Jump to content
×
×
  • Create New...

არქეოლოგიის 100 საოცრება


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩამარხული განძეულის ძიება მაშინ დაიწყო, როდესაც პირველი სამარხი გაიძარცვა

ჩამარხული სიმდიდრის აღმოჩენის დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო უთვალავი მაძიებელი – ზოგი გამდიდრდა, ზოგი კი სიგიჟის ზღვრამდე მივიდა.

„არიან ადამიანები, რომლებიც თითქმის მთელ ცხოვრებას დამალული განძის ძიებაში ატარებენ“, – წერდა ბრიტანელი მოგზაური მერი ელაიზა როჯერსი XIX საუკუნის შუა ხანებში პალესტინის მონახულების შემდეგ. „მანიით შეპყრობილნი, ოჯახსაც ტოვებენ და კარდაკარ მოწყალების თხოვნით სოფელ-სოფელ მოხეტიალეები თავს მაინც მდიდრებად მიიჩნევენ“. 

სიმდიდრის ყველა მაძიებელი, რომელსაც როჯერსი შეხვედრია, სასოწარკვეთილი მაწანწალა არ ყოფილა. მან გაიცნო არაერთი „საჰირი“ – რაც უხეშად რომ ვთარგმნოთ, „ნეკრომანტს“ ნიშნავს. „ითვლება, რომ მათ მიწაში დაფლული საგნების დანახვის ძალა შესწევთ“. როჯერსის გადმოცემით, ეს პატივცემული ნათელმხილველები – ხშირ შემთხვევაში, ქალები – ტრანსში შედიოდნენ და უზუსტესად შეეძლოთ აღეწერათ ძვირფასი ნივთების სამალავი ადგილები.

არქეოლოგიამ ეს „მიწაში დაფლული საგნები“ ჩვეულებრივი განძიდან მძლავრ ხელსაწყოებად გარდაქმნა, რომლებიც დაფარული წარსულისთვის თვალის შევლების საშუალებას გვაძლევს. 

MM9246_NationalGeographic_1344425.jpgმოზარდი ფარაონის აკლდამა, ძვ. წ. 1322 წ. ეგვიპტეში 1922 წელს არქეოლოგ ჰოვარდ კარტერის მიერ ტუტანხამონის განძით სავსე აკლდამის გახსნის შემდეგ, ახალგაზრდა ფარაონმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ეგვიპტის მუზეუმის (კაირო) ყველაზე პოპულარული ექსპონატი, ფარაონის ნიღაბი, მსოფლიო მაშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტეფაქტია. კენეთ გარეტი

ეს ახალაღმოცენებული მეცნიერება როჯერსის დროს დიდად არ განსხვავდებოდა ძველებური, ჩვეულებრივი ძარცვისგან, რადგან ევროპელი კოლონიზატორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი ვიტრინების დამშვენებაში შორეული მიწიდან წამოღებული სამკაულითა და ქანდაკებებით. თუმცა, ამ ახალმა დისციპლინამ გზა გაუკვალა აღმოჩენების არნახულ ეპოქას, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ჩვენი სახეობის მრავალფეროვნების და, ამავდროულად, ჩვენი ერთობის შეცნობაში.  

გაზვიადებულად თუ გეჩვენებათ, წარმოიდგინეთ მსოფლიო არქეოლოგიის გარეშე. არც დიდებული პომპეი გვექნებოდა, არც თრაკიელთა ოქრო, არც მაიას ცივილიზაციის ქალაქები. ტერაკოტის ჯარიც ერთი ფერმერის მიწაში ჩამარხული დარჩებოდა.

არქეოლოგიის გარეშე ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა მსოფლიოს ადრეული ცივილიზაციების შესახებ.  როზეტის ქვის გარეშე ეგვიპტის სამარხებისა და ტაძრების იდუმალი სიმბოლოები დღემდე გაუშიფრავი გვექნებოდა. მესოპოტამიაში აღმოცენებული წერა-კითხვის მცოდნე და ქალაქად მცხოვრები პირველი საზოგადოების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვექნებოდა ბიბლიიდან, მდინარე ინდის გარშემო განსახლებული ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ადრეული კულტურის შესახებ კი ვერც ვერაფერს შევიტყობდით. 

გათხრებისა და არტეფაქტების სისტემატური შესწავლის გარეშე ისტორია აღმოჩნდებოდა მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილი ტექსტისა და მონუმენტური ნაგებობის ტყვეობაში. ჩვენი წარსულის თვალუწვდენელ ოკეანეში მხოლოდ ატოლები იქნებოდა მიმოფანტული: აქეთ დაფლეთილი გრაგნილი, იქით – პირამიდა.

ორი საუკუნის განმავლობაში ექვს კონტინენტზე მიმდინარე გათხრებმა დამალული წარსულის დიდი ნაწილი გამოააშკარავა. აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებისა და საგნების წყალობით, ჩვენი შორეული წინაპრები – რომელთაგან ზოგის არსებობაც არ ვიცოდით – საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. 

ჯერ კიდევ ბაბილონის უკანასკნელი მეფის დროს, 2500-ზე მეტი წლის წინ, წარჩინებულები გარდასულ დღეთა დიდებისა და მშვენიერების სიმბოლოდ ქცეულ ანტიკვარიატს უკვე აგროვებდნენ. რომის იმპერატორებს, სულ ცოტა, რვა ეგვიპტური ობელისკი გადაუზიდავთ ხმელთაშუა ზღვით თავიანთი დედაქალაქის დასამშვენებლად. რენესანსის ეპოქაში ამ წარმართულ მონუმენტთაგან ერთ-ერთი წმ. პეტრეს მოედნის შუაგულში აღმართეს. 

1710 წელს ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა მუშები დაიქირავა ჰერკულანეუმში გვირაბის გასათხრელად. ეს ქალაქი პომპეის მახლობლად მდებარეობდა და ვეზუვის საბედისწერო ამოფრქვევის შემდეგ, 79 წლიდან, თითქმის ხელუხლებელი იყო. მარმარილოს ქანდაკებების აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ანტიკური ადგილების გათხრების აჟიოტაჟს, რომელიც მთელ ევროპას მოედო.

MM9246_NationalGeographic_1912236.jpgანგკორ-ვატი, ახ. წ. 802-1431 წწ. XIII საუკუნეში, ქმერების იმპერიის ზენიტში, მისი დედაქალაქი მსოფლიოს ყველაზე ვრცელი ურბანული ტერიტორია იყო. არქეოლოგები ეძებენ ქალაქის დაცემის მინიშნებებს, თუმცა ეს სატაძრო კომპლექსი დღესაც მყარად დგას და კამბოჯის სათაყვანებელი სიწმინდეა. კიკე კალვო

მერი ელაიზა როჯერსის დროს ევროპელი არქეოლოგები მთელ დედამიწას შეესივნენ. მათ შორის ცოტა იყო ნამდვილი თავდადებული მეცნიერი. ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ დიპლომატები, სამხედრო პირები, ჯაშუშები ან შეძლებული საქმოსნები (და იშვიათი გამონაკლისების გარდა – ყველანი კაცები), რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კოლონიურ ექსპანსიაში. საკუთარ გავლენასა და ძალაუფლებას იყენებდნენ როგორც საკვლევად, ისე მოსაპარად – წიგნაკებს ჩანაწერებით ავსებდნენ და, ამავე დროს, თავიანთი ეროვნული მუზეუმებისა თუ პირადი კოლექციებისთვის ეზიდებოდნენ ეგვიპტურ მუმიებს, ასურულ ქანდაკებებსა და ბერძნულ ფრიზებს. 

გადავინაცვლოთ 1920-იან წლებში. ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონისა თუ ურის მეფეთა აკლდამებში აღმოჩენილმა თვალისმომჭრელმა ძვირფასეულობამ ახალი ამბები წალეკა და ტრაექტორია შეუცვალა ხელოვნების, არქიტექტურისა და მოდის განვითარებას. იმ დროისათვის, პროფესიონალებმა უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ყველაზე ძვირადღირებული იყო არა მოხვეჭილი ოქრო, არამედ დამსხვრეულ კერამიკასა და ძვლებში დაცული ინფორმაცია.

ნიადაგის შრეების შესწავლის ახალმა მეთოდებმა შესაძლებელი გახადა წარსულის ყოველდღიურობის სურათის აღდგენა, 1950-იანი წლებიდან კი ორგანული მასალის რადიოაქტიური დაშლის გაზომვით მკვლევრებს არტეფაქტების დათარიღების სანდო საშუალება გაუჩნდათ.

მიმდინარე საუკუნეში არქეოლოგია სულ უფრო მეტად ინაცვლებს ველიდან ლაბორატორიაში. თანამედროვე განძია ის, რისი ღირებულებაც ადრე ნაკლებად თვალსაჩინო იყო – დამწვარი თესლები, ადამიანის ექსკრემენტები, ნალექი ჭურჭლის ფსკერზე. ასეთი ნაშთების ანალიზით შეგვიძლია გავიგოთ, რით იკვებებოდნენ ადამიანები, ვისთან აწარმოებდნენ ვაჭრობას და ისიც კი, თუ სად გაიზარდნენ.

მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია გამოქვაბულის კედლის მხატვრობის დათარიღებაც. ამით ინფორმაციას ვიღებთ ისეთ კულტურებზე, როგორიცაა, მაგალითად, ავსტრალიის აბორიგენებისა, რომელთაც ძალიან მწირი ხელშესახები ნივთმტკიცება დატოვეს. ზღვაც აღარ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს – მყვინთავებს უკვე ხელი მიუწვდებათ როგორც ბრინჯაოს ხანის სავაჭრო ხომალდებზე, ისე ყველაზე ცნობილ საზღვაო კატასტროფაში დაღუპული „ტიტანიკის“ ნაშთებზე.

ჩვენი ყველაზე რევოლუციური წინსვლა უკანასკნელ ათწლეულებში გენეტიკური მასალის ამოღებაა ძველი ძვლებიდან. უძველესი დნმ-ის მოპოვებამ გვაპოვნინა დიდი ხნის დაკარგული ბიძაშვილები – დენისოველები და ინდონეზიის კუნძულ ფლორესის მკვიდრი უჩვეულოდ ტანმორჩილი ადამიანები. 

ახალი მეთოდები საშუალებას აძლევს მეცნიერებს, არქეოლოგიური ველები და არტეფაქტები ისე გამოიკვლიონ, რომ არც მიწას შეეხონ ნიჩბით და არც ძვირფას სამუზეუმო ექსპონატს აათალონ სინჯები.

MM9246_NationalGeographic_1959838-e16360პომპეისა და ჰერკულანეუმის უკანასკნელი წამები, ახ. წ. 79 წ. 1981 წელს პომპეის ტურის მონაწილეები ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას დაღუპულ ადამიანებს ათვალიერებენ. „უცებ ჩვენ თვალწინ აღმოჩნდნენ ადამიანები შორეული წარსულიდან, სწორედ მათი სიკვდილის მომენტში“, – წერდა არქეოლოგი ამედეო მაიური, პომპეის გათხრების ხელმძღვანელი 1924-1961 წლებში. „ზოგი ბედისადმი დაუმორჩილებლობას ავლენს, ზოგი კი მშვიდად გაწოლილა, თითქოს სძინავს“. დევიდ ჰაიზერი

არქეოლოგიის უსიამოვნო წარსული დღესაც დიდ ჩრდილს აყენებს მეცნიერებას. მხოლოდ გასულ ათწლეულში მიიქცია პოლიტიკოსთა ყურადღება საეჭვო წყაროებით მოპოვებული არტეფაქტების სამშობლოში დაბრუნების მოძრაობამ. იმის გამო, რომ ევროპელები და ამერიკელები ხელს არ უწყობდნენ კოლონიებში ადგილობრივი არქეოლოგების წვრთნა-განვითარებას, იმპერიების დაცემის შემდეგ თითქმის აღარავინ დარჩა, რომ საქმე გაეგრძელებინა. მათ კი, ვინც მაინც ცდილობს, ხან ომი უშლის ხელს, ხან რესურსების სიმწირე და განაშენიანების ზეწოლა. ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტური ცენტრი „მეს-აინაქი“ ავღანეთში, მუდამ იყო მძარცველების, სარაკეტო დარტყმებისა თუ თავად მთავრობის მიერ აფეთქების საფრთხეში, რადგან მის წიაღში სპილენძის დიდი საბადოა. აგვისტოში ის თალიბანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 

წარსული განახლებადი რესურსი არ არის და ყოველი დანგრეული თუ გაძარცვული უძველესი ობიექტი გლობალური დანაკარგია. დღეს უკვე საყოველთაოდ მიიჩნევა, რომ ბუნებრივი ეკოსისტემების სიჯანსაღის შენარჩუნებაში არსებითი დატვირთვა ადგილობრივ თემებს აქვთ. იგივე ითქმის წინაპრების დანატოვარზე. 

ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე ნგრევას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ გაღატაკებულ მოსახლეობას არქეოლოგიური ძეგლების დაცვა არაფრად უღირს. ამ მემკვიდრეობის მთავარი მტრები არიან ალ-კაიდას და თალიბანის მსგავსი დესტრუქციული ჯგუფები, და ისინიც, ვინც  ნაძარცვ არტეფაქტებს ყიდის და ყიდულობს. მშვიდობა და კეთილდღეობაც საფრთხეა, როცა უძველეს ნაშთებს ახალი მშენებლობა ანადგურებს.

შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქეოლოგიის მეორე ოქროს ხანა დაიწყო, ამჯერად, კოლონიზატორული და რასისტული ნიშნების გარეშე. 

დარგის გამოცოცხლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალებისა და მკვიდრი მკვლევრების შემოდინებას და არქეოლოგების მჭიდრო თანამშრომლობას სხვა დისციპლინებში მომუშავე კოლეგებთან. ეპოქების მიხედვით გლობალურ ცვლილებებს ისინი უკვე კლიმატოლოგების დახმარებით აღწერენ, ქიმიკოსებთან ერთად მიჰყვებიან უძველესი ნარკოტიკების (მარიხუანა, ოპიუმი) გავრცელების კვალს, ფიზიკოსები კი დათარიღების უფრო ზუსტი მეთოდების შემუშავებაში ეხმარებიან. 

უკანასკნელი აღმოჩენები ადასტურებს, რომ არქეოლოგიას შეუძლია რადიკალურად გარდაქმნას ჩვენი წარსულის შეფასება. თურქეთში მდებარე, 12 000 წლის წინანდელი, ჩვენთვის ცნობილი მსოფლიოს უძველესი სალოცავი, გიობექლი-თეფე, მიგვანიშნებს, რომ ერთობლივი რელიგიური რიტუალების ჩატარების სურვილს შეეძლო ბიძგი მიეცა დასახლებისა და მიწათმოქმედებისათვის, და არა პირიქით. ეგვიპტის პირამიდების მშენებლები მონები კი არა, გამოცდილი მუშები იყვნენ, რომლებიც კარგ ანაზღაურებას იღებდნენ.  უძველესი დნმ კი ჩვენი წინაპრების ჩახლართულ სამოგზაურო მარშრუტზე მიგვითითებს, რომელიც ვერც რასების თეორიის და ვერც მითების ჩარჩოში ჩაეტევა. არქეოლოგების ამოცანა არა დამარხული განძის პოვნაა, არამედ წარსულში გარდაცვლილთა გაცოცხლება და იმ პიროვნებებად ქცევა, რომლებსაც ჩვენსავით უჭირდათ, უყვარდათ, რომლებიც ქმნიდნენ და ანადგურებდნენ და რომლებმაც ბოლოს საკუთარი კვალი დატოვეს.

The post არქეოლოგიის 100 საოცრება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share