ძებნა
'ეროვნული' ძებნის შედეგები.
-
რა მოწყენილობააა
- 265 replies
-
- მოწყენილთა
- ერთიანი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
აქ ვისაუბროთ და გავუზიაროთ ინფორმაცია ერთმანეთს სავალუტო კურსის ცვლილებებზე. როგორი მოლოდინები გაქვთ, აიწევს ისევ? საჭირო რესურსები https://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582 = https://www.lari.ge/index.php?do=currency/banks#USD - საუკეთესო კურსები / საქართველოში ბანკების ვალუტის გაცვლითი კურსების შედარება
-
უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება, უსაფრთხოების კონცეფცია, დოქტრინები – ეს ტერმინები საკმაოდ ხშირად გვესმის და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების პროცესში მათი სწორად და თანმიმდევრულად განსაზღვრა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები, რომელთაც ხშირად ვხმარობთ, უმეტეს შემთხვევაში, ინტუიციურად ცხადად გვეჩვენება, მათი დაზუსტების მცდელობანი, ასევე ხშირად, სირთულეებს აწყდება და მრავალ სხვადსხვა შინაარსად იშლება. ეს მრავალგვარობა, თავის მხრივ, ინტერპრეტაციათა სივრცეს ხსნის და ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები მსჯელობისას ერთსა და იმავე სიტყვების სხვადასხვანაირად მოხმარების გამო, სხვადასხვა რამეზე მსჯელობენ, თუმცა თვლიან რომ მსჯელობენ ერთსა და იმავეზე. ამ ვითარებიდან გამოსავალი ზუსტი განსაზღვრებების დადგენაა, თუმცა ასეთი რამ, ზოგჯერ, შეუძლებელია ან კიდევ, თავად განსაზღვრებანი ქმნიან ისეთივე გაურკვევლობის სივრცეს, როგორც ეს „ინტუიციურად ცხადი“ ტერმინები. ამის გამო, ხანდახან, საჭირო ხდება ასეთი ტერმინებისთვის იმ ძირითადი შინაარსის „შეხსენება“, რომლის გამოც ისინი ხმარებაში შემოვიდნენ და მათი სხვადასხვა განმარტება ან განსაზღვრება ამ შინაარსს ამა თუ იმ ფორმით, მაინც ინარჩუნებს. ქვემოთ ხუთ ასეთ შინაარსზე გავჩერდებით: უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება და ქვეყნის ომისათვის მზადება. რა ძირითადი შინაარსის გამოსათქმელად დაინერგა ეს ტერმინები და რა მნიშვნელობა აქვს მათ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისთვის? ვესტფალიის ზავმა 1648 წელს არა მარტო დაასრულა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, არამედ დასაბამი მისცა სრულიად ახალ სინამდვილეს: იშლება წმინდა რომის იმპერია და ჯერ ევროპაში, ხოლო მოგვიანებით, გლობალურად, ეროვნული სახელმწიფო ხდება საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტი. იმთავითვე, ახალი რეალობის ახალი აქტანტები რამოდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ: ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობის, კეთილდღეობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და ეს აღმოჩნდა ის ქვაკუთხედი, რაზედაც, მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, ჯერ ევროპული, ხოლო შემდეგ, მსოფლიო ისტორია აიგო. ამ აზრით, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო ნახსენებ პრობლემათა ჩამონათვალს კი დღეს ერთი სახელი – უსაფრთხოების (გნებავთ, ეროვნული უსაფრთხოების) პრობლემა ჰქვია. იმ მრავალსახეობის მიუხედავად, რასაც დღევანდელი საერთაშორისო სისტემა თავის სუბიექტთა სახით გვთავაზობს, გლობალური პოლიტიკის ყველა მონაწილე ერთნაირად უდგება როგორც თავისი გეოგრაფიული გარემოსა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოწყობის მთლიანობის, ასევე, მყარი ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საკითხს. საბოლოო ანგარიშით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა სწორედ საკუთარი სტატუს-ქვოს შენარჩუნება გახლავთ, როგორც მიმდინარე, ასევე მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების პროცესში. ამ მხრივაც, თანამედროვეობა ბევრით არ დასცილებია პროცესის საწყის ეტაპს, თუ არ ჩავთვლით იმ, მეტ-ნაკლებად აქტუალურ, თემატიკას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ლექსიკონში ჩნდება. ბუნებრივია, რომ აღნიშნული სტატუს-ქვოს შენარჩუნების ხედვა სხვადასხვაა როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღესაც, და ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს, ამ ხედვის ქმნადობა გარკვეული (შიდა) ლოგიკის მატარებელია და მუდმივები, რომელიც ამ ქმნადობის პროცესში გამოიყენება, ერთგვარ პარადიგმას ქმნის და მოვლენათა გარკვეულ განვითარებას გაცილებით გასაგებს ხდის. სწორედ ეს პარადიგმა გახლავთ ეროვნული (ნაციონალური, სახელმწიფო) უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის მოქმედებაში გადატანა უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსს შეადგენს. ზემოთქმული გულისხმობს იმასაც, რომ არსებობს ალგორითმი, რომელიც ასეთი ხედვის ჩამოყალიბების გზამკვლევია და ასევე უნდა არსებობდეს პროცედურა, თუ როგორ გარდავქმნათ ხედვა მოქმედებად. ბუნებრივია ისიც, რომ აღნიშნული პარადიგმა არც ერთადერთია და არც სრულყოფამდე დაუხვეწია ვინმეს. მათ შორის განსხვავება მეტ-ნაკლებ ეფექტურობაშია, რომელიც სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის სიზუსტით ხასიათდება, რამაც, საბოლოო ჯამში, წარმატებული პოლიტიკის ქმნადობა უნდა განსაზღვროს. თავისთავად, ეს სიტყვა, არსებული მრავალგვარი განსაზღვრების მიუხედავად, რომელთა შორის, ზოგჯერ, მსგავსების პოვნაც კი საკმაოდ რთული ხდება, სულ ხუთ მათავარ შინაარსს გულისხმობს. მეტიც, ხშირად, ერთსა და იმავე ტექსტში (და არა კონტექსტში) ის ყველა ამ მნიშვნელობით იხმარება და იგულისხმება, რომ მკითხველი (ალბათ, მაინც კვალიფიციური მკითხველი) ადვილად აღიქვამს როდის და რა შინაარსზეა საუბარი. რა შინაარსებია ეს? სტრატეგია, როგორც მიზანმიმართულ თანმიმდევრულ ქმედებათა ერთიანობისა და მიმართულების განმსაზღვრელი გენერალური გეგმა (მაგ. შლიფენის გეგმა საფრანგეთის ოკუპაციისთვის); სტრატეგია, როგორც ზემოაღნიშნული ტიპის ქმედებათა განხორციელება, მართვა; სტრატეგია, როგორც ზოგადი მეცნიერება, რომელიც იკვლევს იმ ფენომენის ბუნებას, რომელსაც სტრატეგიად მივიჩნევთ და რისი პრაქტიკული ღირებულება იმ უნარში მჟღავნდება, რასაც , მიღებული ცოდნის საფუძველზე, სხვადასხვა სტრატეგიული ამოცანის გადაჭრისას ვავლენთ. (მაგ., ქვეყნის ომისათვის მზადების პრაქტიკა მთლიანად ომის ამა თუ იმ თეორიაზეა დამყარებული, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა ომის წარმოების სტრატეგიული ყალიბების ცოდნა, რასაც მხოლოდ სტრატეგია, როგორც მეცნიერება იძლევა); სტრატეგია, როგორც მეთოდოლოგია, რომელიც გვაჩვენებს,თუ როგორ უნდა ავაგოთ პროცესი, ხოლო შემდეგ, როგორ უნდა ვმართოთ, რომ სასურველი შედეგის ალბათობა გავზარდოთ; სტრატეგია, როგორც ტექსტი, სადაც აღწერილია წინა ოთხ პუნქტში ნაგულისხმები რომელიმე შინაარსი. აღნიშნულის თაობაზე, ალბათ, შეჩერება არც ღირდა, რომ არა ერთი, მეტად საინტერესო გარემოება: ყველა ფრაზა, ანუ სიტყვათა ერთობლიობა, რომელსაც კონკრეტული საზრისი გააჩნია და რომელიც თავის კომპონენტად სიტყვა „სტრატეგიას“ შეიცავს, ასევე, სულ ცოტა, ხუთი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. მაგალითად, სიტყვათა წყობა „უსაფრთხოების სტრატეგია“ ნიშნავს ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ქმედებათა გენერალურ ხაზს, გეგმას, ან ასეთ მოქმედებათა წარმართვას, ან კვლევას, რომელიც უსაფრთხოების მიღწევადობის შესაძლებელ ფორმათა შესწავლას გულისხმობს, ან მეთოდოლოგიას, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გენერალური გეგმის შერჩევის მექანიზმს აღწერს, ან დოკუმენტს, ტექსტს, სადაც ეს ყველაფერი ასევე არის აღწერილი, ანუ მოთხრობილი. არანაკლებ საინტერესოა სიტყვათა წყობის „ეროვნული ინტერესები“ შინაარსი. საქმე იმაშია, რომ ევროპული სააზროვნო პარადიგმა ერსა და ეროვნულ სახელმწიფოს აიგივებს იმ აზრით, რომ ამ სახელმწიფოს წევრად (მოქალაქედ) თავის აღქმა გაიგივებულია ერის წარმომადგენლად თავის აღქმასთან. ქართული სააზროვნო პარადიგმა ასეთ გაიგივებას არ ცნობს. ამიტომ, ევროპული პოლიტიკური სააზროვნო სივრცისთვის ფრაზა „ეროვნული ინტერესები“ გაიგივებულია ფრაზასთან „სახელმწიფო ინტერესები“, ხოლო ქართულ პოლიტიკურ სააზროვნო სივრცეში ამ ფრაზის აღქმადობა გაორებულია: ქართული ეროვნული ინტერესები შესაძლოა არც ემთხვეოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ეს, ერთი შეხედვით პარადოქსალური ვითარება სინამდვილეში სულაც არ გახლავთ კალამბური. ვცადოთ, გავერკვეთ: ზოგადად, მიჩნეულია, რომ ეროვნული ინტერესები (სწორედ ასე ითარგმნება ტერმინი National Interests) გახლავთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მსურს მქონდეს საერთაშორისო გარემოდ, ჩემი, როგორც სახელმწიფოს დანიშნულების განსახორციელებლად. კი მაგრამ, რა შუაშია აქ სახელმწიფო? პრობლემის თავიც აქაა დამარხული: „National“, რომელიც სიტყვა „ეროვნულით“ ვთარგმნეთ, სინამდვილეში სახელმწიფოს ნიშნავს და არა სხვა რამეს. ამის მიზეზი კი ზემოთ მინიშნებული გარემოება გახლავთ. მას შემდეგ, რაც ახალ დროში საერთაშორისო სისტემის დომინანტად ეროვნული სახელმწიფო იქცა, მისი ტერიტორია, პოლიტიკური და ეკონომიური ერთობა, სუვერენიტეტი და ადგილი საერთაშორისო სისტემაში ასეთი სახელმწიფოს განმსაზღვრელ მახასიათებლებად იქცა. ყველაფერი ეს გამოკვეთს სახელმწიფოს დანიშნულებას: შიდა წესრიგი, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და აქვე თუ დავსვამთ კითხვას – რა გვინდა რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს – პასუხი საკმაოდ კონკრეტული ჩამონათვალის სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ერთადერთი, რაც ამ ჩამონათვალში ხვდება, ცალსახად უნდ მიგვანიშნებდეს, რა უწყობს ხელს ჩვენს შიდა წესრიგს, ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ასე დგება ის შკალა, რასაც ინტერესთა შკალას ვეძახით. აქედან გამომდინარე, ინტერესი შეიძლება იყოს გეოგრაფიული ისტორიული კულტურული ეკონომიკური პოლიტიკური უსაფრთხოების ინტერესები ასევე შეიძლება იყოს მყარი, მუდმივი (მაგ. გეოგრაფიული ან იდეოლოგიური); დროებითი (მაგ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა). გარდა ამისა, ინტერესებს ასხვავებენ ხარისხის მიხედვით: თვითშენარჩუნების (გადარჩენის, თვითგადარჩენის აზრით – „survival“): ეხება ყოფნა-არყოფნას, მაგ. ბირთვული ომის მუქარის შემცირება; სასიცოცხლო: სახელმწიფოს ფუნქციონირების შესაძლებლობა, მაგ. ენერგორესურსებზე წვდომა; მნიშვნელოვანი (ძირითადი), მაგ.რეგიონული სტაბილურობა პერიფერიული, როდესაც მისი განუხორციელებლობა არაფერს ცვლის სასიცოცხლო ან ძირითად ინტერესებთან მიმართებაში. შესაძლოა,ინტერესები განვსაზღვროთ მათი რაობის მიხედვით: მატერიალური, მაგ. გარკვეული წიაღისეულის წვდომა არამატერიალური, მაგ. ღირებულებები, იდეოლოგია, რომლის ლობირებასაც სახელმწიფო ცდილობს. ამგვარად, ყალიბდება ინტერესთა სტანდარტული ჩამონათვალი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: გადარჩენა და უსაფრთხოება; პოლიტიკური და ეკონომიკური მთლიანობა; ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა; ზოგადი სტაბილურობა და საერთაშორისო წესრიგი. ახლა, თუ შევადარებთ ორ ტერმინს „ეროვნული ინტერესები“ და „სახელმწიფო ინტერესები“, ადვილად აღმოვაჩენთ სხვაობას, რომელიც ქართული მენტალობისთვის შედარებით ადვილი დასანახია: ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემა ერს, შესაძლოა, მაშინაც დაუდგეს, თუ კი ასეთი რამ ეროვნულ სახელმწიფოს არ ემუქრება. ეს მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია. სხვათა შორის, ამავე ვითარების გამო, განსხვავდება ასევე „ეროვნული უსაფრთხოება“ და „სახელმწიფო უსაფრთხოება“ და შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც“, როგორც ჩანს, სხვაა, ხოლო „სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია“ – სხვა და საქართველოში ეს სხვაობა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით, შენარჩუნდება. ზოგადად, სამხედრო საფრთხე განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: 1. სახელმწიფოთა შორის არსებული დაპირისპირება, რომლის გადასაწყვეტად შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხედრო ძალა; 2. ერთ-ერთი მხარის იმდაგვარი სიძლიერე, რაც მას შეტევითი საბრძოლო მოქმედების საშუალებას აძლევს; 3. დაპირისპირებულ მხარეთა ჩამოყალიბებული აზრი, რომ სამხედრო ძალის გამოყენება მიზანშეწონილია. მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოება არის სახელმწიფოს, თავად საზოგადოებისა და პიროვნების დაცულობის ხარისხი გარე და შიდა სამხედრო საფრთხეებისგან. ასევე მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოებას გააჩნია სამი პარამეტრი: უსაფრთხოების სუბიექტი; უსაფრთხოების ობიექტი და უსაფრთხოების ინსტრუმენტები. სხვა სიტყვებით, ესაა პასუხი კითხვებზე: ვინ უზრუნველყოფს (ახორციელებს) უსაფრთხოებას? ვის მიმართ ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? რა საშუალებებით ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? ჩვეულებრივ, სტანდარტული პასუხები შემდეგია: სუბიექტი არის სახელმწიფო, მისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სახით; ობიექტებია: სუვერენიტეტი; ტერიტორიული მთლიანობა; კონსტიტუციური წყობა; საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები; ცალკეული პიროვნება. ინსტრუმენტებია: შეიარაღებული ძალები; დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოები; სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებები; საგარეო-პოლიტიკური სტრუქტურები. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სუბიექტს საშუალებას აძლევს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ეფექტურად გამოიყენოს ომის მსვლელობისას. პირველი, ეს გახლავთ სახელმწიფო ინსტრუმენტების უზრუნველყოფა ომისათვის მზადების სამართლებრივი და თეორიული ბაზით. ერთს კონსტიტუცია უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს – უსაფრთხოების სტრატეგია. მეორე, ეს პრაქტიკულ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომელიც ასევე ორ ჯგუფად იყოფა: ღონისძიებათა პირველი ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე ჰიპოთეტურია: მომავალი (შესაძლო) ომის ხასიათის განსაზღვრა; სამხედრო-ეკონომიკური ვითარების შეფასება; სამხედრო საფრთხის ხარისხის განსაზღვრა. ღონისძიებათა მეორე ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე რეალურ კონტურებს იძენს – გადადის ჰიპოთეტურიდან მოსალოდნელში: საომარი ვითარებისთვის ეკონომიკისა და მოსახლეობის მომზადება; ომის სტრატეგიული დაგეგმვა; სამობილიზაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება; სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება; შესაძლო საბრძოლო სივრცის შერჩევა, განსაზღვრა და ბრძოლისთვის მომზადება; ომის დიპლომატიური უზრუნველყოფა. ქვეყნის საომარი მზადების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რაც ასევე, რამოდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. აქაც, აღნიშნული ფაქტორები თეორიულ და პრაქტიკულ ნაბიჯებად იყოფა: თეორიულია: შესაძლო დაპირისპირების სტრატეგიული საზრისის და სტრატეგიული ამოცანის განსაზღვრა; ადეკვატური სამხედრო ჩარევის დონისა და ამოცანების განსაზღვრა; აღნიშნულის შესაბამისი შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, რიცხოვნობის და ხარისხის განსაზღვრა; ამოცანების შესატყვისი დოქტრინის შემუშავება და ა.შ. პრაქტიკულია: სათანადო სამხედრო სტრუქტურების დაკომპლექტება; ოფიცერთა მომზადება; პირადი შემადგენლობის ფოკუსირებული წვრთნა; საბრძოლო მოქმედებებისთვის ლოგისტიკური კომპონენტების განსაზღვრა და უზრუნველყოფა და ა.შ. ჩვენს მიერ განხილული ტერმინები არც ერთადერთია და არც სრულად გაშლილი. მეტიც, ყველა მათგანის გარშემო შესაძლოა მსჯელობის იმდაგვარი გაშლა, რომ თითოეული გახდეს ცალკე განხილვის ობიექტი. განსაკუთრებით ეს ქვეყნის ომისათვის მზადების შინაარსს ეხება. ჩვენი მიზანიც იმდაგვარი მინიშნებების გაკეთება იყო, რომელიც დაგვანახებდა, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი კვლევების გაშლა, რომ, გარკვეული აზრით, ჩვენს სააზროვნო სივრცეში ერთგვარი ინტერესი გაჩენილიყო და ბიძგი მიგვეცა ამდაგვარი კვლევებისათვის. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების გარშემო მსჯელობა საშუალებას გვაძლევს უფრო გააზრებულად შევხედოთ იმ კითხვებს, რომლებზედაც პასუხი, პრაქტიკულად, გზამკვლევია სახელმწიფოსა და ერის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კითხვები გახლავთ შემდეგი: რას ვიცავთ? რისგან ვიცავთ? როგორ ვიცავთ? ზედაპირულადაც რომ გადავავლოთ თვალი ზემოთქმულს, ადვილად დავინახავთ, რომ სხვადასხვა შესაძლო პასუხები, ძირითადად, მოხმარებულ ტერმინთა სხვადსხვა შინაარსებით არის განპირობებული. მაგალითისათვის, გავშალოთ პირველი კითხვა: დასაცავი ობიექტების ჩაშლა კიდევ არის შესაძლებელი, თუმცა არსებულიც საკმარისია, რომ დავინახოთ, რომ საფრთხეები (რისგან ვიცავთ?), რომელიც ემუქრება ერთს და საფრთხეები, რომელიც ემუქრება მეორეს, სხვადასხვა სივრციდან მომდინარე საფრთხეებია. შესაბამისად, მათთან გამკლავების ინსტრუმენტებიც (როგორ ვიცავთ?) სხვადასხვა სივრცეშია მოსაძებნი. პარადოქსულია, მაგრამ ბოლო კითხვაზე პასუხი ერისათვის ეროვნული სახელმწიფოა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
-
1
-
- უსაფრთხოება
- სტრატეგია
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ის, რომ ქართული სინამდვილე, ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გარკვეული აზრით, პრობლემატურია, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, არ შეუძლია უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი წინააღმდეგობა რომ დაიცვას მოსახლეობა და ტერიტორია . პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის შეიძლება ორ ქვეპრობლემად დაიყოს: სტრატეგიული და დოქტრინული. პირველი პრობლემის თავი და თავი, უსაფრთხოების რელევანტური, კონცეპტუალურად დაბალანსებული სტრატეგიის არარსებობაა (ბოლო წლებში პრეზენტირებული სტრატეგიული ხედვების სიმრავლის მიუხედავად ). სტანდარტული პროცედურა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, წარმატებით გამოიყენება (ე.წ. აშშ არმიის სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგია), შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს: ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ ეროვნულ ინტერესებს (ეს არ გახლავთ ერთსვლიანი პროცედურა და შუალედურ რგოლად აუცილებლად მოითხოვს ეროვნული მიზნების განსაზღვრას) ვახდენთ გარემოს სტრატეგიულ შეფასებას; ვირჩევთ ეროვნულ (სახელმწიფო) პოლიტიკას; ვაყალიბებთ უსაფრთხოების (სახელმწიფო) სტრატეგიას (პოლიტიკის უსაფრთხო რეალიზაციის სქემას); ვსაზღვრავთ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას (როგორც შერჩეული პოლიტიკის ეფექტური მხარდაჭერის ინსტრუმენტს); ვაფასებთ რისკებს, რის შემდეგ, შესაძლოა, პროცესის გამეორება დაგვჭირდეს ეს გახლავთ ერთგვარი ალგორითმი, რომლის თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოში ინსტიტუციურად გამყარებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების სახით. ასე მაგალითად, ეროვნული ღირებულებების სისტემა კონსტიტუციაშია (უნდა იყოს) წარმოდგენილი და ამ მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას არც ერთ ინდივიდუმს და არც ერთ ინსტიტუტს არ უტოვებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა, ასევე, რამოდენიმე ცნების საკმაოდ სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მაგალითად, მოცემულ კონტექსტში სტრატეგია გააზრებულია როგორც სახელმწიფოს მიერ მის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტების (პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული) კოორდინირებული გამოყენება. სტრატეგიის ამდაგვარი გაგება, საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ მისი საყრდენი წერტილები: მიზანი, (ძალის) ინსტრუმენტები, რესურსი. ასე რომ, სტრატეგია ერთგვარი სამფეხაა, რომელიც ამ საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ასურათებენ – როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის მქონეა. რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ პასუხები სამ, შედარებით მარტივ, კითხვაზე: რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი) რა გზით არის შესაძლებელი მიზნის განხორციელება? (ინსტრუმენტი) რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზანი? (რესურსი) სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს მიზანთან შეცდომით აიგივებენ, წარმოადგენს პასუხს კითხვაზე თუ რა მსურს, რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს, რომ მიზნის რეალიზაცია შევძლო? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში ფიგურირებს, გახლავთ რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. თუ კი ჩვენს სამფეხას დავუბრუნდებით, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც სამფეხა არათანაბარ „ფეხებზე“ დგას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რომელიმე „ფეხის“ სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია დანარჩენებზე. კუთხე, რომლითაც ამ დროს სამფეხა არის დახრილი, არის აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია (ანუ „სამფეხა“ ისეთნაირად არის დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს: მეტად ამბიციური მიზანი, რომელიც რესურსით ან საშუალებებით არ არის გამყარებული, ნაკლებ ამბიციური და მიღწევადი მიზნით იცვლება. განვიხილოთ ეს ვითარება მაგალითზე: დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოს ძირითად მიზნად შეირჩა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ინახოს სახელმწიფოს ძალის რა ინსტრუმენტები გააჩნია მას ამ მიზნის სარეალიზაციოდ? თუ ეს არის არშემდგარი სამხედრო ძალა, სუსტი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ამავდროულად, დეზორიენტირებულია საკითხის მოგვარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის არარსებობით და, ასევე, სუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით, მაშინ, ცხადია, რა სიტყვებიც არ უნდა დავხარჯოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას, მიზანი განუხორციელებელი დარჩება. თუ, ამავე დროს, მიზნის სარეალიზაციოდ არანაირი ხელშესახები რესურსიც არ არსებობს, ე.წ. „სტრატეგიული სამფეხა“ „ამოგვიყირავდება“: რისკი, რომ შერჩეული სტრატეგია ჩავარდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო იმედგაცრუების ემოციური ტალღა, რომელიც ამ ჩავარდნამ შესაძლოა გამიწვიოს, შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ აღნიშნული მიზანი საერთოდ ამოვარდეს ქვეყნის პოლიტიკური ცნობიერებიდან. ეს რომ არ მოხდეს, როგორცა ჩანს, მიზნად, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამბიციური, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა განისაზღვროს: მაგალითად, როგორ შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი რესურსი? ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, პირველ რიგში, იმის ზუსტად განსაზღვრას თუ რა არის ეს რესურსი? ახალი მიზანი ისევ, იმავე საფეხურებით, რისკ-ფაქტორამდე უნდა მივიდეს და ხელახალი „დაყირავებული“ სამფეხას შემთხვევაში, პროცესი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ცუდათაა შერჩეული, იმ აზრით, რომ არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტად იქცეს, შეგნებულად ავირჩიეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თუ რა სირთულეები იმალება, ერთი შეხედვით, მარტივი და ცხადი ფრაზების უკან, როგორც კი ისინი პოლიტიკურ კონტექსტში ინაცვლებენ და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის სლოგანად იქცევიან. ჩვენს, ქართულ სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, აქ პრობლემა იმითაცაა დამძიმებული, რომ ეროვნული ღირებულებების სისტემა ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობის ასპარეზია. ის, რაც კონსტიტუციურად არის ინსტიტუციონალიზებული, სახელმწიფოს მიზნების ფორმულირებისთვის მყარ ორიენტირს არ იძლევა. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ? მართალია, ეს კითხვა მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ თუ მასზე რეალური პასუხი არ მოიძებნა იმ ღირებულებათა ჩამონათვალის სახით, რომელიც სპეციფიკურად ქართულია, თავად ქართული სახელმწიფოს, როგორც ამ ღირებულებათა რეალიზაციის მექანიზმის არსებობა, აზრს კარგავს. დემოკრატია, კეთილდღეობა, პიროვნული თავისუფლებები, და სხვ. ზოგადად, ის ღირებულებებია, რომელთა უზრუნველყოფა დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემის წევრად აღიარებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგვარი პასპორტია. მათი რეალიზაციის გაცხადებით ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემაში მყოფ სხვა სუბიექტებთან ერთად დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს საზოგადოება სპეციფიკურად ქართული, სამწუხაროდ, არ ჩანს. თუ ჩვენ, გარდა აღნიშნულისა, სხვა არც ერთი ღირებულება არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას ვცდილობთ, მაშინ მართლაც სულერთი უნდა იყოს რა ენაზე ვილაპარაკებთ, რომელ ეკლესიაში ვილოცებთ და საერთოდაც, რა ერქმევა ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზნები მხოლოდ მოჩვენებითია, ანუ უსაფრთხოების სტრატეგიული ტრიადიდან პირველი, ძირითადი ელემენტი, უბრალოდ ამოვარდნილია. თუ ამას დავუმატებთ რაც ზემოთ მოტანილ მაგალითში სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტებთან და რესურსთან დაკავშირებით ვთქვით, ვნახავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების რეალური რისკ-ფაქტორი სტრატეგიის სამივე შესაძლო კომპონენტის დაბალანსების შეუძლებლობაშია (ვინაიდან შეუძლებელია დააბალანსო ის, რაც არ არსებობს) და არანაირად იმ საფრთხეებში, რასაც ჩვენი სტრატეგიული გარემო ბუნებრივად გვთავაზობს. ამ შეუძლებლობის შედეგია ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოების არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული მაინც. სხვა სიტყვებით, ქართული სტრატეგიული „სამფეხა“ ჰაერში კიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტრინის პრობლემა: რა დოქტრინით უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი არმია, რომ შემდეგი სამხედრო დაპირისპირების მოგერიება შევძლოთ? აქაც რამოდენიმე უხერხულ კითხვას ვაწყდებით: დავიწყოთ იმით, რომ შიდა და გარე სამხედრო მუქარებისგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამხედრო უსაფრთხოების ძირითად შინაარსს. ხოლო ღონისძიებანი, რომლებიც ამ შინაარსის რეალიზაციას უზრუნველყოფს, წარმოადგენს ქვეყნის ომისათვის მზადების პროცესს. ქვეყანა ომისათვის ემზადება მაშინაც, როდესაც არანაირ ომს არ გეგმავს და მაშინაც, როდესაც არავინა არ გეგმავს მასთან ომს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის არსებობს ზოგადად არმიები? ეს კი, ჩვენ შემთხვევაში, ნიშნავ იმას, რომ თუ კი საქართველო მომავალი ომისათვის არ ემზადება, მაშინ რატომ ვინახავთ ქართულ არმიას? ამ კითხვას, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ პრობლემაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე არც ჩანს: ზოგადად, რა სახის ომების წარმოება შეუძლია დღევანდელ არმიებს? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი არმიები, ძირითადად, მხოლოდ მეორე და მესამე თაობის ომებისთვის არის მზად. სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობანი, რომელიც ამა თუ იმ არმიას სხვის მიმართ გააჩნია, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ცვლის ომის ხასიათს. თანაც, ის არმიები, რომლებსაც შეუძლიათ მესამე თაობის ომი აწარმოონ და მოწინააღმდეგე ამ გზით დათრგუნონ, თითზეა ჩამოსათვლელი. ის, რომ არმიების გამოყენება დღეს, მეტწილად, ლოკალურ კონფლიქტებში, არასპეციფიკური დანიშნულებით ხდება, ამ სურათს მთლიანობაში არ ცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული არმიის მზადებაც, რამენაირად, ამ ყალიბში უნდა მოექცეს. მზადების სხვა მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს. აი აქ კი ჩნდება სერიოზული კითხვა: რომელ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ქართულ არმიას მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ის მეორე ან მესამე თაობის