ძებნა
'პოლიტიკური' ძებნის შედეგები.
-
მას შემდეგ, რაც საქართველოში მხარეებმა 30 მარტს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროკავშირის მომლაპარაკებელი, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. დანიელსონმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასასრულს განაცხადა, რომ ის „იზიარებს ქართველი ხალხის იმედგაცრუებას“. გუშინ კი ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის, გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტენ. როგორ ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთი, რა შედეგი ექნება ამას ქვეყანაზე, მის დემოკრატიასა და იმიჯზე. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ამ თემებზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე, ჰედერ კონლის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის პროგრამების დირექტორს ესაუბრა. კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკების პირველი და მეორე ტურები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა. როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ელოდით ასეთ შედეგს? ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან. ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი. მეორე ტურის შემდეგ, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ არცერთი მხარე მზად არ იყო შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. რას ამბობს ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიასა და იმიჯზე? როგორ აღიქვამენ ამას ქვეყნის დასავლელი პარტნიორები? მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა. ბატონი დანიელსონის მემორანდუმში ჩამოთვლილი იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმები, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. სამწუხაროდ, ვერცერთი მხარე ვერ შეთანხდა და ფოკუსი ამ რეფორმებზე არ იყო. ეს კი იმ მესიჯს აგზავნის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ეს ქმედება ძალიან ცუდი მესიჯს აგზავნის იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რუსეთის მხრიდან აგრესია მოდის, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნებში ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში წინ წასწიოს. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა და ამბობს, რომ ამ გზით ეცდება მთავრობას აზრი შეაცვლევინოს მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები, პოლიტმატიმრების თემა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა ეს გამოსავალი არსებული კრიზისიდან? იმედი მაქვს, რომ მხარეები დაბრუნდებიან ევროპის მედიაციის ფორმატში, რომელსაც ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის საუკეთესო გზა შეთანხმების მისაღწევად. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ საქართველომ დაიწყოს რეფორმებზე მუშაობა, გაუმკლავდეს პანდემიას, გააძლიეროს სოლიდარობა სამეზობლოში, სადაც რუსეთის აგრესიაა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვასაც არ აპირებს. ასევე, საპატიმროში რჩებიან პოლიტპატიმრები, როგორც მათ ოპოზიცია მოიხსენიებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ფაქტორები ამცირებს მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ სივრცეს? ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის. მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს. ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა. ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას. ცოტა ხნის წინ სენატში, საქათველოს შესახებ მოსმენა ჩატარდა. სენატორმა რიშმა თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ ის ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ხედავს. სხვადასხვა საერთაშორისი ორგანიზაციები კი ოლიგარქის გავლენებსა და ე.წ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ. როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ასევე ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ჩვენ ორივე მხარესთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან მათ ორივეს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და რეფორმების გზაზე. კონგრესის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უგზავიან საქართველოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს და მთავრობას კარგად ესმის. თუმცა, ეს მხადაჭერა მოითხოვს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ლიდერებმა გადადგან მნიშვნელოვანი, რთული ნაბიჯები. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამონაწილეობას საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე მქონდა სიამოვნება შევხვედროდი მათ [სამოქალაქო საზოგადოების] რამდენიმე ლიდერს, რომლებიც ძალიან მონდომებული არიან, რომ არსებობდეს გამჭვირვალობა და ქვეყანაში მიმდინარეობდეს რეფორმები. დროს არ უნდა ვკარგავდეთ, ეს მინდა რომ გითხრათ. ყველა გაცდენილი დღე, ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის დღე, როდესაც საქართველოს არ შეუძლია რეფორმების გატარება და გაძლიერება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ამ გაურკვეველ სამეზობლოში. სად ხედავთ ამერიკის როლს? როგორ შეუძლია ამერიკას, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმაროს ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაში? ეს, ალბათ, იქნება ე.წ მკაცრი სიყვარულის მესიჯების გაგზავნა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის. ჩვენ [ამერიკის შეერთებული შტატები] ძალიან ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმირებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტად უწევს წინააღმდეგობას ცვლილებებს. ყველა დემოკრატია მუშაობის პროცესშია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩვენა, რომ ჩვენი სამუშაოც არაა დასრულებული, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საშინაო დავალებაზე მუშაობას. ვფიქრობ, იმ საერთაშორისო გარემოში, სადაც ვხედავთ ავტორიტარიზმის, დელიბერალიზაციის, დემოკრატიის უკუსვლის მატებას და როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულები არიან, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ მცდელობები, ხელი ჩავჭიდოთ ჩვენსავით მოაზროვნე ქვეყნებს, რათა გავძლიერდეთ. ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სიტუაცია ასე [საქართველოში] ვეღარ გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები და ხალხი გაიგებს ამას, გამოიყენებს ამ მომენტს და გადალახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხდებიან? თქვენი აზრით, როგორია შესაძლო საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოსთვის? ყველაზე ცუდი, ალბათ იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც. საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ. ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.
- 3 replies
-
- 'საქართველოს
- პოლიტიკურმა
- (and 12 more)
-
ფუკუიამა: საქართველოში პოლიტიკური სივრცე იზღუდება 02 მარტი, 2021 ანი ჩხიკვაძე საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას, შეერთებულ შტატებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც ადმინისტრაციის ისე კონგრესის თუ მიმომხილველების მხრიდან. რას ამბობს ეს ნაბიჯი ქართული პოლიტიკურ ვითარებაზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში? ამ თემებზე, წამყვან ამერიკელ პოლიტოლოგს, ფრენსის ფუკუიამას, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა. ფუკუამა სტენფორდის უნივერსიტეტის „ფრიმან სპოგლის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარია. საქართველოში ოპოზიციიური ლიდერის დაკავება ვიხილე, რას ამბობს ეს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე? მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას. შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები, კიდევ უფრო აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, ქართველმა კოლეგებმა ვაშინგტონის მოწოდებები არ გაითვლისწინეს,.როგორ ვიქრობთ რა ინსტრუმენტები აქვს ვაშინგტონს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს? სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი. ამ კვირაში, 100 წლის წინ საქართველოში წითელი არმია შეიჭრა და ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, როგორ ფიქრობთ, სადაა საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, რამდენად უიმედოა ვითარება? საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად - უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, ვფიქრობ [ქართული] პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები [ხელისუფლებაში] პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. რეგიონში პროტესტის ტალღას ვხედავთ. ბელარუსში გამოსვლებია, გამოსვლები ვიხილეთ სომხეთშიც და რამდენიმე წლის წინ იქ რევოლუცია მოხდა. ასევე, ქუჩის აქციები იმართება რუსეთშიც. რამდენადაა ეს ფერადი რევოლუციების ახალი ტალღა და იკვეთება თუ არა ამ გამოსვლებს შორის რაიმე საერთო მახასიათებლები? მნიშვნელოვანია, რომ ხალხში სასოწარკვეთილების განცდა არ შეიქმნას. ფაქტია, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ავტორიტარული, კორუმპირებული მთავრობების პირობებში ცხოვრება და ეს მოძრაობები სწორედ ამის გამოხატულებაა. მათ სურთ, რომ მათი ქვეყნები იყვნენ ლიბერალურ-დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები წარმოადგენს. ეს სამოქალაქო მობილიზაცია ნათელი მაჩვენებელია, თუ რა პოზიცია აქვთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, გამოწვევა ავტორიტარიზმით ამ უკმაყოფილების, მდგრად ინსტიტუტებად გარდაქმნაა. და ამ პრობლემას შეეჯახა საქართველოც, ამას უმკლავდება უკრაინა და ბელარუსი ჯერ აქამდეც არ მისულა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, რადგან ისტორია იმ ხალხის მხარეზეა, ვისაც რეალურ დემოკრატიაში უკეთესი ცხოვრება სურს. რაც შეეხება რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, იქ გამოსვლები იმართება, ნავალნიმ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მისი დაკავების შემდეგ. რამდენად აქვს მას მომავალი რუსულ პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მოვლენები რუსეთში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობაზე? ნავალნი ჩემი მეგობარია. რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელად გამბედავი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ის გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში. მისმა ვიდეომ პუტინის სასახლეზე რეჟიმის მასობრივი კორუმპირებულობა აჩვენა. მისი დაკავების შემდეგ 100-ზე მეტ ქალაქში გამართული აქციებით მისი მხარდაჭრის გამოხატვა აჩვენებს, რომ ხალხს პუტინი ყელში ამოუვიდა. რეჟიმის რეაქცია კი იმის მიმანიშნებელია, რომ მათ აღელვებთ ვითარების ბელარუსის მსგავსად განვითარება. ეს იმედისმომცემი მოვლენებია და კარგია, რომ ბაიდენის ადმინისტარცია მისი დაკავების წინააღმდეგ მოქმედებს და მხარს უჭერს ხალხს, ვისაც რუსეთში დემოკრატია სურს. ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში რეგიონის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა. პარალელურად, რეგიონში ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებით მიდის. რამდენად უკავშირდება ეს ამერიკის ჩართულობის ნაკლებობას? როგორც ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ბედს შეერთებული შტატები განსაზღვრავს. ვფიქრობ, დემოკრატიის კუთხით შეერთებულ შტატებშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენი ინსტიტუტები კარგად არ მუშაობს. გვქონდა არაორდინალური ვითარება, როცა დამარცხებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მისი მარცხის აღიარებაზე. ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ - ნებისმიერი სხვა დემოკრატიისთვის მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ამის გამოსწორებისკენ მივდივართ. ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუ მოისმინეთ რაც მან აქამდე განაცხადა, მათ შორის გასულ კვირას „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, ნახავდით, რომ სიტყვა დემოკრატია ძალიან ხშირად გამოიყენა. ეს კი ნიშნავს, რომ სამომავალოდ შეერთებული შტატებისთვის ამომავალი წერტილი დემოკრატია იქნება. როგორც აღვნიშნე, 100 წელი გავიდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების ნაწილში, კომუნიზმიდან დემოკრატიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა ვიხილეთ. რა იყო ის, რამაც ამის წარმატება განაპირობა ცალკეულ ქვეყნებში, ხოლო სხვაგან ეს რთული აღმოჩნდა? ეს რთული კითხვაა. ვფიქრობ, ერთი დიდი პრობლემა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისაა, რომ ძველი ძალაუფლების სტრუქტურები არ გამქრალა. ძველი ელიტა ოლიგარქებად გადაიქცა. უკრაინაში, საქართველოში და სხვა ბევრგან ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც გარდამავალი პერიოდიდან უკანონო სარგებელი მიიღეს, მათ კვლავ ძალიან ავტორიტარული მსოფლმხედველობა აქვთ და არ სურთ ლიბერალური, პლურალური საზოგადოების ცხოვრების წესებს დაემორჩილონ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ის, რაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აფერხებს. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არასდროს არ ყოფილა ადვილად შესაქმნელი თუ საშენებელი პოლიტიკური სისტემა. აქამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება თქვენს ცნობილ თეზისს, ცივი ომის დასრულებასთან ერთად, დემოკრატიის კომუნიზმზე გამარჯვებასა და ისტორიის დასასრულზე: მაშინ, დემოკრატიული მმართველობის წარმატებამ, დასავლეთში გამარჯვების განცდა შექმნა. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს განცდა განელდა? და ასევე, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად ხედავთ განახლებულ გამოწვევებს დემოკრატიის წინაშე? ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშეა დემორკატია, რაც 30 წლის წინ არ არსებობდა. რუსეთმა და ჩინეთმა მათი სისტემის კონსოლიდაცია მოახერხეს და მსოფლიოში ავტორიტარიზმის გავრცელებას ცდილობენ. შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ადგილებში, პოპულიზმის ზრდას ვხედავთ. ეს ის გამოწვევებია, რაც იმ დროს, როცა მე ისტორიის დასასრულზე ვსაუბრობდი, არ არსებობდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ 1989 თუ 1991 წლის სულისკვეთება არ გამქრალა. ეს იკვეთება სწორედ იმ საზოგადოებრივ მობილიზაციაში, რასაც სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა აქამდე მისვლა. 1989 წელი დასავლეთისთვის იყო მისი გამარჯვების აღნიშვნის მომენტი, იმის დამტკიცება, რომ მისმა ლიბერალური დემოკრატიის მოდელმა გაიმარჯვა. თუმცა, დასავლეთის ჩართულობა ამის შემდეგ იკლებს, ეს იმ ფონზე, როცა ვხედავთ რუსეთის და ჩინეთის აღზევებას. სამი ათწლეულის შემდეგ, დაკარგა ამერიკამ ის 1989 წლის სულისკვეთება? რამდენად ვიხილავთ მის დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე იმავე შემართებით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკაც ფუნდამენტურად შეიცვალა? რამდენიმე რამ მოხდა. 1989 წელს ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თუმცა, ეს არაა ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებაში, ძალაუფლება უფრო ფართოდაა გადანაწილებული. ჩვენ ამ ვითარებას არა მხოლოდ ჩინეთის და რუსეთის აღზევების შედეგად დავუბრუნდით, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები ა ა.შ. ეს ერთი და მეორე: შეერთებლი შტატები ახლა საკუთარი დემოკრატიის კრიზისს უმკლავდება, რასაც მე 1989 წელს ვერ გავთვლიდი რომ ვიხილავდით. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, თუმცა დემოკრატიას აქტიური დაცვა სჭირდება. ჩვენ ის მოცემულობად არ უნდა მივიღოთ. მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, ვფიქრობ, ჩვენ ამერიკელებს, ამაზე მუშაობა მოგვიწევს... ზოგიერთი მიმომხილველი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პირობებში, შეერთებულ შტატებს საგარეო მტრის არსებობა ქვეყნის შიგნით ერთიანობაში და საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ ჩართულობაში ეხმარებოდა. 1989 წელს ეს შეიცვალა. შეიქმნა განცდა, რომ მეტოქე გაქრა. ახლა თქვენც თქვით და საუბრობენ რუსეთის აღზევებაზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ამ ვითარებაში რა უნდა იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ? რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და ევროკაშირის მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ისე ჩანდა, თითქოს პრეზიდენტს მის მოკავშირე დემოკრატიულ ლიდერებს, რუსეთი ერჩივნა. ეს იყო გადახვევა იმისგან, რასაც შეერთებული შტატები დემოკრატიის კუთხით აკეთებდა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ პოზიციას და ნათლად უნდა ვთქვათ,რომ გარკვეული ქცევა მიუღებელია და მას შედეგები მოჰყვება, იქნება ეს იზოლაცია, სანქციები, თუ სხვა დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენება
-
- ფუკუიამა:
- საქართველოში
-
(and 3 more)
Tagged with:
-
20 ივნისის ღამე ქართული ოცნების, სამარცხვინო ტყლიპი, რომელიც ქოცების პიკასოსებრ კუბიზმს კიდევ უფრო გაურკვეველ ტილოდ აქცევს. სირცვილი რომლის თავიდან არიდება პროტესტანტ საზოგადოებაზე გადაბრალებით სცადეს, ნაწილობრივ გამოუვიდათ, ქართული ოცნების ქუხნაში საკუთარი სიმართლე ბევრს დააჯერეს. "პარლამენტის შტურმით აღება ვის გოუგიაო", კი მარა შტურმის მიზეზი რომ სამარცხვინო ღალატი იყო, მაგას რა უყოთ? ეგეც მოიფიქრეს__მაგი ნაციონალებმა ჩამეიყვანეს რომ მერე სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთო, ვიდეო აუდიო ფაილებს რა უყოთ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც, ოცნების ისტებლიშმენტი, ეკლესიის მესვერეუბიც(სხვათაშორის!!!) რომ პოზიორობდნენ კამერების წინ? დოკუმენტურ მტკიცებულებას რა უყოთ პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი რომ მოაწერა გავრილოვისთვის პარლამენტის შენობა დაეთმოთ? ქუცნას რა უყოთ ბოლობოლო, ქუცნას?! ხოდა აქაც მოიფიქრეს ატმაზკა, "ნაციონალების ბრალია, თუ საპროტესტო იყო კომიტეტის სხდომაზე რატომ არ გააპროტესტეს, რატომ დაელოდნენ პარლამეტის დარბაზში სხდომის გახსნასო?! ძნელია რკინა-არმატურის და აგურის გარეშე ცემენტით მოზელილი კედლის გამაგრება, ხოდა ვერ გაუძლო ქოცურმა ბოდიალმა ელემენარულ საღ აზრს, ალიგიკურ ოგზიმორონს ვერ გადააქცევ არგუმენტად, ძნელია ძნელი! ხოდა დღეს 18 თებერვალს, გავრილოვის ღამიდან 2 წლის შემდეგ ქოცებს დეექცათ კერია, თურმე ბიძინას დაბადების დღეც ყოფილა, დავიჯერო გოუხარდა საჩუქარი? მოდი გავარჩიოთ რამოდენიმე ფაქტი რომელიც შედგა და გამოვძებნოთ კავშირი მოვლენებს შორის: 1. აშშ-ში ტრამპი რომელსაც აბსულუტურად ეკიდა საქართველო (იმ ფონზე როცა აშშ-ს საქართველოში, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული, ინტელექტუალური, დემკრატიული 5 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული) გადადგა; 2. "ტრიუმფით" გამარჯვების მიუხედავად, პოლიტიკიდან წასლის შესახებ განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა; 3. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარი განაცხადა; 4. ნიკა მელია რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება, მოუხსნეს სადეპუტატო იმუნიტეტი და მის წინააღმდეგ კვლავ განახლდა სასამართლო პროცესი(ანალოგიურ ბრალდებით დაკავებული იყო გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რაზეც ევროპარლამენტარების და აშშ-ს კონგრესმენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა რომ არის პოლიტიკური დევნა და ეს პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს); 5. გახარია, რომელიც გახლდათ შსს მინისტრი 2019 წელს და გახლდათ პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამის დარბევაზე, 2 წლის დაგვიანებით გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან. ხუთივე პუნქტი არის ფაქტი და არა სპეკულაცია. არის თუ არა ამ ფაქტებს შორის კავშირი?__ჩემი აზრით არის. ადრეც მოგხსენეთ რომ ბიძინა ივანიშვილის "წასვლა" ემთხვევა ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებასთქო, აშკარაა რომ კელი დენგანს აშშ-დან სხვა დირექტივები აქვს და ეს იგრნობა მის განცხადებებში, რომელიც კიდევ უფრო იმპერატიულია და მოითხოვს ხელისუფლებისგან დემოკრატიულ პროცესების გატარებას. ცხადია აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებასა და ივანიშვილის წასვლის კავშირზე მეტი ინფორმაციაა საჭირო, მაგრამ ივანიშვილის წასვლა რომ დამაზიანებელი იყო ქართული ოცნებისთვის ეს უეჭველია. ის რომ ამ ნაბიჯს იძულებითი ხასიათი აქვს დღეს დადასტურდა რადგან შეიქმნა მთლიანად სისტემის ჩამოშლის საფრთხე და ოპოზიციას გადაეცა ინიციატივა. ასეთ რამეს იდეალიზმის იდეით არავინ აკეთებს, ქართული ოცნება უმძიმეს ზეწოლის ქვეშაა და დღეს სისტემა გატყდა, ქართული ოცნება აგონიაშია. დღეს დადასტურდა რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ყოფილა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა მაგრამ ასეა. თუ წარმოვიდგენთ რომ პარლამენტში ყველა შევიდა, მაშინ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის წარმოება რთული წარმოსადგენია, პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შერბილდებოდა, მაგრამ დღეს საკმაოდ რეალური გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ალეკო ელისაშვილის სახე მაჩვენეთ, ეხლა ყველაზე მეტად მაგ კინტოს არ აწყობს ოცნების ჩამოშლა, იმიტომ რომ, თუ ორ თვეში საპარლამენტო არჩევნები შედგა, არათუ პოლიტიკას ჟურნალისტიკასაც არავინ დაუთმობს, ასე რომ კინტო შეიძლება ვიხილოთ ფრესკოს მოლარედ, მარტო ამ ანეგდოტის გამო ღირს ვადამდელის ჩატარება, ქოცებო მოდი რა ვეკაიფოთ ალეკოს! ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები). ცხადია ზოგადი მოსაზრებით ვადამდელის ჩატარება ქოცებს არ უნდა აწყობდეთ, იმიტომ რომ უკვე დამარცხებულის იმიჯით წარდგება და ადმინისტრაციულ რესურსაც ბოლომდე ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ბევრი დაიჯერებს ხელისფლების შეცვლის შესაძლებლობას, სამსახურს დაკარგვის შიში, სწორედ ქოცობით ჩაესახებათ, ასე რომ ქოცებისთვის ეს იქნება რიტუალური სეპუკუ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ გახარია გადადგა "გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო"? თქვენ შეიძლება ივარაუდოთ რომ ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხია, ხაზეინმა სალობიეს დირეხტური დეიფეთა და კინწისკვრით გააგდო, ადრეც უქნია და ეხლაც იგივეაო__კი გეთანხმებით, შესაძლოა "წასვლა" ბანალური "ტრიუკი" იყოს საჩხერელი კიდალასგან, მაგრამ შეუძლებელია საკუთარ გუნდში დაპირისპირება მოამწიფო და გუნდის ყველაზე რეიტინგული, ქარიზმატული ლიდერი გააგდო. შემცვლელი კადრი ვინ ყავს?__თალაკვაძე(სავსებით რეალური კანდიდატია), კობახიძე (ასევე) ეს ორი უკიდურესად ცუდი იმიჯით სარგებლობს, პირველს პიროვნულობა არ აქვს, მხოლოდ მსახურება. რა სასაცილო იყო იტალიიდან სასწრაფოდ დაბრუნებული ბიჭი, რომელიც აჩეჩილი თმებით გვიმტკიცებდა აქ ვიყავი არსად წავსულვარო, არადა თვითმფრინავში გახდათ კალაძესთან ერთად , კობახიძე აბსოლუტურად აცდენილია ქართულ თამადურ, მაჩო, "ვაშკაცურ" ტიპაჟს. წულიკიანი რთული წარმოსადგენია ალფა მამრის მომლოდინე ერის პირობებში. სავარაუდოდ ხაზეინი ისევ პარლამენტის წავრებიდან აირჩევს რომელებიც უფრო ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა, იმიტომ რომ კალაძესა და ბიძინას შორის მცირე კონფლიქტების ეპიზოდებიც გვახსოვს, რომელიც შემდეგ დავარცხნეს, დაარბილეს მაგრამ საკმაოდ მეეჭვება მილანის ფეხბურთელი პრემიერის თანამდებობაზე გაამწესონ, რადგან ეს მტკივნეული გადაადგილება იქნება, იმიტომ რომ მერის არჩევა მოუწევს, სკამის გამაგრება ისე რომ ერთი ფეხი გამოაცალო არ გამოვა. კარგად დავაკვირდი გახარიას განცხადების სხეულის ენას. როცა განაცხადა "მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება" ქვედა ტუჩს უნებლიე სპაზმი და სახეზე დაძაბულობა შეეტყო. ის რომ გახარია შეურაცხყოფილია გადადომით, თუ გაგდებით უეჭველია, თუ რაიმე მესმის სხეულის ენის წაკითხვაში, გახარია იძულებით წავიდა, ეს არ იყო იდეალიზმი ეს იყო სერიოზული კონფლიქტი. ფაქტია რომ ოცნების შიგნით დაძაბულობაა, რაც მაძლევს ვარაუდის საშუალებას რომ ოცნების შიგნით ფრაქციული ბრძოლა მიმდინარეობს. ეჭვი მაქვს რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი კობახიძის ხელშია, რომელიც ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ოცნების შიგნით კიდევ იყოს დაძაბული ფრაქციები ე.წ. ნაღდი ქოცების, ვინ დარჩა რო, ყველა გააგდეს, მაგრამ რაღაც გავლენები და რესურსები უნდა იყოს. ამ ამბავში რა ჩასაკვეხებელია მაგრამ გოგაშვილის გამოგდებაც და მისი ინტერვიუ ჯერ მხლოდ საპატრიარქოს თემებზე, რომელშიც აშკარად გაისმა მუქარა რომ მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს, ამ ამბის ნაწილია. პოლიტიკურ სპეკულაციებს თუ დავიჯერებთ, ეს უკანასკნელი სწორედ გახარიამ გააგდო, წყენა მის ინტერვიუშიც იგრძნბოდა რადგან წასვლა თურმე ხაზეინს შესჩივლა გახარია ვინ ჯანდაბააო. ე.ი. ეს კონფლიქტი დიდი ხნის დაწყებულია და დღეს რუბიკონი გადალახულია, რომელიღაც ფრაქციამ გახარია დაამარცხა. თუ ისტორიულ ანალოგიას გავითვალისწინებთ გამარჯვებულ ცეზარს სენატორებმა 30 ჭრილობა მიაყენეს, ასე რომ ვისაც არ უნდა მოეგო პოლიტიკური ბრძოლა, გახარიის ფრაქციისგან შურისძიება კიდევ მოსალოდნელია, ხოდა "შენც ბრუტუს" აქტუალური და შესაძლებელია როგორც არასდროს! გახარიას გადადგომით მომაკვდავ ოპოზიციას სისხლი გადაუსხეს, აქამდე ხომ უეჭველი იყო პარლამენტის ბოიკოტირებით მიდიოდნენ მარგინალიზაციისკენ: გირჩი დაიშალა ორ ნაწილად (მეგრელიშვილის ფრაქცია გამომწვევად ფლირტაობდა ოცნებასთან ადრე თუ გვიან კინტო ალეკოს სვლას გაიმეორებდნენ); ევროპული საქართველო ლამის დაიშალა; (დღეს შეიძლება ისევ აღდგეს და ესეც გახარიას გადადგომის გამო!); ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გაიქცა, იცოდა რა ამ ამბიდან არაფერი აღარ გამოდიოდა, საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა, ქოცსაც, ნაცსაც, ერსაც ბერსად დედა შეუკურთხა და ნოვისიბირსკში გარბოდა! დღეს კი ნიკა მელია კონკრეტულ მიზეზად აქციას რის გამოც ქართული ოცნების ყველაზე ქარიზმატული ლიდერი წავიდა, ეს ხომ ნიკა მელიას წარმატებაა? ეს როგორ შეიძლება ვინმეს ოცნებაში აწყობდეს? გახარიას გადადგომა საჩხერელი კიდალას კონტოლიდან გამოსული პროცესია, რადგან ოპოზიცია გააცოცხლა, აქციებისკენ დარაზმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ შემოკრიბა, ეს ხომ გამორიცხულია თავისი ნებით გაეკეთებინა? 2021 წლი 18 ივნისი საქართველომ სხვა რეალობაში გაიღვიძა, ეს დასასრულის დასაწყისია.
