Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გააკეთე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. არ გააკეთო ის, რასაც ამერიკელები გეუბნებიან! გააკეთე ის, რაც ამერიკელებმა გააკეთეს! 24.08.2020 კომენტარი კომენტარი ერიკ რეინერტის წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით საუკუნის დასაწყისში დიდმა ინგლისელმა ისტორიკოსმა და ესეისტმა ტონი ჯატმა ეკონომიკური მეცნიერების მოწინავე ფიგურები შუა საუკუნეების მღვდლებს შეადარა. ბნელ ეპოქაში სასულიერო წოდების წარმომადგენლები ლოცვებსაც და სახარებასაც მხოლოდ ლათინურად კითხულობდნენ, წირვაც მკვდარ ენაზე აღევლინებოდა, სასტიკად იკრძალებოდა წმინდა წერილის ევროპულ ენებზე თარგმნა და გავრცელება. ლათინურისა და წერა-კითხვის არმცოდნე მრევლი იძულებული იყო ბრმად დამორჩილებოდა ამბიონზე შემომდგარ პადრეს. პადრე ყოველთვის მართალი გახლდათ, მის გარეშე ღმერთთან ურთიერთობა, ჭეშმარიტების შემეცნება მიუტევებელ ცოდვად მიიჩნეოდა. საეკლესიო პირის პატიოსნებასა და კეთილგონიერებაში ეჭვის შეტანა მხოლოდ ერთეულებს მოსდიოდათ თავში, უმრავლესობა თავისი განცდის საჯაროდ გამოხატვას ერიდებოდა, რადგან საგანგებო სამოსში გამოწყობილ, გაუგებრად მობუტბუტე ინკვიზიტორებს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანის კოცონზე დაწვაც არ ეხამუშებოდათ. დავაკვირდეთ ჩვენი ასწლეულის ეკონომისტებს. მათი უდიდესი ნაწილი ყოველთვის ზემოდან უყურებს საზოგადოებას. მსჯელობის დაწყებისთანავე გვარწმუნებენ, რომ სპეციალური განათლების არქონის გამო რესურსების შექმნისა და განაწილების საკითხების შესახებ ვერაფერს გავიგებთ. გვესაუბრებიან ფორმულებით, სპეციფიკური ტერმინებით, გაუგებარი ცხრილებითა და დიაგრამებით, თან საჭიროდ არ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გამოყენებული სქემები ელემენტარულ დონეზე მაინც აგვიხსნან. თუ შევეწინააღმდეგეთ, ლოგიკური კითხვები დავუსვით, შემოთავაზებული მოდელის ალტერნატივების განხილვა მოვთხოვეთ, მკრეხელობაში გვდებენ ბრალს, ჩვენს აზრებს უმეცრებად ნათლავენ და მოგვიწოდებენ ბრმად ვენდოთ „ლათინურს“. თანამედროვე ეკონომისტებს სწამთ, რომ ეკონომიკა მხოლოდ მათემატიკასთან დაკავშირებული დარგია. „მათემატიკას კი ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტილი, აუტისტური ურთიერთობა რეალობასთან.“ ისინი გულის სიღრმეში არ აღიარებენ, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებების სისტემის ნაწილია. მათ არ სურთ, რომ თვისებრივი ანალიზი დაბრუნდეს ეკონომიკაში. ასეთი სპეციალისტებისთვის „თანამედროვე ეკონომიკური თეორია მოიცავს სამყაროს მრავალფეროვნების, განსხვავებულობის, უთანხმოების, კონფლიქტისა და კომპრომისის გარეშე“. სასიხარულოდ, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ალტერნატიული ეკონომიკის პრინციპები რიგით მოქალაქეებსაც გაგვაგებინონ. ისინი მიიჩნევენ, რომ „ეკონომიკის დღევანდელი სახელმძღვანელოები ისე წარმოაჩენს რეალური ეკონომიკის არსს, როგორც ჭადრაკი ომს.“ ერთ-ერთი მათგანი საყოველთაოდ აღიარებული ნორვეგიელი მკვლევარი, გუნარ მირდალის პრესტიჟული პრემიის მფლობელი, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ რეინერტი გახლავთ. მისი წიგნი „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“ მრავალ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულ პუბლიკაციად იქცა. ივანე აბრამაშვილისა და ტატო ხუნდაძის შრომის შედეგად ბესტსელერი ქართულად ითარგმნა, თარგმანი კი „კავკასიური სახლისა“ და „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ თანამშრომლობის შედეგად გამოიცა. მაშასადამე, საქართველოში ჩვენს მშობლიურ ენაზე მოიპოვება წიგნი, რომელიც ლიბერალი ეკონომისტების მიერ მოჯადოებული და დაწყევლილი წრის გარღვევაში დაგვეხმარება და გაბატონებული იდეოლოგიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიარების ტენდენციას განაჩენს გამოუტანს. პროფესორი რეინერტი საქართველოში გამართულ საჯარო ლექციაზე. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (თსუ) ერიკ რეინერტის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ იგი გლობალური ეკონომიკის კვანძების გახსნის დროს მარტივი მაგალითებით ხელმძღვანელობს. წიგნში მრავალი ურთულესი ფენომენი გოლფისა და ბეისბოლის ბურთების, ესპანეთის მიერ ამერიკიდან გამოზიდული ოქროს, ფრენსის ბეკონის მიერ გაყინული ქათმების, ნიდერლანდელთა მიერ გამოგონებული მიკროსკოპისა და ბოლივიელ მძღოლთა მიერ მართული ავტობუსების დახმარებით არის განმარტებული. ნაშრომის ორიგინალურობას განაპირობებს ავტორის მიერ გამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნებაც. ნორვეგიელი ავტორი ეფუძნება წიგნებს, რომლებიც დასავლურმა ბიბლიოთეკებმა ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს იდეების ჰეგემონიის დამყარების შემდეგ გადაყარეს. ბიბლიოთეკარებს სრულიად სულელური არგუმენტები ჰქონდათ, იდეოლოგიის მსახურმა პროფესორებმა რიგი ავტორები გარიყეს სასწავლო კურსებიდან, შესაბამისად, მათ წიგნებზე მოთხოვნა დაეცა. ადგილის დაზოგვის მიზნით ჰარვარდის უნივერსიტეტის ბეიკერის წიგნთსაცავმა თავიდან მოიშორა ყველა ის წიგნი, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არავის ჰქონდა გატენილი. რეინერტების ოჯახს კი გაუმართლა, რადგან კარგად იცნობენ ბუკინისტებს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. პროფესიით შედარებითი პარტიული პოლიტიკის სპეციალისტი ვარ. ცხადია, არ მაქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკური პუბლიკაციის რეცენზიის დაწერის ძალა შემწევს. უბრალოდ, მინდა გაგიზიაროთ ის პრინციპები, რომლებიც რეინერტის ნაშრომში აღმოვაჩინე. ვფიქრობ, რომ აღნიშნული პრინციპების გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. 1. მეთვრამეტე საუკუნეში ბრიტანეთის იმპერია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამერიკელთა სწრაფვას დამოუკიდებლობისა და განვითარებისკენ. შესაბამისად, ლონდონი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კოლონიებში მცხოვრები ადამიანები არ გამდიდრებულიყვნენ. მიზნის მისაღწევად სამეფო ხელისუფლება ცდილობდა, რომ წარმოების ყველა სფერო ჩაეკლა ამერიკაში. ინგლისელებს სურდათ, ამერიკელებს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის შეკეთება და ახალი ანძებისა თუ გუდრონის დამზადება შესძლებოდათ, რათა სამეფო ტახტს დაქვემდებარებულ ხომალდებს უპრობლემოდ გადაესერათ და გადმოესერათ ოკეანე. ინდუსტრიული ნაწარმი კოლონისტებს ბრიტანეთიდან უნდა შემოეტანათ. ეკონომიკის რეალური სექტორის, რეალური პროდუქციის შემქმნელი მხოლოდ ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამგვარი დამოკიდებულებით აღშფოთებული ამერიკული საზოგადოება ერთმა ლოზუნგმა გააერთიანა – „არ გააკეთო ის, რასაც ინგლისელები გეუბნებიან. გააკეთე ის, რაც ინგლისელებმა გააკეთეს“. ერიკ რეინერტი ჩვენს ხანაში ამერიკული ლოზუნგის გაცოცხლებას გვთავაზობს (უბრალოდ, მოწოდებაში ინგლისი ამერიკით არის ჩანაცვლებული, რადგან გაბატონებული ნეოლიბერალური დისკურსი სათავეს „ვაშინგტონის ინსტიტუტების“ დაფუძნებიდან იღებს). ის გვიმტკიცებს, რომ თანამედროვე დასავლეთს კეთილდღეობის ამჟამინდელი დონისათვის ვაჭრობის აბსოლუტური ლიბერალიზაციით, მწარმოებლებისა და კომერსანტების საქმიანობის სრული, უნივერსალური დერეგულაციით, პრივატიზაციითა და გამარტივებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით არ მიუღწევია. შეერთებული შტატები საკუთარ გადამამუშავებელ მრეწველობას 150 წლის განმავლობაში უწევდა პროტექციას, ფედერალური მთავრობა დღემდე აძლევს სუბსიდიებს მთელ რიგ წარმოებებს, დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიით. ნორვეგიელის წიგნი სავსეა მაგალითებით, სადაც წარმოჩენილია, რომ თანამედროვე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა თუ იტალიის წარმატებებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს მტკიცე როლის განსაზღვრასთან არის დაკავშირებული. დასავლურმა სამყარომ ეკონომიკურ პროგრესს ნეოლიბერალიზმის გარეშე მიაღწია, ღარიბ „გლობალურ სამხრეთს“ კი აიძულებს გაჭირვებას თავისუფალი ვაჭრობის საშუალებით დააღწიოს თავი. ნობელიანტი შვედი ეკონომისტი გუნარ მირდალი წერდა, „თავისუფალი ვაჭრობა აღარიბებს ღარიბს და ამდიდრებს მდიდარს“. აქედან გამომდინარე, რეინერტის პუბლიკაციის პირველი პრინციპი დასავლეთის ბრძანებების ნაცვლად, მისი გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გულისხმობს. 2. ნაშრომის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი „მზარდი უკუგების“ „კლებადი უკუგებისგან“ გამორჩევის პრობლემა გახლავთ. ავტორის განმარტებით, „კლებადი უკუგება“ აღნიშნავს მოვლენას, როცა წარმოება ფართოვდება, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, ერთი და იმავე გაღებული რესურსის (კაპიტალი, შრომა) გაზრდილი რაოდენობა, გამოიმუშავებს უფრო და უფრო ნაკლებ ახალ პროდუქციას. არ შეგეშინდეთ! რეინერტი ამ განმარტებასთან მარტო არ გვტოვებს! იმ წამსვე ნათლად გვიხსნის ყველაფერს. „თუკი შენ ერთსა და იმავე კარტოფილის ნაკვეთზე შეიყვან უფრო მეტ ტრაქტორსა და მუშახელს, გარკვეულ ეტაპზე თითოეული ახალი ადამიანი ან ტრაქტორი მის წინამორბედზე ნაკლებ პროდუქციას გამოიმუშავებს“. „მზარდი უკუგება“ კი არის მოვლენა, რომელიც ეფუძნება შემდეგ მიდგომას „რაც უფრო მაღალია გამომუშავების მოცულობა, მით უფრო ნაკლებია ერთეულის დამზადების ღირებულება“. ავტორი აქაც მარტივი მაგალითით განგვიმარტავს საკითხის არსს – „ Software-ის პირველი ასლის დამზადება ძვირი ჯდება, მაგრამ მისი ყველა მომდევნო ასლი ძალიან იაფია.“ რეინერტი მიიჩნევს, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნები „მზარდი უკუგების“ მქონე დარგების (ინდუსტრია, ტექნოლოგიები, ცოდნატევადი მომსახურეობის სფერო) ამუშავებას უნდა ესწრაფვოდნენ. „მზარდი უკუგება“ ქმნის მზარდ შემოსავალს, რაც საბაზრო ძალაუფლების მოპოვების წინაპირობაა („არასრულყოფილი კონკურენცია“, კონტროლი ფასებზე). 3. თანამედროვე ეკონომიკა დაფუძნებულია დევიდ რიკარდოს ვაჭრობის თეორიაზე, რომელიც „შედარებითი უპირატესობის“ სტრატეგიას იზიარებს. „შედარებითი უპირატესობის“ სტრატეგია გულისხმობს, რომ „ქვეყანა უნდა სპეციალიზდებოდეს ეკონომიკის იმ დარგში, რომელშიც ის, შედარებით, ყველაზე ნაკლებად არაეფექტიანია“. მაშასადამე, 1957 წლის „სპუტნიკის“ შოკის შემდეგ, როდესაც სსრკ-მ კოსმოსურ რბოლაში აშშ-ს გადაასწრო, შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში „შედარებითი უპირატესობა“ დაკარგა. ამიტომ ყურები უნდა ჩამოეყარა და სადაც უკეთ მისდიოდა საქმეები (სიმინდისა და ხორბლის წარმოება) მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა მიემართა. „შედარებითი უპირატესობის“ პრინციპით მეჯოგეობაში ჩაბმული საზოგადოებები სამუდამოდ მეჯოგეებად რჩებიან. ტალინში მოღვაწე პროფესორი „შედარებითი უპირატესობის“ სტრატეგიის ნაცვლად ემულაციის იდეას გვთავაზობს. ემულაცია არის „მისწრაფება, გაუთანაბრდე ან დაჯაბნო სხვები ნებისმიერ მიღწევასა თუ თვისებაში; ასევე ეს არის გათანაბრების ან სხვებისთვის ჯობნის სურვილი თუ ამბიცია. არსებითად ემულაცია შურისა და სიხარბისგან განსხვავებით, პოზიტიური და აქტიური მოქმედების მცდელობას ნიშნავს.“ წიგნის მესამე თავში დაწვრილებით არის აღწერილი ემულაციის ყველა ინსტრუმენტი. 4. 2000-იან წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი საინტერესო ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი ასპარეზობდა. კარიერის პიკში იგი ოდესის „ჩერნომორეცსა“ და გრაცის „შტურმში“ ირიცხებოდა. წარმოიდგინეთ, რომ კახი კალაძეს მთელი ცხოვრება გიორგი შაშიაშვილის გვერდით ეთამაშა… მაგრამ თბილისის მოქმედ მერს გაუმართლა. იგი მრავალი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, პაოლო მალდინის მხარდამხარ იბრძოდა. შესაბამისად, კალაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელის გამოცდილების, კლასის თანაზიარობის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაეხმარა. ერიკ რეინერტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სინერგიული ეფექტების შექმნაა. სინერგია გულისხმოს ეკონომიკური საქმიანობის გამრავალფეროვნებას, სხვადასხვა წარმოებათა პოზიტიური ურთიერთზეგავლენისა და ურთიერთსტიმულირების სისტემების ჩამოყალიბებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ – ინდუსტრიულ რეგიონებსა და შეძლებულ ქალაქებთან მცხოვრებ ფერმერებს უფრო მეტი შემოსავლის მოპოვებისა და განვითარების საშუალება აქვთ, ვიდრე იმ გლეხებს, რომლებიც ინდუსტრიალიზებული, მაღალტექნოლოგიური ცენტრებისგან იზოლირებულად საქმიანობენ. მალდინის გვერდით შაშიაშვილიც უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა, ვიდრე „ჩერნომორეცსა“ და „შტურმში“ მოღვაწეობისას იყო. 5. თავისი მსჯელობების დროს წიგნის ავტორი რამდენიმეჯერ იშველიებს ავსტრიელი თეორეტიკოსის ჯოზეფ შუმპეტერის სიტყვებს: „მეცნიერებაში დამკვიდრდა უაზრო შეხედულება, რომ კაპიტალი, როგორც ასეთი, კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალაა“. როდესაც ეკონომიკური ზრდის წყარო კაპიტალია, პროცესები აუცილებლად შევა ჩიხში, წარმოიქმნება კრიზისი და ვალები. „კონსერვატორი შუმპეტერი და რადიკალი მარქსი თანხმდებოდნენ: კაპიტალი არაფერს წარმოადგენს საინვესტიციო შესაძლებლობების გარეშე, რომლებშიც, უმთავრესად, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ნაწარმი იგულისხმება“. მაშასადამე, რეინერტს სწამს, რომ ეკონომიკის მამოძრავებელი მთავარი ძალა ცოდნა, ახალი იდეები, ინოვაციები და ორგანიზაციული შესაძლებლობები გახლავთ. ის კიდევ ერთი კუთხიდან აკრიტიკებს დევიდ რიკარდოს და წუხს, რომ წარმოების პროცესი მსგავსი სამუშაო საათების გამოყენებამდე რედუცირდა, შედეგად მსოფლიო ეკონომიკაც უკვე წარმოებული საქონლის ყიდვა-გაყიდვამდე დაიყვანეს. ტალინის უნივერსიტეტის პროფესორი გვახსენებს ფრიდრიხ ნიცშეს ერთ უმნიშვნელოვანეს ტერმინს – Geist- und Willenskapital (სულისა და ნების კაპიტალი). სწორედ ამგვარი კაპიტალის (ცოდნა, სიახლე, საქმის ახლებურად მოწესრიგება) ნაკლებობა ხდება სიღარიბის განმაპირობებელი ფაქტორი. 6. აშკარაა, რომ ერიკ რეინერტის შთაგონების ერთ-ერთ წყაროს დიდი გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი წარმოადგენს. პუბლიკაციაში გამოთქმული არაერთი მოსაზრება დასაბუთებულია ლისტის კვლევებითა და თეორიებით. პროფესორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დავიწყებული ეკონომისტის ერთ საყურადღებო მტკიცებაზე: „თავდაპირველად ქვეყანამ ინდუსტრიალიზაცია უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ ინტეგრირდეს ეკონომიკურად თანაბარი განვითარების მქონე სახელმწიფოებთან“. მაშასადამე, წიგნის ავტორი სრულად არ ეწინააღმდეგება თავისუფალი ვაჭრობის წესებს. უბრალოდ, თავისუფალი ვაჭრობა ყველა მხარისთვის სასარგებლოდ მიაჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ეკონომიკური განვითარების ერთ დონეზე არიან, ეკონომიკური სისტემების თვალსაზრისით ერთმანეთს ჰგვანან. საბოლოოდ წიგნი დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ყოველ გვერდის წაკითხვისას შესამჩნევია, თუ როგორი უმეცარნი არიან ჩვენი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც უარს ამბობენ ინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და ცოდნატევადი მომსახურეობის სფეროების განვითარებაზე. ამასთანავე, პუბლიკაცია დაუნდობლად და სამართლიანად ამხელს უკვე განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა ექსკლუზიურად მხოლოდ თავისთვის სურთ, უღარიბესი ქვეყნების ნაწილისთვის კი მარტოდენ შიმშილისგან გადარჩენისთვის აუცილებელ რესურსებს იმეტებენ. 21-ე საუკუნის კაპიტალიზმი არის სისტემა, რომელიც მალარიით დაავადებულ კონტინენტს ტანჯვისა და სიღარიბის დასამარცხებლად კოღოების საწინააღმდეგო ბადეს სთავაზობს და არა ეკონომიკურ პროგრესს. დღეს ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ სიღარიბეს მსოფლიოში ბედი, განგება, ბუნება, კლიმატი, კულტურა განაპირობებს და არაფერს გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ ადამიანს, ადამიანთა შრომის უკეთეს სისტემებად ორგანიზებას შეუძლია ყველა ძირითადი წინააღმდეგობის დაძლევა. იმედია, ოდესმე საქართველო დაადგება განვითარების ეკონომიკის თეორეტიკოსთა მიერ შემუშავებული „სხვა კანონის“ პარადიგმის გზას, რომელიც არ ივიწყებს ისტორიული და ევოლუციური ეკონომიკური სკოლების გამოცდილებებს და ღარიბ ქვეყნებს მოუწოდებს ისწავლონ უკეთესი ეკონომიკური და ინსტიტუციური სტრუქტურის მქონე სახელმწიფოებისაგან.