Jump to content
×
×
  • Create New...

ჰარმონიული თანაცხოვრება ადამიანსა და ბუნებას შორის


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სულ მალე საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება.

ორი თვის წინ ჩემმა რედაქტორმა დამირეკა და მითხრა, რომ National Geographic – საქართველოსთვის მასალის მომზადება სურდა. სტატია ბიოსფერული რეზერვატის შესახებ უნდა ყოფილიყო. საქართველოში მრავალი წელია ამ სტატუსის მინიჭებაზე ძალიან ბევრი ექსპერტი, საერთაშორისო ორგანიზაცია და ადგილობრივი ინსტიტუტი მუშაობს. ბიოსფერული რეზერვატის გაგონებამ ცოტა დამაბნია. აქამდე ამ ტერმინზე ბევრი არაფერი ვიცოდი.

საკითხში გასარკვევად Google-ის საძიებო ველს მივმართე. პირველივე სტატია, რომელიც შედეგებში ამოვარდა, საქართველოში ბიოსფერული რეზერვატების დაარსებას ეხებოდა. მასალა „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ვებგვერდზე იყო განთავსებული.

და რა არის ბიოსფერული რეზერვატი? – ძალიან მარტივად თუ ავხსნით, ეს არის ადამიანისა და მისი საცხოვრებელი გარემოს ისეთი ჰარმონიული და დაბალანსებული თანაცხოვრება, რომელშიც დაცულია გარემო და, პარალელურად, მოსახლეობას განვითარების ახალი სივრცეების აღმოჩენის საშუალება ეძლევა.

ბიოსფერული რეზერვატი მოიაზრებს სახმელეთო ან საზღვაო ეკოსისტემებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ ფარგლებში. ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელის შექმნა 70-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო და, დღეის მონაცემებით, 124 ქვეყანაში 2,57 მილიარდი ადამიანი სწორედ ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ჯამში 6,812 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

DSC03404-1024x576.jpg
DSC02694-1024x576.jpgკახეთის რეგიონი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ბიომრავალფეროვნების მქონე დაცული ტერიტორიებითა და აღკვეთილებით. ერთ-ერთი მათ შორის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებია. აქ შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვებაც. ფოტო: RECC-ის არქივი

რეზერვატის სტატუსის მინიჭებით, ქვეყნებს ვალდებულება უჩნდებათ, შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება, ჰქონდეთ ეკონომიკური, ტექნიკური და მეცნიერული განვითარების ახალი ხედვა და, ყოველივე ამასთან ერთად, შენარჩუნდეს კონკრეტული რეგიონის კულტურული და ტრადიციული ღირებულებები.

რატომ საქართველო? – ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის, IUCN-ის (International Union for Conservation of Nature) კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 87 დაცული ტერიტორიაა. მათ შორისაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 12 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 20 აღკვეთილი და 1 დაცული ლანდშაფტი, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. როდესაც საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის იდეა გაჩნდა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, პირველ პოტენციურ რეგიონად, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა ბიოსფერული რეზერვატის დაარსება, კახეთი დასახელდა.

კახეთში მდებარე ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი დაცული ტერიტორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში. მას დაცული ტერიტორიის სტატუსი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ჯერ კიდევ 1912 წელს მიენიჭა. იმას, რომ კახეთი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია, ცხადყოფს იქ არსებული ისეთი დაცული ტერიტორიები, როგორებიცაა ვაშლოვანის, ჭაჭუნას, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის და სხვა დაცული ტერიტორიებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ კახეთს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს ეკოტურიზმში. სწორედ დაცული ტერიტორიების არსებობამ განაპირობა მოსახლეობის ამ საქმიანობაში აქტიური ჩართვა და ბიოსფერული რეზერვატის იდეასთან მიახლოება. მომსახურების სფეროში ჩართულმა ადგილობრივებმა უკვე კარგად იციან, რა სარგებელი მოაქვს გარემოსთან სწორ თანაცხოვრებას. ტურისტების მხრიდან დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და, ამასთან, იზრდება აქ მცხოვრებლების შემოსავალიც. თუმცა, კახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით; ეს რეგიონი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, უძველესი თვითმყოფადი ტრადიციებით და, რაც მთავარია, აგრომრავალფეროვნებით.

აქაური ყურძნის და ღვინის ფასი უკვე მსოფლიომაც კარგად იცის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიოსფერული რეზერვატის დაარსების შემდეგ ადგილობრივ ტრადიციებზე დამყარებული აგროკულტურის პოპულარიზაცია ადგილობრივების აქტიური ჩართულობით გაგრძელდეს და მისი მასშტაბები გაიზარდოს – წითელი და თეთრი დოლი თუ შავფხა ის უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებია, რომლებიც ასევე უნდა გაიცნოს მსოფლიომ.

გეგმის მიხედვით, თუშეთის ბიოსფერული რეზერვატი მოიცავს მთელ თუშეთს, პანკისის ხეობის ნაწილს და თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, მეორე კი – დედოფლისწყაროს  ბიოსფერული რეზერვატი – მთელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატი მოინახულეს. მაგალითად, გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით მათ შეისწავლეს, თუ როგორ ხდება გერმანიაში ადამიანისა და გარემოს თანაარსებობა უძველესი ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. 

DSC03133-1024x576.jpg
DSC04279-1024x576.jpgკახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით; ეს რეგიონი მდიდარია უძველესი თვითმყოფადი ტრადიციებით და, რაც მთავარია, აგრომრავალფეროვნებით. ბიოსფერული რეზერვატის დაარსების შემდეგ მნიშვნელოვანია ადგილობრივ ტრადიციებზე დამყარებული აგროკულტურის პოპულარიზაცია. ფოტო: RECC-ის არქივი

Google-ში ნაპოვნი ევროკავშირის სტატია შემთხვევით არ მიხსენებია. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი სწორედ ევროკავშირია. დედოფლისწყაროში რეზერვატის დაარსება პროექტის – „კახეთში ბიოსფერული რეზერვატის დაარსება, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის შექმნა“ – ფარგლებში მიმდინარეობს და ევროკავშირის გრანტის მიმღები უშუალოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტია. პროექტის განხორციელების ერთ-ერთ აქტიურ მხარეს კი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს.

RECC-ის ბიომრავალფეროვნების და მდგრადი ბუნებრივი რესურსების პროგრამების მენეჯერი ლალი თევზაძე სამუშაო პროცესში 2019 წლიდანაა ჩართული. მისივე დახმარებით შევძელი, კარგად გამეცნო ბიოსფერული რეზერვატის საქართველოში დაარსების ქრონოლოგია და მიზნები. ლალი ამბობს, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ნიშა დაიჭიროს საერთაშორისო დონეზე და შეიქმნას ბრენდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება, დაინახოს ყველაზე მნიშვნელოვანი – რამდენადაა დაკავშირებული მათი კეთილდღეობა იმ საარსებო გარემოსთან, რომელშიც თავად არიან: „ძალიან საინტერესოა თანამშრომლობა ბიოსფერულ რეზერვატებში. მაგალითად, რესტორანში ცდილობენ, ძალიან მარტივი ხერხებით დაგაინტერესონ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებითა თუ კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, შეიძლება, უბრალოდ, თეფშზე იყოს დატანილი ინფორმაცია ადგილობრივი დაცული ტერიტორიის შესახებ. საოჯახო სასტუმროს დაჯავშნისას კი გაცნობენ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. ესაა, სწორედ, რეზერვატის იდეა – მრავალმხრივი თანამშრომლობა და მიდგომა, რომ ყველა მხარე ჩართული იყოს რეგიონის პოპულარიზაციაში. შედეგად, გარემოსდაცვითი აქტივობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკონომიკური შემოსავლის წყარო უნდა გახდეს“.

DSC02868-1024x576.jpgარტსტუდია „ფესვები“, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, ტრადიციებისა და კულტურის დაცვის ფუნქციის და ამასთან, გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების მხრივ, ბიოსფერული რეზერვატის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ფოტო: RECC-ის არქივი

ამირან კოდიაშვილი აღნიშნული პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მრავალი წელია სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით საქმიანობაშია ჩართული. სწორედ მისი დახმარებით შევძელი, კარგად შემესწავლა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი ბიოსფერული რეზერვატის დაარსებაზე მუშაობის პროცესში.

სანამ მის სამუშაო ოთახში ერთ-ერთ ფერმერს შევხვდები, მაგიდაზე დალაგებულ საინფორმაციო ბუკლეტებს მიჩვენებს. „რატომ თბოიზოლაცია? – ამ მეთოდის გამოყენებით შენობის გათბობისა და გაგრილების საჭიროების 60-70%-ით შემცირება შეიძლება“, – წერია ერთ-ერთ ბუკლეტში და ამირანიც მიხსნის, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბიოსფერულ რეზერვატთან: „თუ ჩვენი მოსახლეობა კარგად დაინახავს, რომ გარემოსთან მეგობრულად ცხოვრებას, რეალურად, მათივე ფინანსების დაზოგვა და მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ბიოსფერული რეზერვატის დაარსებასაც აქვს აზრი. ბიოსფერული რეზერვატი არაა სხვა დაცული ტერიტორია, სადაც რაღაც ცალსახად უნდა აიკრძალოს. თუკი იქ მცხოვრები ქარსაცავს მოაწყობს ან ბიოპროდუქტს მოიყვანს, მხარდაჭერას მიიღებს. მას მეზობელი მიბაძავს და ეს ყველაფერი ჯაჭვივით ერთმანეთს დაუკავშირდება“.

ელიზბარ იმერლიშვილი დედოფლისწყაროელი ფერმერია, სპეციალობით – მშენებელი და მელიორაციის სპეციალისტი. მიყვება, როგორ დაიწყო წლების წინ მზესუმზირის მოყვანა 10 ჰექტარ მიწაზე. ნელ-ნელა გააფართოვა მეურნეობა და დაამატა ქერი და სიმინდიც: „10 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ „ქართული მენტალიტეტით“ ვეწეოდი ბიზნესს და ამაში ვგულისხმობ მიდგომას, როცა მეგონა, რომ ჩვენზე უკეთ ამ პროდუქტის მოყვანა არავინ იცოდა, დედოფლისწყაროში GIZ-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო. როდესაც პირველად ჩამოვიდნენ გერმანელი სპეციალისტები, ძალიან ვეწინააღმდეგებოდით. არ გვესმოდა მათი პრინციპების. მაგრამ დღეს რომ მკითხოთ, რას ფიქრობო, მხოლოდ ერთ რამეს გიპასუხებთ: გერმანიასა და ავსტრიაში მიღებულმა გამოცდილებამ სრულიად სხვანაირად დამანახა მეურნეობის მართვაც და, ამასთან, გარემოზე ნაკლები ზეგავლენის დადებითი მხარეებიც“.

MGL0202-1024x576.jpg ოდესღაც საქართველოში ფართოდ გავრცელებული ქურციკი გასული საუკუნის 90-იან წლებში მთლიანად განადგურდა. 2006 წელს მისი რეინტროდუქციის პროგრამა დაიწყო და დღეს ქურციკების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს ვაშლოვანის ნაკრძალში. ფოტო: ნიკა პაპოშვილი

ელიზბარი ყვება, რომ გერმანული ტექნოლოგიით დღეს 40%-ით მეტი მოსავალი მოჰყავს, ვიდრე ბიზნესის დასაწყისში და ამ ყველაფერში რამდენიმე პრინციპი ეხმარება. ესაა მიწის მოხვნის წესი და გერმანიაში უკვე დიდი ხნის აპრობირებული ხერხი – თესლის რაოდენობის სწორად განსაზღვრა, მიწის დამუშავებისა და ასევე ჰერბიციდების სწორად შეყვანის პრინციპები: „ეს ყველაფერი სხვებისგან ვისწავლე და ადრე თუ მეზობლები დამცინოდნენ და არ სჯეროდათ, რომ გაცილებით მეტ შემოსავალს მივიღებდი ეკომეგობრული მიდგომით, ახლა ეს ადამიანებიც ჩემს გზას ადგანან“.

ბიოსფერული რეზერვატის იდეის განსახორციელებლად ზონირების პრინციპს მიმართავენ და მას სამ – ბირთვულ, ბუფერულ და გარდამავალ ზონებად ყოფენ. ბირთვული ზონის მიზანს ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია წარმოადგენს, ბუფერული და გარდამავალი ზონების მთავარი არსი კი მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა, რასაც ახლებური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობენ.

სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით დაარსდა დედოფლისწყაროში თხუთმეტის წლის წინ არტსტუდია „ფესვები“, რომელიც ტრადიციული ქართული ფარდაგის აღდგენისა და განვითარების კუთხით მუშაობს. „ფესვები“, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელის საწარმოა, რომელშიც დაცულია ბიოსფერული რეზერვატის იდეა. ამ სივრცეს ტრადიციებისა და კულტურის დაცვის ფუნქცია აქვს; ესაა გარემოსთან მეგობრული სივრცე და, ამასთან, ემსახურება ადგილობრივების  სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

„მუნიციპალიტეტისთვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭებით ჩვენი მუშაობის პრინციპი საგრძნობლად არ შეიცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანს, ალბათ, იმას მოგვიტანს, რომ ადგილზე შევძლებთ ჩვენი პროდუქტის რეალიზებას. რეზერვატი მოიაზრებს გარკვეული ბრენდის შექმნას, რომელსაც აქ ჩამოსულ ტურისტს შევთავაზებთ და ეს იქნება სწორედ ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – მეუბნება ნინო სეთურიძე, რომელიც დაარსების დღიდან მუშაობს „ფესვებში“ და, ამავდროულად, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელია – ვიზიტორთა სპეციალისტი.

Colchic-pheasant-Temo-Popiashvili-1024x5ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი დაცული ტერიტორიაა მთელ კავკასიის რეგიონში. მას დაცული ტერიტორიის სტატუსი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ჯერ კიდევ 1912 წელს მიენიჭა. კავკასიური როჭო აქაურობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
ფოტო: RECC-ის არქივი

„ბიოსფერული რეზერვატის შექმნა არ გულისხმობს პოლიციურ ჩარევას; ეს არის მეცადინეობა ადგილობრივებისთვის და, ზოგადად, ჩართული მხარეებისთვის, სწორად დაგეგმონ თავისი მომავალი“, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი. იგი ამ პროცესში პირველივე დღიდან არის ჩართული და თვლის, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა იქნება: „თუმცა, რეზერვატის კონცეფცია მდგრადი მმართველობის იმდენად მრავალმხრივ სტილს გვთავაზობს, მგონია, რომ მისი განხორციელების დიდი შესაძლებლობები გვაქვს“.

მუნიციპალიტეტის მერისთვის, ნიკოლოზ ჯანიაშვილისთვის, მსგავსი სტატუსის მინიჭება დედოფლისწყაროსთვის გარემოსა და ეკონომიკას შორის წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარების ტოლფასია. იგი ამბობს, რომ რეზერვატის დაარსების პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო შეხვედრებს გულისხმობს: „ასეთ შეხვედრებზე ძალიან დიდ რესურსებს ვხარჯავთ და გვინდა, მოსახლეობას კარგად გავაგებინოთ, რომ ეს იქნება ჩვენთვის ერთგვარი ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე“.

თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი რეზერვატის დაარსების პროცესში, კარგად აცნობიერებენ მის დადებით მხარეებს და, ამავდროულად, გარკვეულ რისკებს ხედავენ. მათი აზრით, თუ ეს ეჭვები გამართლდა, შესაძლოა სირთულეები მძიმე ტვირთად დააწვეს ადგილობრივ მოსახლეობას.  ასეთ, სკეპტიკოსთა რიგებს განეკუთვნება ადგილობრივი ფერმერი კობა ალუღიშვილი. მისი საქმიანობის სფეროს მაშინვე მიხვდებით, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებთ – მისაღებ ოთახში მაგიდაზე, მინის დოქში საფერავი ასხია და მისი სურნელი მთელ ოთახს ავსებს.

კობა 23 წლის იყო, როდესაც პირველად, ძმასთან ერთად, დამოუკიდებლად გააშენა საკუთარი ვენახი. პარალელურად, მემინდვრეობას მიჰყო ხელი და წელს თხილის პირველი მოსავალიც აიღო.

DSC04269-1024x576.jpgკახური ყურძნის და ღვინის ფასი  მსოფლიომ უკვე კარგად იცის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ტრადიციებზე დამყარებული აგროკულტურის პოპულარიზაცია ადგილობრივების აქტიური ჩართულობით გაგრძელდეს. ფოტო: RECC-ის არქივი

ღვინოს ჯერ არ ყიდის, მხოლოდ – ყურძენს და ისიც ადგილობრივ მეწარმეებზე: „მე რამდენადაც გავარკვიე, ბიოსფერული რეზერვატის მიზანია: დაცვა, განვითარება და ტექნიკურ-სამეცნიერო მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა თუ არა, ქვეყანა განვითარებას ითხოვს, ამას ფეხი უნდა ავუწყოთ და მე სრულიად მზად ვარ ამისთვის, მაგრამ ერთადერთი შიში მაქვს – თუ ადგილობრივ მოსახლეობას ტექნიკური და სამეცნიერო მხარდაჭერა არ გვექნება, ამ მცდელობას აზრი არ აქვს. ასეთ დროს დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაკეთების მაგივრად საქმე გავაფუჭოთ კიდეც“.

რამდენად შეძლებენ პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი და ცენტრალური ინსტიტუციები მოიძიონ საჭირო რესურსები და გათვალონ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უკვე ნახსენები რისკები? – ამ კითხვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი მპასუხობს, რომ ბიოსფერული რეზერვატის დაარსების შემდეგ, რეგიონს საჭირო თანხებისა და რესურსების მობილიზების უდიდესი პოტენციალი უჩნდება: „ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და ვაცნობიერებ, რომ გაუკვალავ გზაზე გვიწევს სიარული, მაგრამ მუნიციპალიტეტს, თავისი საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მოძიების საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება აქვს. ამიტომ, ჩვენი მზაობა ამ მხრივ დიდია და გვინდა, რომ ეს რისკები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“.

UNESCO-ში საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დოკუმენტაცია ოქტომბერში წარადგინა და თუ ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, მალე კახეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

logos-1024x576.jpg

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კახეთში ბიოსფერული რეზერვატის დაარსება, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის შექმნა“ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი RECC-თან პარტნიორობით.

The post ჰარმონიული თანაცხოვრება ადამიანსა და ბუნებას შორის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ჩამოყალიბდი, ნიუსების საიტი გინდა, რაიმე თემატური ბლოგი თუ ფორუმი.ფორუმული აქტივობის ასე დაბუსტვა არ გამოვა, ხომ ხვდები ალბათ უკვე. არ იბუსტება ასე. პირიქით, ცოცხალ (ადამიანების მიერ გახსნილ და სადისკუსიოდ გამოსადეგ) თემებს ძირავენ ეს სტატიები. აი კონკრეტულად ეს საინტერესოა მართლა, მაგრამ ამ ფორმით აქ დაკოპირება ფიზდეცი არის და არც არავინ გამოეხმაურება. ნუ, აქამდე არ გამოეხმაურებოდა, ჩემი პოსტის მერე არ ვიცი. გააჩერე ეს ავტომატური გადმოტანები, საკმარისია

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   368 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 367 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(11)