Jump to content
×
×
  • Create New...

უკანასკნელი საბუდარი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

07:22 დილაა. მეთევზემ 70 მეტრში ჩაუარა გარიელებს. სამნი არიან. სამივე დაიძაბა. ცურვით აღმოსავლეთისკენ მიიწევენ. მეთევზე გაჩერდა და ბადის ამოღებას იწყებს – ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი ტელესკოპიდან ტბის სიღრმეში განაგრძობს ყურებას და ხმამაღლა ამბობს ყველაფერს, რასაც ხედავს. მის გვერდით მდგომი კოლეგა სიტყვა-სიტყვით იწერს ნიკას ნათქვამს.

სექტემბერია. ჯავახეთის პლატოსთვის ჩვეულმა სუსხმა ტაბაწყურის ტბაზე უკვე შემოაღწია. წყლის ზედაპირზე ალაგ-ალაგ ჩამოწოლილი ნისლი ნელ-ნელა იფანტება და მზის ამოსვლასთან ერთად ხილვადობაც მატულობს. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ტბიდან მეთევზეების, ნაპირიდან კი ნიკასა და მისი კოლეგების ფრაგმენტული გადაძახილები არღვევს.

„მეთევზემ ბადე სავარაუდოდ გამთენიისას ჩააგდო და ახლა თევზის ამოსაღებად დაბრუნდა. გარიელები ხანდახან ბადეში იხლართებიან. ეს ფრინველის სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია. სწორედ ამის გვეშინია ხოლმე“, – მიხსნის ნიკა.

მეხუთე წელია, მეცნიერები ჯავახეთის ტბებს იკვლევენ – გარიელის ისტორიულ საბუდარ სივრცეებს. იკვლევენ, რატომ ქრება გარიელის კვალი იქ, სადაც ამ ფრინველს შთამომავლობა გამოჰყავდა და ნაწილი იყო იმ ბუნებრივი ეკოსისტემისა, რომელსაც ჯავახეთის პლატოს ტბები ჰქვია.

იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გარიელის, იგივე თეთრფრთიანი გარიელას (Melanitta fusca)  რიცხვი ჩვენს პლანეტაზე მცირდება. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ ის „მოწყვლად“ სახეობადაა აღიარებული, ხოლო საქართველოში „საფრთხეში მყოფად“ არის მიჩნეული.

დასავლეთ პალეარქტიკის ფარგლებში ამ ფრინველის ორი განსხვავებული პოპულაცია არსებობს. აქედან ერთი მრავალრიცხოვანია, ის ევროპისა და დასავლეთ აზიის მთიან რეგიონებში ბუდობს – ნორვეგიიდან დასავლეთ ციმბირამდე, მდინარე ენისეის გავლით. ეს პოპულაცია, ძირითადად, სამხრეთით, მდინარე ობისა და ირტიშის ზედა მონაკვეთებზე ვრცელდება. იზამთრებს ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში (ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვები). პოპულაცია დაახლოებით 141 000-268 000 ზრდასრულ ფრინველს ითვლის.

DJI_0301.jpgტაბაწყურის ტბა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე დასახლებულია 280-მდე კომლი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე

უფრო მცირე პოპულაცია კი კავკასიაში იყო გავრცელებული. საქართველოში, თურქეთსა და სომხეთში 1990-იან წლებში გარიელის რიცხვი 1500 ინდივიდს შეადგენდა. უკანასკნელ წლებში ეს რიცხვიც კატასტროფულად შემცირდა. უფრო მეტიც, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – თურქეთსა და სომხეთში მობუდარი პოპულაცია დღეს გადაშენებულად ითვლება, ხოლო საქართველოში, ტაბაწყურის ტბაზე მობუდარი გარიელის პოპულაციის ზომა 80-90 ზრდასრულ ინდივიდს შეადგენს.

ლიტერატურის მიხედვით, გარიელის საბუდარი ადგილები საქართველოში 1960-1970-იან წლებში ჯავახეთის პლატოზე არსებული საღამოს, ფარავნის, ხანჩალის, ბუღდაშენის, მადათაფის, კარწახისა და ტაბაწყურის ტბები იყო. მოგვიანებით, უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში, გარიელის არსებობა ჯერ კიდევ დასტურდებოდა ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადათაფის ტბებზე, თითოეულზე არაუმეტეს 10-20 მობუდარი წყვილისა.

დღეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტბაზე გარიელს პრობლემა შეექმნა. კლიმატის ცვლილების პარალელურად, იზრდება ადგილობრივ ეკოსისტემაზე ადამიანის უარყოფითი ზეგავლენებიც. ადგილობრივი მოსახლეობისთვის საარსებო წყარო, სოფლის მეურნეობასთან ერთად, უკანონო თევზჭერაცაა, რომლის დროსაც გარიელი ბადეში ებმება და იღუპება; ამასთან, ხშირად ბუდეებიდან კვერცხებსაც აგროვებენ, თიბავენ კუნძულებსა და ნახევარკუნძულებს, ტბებიდან წყალს უშვებენ სარწყავად და შესაბამისად, წყლის სიღრმე იკლებს. პრობლემას წარმოადგენს  ბუნებრივი თუ ადამიანის ჩარევით გამოწველი წყლის დაბინძურებაც. „როდესაც ყოველივე ეს არ კონტროლდება, წყალი მცირდება. ამის გამო ძალიან ბევრი კუნძული სანაპიროს უახლოვდება ან ნახევარკუნძულად გადაიქცევა. მაგალითად, სომხეთში, სევანის ტბის დონის კლებამ გამოიწვია გარიელის საბუდარი ტერიტორიების სახეცვლილება და ადამიანებმა ან შინაურმა ცხოველმა იქ ფეხის მოკიდება შეძლეს. შესაბამისად, ქვეყანაში ეს სახეობა გადაშენდა“, – მეუბნება ნიკა პაპოშვილი და კიდევ ერთ საფრთხეზე ლაპარაკობს. ესაა გარიელების საბუდარ ადგილებთან ახლოს მყოფი სომხური თოლია (Larus armenicus), რომელიც გარიელის ბარტყებით იკვებება ან სასიკვდილოდ აზიანებს მათ.

ამ ფაქტორების ერთობლიობამ ფრინველის აღნიშნულ პოპულაციას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსები გამოაცალა ხელიდან და გარიელმა ან ვერ შეძლო გადარჩენა, ან დატოვა მისი ისტორიულად ცნობილი საბუდარი ტერიტორიები.

თუმცა, ჯერ კიდევ 2004 წელს, BirdLife International-ის ინფორმაციით, საქართველოში ჯავახეთის ზეგანზე (კარწახის, ხანჩალის და ბუღდაშენის ტბები) გარიელის 20-50 მობუდარი წყვილი აღირიცხებოდა. 2010-იანი წლების ბოლოს ზემოაღნიშნულ ტბებზე გარიელი აღარ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ორნითოლოგები საქართველოში მობუდარი გარიელის ქვეპოპულაციას გადაშენებულად მიიჩნევდნენ.

2015 წელს, როდესაც ილიას უნივერსიტეტის მკვლევარმა, ნიკა პაპოშვილმა ჯავახეთის ზეგანზე გარიელის მოსაძებნად გადაწყვიტა ექსპედიციის მოწყობა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის ამ ინიციატივას.

2015 წელს ნიკა პაპოშვილმა გარიელის კვალს ტაბაწყურზე მართლაც მიაგნო. ნიკა სოფელში გაიზარდა და 1990-იან წლებში, ისევე როგორც სოფლად მცხოვრები ბევრი ადამიანი, ისიც ნადირობდა. თან სწავლობდა, ეცნობოდა სხვადასხვა სახელმძღვანელოს და გარიელიც მაშინ აღმოაჩინა: „დედაჩემი პედაგოგია. ერთხელ სკოლის ბიბლიოთეკიდან საქართველოს ფრინველთა სარკვევი მომიტანა. გარიელი სწორედ ამ წიგნიდან დამამახსოვრდა“.

2010 წელს, როდესაც ნიკამ ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ჩააბარა, თავის ლექტორ ორნითოლოგს გარიელის შესახებ გამოჰკითხა: „ზურა ჯავახიშვილმა მაშინ მითხრა, რომ უკანასკნელ წლებში გარიელის ბუდობა საქართველოში აღარ დადასტურებულა და ბოლოს ეს ფრინველი 2007 წელს ტაბაწყურის ტბაზე ნახა“.

IMG_2227.jpgორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი გარიელის საბუდარ კუნძულთან ფრინველის ბადით მოხელთებას ცდილობს, რათა მას გეოლოკატორი დაუმონტაჟოს. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე

2015 წლის აგვისტოში ნიკა გარიელის მოსაძებნად  ჯავახეთში წავიდა. მან მოინახულა რამდენიმე პოტენციურად მნიშვნელოვანი ტბა, რომელზეც გარიელის საბუდარი შეიძლება ყოფილიყო. ტაბაწყურის ტბაზე ნისლიანი ამინდი დახვდა. მიუხედავად ამისა, ფრინველის ძებნა არ შეუწყვეტია და მისი ეს მცდელობა უიღბლოდაც არ დასრულებულა. ამ დღეს ნიკამ ტაბაწყურის სიღრმეში 50-მდე გარიელის ინდივიდი აღმოაჩინა: „მეორეჯერ უკვე ტბაზე მყარი მტკიცებულების მოსაპოვებლად მეგობართან, ლევან ნინუასთან ერთად დავბრუნდი. გვინდოდა, ბუდობის დამადასტურებელი უტყუარი ნიშნები – ბარტყი ან/და ბუდე აღმოგვეჩინა, ვინაიდან გასული წლის აგვისტოს ბოლოს ჩემ მიერ ნანახი გარიელები შეიძლება უბრალოდ მიგრანტი ვიზიტორები ყოფილიყვნენ. ძალიან გაგვიმართლა. ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ ბუდეზე მჯდომი მდედრი. ეს კი უტყუარი მტკიცებულება იყო – გარიელი ტაბაწყურის ტბაზე ნამდვილად ბუდობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახეობა ჯერ კიდევ მრავლდებოდა კავკასიაში და მისი მომავალი სწორედ საქართველოში არსებულ ტაბაწყურის ტბაზე იყო დამოკიდებული“.

საერთაშორისო პროგრამის, Conservation Leadership Programme,  დახმარებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ველური ბუნების დაცვაზე მუშაობს, ნიკამ ტაბაწყურის ტბაზე მობუდარი გარიელის შესწავლა 2017 წელს დაიწყო.

ტაბაწყურის ტბა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. წყლის ზედაპირის ფართობი 15 კმ2-მდეა. საშუალო სიღრმე 15 მეტრია. გამჭვირვალე, სუფთა წყალს ის დღემდე ინარჩუნებს, რაც მიგვანიშნებს შემდეგს: აქაურობა, ჯავახეთის ბევრი ტბისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არაა ადამიანის მიერ ისე სახეცვლილი, რომ იქ ფრინველის არსებობა შეუძლებელი იყოს. ზამთარი ცივია, თოვლის დიდი საფარით. ტბა იყინება. ტერიტორია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ნაწილია და IUCN-ის IV კატეგორიის დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა დასახლებული 280-მდე კომლი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა.

DJI_0336-1024x576.jpg
IKA0161-1024x576.jpg

(მარცხნივ) ტაბაწყურის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა კუნძულია. ეს კუნძულია დღეს ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც გარიელი ბუდობს. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე (მარჯვნივ) ნიკა პაპოშვილმა გარიელი დარგოლა – გეოლოკატორი დაუმაგრა და ისევ ტბაზე უშვებს. დარგოლვა მას ფრინველის გამოსაზამთრებელი ადგილების დადგენაში ეხმარება. ფოტო: ნანა დევიძე

ამავე კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით კიდევ ორი პატარა კუნძულია, მაგრამ უკვე ნახსენები კუნძულისგან განსხვავებით, ორივე მწირი ბალახეული საფარითაა შემოსილი და, შესაბამისად, გარიელის საბუდრად ჯერჯერობით გამოუსადეგარია; მაგრამ ნიკა პაპოშვილის აზრით, მათი გაერთიანებისა და საფარის აღდგენის შემთხვევაში, სამომავლოდ ამ ორივე კუნძულსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ფრინველისთვის კომფორტული საბუდარი ტერიტორია.

2017 წელს მკვლევრებმა 25-35 გარიელის წყვილი დაითვალეს. ერთი შეხედვით, ეს არ იყო მცირე რაოდენობა, მაგრამ იმ წელს მხოლოდ შვიდმა მდედრმა შეძლო ბუდის გადარჩენა. თავიდან ეს პირდაპირ ადამიანებს დაუკავშირეს – მოსახლეობას, რომელიც კუნძულზე გადადიოდა და ბუდიდან კვერცხებს აგროვებდა. ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა დაიწყეს. მოუთხრობდნენ გარიელის მნიშვნელობაზე და სთხოვდნენ, თავი შეეკავებინათ კონკრეტულად ამ ფრინველის კვერცხების აღებისგან. დამატებით, კუნძულზე ვიდეოკამერები დაამონტაჟეს, რომლებითაც უშუალოდ ბუდეზე მჯდომ ინდივიდებს აკვირდებოდნენ და აღრიცხავდნენ, თუ რა უქმნიდათ მათ საფრთხეს.

ნიკა ამბობს, რომ 2019 წლიდან მოსახლეობა თითქმის აღარ აწუხებდა გარიელებს და, შედეგად, კუნძულზე მობუდარ ფრინველთა რაოდენობა 2018-2019 წლებში 25 და 33 იყო. 2020 წელს 30-მა იბუდა, „მაგრამ შემდეგ ახალი პრობლემა გამოჩნდა“.

აღმოჩნდა, რომ ბარტყების წარმატებით გამოჩეკის მიუხედავად, დედები ბარტყების დაფრთიანების ასაკამდე მიყვანას ვერ ახერხებდნენ და, საბოლოოდ, ბუდობის წარმატება 2-5% იყო. ორნითოლოგებმა მაშინ პირველად მიიტანეს ეჭვი თოლიებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგამოჩეკილ ბარტყებზე თოლიები ნადირობდნენ, რის შედეგადაც  მხოლოდ ერთეულებიღა ახერხებდნენ დაფრთიანებას. იგივე პრობლემა არსებობდა, მაგალითად, ფინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც, თუმცა ფინეთში დაფრთიანების წარმატება 30% იყო, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში – 5-10%. ორივე შემთხვევაში ბარტყებს დიდი ზომის თოლიები იტაცებდნენ.

გარიელი საშუალოდ, 8-9 კვერცხს დებს. გამოჩეკის წარმატება საკმაოდ მაღალია: საშუალოდ 6 ბარტყი გამოჰყავს, მაგრამ სირთულეები შემდეგ იწყება. იმისთვის, რომ დედამ ბარტყები საკვებ ყურემდე მიიყვანოს, ყოველ დილით 1 კმ-ის გავლა და შემდეგ უკან ღამის გასათევად დაბრუნება უწევს. ამ დროს ესხმის თავს თოლია, ხანდახან ძელქორიც: „ბუდიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღე ბარტყებს გადარჩენის ინსტინქტები ჯერ არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული. მათ სამყარო ჯერ არ შეუსწავლიათ, თუმცა, ერთ კვირაში უკვე ყვინთვით შეუძლიათ თავის გადარჩენა. ხშირად დედაც ცდილობს მტრის მოგერიებას. ხანდახან თოლიასა და დედას შორის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლაც იმართება“, – მეუბნება ნიკა. 

IMG_1917.jpgთევზაობა ადგილობრივებისთვის არსებობის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეთევზეების ბადეში ხშირად გარიელებიც იხლართებიან, რაც უმეტეს შემთხვევაში ფრინველის სიკვდილით მთავრდება. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე

ორნითოლოგი ამბობს, რომ მტაცებლობას ხელს ხშირად ადამიანებიც უწყობენ, ამ შემთხვევაში კი მეთევზეები. არის შემთხვეევები, როდესაც საბუდართან ახლოს მისული ნავის ხმით დამფრთხალი დედა ბარტყებს უმალ ტოვებს და თოლიებს უადვილდებათ მათი დაჭერა.

