ფორუმელი Moor Posted 28 ოქტომბერი, 2021 Posted 28 ოქტომბერი, 2021 იცასო ველეს დელ ბურგოს პატარა შიმპანზე მიეხუტებინა გულზე. ხელის მტევანზე ოდნავ დიდი მდედრი გამოფიტული და გათიშული იყო. კბილები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოსული, რაც იმას მოწმობდა, რომ დაახლოებით ერთი თვის უნდა ყოფილიყო. მას ჰიპოთერმია და გაუწყლოება აწუხებდა და თუ საჩქაროდ არ დაეხმარებოდნენ, გული გაუჩერდებოდა. „ის ყველაზე პატარა შიმპანზეა, რომელიც ოდესმე შეგვიფარებია“, – ამბობს ველეს დელ ბურგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) აღმოსავლეთში მდებარე ლვიროს პრიმატების სარეაბილიტაციო ცენტრის ტექნიკური დირექტორი. ეს ამბავი 2017 წლის 16 ივნისს დაიწყო. იმისთვის, რომ შიმპანზე ლვიროში უვნებლად ჩამოეყვანა, ველეს დელ ბურგოს ხუთდღიანი დამღლელი სამაშველო ოპერაცია – მოტოციკლეტით, მოტორიანი ნავით და მანქანით მგზავრობა – დასჭირდა. ანტიბრაკონიერული ჯგუფის წყარომ შიმპანზე ლვიროსგან 300 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ პინგას მახლობლად, უღრან ტყეში რამდენიმე ბრაკონიერთან ერთად იპოვა. ისინი გამოტყდნენ, რომ შიმპანზის დედა მოკლეს, ტყუპისცალი კი მალე დაიღუპა. თავშესაფარში შიმპანზის სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყო. ველეს დელ ბურგომ მაიმუნის გახევებული სხეული თბილ ჩვრებში გაახვია და ინტრავენური გადასხმა გაუკეთა. როგორც იქნა, შიმპანზე ამოძრავდა და თვალები გაახილა. „თბილად რომ ყოფილიყო, მკერდზე მიხუტებული დავაძინე“, – ამბობს ზავადი ბალანდა, წყნარი, ახალგაზრდა კონგოელი, რომელსაც ბუსაკარას – ასე დაარქვეს პატარა შიმპანზეს – მოვლა დაევალა. ველეს დელ ბურგო ღელავდა, რომ პატარა შიმპანზე დედის გარეშე ვერ გაძლებდა. თავშესაფრის ტექნიკური დირექტორი იცასო ველეს დელ ბურგო (მარცხნივ) პატარა შიმპანზეს ეთამაშება. მირეი მიდერჰო ოზიბას, ლვიროს თავშესაფრის ერთ-ერთ მომვლელს, კალთაში ფელიქსი უზის. ობოლი შიმპანზეები ხშირად ტრავმირებულები არიან; მომვლელები მათ სითბოს და ყურადღებას არ აკლებენ, რათა რაც შეიძლება მალე გამოაჯანმრთელონ. შიმპანზეები ბონობოებთან ერთად ჩვენი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან. XX საუკუნის დასაწყისში აფრიკაში დაახლოებით მილიონი შიმპანზე ბინადრობდა, ახლა კი მათი რიცხვი 300 000-მდე შემცირდა: შიმპანზეებს ჭამენ და შინაურ ცხოველებად ყიდიან, მათ საარსებო გარემოს კი ანადგურებენ. ლვიროს პრიმატების სარეაბილიტაციო ცენტრი 2002 წელს, ომის დროს დაარსდა, როდესაც ახლომდებარე კაჰუზი-ბიეგას ეროვნულ პარკში ბრაკონიერები მომრავლდნენ. ბუნების დამცველები ბრაკონიერების და სოფლის მოსახლეობისთვის ჩამორთმეულ ობოლ შიმპანზეებს ლვიროში, ყოფილი ბელგიური კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის ოთახებში იფარებდნენ. როდესაც შიმპანზეების რიცხვმა იმატა, კონგოს ბუნების დაცვის ინსტიტუტმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა თავშესაფრის დაარსება გადაწყვიტეს. უფროსმა ვეტერინარმა ბერნარდ მასუნგამ, რომელიც თავშესაფარში პირველი დღიდან მუშაობს, საკუთარი თვალით ნახა, როგორ იქცა ლვირო ასობით შიმპანზისა და სხვა მაიმუნების სახლად. „ვამაყობ აქაური საქმით“, – ამბობს მასუნგა, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ შიმპანზეების ნაკადი არ წყდება და გრძელვადიანი სტრატეგია პრიმატების რაც შეიძლება სწრაფი დაბრუნებაა ველურ ბუნებაში. შარშან, ერთ დღეს, შიმპანზეების გუნდთან ერთად ჯდომისას, ველეს დელ ბურგომ მობილური `სელფის“ რეჟიმზე გადართო და ცნობისმოყვარე პრიმატებს მიუშვირა. ამან ბილი, ექვსი წლის მამრი, აშკარად გაამხიარულა. დანარჩენები ბილის ზურგს ამოფარებულები უყურებდნენ ეკრანს. ბილიმ ტუჩები ამოაბრუნა და კბილები დაკრიჭა, შემდეგ ლოყა დაიჩქმიტა, ვითომდა ფერიმჭამელებს იშორებსო. ბოლოს საჩვენებელი თითით ცხვირის ჩიჩქნა დაიწყო; ველეს დელ ბურგოს სიცილი აუტყდა. ობოლი შიმპანზეები ველურ ბუნებაში ცხოვრებას ლვიროს შემოღობილ ტყეში ეჩვევიან. ისინი ქმნიან ბუნებრივ იერარქიას, ეძებენ საკვებს, თამაშობენ და ღობის მიღმა არსებულ სამყაროს აკვირდებიან. „პრიმატების დამცველად მუშაობაზე მუდამ ვოცნებობდი“, – ამბობს ველეს დელ ბურგო, რომელიც ლვიროში 2014 წელს ჩავიდა, როდესაც თავშესაფარში დაახლოებით 55 შიმპანზე ჰყავდათ. ვიქტორიაში, ესპანეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქში დაბადებულმა გოგონამ ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი მოწოდება ცხოველებზე ზრუნვა იყო. „სკოლის წლებში, თუ სადმე დაშავებულ მწერს წავაწყდებოდი, სახლში მიმყავდა და ვუვლიდი“, – ამბობს იგი. დედამ, ღარიბმა კოლუმბიელმა ემიგრანტმა, ბარსელონის უნივერსიტეტში სწავლის ფული შეუგროვა, სადაც ის პრიმატოლოგიის მაგისტრი გახდა. ველურ ბუნებაში მცხოვრები პრიმატების ქცევის შესწავლით დაინტერესებული ველეს დელ ბურგო თავიდან დასავლეთ აფრიკაში, გვინეაში, გაემგზავრა. როდესაც ლვიროში მოხალისის ვაკანსია გამოცხადდა, ველეს დელ ბურგომ ველური შიმპანზეების უფრო ახლოს გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ასე აღმოჩნდა იგი სამოქალაქო ომებითა და სამხედრო კონფლიქტებით გახლეჩილ ქვეყანაში. ლვიროში ჩასვლიდან მესამე თვეს “მაი-მაის მეამბოხეები ტყიდან გამოვიდნენ და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს“, – ამბობს იგი. ისეთი ღამეებიც იყო, როდესაც ბომბების გრუხუნი და ტყვიამფრქვევების კაკანი აღვიძებდა, საწოლში იწვა და ცახცახებდა. შემდეგ ლვიროს დირექტორს უცნობი დაავადება შეეყარა. სიკვდილის პირას მისული დირექტორი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. „დიდი დაძაბულობა იყო“, – ამბობს ველეს დელ ბურგო, რომელსაც თავშესაფრის ხელმძღვანელობა, დაობლებულ პრიმატებზე ზრუნვა და 31 თანამშრომლის გაძღოლა დაევალა. ნაშუადღევს მომვლელები შიმპანზეებს სიმინდის, სოიის, სორგოს, ფქვილის და ცილების ნოყიერი ნარევით კვებავენ. ამასთან ერთად, მათ ბოსტნეულის, ხილის და ლობიოს ყოველდღიური ულუფა ეკუთვნით. ამ პროდუქტების საყიდლად თავშესაფარს ყოველთვიურად დაახლოებით 4000 დოლარი სჭირდება. როდესაც 2017 წელს ძონძებში გახვეული პატარა ბუსაკარა მოიყვანეს, თავშესაფარში უკვე 75 შიმპანზე ჰყავდათ და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა. ველეს დელ ბურგოსთვის, რომელიც იმ დროს გარე სამყაროსგან მოწყვეტილად და სრულიად დაუცველად გრძნობდა თავს, ბუსაკარა სიმტკიცის მაგალითი აღმოჩნდა. „გაოცებული ვიყავი ამ პაწაწინა, უმწეო არსების სიცოცხლის წყურვილით და შეუპოვრობით“, – ამბობს ველეს დელ ბურგო. მას შემდეგ, რაც ბუსაკარამ პირველი, უმძიმესი ღამე გადაიტანა, მომვლელების გუნდს მისთვის დედის მაგივრობის გაწევა და ნაშიერზე უწყვეტი ზრუნვა დაევალა. ბალანდაც ერთ-ერთი მომვლელი იყო. ღარიბი გლეხების ოჯახში გაზრდილი ბალანდა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ობოლი შიმპანზეების მომვლელი გახდებოდა. ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მეამბოხე ჯარისკაცებმა მასზე რამდენჯერმე იძალადეს. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შემდეგ გოგონა ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში დააწვინეს. სწორედ იქ გაიცნო ადამიანი, რომელმაც ლვიროს თავშესაფარში მომვლელად მუშაობა შესთავაზა. „ლვიროში განადგურებული ჩამოვიდა“, – ამბობს ველეს დელ ბურგო, – `არ ლაპარაკობდა და ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა“. ველეს დელ ბურგო ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მისი სამსახურის ნაწილი ტრავმატული გამოცდილების მქონე ადამიანების დახმარებაც იქნებოდა. „კონგოში ცხოველებიც და ადამიანებიც აუტანელ სატანჯველში იმყოფებიან, – ამბობს იგი, – ზედმეტად მგრძნობიარე ვარ და ხანდახან ვცდილობ, ადამიანების გასაჭირზე თვალი დავხუჭო, ყველაფერს ვერ მოვერევი“. (მარცხნივ) შაბუნდას, ზრდასრულ შიმპანზეს, ანესთეზია გაუკეთეს, რათა სხვა, შემოღობილ ტყეში გადაიყვანონ. ამ ასაკში შიმპანზე უკვე ძალიან ძლიერია და ადამიანებს აღარ ემორჩილება. ვეტერინარები იძულებულები არიან, მაიმუნი დააძინონ, რაც მათ შიმპანზის ჯანმრთელობის შემოწმების და სისხლის ანალიზის აღების საშუალებასაც აძლევს. (მარჯვნივ) შაბუნდას ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ ლვიროს უფროს ვეტერინარ ლუის ფლორესს (მარცხნივ) და ველეს დელ ბურგოს (მარჯვნივ) შიმპანზე სხვა, შემოღობილ ტყეში გადაჰყავთ. ბალანდას თავიდან ეშინოდა შიმპანზეების, მაგრამ თანდათან მათი ფარული ენა ისწავლა: როგორ უნდა გაესუფთავებინა, როგორ ხარხარებენ, როდესაც უღუტუნებ – „ოჰ, ოჰ, ოჰ“, შემაცბუნებლად რომ წააგავს ჩვენს სიცილს – როგორ ხმებს გამოსცემენ და რას ნიშნავს ეს ხმები. ბალანდა ამბობს, რომ შიმპანზე ბუსაკარას პირველ დღეებში დიარეა ჰქონდა. „ვასუფთავებდი და მასთან ერთად მეძინა, რომ გამეთბო, – ამბობს მომვლელი და ალერსიანად იღიმება, – დილაობით გამომეტირებოდა ხოლმე“. ბუსაკარასთვის პირველ თვეებში ადამიანების ზრუნვა და სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რეაბილიტაციის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც ბუსაკარა პატარების უწესრიგო და ხმაურიან ოთახში თანატოლ შიმპანზეებს შეუერთდა და თანდათან საკუთარი ხასიათი ჩამოუყალიბდა. ველეს დელ ბურგო ეთამაშება მარას, ფელიქსს და მუბაკის (მარცხნიდან მარჯვნივ). მუბაკი, რომელიც სუაჰილიზე „გადარჩენილს“ ნიშნავს, თავშესაფარში სიკვდილის პირას მყოფი მიიყვანეს. დაობლებულ შიმპანზეს დედა ბრაკონიერებმა მოუკლეს და ცხოველების შავ ბაზარზე გაყიდვას უპირებდნენ. რეაბილიტაციის პროცესში შიმპანზეებს ერთმანეთთან თამაში სჭირდებათ; ასე მათ საკუთარი ხასიათი უყალიბდებათ. თანდათან ბალანდაც უფრო თავდაჯერებული გახდა და სხვა ობოლი შიმპანზეების მოვლა დაიწყო. შიმპანზეებზე ზრუნვა მას მძიმე დეპრესიის დაძლევაში ეხმარებოდა. „ნელ-ნელა ღიმილს და ჩემთან საუბარსაც მოუხშირა, – ამბობს ველეს დელ ბურგო, – ბოლოს საკუთარ გამოცდილებაზე ლაპარაკიც დაიწყო“. ახალმა გატაცებამ ბალანდას გადააწყვეტინა, ლვიროს უნივერსიტეტში ვეტერინარიის კურსი გაევლო. „ყოველთვის მეგონა, რომ შინაური ცხოველების ვეტერინარი ვიქნებოდი“, – ამბობს ბალანდა, – „ვერ წარმოვიდგენდი, რომ შიმპანზეებთან მომიწევდა მუშაობა“. ორი წლის შემდეგ ბუსაკარა ლვიროს ერთ-ერთ შემოღობილ ტყეში გაუშვეს, რომ სხვა რეაბილიტირებულ შიმპანზეებთან ერთად ბუნებრივ იერარქიასა და ოჯახურ სისტემაში ესწავლა ცხოვრება. სხვა შიმპანზეებთან საერთო ენა ბუსაკარამ ადვილად გამონახა. „ის ძალიან მზრუნველია, – ამბობს ველეს დელ ბურგო, – ტრავმირებულ შიმპანზეებს პირველად მასთან ვუშვებთ, რადგან ყველაზე კეთილგანწყობილია“. 2019 წელს თავშესაფარში ახალი შიმპანზეების უეცარი მოზღვავება იყო – ლვიროს 9 ინდივიდი შემოუერთდა. კდრ-ის შორეული რეგიონებიდან შიმპანზეების ჩამოსაყვანად ლვიროს პარტნიორმა ვირუნგის ეროვნულმა პარკმა ცალკე პილოტი განაწესა და საჰაერო ტრანსპორტირება დააფინანსა. დეკემბერში თავშესაფარში გრიპის ვირუსი გავრცელდა. ვირუსი შიმპანზეების 90 პროცენტზე მეტს გადაედო; ორი მათგანი დაიღუპა. ბუსაკარა მძიმედ იყო ავად, მაგრამ ვეტერინარებმა მისი გამოჯანმრთელება შეძლეს. მომვლელი ოზიბა მძინარე მარასა და ფელიქსთან ერთად ზის. ჩვილ შიმპანზეებს, როგორც ბავშვებს, უწყვეტი ზრუნვა სჭირდებათ. თუ პატარა შიმპანზეს ღამით შეშინებულს გაეღვიძება, მომვლელი იქვე უნდა იყოს, რომ მოეფეროს და დააძინოს.2020 წლის მარტში ველეს დელ ბურგოს ახალი სადარდებელი გაუჩნდა: კდრ-ში ახალი კორონავირუსი გავრცელდა. „შიმპანზეები რესპირატორული დაავადებების მიმართ მგრძნობიარეები არიან, – ამბობს იგი, – არავინ იცოდა, როგორ გადაიტანდნენ კორონავირუსს“. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ახალ-ახალი შეტყობინებები მოდიოდა ობოლ შიმპანზეებზე, მაგრამ ლოკდაუნის გამო ისინი თავშესაფრამდე ვეღარ ჩამოჰყავდათ. გაურკვევლობას დაფინანსების მკვეთრი შემცირებაც დაემატა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შველა აივან კარტერის ველური ბუნების კონსერვაციის ალიანსის სახით გამოჩნდა. სწორედ ამ ორგანიზაციამ უხელმძღვანელა შეწირულობების შეგროვებას, რათა თავშესაფარს შეუფერხებლად გაეგრძელებინა მუშაობა. „იყო დღეები, – ამბობს ველეს დელ ბურგო, – როდესაც მეგონა, რომ მეტი აღარ შემეძლო“. ველეს დელ ბურგომ კარგად იცის, რამდენად ძვირფასია ლვიროს თავშესაფარი მისი გუნდის წევრებისთვის, მაგალითად ბალანდასთვის, რომელსაც შიმპანზეებზე ზრუნვა წარსულის დაძლევაში დაეხმარა. ეს ველეს დელ ბურგოსაც ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შიმპანზეებმა ასწავლეს, ცხოვრების სიყვარული და შეუპოვრობაა. „ისინი არასოდეს ნებდებიან, – ამბობს იგი, – რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ არასოდეს მივატოვებ მათ – შიმპანზეებს და ადამიანებს“. პოლ სტაინი სამხრეთაფრიკელი რეჟისორი და ჟურნალისტია, რომელიც National Geographic-ისთვის აფრიკის კონსერვაციულ პროექტებზე წერს სტატიებს. მრავალი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფის, ბრენტ სტირტონის ნამუშევრები ხშირად იბეჭდება ჩვენს ჟურნალში. The post შიმპანზეები და იმედი ქაოსში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა