Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მთავარი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ანდემიის მიუხედავად, 2020 წელი მეცნიერებაში ნაყოფიერი გამოდგა. Covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტიან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შემუშავებულ ვაქცინებთან ერთად შევესწარით გარღვევებს ხელოვნურ ინტელექტში, კოსმოსის კვლევაში, ბიოქიმიასა და გენეტიკაში. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან ამბავს. ხელოვნურმა ინტელექტმა ცილის სტრუქტურის მოდელირება ისწავლა ლონდონში დაფუძნებულმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია "DeepMind"-მა შექმნა ხელოვნური ნეირონული ქსელის, AlphaFold-ის ახალი ვერსია, რომელმაც ბიოლოგიის ბოლო 50 წლის ყველაზე რთული პრობლემა გადაჭრა. როგორ იკეცება ცილა? პროგრამამ, სახელად - AlphaFold ამინომჟავების მიმდევრობის (ცილის პირველადი სტრუქტურა) მიხედვით, ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის ზუსტი პროგნოზი უკიდურესად მცირე დროში შეძლო. ცილები ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულები არიან და ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ. ისინი ასრულებენ ფერმენტების ფუნქციას, მოქმედებენ როგორც ინფორმაციის გადამტანები, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, წარმოადგენენ ორგანიზმის სტრუქტურულ საყრდენს, განაპირობებენ იმუნურ პასუხს და ასე შემდეგ. როგორ აკონტროლებს ინსულინი გლუკოზის დონეს სისხლში, როგორ მიაქვს ჰემოგლობინს ჟანგბადი ქსოვილებამდე და როგორ ებრძვიან ანტისხეულები ინფექციას – სამივე თანაბრადაა განსაზღვრული ცილების სტრუქტურის მიერ. ცილების ფუნქციები მათ სამგანზომილებიან ფორმაზეა დამოკიდებული. თუ მკვლევრებმა იციან, როგორ დაიკეცება ცილა, მათ მისი ფუნქციის გაგებაც შეუძლიათ. დღეისდღეობით ამოცნობილია 200 მილიონამდე ცილა, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანის სტრუქტურაა გაშიფრული. ტრადიციულად, სტრუქტურის აღმოჩენას წლების განმავლობაში საგულდაგულო და ხანგრძლივი ლაბორატორიული მუშაობა სჭირდება. ბიოლოგებისთვის ცილის ზუსტი ფორმის ამოცნობას ხშირად თვეები, წლები და ათწლეულებიც კი სჭირდება მაშინ, როცა AlphaFold-ს იმავეს გაკეთება რამდენიმე საათში ან წუთში შეუძლია. დამოუკიდებელმა მეცნიერებმა ეს უდიდეს გარღვევად შეაფასეს, რომელიც ბევრი დაავადების მექანიზმს გაგვაგებინებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს მოიტანს და გზას გაუკვალავს ეგრეთ წოდებულ "დიზაინერულ წამლებს." მეცნიერებმა კორონავირუსისთვის ახალი ტიპის ინფორმაციული რნმ ვაქცინები რეკორდულად მოკლე დროში განავითარეს ახალი ვაქცინის განვითარებას საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. თუმცა, SARS-Cov-2-ის გენომის სექვენირებიდან მხოლოდ 10 თვეში ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ FDA-ს ახალი ვაქცინის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის მიმართა. ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელიც ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი პათოგენის შეყვანას ეფუძნება, Pfizer--ისა და Moderna-ს ვაქცინები იმუნურობის მისაღწევად ინფორმაციულ რნმ-ის მოლეკულას იყენებენ (messenger RNA). ინფორმაციული რნმ-ის ფუნქცია დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაწერა და რიბოსობემამდე მიტანაა, სადაც ცილის სინთეზი ხდება. რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა აქამდე FDA-ს არასდროს დაუმტკიცებია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის კვლევა წლების წინ დაიწყო. ამრიგად, იანვარში ვირუსის გენომის გაშიფვრის შემდეგ, Moderna-სა და Pfizer-ს, მის გერმანულ პარტნიორთან BioNtech-თან ერთად, სულ რამდენიმე დღე დასჭირდა რნმ ვაქცინების კანდიდატების შესაქმნელად. თუ ტრადიციული ვაქცინები იმუნურ რეაქციას დასუსტებული ბაქტერიით ან ვირუსით აღძრავენ, რის შემდეგაც ორგანიზმს უმარტივდება ნამდვილ პათოგენთან გამკლავება, რნმ ვაქცინებს ჩვენ უჯრედებამდე გენეტიკური ინსტრუქციები მიაქვთ, რათა ორგანიზმმა ვირუსის სპაიკ ცილა თავად წარმოქმნას, რასაც ორგანიზმის იმუნური პასუხი ინფიცირების რისკის გარეშე მოჰყვება. ინფორმაციული რნმ-ის მთავარი უპირატესობაა, რომ მისი სინთეზი გაცილებით მარტივია. ტრადიციული ვაქცინების განვითარებას დიდი რესურსი და დრო სჭირდება მაშინ, როცა რნმ ვაქცინების განვითარება ხანმოკლე პროცესია. ვაქცინის ქარხანაში სინთეზირების ნაცვლად, “ქარხნის” როლს თავად ორგანიზმი ასრულებს, რომლსაც რნმ ვირუსის ცილის სინთეზის ინსტრუქციებს აძლევს. ფიზიკოსებმა პირველი ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს ფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ, აღმოეჩინათ მასალა, რომელიც დაუბრკოლებლად, წინაღობის გარეშე შეძლებდა ყოველდღიურ ტემპერატურებზე ელექტრობის გატარებას. ეს დიდი ოდენობით ენერგიას დაზოგავდა და რევოლუციურად გარდაქმნიდა არსებულ ტექნოლოგიებს. 