Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ასურელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ასურელი მამები, ასურეთიდან მოსულ წმ. სასულიერო პირთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდა. ასურელ ბერმონაზონთა აღმოსავლეთ საქართველოში მოსვლა VI ს. შუა წლებში ისტორიული ფაქტია, რაც დასტურდება როგორც ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებით, ასევე მატერიალურ-კულტურული ძეგლებით, რომელთაც სრულად ან ფრაგმენტულად მოაღწიეს ჩვენამდე. ასურელ მამათა ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობისაა: მათ საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანული ცხოვრების ახალ წესს – მონაზვნობას. სირია, საიდანაც მოვიდნენ ასურელი მამები, ქრისტიანობის უძველესი კერა იყო: ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა სირიაში აღიარეს II ს. ბოლოს ან III ს. დასაწყისში. ასევე ადრე, IV-V სს. აქ დაფუძნდა მონაზვნობა, განსაკუთრებით გავრცელდა განდეგილობა მისი უმკაცრესი ფორმებით (ანაქორეტები, მძოვრები, მესვეტეები და სხვ.). სწორედ განდეგილობით დაიწყეს ასურელმა მამებმა თავიანთი ღვაწლი, რაც დროთა განმავლობაში მონასტრების მშენებლობაში და იქ მომრავლებულ მორწმუნეთა ორგანიზებულ სამონაზვნო ცხოვრების წესში გადაიზარდა. გამოთქმული ვარაუდი, რომ ასურელი მამები ქართველები უნდა ყოფილიყვნენ (კეკელიძე), ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქართველი მონაზვნობა არსებობდა ასურელ მამათა საქართველოში ჩამოსვლამდე (VI ს.) გაცილებით ადრე, მაგრამ არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ – პალესტინასა და სირიაში: ქრისტიანობის საქართველოში გავრცელებისთანავე ქართველმა პილიგრიმებმა მიაშურეს იერუსალიმს წმ. ადგილების მოსალოცად. გზად მათ სირია უნდა გაევლოთ. ქართველ მომლოცველთა ნაწილი იერუსალიმში უკვე არსებულ მონასტრებში დარჩა სამოღვაწეოდ, ნაწილი კი – სირიის მონასტრებში. ამდენად, არ არის გამორიცხული რაღაც მიზეზების გამო (შესაძლებელია, ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილი იდეოლოგიური ბრძოლის გამო) ქართველ მონაზვნების ერთი ჯგუფი საქართველოში დაბრუნებულიყო. მათ შესახებ შექმნილ ცხოვრებებში საქართველოში მოსვლის მიზანი მისიონერული იყო: ახალგაზრდა ქრისტიანობის დაცვა და განმტკიცება ჯერ კიდევ არსებულ წარმართობასთან ბრძოლაში. ასურელ მამათა რაოდენობის თაობაზე არ არის თანხმობა არც საისტორიო წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში, ამიტომ, ტრადიციულად მათ, „ათსამეტ ასურელ მამად“ იხსენიებენ, როგორც ეს მათ შესახებ უძველეს ძეგლში – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ – წერია: „… და შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ… და მისავე მეფისა ზე კათალიკოსი იყო ევლალე. მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზნელი შუამდინარით ასურეთისაჲთ, იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდეს“. ასეა „მოქცევალ ქართლისაჲს“ ორივე – შატბერდულ და ჭელიშურ – რედაქციაში, ხოლო ჭელიშური უმატებს: „ქართლის მოქცევითგან მეორასესა წელსა“. აღსანიშნავია, რომ აქ მოხსენიებული „ათორმეტნი მოწაფენი“ ქრისტეს „ათორმეტნი მოწაფენის“ ანალოგიით არის სახელდებული. ასურელი მამების სულიერმა მოძღვარმა, იოვანე ზედაზნელმა, თავისი მოწაფეები ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა სამისიონერო მოღვაწეობისა და სამონასტრო ცხოვრების საფუძვლების ჩასაყრელად, ხოლო ორი მათგანი ქართლის კათალიკოსის თხოვნით ეპისკოპოსად ეკურთხა: აბიბოსი – ნეკრესის ეპისკოპოსად, ხოლო ისე – წილკნის ეპისკოპოსად. იოვანემ და მისმა მოწაფეებმა მიიღეს ზედწოდება იმ ადგილების მიხედვით, რომელიც თითოეულმა მათგანმა სამოღვაწეოდ აირჩია. ასურელი მამები მოიხსენიებიან მათ შესახებ შექმნილი „ცხოვრების“ ყველაზე ადრინდელ თხზულებაში: იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების კიმენურ ტექსტში, რომელიც X ს. შუა წლებშია შექმნილი: “იოვანე ზედაზნელმა” თავის მოწაფეებთან ერთად VI ს. შუა წლებში მცხეთის მახლობლად ზედაზნის მთაზე (აქედან მოდის მისი ზედწოდებაც) დააარსა პირველი მონასტერი აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ნაწილი შემორჩენილია დღეს არსებული VIII ს. ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში. წმ. დავით გარეჯელმა გარეჯაში დააარსა მონასტერი, რომელიც მისსავე სიცოცხლეში ხალხმრავალი გახდა. აქვე მისმა მოწაფემ, ლუკიანემ დააარსა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ხოლო მეორე მოწაფემ, დოდომ – დოდორქის მონასტერი. ორივე თითქმის მთლიანად არის დღემდე შემორჩენილი. წმ. შიო მღვიმელმა დააარსა შიომღვიმის მონასტერი. მონასტერმა სახელწოდება მიიღო „მღვიმისაგან“, რომელშიც შიო ჯერ დაყუდებული იყო, ხოლო გარდაცვალების შემდეგ იქ დაასაფლავეს. წმ. იოსებ ალავერდელმა დააარსა ალავერდის მონასტერი, რომლის ადგილას დღეს დგას ალავერდის XI ს. ტაძარი. წმ. ზენონ იყალთოელმა დააარსა იყალთოს მონასტერი, რომლის ადგილას დღეს დგას VIII-IX სს. ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“. წმ. ანტონ მარტომყოფელმა დააარსა მარტყოფის მონასტერი, რომლის ნაშთი მოიპოვება სოფ. ნორიოს მახლობლად. წმ. სტეფანე ხირსელმა დააარსა ხირსის მონასტერი, რომლის ადგილზე დღეს დგას გუმბათოვანი ტაძარი (მრავალჯერ გადაკეთებული VIII-XV სს.). წმ. თათა (თადეოზ) სტეფანწმინდელმა დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი (დღევანდელი კასპის მახლობლად), მანამდე კი ზედაზნის მთის ძირში ააგო მონასტერი. წმ. ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელმა დააარსა სამთავისის მონასტერი, რომლის ადგილზე დღეს დგას 1030 წ. აგებული გუმბათოვანი ტაძარი. წმ. მიქაელ ულუმბოელმა დააარსა ულუმბოს მონასტერი (ნასოფლარი სოფ. ალის მახლობლად), მის ადგილზე XIII ს. დიდი ტაძარი აუგიათ, რომელიც დანგრევის შემდეგ XV ს. აღუდგენიათ. წმ. პიროს ბრეთელმა დააარსა ბრეთის მონასტერი სოფ. ბრეთში, სადაც დღეს დგას წმ. გიორგის, სავარაუდოდ, VI-VII სს. ეკლესია (მამა პიროსი). წმ. აბიბოს ნეკრესელი გახდა ნეკრესის ეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო საყდარი იქნებოდა IV ს. ნეკრესში უკვე