯანი. მაგრამ სომხეთსა და თურქეთს ჯერჯერობით არა აქვთ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობებიც კი. რევაზ გაჩეჩილაძე ipn