„ჩვენი გამოთვლებით, ეს ფაქტი 2-3-ჯერ ზრდის თოლიის წარმატების შანსს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ადამიანმა მაინც არ იქონიოს უარყოფითი გავლენა გარიელის პოპულაციაზე“.

როგორ შეიძლება გარიელის თოლიისგან დაცვა? – თოლიის პოპულაციის ზრდა ისევ და ისევ ადამიანს უკავშირდება. ეს სახეობა, ფაქტობრივად, ყველაფრით იკვებება; ნარჩენების გროვებიც კი იზიდავს. შესაბამისად, ნაგავსაყრელების მოუწესრიგებელი და ქაოსური სისტემა ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ნიკა პაპოშვილი ამბობს, რომ ამიტომაა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ადამიანის ზემოქმედების შემცირება, მონიტორინგი და თუ ამანაც არ გამოიღო შედეგი, საჭირო გახდება თოლიის პოპულაციის ლიმიტირება. „ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. სომხეთში მობუდარი თოლია საქართველოში მრავალრიცხოვანია და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, დასაშვებია მისი ხელოვნურად შემცირება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ასეთ დროს პრიორიტეტი საფრთხეში მყოფი სახეობაა, თუმცა თოლიის რაოდენობის შემცირებამ შეიძლება სხვა, ახალი პრობლემები წარმოშვას. ამიტომ ჯერ სათანადო კვლევაა საჭირო და ამაზე სწორედ ახლა ვმუშაობთ“.     

მანამდე კი მეცნიერები სხვა მნიშვნელოვან დეტალებს სწავლობენ. მაგალითად, საინტერესოა, სად იზამთრებენ ტაბაწყურის ტბაზე მობუდარი გარიელები და რამდენად აქვთ უნარი, ზამთრის მკაცრ კლიმატსა თუ ბრაკონიერებს გადაურჩნენ, რაც შეიძლება ნაკლები ინდივიდის დანაკარგით. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მეცნიერებმა 2019 წელს გარიელის 11 ინდივიდი დარგოლეს. მათგან 9 მომდევნო წელს უკან, ტაბაწყურზე დაბრუნდა. ნიკა მიხსნის, რომ ამით მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ზამთარში გარიელების გადარჩენის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, თუმცა საბოლოო დასკვნების გამოსატანად მეცნიერები 2021 წლის ზაფხულში დარგოლილი 25 ინდივიდის დაბრუნებას დაელოდებიან, რათა უფრო ფართო და სიღრმისეული სურათის დანახვა შეძლონ.

IUCN-ის მიერ გარიელი „მოწყვლად“ სახეობადაა აღიარებული, ხოლო საქართველოში კლასიფიცირებულია როგორც „საფრთხეში მყოფი“.

ორნითოლოგებმა გარიელებს პარალელურად სინათლის დონის გეოლოკატორი (სინათლის დონის გეოგრაფიული კოორდინატების დამდგენი) დაუმონტაჟეს. ესაა სპეციალური გადამცემი, რომელიც მზის ამოსვლისა და ჩასვლის მიხედვით ფრინველის ადგილმდებარეობის კოორდინატებს ადგენს. აღნიშნული მოწყობილობით კვლევა ინგლისელ და დანიელ კოლეგებთან ერთად ტარდება და, დღევანდელი მონაცემებით, სულ 17 გარიელს აქვს გეოლოკატორი დამონტაჟებული. უკვე მომავალ წელს გვეცოდინება კვლევის შედეგები და პასუხი კითხვაზე, სადაა ტაბაწყურზე მობუდარი გარიელების გამოსაზამთრებელი ადგილი, კავკასიაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ნიკა პაპოშვილი მიმდინარე კვლევის დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობს, თუმცა ამბობს, რომ, წინასწარი მონაცემებით, გარიელები, სავარაუდოდ, შავ ზღვაზე იზამთრებენ. 

ტაბაწყურზე დილის თვლის სტანდარტული პროცედურა თითქმის მთავრდება. დღეს 35-მდე წყვილი აღწერეს. ნიკას გვერდით თამარ ბერიძე უდგას – ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი – და ფრინველების აღრიცხვაში ეხმარება, თუმცა თამარი ამ კვლევაში სულ სხვა მიმართულებითაა ჩართული. გარიელის პოპულაცია საქართველოში და, ზოგადად, კავკასიაში იზოლირებულ და ჩაკეტილ პოპულაციად ითვლება. ამიტომ მკვლევრებს კიდევ ერთი მისია გამოუჩნდათ – დაადგინონ, რამდენად აქვს კავკასიაში მობუდარ გარიელს გენეტიკური კავშირი ჩრდილოეთ ევროპაში მობუდარ ინდივიდებთან. „რაც უფრო მრავალფეროვანია პოპულაცია გენეტიკურად, მით დიდია მისი გადარჩენის ალბათობა. ამიტომ ვიმედოვნებთ, შედეგები დამაიმედებელი იქნება“, – მეუბნება თამარი.

გენეტიკური მრავალფეროვნება იმის ნიშანი იქნება, რომ კავკასიისა და ჩრდილოეთის პოპულაციები პერიოდულად იკვეთებიან. გარიელების განსხვავებული პოპულაციების შეწყვილების შემთხვევაში, თუ მდედრი კავკასიის ბინადარი იქნება, შთამომავლობის გამოსაჩეკად აუცილებლად კავკასიაში – ტაბაწყურის ტბაზე დაბრუნდება და მამრიც მას გამოჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის პოპულაციის აღდგენისა და გადარჩენის შანსს, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი გენეტიკური კვლევით დადგინდება, რომ ამ ორ პოპულაციას შორის აღარ ხდება გენთა მიმოცვლა და გარიელის კავკასიური პოპულაცია ნამდვილად იზოლირებულია ჩრდილოური პოპულაციისგან, ტაბაწყურზე მობუდარი გარიელების შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს მსოფლიოსთვის.

Map-e1635330800900-1024x713.jpg რუკა: NGM/გიორგი ფარცხალაძე, რუსუდან ყიფიანი
წყარო: ნიკა პაპოშვილი

გაგიკ პაპიკიანი შუახნის კაცია. იგი მეექვსე წელია, რეინჯერად მუშაობს. აქაურია, შვილები გაიზარდნენ და სოფელი დატოვეს. ტბის ნაპირზე აღმართულ ერთ-ერთ გორაკზე, პატარა სახლში, ცოლთან ერთად დარჩა. მათი აივნიდან ტბა ხელის გულზე მოჩანს, მის მიღმა კი ჯავახეთის ვულკანური მთებია გადაჭიმული. წვიმს. მასთან ერთად გადავყურებ სარკისებურ ტბას. ჩვენ წინ გადაშლილ სურათში მორიგი მეთევზე ჩნდება, რომელსაც კოკისპირული წვიმა თევზჭერაში აშკარად ხელს არ უშლის. ტბაში შესულს, უკან თავისივე ნავის კვალი მიჰყვება.

გაგიკს ასეთ დროს ხელ-ფეხი შეკრული აქვს. მიუხედავად მისი პროფესიისა და სტატუსისა, მეთევზეს თევზაობას ვერ აუკრძალავს, რადგან ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის ლიცენზია 2030 წლამდე ერთ-ერთ კერძო პირზეა გაცემული და, როგორც სოფელში ამბობენ, ეს პირი ადგილობრივ მოსახლეობას ჯერჯერობით ნებას რთავს, სურვილისამებრ ითევზაონ. სწორედ ამ ნებართვის გამო არ აქვთ ახლა გაგიკს და სხვა რეინჯერებს უფლება, შეამოწმონ, რამდენად იცავენ ადგილობრივები კანონს თევზაობისას. ამიტომ რეინჯერს ისღა დარჩენია, შორიდან ადევნოს თევზაობის პროცესს თვალი. გაგიკი იმასაც მიყვება, რომ ზოგჯერ მეთევზეები გამოუსადეგარ ბადეებს ტბაშივე ტოვებენ, რომლებშიც გარიელები ებმებიან და იღუპებიან.

გაგიკისა და კიდევ ორი რეინჯერის პასუხისმგებლობა ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში  უკანონო საქმიანობის კონტროლია. ტერიტორია 22 700 ჰექტარზეა გადაჭიმული, რეინჯერებს კი ერთადერთი მანქანა ჰყავთ და რესურსებიც მწირია, თუმცა ისინი საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რამდენად შეცვალა ამ ტერიტორიის აღკვეთილად გარდაქმნამ, შემდეგ კი გარიელზე მიმდინარე კვლევამ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსადმი დამოკიდებულება.

გარიელის შესახებ თვითონაც სულ რაღაც ხუთი წლის წინ გაიგო. იხსენებს, როგორ ჩამოვიდნენ აქ უცხო ადამიანები და უცნაური სახეობის ფრინველზე მოუყვნენ: „ქარიანი ამინდი იყო. რამდენიმე ახალგაზრდა დავინახე ტბის ნაპირზე. დავინტერესდი, რას აკეთებდნენ. ერთ-ერთ ფრინველს ვეძებთო. თავიდან ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, თუმცა ახლა მათ გუნდში ვარ და ვეხმარები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში. შედეგად, ბევრ მათგანს უკვე კარგად ესმის, რამოდენა მნიშვნელობის სახეობა გვყავს ტაბაწყურზე“.

print.jpgთუ ბარტყების ტბაზე გამოყვანის შემდგომ ორი ოჯახი შემთხვევით ერთმანეთს შეხვდა, მდედრებმა შეიძლება იჩხუბონ. ობლად დარჩენილი ბარტყების ჯგუფი ხშირად სხვა ჯგუფს უერთდება, გამარჯვებული მდედრი კი პასუხისმგებლობას ობოლ ჭუკებზეც იღებს. ფოტო: ნიკა მელიქიშვილი

ნიკა პაპოშვილი ამბობს, რომ გარიელის შესახებ 2017 წლამდე დაცული ტერიტორიების სააგენტოშიც ბევრი არაფერი იცოდნენ: „პროექტის დასაწყისში ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შევხვდით და პროექტი გავაცანით. მათ კვლევის ჩატარებისა და ტაბაწყურზე რეინჯერების კოტეჯში დარჩენის ნებართვა მოგვცეს. ქცია-ტაბაწყურის რეინჯერებიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან, თუმცა, მსგავს სიტუაციაში, ვფიქრობ, დაცული ტერიტორიების სააგენტო და, ზოგადად, სახელმწიფო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული და მეტად უნდა მუშაობდეს საჭირო რეგულაციების შემუშავებაზე. ეს ხომ კავკასიაში გარიელის უკანასკნელი პატარა მობუდარი პოპულაციის გადარჩენის საკითხია“.

მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე გარიელის კონსერვაცია ვერ უზრუნველყოფს მის გადარჩენას მთელ კავკასიაში. კონსერვაციის საბოლოო მიზანია, გავრცელდეს და აღდგეს პოპულაცია იქ, სადაც ეს ფრინველი ისტორიულად ბუდობდა – ჯავახეთის სხვა ტბებზე და, ასევე, თურქეთშიც. ამისთვის ორნითოლოგებს დამატებითი კვლევები სჭირდებათ: უნდა შეისწავლონ, ამჟამად რამდენად აკმაყოფილებს გარიელის მოთხოვნილებებს ჯავახეთის ზეგანზე არსებული ტბები და რამ განაპირობა მათი ამ ტბებიდან გაქრობა.

გარიელის ბარტყები სხვადასხვა წყლის ცხოველის ლარვებით, მატლებით, მოლუსკებით, ქვირითით იკვებებიან. ზრდასრულებს კიბორჩხალებისა და შედარებით მცირე ზომის თევზის მოხელთებაც შეუძლიათ. ამისთვის მათ სუფთა წყალი სჭირდებათ, რომ ჩაყვინთვისას ხედავდნენ საკვებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯავახეთის ტბების დიდი ნაწილი დღეს დაბინძურებულია: „მაგალითად, როდესაც მადათაფაში წყალი კლებულობს, ფსკერზე სხვადასხვა მცენარე ილექება. ამით წარმოიშობა რამდენიმე ტიპის აირი, მათ შორის, მომწამვლელიც. როდესაც წყალი ბინძურია, იქ ნაკლებია საკვებიც და ხილვადობაც. მსგავს პირობებში გარიელს გადარჩენა უჭირს“, – ამბობს ნიკა.

22 წლის ჰრანტ მურადიანი ნიკა პაპოშვილის შეკითხვებს მამას სომხურად უთარგმნის. ჰრანტმა სკოლა აქ, ტაბაწყურში დაამთავრა, შემდეგ ჯარში წავიდა და ქართულიც იქ ისწავლა. ახალციხის კოლეჯში პროგრამისტის პროფესია შეისწავლა. მერე ერევანშიც იყო სასწავლებლად. მომავალს იმედის თვალით უყურებს, თუმცა მას საქართველოს არ უკავშირებს. ალბათ, ჰრანტიც სხვა თანატოლებივით ერევანში წავა: „იქ უფრო მარტივია ცხოვრება“.

DSC_1781-1024x576.jpg
DSC_2163-1024x576.jpg

(მარცხნივ) გარიელების მნიშვნელობის შესახებ ადგილობრვიმა მოსახლეობამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიგო. დღეს ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, არ შეაწუხონ ფრინველი. (მარჯვნივ) ტბის დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა გარიელისთვის. მოსახლეობას ჯერ კიდევ სჭირდება იმის გააზრება, რომ ტბაში ნარჩენების ჩაყრა არ შეიძლება. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე

მამა მეთევზეა. ოჯახისთვის ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. თევზი ბაკურიანში დააქვთ გასაყიდად.

„გარიელის შესახებ თუ გაგიგიათო“, – უთარგმნის ჰრანტი მამას ორნითოლოგის კითხვას. იგი მამის სიტყვებს ჩვენ გვითარგმნის და თავის აზრსაც ამატებს. გვეუბნება, რომ აქ მოსახლეობა თევზჭერის გარეშე თავს ვერ გაიტანს: „ასეა, სხვა შესაძლებლობა არაა. იმაზეც გული გვწყდება, რომ ეს ტბა ერთი ადამიანისაა, მაგრამ კარგია, რომ ახლა სხვა რაღაცებზეც დავიწყეთ ფიქრი. აგერ, ტაბაწყურზე გარიელის აღმოჩენის შემდეგ მივხვდით, რომ არ უნდა ვავნოთ ამ ფრინველს. მოსახლეობაზე მართლა დიდი გავლენა იქონია კვლევის პროცესმა და მეთევზეების დიდი ნაწილი უკვე ცდილობს, ნაკლები ზიანი მიაყენოს გარიელს“.

ორდღიანი ექსპედიციის შემდეგ ტაბაწყურს ვტოვებთ. მალე აქ ცივი და მკაცრი ზამთარი  დაიწყება, ტბა გაიყინება და გარიელიც დატოვებს აქაურობას. ადგილობრივები მომარაგებული მოსავლით სახლებში შეიკეტებიან და გამოდარებას დაელოდებიან.

სოფლის გასასვლელში ნიკა პაპოშვილი მანქანას აჩერებს და გზის პირას დამონტაჟებული აბრისკენ მიდის. აბრა მტვრითაა დაფარული. ნიკა და მისი მეგობარი ორნითოლოგები მანქანიდან საწმენდ საშუალებებს იღებენ და აბრას საგულდაგულოდ წმენდენ: „იხვი, რომელიც მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა“, – ჩნდება წარწერა სომხურ და ქართულ ენებზე.

სოფო აფციაური ჩვენი გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ავტორია. იგი ხშირად წერს გარემოს დაცვის თემებზე. ფოტოგრაფ ნიკოლოზ მჭედლიძის პირველი ვრცელი ნამუშევარი თუშეთს ეხებოდა და 2020 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. ფოტოგრაფი ნიკა მელიქიშვილი ბუნების აქტიური დამცველია; ეს მისი პირველი თანამშრომლობაა ჩვენს ჟურნალთან.

The post უკანასკნელი საბუდარი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   369 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 369 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)