Jump to content
×
×
  • Create New...

ლოიტას ტყის სულის ხმა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ცოტა ხნის წინ სერენგეტიში სამოგზაუროდ გავეშურე. ეს ის სერენგეტი არ არის, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, ღია ბარათებზე გამოსახული თვალუწვდენელი სავანა მოყვითალო ბალახითა და ქოლგისებრი ეკლიანი აკაციის ხედებით. არც მდიდრულ კემპინგზე გავჩერებულვარ და არც ტურისტების არმიას შევერთებივარ. 

მე ლოიტას ვესტუმრე – სერენგეტის დიდი ეკოსისტემის იმ ნაწილს, რომელიც სტანდარტულ ტურისტულ მარშრუტებში არ არის შეტანილი; მას დამალული სერენგეტიც შეგვიძლია ვუწოდოთ – ზღვის დონიდან 2000-მეტრზე აზიდული მთების ხელუხლებელი ბუნება. ეს ადგილი ნაირობიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, მასთან 250-კილომეტრიანი სამანქანო გზით არის დაკავშირებული და საქვეყნოდ ცნობილ მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალს დაჰყურებს, თუმცა კენიის სტუმართა უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. 

ვაპირებდი, ლოიტას მწვანე „ციხესიმაგრის“ შუაგულში შემეღწია და ის ადგილი მენახა, რომელსაც მასაის ენაზე „დაკარგული ბავშვის ტყეს“ (Entim e Naimina Enkiyio) უწოდებენ. ეს 300 კვ. კმ ფართობის ხელუხლებელი, ნოტიო ეკვატორული ტყეა, რომელიც პრაქტიკულად ცხვირწინ გვემალება. ამ მწვანე სამფლობელოში მოხვედრის შემდეგ მის ზედამხედველთან აუდიენციის იმედიც მქონდა.

პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ლოიტადან შორს, სხვა სამყაროში ვცხოვრობ – ნაირობიში, დაახლოებით 5-მილიონიან მეტროპოლისში. აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოფუსფუსე ქალაქია, ტექნოლოგიური ინოვაციებით გამორჩეული, ე.წ. სილიკონ-სავანის ბირთვი. ის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძიცაა, რომელიც კონტინენტებს აკავშირებს;  

საერთაშორისო კომპანიების ცათამბჯენების გვერდითაა გაეროს აფრიკის შტაბ-ბინაც და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებიც კონტინენტის ამბებს აქედან გადასცემენ მსოფლიოს. ნერვების მომშლელი საგზაო საცობები გვაქვს და კლიმატის ცვლილების ადგილობრივ შედეგებზეც სხვებივით გვეფიქრება. და, რა თქმა უნდა, 2020 წლიდან COVID-19-ის უბედურება ჩვენთანაცაა გაბატონებული.  

ნაირობი სულს მიხუთავდა და ლოიტაში სტუმრობა ნამდვილ ხსნად მეჩვენებოდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ეს მხოლოდ ქალაქისგან თავის დაღწევის საშუალება არ ყოფილა, ეს იყო სამყაროს ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, უძველესი, მარადიული გადასახედიდან. 

ის კაცი, რომლის გაცნობაც მინდოდა, მასაის ბელადი იყო, სახელად მაკომპო ოლე სიმელი – იგივე ოლოიბონი კიტოკი. მას შემდეგ, რაც საუკუნეების წინ მასაის ხალხი თავის პირუტყვთან ერთად ნილოსის ხეობიდან დაეშვა და აღმოსავლეთ აფრიკაში დასახლდა (მათ შორის იმ ადგილას, რომელსაც „სირინგეტი“ – უსასრულო მიწა უწოდეს), მათ ყოველთვის ოლოიბონი მიუძღოდა წინ. ამ წოდების მატარებელი ყველა კაცი იმ კლანიდან იყო, რომელიც გამოირჩეოდა საერო თუ სასულიერო ცოდნით და ფლობდა ბუნებრივ თუ ზებუნებრივ სამკურნალო უნარებს.

იყო ოლოიბონი კიტოკი –  უმაღლესი რანგის ოლოიბონი – ნიშნავს, იყო ორ სამყაროს შორის შუამავალი, წინასწარმეტყველი და ნათელმხილველი, შემწყნარებელი და მკურნალი, კულტურული ლიტურგი და პოლიტიკური სტრატეგი, კაცობრიობასა და ბუნებას შორის კეთილი ურთიერთობის დამცველი. მოკომპო ოლე სიმელს 30-ზე მეტი წლის წინ ერგო თავისი მამისგან უზენაესი ოლოიბონის მანტია და იგი თავის კლანში მე-12 ოლოიბონი კიტოკი გახდა. 

მისი გავლენის სრული მასშტაბის აღწერა რთულია. ის გახლავთ კენიასა და ტანზანიაში მცხოვრები მილიონზე მეტი მასაის სულიერი ლიდერი. მას მიმართავენ კურთხევისა თუ რჩევისათვის დიდ თუ პატარა საკითხებზე – ოჯახის დაკარგული პირუტყვიდან დაწყებული, ლოიტას საკონსერვაციო გეგმებით დამთავრებული. ჩრდილოეთ კენიიდან, სამბურუდან მომავალ მასაის ხალხს ლოიტაში მასთან შესახვედრად 300 კილომეტრის გავლა უწევს. მისგან რჩევებს მხოლოდ მასაის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არ იღებენ. სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებსაც კი უთხოვიათ მისგან კურთხევა ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. 

მისი ნახვა კი ადვილი არ არის. ასე უბრალოდ ვერ წახვალ ლოიტაში და ვერ მიადგები ოლოიბონი კიტოკის კარს. ვინმემ უნდა შეგახვედროს. მეც ასე გავიცანი მეგობრის მეგობარი სახელად მორეს ლოოლპაპიტი – ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, არამოქმედი ოლოიბონი და, ბედად, ოლოიბონი კიტოკის ოჯახის წევრი. 

ასე აღმოვჩნდი მაისის ერთ შუადღეს იასამნისფერ-ყვითელი ყვავილებით დაწინწკლულ მწვანე მოლზე, უზარმაზარი ფიკუსის ძირას. მზიანი ლურჯი ცის მიუხედავად, აღმოსავლეთის ქარს ცივი წვიმის წვეთები მოჰქონდა. შორიახლოს ვირი ყროყინებდა. 

აქ მორესმა მომიყვანა. რვა საათი უსწორმასწორო გზებზე მანქანით სიარულის შემდეგ ნელ-ნელა მთიან სავანაში აღმოვჩნდი, რომელიც ლოიტაში მოსახვედრი კარიბჭეა. ოლოიბონი აქ, თავის კარ-მიდამოში, ჩალით გადახურული ალიზის ნაგებობებისა და ცხოველთა სადგომების გარემოცვაში მართავს შეხვედრებს და ასრულებს თავის მოვალეობებს. მეც აქ ვაპირებდი, ლოიტას მონახულების და მასთან ინტერვიუს ნებართვა მომეპოვებინა.  

ორ ათეულ სტუმარს შორის ვიყავი და ყველას პილიგრიმებად გვთვლიდნენ. უცხოსავით არავის გვექცეოდნენ. 

ტრადიციის თანახმად, სტუმარი ხელცარიელი არ მოდის და ჩვენც ოლოიბონის ცოლებისა და შვილებისთვის მისართმევად მოვიტანეთ ფქვილი, სანელებლები, გასაფერადებლები და კალმები. მე ჩემი პირადი ძღვენიც მქონდა – ძვირფასი ყავის ოთხი ჩითილი. დაახლოებით ორი საათი ველოდეთ.

როგორც იქნა, უხუცესიც გამოჩნდა. ხალხი გუნდურად მიესალმა და შეკრებილი ემისრები წინ გავარდნენ მასთან შესაგებებლად. მისი საყვარელი ბოჩოლაც მისკენ გაექანა, თხებმა კიკინი დაიწყეს, მოშორებით კი ჟირაფების კვინტეტმა ჩაისეირნა.

ოლოიბონი 80 წელს უკვე დიდი ხნის გადაცილებული იყო და მხრებში ოდნავ მოხრილი დადიოდა. დირიჟორის მსგავსი ჟესტებით დაარიგა მენახირეები, საით გაეშვათ პირუტყვი; ახალგაზრდა კაცი ბაზრისკენ გაგზავნა, საკუთარ ვაჟს – და როგორც ჩანს, მემკვიდრეს – ლემარონს, სამი აღელვებული სტუმრის დასამშვიდებლად მათი მკურნალობა დაავალა. 

ოლოიბონი სიარულის დროს ხისგან გამოთლილ სქელ ჯოხს იხმარდა. შალის ლურჯი ქუდი ეხურა და მასაის ტრადიციული ლურჯ-წითელი მოსასხამი, ოლკარაშა ჰქონდა შემოხვეული. მომლოდინეებთან მიახლოებისას მათ თვალი გაუსწორა.

სახე ძლიერ დანაოჭებული, ხოლო თაფლისფერი თვალები კატარაქტებით დაბურული ჰქონდა. მასთან მისასალმებლად წამოვდექი. თითქოს ერთი ხანგრძლივი მზერით ამომიკითხა და უცებ შეაფასა ყველა ჩემი ფარული ღირსება და ნაკლი. ავღელდი და თავი გაშიშვლებულად ვიგრძენი.

ოლოიბონიმ დაბალი, ხრინწიანი ხმით მასაის ენაზე წარმოთქვა: „აქ ხარ“. 

„აქ ვარ“, – მივუგე და მასაის ადათის მიხედვით დავიხარე, რომ მისალმების ნიშნად თავზე შემხებოდა.

შემდეგ დავსხედით და ოლოიბონის წინ, ბალახზე ჩავამწკრივე ჩემი ყავის ოთხი ჩითილი. მე მასაის ენა არ ვიცი, ოლოიბონიმ კი სუაჰილი, ამიტომ მორესმა გააცნო მას ჩემი თავი და ანიშნა, რომ თარჯიმნობას გაგვიწევდა.

„ილაპარაკე“, – თქვა ოლოიბონიმ.

მეც დავიწყე იმის მოყოლა, თუ როგორ იქცა ძველად კაფის სამეფოში ტყის მოხეტიალე სული ყავის ხედ, როგორ იტვირთა თერაპიული დანიშნულება ისეთი საუბრების სტიმულირებით, რომლებსაც დანგრეული ურთიერთობების აღდგენა შეეძლო, როგორ აქცევდა მისი მოქმედება უცხოებს ოჯახის წევრებად, როგორ მონაწილეობდა აბისინიელი (დღევანდელი ეთიოპია) მართლმადიდებელი ბერების ლიტურგიაში და როგორ მიირთმევდნენ ისინი ყავას ღმერთთან თუ წმინდანებთან საუბრის დროს. 

მორესი თარგმნიდა და ოლოიბონი ყურადღებით უსმენდა. ბოლოს შევაჯამე: „აი, თქვენ და ამ ტყესაც გჩუქნით, თუ თანახმა იქნებით, რომ დაიცვათ და იზრუნოთ მათზე, ისე რომ სულმა აქაც დაისადგუროს“.

სრული სიჩუმე. ჩიტების ჭიკჭიკი. კაცების ბურტყუნი. მოლოდინი.

როგორც იქნა, ოლოიბონიმ თანხმობის ნიშნად ოდნავ დაგვიკრა თავი. შემდეგ ალმაცერი ღიმილით გასძახა ლემარონს და მასაის ენაზე გამოელაპარაკა. მორესმა თარგმნა: „ოლოიბონი კიტოკი მიესალმება და ლოცავს თქვენს სტუმრობას. ნებისმიერ ადგილას მიბრძანდით, სადაც გნებავთ. ტყეში შესვლაც შეგიძლიათ, ინტერვიუს შესახებ კი დაველოდოთ, რას იტყვის“.

წამოვდექი.

„მოკომპოს ტყეში სად წახვალთ?“ – იკითხა მორესმა.

ზუსტ დანიშნულების ადგილებზე არ მიფიქრია. „ჩანჩქერზე“.

„ბევრი ჩანჩქერია, – თქვა მან, – ერთი აირჩიეთ“.

მომდევნო დილას, ოლოიბონის კურთხევით გამხნევებულები, ჩვენი არჩეული ჩანჩქერისკენ გავემართეთ. ნისლში რომ მივაბიჯებდით, ვფიქრობდი ლეგენდაზე, რომელიც საფუძვლად დაედო „დაკარგული ბავშვის ტყის“ სახელწოდებას. ერთხელ ერთი მასაი გოგონა დაკარგული ხბოების საძებნელად ტყეში შევიდა. ხბოები მის გარეშე დაბრუნდნენ სახლში. გოგონას ახალგაზრდა კაცები უშედეგოდ ეძებდნენ. ტყეს გადაუწყვეტია, გოგონა თავისთან დაეტოვებინა. 

როდესაც ჩვენი ლაშქრობის საწყის პუნქტში, მწვერვალზე ავედით, იქ სამი ახალგაზრდა გველოდებოდა. ეს წარმოსადეგი, ძარღვიანი კაცები ფრთხილები და სიტყვაძუნწები იყვნენ. მხოლოდ ერთი მათგანი, ლანგუტუ ოლე კუია გამოირჩეოდა კომუნიკაბელურობით. როგორც გვითხრეს, ჩვენი ჩანჩქერი ხუთი საათის სავალზე იყო, ჭაობების კასკადის გავლით.

ლერწმიან კუნძულებზე ხტუნვა-ხტუნვით მივიწევდით წინ და იმაზე ფიქრით ვირთობდი თავს, რომ იქაურობა, ჯ. რ. რ. ტოლკინის მიერ „ბეჭდების მბრძანებელში“ აღწერილ „მკვდართა ჭაობებს“ მაგონებდა.

მესამე ჭაობის გადალახვა რომ მოგვიწია, ჩემი „შუახმელეთში“ მოგზაურობა უკვე უხალისო რთულ გზაში გადაიზარდა. ფეხსაცმელები ტალახში გვქონდა ამოსვრილი, შარვლის ტოტები კი მთლიანად სველი. ყველგან წყალი იყო. ზოგი ნაკადული მიწიდან ჯინივით ჩნდებოდა, ზოგი კი ბორძიკით მიედინებოდა და შუა გზაში ორთქლდებოდა. წყალი კლდეებიდან ხან წვეთებად ჟონავდა, ხან უწყვეტ წვრილ ნაკადებად. 

ეს ყველაფერი ჩაედინებოდა დაკლაკნილ მდინარე ოლასურში, რომელიც იმდენად მდორე იყო, ჭაობი გეგონებოდათ. გზად ვიხილეთ, როგორ გაფართოვდა და გაღრმავდა ეს მდინარე. გიდებმა გვითხრეს, რომ იქ ბინადრობდნენ თევზები, ბეჰემოთები და ჩვენი გულის გასახეთქად – ნიანგებიც. მდინარე დაბურულ ტყეში უჩინარდებოდა და ბარდებში რომ ვიკვალავდით გზას, მდინარეს ვეღარ ვხედავდით, თუმცა მისი რაკრაკის ხმას მივყვებოდით.

მოგვიანებით მივადექით „მდუღარე წყლების ადგილს“, როგორც მასაის ხალხი უწოდებს ამ გეოთერმული წყაროებით მოსაზრდოვე თბილ გუბეებს. შეციებულს, მინდოდა იქ შეგვესვენა, თუმცა გზა უნდა გაგვეგრძელებინა. ზემოთ-ქვემოთ დავდიოდით – ქვაღორღიანი ნაპირებიდან ციცაბო კლდეებზე ასაძრომად ხვიარებს ვეჭიდებოდით, ტალახიან ბილიკებზე ჩამოვცურდებოდით და მომდევნო გორაკზე ავცოცდებოდით.

გავძვერით ხავსმოკიდებულ გიგანტურ ლოდებში, უზარმაზარ აბლაბუდებში, ახლოს გავიცანით მსუსხავი ჭინჭრები და წითელი ჭიანჭველები, ვისწავლეთ იმ ადგილებისთვის ჩუმად გვერდის ავლა, სადაც გიდებს სპილო ან კამეჩი ეგულებოდათ. თუმცა როგორღაც მაინც მოვახერხე ორივე ცხოველის ფუნაში ჩაბიჯება. 

ლანგუტუტი გზად ყველაფერს ამჩნევდა: აღნიშნავდა ხეების ფორმას, ფოთლების ტექსტურას, მღიერების მოხატულობას კლდეებზე, დაცემული ხის პოზიციას, დამტვრეულ ტოტებს და დაკაწრულ მერქანს. ნაირნაირ ექსკრემენტთან ჩერდებოდა და გვეუბნებოდა, რომელი არსების იყო. გვიყვებოდა მწერებისა და ფრინველების ფრენის ტრაექტორიაზე, ქარის სიძლიერესა და ტემპერატურაზე, ხეების ჩარდახში გამჭოლი სინათლის ფაქტურაზე, სხვადასხვა სურნელზე, მცენარეების სუნთქვასა და სიჩუმის მნიშვნელობაზე.  

სიარულის დროს სულ უფრო და უფრო ვკონცენტრირდებოდი ჩემ წინ არსებულ ხედზე. როგორ გადადიოდა მუქი ყავისფერი ნიადაგი ხასხასა წითელში და შემდეგ თითქმის შავში, შემდეგ ქვიშისა და თიხის ფერში, შემდეგ ნარინჯისფერში და კვლავ ყავისფრის მუქ და ღია ტონებში. 

ფუტკრების რამდენიმე გუნდი შეგვხვდა. „აქაურობას თაფლის ტყესაც უწოდებენ“, – გვითხრა ლანგუტუტმა და მოყვავილე ბუჩქების სიჭარბესაც გაუსვა ხაზი. ერთი კორომისკენ გაიშვირა ხელი და გვითხრა: „ხეები ოჯახებად იზრდებიან. უფროსი ხეები ახალგაზრდა ხეებზე ზრუნავენ. ისინი ერთმანეთთან და ადამიანებთანაც მეგობრობენ“.  

რამდენიმე ხის – ფიკუსის, პოდოკარპუსის, ველური ზეთისხილის, ფინიკის – პრაქტიკული, სამედიცინო და სულიერი ძალის შესახებაც გვიამბო.

ლაშქრობისას მან ამ ტყის საიდუმლო სივრცეებიც ახსენა – მღვიმეები ანკარა წყლითა და კედლის მხატვრობით. მოგვიყვა გიგანტური ხეების „კათედრალზე“, სადაც ოლოიბონი ყველაზე ვიწრო წრეში აღასრულებს ცერემონიებს. მასაის ენაზე ელემენტარული სიტყვები ვისწავლე: ewang’an (სინათლე) და oloip (ჩრდილი). ჩემი სმენა ფრინველთა გალობამ, ქარის ჩურჩულმა, მწერებისა და სხვა არსებების სტვენამ მიიტაცა, ყნოსვა კი – ჟანგით, ლპობით, ციტრუსითა და პიტნით გაჯერებული მიწის მძაფრმა სუნმა.

ბოლოს თეთრად დაწინწკლულ ყავისფერ კლდეებში მოქცეული თავბრუდამხვევი ხეობის თავზე აღმოვჩნდით. ლურჯი, თეთრი, მწვანე და ღია ყვითელი პეპლები დაგვფარფატებდნენ, რაც წვიმიანი სეზონის დასასრულზე მიანიშნებდა. ერთი დიდი მტაცებელი ფრინველიც დაგვტრიალებდა თავს. როგორც იქნა, ჩვენ ქვემოთ ჩანჩქერიც დავინახეთ – ოლასური, რომელიც კლდის ღიობიდან მოჩხრიალებდა და 180 მეტრზე, მცენარეული საფარის ქვეშ, უფსკრულში ეშვებოდა. ლანგუტუტმა გვითხრა, რომ ჩანჩქერი მდინარე ოლოიბორტოტოს უერთდებოდა და ბოლოს ნატრონის ტბაში  ჩაედინებოდა. 

დარჩენა არ შეგვეძლო. უნდა გამოვბრუნებულიყავით და დაღამებამდე გაგვევლო ტყე, სანამ ნისლი ჩამოწვებოდა ჭაობებზე. ტყიდან რომ გამოვედით და უდიდესი, ნათელი, სავსე მთვარე დავინახეთ, კიდევ ერთი სიტყვა ვისწავლე: olapa.

სასტუმროში დაბრუნებულს ოლოიბონისგან გადმომცეს, რომ ხვალ დილას გამესაუბრებოდა. 

ყავისფერბუმბულიანმა ყვინჩილამ ნისკარტში კალიით, ოლოიბონის ეზოში ამაყად შემოაბიჯა. ძროხები და თხები ახალგაზრდა მწყემსებმა საძოვრებზე გარეკეს. მე გიგანტური ფიკუსის ხის ძირას ვიცდიდი. 

ჩემი დანახვისას ოლოიბონის თვალები გაუბრწყინდა. მის აურას ნამდვილად ვგრძნობდი. ოლოიბონისა და მის ფიკუსის ხეს შორის პარალელი დავინახე – ორივე გაწონასწორებული, უხუცესი, იდუმალი… ორივე ჩრდილსა და თავშესაფარს სთავაზობს მათ მაძიებლებს. 

ჩვენი საუბარი მდინარე ოლასურივით მიხვეულ-მოხვეული იყო. მიხსნიდა, რას ნიშნავდა იყო ოლოიბონი კიტოკი: ეს არჩევანი არ ყოფილა. იგი დაბადებიდან აღმოჩნდა ამ პოზიციაზე. მიყვებოდა „თავის“ ტყეზე: ეს არის სალოცავი და კათედრალი, თავშესაფარი და ენერგიის წყარო. ეს ღმერთის ბაღია, „წვიმის სასტუმრო სახლი“. სკოლაა, სუპერმარკეტი, საავადმყოფო, აფთიაქი და მზრუნველობის სახლი. მას საფრთხეს უქმნის ადამიანის ვერაგობა, კერძოდ კი გაუმაძღრობა, ამპარტავნება, ჟინი და შური.

ოლოიბონი ყვებოდა უცხოთა შემოჭრის უწყვეტ ტალღებზე: შავბნელი სახელმწიფო მოხელეები, ცრუ მოძღვრები და დაინტერესებული დეველოპერები. ყველა მათგანი ფრთხილად იყენებდა დამღუპველ სიტყვებს: ღობეები, დემარკაცია, ნებართვის გაცემა, ბანკის სესხები, ტყეზე გამავალი გზა. ახსენებდა უამრავ სქემას, ძირითადად საერთაშორისო სქელჯიბიანი საკონსერვაციო ჯგუფებისას, რომლებმაც, თითქოს, ადგილობრივ ხალხზე უკეთესად იცოდნენ, რა აჯობებდა ლოიტასთვის.

ჩვენ მიწის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. „მიწას თუ დავკარგავთ, დავკარგავთ კულტურას. დავკარგავთ კულტურას – დავკარგავთ მშვიდობას. დავკარგავთ მშვიდობას – დავკარგავთ თემს. დავკარგავთ თემს – დავკარგავთ ჩვენებურ ცხოვრების წესს. სამუდამოდ“.

სიჩუმეში ვისხედით. ჩემ წინ ხნიერი ატლასი იყო, რომელსაც არამარტო ზეცა, თავისი დედამიწაც ეკავა. ერთმა ფეიქარამ დაიჭიკჭიკა. ოლოიბონიმ მისკენ გაიხედა და სიმშვიდე დაეუფლა. უნდა მეკითხა, რა თქვა-მეთქი, მაგრამ საუბრის თემა ცვალებად კლიმატზე გადავიტანე.

 „მსმენია ასეთი რამეები“, – მითხრა მან.

აქ თუ გინახავთ სეზონების ცვლილება?

„სიცივე უფრო გამკაცრდა და გახშირდა, მართალია“.

გვალვაზე რას იტყვით?

შეიჭმუხნა. „ერთადერთხელ, ხუთი წლის წინ. თუმცა ეს ჩვენი დაუდევრობის ბრალი იყო. ღობეები ავამაღლეთ. ეს შეცდომა უკვე გამოვასწორეთ“.

ფეიქარამ კვლავ ჩაიჟღურტულა.

კლიმატის ცვლილებით დაბნეულ კაცობრიობას რამეს ხომ არ ეტყოდით?

გრძელი პაუზა.  „რა უნდა ვთქვა?“ ბოლოს ღიმილით თქვა: „როგორც ამ ცხოვრებაში დროებით მოსულებს, ამ სახლის – დედამიწის – სტუმრებს, განა აქამდე არ უნდა გვესწავლა ღირსეულად მოქცევა?“

მასაის ხალხისთვის, როგორც მან ამიხსნა, ამაში მოიაზრებოდა olmanyara. ძნელია ამ ტერმინის თარგმნა. წინა ღამით, კოცონთან, მორესი „ოლმანიარას“ აღწერდა როგორც ეთოსს, რომელიც მზრუნველობას უფრო გულისხმობს, ვიდრე კონსერვაციას. აქ მოიაზრება ბუნების მიმართ გახსნილობა, მისი ყველა გამოვლინების შეცნობა და კეთილ-განწყობით მიღება.

შორს ჭექა-ქუხილი გაისმა. მარაში წვიმდა, რაც ცხოველთა უძველესი მიგრაციის გაგრძელების შესავალს მოასწავებდა. 

„მომავლის შეგშინებიათ?“ – ვკითხე.

„უნდა მეშინოდეს?“ – შემომიბრუნა კითხვა. უცებ უხუცესმა ტონი შეცვალა და კვლავ მოწაფის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. „თქვენ უკვე იყავით ჩვენს ტყეში. რა ნახეთ?“

„ჩემი უვიცობა, – ვუპასუხე, – ტყე მხოლოდ ხეები მეგონა“.

ოლოიბონის გაეცინა. სახალისო ხმა იყო და ყველა აჰყვა. „კიდევ რა ნახეთ?“

ივონ ადჰიამბო ოვუორი ნაირობიში ცხოვრობს. მას დაწერილი აქვს რომანები: „მტვერი“ და „ნემსიყლაპიას ზღვა“.

The post ლოიტას ტყის სულის ხმა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share