ძებნა
'პრესაში' ძებნის შედეგები.
-
გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის დასავლურ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს რომ ეცნობი, ზოგჯერ გგონია, რომ დრო გაჩერდა. „მასობრივი დემონსტრაციები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გაიმართა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში 11 თებერვალს, რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე. ქუჩები აივსო ხალხის მჭიდრო კოლონებით. დემონსტრანტებს შავი დროშები და პლაკატები უჭირავთ. პლაკატებზე წერია: „ვითხოვთ საქართველოს გათავისუფლებას რუსული ჯარებისაგან!” „ძირს საოკუპაციო ჯარები!”. ეს ამონარიდია 1922 წლის 26 მარტის ნიუ იორკ ტაიმსის სტატიიდან. პლაკატებზე გამოსახული ეს მოთხოვნები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 1921, 1922, 1924 ან, თუნდაც, 1989 წელს იყო. შეცვალეთ 11 თებერვალი 7 აგვისტოთი, რუსი ბოლშევიკები – მედვედევ-პუტინის რუსეთით და ტექსტი დღესაც შეიძლება უცვლელად დაიბეჭდოს. „ბოლშევიზმის ძირშივე მოხრჩობა ენით აუწერელი სიკეთე იქნებოდა კაცობრიობისათვის” – ეს სინანული უინსტონ ჩერჩილმა დიდი დაგვიანებით – 1949 წელს გამოთქვა. ამ დროისთვის ბოლშევიკებს უკვე იმდენი ბოროტება ჩაედინათ (არც მერე შეუწყვეტიათ), რომ მათ შედეგებს მსოფლიო – და განსაკუთრებით, საქართველო – დღემდე იმკის. ჩერჩილის ამ ფრაზამდე თითქმის ოთხი ათეული წლით ადრე აფრთხილებდა საქართველო ევროპას წითელი საფრთხის შესახებ და დახმარებას სთხოვდა… დღესაც ამის კეთება უწევს – მაშინ საბჭოთა რუსეთისგან, ახლა კი მისი იდეოლოგიური და სულიერი სამართალმემკვიდრის – პუტინის რუსეთისგან დასაცავად. „თუ ევროპა ხმას არ ამოიღებს იმ საშინელ უსამართლობაზე, რასაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სჩადის, ამას ნებისმიერი დიდი სახელმწიფო მიიღებს თანხმობად, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს და დაიპყროს მათი ტერიტორიები”, – აფრთხილებდა ნოე ჟორდანია დიდ სახელმწიფოებს 1922 წლის 21 მარტს, ბრიტანული ტაიმსის მეშვეობით. ეს წერილი ემიგრაციაში მყოფმა ნოე ჟორდანიამ 1922 წლის აპრილ-მაისში, გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლშევიკური რუსეთის მიწვევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ჟორდანია მიუთითებს კანის კონფერენციის მე-6 მუხლზე (აგრესიის დაუშვებლობა) და ევროპას მიმართავს: “ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ, კანის კონფერენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, დიდი სახელმწიფოები – და განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთი – მოსთხოვენ ბოლშევიკებს, გაიყვანონ ჯარები საქართველოდან”. გენუის კონფერენციაზე, სადაც ფინანსურ საკითხებს განიხილავდნენ, რუსეთისთვის ეს მოთხოვნა არავის წაუყენებია. ბოლშევიზმმა ევროპას პირველი მსოფლიო ომის დროს მოუსწრო. ომის დასრულების შემდეგ დასუსტებული ევროპის მთავარი საზრუნავი მის ქვეყნებში ბოლშევიზმის ექსპანსიის თავიდან აცილება იყო. ბრიტანეთმა ეს პირობა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებასთან 1921 წელს გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებაშიც ჩადო. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების წითელი ტერორისაგან დასაცავად კი ევროპამ ვერაფერი ან არაფერი გააკეთა. „ქართველებს ჰგონიათ, თუ ერთ შეტევას გაუძლეს, მეორესაც გაუმკლავდებიან, მაგრამ ევროპის მხრიდან ქართველების მიტოვება მხოლოდ მათი რესურსების ამარა, არ იქნებოდა სწორი”, – ურჩევდა ევროპას ტაიმსი საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე ორიოდე კვირით ადრე – 1921 წლის 25 იანვარს. გაზეთის ცნობით, მოსკოვმა ბოლშევიკების ემისარი, შიმანი, თბილისიდან გაიწვია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა ქართველი პროლეტარების წაქეზება, დაეწყოთ აჯანყება. ეს აჯანყება ქვეყნის საზღვართან კონცენტრირებული წითელი არმიისთვის საქართველოში შემოჭრის საბაბი უნდა გამხდარიყო. „ტროცკი გააცოფა საქართველოს ბოლშევიზაციის მისეული გეგმის ჩავარდნამ”, – წერს გაზეთი. კორესპონდენტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასეთი შესაძლებლობა ბოლშევიკებს ერთ ხანს აღარ მიეცემათ ზამთრის პირობებისა და დემორალიზებული დამშეული არმიის გამო, თუმცა იქვე დასძენს: „ვინც ბოლშევიკურ მენტალიტეტს იცნობს, ამბობს, რომ გაცოფებულმა ტროცკიმ შეიძლება არმიას ნებისმიერ ფასად შეტევაზე გადასვლა უბრძანოს”. სტატიაში გამოთქმული წინასწარმეტყველება ახდა. 23 თებერვლის ტაიმსი ადასტურებს ცნობებს საქართველოში მე-11 არმიის შეჭრის შესახებ. „ქართულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, წითლებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ათასობით ლტოლვილი ქუთაისში გაიქცა, მთავრობა კი ბათუმში გადავიდა. ბათუმში გადავიდა მოკავშირეთა და ამერიკის მისიებიც”. „ეს არის დანაშაული, დაუნდობელი სამხედრო აგრესიის ნიმუში”, – განაცხადა საქართველოს ოკუპაციაზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, რამსეი მაკდონალდმა, მომავალმა პრემიერმა, 1921 წლის ივნისის ფორვარდში. ევროპამ მხოლოდ სიტყვიერად დაგმო რუსეთის ქმედება და საქართველო ბედის ანაბარა მიატოვა. ოკუპაციის შემდეგ საქართველომ მალევე მიმართა ევროპას დახმარების თხოვნით: „ბოლშევიკებმა გაძარცვეს ქვეყანა – საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წამლები, სარკინიგზო ვაგონები, ტრამვაის ვაგონები, დანადგარები, ინსტრუმენტები, ავეჯი – ეს ყველაფერი რუსეთში წაიღეს… ხალხი შიმშილობს, საავადმყოფოები გადავსებულია, პაციენტები მოუვლელი – არც წამლები აქვთ, არც საკვები. ადამიანები ყოველდღე ქოლერისგან იღუპებიან”. თბილისის მერი ევროპას საკვებითა და მედიკამენტებით დახმარებისთვის მიმართავს და თან სთხოვს, ამ დახმარების მოწოდება ისე მოახერხოს, რომ „ხელში არ ჩაუვარდეს ბოლშევიკებს, რომლებმაც საქართველო ამ უმძიმეს დღეში ჩააგდეს” (ტაიმსი, 1921 წლის 15 აგვისტო). ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, ჰენრი ნევინსონი, 1923 წლის 15 ივნისს მანჩესტერ გარდიანში წერდა. „ჩეკა იჭერს, აპატიმრებს, გადასახლებაში გზავნის და გასამართლების გარეშე ხვრეტს ადამიანებს. ბევრი ქართველი გადაიყვანეს რუსეთის ციხეებში – მურმანსკში, იაროსლავლში და მდინარე ვოლგის აუზის დამშეულ რაიონებში. თბილისში მომრავლდა ციხეები. დიდი საჯარო შენობები ციხეებად გადაკეთდა, სადაც სტუდენტები წამებით სიგიჟემდე მიჰყავთ. გასულ თებერვალს მხოლოდ ერთ ღამეში 92 პატიმარი დახვრიტეს (მათ ერთ მწკრივად აყენებენ, სახით კედლისკენ და კეფაში ესვრიან). საქართველოს ეროვნული დღის, 26 მაისის წინა დღეს 800 კაცი დაიჭირეს… 80 ადამიანს თბილისიდან რუსეთის ციხეებში გაგზავნას უპირებენ… მონასტრები კლუბებად გადაკეთდა და იქ ბავშვებს შპიონებად ამზადებენ. სოფლებს შორის დაბანაკებული რუსული სამხედრო ნაწილები გლეხებს სარჩო-საბადებელს ართმევენ”. ნევინსონი ამ წერილს ბრიტანეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისის დროს წერს და მიმართავს ბრიტანეთის ხელისუფლებას: „თუ რუსეთის მთავრობას სურს, შეინარჩუნოს ის სიმპათია, რომელიც, შესაძლოა, კიდევ აქვს ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, მას უნდა მიეთითოს ამ დესპოტიზმის სისაძაგლეზე”. ერთი წლის შემდეგ კი უცხოური მედია იუწყებოდა ქართველების აჯანყების შესახებ – ამ დესპოტიზმისგან გასათავისუფლებლად. „ბევრი არაფერი გვსმენია ტრანსკავკასიური ფედერაციის შესახებ მას შემდეგ, რაც 1922 წელს საბჭოეთმა ის ისევ რუსეთს დაუქვემდებარა. და აი, ერთი თვის წინ მოვიდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, საქართველო, მოსკოვის უღლიდან თავის დაღწევას ცდილობს”, – წერს 1924 წლის 28 სექტემბერს ნიუ იორკ ტაიმსი ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების შესახებ. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აჯანყების თვითმხილველის, ამერიკელი სამთო ინჟინრის, ჯონ ჰალოუელის მონათხრობი: „პირველი 10 დღე რევოლუციონერებმა დაიკავეს ბათუმი-თბილისის რკინიგზა და მილსადენი, საქართველოს ყველა ქალაქი და სოფელი, გარდა ბათუმისა და თბილისისა. მთელი კავკასია მზად იყო, საბჭოელების წინააღმდეგ აჯანყებულიყო, როდესაც რუსებმა საქართველოში დამატებითი ჯარების შემოყვანა დაიწყეს… საბჭოთა ტაქტიკა არა მხოლოდ რევოლუციონერების, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის ტერორიზება, დემორალიზება და იზოლირება იყო”. „28 აგვისტოს, თბილისში რევოლუციის დაწყებისთანავე, ჩეკამ დახვრიტა 24 გამოჩენილი ქართველი, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში მძევლებად ჰყავდათ ციხეში; დაიწყო სხვა ცნობილი ადამიანების დაპატიმრებაც. ბათუმში მაშინვე დახვრიტეს 30 ცნობილი ადამიანი”, – წერია გაზეთში. „აჯანყებულთა დემორალიზებისთვის, ჩეკამ გაავრცელა ყალბი მოწოდებები, რომლებსაც ვითომდა აჯანყების ლიდერები აწერდნენ ხელს. მოწოდებები ამბოხის წარუმატებლობის შესახებ იუწყებოდა და აჯანყებულებისგან ითხოვდა, დაეყარათ იარაღი და საბჭოელებს დანებებოდნენ”. ამავე გაზეთის ცნობით, აჯანყებასთან დაკავშირებით ერთა ლიგის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო: „25 სექტემბერს ჟენევიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, შუამავლობა გაუწიოს საქართველოს „ყველაზე შესაფერის მომენტში”. ამ რეზოლუციას და, ასევე, ბრიტანეთის (რომლის პრემიერ-მინისტრიც მაშინ რამსეი მაკდონალდი იყო) მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ მკაცრად აკრიტიკებს შოტლანდიელი პარლამენტარი უოლტერ ელიოტი 1924 წლის 27 სექტემბრის ტაიმსში. ელიოტი გმობს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას იმ ქვეყანასთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. „ეს დანაშაული „პატარა კავკასიური სახელმწიფოს – საქართველოს მკვლელობა” იყო; და რა ირონიაა, რომ ამ შეფასების ავტორი დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელიც დღეს ასე გვიქებს ხელშეკრულებას კრედიტის მიცემაზე იმ ველური ხუნტისთვის, რომელიც 1924 წელს ცინიკურად სჩადის ისეთსავე ძალადობას, როგორსაც ბატონი რამსეი მაკდონალდი ასე გულმოდგინედ გმობდა 1921-1923 წლებში”. „მხოლოდ ორი კვირის წინ ჟენევაში, როდესაც კავკასიაში წინააღმდეგობა განახლდა, ეს სამწუხარო პრობლემა ისევ წამოიჭრა. პრობლემას ისევ სიტყვებით შეეგებნენ. როგორც გვითხრეს, ბატონმა მაკდონალდმა და ბატონმა ჰერიოტმა ასამბლეას მოკრძალებული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელშიც ასამბლეა თხოვნით მიმართავს ერთა ლიგის საბჭოს, „თვალი ადევნოს” საქართველოში მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს მშვიდობის აღსადგენად”. 