14 ოქტომბერს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევართა გუნდმა გვაუწყა, რომ იპოვეს ზეგამტარი, რომელიც 14.4 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს. პირველი ზეგამტარები ელექტრულ წინაღობას მხოლოდ უკიდურესად ცივ, აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე კარგავდნენ. 1980 წელს ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული მაღალი ტემპერატურის ზეგამტარები, მაგრამ მაშინაც, ზეგამტარობა გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე ვლინდებოდა ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ახალაღმოჩენილი ნაერთი სამი ელემენტისგან შედგება: წყალბადი, გოგირდი და ნახშირბადი. ამ სამი ატომის გამოყენებით მეცნიერებმა შეცვალეს ელექტრული თვისებები ისე, რომ მიეღწიათ ზეგამტარობისთვის უფრო მაღალ ტემპერატურებზე. ეს ნივთიერება ჯერჯერობით შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან, რადგან ზეგამტარობის უნარს მხოლოდ უზარმაზარი წნევის ქვეშ იძენს. წნევა, რომელზეც ახალაღმოჩენილი ნაერთი ზეგამტარობის თვისებას იძენს, დედამიწის ბირთვის წნევის 75%-ს უტოლდება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ექსპერიმენტებში შეძლებენ მასალის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც ზეგამტარობას მაღალი წნევის გარეშეც შეინარჩუნებს. NASA-ს აღმოჩენა: მთვარეზე დიდი ოდენობით წყალია 26 ოქტომბერს NASA-მ პრესკონფერეციაზე მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის არსებობა დაადასტურა. ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალი პირდაპირ მთვარის ზედაპირის იმ ნაწილზე, სადაც მზე ანათებს, ხოლო მეორე კვლევა ამტკიცებს, რომ ყინული "დატყვევებულია" მცირე ზომის კრატერებში. ეს აღმოჩენები ნიშნავს, რომ წყალი მთვარის ზედაპირზე გაცილებით უფრო დიდი ოდენობითაა, ვიდრე ითვლებოდა. ორივე კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მთვარეზე წყლის შესაძლო არსებობის პირველი მტკიცებულება 2008 წელს, ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayan-1-მა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ მიუღწეველ ადგილებში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე მუდმივად ჩრდილში მოქცეულ დიდ კრატერებში. ასეთი კრატერები სახიფათოდ ცივია - ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.. ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ასტრონავტებს მომავალ ექსპედიციებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ წყალი მთვარის სხვა, ნაკლებად მომაკვდინებელ რეგიონებში. მთვარეზე წყლის მოპოვება მიმზიდველი იდეაა ნებისმიერისთვის, ვისაც მთვარეზე ბაზის ან დასახლების აგება სურს. გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასმელ წყლად ან მცენარეების მოსარწყავად. ასევე, შესაძლებელია წყლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად - წყალბადი და ჟანგბადი - და მისი გარდაქმნა რაკეტის საწვავად. მთვარეზე მარაგების გაგზავნას დიდი დრო, ენერგია და ფული სჭირდება, თუ ასტრონავტებს შეეძლებათ იმ მარაგების გამოყენება, რაც მთვარეზე დახვდებათ, ეს დიდ ენერგიას, დროსა და რესურსს დაზოგავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ადამიანების მთვარეზე გაგზავნაზე ფოკუსირდებოდა, რისი საბოლოო მიზანიც თვითმყოფადობა იყო. ახალი დაკვირვებები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. იაპონური კოსმოსური ხომალდიდან გამოგზავნილი ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები დედამიწაზე დაეშვა, ხოლო NASA-ს ზონდმა ასტეროიდ ბენუს ნიმუშები შეაგროვა 7 დეკემბერს იაპონური კოსმოსური ხომალდიდან, ჰაიაბუსა2-იდან გამოგზავნილი კაფსულა ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა. კაფსულა ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიმუშებს შეიცავს. კოსმოსური ხომალდი ჰაიაბუსა-2 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს. დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ რიუგუმდე მან 2018 წლის ივნისში ჩააღწია. ასტეროიდის სიახლოვეს მან წელიწადნახევარი გაატარა, მასზე ორჯერ დაეშვა და მიწისა და ქვების ნიმუშები შეაგროვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ნიმუშები, რომლებიც ასტეროიდის წიაღში იყო მოპოვებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე 46 მილიარდი წლის განმავლობაში გავლენა არ ჰქონია კოსმოსურ რადიაციასა და სხვა ფაქტორებს. ასტრონომები განსაკუთრებით არიან დაინტერესებული ასტეროიდიდან ჩამოსულ ნიმუშებში ორგანული ნივთიერებების შესწავლით. ასეთი კვლევის შედეგად, შეიძლება ნათელი მოეფინოს, თუ როგორაა მზის სისტემაში განაწილებული ორგანული ნივთიერებები, ჰქონდათ თუ არა მათ გავლენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე და თუ კი, რა გავლენა. იაპონურ მისიასთან ერთად, წარმატებული აღმოჩნდა NASA-ს მისია Osiris-Rex. ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას ზონდმა ასტეროიდ ბენუმდე მიაღწია, სადაც ნიმუშები შეაგროვა და დედამიწისკენ აიღო გეზი. "#კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბენუზე! ორწლიანი მოგზაურობის და ათწლიანი დაგეგმვის და ჩემი ჯგუფის მუშაობის შემდეგ, მე აქ ვარ. მაგრამ ჩასვლა მხოლოდ დასაწყისია...". - დაწერეს გუნდის მკვლევრებმა მისიის თვითერის ანგარიშზე. ასტეროიდებიდან ჩამოტანილი ნიმუშების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება მზის სისტემის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში და იმის ახსნაში, თუ რა როლი ითამაშა წყალმა დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვაში. ჩამოტანილი ნიმუშები მეცნიერებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას წარსულში ასტეროიდის შეჯახებებისა და მის თერმულ ისტორიაზე. CRISPR-ის გამოყენების არეალი გაფართოვდა 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას Crispr/Cas9-ს გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის აღმოჩენაში გადაეცათ. Crispr/Cas8, თავდაპირველად, ბაქტერიული იმუნური სისტემა იყო, რომელიც ამოიცნობდა და ანადგურებდა კონკრეტულ გენეტიკურ მიმდევრობებს ვირუსებში, რომლებიც ბაქტერიებს აავადებდნენ. 2012 წელს, მისი პირველი აღწერის შემდეგ, მკვლევრებმა მთელ მსოფლიოში მისი რევოლუციური პოტენციალი გაიაზრეს: ვირუსულ დნმ-ზე ტარგეტირების გარდა, Crispr/Cas9-თ ნებისმიერი ორგანიზმის გენომის მოდიფიცირებაა შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიის გამოყენების მრავალმხრივობა და სიმარტივემ შესაძლებელი გახადა იმ ორგანიზმების გენური ინჟინერია, რომლებიც გენეტიკური მანიპულაციის ტრადიციული მეთოდებისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი. მაგალითად, წელს Crispr/Cas9 გამოიყენეს ისეთი მარცვლეული კულტურების გენეტიკური მოდიფიცირებისთვის, როგორებიცაა ბრინჯი და ხორბალი. ამ მეთოდით შეცვლილი მარცვლეული უფრო რეზისტენტულია მწერების, გვალვისა და სხვა ფაქტორების მიმართ. რასაკვირველია, Crispr/Cas9-მ ადგილი დაავადებების მკურნალობაშიც იპოვა. 2020 წელს დაიწყო Crispr-ის მეშვეობით ადამიანის ერითროციტების მოდიფიცირების პირველი კლინიკური კვლევები სისხლის დაავადებების სამკურნალოდ. დამაიმედებელი შედეგები აჩვენა New England Journal Of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, სადაც Crispr/Cas9 ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ გამოსცადეს. და ბოლოს, Crispr/Cas9 ტექნოლოგიას მრავალი კვლევითი ჯგუფი მისი თავდაპირველი ფუნქციის შესაბამისად, რესპირატორული ვირუსების საწინააღმდეგო კვლევით პოტენციალს სწავლობს. სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი დაამტკიცა 2 დეკემბერს სინგაპურმა სან ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტ-აპ Eat Just INC. -ს ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმის ხორცის გაყიდვაზე რეგულატორული ნებართვა მისცა. ამით სინგაპური მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცის გაყიდვა დაუშვა. ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ბიორეაქტორში წარმოიქმნება (აპარატი, სადაც ბიოქიმიური რეაქციები მიმდინარეობს). სინთეზირებული ხორცი შეიცავს დიდი ოდენობით ცილას და კომპანიის თანახმად, მინერალების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიას ხორცის გაყიდვის უფლება მხოლოდ სინგაპურში აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ გაყიდვებს გააფართოებს და უახლოეს მომავალში აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში შეიტანს თავის პროდუქტს. ხელოვნურმა ინტელექტმა შროდინგერის განტოლება ამოხსნა ბერლინის ფრეიეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განავითარეს ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომელსაც კვანტურ ქიმიაში შროდინგერის განტოლების ძირითადი მდგომარეობის (კვანტურ-მექანიკური სისტემის ყველაზე დაბალენერგეტიკული მდგომარეობა, ground state, იგივე ვაკუუმური მდგომარეობა) გამოთვლა შეუძლია. ხანგრძლივი და შრომატევადი ლაბორატორიული სამუშაოს გარეშე, მხოლოდ ატომების სივრცეში განლაგების საფუძველზე, მოლეკულების ფიზიკური და ქიმიური თვისების პროგნოზირება კვანტური ქიმიის ძირითადი გამოწვევაა. თეორიულად ეს შესაძლებელია მხოლოდ შროდინგერის განტოლების ამოხსნით, რაც პრაქტიკაში უკიდურესად რთული რამაა. ფრეიეს უნივერსიტეტმა განავითარა "ღრმა დასწავლის" მეთოდი, რომელსაც ამის გაკეთება უპრეცედენტო სიზუსტით, ეფექტიანობით და სიჩქარით შეუძლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა. ცენტრალური საკითხი კვანტური ქიმიისა და შროდინგერის განტოლებისთვის არის ტალღური ფუნქცია - მათემატიკური ობიექტი, რომელიც სრულად ადგენს ელექტრონების ქცევას მოლეკულაში. ტალღური ფუნქცია მაღალგანზომილებიანი ერთეულია და, ამრიგად, უკიდურესად რთულია, მოაქციო ყველა ნიუანსი, რომელიც ელექტრონების ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. კვანტური ქიმიის ბევრმა მეთოდმა უარი თქვა ტალღური ფუნქციის გამოყენებაზე და ამის ნაცვლად მხოლოდ მოლეკულის ენერგიას განსაზღვრავენ, თუმცა, ეს მოითხოვს მიახლოებით სიზუსტეს, რაც ასეთი მეთოდების პროგნოზის შესაძლებლობებს ზღუდავს. ღრმა ნეირონული ქსელი, რომელიც პროფესორ ნოეს გუნდის დიზაინით შეიქმნა, ელექტრონების ტალღური ფუნქციის გამოსახვის ახალი გზაა. "სტანდარტული მიდგომის ნაცვლად, რომელიც ადგენს ტალღურ ფუნქციას შედარებით მცირე მათემატიკური კომპონენტებისგან, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომლსაც შეუძლია ატომის ბირთვის გარშემო ელექტრონების მდებარეობის კომპლექსური კანონზომიერებების დასწავლა. ელექტრონის ტალღური ფუნქციის ერთი უჩვეულო თვისება ანტისიმეტრიაა. როდესაც ორი ელექტრონის გაცვლა ხდება, ტალღურმა ფუნქციამ ნიშანი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხელოვნურ ნეირონული ქსელის არქიტექტურაში ამ თვისების ჩაშენება შევძელით. ამ თვისებას, რომელსაც პაულის გამორიცხვის პრინციპი ეწოდება, PauliNet ვუწოდეთ ". - ამბობს პროფესორი ნოე. პაულის პრინციპის გარდა, ელექტრონულ ტალღურ ფუნქციას ასევე აქვს სხვა ფუნდამენტური ფიზიკური მახასიათებლები. PauliNet- ის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ თვისებებს ღრმა ნეირონულ ქსელში ინტეგრირებას აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ ღრმა დასწავლამ ის მონაცემებზე დაკვირვებით დაისწავლოს. ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი, ვიდრე ნოეს მეთოდის ინდუსტრიული გამოყენება გახდება შესაძლებელი. "ეს ჯერ კიდევ ფუნდამენტური კვლევის დონეზეა, მაგრამ ეს წარმოადგენს ახლებურ მიდგომას კვანტური ქიმიის და მასალათმცოდნეობის ძველისძველ პრობლემასთან და აღელვებულები ველით მის შესაძლო პრაქტიკულ გამოყენებას." მეცნიერებმა ვენერაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს. ფოსფინს მხოლოდ ცოცხალი ორგნიზმები არ წარმოქმნიან, მისი დეტექცია იუპიტერზეც მოხდა, სადაც ტემპერატურა და წნევა იმდენად მაღალია, რომ ის არაბიოლოგიური ქიმიური პროცესებით წარმოიქმნას, მაგრამ, მეცნიერების შეფასებით, ვენერა არ არის საკმარისად მასიური, რომ ასეთ პროცესები მოხდეს. დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა. "იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვენერაზე ვიცით, ფოსფინის არსებობის ყველაზელოგიკური ახსნა, როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლეა". – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი, კლარა სუსა-სილვა. ფოსფინის მოლეკულა ფოსფორის ერთი ატომისა და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. ფოსფინის გაზი ადამიანისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში უკიდურესად დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევები გრძელდება. ისტორიაში პირველად, კერძო კომპანიამ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანა მაისში ილონ მასკის SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. ეს მისია NASA-ს გეგმის ნაწილია, რომელიც კოსმოსური ფრენების კერძო სექტორისთვის გადაბარებს გულისხმობს. ეს იყო პირველი ხომალდი, რომელმაც აშშ-ს მიწიდან 2011 წლის შემდეგ ეკიპაჟი კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. Crew Dragon ძველი ხომალდის, Dragon 1-ის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც 20 -ჯერ გამოიყენეს კოსმოსურ სადგურამდე ტვირთის მისატანად. კოსმოსურ მოგზაურობასთან ერთად, წარმატებას მიაღწია მასკის StarLink-ის პროექტმაც. 2020 წლის აპრილში დედამიწის ორბიტაზე 2666 თანმგზავრი იყო, მასკის პროექტის ფარგლებში მათ 955 ახალი თანამგზავრი დაემატა. StarLink-ის ფარგლებში, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობა 11000-ს მიაღწევს. სატელიტების ასეთი მეგათანავარსკვლავედი დიდ პროგრესს მოიტანს, მათ შორის ინტერნეტთან უკეთესი წვდომა შორეულ ადგილებში, უფრო თანაბრად ხელმისაწვდომი მონაცემთა სერვისები. https://tabula.ge/ge/news/659760-2020-celi-metsnierebshi-mtavari-aghmochenebi