არსებული და დღემდე შემორჩენილი მინიატიურული ბაზილიკა. შემორჩენილია VII ს. დასაწყისში აშენებული სამეკლესიანი ბაზილიკაც. წმ. ისე წილკნელი გახდა წილკნის ეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო საყდარი იქნებოდა სოფ. წილკანში იმ დროს უკვე არსებული ეკლესია; რომელიც, როგორც ფიქრობენ, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველსავე წლებში იყო აგებული. აქ VII ს. აგებული და ჩვენამდე მოღწეული ეკლესია მრავალჯერ არის გადაკეთებული (დღეს იგი გუმბათოვანია). ასურელ მამათა შესახებ შექმნილი ჩვენამდე მოღწეული „წამება-ცხოვრებანი“ ჰაგიოგრაფიული მწერლობის სხვადასხვა დროისა და განსხვავებული რედაქციული ხასიათის თხზულებებია. „ქართლის ცხოვრებაში“ არსებული ცნობა, რომ მათ შესახებ თხზულებები დაიწერა უძველეს დროში, მათი მოსვლიდან (VI ს.) ახლო ხანებში, ზოგიერთი მეცნიერ-ფილოლოგის ნაშრომში VI-VII სს-ით განისაზღვრა. ფილოლოგიურ მეცნიერებაში ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად მიღებულ დებულებათა გათვალისწინებით, ასურელი მამების ჩვენამდე მოღწეული ჰაგიოგრაფიული ტექსტები კონკრეტულ მამასთან დაკავშირებით შემდეგნაირად წარმოგვიდგება: I. წმ. იოვანე ზედაზნელის „ცხოვრებათა“ ციკლი. ჩვენამდე შემონახულ იოვანე ზედაზნელის „ცხოვრებებიდან“ უძველესია ე.წ. „არქეტიპი“ (ს. კაკაბაძის შემოტანილი ტერმინი), ანუ კიმენური (კ. კეკელიძის მიერ დამკვიდრებული ტერმინი) რედაქციის ტექსტი, ოღონდ ასეთი ნიუანსის გათვალისწინებით: იოვანე ზედაზნელის „ცხოვრების“ კიმენური „ცხოვრება“ პირველი ნაწილია იოვანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის (და ევაგრეს) კიმენური რედაქციის ერთობლივი „ცხოვრებისა“; რაც ტექსტოლოგიური კვლევით სარწმუნოდაა დადგენილი (კ კეკელიძე; ილ. აბულაძე). უფრო მეტიც: იოვანეს კიმენური „ცხოვრება“ შესავალი და მთავარი ნაწილია არსენ II კათოლიკოსის (955-985) მიერ შექმნილი იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობრლივი „ცხოვრებისა“, რომელიც აერთიანებს შიო მღვიმელის, დავით გარეჯელისა და აბიბოს ნეკრესელის „წამების“ ოდნავ გავრცობილ ტექსტს, შექმნილს უფრო ადრინდელი, აბიბოს ნეკრესელის მოკლე „წამების“ მიხედვით (ე. გაბიძაშვილი). შემორჩენილია თხზულების შემცველი ერთადერთი ხელნაწერი – A 199, XIV-XV სს. არსებობს იოვანე ზედაზნელის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციის ორი თხზულება: 1. მოღწეულია მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ დამატებად, თუმცა ბოლონაკლულია. ილ. აბულაძემ ეს ტექსტი კიმენურ ტექსტად მიიჩნია და ნამდვილი კიმენური ამ ტექსტის გამოკრებილ ვარიანტად გამოაცხადა (ამ თხზულებების გამოცემებში მან ეს ტექსტი ძირითად ტექსტად აიღო, ხოლო ე.წ. არქეტიპი – მის პარალელურ ტექსტად, მასზე დამოკიდებულად), რაც არ იქნა გაზიარებული, რადგან თხზულების მეტაფრასულობა მრავალი დეტალით შეიძლება დადასტურდეს. ეს თხზულება, როგორც ტექსტიდან ჩანს, მეტაფრასტს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარის, მიქაელის თხოვნით დაუწერია. მიქაელს მისთვის „ქარტაჲ იგი წულილი“, ე.ი. ძვ. წყაროც, გაუგზავნია (საფიქრებელია, ეს იყო დღემდე შემორჩენილი იოვანეს კიმენური „ცხოვრება“). გასაგებია ზედაზნის წინამძღვრის სურვილი – ჰქონოდა მონასტრის დამაარსებლის ცალკე „ცხოვრება“. ხელნაწერი – Q 795, XV ს. სხვადასხვაგვარად თარიღდება: A 130; A 170; A 176; S 449; H 2121; H 1672; პეტერბ. H 22; M 21). ორივე მეტაფრასული „ცხოვრება“ წარმოადგენს კიმენური რედაქციის „ცხოვრების“ გავრცობას განყენებული თეოლ. შესავლითა და დამატებითი ეპიზოდებით. იოვანე ზედაზნელის სვინაქსარული „ცხოვრება“ (A 220) ძალიან გვიანდელია, ვრცელია და 1726 წ. უნდა იყოს შედგენილი „ცხოვრების“ ვრცელი რედაქციების მიხედვით. II. წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრების“ ციკლი. შიოს „ცხოვრების“ რამდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულება არსებობს: 1. მათგან უძველესია ის კიმენური ტექსტი, რომელიც იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ზემოხსენებული „ცხოვრების“ შემადგენელი ნაწილია და გამოყოფილია სათაურით: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი“ (ხელნაწერები: A 199, XIV-XV სს., 21v-28r; H 1336, 1669 წ. 161r-164v). ტექსტი რამდენჯერმეა გამოცემული; 2. ძველი მეტაფრასული რედაქცია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში XII ს. ძეგლად არის მიჩნეული (კ. კეკელიძე) და რომლის სათაურში სრულიად უცნობი ავტორია დასახელებული – „ღირსი მარტჳრი, რომელსა ეწოდა იოანე, რომელ იყო მოწაფეთაგანი წმიდისა იოანესთა კონსტანტინეპოლით“, ეს ტექსტი მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერით, რომელთაგან A 160 1669 წლისაა, ხოლო დანარჩენი თოთხმეტი – XVIII-XIX სს. სხვადასხვა წლისა; 3. მეორე მეტაფრასული „ცხოვრება“, რომელიც XVIII ს. უნდა იყოს შექმნილი, წმ. შიოს თაყვანისმცემლის მხოლოდ ლიტერატურული ვარჯიშის შთაბეჭდილებას ტოვებს და შიოს ძველ მეტაფრასულ „ცხოვრებას“ იმეორებს, ზოგჯერ სიტყვა-სიტყვით, უმეტესად – პერიფრაზულად და ძველ ტექსტს ადგილ-ადგილ ამოკლებს. თხზულების ტექსტი ერთადერთი ხელნაწერით (ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკა H 22) არის მოღწეული; 4. შიო მღვიმელის „ცხოვრების“ სვინაქსარული ტექსტი ორი განსხვავებული რედაქციით არის წარმოდგენილი – ერთი ძველ, XIII ს. ხელნაწერში (H 1349), და წარმოადგენს შიოს ძვ. მეტაფრასული „ცხოვრების“ გამოკრებილ ტექსტს და მეორე ვრცელი („მოკლედ ნათქომი“), რომელიც შეტანილია გვიანდელ, 1726 წ., ხელნაწერში (A 220) და შიოს იმავე მეტაფრასული „ცხოვრების“ მიხედვით არის შედგენილი; 5. ცალკე თხზულებად არის წარმოდგენილი; „თხრობაჲ სასწაულთათჳს მამისა შიოჲსთაჲ“ (H 1371 და S 4621), თუმცა „სასწაულები“, სათაურის მიხედვით, ბასილი კათოლიკოსის (1090-1110) მიერ შეკრებილად ცხადდება. მართალია, შიოს „ცხოვრების“ ყველა რედაქციაში მრავალი სასწაულია მოთხრობილი, მაგრამ ეს თხზ. არც ერთ მათგანს არ იმეორებს. ამასთანავე, თხზულების სათაურის მიხედვით, უნდა ყოფილიყო 18 სასწაული, მაგრამ პირველი – მეოთხე, მეექვსე, მეათე, მეცამეტე – მეთვრამეტე სასწაულების ტექსტი არ ჩანს, ე.ი. დარჩენილია მხოლოდ ექვსი. III. წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ ციკლი. 1. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ ჩვენამდე მოღწეული ტექსტებიდან უძველესია ე.წ. არქეტიპი, ანუ კიმენური რედაქცია, რომელიც დამოუკიდებელ თხზულებად არის მიჩნეული, თუმცა მეორე თვალსაზრისით (ე. გაბიძაშვილი), იგი იოვანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის ერთობლივი „ცხოვრების“ ნაწილია და არსენ II კათოლიკოსის (955-980) ნახელავია. შემორჩენილია ორი ხელნაწერით: A 199, XIV-XV სს., 72v–76v და H 1336, 1669 წ., 171v-179r; 2. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, რომელიც კიმენური ტექსტის გავრცობილ ვარიანტს წარმოადგენს, XII ს. თხზულებად არის მიჩნეული თხზულებაში მოხსენიებული „მწყემსი ონოფრე გარეჯელის“ გამო (კ. კეკელიძე), თუმცა მისი შემცველი უძველესი ხელნაწერი – A160 – XVII ს-ისაა, ხოლო დანარჩენი 10-მდე ხელნაწერი – XVIII ს-ის; 3. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ მეორე, გვიანდელი, მეტაფრასული რედაქცია ძველი მეტაფრასულის დიდი გავლენით შეუქმნია რომანოზ მიტროპოლიტს 1737-1740 წწ. ერთადერთი ხელნაწერი ცენტრალური არქივი №252, 1737-1740 წლებისაა. IV. წმ. აბიბოს ნეკრესელის „წამებათა“ ციკლი. აბიბოს ნეკრესელის „წამების“ორი ძველი თხზულებიდან უძველესია შედარებით მოკლე რედაქცია: „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“, რომელიც ერთადერთი (A 832, XIII ს.) ისიც ნაკლული, ხელნაწერით მოგვეპოვება და IX ს. ძეგლად ითვლება. ეს თხზულება ჩვენამდე მოღწეულ ასურელ მამათა შესახებ დაწერილ თხზულებათა შორის უძველესია, რადგან აბიბოსი ერთადერთი მოწამეა მათ შორის, ხოლო „წამებები“ წმინდანის აღსრულებისთანავე იწერებოდა (და ამიტომ, საფიქრებელია, მისი „წამება“ VI ს-შივე დაწერილიყო). შედარებით ვრცელი თხზ. მოკლე თხზულების გავრცობილ ვარიანტს წარმოადგენს ეპილოგის დამატებით. თხზულების დასაწყისი ფრაზა და ეპილოგის დართვის ფაქტი გახდა მიზეზი, გამოთქმულ იყო აზრი (ე. გაბიძაშვილი), რომ ავტორმა (რომელიც თხზულების სათაურში არსენ დიდად იწოდება, მაგრამ სინამდვილეში არსენ II კათოლიკოსი უნდა იყოს) წყაროდ გამოყენებულ მოკლე თხზულებას დაუმატა პირველი ფრაზა: „ხოლო ჯერ-არს, რაჲთა მცირედ შუა შემოვიღოთ“ და დაურთო ეპილოგი შიო მღვიმელის გარდაცვალებისა და დასაფლავების შესახებ, რათა აბიბოს ნეკრესელის „წამება“ ჩაერთო („შუა შემოეღო“) იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივ, კიმენური რედაქციის ტექსტში (შიოს გარდაცვალების შესახებ ამ ერთობლივი „ცხოვრების“ შიოს შესახებ დაწერილ ნაწილში – „ცხორებაჲ… შიოჲსი და ევაგრესი“ – არ არის). „წამების“ შედარებით ვრცელი ტექსტი აქამდე მხოლოდ გვიანდელი ხელნაწერებით იყო ცნობილი (A 130, 1713 წ.; A 170,1733 წ.; A 176, 1743 წ. და კიდევ ოთხი – უფრო გვიანდელი). ბოლო დროს სინის მთის ქართულ ხელნაწერთა ახალ კოლექციაში აღმოჩნდა X ს. ხელნაწერი (N/Sin. 50), რომელიც გავრცობილი „წამების“ ანალოგიურია, მცირეოდენი ვარიანტული სხვაობებით, ხოლო ეპილოგი აკლია ხელნაწერის ბოლონაკლულობის გამო. აღსანიშნავია, რომ აბიბოს ნეკრესელის „წამების“ შედარებით ვრცელ ტექსტს სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ მეტაფრასულ რედაქციას უწოდებენ, რაც მართებული არ არის, რადგან მეტაფრასული მიმდინარეობა ამ დროს თვით ბიზანტიაშიც კი არ არსებობდა. აბიბოს ნეკრესელის „წამების“ სვინაქსარული ტექსტი ძალიან გვიან შეიქმნა და ორ ხელნაწერში (A 425, 1718 წ.; A 220, 1726 წ.) არის შეტანილი. ამდენად, სრული „ცხოვრება-წამების“ როგორც კიმენური, ისე მეტაფრასული ტექსტები ასურელ მამათაგან მხოლოდ ოთხს მოეპოვება; იოვანე ზედაზნელს, შიო მდეიმელს; დავით გარეჯელსა და აბიბოს ნეკრესელს – ოთხივემ ღრმა კვალი დააჩნია ქართულ საეკლ. მწერლობასა და სამონასტრო მშენებლობას, ამიტომ შეიქმნა მათი ღვაწლის ამსახველი ვრცელი ჰაგიოგრაფიული ძეგლები. არსებობს აგრეთვე ისე წილკნელის ვრცელი, მეტაფრასული „ცხოვრება“ – „დაძინებაჲ… ისე წილკნელ ეპისკოპოსისა, საკჳრველთმოქმედისა, რომელი იყო ერთი ათორმეტთა მამათაგანი, რომელნი შუამდინარით მოიწინეს“, რომელიც ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილი) შექმნა XVIII ს. იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივი „ცხოვრებიდან“ ამოკრებილი ეპიზოდების საფუძველზე და რომელიც ორი ხელნაწერით (S 3269, 1720 წ., A 170, 1733 წ.) არის წარმოდგენილი. დანარჩენი წმ. მამების შესახებ ჩვენამდე ვრცელ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს არ მოუღწევიათ, მაგრამ ისინი ქართული ეკლესიის წმინდანები იყვნენ და მათი ხსენების დღესასწაულებზე ლიტურგიკული ღვთისმსახურების დროს სვინაქსარული საკითხავი შეიქმნა: ქართულ ხელნაწერებში შესულია შემდეგი მამების სვინაქსარული ცხოვრების ტექსტები (გარდა იმ მამებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულებებია დაწერილი): 1. ანტონ მარტომყოფელის ორი სვინაქსარული ცხოვრება გვაქვს: ერთი ვრცელი, რომელიც რამდენიმე, XVIII ს. და XIX ს. ხელნაწერით არის მოღწეული: ერთი შეიძლება იყოს XVII-XVIII სს. (A1582), ხოლო მეორე, შედარებით მოკლე, ვრცელიდან მომდინარე ერთადერთი ხელნაწერით (H 1672,1740 წ.) არის შემორჩენილი. საგულისხმოა, რომ სვინაქსარული ტექსტის ვრცელი ვარიანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანტონი არ მოსულა იოვანე ზედაზნელის მოწაფეთა გუნდთან ერთად: „…ანტონი იძია მოძღუარისა თჳსისა გზა…“ ანტონ მარტომყოფელის სვინაქსარული ცხოვრების სათაურის მიხედვით, მისი ხსენება დადებულია მარტყოფის ხატის დღესასწაულთან ერთად 16 აგვისტოს, რადგან ამ ხატის ანტონის მიერ ჩამოსვენების ისტ. მოთხრობილია ამ სვინაქსარულ ტექსტში. სვინაქსარული „ცხოვრება“ უცვლელი სახით A 1582 ხელნაწერიდან „ქართლის ცხოვრებაში“ უნდა გადაეტანა „სწავლულ კაცთა კომისიას“; 2. ისე წილკნელის სვინაქსარული „ცხოვრება”, რ-იც მის სასწაულებზეა აგებული, წარმოადგენს ცალკეული ადგილების გამონაკრებს შიო მღვიმელის კიმენური და მეტაფრასული „ცხოვრებებიდან“. ისეს „ცხოვრების“ სვინაქსარული ტექსტი დაცულია ხუთ ხელნაწერში: H 2077, 1736 წ.; ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკა 222, XVIII (ერთში – S 3269, 1720 