ომში ჩაება? ეს კითხვა რამოდენიმე ქვეკითხვად იშლება: ვისთან არის შესაძლო ამ ტიპის კონფლიქტი? რა გეოგრაფიული არეებია სავარაუდო კონფლიქტის ზონა? რა შეიარაღებული ძალებია(ხარისხი, რაოდენობა) წარმატებისათვის საჭირო? როგორი იქნება მოსახლეობის დაძაბვის ხარისხი მომავალ ომში? ის, რაც უახლესმა ისტორიამ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივი პასუხი პირველ კითხვაზე გაგვაჩნია. თუმცა ეს, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან, კითხვას აჩენს: პასუხები, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაინც, ბუნდოვანია, ვინაიდან ასეთი პასუხები სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. დღევანდელი ვითარებით, არმია და შესაბამისად, სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში განიცდის კოლაფსს. განსაკუთრებით კი, თუ ის მეოთხე თაობის ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარებით, ქართული შეიარაღებული ძალები, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ როგორც საერთაშორისო ძალების შიგნით მოქმედი ქვედანაყოფი და მათი გამოყენებით სახელმწიფოს მართლაც შეუძლია გარკვეული საგარეო-პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ამ ასპექტს აძლიერებს ქართული არმიის პროფესიონალიზაციის ტენდენციაც, რომელიც, ბოლო წლებში, ნელ-ნელა გამოიკვეთა: პროფესიული არმიები, თავიანთი ბუნებით, ძირითადად, საექსპედიციო ძალებია. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის კონცეფციაც, ზოგადად, ამაზეა ორიენტირებული. ბუნებრივია, დოქტრინა, რომელიც ამდაგვარი არმიის მზადებას უზრუნველყოფს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოდ არ ვარგა (თუ კი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობა, საბოლოოდ, საგარეო ფაქტორებზე არ არის მიბმული). მაგრამ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტები, რომელიც არმიის მშენებლობის ოფიციალურ დოკუმენტებადაა წარმოდგენილი და სადაც აღწერილია თუ რა ვითარებაში როგორ დაიცავს არმია მოსახლეობასა და ტერიტორიას, უბრალოდ არაადეკვატურია. ერთი შეხედვით, ჩიხში ვართ. იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში არსებული, ჩვენს გარდა, ოთხი პოლიტიკური მოთამაშიდან ერთი, თავისი მისწრაფებებით და ამბიციებით, ზესახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის, მეორე -რეგიონში ყველაზე წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობს, ხოლო დანარჩენმა ორმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო მშენებლობას, ისე ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა სხვის კეთილ სურვილზეა დამოკიდებული. ეს არც თუ მთლად სახარბიელო პერსპექტივაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში კეთილი ნება, ხშირად, ცვალებადი პარამეტრია. როგორ უნდა გავართვათ თავი ამ დილემას? როგორ ვიმოქმედოთ, რომ სხვის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუ ერთ დღეს თავი მტრულ გარემოცვაში ვიგრძენით? თუ მეოთხე თაობის ომების სავარაუდო დახასიათებას გავიხსენებთ, როგორცა ჩანს, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა რომ შესაძლებელია მეოთხე თაობის ომების საწარმოებლად სერიოზულად ვემზადოთ: მეოთხე თაობის ომების სივრცე ხომ პრაქტიკულად ათანაბრებს ძლიერი-სუსტის დისბალანსს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრ დოგმაზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო მშენებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროფესიული კონტინგენტი როგორს სიმბოლო, ან იგივე საგარეო მოხმარებისათვის, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება მეორე დოქტრინაც, სახელმძღვანელო, რომელიც საკუთარი თავის დაცვას შეგვაძლებინებს. როგორ იქნებიან ამ სისტემაში ინკორპორირებული ჩვენი პროფესიონალები, ერთ-ერთი რთული საკითხია გადასაწყვეტად. თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის რეჟიმში გადასაყვანი სტრატეგია, ვინაიდან ცვალებად სამყაროში ბევრი რამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია ისიც, რომ სანამ ქვეყანაში მეოთხე თაობის სრულ პოტენციალს შევქმნით, საბრძოლო სივრცე მეხუთე თაობის კომბატანტთა ასპარეზად იქცეს და ჩვენ ისევ აუტსაიდერთა რიგებში აღმოვჩნდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს? კითხვა დასმულია და იმედია, ვინმე პასუხზეც დაფიქრდება. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
-
- მოსაზრებები
- საქართველოს
-
(and 4 more)
Tagged with:
-
სისტემური პარადოქსი: რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები | მარი გაბუნია
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ეროვნული გამოცდების რეფორმის წინაპირობა საქართველოში 2003 წელს ქვეყნის მიერ პროდასავლური კურსის არჩევა იყო, რასაც მოყვა რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მოდელზე გადასვლის მცდელობა განათლების სფეროში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესის გადახედვით დაიწყო, შესაბამისად, 2005 წლიდან დაინერგა ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც დაეფუძნა უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელით ჩანაცვლების იდეას. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი განისაზღვრა როგორც: ა) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა ბ) საგნამნათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა ეროვნული გამოცდების პირველი მიზანი, მიაღწიოს გამჭვირვალე, ანტიკორუფციულ და კონფიდენციალურ საგამოცდო პროცედურას მიღწეულია. სადაოა რამდენად აღწევს ეროვნული გამოცდები მისთვის განსაზღვრულ მეორე მიზანს და ახერხებს უნივერსიტეტებში გაგრძელების მსურველთა იმ უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რამაც შემდგომში უნდა გადაწყვიტოს არიან თუ არა მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების „ღირსნი“. ამ „ღირსების“ დასადგენად ბოლო წლებში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა: დაამატეს საატესტატო გამოცდები, შემდეგ გააუქმეს, ასევე გაუქმდა ზოგადი უნარების გამოცდა. 2019 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, თავად ჩაატარა ეროვნული გამოცდების შეფასების კვლევა , სადაც აღწერილია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ძირითადად მის პროცედურულ გამართულობას და ობიექტურობას უსვამს ხაზს. ამ კვლევის საფუძველზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი დაერწმუნებინა სამინისტრო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო, რაც გვაფიქრებინებს რომ სისტემის ლოგიკის მიხედვით, გამოცდების ობიექტურობისა და პროცედურული გამართულობის ღირებულება ჭარბობს გამოცდების ნაკლოვანებებს. განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიცია ბადებს ეჭვს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამინისტროს ძალიან უჭირს ეროვნულ გამოცდებთან გამომშვიდობება, რადგან ის დღემდე განათლების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ითვლება. ეროვნულმა გამოცდებმა თავისი როლი და სასიცოცხლო ციკლი უკვე დიდი ხანია ამოწურა, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დავრჩეთ ამ რეფორმის ხიბლში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ვერტიკალური განათლება განათლების მნიშვნელობის აღქმა პოლიტიკის დოკუმენტებში და რეალობაშიც საფეხურეობრივია. ვერტიკალური სვეტის მთავარი მიზანი საფეხურებს შორის ნახტომების გაკეთებაა და შინაარსობრივი აქცენტი თითოეულ საფეხურზე ყოფნის დროს ხარისხიანი განათლების მიღების დაკარგულია. სხვა სიტყვებით, ეროვნულმა გამოცდებმა ზოგადი განათლების მიზანი განსაზღვრა როგორც უნივერსიტეტში მოხვედრის ფუნქცია და არა სკოლაში ყოფნის დროს სრულყოფილი სასკოლო განათლების მიღება. ამგვარ ვერტიკალურ კიბეს ართულებს თანმდევი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლის გათვალისწინებითაც ეროვნული გამოცდები განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ უთანასწორობას უფრო მეტად აღრმავებს ვიდრე ამცირებს. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადი განათლების ხარისხი კორელაციაშია გამოცდების შედეგებთან. ზოგადი განათლების შეფასება ქვეყანაში ხდება სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების მიხედვით (PISA, TIMSS). არსებული შედეგები არც თუ ისე დამაიმედებელია. TIMSS – ის მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2015 წლამდე უთანასწორობა განათლებაში გაიზარდა. სხვაობაა ქალაქისა და სოფლის, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის. PISA -ს 2019 წლის მონაცემებით, სხვაობა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის 44 სატესტო ქულას შეადგენს. ასევე, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონდე მოსწავლეები 78 ქულით ჩამორჩებიან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეებს. TIMSS -ის მიხედვით კერძო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე მაღალი შედეგი აქვთ. PISA -ს კვლევაში ჩანს, რომ აზერბაჯანულ ენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყელო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ ვინც ტესტი ქართულად დაწერა. კვლევების შედეგები მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსწავლეების მიღწევებს ზოგად განათლებაში და ეროვნულ გამოცდებზე საგრძნობლად განსაზღვრავს სკოლების ადგილმდებარეობა (სოფელი/ქალაქი), სკოლის ტიპი (საჯარო/კერძო) და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სპეციფიკა (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები). ამ ტენდენციას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის კვლევა და აღიარებს, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის ტიპის მიხედვით, ეს ცვლადი ასევე გავლენას ახდენს სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე. ამ მოცემულობაში, გაუგებარია რატომ უწყობს სისტემა ხელს უთანასწორობის გაღრმავებას, როცა გამოცდების გაუქმებით მისი სრულად აღმოფხვრა არა, მაგრამ საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია. ზოგადი განათლების ორი პარალელური სისტემა ქვეყანაში არსებობს ორი ზოგადი განათლება, ერთი ფორმალური და მეორე არაფორმალური. ეროვნული გამოცდები არაფორმალურ ზოგად განათლებას – რეპეტიტორთა ინსტიტუტს – აძლიერებს და ამით აღრმავებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, რეპეტიტორთან მომზადების მთავარ მიზეზად დასახელებულია ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი (53%). მომზადება დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებთან, ამ მხრივ პროპორცია მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის არის 64 და 24 %. არც მასწავლებლები არიან თანაბარ პირობებში, ისინი ერთი ტიპის მომსახურებში განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით. კობახიძის (2018) კვლევის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში მათემატიკის მასწავლებელი აბიტურიენტის მომზადებაში იღებს 1000 დან 1800 დოლარმდე 10 თვის განმავლობაში. იგივე მონაცემები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ინგლისურში ქობულეთში ერთი მასწავლებელი იღებს 40-დან 70 ლარამდე, საგარეჯოში – 50 ლარს. მასწავლებლების სოციო-ეკონომიკური სტატუსიც განსაზღვრავს ფასწარმოებას, თუ მათი ოჯახები ფინანსურად რთულ მდგომარეობაში არიან, ისინი იგივე მომსახურებში ბევრად დაბალ თანხას იღებენ (მაგ. 30 ან 40 ლარი ერთ საგანში). 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, მშობლების მიერ ზოგად განათლებაში დახარჯული თანხა დაახლოებით შეადგენდა 300 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოყოფილი თანხის 85,5% წარმოადგენს და აქედან 40 % არის რეპეტიტორების ხარჯები. საერთო ჯამში რეპეტიტორების წილი ზოგადი განათლების ბიუჯეტის 35 % -ია . ამ მხრივ დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა რომ შეცვალა. რეპეტიტორთა ინსტიტუტი სრულად ვერასდროს გაუქმდება და ეს სამინისტროს თვითმიზანი არც უნდა იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია მაშტაბების გათვალისწინება. ძლიერი რეპეტიტორთა ინსტიტუტი ერთგავრი მესიჯია, რომ მასწავლებლის დაფასება და აღიარება ხდება გამოცდების ქულების მიხედვით და არა სკოლაში ყოფნის დროს მათი მოსწავლეებთან ურთიერთობის და ჯანსაღი სასწავლო გარემოს ხელშეწყობის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, ხდება სკოლის როლის და რეპუტაციის დაკნინება. კობახიძის (2018) წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეები რომლებიც კერძოდ ემზადებიან კარგავენ ინტერესს ჩაერთონ სასკოლო პროგრამის მიერ განსაზღვრულ სასწავლო აქტივობებში. ასევე, მასწავლებელებს უჭირთ იმ მოსწავლეების მიმართ ფავორიტიზმის დამალვა, რომლებსაც კერძოდ ამზადებენ. გამოდის რომ სკოლა მოსწავლეებს კი არ ეხმარება გამოცდების ჩაბარებაში, არამედ პირიქით – ხელს უშლით მათ. ამავე პრობლემას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშიც (2019), რომელიც ამბობს რომ რეპეტიტორებთან მომზადება გარდაუვალ საჭიროებად აღიქმება და რომ კერძოდ მომზადება მჭიდრო კავშირშია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან და ეროვნული გამოცდების შედეგებთან. გამოდის რომ გვაქვს ნახევრად ბუტაფორიული ზოგადი განათლება, რომელსაც ადასტურებს ეროვნული გამოცდების ცენტრის კვლევაც, მაგრამ მაინც არ ჩანს მისი ცვლილების სურვილი, რაც კიდევ ერთი სისტემური პარადოქსია. ხარჯთეფექტურობა ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს საგამოცდო ტესტების მომზადებაში, ინფრასტრუქტურაში, გამოცდების შედეგების გასწორებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 2018 წელს იყო 11, 810, 000 მილიონი ლარი, აქედან ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა 4, 400, 000 მილიონ ლარს. ამას შეგვიძლია დავამატოთ მშობლების მიერ ყოველწლიურად დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარი კერძოდ მომზადებაში (დაახლოებით 180 მილიონი ლარი). თანხები საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ჩანს ვინ იღებს სარგებელს ამ დანახარჯებიდან. თუ ვიტყვით, რომ პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები, მშობლები და უნივერსიტეტები, მაშინ ვნახავთ რომ მოსწავლეების და მშობლების ინტერესი მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება მიღწეული არ არის, უნივერსიტეტის ინტერესი ჰქონდეს გარკვეული ავტონომია და მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების შერჩევის პროცესში პროგრამების შესაბამისად, მიღწეული არ არის. სხვა სიტყვებით, ეროვნული გამოცდები განათლების ხარისხის ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების ინტერესებს არ ემსახურება, მაშინ ლოგიკურია დაისვას კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა გამოცდების პროცედურულ გამართულობაში მილიონობით ლარის ყოველწლიურად დახარჯვა თუ შინაარსობრივ სარგებელს არცერთი მხარე არ იღებს ? აქვე, დამატებითი კითხვა თვითრეფლექსიისთვის: რა სარგებელს მიიღებდა ზოგადი განათლება მილიონობით ლარის ინვესტირება ყოველწლიურად გამოცდების ორგანიზების ნაცვლად სკოლების გაძლიერებაში რომ მომხდარიყო ? ალტერნატივა ეროვნული გამოცდების შედეგები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ერთადერთი კრიტერიუმია. არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს მოდელი, რომელიც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ 3 საათიან გამოცდაზე მიღებული შედეგების მიხედვით წყვეტს. ალტერნატიულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს კრიტერიუმების მრავლფეროვნება და მათი წონის გადანაწილება. კრიტერიუმების მრავალფეროვნება შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ჩაერთონ შერჩევის პროცესში. მაგალითად, დანიშნონ დამატებითი გასაუბრება,მოითხოვონ სამოტივაციო წერილი, სასკოლო ნიშნების ფურცელი, დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. პროცესი უნდა შეადგენდეს ამ მონაცემების ერთობლიობას და უნდა გაერთიანდეს პორტფოლიოში. ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, გაზრდის უნივერსიტეტების ავტონომიას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სკოლის დაკნინებული როლის აღდგენას. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამგვარი მოდელიც შეიცავს რისკებს, მაგალითად, სკოლაში ნიშნების დაწერასთან დაკავშირებული კორუფციის მატება და უნივერსიტეტების გასაუბრებისა და პორტფოლიოების შეფასების არაობიექტურობა. ეს რისკები ნამდილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიულ მოდელზე გადასვლა ამ მიზეზების გამო შეფერხდეს. სამინისტროს ვალდებულებაა თანხების ინვესტირება მოახდინოს ალტერნატიული მოდელის ფუნქციურ და მეთოდოლოგიურ დახვეწაში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მასთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ რისკებს.-
- სისტემური
- პარადოქსი:
- (and 7 more)