  2. საქართველოში, შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პრესკონფერენცია გამართეს. რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე ქვეყანაში პოლიტიკური ერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის წინ წასასვლელად. მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ისეთი სულისკვეთების გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანას და მის მომავალს წაადგება. „მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის. სასამართლო რეფორმას რაც შეეხება, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“ - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებული შტატები მას ყურადღებით დააკვირდება. სენატორმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად კი მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება და დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა. შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. სენატორი ჯინ შაჰინი „ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების, მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის წარმოებას. მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის", - აღნიშნა სენატორმა. შეხვედრების დასრულების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში, ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობის საქმეში აპრილში, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ნაწილს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვის აუცილებლობას და თქვა, რომ „უნდა გაგრძელდეს ნაყოფიერი მუშაობა მიღწეულ კომპრომისზე დაყრდნობით, რათა საქართველომ მიაღწიოს ძლიერი, რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რომელსაც მისი მოქალაქეები იმსახურებენ“. მან საქართველოს შეერთებული შტატების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პოლიტიკურ მომავალს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონის და მსოფლიო დემოკრატიის მდგომარეობაზე“. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მომავალსაც. სენატორმა პორტმანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეფორმები აუცილებელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების საქმეში დასაწინაურებლადაც. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, იქნება ეს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სენატორი რობ პორტმანი „საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატოს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას“ - განაცხადა პორტმანმა. პრესკონფერენციაზე სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დააშინოს საქართველო და რუსეთის სამეზობლოში მყოფი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად რჩება. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება", - თქვა სენატორმა. ასევე ნახეთ: ამერიკელი სენატორების ვიზიტი დაიწყო - პირველი გაჩერება საოკუპაციო ხაზია მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს გახდეს დასავლური ინტიტუტების ნაწილი. "რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“ - განცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატორები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. განცხადება მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს და ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოს ეკონომიკის აღდგენის თაობაზე. “სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა” - აღნიშნავს პრემიერი ღარიბაშვილი. ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელ სენატორებთან ისინი იმსჯელებდნენ არამარტო ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იმ პრობლემებზეც, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას. სამადაშვილი განმარტავდა, რომ ის პორტმანთან და შაჰინთან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრებდა. "ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენ ქვეყანაში უკავშირდება ასევე დემოკრატიას და მის მომავალს. ამიტომ, მე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოწვევები დგას საარჩევნო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვისაუბრო იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება, მათ შორის, მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ნატოს მომავალ სამიტზე არც საქართველო და არც უკრაინა არ არის მიწვეული. „საქართველო პირველად არ იქნება ნატოზე მიწვეული, ამაში ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ვთხოვ ოპოზიციის, ჩვენი სახელით, რომ ეს როგორმე შევცვალოთ“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. საქართველოში სტუმრობამდე, სენატორები ლიეტუვას და უკრაინას ეწვიენ. ვილნიუსში ისინი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოუსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. სენატორებმა ციხანოუსკაიას ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადეს. კიევში ვიზიტისას კი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებლებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. შაჰინმა და პორტმანმა საქართველოში ვიზიტი 3 ივნისს საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს.