1924 წლის 15 სექტემბერს როიტერი იუწყება, რომ საქართველოში აჯანყებასთან დაკავშირებით, სოციალისტმა დეპუტატმა მ. რენოდელმა, თხოვნით მიმართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ ჰერიოტს, „შესთავაზოს რუსეთს, შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა” და გამოთქვა მოსაზრება, რომ სასურველი იქნებოდა ამ საკითხში ერთა ლიგის ჩარევა. 1924 წლის 12 სექტემბრის გარდიანის სარედაქციო სტატიაში წერია: „უეჭველია, ბოლშევიკები ისევე დაუნდობლად ჩაახშობენ ქართველების სულის ამ გამოხატულებას, როგორც ომის შემდეგ არაერთხელ გაუკეთებიათ და ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ ეს შეაჩეროს… ყოველ ჩვენგანს, ვისაც გვსურს ნორმალური ურთიერთობის აღდგენა დღეს არსებულ რუსეთის მთავრობასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაუნდობლად ექცევა იგი თავის პატარა მეზობელს”. ლიგის მოკრძალებულმა ჩარევამ წითელი ტერორი და ჩეკისტური რეპრესიები საქართველოში ვერ შეაჩერა. იმავე წლის ნოემბერში ბრიტანელი ლეიბორისტების დელეგაცია საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც ეწვია. ეს ვიზიტი დელეგაციამ ვარდისფერ ფერებში აღწერა თავის ანგარიშში, რომელიც 1925 წლის 28 თებერვლის ტაიმსში გამოქვეყნდა. ერთადერთი, რასაც საბჭოთა ხელისუფლებას უწუნებდნენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. ამ ანგარიშის პასუხად, რუსეთის პოლიტპატიმრების დაცვის ბრიტანეთის კომიტეტმა 1925 წლის 20 მაისს გარდიანში სტატია გამოაქვეყნა. კომიტეტის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციის აღწერა „სიმართლის შელამაზების ყველაზე სამარცხვინო მცდელობაა მთელ ამ ანგარიშში… რეალური ფაქტების დამახინჯება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რადგან დელეგაციის რუსეთში ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე, ლონდონში დამაჯერებელი მასალები არსებობდა იმ სასაკლაოს შესახებ, რომელიც საქართველოში მოსკოვმა და მისმა ყასბებმა მოაწყვეს… საქმე ის გახლავთ, რომ ქართველთა აჯანყება, რომელიც მოსკოვის მიერ იყო პროვოცირებული, ისეთივე სისასტიკით ჩაახშეს, როგორც უკრაინის გლეხობის რევოლუციური მოძრაობა და კრონშტადტის ამბოხი 1921 წელს. ბოლშევიკურმა დესპოტიზმმა და ტერორმა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი მოამზადეს აჯანყებისთვის. ჩეკას ხელთ ეპყრა სადავეები და კრემლმა გაიხარა იმით, რომ მიეცა შანსი, პატარა „სამაგალითო” სისხლის გამოშვება მოეწყო აჯანყებულ საქართველოში”. წითელი ტერორი 24 წლის აჯანყების ჩახშობით არ დასრულებულა. ამის პატარა მაგალითად გამოდგებოდა 1925 წლის 11 მარტის ტაიმსის სტატია – „კალინინის მუქარა საქართველოს”: თბილისში გამართულ „წითელი პარლამენტის 5-დღიან სესიაზე” კომპარტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მიხაილ კალინინმა, „საქართველოს ინტელიგენციის ნარჩენებთან დაკავშირებით, რამდენიმე ავისმომასწავებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ინტელიგენტია დარჩენილი და საქართველო მათ განეიტრალებას ვერ შეძლებს, ისინი ნაციონალიზმით არიან გაჟღენთილნი. ამიტომ, – განაგრძო მან, – მიზანშეწონილია, მათ საქმიანობის სფეროები საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში მოვუძებნოთ. ეს აშკარად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური მთავრობა აპირებს „არასასურველი ელემენტების” მასობრივ გადასახლებას საქართველოდან”.
-
- საქართველო
- წლების
- (and 4 more)