Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ცნებათა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება, უსაფრთხოების კონცეფცია, დოქტრინები – ეს ტერმინები საკმაოდ ხშირად გვესმის და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების პროცესში მათი სწორად და თანმიმდევრულად განსაზღვრა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები, რომელთაც ხშირად ვხმარობთ, უმეტეს შემთხვევაში, ინტუიციურად ცხადად გვეჩვენება, მათი დაზუსტების მცდელობანი, ასევე ხშირად, სირთულეებს აწყდება და მრავალ სხვადსხვა შინაარსად იშლება. ეს მრავალგვარობა, თავის მხრივ, ინტერპრეტაციათა სივრცეს ხსნის და ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები მსჯელობისას ერთსა და იმავე სიტყვების სხვადასხვანაირად მოხმარების გამო, სხვადასხვა რამეზე მსჯელობენ, თუმცა თვლიან რომ მსჯელობენ ერთსა და იმავეზე. ამ ვითარებიდან გამოსავალი ზუსტი განსაზღვრებების დადგენაა, თუმცა ასეთი რამ, ზოგჯერ, შეუძლებელია ან კიდევ, თავად განსაზღვრებანი ქმნიან ისეთივე გაურკვევლობის სივრცეს, როგორც ეს „ინტუიციურად ცხადი“ ტერმინები. ამის გამო, ხანდახან, საჭირო ხდება ასეთი ტერმინებისთვის იმ ძირითადი შინაარსის „შეხსენება“, რომლის გამოც ისინი ხმარებაში შემოვიდნენ და მათი სხვადასხვა განმარტება ან განსაზღვრება ამ შინაარსს ამა თუ იმ ფორმით, მაინც ინარჩუნებს. ქვემოთ ხუთ ასეთ შინაარსზე გავჩერდებით: უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება და ქვეყნის ომისათვის მზადება. რა ძირითადი შინაარსის გამოსათქმელად დაინერგა ეს ტერმინები და რა მნიშვნელობა აქვს მათ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისთვის? ვესტფალიის ზავმა 1648 წელს არა მარტო დაასრულა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, არამედ დასაბამი მისცა სრულიად ახალ სინამდვილეს: იშლება წმინდა რომის იმპერია და ჯერ ევროპაში, ხოლო მოგვიანებით, გლობალურად, ეროვნული სახელმწიფო ხდება საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტი. იმთავითვე, ახალი რეალობის ახალი აქტანტები რამოდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ: ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობის, კეთილდღეობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და ეს აღმოჩნდა ის ქვაკუთხედი, რაზედაც, მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, ჯერ ევროპული, ხოლო შემდეგ, მსოფლიო ისტორია აიგო. ამ აზრით, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო ნახსენებ პრობლემათა ჩამონათვალს კი დღეს ერთი სახელი – უსაფრთხოების (გნებავთ, ეროვნული უსაფრთხოების) პრობლემა ჰქვია. იმ მრავალსახეობის მიუხედავად, რასაც დღევანდელი საერთაშორისო სისტემა თავის სუბიექტთა სახით გვთავაზობს, გლობალური პოლიტიკის ყველა მონაწილე ერთნაირად უდგება როგორც თავისი გეოგრაფიული გარემოსა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოწყობის მთლიანობის, ასევე, მყარი ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საკითხს. საბოლოო ანგარიშით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა სწორედ საკუთარი სტატუს-ქვოს შენარჩუნება გახლავთ, როგორც მიმდინარე, ასევე მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების პროცესში. ამ მხრივაც, თანამედროვეობა ბევრით არ დასცილებია პროცესის საწყის ეტაპს, თუ არ ჩავთვლით იმ, მეტ-ნაკლებად აქტუალურ, თემატიკას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ლექსიკონში ჩნდება. ბუნებრივია, რომ აღნიშნული სტატუს-ქვოს შენარჩუნების ხედვა სხვადასხვაა როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღესაც, და ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს, ამ ხედვის ქმნადობა გარკვეული (შიდა) ლოგიკის მატარებელია და მუდმივები, რომელიც ამ ქმნადობის პროცესში გამოიყენება, ერთგვარ პარადიგმას ქმნის და მოვლენათა გარკვეულ განვითარებას გაცილებით გასაგებს ხდის. სწორედ ეს პარადიგმა გახლავთ ეროვნული (ნაციონალური, სახელმწიფო) უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის მოქმედებაში გადატანა უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსს შეადგენს. ზემოთქმული გულისხმობს იმასაც, რომ არსებობს ალგორითმი, რომელიც ასეთი ხედვის ჩამოყალიბების გზამკვლევია და ასევე უნდა არსებობდეს პროცედურა, თუ როგორ გარდავქმნათ ხედვა მოქმედებად. ბუნებრივია ისიც, რომ აღნიშნული პარადიგმა არც ერთადერთია და არც სრულყოფამდე დაუხვეწია ვინმეს. მათ შორის განსხვავება მეტ-ნაკლებ ეფექტურობაშია, რომელიც სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის სიზუსტით ხასიათდება, რამაც, საბოლოო ჯამში, წარმატებული პოლიტიკის ქმნადობა უნდა განსაზღვროს. თავისთავად, ეს სიტყვა, არსებული მრავალგვარი განსაზღვრების მიუხედავად, რომელთა შორის, ზოგჯერ, მსგავსების პოვნაც კი საკმაოდ რთული ხდება, სულ ხუთ მათავარ შინაარსს გულისხმობს. მეტიც, ხშირად, ერთსა და იმავე ტექსტში (და არა კონტექსტში) ის ყველა ამ მნიშვნელობით იხმარება და იგულისხმება, რომ მკითხველი (ალბათ, მაინც კვალიფიციური მკითხველი) ადვილად აღიქვამს როდის და რა შინაარსზეა საუბარი. რა შინაარსებია ეს? სტრატეგია, როგორც მიზანმიმართულ თანმიმდევრულ ქმედებათა ერთიანობისა და მიმართულების განმსაზღვრელი გენერალური გეგმა (მაგ. შლიფენის გეგმა საფრანგეთის ოკუპაციისთვის); სტრატეგია, როგორც ზემოაღნიშნული ტიპის ქმედებათა განხორციელება, მართვა; სტრატეგია, როგორც ზოგადი მეცნიერება, რომელიც იკვლევს იმ ფენომენის ბუნებას, რომელსაც სტრატეგიად მივიჩნევთ და რისი პრაქტიკული ღირებულება იმ უნარში მჟღავნდება, რასაც , მიღებული ცოდნის საფუძველზე, სხვადასხვა სტრატეგიული ამოცანის გადაჭრისას ვავლენთ. (მაგ., ქვეყნის ომისათვის მზადების პრაქტიკა მთლიანად ომის ამა თუ იმ თეორიაზეა დამყარებული, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა ომის წარმოების სტრატეგიული ყალიბების ცოდნა, რასაც მხოლოდ სტრატეგია, როგორც მეცნიერება იძლევა); სტრატეგია, როგორც მეთოდოლოგია, რომელიც გვაჩვენებს,თუ როგორ უნდა ავაგოთ პროცესი, ხოლო შემდეგ, როგორ უნდა ვმართოთ, რომ სასურველი შედეგის ალბათობა გავზარდოთ; სტრატეგია, როგორც ტექსტი, სადაც აღწერილია წინა ოთხ პუნქტში ნაგულისხმები რომელიმე შინაარსი. აღნიშნულის თაობაზე, ალბათ, შეჩერება არც ღირდა, რომ არა ერთი, მეტად საინტერესო გარემოება: ყველა ფრაზა, ანუ სიტყვათა ერთობლიობა, რომელსაც კონკრეტული საზრისი გააჩნია და რომელიც თავის კომპონენტად სიტყვა „სტრატეგიას“ შეიცავს, ასევე, სულ ცოტა, ხუთი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. მაგალითად, სიტყვათა წყობა „უსაფრთხოების სტრატეგია“ ნიშნავს ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ქმედებათა