-
ზრდასრულთა განათლება საქართველოში არც თუ ისე პოპულარული ტერმინია და ხშირად არაფორმალურ განათლებად მოიხსენიება. სინამდვილეში, ნებისმიერი არაფორმალური განათლება, რომელშიც ზრდასრულები მონაწილეობენ თავისთავად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზრდასრულთა განათლებად. საქართელოში, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ძირითადი მიმწოდებლები არიან (კვაჭაძე, 2009). მათ სამუშაო თემებს შეადგენს დემოკრატია, მონაწილეობა, აქტიური მოქალაქეობა, სიტყვის თავისუფლება, გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა. მათი მთავარი მიზანი შეიძლება შეჯამდეს, როგორც ინკლუზიური და მონაწილეობითი საზოგადოების ხელშეწყობა, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში სხვადასხვა ჯგუფთა ხედვები აისახება (ანგარიში „სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი პროგრესისთვის“, 2014). მიიჩნევა, რომ NGO-ების საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს, მაგრამ ზოგიერთი ავტორი საუბრობს იმაზე, რომ NGO-ებს მდგრადი სტრუქტურული ცვლილების განხორციელება არ შეუძლიათ, რადგან მიდრეკილნი არიან უთანასწორო სოციალური წესრიგის კვლავწარმოებისა და არა – მისი გარდაქმნისკენ (ბიკარტი და ფოულერი, 2009). ამგვარად, ჩემი მთავარი დაშვებაა, რომ საქართველოში არაფორმალური ზრდასრულთა განათლება მოკლებულია შესაბამის თეორიულ და ფილოსოფიურ ხედვას, რაც შემდგომში სწავლების ყოველდღიურ მეთოდებსა და მიდგომებში აისახება. NGO-ებში დასაქმებული განმანათლებელბი NGO-ებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის არსებულ ძალაუფლებრივ დინამიკას სრულად ვერ აცნობიერებენ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული სტატიის მიზანი არ არის საერთაშორისო დონორებისა და NGO-ების დემონიზაცია, და არც დასავლური ღირებულებებისა და ფინანსური მხარდაჭერის უარყოფის ულტრამემარჯვენე სენტიმენტებს იზიარებს. დღესდღეობით, საქართელოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დასავლეთის გაუაზრებელი კრიტიკით ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. შესაბამისად, სტატია მხოლოდ არაფორმალური განათლების სფეროში ჩართული განმანათლებლების პოლიტიკური ხედვის ამაღლებას ისახავს მიზნად, რათა ხელი შეეწყოს მათ კრიტიკულ ჩართულობას დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში. იმ პირობებში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი გლობალიზებულ სამყაროში, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყანამ შეძლოს საკუთარი განვითარების გზის პოვნა, ამ პროცესში კი ზრდასრულთა არაფორმალური განათლებისა და კონკრეტული განმანათლებლების როლი არსებითი მნიშვნელობისაა. რა არის ზრდასრულთა განათლება? ზრდასრულთა განათლება ფრაგმენტული სფეროა და სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი. UNESCO (2011) ზრდასრულთა განათლებას განმარტავს როგორც პროცესს, სადაც ზრდასრულები თავიანთი პროფესიული კვალიფიკაციის განახლებას ან გაუმჯობესებას ახდენენ, ან ახალ სფეროში ახალ ცოდნასა და უნარებს იძენენ. ამას უწყვეტ განათლებასაც (lifelong learning) უწოდებენ, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ნებაყოფლობით სწავლას ნიშნავს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოში ზრდასრულთა განათლება იდეოლოგიზებულ პოლიტიკურ განათლებას წარმოადგენდა, რაც წინ წამოსწევდა სოციალისტური შრომის პრინციპებს და მსწავლელის ინდივიდუალურ ინტერესებს უგულებელყოფდა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2008). 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ზრდასრულთა განათლების ევროპული მოდელების შემოტანა და თანამედროვე ტენდენციებთან ადაპტირება დაიწყო. ამავდროულად მიმდინარეობდა პროდასავლურ პოლიტიკაზე გადართვისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი. ამჟამად, ზრდასრულთა განათლების სახელმწიფო ხედვა მხოლოდ პროფესიული განათლების მიწოდებით შემოიფარგლება. განათლების სამინისტროში 2019 წელს შეიქმნა ზრდასრულთა განათლების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებას. ადგილობრივი თვითმმართველობა ზრდასრულთა განათლებას საკუთარ ამოცანად ნაკლებად მიიჩნევს, შესაბამისად, რაიონებში მოსახლეობის ცნობიერება მსგავსი გადამზადების პროგრამების შესახებ დაბალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ასაკი – მიიჩნევა, რომ 46-49 წლის ადამიანი განათლების მისაღებად მეტისმეტად „დიდია“. დაბალია ცოდნა და ცნობიერება უწყვეტი განათლების იდეის შესახებ, ისევე როგორც არაფორმალურ განათლებაში ზრდასრულთა ჩართულობა (DVV International, 2017). განათლების სამინისტროს გარდა შეგვიძლია ზრდასრულთა განათლების მიმწოდებელი სხვა რამდენიმე ინსტიტუტი გამოვყოთ, კერძოდ, ადგილობრივი ბიზნესები რომლებიც საკუთარი დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. ბოლონიის პროცესის მიღების შემდეგ, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა უწყვეტი განათლების პოლიტიკის დანერგვა დაიწყეს. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უწყვეტი განათლების ცენტრი გახსნა, სადაც აკადემიური პერსონალისთვის სემინარები და ტრენინგები ტარდება. საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულ სხვა ინსტიტუტებს შორის არიან პროფესიული განათლების ცენტრები, სათემო ბიბლიოთეკები და კერძო მცირე საგანმანათლებლო ცენტრები (კვაჭაძე, 2009). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ აქტორთა სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საკუთარი დასაქმებულები ან ის ადამიანები/აქტორები, რომლებსაც სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შეუძლიათ. გამონაკლისია არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები), რომლებიც ზრდასრულებისთვის უფასო არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. მაგალითად, ასოციაცია DVV International საქართველოში ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და პროფესიონალიზაციის მნიშვნელოვანი ლობისტია. ასოციაციამ საქართველოში მუშაობა 2002 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ჯგუფებისთვის ზრდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. NGO – ები და არაფორმალური ზრდასრულთა განათლება საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველოს მთავრობა და ქართული საზოგადოება ტრანზიციისთვის მზად არ აღმოჩნდა, პროცესი მტკივნეულად წარიმართა, რამაც ადრეულ 1990-იანებში ეკონომიკური არასტაბილურობა და ძალადობრივი კონფლიქტი გამოიწვია. ამ პროცესებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო – ისინი დღემდე მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მჭიდრო ფოკუსით დემოკრატიულ მმართველობასა და საბაზრო ლიბერალიზაციაზე. საერთაშორისო დონორების დაშვებას წარმოადგენდა, რომ საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობდა, შესაბამისად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ისინი სამოქალაქო საზოგადოების იდეის განვითარებას ისახავდნენ მიზნად. შედეგად, საქართველოში ტერმინები „სამოქალაქო საზოგადოება“ და „NGO-ები“ სინონიმური გახდა (ჰამილტონი, 2000). საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების უმრავლესობა სხვადასხვა სფეროში სოციალური ცვლილების მიღწევას ისახავს მიზნად. განათლების სფეროში უდიდესი დონორები არიან ევროკავშირი, USAID, მსოფლიო ბანკი, UNDP, GTZ და დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოები. „სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი პროგრესისთვის“ 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 77,8% გრანტს საერთაშორისო დონორებისგან იღებს. ამ დონორებს შორის, ქართული NGO-ების მთავარი მხარდამჭერი ევროკავშირია. ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა (51,6%-მა) განაცხადა, რომ უცდიათ გრანტის მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისგან. 2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება მიიღეს; ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სფეროში ეს იმას მოასწავებს, რომ ევროკავშირი გაზრდის NGO-ების ჩართულობას ზრდასრულთა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. 2019 წელს საქართველოს ოთხ რეგიონში დაიწყება სამიზნე ჯგუფების დასაქმებისუნარიანობის ზრდის პროგრამა და ევროკავშირი მხარს დაუჭერს უნარების განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებს. პროგრამის ბიუჯეტი შვიდ მილიონ ევროს შეადგენს (ევროკავშირის გზამკვლევი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის 2018-2020). ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ორგანიზაციები მეტად უნდა ფოკუსირდნენ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და გადმოიღონ ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს კონკურენტულობას, ზრდას, პროდუქტიულობას და ადამიანური კაპიტალის ოპტიმიზაციას. უდაოა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის ადამიანების მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციები ხედვა ზრდასრულთა განათლებაზე არ იყოს აღქმული, როგორც მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების ინსტრუმენტი. შეიძლება შეგვედაონ, რომ უნარების განვითარების გარდა, NGO-ები აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო და სათემო ზრდასრულთა განათლებაზე, რაც სიმართლეა, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტივიზმის ინსტიტუციონალიზაცია. ადგილობრივი NGO-ები სერვისების მიმწოდებლები ხდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ NGO განმანათლებლები ადგილობრივ თემებს საჭირო კულტურულ კაპიტალს მოკლებულ ობიექტებად აღიქვამენ, და, შესაბამისად, თავს ახვევენ იმგვარ შინაარსობრივ და ქცევით სტანდარტებს, რომელიც ამ უკანასკნელთა წვლილს უგულებელყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხელს უშლის სოციალური მოძრაობების ბუნებრივ განვითარებას და მათ NGO-ების ობიექტებად – და არა სუბიექტებად – აქცევს. ბერაია, იავუზი და დილანიანი (2019, გვ.157) წერენ, რომ აქტივიზმის ამგვარი ინსტიტუციონალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „აღრმავებს NGO-ებს და ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობების სოციო-პოლიტიკურ ორგანიზებას შორის დაყოფას, და ინარჩუნებს ნეოლიბერალური governmentality[1]-ის ტრანსნაციონალურ აპარატს“. საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაში ტრანსნაციონალური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი NGO-ების აქტიური ჩართულობა მყარ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ზრდასრულთა განათლებისთვის სივრცის შექმნაში სახელმწიფოს როლი მინიმალურია, და რომ ქვეყანაში განვითარების დისკურსულ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციები განსაზღვრავენ. მაშასადამე, პოლიტიკის შემქმნელ ელიტებს ის ქვეყნები და ორგანიზაციები (დონორები) წარმოადგენენ, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგის განსახორციელებლად ეკონომიკური და დისკურსული რესურსების მობილიზაცია შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამები დონორების პრიორიტეტებით არის განსაზღვრული და ადგილობრივ NGO-ებს მხოლოდ ოპერაციულ ფუნქციას ანიჭებს. ამგვარი დამოკიდებულება არამდგრად და არაორგანიზებულ, სისტემურ მიდგომას მოკლებულ განვითარებას იწვევს. გარდა ამისა, დონორები ზრდასრულთა განათლებას ცალკე პრიორიტეტად არ გამოყოფენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროს სისტემური განვითარების მიდგომა არ არსებობს. დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მოპოვება მიმზიდველი ჩანს, მაგრამ ამავდროულად, ღირს ყურადღება მივაქციოთ ზემოხსენებულ შეზღუდვებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღიარონ დონორების ფინანსური ძალაუფლება, აქტიურად ჩაერთონ დღის წესრიგის განსაზღვრაში და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პრიორიტეტების სტრატეგიულ დაგეგმვაში. რა კავშირშია პოლიტიკური სიცხადე ერთ კონკრეტულ განმანათლებელთან ? არაფორმალური ზრდასრულთა განათლების სფეროს NGO-იზაციის გათვალისწინებით, ისმება მთავარი კითხვა, თუ როგორ ოპერირებენ განმანათლებლები საერთაშორისო დაფინანსების მქონე ამგვარ კომპლექსურ განათლების პროგრამებში, და სწავლების რომელ მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ საერთაშორისო დონორების ძალაუფლებასთან დასაპირისპირებლად. მაქსისა და პენინგტონის (2003) აზრით, განმანათლებლების დამოკიდებულებები და რწმენები ხშირად დომინანტური იდეოლოგიის არაცნობიერი ანარეკლია, რამაც შეიძლება მათი მოსწავლეები/სტუდენტები დააზიანოს. ლილია ბარტოლომე (2008) წერს, რომ სწავლების მეთოდები იდეოლოგიური გავლენების ქვეშ არის, სხვადასხვა ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების აკადემიურ ჩამორჩენას ან დაბალ ჩართულობას ტექნიკურ პრობლემად განიხილავენ, და პრობლემის გადაწყვეტას ასევე ტექნიკური მეთოდით ცდილობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია NGO განმანათლებლების ფილოსოფიური ორიენტაცია და როგორ აისახება ეს მათ სამუშაო პრაქტიკაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განმანათლებლების პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის ნაკლებობა არის თუ არა საერთაშორისო დონორების დღის წესრიგების უკრიტიკო მიღების საფუძველი. შესაძლოა განმანათლებლები არ ფლობდნენ სრულ ძალაუფლებას კურიკულუმების შედგენაზე, მაგრამ მეორე მხრივ მათ შეუძლიათ წარმართონ და გააშუალონ სტრატეგიული პროცესი თემის წევრებსა და საერთაშორისო დონორებს შორის. შესაბამისად, საჭიროა განმანათლებლებს დაფინანსების სტრუქტურების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ და აცნობიერებდნენ, თუ რა გავლენა შეუძლიათ მოახდინონ მათ ქვეყნის გრძელვადიან განვითარების პროცესზე. საქართველოში ზრდასრულთა განათლების სფეროში დასაქმებულთათვის საკვალიფიკაციო სტანდარტები არ არსებობს, ამიტომ საინტერესოა რა ფორმით უნდა მოხერხდეს განმანათლებელების ასეთი კრიტიკული მიდგომების განვითარება. ამის საკომპენსაციოდ, NGO-ები დამოუკიდებლად აორგანიზებენ ტრენერთა ტრენინგებს (ToT) – მცირე სემინარებს, რომელიც ინტერაქტიული სწავლების მეთოდების განვითარებაზეა ფოკუსირებული, თუმცა იდეოლოგიებსა და სწავლების ფილოსოფიას ყურადღება ნაკლებად ექცევა. გარდა ამისა, ამგვარი ტრენინგები უმეტესად პროექტებზე მიბმული აქტივობებია და სისტემური ხასიათი არ გააჩნია. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად შეიძლება იქცეს ლილია ბარტოლომეს (2004) პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის ცნების ქცევა იმ არსებით თეორიულ საფუძვლად, რომელიც განმანათლებლებისთვის ToT-ის კურიკულუმების შედგენის დროს იქნება გათვალისწინებული. „პოლიტიკური სიცხადე – აღნიშნავს მიმდინარე პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები უწყვეტად იღრმავებენ ცნობიერებას სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობების შესახებ, რაც ფორმას აძლევს მათ ცხოვრებას, და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომ ამგვარი მატერიალური და სიმბოლური პირობები გარდაქმნან. პოლიტიკური სიცხადე ასევე აღნიშნავს პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები აცნობიერებენ მაკრო დონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ცვლადებსა და დაქვემდებარებულ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებს“ (ბარტოლომე 2004, გვ.98). „იდეოლოგიური სიცხადე – აღნიშნავს პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები არსებული სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური იერარქიის საკუთარი ახსნების იდენტიფიცირებას ახდენენ და ამას დომინანტური საზოგადოების ხედვებს ადარებენ. იდეოლოგიების შეპირისპირება მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, უკეთესად გაიგონ, თუ როდის და როგორ ხდება მათ მიერ დომინანტური საზოგადოების რწმენითი სისტემების უკრიტიკო ათვისება, და შესაბამისად, იმ უთანასწორო და მიუღებელი პირობების შენარჩუნება, რასაც ბევრი სტუდენტი ყოველდღიურად განიცდის“ (ბარტოლომე 2004, გვ.98). პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლების პროფილი პირველ რიგში, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლები აღიარებენ, რომ სწავლება პოლიტიკურად ნეიტრალური საქმიანობა არ არის, და შეუძლიათ საკუთარი პირადი გამოცდილება დომინანტურ პოლიტიკურ წესრიგზე რეფლექსიად აღიქვან. მათ აქვთ უნარი, ერთმანეთს დაუკავშირონ მაკრო დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები და საკლასო ოთახებში არსებული მიკრო დონის ვითარება. პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლები აცნობიერებენ საზოგადოებაში მჩაგვრელი ძალების რაობას და აქვთ უნარი, დაუპირისპირდნენ მეინსტრიმულ სოციო-კულტურულ პრაქტიკებს (ბარტოლომე, 2004). NGO განმანათლებლების კონტექსტში ეს ნიშნავს დონორების ინტერესებსა და თავსმოხვეულ დღის წესრიგებთან დაპირისპირებას, და უფრო მეტად მონაწილეობითი და ქვემოდან ზემოთ წამოსული მიდგომების მხარდაჭერას. პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებელბის სწავლების მეთოდებს შეუძლია იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც დაქვემდებარებულ სტუდენტებს ჩვეული პასიური პოზიციიდან აქტიური და კრიტიკული ჩართულობის მდგომარეობაში გადაიყვანს. პოლიტიკური სიცხადის მქონე მასწავლებლები აცნობიერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ სტატუს- კვო ან პირიქით, გარდაქმნან სოციო-კულტურული რეალობა საკლასო ოთახის დონეზე, იმგვარად, რომ მიკრო დონის კულტურა მაკრო დონის უთანასწორობებს არ ასახავდეს (ბარტოლომე,1994). პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლებს უნდა შეეძლოთ სტუდენტების მხარდაჭერა, როდესაც იდეოლოგიები დამაზიანებელი და დისკრიმინაციული ფორმით იჩენს თავს. პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის უწყვეტად შენარჩუნება არც ისე მარტივია, რადგან ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს. შესაბამისად, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე უნივერსალური ფენომენი არ არის. თავის გვიანდელ ნაშრომებში, ბარტოლომე (2008) გვთავაზობს პრაქსისს, როგორც უსასრულო მოქმედება-რეფლექსიის პროცესს, რომელიც განმანათლებლებს განათლების პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ კრიტიკული პარადიგმა ერთადერთ ან დოგმატურ მიდგომად არ უნდა გავიგოთ. ნაცვლად ამისა, მნიშვნელოვანია მისი მუდმივი განახლება და ადაპტაცია კონტექსტის შესაბამისად. გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ კრიტიკულ განმანათლებლებს ინსტიტუციურ შეზღუდვებთან მოუწევთ დაპირისპირება; ყველა ინსტიტუტი ნამდვილად არ მიესალმება მეამბოხეებს საკუთარ რიგებში. სტივენ სვითი (1998, გვ.106) ინსტიტუციური შეზღუდვების პრობლემის გადასაწყვეტად შემდეგ გამოსავალს გვთავაზობს: დავუქვემდებაროთ ინსტიტუციური მოთხოვნები ფილოსოფიას;დავუქვემდებაროთ ფილოსოფია ინსტიტუციურ მოთხოვნებს;ვეცადოთ მივაღწიოთ ბალანსს ფილოსოფიას და ინსტიტუციურ მოთხოვნებს შორის.და ბოლოს, ნებისმიერი ტიპის განათლების დაცლა ღირებულებებისგან და მის უკან მდგომი ფილოსოფიისგან განმანათლებლებს აქცევს მხოლოდ ტექნიკოსებად და კონკრეტული მეთოდების მცოდნე შემსრულებლებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია მასწავლებლების/ტრენერების/ფასილიტატორების მოსამზადებელ პროგრამებეში გათვალისწინებული იყოს სწავლების ფილოსოფიის ის ასპექტები, რომლებიც მათ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიცხადეს შეუწყობს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციებს, კარგი იქნება თუ ისინი გადახედავენ საკუთარ მიდგომებს და საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებამდე მონაწილეობითი მუშაობის პრინციპებს დანერგავენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ NGO-ები შეთანხმდნენ საერთო ძირითად ღირებულებებზე, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ კონკრეტული სფეროს სისტემური განვითარება მოახერხონ და უკეთ მოახდინონ ფართო საზოგადოების ინფორმირება მათი საქმიანობის შესახებ. NGO-ებს შორის ამგვარი კავშირების ქსელის შექმნა შეამცირებს ფრაგმენტაციის შანსებს, ხოლო გაძლიერებული თანამშრომლობა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავრობაზე, რომ ზრდასრულთა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამის მისაღწევად, ორგანიზაციებმა უნდა მოითხოვონ ანდრაგოგიკის, როგორც პროფესიის, განვითარება და შემოიღონ მექანიზმი, რომელიც განმანათლებლების საკვალიფიკაციო სტანდარტებს შექმნის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უნდა აისახოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში, რაც ზრდასრულთა განათლების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მოვალეობაა შეინარჩუნოს ბალანსი ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმოებაში, რომელიც ერთი მხრივ, მოამზადებს ადამიანებს შრომის ბაზრისთვის და მეორე მხრივ, სამოქალაქო და შემოქმედებითი განათლების მიწოდებით ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ბიბლიოგრაფია: Bartolome l. (2004).Critical Pedagogy and Teacher Education: Radicalizing Prospective Teachers. Teacher Education Quarterly, 31(1) 97-122. Bartolome L. (2008). Beyond the Fog of Ideology. Counterpoints, 319, IX-XXIX. Bartolome, L. I. (1994). Beyond the methods fetish: Toward a humanizing pedagogy. Harvard Educational Review, 64(2), 173-195. Doi:10.17763/haer.64.2.58q5m5744t325730 Beraia, A., Dilanyan, S., & Yavuz, H. (2018). Beyond NGOs: Decolonizing Peacebuilding and Human Rights. Caucasus Edition, 3(1), 157–173. Retrieved from: Biekart, K. K., & Fowler, A. A. (2009). Civic Driven Change: A concise guide to the basics. Retrieved from: https://www.tni.org/files/download/CDCpamphlet.pdf Civil Society, Dialogue FOR Progress report. (2014). Mapping study of Civil Society Organizations` Engagement in Policy Dialogue in Georgia. DVV International Georgia Country office. (2017). Adult Education Centers in Georgia. EU Delegation and Heads of EU Member State Embassies in Georgia. (2018). EU Roadmap for Engagement with Civil Society in Georgia in 2018-2020. Hamilton, K. (2000). Constructing an NGO sector in transitional contexts: The reach of NGO-donor ‘Partnerships’ in post-soviet Georgia. IDS Bulletin, 31(3), 48-56. doi:10.1111/j.1759-5436.2000.mp31003005.x Kvatchadze, L. (2009). Adult Education in South Caucasus – Armenia, Azerbaijan, Georgia. In: Uwe Gartenschlaeger (Ed.), European Adult Education outside the EU (pp. 131-151). Bonn: Leppelt Grafik & Druck GmbH Marx, S., & Pennington, J. (2003). Pedagogies of critical race theory: Experimentations with white preservice teachers. International Journal of Qualitative Studies in Education, 16(1), 91-110. Doi: 10.1080/0951839022000036381 Ministry of Education and Science of Georgia. (2008). Development and State of Art of Adult Learning and Education (ALE) in Georgia. National report. CONFINTEA VI. Sweet, S. (1998). Practicing radical pedagogy: Balancing ideals with institutional constraints. Teaching Sociology, 26(2), 100-111. Doi: 10.2307/1319278 [1] მოსახლეობის რაციონალური მართვისა და მენეჯმენტის სისტემა (იხ. ფუკო, 1991)
-
- პოლიტიკური
- იდეოლოგიური
-
(and 7 more)
Tagged with: