Jump to content
×
×
  • Create New...

„დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Dmanisi-Skull-08-2009-01-copy.jpgდმანისში გათხრილი ერთ-ერთი ინდივიდის ნაშთი, ცნობილი, როგორც D2700. ჯერჯერობით დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე Homo erectus-ის ხუთი ინდივიდის განამარხებული თავის ქალისა და ქვედა ყბის ნაშთია აღმოჩენილი. ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო

დმანისის უჩვეულო შემთხვევა

1,8-1,7  მილიონი წლის წინ დმანისი, საქართველო

კავკასიაში ნაპოვნი განამარხებული ნაშთი წარმოაჩენს აფრიკის გარეთ მიკვლეულ ჩვენს უძველეს წინაპარს.

შუასაუკუნოვანი ნაქალაქარის ჩრდილქვეშ პალეოანთროპოლოგმა დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გუნდმა „ჯეკპოტი მოხსნა“, – როგორც თავად აღწერს ამ აღმოჩენას. ადამიანის წარმოშობაზე მიმართული კვლევები დიდი ხნის განმავლობაში ფოკუსირდებოდა აღმოსავლეთ აფრიკაზე – ისეთი სახელგანთქმული განამარხებების კერაზე, როგორებიცაა „ლუსი“ და მტკიცებულებათა უხვი მასალა ოლდუვაის ხეობიდან, ტანზანიაში. დავით ლორთქიფანიძის „იღბლიანი გასროლა“ კი აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით, თავის მშობლიურ საქართველოში გაისმა – ქვეყანაში, სადაც მთავრდება ევროპა და იწყება აზია.

დმანისი, კავკასიის ეს პატარა ქალაქი, არაერთი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა გზაჯვარედინს, რომელსაც ლეგენდარული აბრეშუმის გზის მოგზაურები კვეთდნენ. 1991 წელს დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გუნდმა იქ ბევრად უფრო ძველი დროის მოგზაურთა ნაშთები აღმოაჩინეს: დღეისთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჰომინინები, რომლებმაც დატოვეს აფრიკა და გაიჭრნენ ფართო სამყაროს შესაცნობად.

თითქმის 2 მილიონი წლის წინ, სანამ დმანისში ჰომინინები დასახლდებოდნენ, ვულკანურმა ამოფრქვევებმა ეს ადგილი ლავით დაფარა, რომელიც შემდეგ გამყარდა და ბაზალტად იქცა. მოგვიანებით კიდევ აღინიშნა ამოფრქვევათა სერია და ბაზალტურ ქანებსაც ტონობით ფერფლი  გადაეფარა. ამ კატასტროფულ ფერფლის წვიმებს შორის პერიოდებში დმანისის პლატოზე კვლავ ბრუნდებოდა ხოლმე სიცოცხლე, მათ შორის, თავს იჩენდნენ ჰომინინებიც. კიდევ უფრო მოგვიანო ფერფლის წვიმებით ჩამარხული მათი ნაშთები ბნელში რჩებოდა 1990-იან წლებამდე, სანამ არქეოლოგები შუა საუკუნეების ნანგრევთა ჩამოშლილ სარდაფებში უძველესი ძვლების პოვნას დაიწყებდნენ.

National Geographic-ის გრანტის ფარგლებში მომუშავე დავით ლორთქიფანიძემ და მისმა კოლეგებმა პირველი აღმოჩენა გააკეთეს და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მომდევნო ათწლეულში ამ გუნდმა კიდევ რამდენიმე თავის ქალა და ქვედა ყბა გათხარა. როგორც ჩანდა, ყველა მათგანი Homo erectus-ის ადრეულ სახეობას მიეკუთვნებოდა. არსობრივად, ეს არც იყო საკვირველი: Homo erectus-ი, მათ შორის, ფართოდ ცნობილი „იაველი ადამიანი“ და „პეკინელი ადამიანი“, აქამდეც მიკვლეულა აფრიკასა და ევრაზიაში. დმანისის აღმოჩენა სხვა მხრივ იწვევდა გაოცებას: დანალექი ქანები 1,8-1,7 მილიონი წლის იყო – სულ მცირე, 200 000 წლით უფრო ძველი, ვიდრე Homo erectus-ის ნებისმიერი სხვა ნიმუში ევრაზიაში და თითქმის ისეთივე ძველი, როგორც თავად აფრიკის უძველესი ეგზემპლარი. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ H. Erectus-მა ახალი ქვის იარაღების გამოგონებით (მათ შორის, ორპირიანი ხელცულები) შეძლო აფრიკის დატოვება და ევრაზიის უფრო მეტად მკაცრ გარემოში გაჭრა და იქაურ პირობებთან ადაპტირება, მაგრამ დმანისში აღმოჩენილი ყველა იარაღი წარმოადგენდა შედარებით დაუმუშავებელ ნახელავს და წააგავდა აღმოსავლეთ აფრიკის უფრო პრიმიტიულ ჰომინინებთან ასოცირებულ ნაკეთობებს. ამგვარად, როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს შეცნობა ბევრად უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ის, თუ რამ უბიძგა მათ, დაეტოვებინათ აფრიკა, საიდუმლოდ რჩება.

Dmanisi-Aerial-C-copy-676x1024.jpgამ პანორამულ ხედზე კარგად ჩანს დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც „პირველ ევროპელებს“ მიაკვლიეს არქეოლოგებმა. 
ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო

2000 წელს, სხვა არქეოლოგიური გათხრების მონახულებისას დასავლეთ საქართველოში, დავით ლორთქიფანიძეს დმანისიდან დაურეკეს: აღმოჩნდა კიდევ ერთი თავის ქალა. იგი სასწრაფოდ გაეშურა დმანისში. ტალახში ნახევრად ჩაფლულმა თავის ქალამ მისი განცვიფრება გამოიწვია. განამარხებული თავის ქალები, ჩვეულებრივ, ისეა დამსხვრეული, რომ მათი იდენტიფიცირება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. მაგრამ, აღნიშნული ნიმუში უჩვეულოდ სრულყოფილი ჩანდა, თითქოს თანამედროვე დანაშაულის ადგილზე უპოვიათო. სახის ფაქიზი ძვლების უმეტესობა ხელშეუხებელი დახვდათ, ყბის ძვლებს კი ბევრი კბილი თავის ადგილზე ჰქონდა შემორჩენილი, მათ შორის, წინა ეშვები. ტვინის ქალა პაწაწინა იყო – საშუალო Homo erectus-ის ტვინის კოლოფის ორი მესამედიც არ იყო – კიდევ ერთი წინააღმდეგობა იმ მოსაზრებასთან, რომ აფრიკიდან პირველ მიგრაციას ინტელექტის ზრდამ მისცა ბიძგი. დავით ლორთქიფანიძეც მიიჩნევდა, რომ ახალნაპოვნი თავის ქალის სახე უფრო მეტად Homo habilis-ისას ჰგავდა, შედარებით უფრო პრიმიტიულ ჰომინინისას, რომელსაც მიაწერენ აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნაკლებად დამუშავებელი ქვის იარაღების შექმნას.

ამ აღმოჩენის მნიშვნელობა დიდ მასშტაბს იძენდა. აქამდე დამკვიდრებული სამეცნიერო მოსაზრებით, Homo erectus-თან ტიპურად ასოცირებული დახვეწილი ხელცულები მათ შესაძლებლობას აძლევდა, რომ კარგად დაეჭრათ და დაემუშავებინათ ხორცი, შედეგად, მიეღოთ მეტი ენერგეტიკული ღირებულების მქონე ცხიმი, რაც, თავის მხრივ, გამოკვებავდა შედარებით დიდი მოცულობის ტვინსა და მაღალ ტანს. მაგრამ დმანისში ნაპოვნი მარტივი საფხეკები და საკეპები უფრო მეტად ერგებოდა შემგროვებლურ ცხოვრების წესს. ამ სახეობის მამრის საშუალო სიმაღლე მხოლოდ 1,2 მეტრს აღწევდა. კბილის ცვეთის თავისებურება მოწმობდა ომნივორულ (ყველაფრისმჭამელი) კვებით რაციონზე და იმ ადგილებში, სადაც კბილები აღმოჩნდა, არ ვლინდებოდა საკვების მოსამზადებლად დანთებული კოცონის ნიშნები, როგორებსაც მიაკვლიეს Homo erectus-ის ზოგიერთ უფრო მოგვიანო არქეოლოგიურ ველზე. მიუხედავად ზემოჩამოთვლილი თვალსაჩინო ნაკლოვანებებისა, დმანისის ადამიანებმა მოახერხეს გადარჩენა იმგვარ რთულ გარემო პირობებში, როგორიც არ გვხვდება აფრიკაში, მათ შორის, პოტენციურად მკაცრი ზამთარი თუ საშიში მტაცებლები, მაგალითად, ლომის ზომის აფთრები. როგორ?

ამ კითხვას პასუხს, მეტ-ნაკლებად სცემს დმანისში გათხრილი კიდევ ერთი, ასაკოვანი, უკბილო ინდივიდის ნაშთი. ასაკოვანი ინდივიდის არსებობა იმაზე მიუთითებდა, რომ ეს ადამიანი სხვათა დახმარებით გადარჩა – შესაძლოა, აქ ჩანდეს ძალიან ადრეული ნიშანი ჩვენს წინაპრებში თანაგრძნობის გამოვლენისა. თუმცა, ამგვარი მოსაზრების დამტკიცება რთულია. „რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დანაშაულის ჩადენისას არსებული გარემოებების აღდგენას ჰგავს“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე, – „წარმოიდგინეთ, რომ ეს დანაშაული  დიდი ხნის წინ მოხდა და თქვენ ვერ პოულობთ მოწმეებს“.

თითქოს, იმის დასამტკიცებლად, რომ ცდებოდა,  დავით ლორთქიფანიძემ 2005 წელს დმანისის კიდევ ერთ შთამბეჭდავ მოწმეს მიაგნო. „ის 5 აგვისტოს აღმოვაჩინეთ, – თქვა მან, – სხვათა შორის, ჩემს დაბადების დღეს“. ქალა N5, როგორც მას უწოდებენ, გახლავთ ის, რასაც პალეოანთროპოლოგები ხშირად მოიხსენიებენ „მოზაიკად“ – მახასიათებლების შერწყმა ადრეულ და მოგვიანო ადამიანებში. ეს ქალა თავისი სახით, დიდი კბილებითა და პატარა მოცულობის ტვინით ადრეულ ჰომინინთა განამარხებებს წააგავს, მაგრამ ტვინის კოლოფის დეტალური აგებულებით Homo erectus-ს ემსგავსება.

მახასიათებელთა ასეთი კომბინაცია და, მასთან ერთად, ადრე ნაპოვნი განამარხებული ნაშთების პრიმიტიული ნიშნები, აღვივებს დიდი ხნის დისკუსიას: მიეკუთვნებიან თუ არა დმანისელი ადამიანები, საერთოდაც, Homo erectus-ის სახეობას. ზოგიერთი მკვლევარი არჩევს, რომ მათ ახალი სახეობა – Homo georgicus-ი უწოდოს. ქალა N5-ის აღმოჩენაზე დაყრდნობით, დავით ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ Homo-ს ყველა ადრეული სახეობა, მათ შორის habilis-ი, მიეკუთვნება H. erectus-ის სახეობას: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კატეგორიაში შეიძლება მოთავსდეს ბევრი აფრიკული განამარხებული ნაშთი და ისინი შეესაბამოს ერთი მემკვიდრეობითი ხაზის ჰიპოთეზას“, – ამბობს იგი.

ეს თეორია ძალიან წინააღმდეგობრივად რჩება – მეცნიერთა უმეტესობის აზრით, განსხვავებათა მასშტაბი, რომელიც ვლინდება ასობით ათასი წლითა და უზარმაზარი გეოგრაფიული დისტანციებით ერთმანეთისგან დაშორებულ განამარხებულ ნაშთებში, ძალიან დიდია მათ გასაერთიანებლად მხოლოდ ერთ სახეობაში. მაგრამ, როგორც არ უნდა ვუწოდოთ, დმანისის ადამიანები და მათში არსებული ის ბევრი წინააღმდეგობა, ერთგვარი თავსატეხია, რომელიც უნდა ამოვხსნათ.

MM9246_NationalGeographic_1306944.jpgლასკოს გამოქვაბულში შემორჩენილია პალეოლითის მხატვრების მიერ 20 000 წლის წინ გამოსახული მათთვის ცნობილი ცხოველები. სისი ბრიმბერგი

გამყინვარების პერიოდის მხატვრები

20 000 წლის წინ საფრანგეთი

ლასკოსა და შოვეს გამოქვაბულების კედლის მხატვრობა ათასობით წლის წინ ადამიანის შემოქმედებითი ნიჭის აფეთქებასა და გამაოგნებელ მხატვრულ ოსტატობას მოწმობს.

1940 წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დღეს ოთხი მოზარდი ბიჭი ტყის გავლით ავიდა გორაკზე, რომელიც მონტინიაკს დაჰყურებდა, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. გავრცელებული ხმების თანახმად, ამ ადგილას ერთი ბნელი, ღრმა მიწისქვეშა გვირაბი იყო, რომელიც ლასკოს მამულამდე გადიოდა. ხვრელში სათითაოდ შემძვრალი ბიჭების თვალწინ საოცარი, რეალისტური ნახატები გადაიშალა: მორბენალი ცხენები, მცურავი ირემი, დაჭრილი ბიზონი და სხვა არსებები. ეს ხელოვნების ნიმუში შეიძლება 20 000 წლის იყოს.

ლასკოს გამოქვაბულის კედლის მხატვრობა ერთ-ერთია 150 პრეისტორიული, პალეოლითის ეპოქის ძეგლიდან, რომლებიც საფრანგეთში, ვეზერის ხეობაშია აღრიცხული. როგორც ჩანს, სამხრეთ-დასავლეთ ევროპის ეს ნაწილი სახვითი ხელოვნების ნამდვილ კერას წარმოადგენდა. ლასკოს შემდეგ უდიდესი აღმოჩენა იყო 1994 წლის დეკემბერში, საფრანგეთში ნაპოვნი კიდევ ერთი მღვიმე. სპელეოტურისტებმა შენიშნეს ნახატები მღვიმეში, რომელიც 22 000 წლის წინ ჩამოცვენილმა ქანებმა ჩახერგა. კოცონის მბჟუტავ შუქზე პრეისტორიული მხატვრები ხატავდნენ გამოქვაბულის ლომებს, მარტორქის და მამონტის ჯოგებს, სტეპის ბიზონებს, ცხენებს, გარეთხებს, პირველყოფილ ძროხებს, მღვიმის დათვებს. ათასობით წლის მანძილზე ჯამში 422 ცხოველი ჰყავთ გამოსახული გამოქვაბულის კედლებზე, 37 000 კვ. მეტრის ფართობზე. შოვე-პონტ-დარკის გამოქვაბულს პრეისტორიულ სიქსტის კაპელას უწოდებენ.

მეცნიერები ათეულობით წლის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მხატვრობა ნელა, ეტაპობრივად ვითარდებოდა პრიმიტიული ნაკაწრებიდან ნატურალისტურ გამოსახულებებამდე. თავისთავად, შოვეს შედევრების ნატიფი შუქ-ჩრდილები და მოხდენილი ხაზები  განვითარების მწვერვალი უნდა ყოფილიყო. რადიოკარბონული დათარიღების პასუხმა კი მეცნიერები სრულიად გააოცა: ლასკოზე თითქმის ორჯერ უფრო ძველი, 36 000 წლის წინანდელი შოვეს გამოსახულებები პრეისტორიული მხატვრობის არა კულმინაცია, არამედ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ნიმუში აღმოჩნდა.

უძველესი გამოქვაბულის კედლის მხატვრობის ნიმუშის ძიება გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ნაპოვნი გამოსახულება შეიძლება 44 000 წლის იყოს.

უცნობია, მხატვრობა რამდენჯერმე იქნა გამოგონებული, თუ ეს ევოლუციის საწყის ეტაპზე გამომუშავებული უნარია. 

MM9246_NationalGeographic_1433087.jpgიტალიის ქალაქ ბოლცანოს ლაბორატორიაში მეცნიერები ენდოსკოპით ათვალიერებენ ეცის ბეჭში ჩარჩენილ ისრის წვერს. ისრის ტარი მოტეხილი იყო – მის ამოღებას ან თავად ეცი ცდილობდა, ან მკვლელი. ეცის კუჭის შიგთავსის კვლევამ გამოავლინა, რომ მან ბოლოს გარეთხის ცხიმიანი ხორცითა და მარცვლეულით ისადილა. რობერტ კლარკი

ყინულის კაცი ეცი

დაახლოებით ძვ. წ. 3300 წ. ეცტალის ალპები, იტალია

ალპების მყინვარის ქვეშ, დროში გაყინული ეს ნეოლითის მონადირე მტრის ისარმა დაახლოებით 5300 წლის წინ განგმირა და ის დღემდე აღმოჩენილი ადამიანის უძველესი სრულად შემონახული ნაშთია. 

1991 წელს იტალიაში ავსტრიის საზღვართან, მაღალ მთაში, მოლაშქრეებმა მყინვარიდან ამოშვერილი მუმიფიცირებული ნეშტი აღმოაჩინეს. რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს „ყინულის კაცი“ დროში მოგზაური იყო სპილენძის ხანიდან. მომდევნო კვლევამ გამოავლინა, რომ ეს 5300 წლის ყინულის კაცი – რომელსაც ეცი შეარქვეს (რადგან იგი ეცტალის ხეობაში დაიღუპა) – უძველესი სრულად შემონახული ადამიანი იყო.

მომდევნო 30 წელიწადში მეცნიერებმა მაღალტექნოლოგიური მეთოდებით, მათ შორის სამგანზომილებიანი ენდოსკოპიითა და დნმ-ის ანალიზით, შეისწავლეს ყინულის კაცი და მისი ბიოგრაფიაც დეტალურად გამოიკვლიეს. თავდაპირველი ვერსია სტიქიის მიერ დამარცხებული ნეოლითის ეპოქის მარტოხელა მონადირის შესახებ, თანდათანობით გადაიზარდა იდუმალებით მოცული მკვლელობის საინტერესო ამბავში. 

40 წელს გადაცილებული კაცი იმ დროისთვის საკმაოდ ხნიერი იყო. აწუხებდა ოსტეოართრიტი, ათეროსკლეროზი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, პერიოდონტიტი და კარიესი. ჯანმრთელობის პრობლემები დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ამის გამო არ მომკვდარა.

2001 წელს რადიოლოგმა ეცის გულმკერდის რენტგენოგრამაზე ისრის წვერი შენიშნა; ეს, მონეტისოდენა ქვა მარცხენა ბეჭის ქვეშ ჰქონდა შერჭობილი. ექსპერტიზის პასუხი 2005 წელს კიდევ უფრო დამაინტრიგებელი იყო: კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალმა ტექნოლოგიამ გამოააშკარავა, რომ, სავარაუდოდ, კაჟისგან გამოთლილმა ისრის წვერმა ლავიწქვეშა არტერიაში 12 მმ-ზე შეაღწია. ასეთი მძიმე ჭრილობა თითქმის დაუყოვნებლივ სიკვდილს გამოიწვევდა. დასკვნა: თავდამსხმელმა ეცის ზურგში ქვემოდან ესროლა ისარი. მსხვერპლი დაეცა, დაკარგა გონება და სისხლისგან დაიცალა სულ რამდენიმე წუთში.  

ყინულის კაცის შესახებ მრავალი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ ვინ მოკლა ეს პრეისტორიული მონადირე და რატომ?

MM9246_Image-Collection_60885.jpgსუდანელი მექარავნეები ნუბიელი მეფეებისა და დედოფლების 2000 წლის აკლდამებს შორის მოძრაობენ ჯებელ-ბარკალთან. ნუბიელი ფარაონების 75-წლიანი მმართველობის დროს გაერთიანდა და გაძლიერდა ეგვიპტე. ენრიკო ფერორელი

შავი ფარაონები

ძვ. წ. 730-656 წ. სუდანი და ეგვიპტე

ისტორიის ერთ, დიდი ხნის უგულებელყოფილ თავში ეგვიპტე სამხრეთელებმა დაიპყრეს. მათ შეინარჩუნეს დაკრძალვის უძველესი ეგვიპტური ტრადიცია.

ძვ. წ. 730 წელს პიანხიმ გადაწყვიტა, რომ ეგვიპტის გადარჩენის ერთადერთი გზა იქ შეჭრა იყო. გიზის პირამიდების ამგები დიდებული ცივილიზაცია შიდა დაპირისპირებებს დაექუცმაცებინა და დაცემის პირას იყო მისული. თავად პიანხი 20 წელი მართავდა ნუბიის სამეფოს – ძირითადად, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე განფენილ მიწას – თუმცა დიდი ფარაონების ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მიიჩნევდა თავს.

ერთწლიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ეგვიპტის თითქმის ყველა ლიდერმა კაპიტულაცია გამოაცხადა. თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ, დამარცხებულებმა პიანხის დაუთმეს ტაძრები, ძვირფასეულობა და საუკეთესო ცხენები. პიანხი ზემო და შუა სამეფოს მბრძანებელი გახდა.

მრავალწლიანი მეფობის შემდეგ გარდაცვლილი პიანხი, თავისი სურვილისამებრ, ეგვიპტური სტილის პირამიდაში დაკრძალეს. ასეთ აკლდამაში 500 წლის განმავლობაში არც ერთი ფარაონი არ ჰყავდათ დაკრძალული.

MM9246_NationalGeographic_1128499-1.jpgქუში დედოფლის აკლდამაში ნაპოვნ, დაახლოებით 5 სმ-იან ამულეტს ამშვენებს ეგვიპტური ქალღმერთის, ჰატჰორის ოქროს თავი.
კენეთ გარეტი

პიანხი იყო პირველი ე.წ. შავი ფარაონი, ეგვიპტის XXV დინასტიის ნუბიელი მმართველი. ამ მეფეებმა 75 წლის განმავლობაში გააერთიანეს ეგვიპტე და შექმნეს იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო დღევანდელი ხარტუმიდან ხმელთაშუა ზღვამდე. 

ბოლო დრომდე მათ შესახებ ისტორია დუმდა. „სუდანში პირველად რომ ჩამოვედი, ხალხი მეუბნებოდა, გიჟი ხარო! იქ ისტორია არ არსებობს, ყველაფერი ეგვიპტეშიაო“,  – იხსენებს შვეიცარიელი არქეოლოგი შარლ ბონე. არქეოლოგები ადასტურებენ, რომ შავი ფარაონები მოწმენდილ ცაზე არ გამოჩენილან. ისინი მდიდარი აფრიკული ცივილიზაციიდან აღმოცენდნენ იმ მიწაზე, რომელსაც ეგვიპტელები ქუშს უწოდებდნენ და რომელიც ნილოსის სამხრეთ ნაპირზე ყვაოდა ეგვიპტის პირველი დინასტიის დროსვე, დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლიდან.

ეგვიპტელებს არ მოსწონდათ ასეთი ძლიერი მეზობლის ყოლა სამხრეთით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დასავლეთ აზიაზე საკუთარი ბატონობის დასაფინანსებლად ნუბიელების ოქროს საბადოებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ასე რომ, XVIII დინასტიის (ძვ.წ. 1539-1292 წწ.) ფარაონები ნუბიის დასაპყრობად და ნილოსის გაყოლებაზე გარნიზონების ასაგებად ჯარებს გზავნიდნენ. დაპყრობილი ნუბიელების ელიტამ გაითავისა ეგვიპტური რელიგია, ენა და დაკრძალვის წესი.

MM9246_NationalGeographic_1128500-1024x5ნურიში დაკრძალული ნუბიელი მეფის აკლდამაში აღმოაჩინეს ოსტატი ოქრომჭედლის მიერ შექმნილი გულსაკიდი ქალღმერთ ისიდას გამოსახულებით.
კენეთ გარეტი

ალბათ, ნუბიელები იყვნენ პირველი „ეგვიპტომანიით“ შეპყრობილი ხალხი. ეგვიპტეში ფეხიც არ დაუდგამთ, ისე დაიცვეს ეგვიპტური ტრადიციები და განაახლეს პირამიდებში დაკრძალვის პრაქტიკა – ის, რაც ეგვიპტელებს უკვე საუკუნეების წინ მიევიწყებინათ. როგორც არქეოლოგი ტიმოთი კენდალი ამბობს, ნუბიელები „რომის პაპზე კათოლიკეები გახდნენ“. 

ძვ.წ. VII საუკუნეში ეგვიპტეში ჩრდილოეთიდან ასურელები შეიჭრნენ. ნუბიელები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა თავიანთი მეფეების დაკრძალვა კვლავ პირამიდებში განაგრძეს და ელ-კურუ, ნური თუ მეროე მათთვის დამახასიათებელი, ციცაბოფერდებიანი ნაგებობებით აავსეს. ქუშის მეფეებსაც საიქიოში ძვირფასეულობას ატანდნენ და მდიდარი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად უფორმებდნენ აკლდამებს. ამ მეფეების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, სანამ ჰარვარდის ეგვიპტოლოგი ჯორჯ რაისნერი არ ჩავიდა სუდანში XX საუკუნის დასაწყისში. მან დაადგინა ეგვიპტის ხუთი ნუბიელი ფარაონისა და მათი შთამომავლების აკლდამების მდებარეობა. ამ აღმოჩენებმა და მომდევნო კვლევებმა სუბსაჰარული აფრიკის პირველი მაღალი ცივილიზაცია ბურუსიდან გამოიყვანა. 

MM9246_NationalGeographic_42971.jpgჰონდურასში, მაიას ცივილიზაციის უძველეს ქალაქ კოპანში, არქეოლოგებმა 1989 წელს აღმოაჩინეს ძლევამოსილი ხელმწიფის საფლავი, რომლის დინასტიაც 400 წელი ფლობდა ძალაუფლებას. კენეთ გარეტი

მაიას სამფლობელო

ძვ. წ. 1000 – ახ. წ. 900 წწ. ჰონდურასი

უძველეს ქალაქ კოპანში უკანასკნელ ათწლეულებში გაკეთებულმა აღმოჩენებმა არქეოლოგებს უზარმაზარი ნაბიჯი გადაადგმევინა წინ მაიას ცივილიზაციის უკეთ გასაცნობად.

დღევანდელი ჰონდურასის ტერიტორიაზე, მაიას ცივილიზაციის უძველეს ქალაქ კოპანის ბალახისსაფარიანი მოედნების ქვეშ, 15 მეტრის სიღრმეზე, National Geographic-ის არქეოლოგმა ჯორჯ სტიუარტმა ტალახითა და ქვით ნაშენი კედლის ღიობში შეიჭყიტა. იმ დახუთულ და ავარიულ სივრცეში მან დიდ ქვის ლოდზე დასვენებული ჩონჩხი დაინახა. სტიუარტის არქეოლოგ კოლეგებს სამეფო აკლდამისთვის მიუგნიათ – როგორც ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო კინიჩ-ჯაქს-კუკმო, სათაყვანებელი მეფე-ღმერთი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დინასტიას, რომელიც 400 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ძალაუფლებას მაიას ცივილიზაციის ამ სამეფოში. ის ხშირადაა ნახსენები ადგილობრივ იეროგლიფებში.

MM9246_NationalGeographic_1090245-1024x5სამეფო სამარხში აღმოჩენილ ამ ირმის მოყვანილობის ჭურჭელში შოკოლადი იყო.
კენეთ გარეტი

ეს გარდამტეხი აღმოჩენა 1989 წელს გაკეთდა, თუმცა მაიას მკვლევრები მანამდეც აღიარებდნენ კოპანის განუზომელ მნიშვნელობას. საუკუნეზე უფრო ხანგრძლივ კვლევაზე დაყრდნობით მათ იცოდნენ, რომ მდინარე კოპანის გვერდით განლაგებული დანგრეული შენობები პოლიტიკური და რელიგიური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, სანამ ეს დიდებული სამეფო დაეცემოდა ათასზე მეტი წლის წინ. მკვლევრები თავიდანვე მიხვდნენ, რომ მდინარის თავზე არსებული მონაკვეთი (რომელსაც ახლა აკროპოლისად მოიხსენიებენ), არა მარტო არქიტექტურითა და ქანდაკებებით გამოირჩეოდა, არამედ მმართველი ძალის რეზიდენციასაც წარმოადგენდა მაიას კლასიკური პერიოდის ზენიტში – ახ. წ. 400-850 წწ.

კოპანის მმართველები თავს მზის შთამომავლებად აცხადებდნენ. ისინი მეთაურობდნენ 20 000-იან სამეფოს და მათი ქვეშევრდომები იყვნენ როგორც ქოხებში მცხოვრები მიწათმოქმედები, ისე აკროპოლისის მიმდებარე სასახლეებში მცხოვრები ელიტა. არქეოლოგები აკროპოლისის გვირაბში წააწყდნენ ყველაზე დახვეწილად ნაგებ და მოწყობილ აკლდამას, რომელიც კი ამ ველზე უპოვიათ. წარჩინებული ქალის ნეშტი სქელ ოთხკუთხა ქვაზე იყო დასვენებული. ის ძვირფასი ტანსაცმლით შეემოსათ და დღემდე მიკვლეულებს შორის ყველაზე არაჩვეულებრივი ნეფრიტის ნაკეთობებით იყო შემკული. არქეოლოგების რწმენით, ის უნდა ყოფილიყო დამაარსებლის ცოლი – კოპანის დინასტიის მომდევნო 15 მმართველის დედა-დედოფალი. 

MM9246_NationalGeographic_110258-1024x57ჟამთასვლით გაცვეთილი, ქვაში ნაკვეთი მაიას ტომის XIII მმართველის პორტრეტი ფრინველის ბუდეს მასპინძლობს. ამ ძლიერი ხელმწიფის მმართველობის დროს, VIII საუკუნეში, ქალაქი კოპანი ყვაოდა. კენეთ გარეტი

დედოფლის აკლდამის აღმოჩენამ ცხადყო, რომ აკროპოლისის ეს ნაწილი ერთგვარ სამყაროს ღერძს წარმოადგენდა. კინიჩ-ჯაქს-კუკუმოს სამუდამო განსასვენებელიც არ უნდა ყოფილიყო შორს. არქეოლოგები სულმოუთქმელად განაგრძობდნენ კომპლექსის გათხრას.

როგორც იქნა, პლატფორმაზე მოთავსებული წითელი მზის ღვთაების ნიღბებიანი ფასადის უკან აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც თვით დამაარსებლის უნდა ყოფილიყო. მეფე სულ ცოტა 50 წლის იქნებოდა, ორ კბილზე ნეფრიტის პლომბი ჰქონდა და საიქიოში მოტეხილი ხელით გაემგზავრა.

მომდევნო კვლევის თანახმად, დამაარსებლისგან მინიჭებული ძალაუფლება 738 წელს შეირყა მეტოქე ქალაქ-სახელმწიფოს მეფის მიერ კოპანის XIII მმართველის შეპყრობითა და მსხვერპლშეწირვით. 25 წლის შემდეგ, მეფე ჯაქს-პასას დროს, კოპანის ძლიერება ვეღარ აღდგა. მაიას ტომმა ეს ადგილი ტყესა და მდინარეს დაუთმო და, სავარაუდოდ, 900 წლისთვის აქაური ქვის ნაგებობებიც თანდათანობით ჩამოიშალა. ეს დანგრეული შენობები და ქანდაკებები მაინც გამორჩეულია მთელი ამერიკის საგანძურში.

MM9246_NationalGeographic_2299094.jpgამ რაკურსით გადაღებული მეს-აინაქის 2,5-მეტრის სიმაღლის სალოცავი გაცილებით უფრო დიდი ჩანს. III-VIII საუკუნეებით დათარიღებული ამ ფართოდ გაშლილი ბუდისტური კომპლექსის ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი. საიმონ ნორფოლკი

ბუდისტური სალოცავები და ნაღმები

ახ. წ. 200-800 წწ. ავღანეთი

არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ თვალწარმტაცი ბუდისტური კომპლექსის გათხრას მოასწრებენ, სანამ მას უზარმაზარი სპილენძის მაღარო გააცამტვერებს.

ქაბულიდან სამხრეთით, გარდეზის გზატკეცილზე ერთი საათის სავალზე, მკვეთრი მოსახვევია მარცხნივ, რომელიც მოუპირკეთებელ გზაზე გადის და მდინარის დამშრალ კალაპოტს მიუყვება. შემდეგ პატარა სოფლებს, გასამხედროებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს და საგუშაგო კოშკებს ჩაუვლის. ცოტა მოშორებით ხედი იშლება სანგრებითა და გაშიშვლებული უძველესი კედლებით დასერილ უხეო ხეობაზე.

2009 წელს ავღანელი და საერთაშორისო არქეოლოგების ჯგუფმა ადგილობრივ მუშაკებთან ერთად დაიწყო ათასობით ბუდისტური ქანდაკების, ხელნაწერების, მონეტების და წმინდა ძეგლების გათხრა. დღის სინათლე იხილეს მონასტრებმა და საფორტიფიკაციო ნაგებობებმა, რომლებიც III საუკუნით თარიღდება. ეს იყო ავღანეთის ისტორიაში ყველაზე ამბიციური არქეოლოგიური გათხრები. 

MM9246_NationalGeographic_2299114-1-695x სპილენძმა ამ რელიგიურ და სამრეწველო პუნქტს დიდი სიმდიდრე მოუტანა. აქ ათასობით იშვიათი ძვირფასი ნივთია ნაპოვნი, მათ შორის – უძველესი სრულად შემონახული ხის ბუდა, რომელიც 400-600 წლით თარიღდება.
საიმონ ნორფოლკი

არტეფაქტებს ჩინეთთან ხელშეკრულების დადების გარეშეც ემუქრებოდა საფრთხე: მძარცველების მიერ ნაწილ-ნაწილ გაზიდვა. კულტურული მემკვიდრეობის ავღანელი დამცველები ითხოვდნენ საბადოს დამუშავების დაწყებამდე საგანძურის გათხრას და სათანადოდ აღრიცხვას.  

ეს კულტურული საგანძური გეოლოგიურმა სიურპრიზმა საფრთხეში ჩააგდო. მეს-აინაქი ადგილობრივ დიალექტზე „სპილენძის პატარა ჭას ნიშნავს“, თუმცა აქ პატარა არაფერია. ნაქალაქარის ქვეშ დამარხული სპილენძის მადანი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუთვისებელი საბადოა და ერთი შეფასების თანახმად 12,5 მილიონ ტონა მადანს უნდა შეიცავდეს. მადნეულის მოპოვების 30-წლიანი ლიცენზია 2007 წელს მოიპოვა ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა. კომპანიის შეთავაზება სამ მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ის პირობას დებდა, რომ ამ მოწყვეტილი, გაუნაშენიანებელი რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფდა. 

წიაღისეულის მოპოვების პროექტი გაჯანჯლდა სახელშეკრულებო დავების, სპილენძის ფასის დაცემის და ფუნდამენტალისტ თალიბებთან კონფლიქტის გამო. ახლა კი, სამხედროების ხელში აღმოჩენილი ქვეყნის პირობებში, ამ არქეოლოგიური ძეგლის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია.

არქეოლოგების მიერ გამოვლენილი წარსული დღევანდელ ძალადობას და არეულობას არაფრით ჰგავს. III-VIII საუკუნეებში მეს-აინაქი სასულიერო ცენტრი იყო, რომელიც მეტ-ნაკლებ სიმშვიდეში ყვაოდა. აქ სულ ცოტა შვიდი მრავალსართულიანი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი იყო რკალად განთავსებული და თითოეულს თავისი საგუშაგო კოშკი და გალავანი იცავდა. აქაური ბუდისტი ბერები სპილენძით გამდიდრდნენ, დიდი რაოდენობის წიდის ნალექი კი მასშტაბურ მრეწველობაზე მიუთითებს. 

მეს-აინაქის სრულად ამოხსნას ათეულობით წლების კვლევა დასჭირდება. არქეოლოგებს ისღა დარჩენიათ, იოცნებონ, რომ დრომ მათ სასარგებლოდ იმუშაოს და საშუალება მიეცეთ ავღანეთში ბუდიზმის დიდების დღეების შესახებ მეტი რამ გამოავლინონ.

MM9246_NationalGeographic_965328.jpgკენიის კუნძულ ლამუს ნაპირთან ერთანძიანი გემი, დაუ, მიცურავს. ასეთი გემები საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს არაბეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან. სუაჰილელი ვაჭრები მოხერხებული შუამავლები იყვნენ, რომლებიც ყიდიდნენ ოქროს, სპილოს ძვალს და დამონებულ ადამიანებს. ასეთი გემებით მოკლე მანძილზე კვლავ დაატარებენ საქონელს და ხალხს. მაიკლ იამაშიტა

სუაჰილის იმპერია

ახ. წ. 800-1500 წწ. აღმოსავლეთი აფრიკა

ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე სუაჰილის ქალაქ-სახელმწიფოები საუკუნეების განმავლობაში ტკბებოდნენ სიმდიდრით, რომელიც არაბეთთან, ინდოეთთან და მათ მიღმა სავაჭრო კავშირებმა მოუტანა.

„კილვა ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და დახვეწილად არის ნაგები“, – წერდა იბნ ბატუტა, დიდი მოგზაური. ეს ქალაქი თავად ჭრიდა საკუთარ ფულს და შიდა საკანალიზაციო სისტემით აღჭურვილ სახლებს აშენებდა. მოსახლეობას უცხოეთიდან შემოტანილი აბრეშუმის ტანისამოსი ეცვა. ოქროს ხანაში, XII-XVIII საუკუნეებში, კილვა სუაჰილის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პორტი იყო. დღევანდელი სომალიდან მოზამბიკამდე გადაჭიმულ ამ სანაპიროზე იმდროინდელი პორტები, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში ვაჭრობით გამდიდრდნენ, ძლიერ ქალაქ-სახელმწიფოებად გარდაიქმნენ.

აფრიკაში ჩასულ არაბ მეზღვაურებს დახვდათ კარგი ნავსადგურები, თევზით სავსე ზღვა, ნაყოფიერი მიწა და ხელსაყრელი პირობები ვაჭრობისთვის. ბევრი მათგანი იქვე დარჩა, ადგილობრივი ქალი შეირთო და ისლამის რწმენაც ჩაიტანა. აფრიკული და არაბული ენებისა თუ ადათების ურთიერთგავლენამ შექმნა ამ სანაპიროსთვის დამახასიათებელი უნიკალური საქალაქო და სავაჭრო კულტურა. თუმცა, აქაური კულტურის ბირთვი მაინც აფრიკულია – რასაც ადრეული არქეოლოგები არ ცნობდნენ და მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ცდებოდნენ. სუაჰილის იმპერიის სავაჭრო ქსელი  მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც იქ პორტუგალიელები შეიჭრნენ და სავაჭრო ქსელი ხმელთაშუა ზღვისა და ევროპისაკენ გადაიტანეს. თუმცა, სავაჭრო არტერიების მნიშვნელობის დაქვეითების მიუხედავად, სუაჰილის მდიდარმა კულტურამ კოლონიალიზმის წნეხის ქვეშაც საუკუნეებს გაუძლო. „სუაჰილის იმპერიის ისტორია ადაპტაციის და ინკორპორაციის მაგალითია“, – ამბობს ტანზანიელი ისტორიკოსი აბდულ შერიფი.

MM9246_NationalGeographic_122155.jpgმაჩუ-პიქჩუს ხილვამ „სუნთქვა შემიკრა“, – იხსენებდა ბინგემი, რომელმაც ეს საგანძური მსოფლიოს 1913 წელს გააცნო. ამ სამეფო სავანის დიდი სიზუსტით გამოთლილი ქვები და იდეალურად განლაგებული ტერასები ინკების სამშენებლო ოსტატობაზე მეტყველებს. ჰირამ ბინგემი

მაჩუ-პიქჩუ

1400-იანი წლები პერუ

ანდებისნ ერთი მიტოვებული ქალაქი, რომელიც მკვლევარმა ჰირამ ბინგემმა გააცნო მსოფლიოს, ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის ინკებზე.

პერუში ერთ ციცაბო, მოლიპულ მთის ფერდობზე სამი კაცი მიცოცავდა. 1911 წლის 24 ივლისის დილა იყო. იელის უნივერსიტეტის ლათინური ამერიკის ისტორიის ასისტენტ-პროფესორი, 35 წლის ჰირამ ბინგემ III ექსპედიციაში იყო მდინარე ურუბამბაზე და ორ პერუელ თანამგზავრთან ერთად გაეშურა მაჩუ-პიქჩუზე (ინკების ენაზე „ძველი მთა“) – გადმოცემის თანახმად, იქ არსებული ნანგრევების გამოსაკვლევად.

MM9246_NationalGeographic_939055-1-587x1 ენრიკე პორესი და სხვა ადგილობრივები ბინგემს ძეგლის გათხრასა და შესწავლაში ეხმარებოდნენ.  
ჰირამ ბინგემი

ჯუნგლების გავლით, ხიფათით სავსე ლაშქრობის შემდეგ, ბინგემის თვალწინ გამაოგნებელი ხედი გადაიშალა – ჩახლართული ქვეტყიდან აზიდული, დატერასებული კლდისა და დუღაბის გარეშე მყარად აშენებული კედლების ლაბირინთი. ეს ძეგლი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური საგანძური აღმოჩნდა: ინკების სრულად შემონახული მიტოვებული ქალაქი, რომელიც გარე სამყაროს თვალს თითქმის 400 წლის განმავლობაში იყო მოფარებული. „დაუჯერებელ სიზმარს ჰგავდა“, – წერდა მოგვიანებით მკვლევარი.

ბინგემი აღიარებდა, რომ მაჩუ-პიქჩუ მას არ აღმოუჩენია. ის ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც იყო ცნობილი და ერთ პერუელ ფერმერს ათი წლით ადრე საკუთარი სახელიც კი ამოუკაწრავს ნაგებობაზე. თუმცა, ბინგემის დამსახურებით აღმოჩნდა მთის წვერზე აშენებული ეს ციტადელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც თავისი საქმიანობის ანგარიში მან National Geographic-ის 1913 წლის აპრილის ნომერში გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, ბინგემი პირველი იყო, ვინც მაჩუ-პიქჩუ მეცნიერულად შეისწავლა. იელისა და National Geographic Society-ს დაფინანსებით მან ორჯერ მოინახულა მაჩუ-პიქჩუ. მისმა გუნდმა მწვერვალზე სარეველასავით მოდებული მცენარეული საფარი გაკაფა, იელის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში ათასობით არტეფაქტი გაგზავნა (რომლებიც 2012 წელს პერუში დააბრუნეს), შეადგინა არქეოლოგიური ნაშთების რუკა და გადაიღო ფოტოები. მისმა გადაღებულმა ათასობით ფოტომ სამუდამოდ შეცვალა არქეოლოგია – ეს იყო ფოტოს ძალის დემონსტრირება მეცნიერების ლეგიტიმაციისა და პოპულარიზაციის საქმეში.  

MM9246_NationalGeographic_2666030.jpgარქეოლოგი რიკ კნეხტი თავისი ნავის ნიჩაბს იყენებს 400 წლის წინანდელი ხის მშვილდის უსაფრთხოდ დასაფიქსირებლად. ეს 100 000-დან ერთ-ერთი არტეფაქტია, რომელიც მან და მისმა ჯგუფმა მოიპოვა უძველეს ზღვისპირა სოფელში, რომელსაც ახლა ნუნალექი ეწოდება. ერიკა ლარსენი

ლღობის გამოვლენილი საოცრებანი

1600-იანი წლები სამხრეთ-დასავლეთი ალასკა

ტემპერატურის მატებასთან ერთად თავს იჩენს იუპიკების მარად მზრალ ნიადაგში შემონახული მრავალსაუკუნოვანი არტეფაქტები. ისინი სასწრაფოდაა გადასარჩენი.

ალასკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ნუნალექის არქეოლოგიურ ველზე, საბედისწერო მომენტია დროში გაყინული. ამ ტალახიან მიწის ნაკვეთზე ხელუხლებლად არის შემონახული ყველაფერი, რითიც მკვიდრი იუპიკები ცხოვრობდნენ, სანამ თითქმის 4 საუკუნის წინ დიდი უბედურება დაატყდებოდათ თავს.

არქეოლოგიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც გარდასულ დროთა ტრაგედია თანამედროვე მეცნიერებისთვის ნამდვილ საგანძურად იქცევა ხოლმე. ნუნალექში 100 000-ზე მეტი სრულად შემონახული არტეფაქტი აღმოაჩინეს, ჩვეულებრივი სამზარეულოს ჭურჭლიდან დაწყებული, უჩვეულო საგნებით დამთავრებული: ხის რიტუალური  ნიღბები, ლომვეშაპის ეშვისგან დამზადებული ნემსები სვირინგისთვის, დახვეწილი საზღვაო კაიაკები და კარიბუს კბილებისგან დამზადებული ქამარი. დაახლოებით 1660 წლიდან ნიადაგში გაყინული ეს ნივთები საოცრად კარგად არის შემონახული.

კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულ ზიანს აყენებს პოლარულ რეგიონებს, რის შედეგადაც უჩინარდება ნუნალექის მსგავსი ნაკლებად ცნობილი პრეისტორიული კულტურების არტეფაქტები. 

მასშტაბური ლღობა აშიშვლებს წარსულის ხალხთა ნაკვალევს მთელ ჩრდილოეთში: ნეოლითის მშვილდ-ისრები შვეიცარიაში, ვიკინგების ეპოქის სალაშქრო ჯოხები ნორვეგიაში და სკვითი მომთაბარეების მდიდრული სამარხები ციმბირში.

MM9246_NationalGeographic_1966838-1-908xლღობის შედეგად გამოვლენილი ძვირფასი არტეფაქტები ადასტურებენ იუპიკების ზეპირ ისტორიასა და ადათებს. მკვიდრი კულტურების არტეფაქტებს მთელ მსოფლიოში ემუქრება გლობალური დათბობა. 
კირან დოდსი

ალასკის სანაპიროზე არქეოლოგიურ ველებს მზარდი ტემპერატურა და ადიდებული ოკეანე ემუქრება. როდესაც 2009 წელს ნუნალექის გათხრები დაიწყო, არქეოლოგებს 46 სანტიმეტრის სიღრმეზე შეხვდათ მზრალი ნიადაგი. დღეს ტუნდრის ნიადაგი უკვე ერთი მეტრის სიღრმეზეა გამლღვალი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქამდე ყინულში იდეალურად შენახული სხვადასხვა ცხოველის რქის, ძვლის, ეშვისა და ხისგან ოსტატურად გამოთლილი საგნები მალე გაიხრწნება, თუ მათ სასწრაფოდ არ ვუშველით. 

მსოფლიო ოკეანის დონემ 1900 წლიდან 20-23 სანტიმეტრით მოიმატა. ნუნალექის მსგავსი ზღვისპირა არქეოლოგიური ველები კი ორმაგი საფრთხის წინაშე არის, რადგან მზრალი ნიადაგის ლღობის გამო ხმელეთი ისედაც იძირება. „ერთი ძლიერი ზამთრის შტორმი – და შეიძლება მთელი ველი დავკარგოთ“, – ამბობს წამყვანი არქეოლოგი რიკ კნეხტი. 

სანაპიროზე  ხის პირველი არტეფაქტების გამორიყვის შემდეგ არქეოლოგებს თემის ლიდერი, უორენ ჯონსი დაეხმარა, რომელმაც სოფლის საბჭო დაარწმუნა, რომ ნუნალექში გათხრები უნდა დაწყებულიყო. ასე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული თანამშრომლობა თემსა და არქეოლოგებს შორის.

იუპიკები უკვე სხვა მხარეებიდანაც ჩამოდიან საკუთარი წარმომავლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და არტეფაქტების სანახავად. კულტურისა და არქეოლოგიის ახალ ცენტრში იუპიკების კულტურის წარსულისა და აწმყოსადმი მიძღვნილი სემინარები ტარდება. ჯონსი ამ პარტნიორობით ამაყობს და მოუთმენლად ელის ახალ აღმოჩენებს.

„მინდა, ჩვენმა შვილებმა უხელმძღვანელონ ამ კულტურის ცენტრს და იამაყონ, რომ ჩვენია“, – ამბობს იგი.

MM9246_NationalGeographic_131212.jpgდაახლოებით 3,8 კილომეტრის სიღრმეზე, წყვდიადში, აჩრდილივით მოჩანს „ტიტანიკის“ ქიმი – რკინისმჭამელი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი „ჟანგის ლოლოებით“ დახუნძლული. ემორი კრისტოფი

ტიტანიკის ძიება

1912 წელი ატლანტის ოკეანე

1912 წელს ჩაიძირა იმ დროისათვის ყველაზე დიდი და მდიდრული საკრუიზო გემი. ათწლეულების განმავლობაში ძებნის შემდეგ ნაპოვნმა გემმა ტრაგედიის დეტალები გამოააშკარავა. 

1912 წლის 15 აპრილს, ღამის 2:20-ზე, ხომალდი „ტიტანიკი“ ტალღებში გაუჩინარდა და თან წაიყოლა 1500 სული. რატომ გვიტრიალებს თავში ტიტანიკის ტრაგედია საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც? განცვიფრების მიზეზი მისი მასშტაბი და გარემოებები უნდა იყოს: ესოდენ ძლიერი და დიდებული ხომალდი, რომელიც ყინულივით ცივ, უღრმეს წყალში ჩაიძირა. გემის ბედი პირველივე მოგზაურობის დროს გადაწყდა: ინგლისის საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით. 23:40-ზე გემი ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში გვერდულად დაეჯახა აისბერგს, კორპუსის მარჯვენა მხარე 90 მეტრის გაყოლებაზე დაზიანდა და წინა ექვს ნაკვეთურში წყალი შევიდა. ჩაძირვა გარდაუვალი იყო. 

ათწლეულების განმავლობაში „ტიტანიკის“ პოვნას უშედეგოდ ეცადა რამდენიმე ექსპედიცია. საქმეს ართულებდა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის არაპროგნოზირებადი ამინდი, დიდ სიღრმეზე ჩაძირული გემი (3800 მ) და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები უკანასკნელი წუთების შესახებ. ბოლოს, ჩაძირვიდან 73 წლის შემდეგ, ტიტანიკის საბოლოო განსასვენებელი აღმოაჩინეს National Geographic-ის მკვლევარმა რობერტ ბალარდმა და ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ლუი მიშელმა, 1985 წლის 1 სექტემბერს. „ტიტანიკი“ ნიუფაუნდლენდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 610 კილომეტრში ესვენა საერთაშორისო წყლებში. 

MM9246_NationalGeographic_1459188-1-890xდაღუპული გემიდან ამოღებულ ნივთებს შორის ეს ჯიბის საათიც არის.
მარკ თისენი

წარსულში გასაიდუმლოებული და ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ამ აღმოჩენას წინ უძღოდა აშშ-ის საზღვაო ძალების ორი დაღუპული ატომური წყალქვეშა ხომალდის (U.S.S. Thresher და U.S.S. Scorpion) გამოკვლევა. სამხედროებს აინტერესებდათ ჩაძირული წყალქვეშა გემების ბირთვული რეაქტორების ბედი – ეძებდნენ ნივთმტკიცებებს (თუმცა უშედეგოდ) იმ თეორიის გასამყარებლად, რომ „სკორპიონი“ საბჭოთა კავშირმა ჩაძირა.

ბალარდი საზღვაო ძალებს 1982 წელს შეხვდა, რათა „ტიტანიკის“ საძიებლად საჭირო საყვინთი აპარატისთვის დაფინანსება ეთხოვა. ისინიც დაინტერესდნენ, თუმცა საკუთარი სადაზვერვო ინფორმაციის სანაცვლოდ. თუ ბალარდს წყალქვეშა ხომალდის დათვალიერების შემდეგ დრო დარჩებოდა, შეეძლო რაც უნდოდა ის ეკეთებინა. როგორც იქნა, „ტიტანიკის“ ძიების შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ ამისთვის ორ კვირაზე ნაკლები დრო ჰქონდა. ერთხელაც, მოულოდნელად,  ღამის 1:05-ზე ვიდეოკამერებმა ხომალდის ბოილერები დააფიქსირა. „თვალებს არ ვუჯერებდი“, – იხსენებდა იგი.

ბალარდის ექსპედიციის შემდეგ ორგანული პროცესები უმოწყალოდ შლიან „ტიტანიკს“: მოლუსკებმა ხომალდის ხის ნაწილების უმეტესობა შთანთქეს, მიკრობები კი მეტალს ჭამენ და „ჟანგის ლოლოებს“ ქმნიან. გემის კორპუსიც იშლება. ტიტანიკის მკვლევარმა ისტორიკოსმა პარქს სტივენსონმა 2019 წელს წყალქვეშა აპარატით ჩაყვინთა ოკეანეში. მისი თქმით, „ყველაზე გამაოგნებელი დაზიანება გემს მარჯვენა მხარეს ჰქონდა, კაპიტნის კაიუტის ნაწილში“. უახლესი აღჭურვილობის წყალობით, მყვინთავების გუნდის მიერ გადაღებული კადრებით შესაძლებელი იქნება სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა, რაც სამომავლო კვლევებს შეუწყობს ხელს.

როგორც ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი ბილ ლანგი ამბობს, „ზოგის აზრით გემის ქიმი ერთ-ორ წელში დაიშლება, სხვები კი ფიქრობენ, რომ ის ასობით წელი გაძლებს“.

ნაშთები თუ არა, ამბავი მაინც დიდხანს იცოცხლებს – იმ ამბიციური სახელის მქონე ხომალდისა, რომელიც ახალი სამყაროსაკენ მიიჩქაროდა და უძველესმა, ზანტმა ყინულმა იმსხვერპლა.

The post „დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share