  3. ფილმში Judas and The Black Messiah შესრულებული ფრენკ ჰემპტონის როლისთვის, ბრიტანელმა მსახიობმა, დენიელ კალუიამ კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში კალუიას კონკურენტები პოლ რაჩი, ლესლი ჯუნიორი, ბორატის ვარსკვლავი საშა ბარონ კოენი და ლაკიტ სტენფილდი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კალუიამ და სტენფილდმა ერთ ფილმში თანაბარი მნიშვნელობისა და საეკრანო დროის როლები შეასრულეს, თუმცა აკადემიის გადაწყვეტილებით ნომინაციები მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მიიღეს. კალუიას პერსონაჟი რეალურად არსებული შავი პანტერების ლიდერი ფრენკ ჰემპტონია. დენიელ კალუია ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც სახელი ჯორდან პილის Get Out-ში შესრულებული როლით გაითქვა, პერფომანსმა მსახიობს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა. The post დენიელ კალუია ოსკარის მფლობელი გახდა appeared first on filmmaker.ge.
  4. მას შემდეგ, რაც საქართველოში მხარეებმა 30 მარტს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროკავშირის მომლაპარაკებელი, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. დანიელსონმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასასრულს განაცხადა, რომ ის „იზიარებს ქართველი ხალხის იმედგაცრუებას“. გუშინ კი ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის, გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტენ. როგორ ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთი, რა შედეგი ექნება ამას ქვეყანაზე, მის დემოკრატიასა და იმიჯზე. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ამ თემებზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე, ჰედერ კონლის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის პროგრამების დირექტორს ესაუბრა. კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკების პირველი და მეორე ტურები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა. როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ელოდით ასეთ შედეგს? ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან. ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი. მეორე ტურის შემდეგ, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ არცერთი მხარე მზად არ იყო შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. რას ამბობს ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიასა და იმიჯზე? როგორ აღიქვამენ ამას ქვეყნის დასავლელი პარტნიორები? მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა. ბატონი დანიელსონის მემორანდუმში ჩამოთვლილი იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმები, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. სამწუხაროდ, ვერცერთი მხარე ვერ შეთანხდა და ფოკუსი ამ რეფორმებზე არ იყო. ეს კი იმ მესიჯს აგზავნის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ეს ქმედება ძალიან ცუდი მესიჯს აგზავნის იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რუსეთის მხრიდან აგრესია მოდის, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნებში ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში წინ წასწიოს. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა და ამბობს, რომ ამ გზით ეცდება მთავრობას აზრი შეაცვლევინოს მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები, პოლიტმატიმრების თემა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა ეს გამოსავალი არსებული კრიზისიდან? იმედი მაქვს, რომ მხარეები დაბრუნდებიან ევროპის მედიაციის ფორმატში, რომელსაც ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის საუკეთესო გზა შეთანხმების მისაღწევად. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ საქართველომ დაიწყოს რეფორმებზე მუშაობა, გაუმკლავდეს პანდემიას, გააძლიეროს სოლიდარობა სამეზობლოში, სადაც რუსეთის აგრესიაა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვასაც არ აპირებს. ასევე, საპატიმროში რჩებიან პოლიტპატიმრები, როგორც მათ ოპოზიცია მოიხსენიებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ფაქტორები ამცირებს მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ სივრცეს? ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის. მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს. ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა. ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას. ცოტა ხნის წინ სენატში, საქათველოს შესახებ მოსმენა ჩატარდა. სენატორმა რიშმა თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ ის ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ხედავს. სხვადასხვა საერთაშორისი ორგანიზაციები კი ოლიგარქის გავლენებსა და ე.წ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ. როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ასევე ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ჩვენ ორივე მხარესთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან მათ ორივეს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და რეფორმების გზაზე. კონგრესის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უგზავიან საქართველოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს და მთავრობას კარგად ესმის. თუმცა, ეს მხადაჭერა მოითხოვს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ლიდერებმა გადადგან მნიშვნელოვანი, რთული ნაბიჯები. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამონაწილეობას საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე მქონდა სიამოვნება შევხვედროდი მათ [სამოქალაქო საზოგადოების] რამდენიმე ლიდერს, რომლებიც ძალიან მონდომებული არიან, რომ არსებობდეს გამჭვირვალობა და ქვეყანაში მიმდინარეობდეს რეფორმები. დროს არ უნდა ვკარგავდეთ, ეს მინდა რომ გითხრათ. ყველა გაცდენილი დღე, ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის დღე, როდესაც საქართველოს არ შეუძლია რეფორმების გატარება და გაძლიერება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ამ გაურკვეველ სამეზობლოში. სად ხედავთ ამერიკის როლს? როგორ შეუძლია ამერიკას, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმაროს ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაში? ეს, ალბათ, იქნება ე.წ მკაცრი სიყვარულის მესიჯების გაგზავნა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის. ჩვენ [ამერიკის შეერთებული შტატები] ძალიან ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმირებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტად უწევს წინააღმდეგობას ცვლილებებს. ყველა დემოკრატია მუშაობის პროცესშია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩვენა, რომ ჩვენი სამუშაოც არაა დასრულებული, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საშინაო დავალებაზე მუშაობას. ვფიქრობ, იმ საერთაშორისო გარემოში, სადაც ვხედავთ ავტორიტარიზმის, დელიბერალიზაციის, დემოკრატიის უკუსვლის მატებას და როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულები არიან, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ მცდელობები, ხელი ჩავჭიდოთ ჩვენსავით მოაზროვნე ქვეყნებს, რათა გავძლიერდეთ. ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სიტუაცია ასე [საქართველოში] ვეღარ გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები და ხალხი გაიგებს ამას, გამოიყენებს ამ მომენტს და გადალახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხდებიან? თქვენი აზრით, როგორია შესაძლო საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოსთვის? ყველაზე ცუდი, ალბათ იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც. საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ. ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.
  5. 2021 წლის ოსკარის ნომინანტები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ვარსკვლავურმა წყვილმა ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ გამოაცხადა. ყველაზე მეტი – 10 ნომინაციის მოპოვება დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიულმა დრამამ Mank-მა მოახერხა. ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ ინდუსტრიაში დუღილის ტემპერატურამ იმატა. ოსკარების რიგით 93-ე ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. მანამდე კი წინ 4 აპრილს SAG-ის, ხოლო 11 აპრილს BAFTA-ს პრესტიჟული დაჯილდოებები გველოდება. სტატიაში განვიხილავთ ოსკარების 4 მთავარ კატეგორიას და წარდგენილი ნომინანტების შანსებს. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალი: ვაიოლა დეივისი – Ma Rainey’s Black Bottom ანდრა დეი – The United States vs. Billie Holiday ვანესა კირბი – Pieces of Woman ფრენსის მაკდორმანდი – Nomadland ქერი მალიგანი – Promising Young Woman ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ წელს ეს კატეგორია ყველაზე დიდი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი თვის წინ მთავარ ფავორიტად ქერი მალიგანს მიიჩნევდნენ, რომელმაც ფემინისტურ მანიფესტში შურისმაძიებელი ქალის როლი საოცრად შეასრულა. მსახიობმა CCA-ზე მთავარი ჯილდოც მიიღო, თუმცა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როცა ოქროს გლობუსი ანდრა დეის გადასცეს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რადგან დეი, კოლეგებისგან განსხვავებით, BAFTA-სა და SAG-ზე წარდგენილიც კი არაა. ვაიოლა დეივისმა, მომღერალ მა რეინის გაცოცხლებით, 4 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან, როგორც ყველაზე ხშირად ნომინირებულმა შავკანიანმა ქალმა მსახიობმა, რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება ფრენსის მაკდორმანდს, იგი პირველი ქალია, რომელიც ოსკარის მისაღებად არა მარტო მსახიობის, არამედ პროდიუსერის ამპლუაშიც იბრძოლებს. კრიტიკოსთა აზრით, ტრიუმფატორის პოზიციიდან არც ვანესა კირბია ჩამოსაწერი. ინგლისელმა საოცარი შესრულებით მოახერხა იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც შვილის დაკარგვას ახლავს თან. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცი: რიზ აჰმედი – Sound of Metal ენტონი ჰოპკინსი – The Father ჩედვიკ ბოუზმენი – Ma Rainey’s Black Bottom გერი ოლდმენი – Mank სტივენ იუნი – Minari წელს კაც ნომინანტთა სია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იუნი პირველი აზიური წარმოშობის, ხოლო აჰმედი პირველი მუსლიმი მსახიობია, რომლებიც ამ კატეგორიაში წარადგინეს. ენტონი ჰოპკინსი კი 83 წლის ასაკში დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ხნიერ კანდიდატად ითვლება. ნომინაციის მთავარ ფავორიტი კვლავ ჩედვიკ ბოუზმენია. მსახიობის უკანასკნელი როლი დიდი ტრაგიზმითა და მძაფრი ემოციებითაა დატვირთული. ჩედვიკი ხატავს შავკანიანი კაცის სახეს, რომლის ცხოვრებაცა და კარიერაც კანის ფერის გამო სირთულეებსა და უსამართლობას ეწირება. გერი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებით 2017 წელს ოსკარი უკვე მოიპოვა. თუმცა, გენიალური შესრულებებით საუკეთესოთა შორის ადგილს მუდმივად ინარჩუნებს. კატეგორიაში მისი და დებიუტანტ იუნის გამარჯვებას ნაკლებად ვარაუდობენ. ბოუზმენის შემდეგ, ფავორიტებად რიზ აჰმედსა და ენტონი ჰოპკინსსაც მიიჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩედვიკს ზურგს უკვე CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებები უმაგრებს. ნომინაცია საუკეთესო ფილმი: Sound of Metal Nomadland The Father Judas and the Black Messiah Mank Minari Promising Young Woman The Trial of the Chicago 7 კატეგორიაში მთავარი ფავორიტი ქლოი ჟაოს Nomadland-ია. ფილმს დიდი გამოხმაურება ჯერ კიდევ შემოდგომის ფესტივალების დროს მოჰყვა. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ პოზიცია უფრო გაიმყარა. ის ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი რეჟისორის ნამუშევარია. ექსპერტები მის მთავარ კონკურენტებად Minari-სა და Promising Young Woman-ს ასახელებენ. თუმცა, ამ კატეგორიაში ფილმთა სიმრავლის გამო, მათ სხვა დაჯილდოებებზე უცვლელ ნომინანტებად ვერ ვიხილავთ, რაც თავისთავად, Nomadland-ის დიდ უპირატესობას უსვამს ხაზს. ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: Chloé Zhao – Nomadland Emerald Fennell – Promising Young Woman Lee Isaac Chung – Minari David Fincher – Mank Thomas Vinterberg – Another Round მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, დევიდ ფინჩერის შავ-თეთრ ინდუსტრიულ ამბავს ნომინაციები არ დაუმსახურებია ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საუკეთესო სცენარი და მონტაჟი. ამიტომაც კრიტიკოსები მთავარ ნომინაციებში Mank-ის წარმატებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ქლოი ჟაო კი უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ, ის უფრო დიდ კომერციულ წარმატებასაც ელოდება. ჟაო Marvel-ის ახალი ფილმის – Eternals-ის რეჟისორია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ამ ყველაფრის ფონზე მიიჩნევენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს და ის პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორი იქნება, ვინც ამას მოახერხებს. მისი მთავარი კონკურენტი ასევე ქალი – ემერალდ ფენელია, რაც ამ კატეგორიაში ძალზე იშვიათია. ფენელი Promising Young Woman-ის არა მარტო რეჟისორი, არამედ სცენარისტი და პროდიუსერიცაა. აღსანიშნავია, რომ ეს შავი იუმორით დატვირთული ტრილერი ცნობილი მსახიობის სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. The post 2021 ოსკარების მთავარი ნომინაციები appeared first on BusinessFeed.