წ. – მხოლოდ სათაურია). იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრების“ შექმნაც, XVIII ს. I ნახევარშია სავარაუდო. იოსები იგულისხმება მხოლოდ იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივი „ცხოვრების“ ამ სიტყვებში: „ერთმან ვინმე მათგანმან (იგულისხმება იოვანეს მოწაფეები) აღაშენა ალავერდი, რომლისაგან გამოვლენ ვიდრე დღეინდელად დღემდე დიდნი საკჳრველებანი და მრავალნი კურნებანი…“. ასე რომ, იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრების“ ავტორს თავისი თხზულებისათვის არავითარი წყარო არ ჰქონდა. ცნობილია იოსებ ალავერდელის ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი, რომლის აკროსტიქი იკითხება ასე: „მაკრინა, შემსხმელი შენი შემიწყალე“. მაკრინა არის ერეკლე I-ის ქალიშვილის, მარიამის, მონაზვნობის სახელი. ამიტომ ფიქრობენ (კ. კეკელიძე), რომ სვინაქსარული „ცხოვრებაც“ მან დაწერა 1718-1724 წწ. იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრება“ XVIII ს. შვიდ ხელნაწერშია დაცული: S 3269, 1720-იანი წლ.; H 2077, 1736 წ.; S 535, XVIII ს. წყარო: ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, ს. კაკაბაძის გამოც., საისტორიო კრებულის წგ. 1-ის დამატება, ტფ., 1928; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ი. აბულაძის გამოც., თბ., 1955; საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის გამოც., წ. 4, თბ., 1968; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წწ. 1-3, თბ., 1963-71; ხეც, ხელნაწერები: A-130, A-160, A-170, A-176, A-199, A-643; H-1336, H-1371, H-1672, H-2121; S-449, S-4621; პეტერბ. 3M-21, H-22. ლიტერატურა: აბრამიშვილი გ., ატენის სიონის რელიეფები, „საბჭოთა ხელოვნება“, 1965, №9; ალექსიძე ზ., მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში, „აკადემია“, 2000, №1; მისივე, „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის“ შესწავლის ტექსტოლოგიურ-ქრონოლოგიური საკითხები, წგ: ქრისტიანული კავკასია, ტ. 1, თბ., 2010; მისივე, სინური ხელნაწერი ასურელ მამათა შესახებ, წგ.: ქრისტიანული კავკასია, ტ. 2, თბ., 2011; გაბიძაშვილი ე., ასურელი მოღვაწეების „ცხოვრებათა“ ე.წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ენისა და ლიტ. სერია, 1982, № 4; გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; თვარაძე რ., თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა, თბ., 1985; კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; კუჭუხიძე გ., წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების უძველესი სახის აღდგენისათვის, „ლიტერატურული ძიებანი“, 2005, №26; მ ერკვილაძე დ., ასურელი მამები, VI ს. სირიელი მოღვაწენი საქართველოში, წ. 1, თბ., 2006; მეტრეველი ს., ასურელ მამათა წამება-ცხოვრებათა რედაქციები, თბ., 2010; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წწ. 1-5, თბ., 1963-89; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1); ჯანაშვილი მ., Описание рукописей церковного музея, 3, 1908 ხ. გაფრინდაშვილი ნ. სულავა იხილე აგრეთვე