გენერალურ ხაზს, გეგმას, ან ასეთ მოქმედებათა წარმართვას, ან კვლევას, რომელიც უსაფრთხოების მიღწევადობის შესაძლებელ ფორმათა შესწავლას გულისხმობს, ან მეთოდოლოგიას, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გენერალური გეგმის შერჩევის მექანიზმს აღწერს, ან დოკუმენტს, ტექსტს, სადაც ეს ყველაფერი ასევე არის აღწერილი, ანუ მოთხრობილი. არანაკლებ საინტერესოა სიტყვათა წყობის „ეროვნული ინტერესები“ შინაარსი. საქმე იმაშია, რომ ევროპული სააზროვნო პარადიგმა ერსა და ეროვნულ სახელმწიფოს აიგივებს იმ აზრით, რომ ამ სახელმწიფოს წევრად (მოქალაქედ) თავის აღქმა გაიგივებულია ერის წარმომადგენლად თავის აღქმასთან. ქართული სააზროვნო პარადიგმა ასეთ გაიგივებას არ ცნობს. ამიტომ, ევროპული პოლიტიკური სააზროვნო სივრცისთვის ფრაზა „ეროვნული ინტერესები“ გაიგივებულია ფრაზასთან „სახელმწიფო ინტერესები“, ხოლო ქართულ პოლიტიკურ სააზროვნო სივრცეში ამ ფრაზის აღქმადობა გაორებულია: ქართული ეროვნული ინტერესები შესაძლოა არც ემთხვეოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ეს, ერთი შეხედვით პარადოქსალური ვითარება სინამდვილეში სულაც არ გახლავთ კალამბური. ვცადოთ, გავერკვეთ: ზოგადად, მიჩნეულია, რომ ეროვნული ინტერესები (სწორედ ასე ითარგმნება ტერმინი National Interests) გახლავთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მსურს მქონდეს საერთაშორისო გარემოდ, ჩემი, როგორც სახელმწიფოს დანიშნულების განსახორციელებლად. კი მაგრამ, რა შუაშია აქ სახელმწიფო? პრობლემის თავიც აქაა დამარხული: „National“, რომელიც სიტყვა „ეროვნულით“ ვთარგმნეთ, სინამდვილეში სახელმწიფოს ნიშნავს და არა სხვა რამეს. ამის მიზეზი კი ზემოთ მინიშნებული გარემოება გახლავთ. მას შემდეგ, რაც ახალ დროში საერთაშორისო სისტემის დომინანტად ეროვნული სახელმწიფო იქცა, მისი ტერიტორია, პოლიტიკური და ეკონომიური ერთობა, სუვერენიტეტი და ადგილი საერთაშორისო სისტემაში ასეთი სახელმწიფოს განმსაზღვრელ მახასიათებლებად იქცა. ყველაფერი ეს გამოკვეთს სახელმწიფოს დანიშნულებას: შიდა წესრიგი, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და აქვე თუ დავსვამთ კითხვას – რა გვინდა რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს – პასუხი საკმაოდ კონკრეტული ჩამონათვალის სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ერთადერთი, რაც ამ ჩამონათვალში ხვდება, ცალსახად უნდ მიგვანიშნებდეს, რა უწყობს ხელს ჩვენს შიდა წესრიგს, ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ასე დგება ის შკალა, რასაც ინტერესთა შკალას ვეძახით. აქედან გამომდინარე, ინტერესი შეიძლება იყოს გეოგრაფიული ისტორიული კულტურული ეკონომიკური პოლიტიკური უსაფრთხოების ინტერესები ასევე შეიძლება იყოს მყარი, მუდმივი (მაგ. გეოგრაფიული ან იდეოლოგიური); დროებითი (მაგ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა). გარდა ამისა, ინტერესებს ასხვავებენ ხარისხის მიხედვით: თვითშენარჩუნების (გადარჩენის, თვითგადარჩენის აზრით – „survival“): ეხება ყოფნა-არყოფნას, მაგ. ბირთვული ომის მუქარის შემცირება; სასიცოცხლო: სახელმწიფოს ფუნქციონირების შესაძლებლობა, მაგ. ენერგორესურსებზე წვდომა; მნიშვნელოვანი (ძირითადი), მაგ.რეგიონული სტაბილურობა პერიფერიული, როდესაც მისი განუხორციელებლობა არაფერს ცვლის სასიცოცხლო ან ძირითად ინტერესებთან მიმართებაში. შესაძლოა,ინტერესები განვსაზღვროთ მათი რაობის მიხედვით: მატერიალური, მაგ. გარკვეული წიაღისეულის წვდომა არამატერიალური, მაგ. ღირებულებები, იდეოლოგია, რომლის ლობირებასაც სახელმწიფო ცდილობს. ამგვარად, ყალიბდება ინტერესთა სტანდარტული ჩამონათვალი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: გადარჩენა და უსაფრთხოება; პოლიტიკური და ეკონომიკური მთლიანობა; ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა; ზოგადი სტაბილურობა და საერთაშორისო წესრიგი. ახლა, თუ შევადარებთ ორ ტერმინს „ეროვნული ინტერესები“ და „სახელმწიფო ინტერესები“, ადვილად აღმოვაჩენთ სხვაობას, რომელიც ქართული მენტალობისთვის შედარებით ადვილი დასანახია: ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემა ერს, შესაძლოა, მაშინაც დაუდგეს, თუ კი ასეთი რამ ეროვნულ სახელმწიფოს არ ემუქრება. ეს მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია. სხვათა შორის, ამავე ვითარების გამო, განსხვავდება ასევე „ეროვნული უსაფრთხოება“ და „სახელმწიფო უსაფრთხოება“ და შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც“, როგორც ჩანს, სხვაა, ხოლო „სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია“ – სხვა და საქართველოში ეს სხვაობა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით, შენარჩუნდება. ზოგადად, სამხედრო საფრთხე განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: 1. სახელმწიფოთა შორის არსებული დაპირისპირება, რომლის გადასაწყვეტად შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხედრო ძალა; 2. ერთ-ერთი მხარის იმდაგვარი სიძლიერე, რაც მას შეტევითი საბრძოლო მოქმედების საშუალებას აძლევს; 3. დაპირისპირებულ მხარეთა ჩამოყალიბებული აზრი, რომ სამხედრო ძალის გამოყენება მიზანშეწონილია. მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოება არის სახელმწიფოს, თავად საზოგადოებისა და პიროვნების დაცულობის ხარისხი გარე და შიდა სამხედრო საფრთხეებისგან. ასევე მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოებას გააჩნია სამი პარამეტრი: უსაფრთხოების სუბიექტი; უსაფრთხოების ობიექტი და უსაფრთხოების ინსტრუმენტები. სხვა სიტყვებით, ესაა პასუხი კითხვებზე: ვინ უზრუნველყოფს (ახორციელებს) უსაფრთხოებას? ვის მიმართ ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? რა საშუალებებით ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? ჩვეულებრივ, სტანდარტული პასუხები შემდეგია: სუბიექტი არის სახელმწიფო, მისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სახით; ობიექტებია: სუვერენიტეტი; ტერიტორიული მთლიანობა; კონსტიტუციური წყობა; საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები; ცალკეული პიროვნება. ინსტრუმენტებია: შეიარაღებული ძალები; დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოები; სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებები; საგარეო-პოლიტიკური სტრუქტურები. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სუბიექტს საშუალებას აძლევს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ეფექტურად გამოიყენოს ომის მსვლელობისას. პირველი, ეს გახლავთ სახელმწიფო ინსტრუმენტების უზრუნველყოფა ომისათვის მზადების სამართლებრივი და თეორიული ბაზით. ერთს კონსტიტუცია უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს – უსაფრთხოების სტრატეგია. მეორე, ეს პრაქტიკულ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომელიც ასევე ორ ჯგუფად იყოფა: ღონისძიებათა პირველი ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე ჰიპოთეტურია: მომავალი (შესაძლო) ომის ხასიათის განსაზღვრა; სამხედრო-ეკონომიკური ვითარების შეფასება; სამხედრო საფრთხის ხარისხის განსაზღვრა. ღონისძიებათა მეორე ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე რეალურ კონტურებს იძენს – გადადის ჰიპოთეტურიდან მოსალოდნელში: საომარი ვითარებისთვის ეკონომიკისა და მოსახლეობის მომზადება; ომის სტრატეგიული დაგეგმვა; სამობილიზაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება; სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება; შესაძლო საბრძოლო სივრცის შერჩევა, განსაზღვრა და ბრძოლისთვის მომზადება; ომის დიპლომატიური უზრუნველყოფა. ქვეყნის საომარი მზადების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რაც ასევე, რამოდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. აქაც, აღნიშნული ფაქტორები თეორიულ და პრაქტიკულ ნაბიჯებად იყოფა: თეორიულია: შესაძლო დაპირისპირების სტრატეგიული საზრისის და სტრატეგიული ამოცანის განსაზღვრა; ადეკვატური სამხედრო ჩარევის დონისა და ამოცანების განსაზღვრა; აღნიშნულის შესაბამისი შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, რიცხოვნობის და ხარისხის განსაზღვრა; ამოცანების შესატყვისი დოქტრინის შემუშავება და ა.შ. პრაქტიკულია: სათანადო სამხედრო სტრუქტურების დაკომპლექტება; ოფიცერთა მომზადება; პირადი შემადგენლობის ფოკუსირებული წვრთნა; საბრძოლო მოქმედებებისთვის ლოგისტიკური კომპონენტების განსაზღვრა და უზრუნველყოფა და ა.შ. ჩვენს მიერ განხილული ტერმინები არც ერთადერთია და არც სრულად გაშლილი. მეტიც, ყველა მათგანის გარშემო შესაძლოა მსჯელობის იმდაგვარი გაშლა, რომ თითოეული გახდეს ცალკე განხილვის ობიექტი. განსაკუთრებით ეს ქვეყნის ომისათვის მზადების შინაარსს ეხება. ჩვენი მიზანიც იმდაგვარი მინიშნებების გაკეთება იყო, რომელიც დაგვანახებდა, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი კვლევების გაშლა, რომ, გარკვეული აზრით, ჩვენს სააზროვნო სივრცეში ერთგვარი ინტერესი გაჩენილიყო და ბიძგი მიგვეცა ამდაგვარი კვლევებისათვის. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების გარშემო მსჯელობა საშუალებას გვაძლევს უფრო გააზრებულად შევხედოთ იმ კითხვებს, რომლებზედაც პასუხი, პრაქტიკულად, გზამკვლევია სახელმწიფოსა და ერის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კითხვები გახლავთ შემდეგი: რას ვიცავთ? რისგან ვიცავთ? როგორ ვიცავთ? ზედაპირულადაც რომ გადავავლოთ თვალი ზემოთქმულს, ადვილად დავინახავთ, რომ სხვადასხვა შესაძლო პასუხები, ძირითადად, მოხმარებულ ტერმინთა სხვადსხვა შინაარსებით არის განპირობებული. მაგალითისათვის, გავშალოთ პირველი კითხვა: დასაცავი ობიექტების ჩაშლა კიდევ არის შესაძლებელი, თუმცა არსებულიც საკმარისია, რომ დავინახოთ, რომ საფრთხეები (რისგან ვიცავთ?), რომელიც ემუქრება ერთს და საფრთხეები, რომელიც ემუქრება მეორეს, სხვადასხვა სივრციდან მომდინარე საფრთხეებია. შესაბამისად, მათთან გამკლავების ინსტრუმენტებიც (როგორ ვიცავთ?) სხვადასხვა სივრცეშია მოსაძებნი. პარადოქსულია, მაგრამ ბოლო კითხვაზე პასუხი ერისათვის ეროვნული სახელმწიფოა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე