Jump to content
×
×
  • Create New...

დაუჯერებელი მეფე


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჰორიზონტზე რუხი ძაფი დავლანდეთ, მიახლოებისას კი ეს ხაზი ერთ-ორ ასეულ ცხოველად გადაიქცა, რომელთა მწკრივიც სპირალურად მიუყვებოდა დაბლობს. „გნუ“, – წამოიყვირა ჩარლიმ თვითმფრინავის ძრავის გუგუნში და იქვე დაამატა: „ეს მათი პატარა ჯგუფია“. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ტანზანიაში, ნგორონგოროს კრატერის ჩრდილოეთ ნაწილში და რადგან მარტის პერიოდია, ვიცით, ზოლებიანი გნუს ჯოგი უკვე მცირე ხანში უნდა დაიძრას ჩრდილო-დასავლეთისკენ, აუყვეს სერენგეტის ეროვნულ პარკს და გეზი აიღოს კენიისკენ.

და, აი, ისინიც, მათი ქარავანი, რომელიც მჭიდრო ხაზზე გასწორებულა.

 ათასობით წელია, რაც ზოლებიანი გნუ წრიულ მარშრუტს ასრულებს დიდი სერენგეტის ეკოსისტემაში – თითოეული ინდივიდი დაახლოებით 2800 კილომეტრზე მიგრირებს. გზად ისინი ედევნებიან წვიმებს, ბალახობენ, ანოყიერებენ მიწას და გადაიქცევიან მტაცებელთა საკვებად. აქაც ჩვენ ვუცქერდით ჯოგს, რომელიც უხსოვარი დროის წინაპართა ბილიკებს თელავდა და ახლა ჩრდილო-დასავლეთს მიაშურებდა.

მაგრამ, მოიცადეთ, ისინი არ მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთისკენ.

„რატომ მიდიან სამხრეთის მიმართულებით?“, – ხმამაღლა გავძახე ჩარლის.

„ვინ ჯანდაბამ იცის? – მომიგო მან, – ალბათ, ბალახს ეძებენ. აქ ბევრი არაფერია საკვებად“.

ტანზანიაში იმ მიზნით ჩამოვედი, რომ ზოლებიანი გნუს დიდ მიგრაციას შევსწრებოდი. იქ შევუერთდი ფოტოგრაფ ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსს; იგი უკვე 2 წელია, რაც აღბეჭდავდა მათ მსვლელობას. ჩვენ ქალაქ არუშას აეროპორტიდან გამოვფრინდით და თვალწინ მწვანე ტონების უხვი გრადაცია გადაგვეშალა – ყავის პლანტაციები, ხშირი ტყე… მაგრამ როგორც კი ნგორონგოროს კრატერს გადავუფრინეთ, ლანდშაფტი მაშინვე შეიცვალა და ახლა უკვე ვრცელი ვაკეები გადაიჭიმა.

სულ რაღაც ერთი თვის წინ აქაურ მიწებს ხალიჩასავით გადაჰკვროდა ნოყიერი ბალახოვანი საფარი, მაგრამ წვიმების სეზონი დასრულდა და ახლა, საითაც უნდა გაგეხედათ, მიწა გადახრუკული ჩანდა. გნუს ეს კოლონა წააგავდა გზააბნეულ, მოხეტიალე ტომს, რომელიც ლომის პრაიდისა თუ ხალებიან აფთართა მარტივ სამიზნედ შეიძლება ქცეულიყო.

შემდეგ თვალი მოვკარი ერთ ინდივიდს, რომელიც მწკრივს გამოეყო, ირგვლივ მიმოიხედა და საწინააღმდეგო მიმართულებით გაემართა. იფიქრებდით, უცებ დაასკვნა, ჩემი ჯგუფი მცდარ გზაზე დამდგარაო. ჯოგმა არ შეიმჩნია მისი „ამბოხება“ და კვლავ ჩვეული ტემპით განაგრძო სვლა. გავიფიქრე, ეს ზოლებიანი გნუ განწირულია-მეთქი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინ გადებული, დაბრკოლებებით სავსე მარშრუტის გათვალისწინებით, ჯოგის უამრავ სხვა ინდივიდსაც სიკვდილი ელოდა. ისინი დადიოდნენ მერყევი ამინდის მოწყალების იმედად, ხშირად უწევდათ კურსის შეცვლა და გრძელი დისტანციების დაფარვა ნოყიერი საძოვრების ძებნაში. გზად მტაცებლებიც სულ კუდში ედევნებოდნენ, უკანასკნელ წლებში კი მათ გამოუჩნდათ ადამიანის ხელით შექმნილი დაბრკოლებებიც – მოსავლისა და საქონლის დასაცავად გავლებული ღობეები, ასევე, კონკურენცია ცხვრისა თუ თხის მზარდ ფარასთან.

MM8752_2009316_077856130480.jpg
მშიერი მტაცებლები შორიახლოს იმალებიან. ამიტომ ზებრები ახლოს არიან გნუებთან – მტაცებლების პრიორიტეტულ ნადავლთან. ჩრდილოეთ დაბლობზე ეს ორი ცხოველი სხვადასხვა საძოვარს ეძებს. ზებრა უპირატესობას მაღალ ბალახს ანიჭებს და გრძელი წინა კბილებით ძოვს.

მაგრამ ურთულეს ამოცანად, ალბათ, მაინც მდინარე მარა რჩებათ, რომლის გადაკვეთა ჯოგს ორგზის უწევს: ჯერ კენიის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალის უხვ საძოვრებთან მოსახვედრად, შემდეგ კი დინების კვლავ გადმოლახვა ტანზანიაში დასაბრუნებლად. ჩარლი მარას გადაკვეთის ათეულობით მცდელობას შესწრებია. „გასულ წელს ვნახე ასობით ლეში, დახვავებული მდინარის პირას თუ მის ნაკადებზე მოტივტივე“, – მითხრა მან. „ეს ნამდვილი კოშმარია“.

უამრავ მოზარდსა და სუსტ ინდივიდს თავად ჯოგი თელავს, როდესაც ქაოტურად ცვივიან მდინარეში. ასობით მათგანი იხრჩობა ან ნიანგები მიათრევენ წყლის ქვეშ – მდინარე მარაში უამრავი ნილოსის ნიანგია. და ვინც გააღწევს მეორე ნაპირამდე, იქ მათ უცდიან ლომები და ხალებიანი აფთრები, რომლებიც ჯოგის კიდევ არაერთ წევრს იხელთებენ.

ჩარლიმ მომითხრო ერთ ძველ შემთხვევაზე, თუ როგორ სულისშემძვრელად გააღწია გნუმ მდინარის მეორე ნაპირზე და უცებ, რაღაც აუხსნელი მიზეზით, ტვინი გადაუტრიალდა და კვლავ უკან შევარდა ორომტრიალში – მხოლოდ იმისთვის, რომ სიცოცხლის ფასად ეცადა სულ ახლახან დატოვებულ ადგილთან მიბრუნება. „დიდი ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეთ“, – ამბობს იგი.

და, აი, აქ გვიჩენს ზოლებიანი გნუ დიდ თავსატეხს: მათი ყოველწლიური მიგრაცია ხაზგასმით ავლენს ბუნების დახვეწილ მექანიზმს, მაგრამ ახლო დაკვირვებით ეს ცხოველი გახლავთ სასაცილო შესახედაობის, ამოუცნობი არსება, რომელიც უიმედოდ გონებასუსტი გვეჩვენება. და მაინც, ათასობით წლის განმავლობაში ისინი ბინადრობდნენ ასეთ რთულ და უმოწყალო ლანდშაფტზე. როგორ გადარჩა ეს დაუჯერებელი სახეობა?

ერთ დილას კენიელი გიდი ეკაი ეკალალე და მე ყავას ვსვამთ მასაი-მარაში და ვუცქერთ, თუ როგორ ძოვს რამდენიმე ზოლებიანი გნუ ჩვენს „ლენდ-როვერთან“. იმდენად ახლოს დგანან, მათი ცოხნის ხმაც კი გვესმის. ერთი საათის წინ შევესწარით წყვილი ძუ ლომის თავდასხმას, როდესაც მათ აფრიკული კამეჩის ნაშიერი მოინადირეს. ეს ამბავი მოხდა აქედან სულ რაღაც 1,5 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ჩვენს ავტომობილთან მობალახე გნუების ჯგუფი სრულიად უდარდელად გამოიყურება.

ეკაის ვეკითხები, როგორ ფიქრობს, გნუ შტერია? „არცერთი ცხოველი არ არის შტერი“, – მპასუხობს იგი. „მხოლოდ, ზოგიერთი უფრო გონიერია, ვიდრე სხვა“. მაგრამ ეკაი იქვე მიცხადებს, რომ მე არ ვარ პირველი, ვინც მსგავსი კითხვა წამოჭრა. ზოლებიანი გნუ საუკუნეების განმავლობაში აოცებდა მათ სიახლოვეს მცხოვრებ ხალხს – მასაებისა და ამ რეგიონის კიდევ სხვა ტომების წარმომადგენლებს. ერთი თქმულების თანახმად, ზოლებიანი გნუ შეიქმნა სხვა ცხოველთა ნაწილებისგან. „მას ებოძა მეჭეჭებიანი ღორის თავი, კამეჩის კისერი, ზებრის ზოლები და ჟირაფის კუდი“, – მიამბობს ეკაი. ამ მითის ბევრი სახესხვაობა არსებობს, ერთ-ერთ ვერსიაში ზოლებიან გნუს ტვინი რწყილისგან ერგო.

დიახ, ეს მხოლოდ მითებია, თუმცა ისინი რეალურ აღწერილობას მშვენივრად ერგება. ზოლებიანი გნუს პაწაწინა რქები და თვალები ვერაფრით შეესაბამება მის ზედმეტად გრძელ სახეს. სხეულიც დაუბალანსებელი ჩანს – ტანის წინა მხარე აზიდულია, უკანა კი დაშვებული. თანაც, ეს ფრონტალურად გადატვირთული კონსტრუქცია წერწეტა ფეხებზე შემომდგარა, რაც ამ ცხოველს სიარულის მოუქნელ მანერას უყალიბებს.

ამგვარად, როგორ მოხდა, რომ ბუნებამ შექმნა ცხოველთა სამყაროს ასეთი ფრანკენშტაინი?

ამის გამოსარკვევად ეკოლოგ ანა ესტესს დავურეკე, რომელიც ტანზანიაში მუშაობს. „ნება მიბოძეთ, აქვე შეგაჩეროთ, – მითხრა მან, – მამაჩემი პირად შეურაცხყოფად მიიღებდა, ვინმეს რომ ზოლებიანი გნუ დაემცირებინა“. მისი მამა, ბიოლოგი რიჩარდ ესტესი, ავტორია წიგნისა „გნუს სამყარო“. ამ ნაშრომში იგი დეტალურად აღწერს გნუების სასიცოცხლო ციკლს და წარმოგვიდგენს ღრმა კონტრდასკვნებს ზემოხსენებული ხუმრობების საპირისპიროდ. რამდენიმე წლის წინ რიჩარდი პენსიაზე გავიდა და ახლა უკვე ანამ, რომელიც ბავშვობიდან დაჰყვებოდა მამას ველზე, განაგრძო სერენგეტის ეკოლოგიის კვლევა.

მოდით, ამგვარი კუთხით დავფიქრდეთ, შემომთავაზა ანამ: ევოლუციური წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პოპულაციის ზომაა. ამ მხრივ კი ზოლებიანი გნუს რიცხვი 1,3 მილიონს აღემატება და სერენგეტის ზორბა ძუძუმწოვრებში ცალსახად ლიდერობს. სპილოები, თავიანთი ნაქები გონიერებითა და უბადლო ძალღონით, მხოლოდ 8500-მდე ინდივიდს ითვლიან; ლომები, სავანის მეფედ რომ იწოდებიან, 3000-ს ძლივს აღწევენ. ზოლებიანი გნუს ყველაზე ახლო კონკურენტებად გვეცხადებიან ტომსონის ქურციკი და ზებრა – თითოეულის პოპულაცია შეადგენს რამდენიმე ასეულ ათას ინდივიდს; და, სხვათა შორის, ორივე ეს ცხოველი ზოლებიან გნუს ემგზავრება ხოლმე მიგრაციისას.

ზოლებიანი გნუს პოპულაციური წარმატება, აღნიშნავს ანა, პირდაპირ უკავშირდება მათ უცნაურ სხეულის ნაწილებს, რომლებიც წარმოაჩენენ დახვეწილ ადაპტაციებს უზარმაზარ დისტანციათა დასაფარად და უპირატესობის მოსაპოვებლად სერენგეტის ეკოსისტემაში. პატარა რქები ნიშნავს ნაკლებ წონას სიარულისა ან ცურვისას, ამასთან, ხშირ ბუჩქნარში გახლართვის ალბათობაც მცირდება. ბრტყელი დრუნჩით გაზონის საკრეჭივით ძოვენ; ტანის დაშვებული უკანა ნაწილი, რეალურად, უყალიბებს სიარულის მეტად ეფექტურ მანერას, ელასტიკური კოჭები კი ხტუნვა-ხტუნვით სირბილს აადვილებს. შედეგად, ზოლებიანი გნუ ენერგიას ზოგავს ხანგრძლივი მიგრაციისას. და როგორი ტლანქიც არ უნდა მოგეჩვენოთ, სირბილისას ისინი ავითარებენ 80 კმ/სთ სიჩქარეს – საკმარისი სისწრაფე, რომ დაუსხლტნენ ხალებიან აფთრებსა და უკან მოიტოვონ ლომებიც. გნუ ასევე ძალიან კარგად გრძნობს ყნოსვით, თუ სად მოდის წვიმა და, ამგვარად, ის შორეულ ჭექა-ქუხილს მიაშურებს, დანიშნულების ადგილზე მისულ ჯოგს კი ახალამობიბინებული ბალახი ხვდება.

MM8752_200221_069743.jpg
მიგრანტ ზოლებიან გნუებს თან მთელი ეკოსისტემა მიაქვთ. მაგალითად, ეგვიპტური ყანჩები უერთდებიან გნუებს, რომლებიც ტანზანიაში ძოვენ. ისინი იქვე ახლოს ფარფატებენ ჰაერში ან, სულაც, ზურგზე ასხდებიან ანტილოპებს და ელოდებიან, როდის ამოყრიან მიწიდან მწერებით სავსე სადილს.

მაგრამ ზოლებიანი გნუს ყველაზე შთამბეჭდავ ადაპტაციად უნდა დასახელდეს შთამომავლობის მოვლენის სტრატეგია. იანვრის მიწურულისკენ მათი ჯოგი იკრიბება იმ ვაკეზე, რომელსაც ჩარლისთან ერთად გადავუფრინე. წლის აღნიშნულ მონაკვეთში ეს ველები ჯერ კიდევ შემოსილია უხვი ბალახეულით. ზოლებიანი გნუ, განსხვავებით ანტილოპის ბევრი სხვა სახეობისგან, თავის ნაშიერებს არსად მალავს და მაკე მდედრები ყველანი ერთდროულად მშობიარობენ ღია სივრცეში. 500 000-მდე ზოლებიანი გნუ იბადება 3 კვირის განმავლობაში – დაახლოებით 24 000 ინდივიდი დღეში. ამ ქვეყანაზე მოვლენიდან 7 წუთში ხბო უკვე ფეხზე დგას, ხოლო 24-საათიან პერიოდში სირბილსაც იწყებს დედის მხარდამხარ.

ლომები, ხალებიანი აფთრები და სხვა მტაცებლები კბილებს ილესავენ ამ ყოველწლიური ნადიმისთვის და გაუმაძღრად სანსლავენ ახალშობილებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს თუ იხელთებენ; რამდენიმე კვირის ინტერვალში კი ხბოები და ზრდასრული გნუები მოძრაობას იწყებენ შემდეგ გაჩერებამდე – რა დროისთვისაც მათი რიცხვი უკვე მესამედით გაზრდილია.

ანა ესტესთან საუბრის შემდეგ ზოლებიანი გნუს საზრიანი ქცევის სხვა მაგალითებსაც დავუწყე ძებნა.

მე შევიტყვე, რომ ზოლებიანი გნუ ყოველთვის დღის შუქზე ავლენს ნაშიერებს, რაც, ერთი შეხედვით, დაუცველობას ზრდის – თუმცა ლომები და ხალებიანი აფთრები ძირითადად მწუხრიდან განთიადამდე მონაკვეთში ნადირობენ. მათ გზის გაგნებაში ეხმარებათ ჰორმონების კვალი, რომელსაც ჩლიქების სუნიანი ჯირკვლებით ტოვებენ.

შემდეგ წავაწყდი მაგალითს, რომელმაც კვლავ ჩარლისთან დამაბრუნა თვითმფრინავში; გამახსენა ის ზოლებიანი გნუ, ჯგუფს რომ გამოეყო და საკუთარი თავის იმედად განაგრძო სვლა. როგორც გავიგე, თუ დედა თავის ნაშიერს დაკარგავს, ის კოლონას წყდება და უკუმიმართულებით მიდის – მწკრივის ზურგში, სადაც გზააბნეული ხბოები ბუნებრივად იკრიბებიან.

სერენგეტიში გამგზავრებამდე მე წავიკითხე ერთ ახალგაზრდა ეკოლოგზე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ზოლებიანი გნუს ირგვლივ ჩამოყალიბებული სამეცნიერო ხედვა. ტონი სინკლერი გაიზარდა ტანზანიაში, ზოოლოგიას სწავლობდა ოქსფორდში, შემდეგ კი ათწლეულზე მეტი დრო დაუთმო ცხოველთა პოპულაციების აღრიცხვას სერენგეტიში. 1982 წელს იგი ეწვია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, სადაც კონსერვაციონისტთა შეკრება იმართებოდა. სიტყვით გამოსვლისას სინკლერმა გამოაცხადა ერთი საოცარი ამბავი: მან და კიდევ ერთმა ეკოლოგმა, მაიკ ნორტონ-გრიფითსმა აღრიცხეს ჩლიქოსანთა უდიდესი ჯოგი, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

1890-იანი წლებიდან მოყოლებული, ზოლებიანი გნუს პოპულაციას ანადგურებდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჭირი – ეს ვირუსული ინფექცია სასიკვდილოდ მოქმედებს შინაურ ცხოველებსა და მათ ველურ ბიძაშვილებზე, მათ შორის, აფრიკულ კამეჩსა და ზოლებიან გნუზე.

1960-იანი წლებისთვის უკვე ფართოდ გავრცელდა ვაქცინა, რამაც შეაჩერა ინფექციური აფეთქებები და, შედეგად, ზოლებიანი გნუს პოპულაციამ საოცარი ტემპით იმატა. ვაქცინის ძლიერ იერიშამდე ზოლებიანი გნუ 260 000-მდე ინდივიდს ითვლიდა, მაგრამ, სულ რაღაც 17-წლიან პერიოდში (1961-1977) მისი პოპულაცია ხუთჯერ და ცოტა უფრო მეტითაც გაიზარდა – ჯამში 1,4 მილიონს მიაღწია. სინკლერმა მიჩვენა აეროაღრიცხვის პროცესში გადაღებული შავ-თეთრი ფოტო – ზოლებიანი გნუს უზარმაზარი ჯოგი, რომელიც ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულა.

მაგრამ პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სინკლერის ეს აღტყინება სხვა მეცნიერებმა ვერაფრით გაიზიარეს. „იქ ვისმენდი, თუ როგორ აცხადებდნენ ფეხზეწამომდგარი კოლეგები, რომ ასეთი არასერიოზული რამ პირველად გვესმისო, – იხსენებდა იგი ჩემთან საუბრისას, – რაც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მათი ამოხოცვა და პოპულაციის განახევრებაა“.

სინკლერის თქმით, ასეთი დოგმა არსებობდა იმ დროის ბევრ მეცნიერში. მათი რწმენით, ველურ ცხოველთა პოპულაციებს ბალანსის შესანარჩუნებლად რეგულირება სჭირდება. „ისინი უნდა გაკონტროლდნენ, – მიხსნიდა იგი ზემოაღნიშნულ მეცნიერთა ხედვას, – წინააღმდეგ შემთხვევაში ჭკუიდან გადავლენ და ყველაფერს გაანადგურებენ“.

MM8752_200726_077856078641.jpg
ზოლებიანი გნუს მასობრივი სიკვდილი ნიანგებისა და აფრიკული ორბების დღესასწაულია მდინარე მარაში. ერთ დღეში 6000-დან 9000-მდე გნუმ – ცუდმა მოცურავეებმა და დაბნეულებმა – შეიძლება ერთმანეთი გადათელოს და სწრაფ დინებაში დაიხრჩოს.

მაგრამ სინკლერი ვერ დაარწმუნეს. „გავიფიქრე, რომ ჩვენ შეგვეძლო იმის დემონსტრირება, თუ რატომ არ მოხდებოდა ასე ზოლებიანი გნუს პოპულაციასთან მიმართებით სერენგეტიში“.

შემდეგ სინკლერი კვლავ დაუბრუნდა სერენგეტის და მომდევნო წლებში თავის კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები შენიშნა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა მტაცებელთა პოპულაციური ზრდა. თუმცა, ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა – მეტი მსხვერპლი ნიშნავდა მეტ საკვებს. მაგრამ ნორტონ-გრიფითსმა შენიშნა ასევე ხანძართა რიცხვის შემცირება. ამის საფუძველზე, მათ ივარაუდეს, რომ ზოლებიანი გნუს დიდი ჯოგი ბალახს ინარჩუნებდა დაბალ სიმაღლეზე – შედეგად, იკლებდა ხანძრების სიხშირე თუ მასშტაბი და, საბოლოო ჯამში, ხეებიც ტანს იყრიდნენ. სულ მცირე პერიოდში ის ზონები, მთელი საუკუნის განმავლობაში რომ ბალახნარ საფარს ეჭირა, კვლავ გატყიანდა.

მეტი ხე ნიშნავდა მეტ მწერს, მეტ ფრინველსა და მეტ ძუძუმწოვარს, რომლებიც ფოთლებით იკვებებიან, მათ შორის, ჟირაფი და სპილო. ამასთან, მოგზაურობისას ზოლებიანი გნუ ავრცელებდა ექსკრემენტებს, რომლებიც ანოყიერებდა ნიადაგს და უფრო მეტი ბალახის აღმოცენებას უწყობდა ხელს.

სინკლერმა გააცნობიერა, რომ სერენგეტი გარდაიქმნა, ხოლო ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა გახლდათ მოკრძალებული ზოლებიანი გნუ. იმ პერიოდში შედარებით ახალ კონცეფციას წარმოადგენდა „საკვანძო სახეობა“ და ასეთი სტატუსით იდენტიფიცირებულ ცხოველთაგან ყველა უმაღლეს მტაცებელთა რიგს განეკუთვნებოდა. მაგრამ სერენგეტიში მეფე იყო არა ლომი, არამედ, მისი მსხვერპლი.

პირდაპირ რომ ვთქვათ, მითხრა სინკლერმა, „ზოლებიანი გნუს გარეშე არ არსებობს სერენგეტი, სულ მცირე, იმ სახით, როგორითაც მას ვიცნობთ“.

სერენგეტის ვაკეებზე მანქანით მგზავრობისას ხშირად შემინიშნავს ზოლებიანი გნუს ნაშთები – მაშინაც კი, როდესაც თავად ცხოველი ირგვლივ არსად დამილანდავს. ამ თითოეული ნაშთის „ვინაობა“ ამოცნობილა იქვე მდებარე თავის ქალით, რომელსაც ზოლებიანი გნუსთვის სახასიათო რქები ამშვენებს.

გაგებული მქონდა, რომ სინკლერის ერთი პროტეჟე, ეკოლოგი გრანტ ჰოპკრაფტი, ზოლებიანი გნუს ნაშთებს შეისწავლიდა.

ჩემი დასკვნით, გნუს ნაშთების უმეტესობა მტაცებლებმა დაახვავეს, მაგრამ ჰოპკრაფტმა ეს მოსაზრება უკუაგდო. „ხალხი ფიქრობს, რომ ზოლებიან გნუს ხოცავენ ლომები, ხალებიანი აფთრები თუ ნილოსის ნიანგები, – მეუბნება იგი, – მაგრამ მტაცებლებს მიეწერებათ ზრდასრულ ინდივიდთა სიკვდილის მხოლოდ 25-30%“. სიკვდილის უპირველესი მიზეზი შიმშილია.

ჰოპკრაფტის გუნდი შეისწავლის ზოლებიანი გნუს ძვლებს, განსაკუთრებით ბარძაყის ძვალს. „ჩვენი ერთ-ერთი საქმეა, დავათვალიეროთ ძვლის ტვინის შემცველობა“, – თქვა მან და აგვიხსნა, რომ მასში ცხოველის ცხიმის უკანასკნელი მარაგი სიკვდილის შემდეგაც რჩება.  

თუ ძვლის ტვინში ცხიმის მასა ამოწურულია, ეს ამცნობს ჰოპკრაფტს, რომ ცხოველმა ნივთიერებათა ცვლის პროცესით გარდაქმნა მთელი ენერგია, რაც კი ინახებოდა მისი ორგანოების ირგვლივ, კანქვეშა ცხიმის ფენებსა და ზოგიერთ კუნთოვან ქსოვილშიც – ბოლოს კი გადაერთო ძვლებში არსებულ „საგანგებო“ რეზერვზე. აღნიშნულ სტადიაზე მყოფ ცხოველს, თქვა ჰოპკრაფტმა, „ჩვენ ვეძახით პულსის მქონე ლეშს“. საბედისწერო დარტყმა შესაძლოა მტაცებელმა მიაყენა, მაგრამ სიკვდილის რეალური მიზეზი შიმშილით დაუძლურებაა, რა მიზეზითაც გნუმ ვერ შეძლო თავდასხმის არიდება.

ჰოპკრაფტის გუნდი შეისწავლის, ასევე, ზოლებიანი გნუს კუდის ბეწვებს. დაახლოებით 30 სმ სიგრძის ბეწვები მოგვითხრობენ გასული წელიწადნახევრის ამბავს, იმას, თუ როგორ ცხოვრობდა კონკრეტული ინდივიდი. მეცნიერები მათ ჭრიან პაწაწინა სეგმენტებად, შემდეგ უტარებენ იზოტოპურ და ჰორმონალურ ანალიზებს, რომლებიც მდიდარ ინფორმაციას იძლევა. „წარმოიდგინეთ, რომ ეს ცხოველი თავის დღიურს წერს“, – ამბობს ჰოპკრაფტი. „მაკედ ვარ. მშია. სტრესში ვარ. აი, აქ ვიკვებებოდი. აი, ამას ვჭამდი. მთელ ინფორმაციას ბეწვები გვაწვდის“.

MM8752_200821_077856100993.jpg
გნუები კვეთენ მდინარე მარას კენიაში, „ლუკაუტ-ჰილის“ ქვემოთ. „ეს არის მდინარის გადაკვეთის კლასიკური კადრი“, – ამბობს ფოტოგრაფი ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი, მაგრამ ეს არ არის სრული სურათი. შემოაბრუნეთ კამერა და დაინახავთ ავტომანქანებში გაჩერებულ ტურისტებს საფარიზე.

და რას ავლენენ გნუს დღიურები? ამ ცხოველებს ყოველთვის საშინლად შიათ, განსაკუთრებით მდედრებს. „მდედრი ზოლებიანი გნუ შიმშილობის ზღვარზეა თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში, – აცხადებს ჰოპკრაფტი, – და ეს  იმიტომ ხდება, რომ ისინი არასოდეს წყვეტენ რეპროდუქციულ ციკლს“.

მან განმარტა, რომ მდედრები არიან ან მაკედ, ან ძუძუთი კვებავენ ნაშიერს მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ივნისი-სექტემბრის 4-თვიან პერიოდში ისინი ასრულებენ ზემოაღნიშნულ ორივე ფუნქციას და, თანაც, მიგრაციის პროცესში, რაც მათ სხეულს უდიდეს ენერგომოთხოვნებს უყენებს. „შედეგად, ისინი სრულად კონცენტრირდებიან, რომ შთანთქონ რაც შეიძლება მეტი ნოყიერი ბალახი“, – ამბობს იგი. ამავდროულად, მყისიერად უნდა იყნოსონ, თუ სად მოდის წვიმა, სწრაფად დაფარონ 5-6 კილომეტრი მომდევნო საძოვართან მოსახვედრად და დაიწყონ ჭამა – მთელ ამ პროცესში კი მათ კონკურენცია უწევთ კიდევ მილიონ სხვა ზოლებიან გნუსთან, რომლებიც ზუსტად ასევე მოქმედებენ. „აი, ეს არის მიგრაციის მამოძრავებელი ძალა“.

მე გამახსენდა ჩარლის ნაამბობი, ის გნუ, რომელმაც ერთ დღეში ორჯერ გაიარა მდინარე მარას საშინელება და ჰოპკრაფტს ამგვარი შეკითხვა დავუსვი: შეეძლო შიმშილს ებიძგებინა ცხოველისთვის, რომ არად ჩაეგდო ასეთი ცხადი საფრთხეები? „შეეძლო“, – მიპასუხა მან. „მტაცებლისთვის თავის არიდება აყალიბებს მათ ზოგიერთ ქცევას, მაგრამ შიმშილი დომინანტი ძალაა“.

ბევრი წლის წინ საფარიზე წავედი და ნაირობის დატოვებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩვენ ზოლებიანი გნუს ჯოგით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდით. ჰაერში ექსკრემენტების მძაფრი სუნი ტრიალებდა, არემარეს კი ავსებდა უწყვეტი „გნუუუ“. გიდმა აგვიხსნა, რომ 20 000 ინდივიდისგან შემდგარი ეს ჯოგი მიგრაციას დაიწყებდა მეზობელი ათი-კაპუტიეის ვაკეებისკენ და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდებოდა – დიდი სერენგეტი-მარას მიგრაციის მინიატურული ვერსია.

აღნიშნული ჯოგის შესახებ მოვუთხრე ჯოზეფ ოგუტუს, რომელმაც ნაღვლიანად დამიკრა თავი. დასავლეთ კენიაში დაბადებული და აღზრდილი ოგუტუ ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტის უფროსი სტატისტიკოსია; მისი სპეციალობა გახლავთ კენიის ველურ ცხოველთა პოპულაციური აღრიცხვა და იმის მოდელირება, თუ როგორ იცვლება რიცხოვნობა დროთა განმავლობაში.

ის ძალიან კარგად იცნობს ათი-კაპუტიეის ჯოგის ამბავს. 2000-იანი წლების დასაწყისში ოგუტუმ დაიწყო ზოლებიანი გნუს აღნიშნულ ჯგუფზე არსებული კენიის სამთავრობო მონაცემთა ბაზის აღდგენა. „მთავრობამ მართლაც კარგი საქმე გააკეთა მონაცემთა შეკრებით“, – თქვა მან. მაგრამ ახლა ეს ინფორმაცია გაფანტული იყო.

როდესაც ოგუტუმ სრულად აღადგინა ძველი ინფორმაცია და ის დღევანდელ მონაცემებს შეადარა, გამოიკვეთა დამთრგუნველი სურათი: მიგრაცია „ჩავარდა“, აღნიშნული ჯოგის რიცხოვნობა კი 30 000 ინდივიდიდან (1970-იანი წლები) 3000-ზე ნაკლებ წევრამდე დაეცა 2014 წლისთვის. ამის მიზეზი დაუკავშირდა ადამიანის არაერთ საქმიანობას – მათ შორის ნაირობის დასახლებათა გაშლას, შემოღობილი ფერმების ზრდას, გზატკეცილების გაფართოებას. საბოლოოდ, ამ პროცესებმა დაარღვია ბუნებრივი საზღვრები და გადაკეტა ზოლებიანი გნუს მარშრუტები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ საძოვრებზე გასასვლელად და თავიანთი პოპულაციის შესანარჩუნებლად. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფონზე კი ჯოგის დარჩენილმა წევრებმა საერთოდ შეწყვიტეს მიგრაცია.

ოგუტუს თქმით, არაერთი მსგავსი დაბრკოლება ახლა უკვე სერენგეტის მიგრაციასაც ემუქრება მასაი-მარასკენ მიმავალ გზაზე. როდესაც ეს საფრთხეები ჩამომითვალა – ცხვრებისა და თხების გაზრდილი ფარა, მეტი ღობე მასაების თემებში, სიფონით ამოტუმბული სულ უფრო მეტი წყალი ფერმათა საჭიროებისთვის – წარმოვიდგინე კარდიოლოგი, რომელიც ათვალიერებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ავლენს ბლოკადებს და ანგარიშობს, თუ რამდენი ხანი გასტანს კიდევ გულისცემა. კენიაში ჩამოსული ზოლებიანი გნუს რიცხვი მცირდება, ამბობს ოგუტუ. „და, ის, ვინც ჩამოდის, წელიწადში თვენახევრით ნაკლები დროით ჩერდება, ვიდრე წინათ“.

თუ შეწყვეტენ აქ ჩამოსვლას, ეს მკვეთრად შეცვლის ეკოსისტემას – მაგრამ ასევე კენიის ეკონომიკასაც, რადგან ათასობით უცხოელი ტურისტი ამ სანახაობის საცქერლად სტუმრობს მარას.

ოგუტუს შევეკითხე, ეს ტენდენცია შექცევადია-მეთქი? „ჩემ მიერ ნანახი მონაცემები და მომავლის პროგნოზები არ იძლევა ოპტიმიზმის დიდ საფუძველს, – თქვა მან, – თუ ჩვენ ცალკე არ გამოვყოფთ მიწას, რომელსაც საუკუნოდ დავიცავთ ზოლებიანი გნუსთვის“.

მარაში ყოფნის ერთ-ერთ ბოლო დღეს ჩარლიმ, ეკაიმ და მე შევნიშნეთ ახალგაზრდა ზოლებიანი გნუ, რომელიც მარტოდმარტო მიკუნტრუშებდა. თითქოს არც არავინ მისდევდა, მაგრამ მაინც ასე განცალკევებით მირბოდა – უჩვეულო ქცევა ზოლებიანი გნუსათვის. ჩვენ მანქანით მივუახლოვდით, თუმცა ყურადღებაც არ მოგვაქცია; მისი პატარა თვალები წინ გამავალ გზაზე ფოკუსირდებოდა. სად მიეშურებოდა ეს ცხოველი? იმ წუთს ვიფიქრე, განწირულია-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარება.

2003 წლიდან ჩვენი ჟურნალის შტატიანი თანამშრომელი პიტერ გვინი არის Overheard at National Geographic-ის ერთ-ერთი წამყვანი.

The post დაუჯერებელი მეფე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share