Jump to content
×
×
  • Create New...

შარაგზის მოკავშირეები. რა ფასი დაუჯდა სომხეთს რუსეთის ერთგულება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

RTX897NM.jpg

   

რუსეთი სომხეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. მოსკოვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სომხეთმა პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან ძვირი გადაიხადა. ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად ერევანს რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ეს იმედები მეტწილად გაუცრუვდა. რუსულმა გამოცემა “ნოვაია გაზეტამ” რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გააანალიზა.

2015 წლის ზაფხულში ერევანში პროტესტი დაიწყო ელექტროენერგიის ფასების ზრდის წინააღმდეგ. სომხეთის ელექტროქსელები დენის ერთნახევარჯერ გაძვირებას აპირებდა, შემდეგ კი მთავრობამ გაძვირება 17 პროცენტამდე ჩამოიყვანა, მაგრამ ხალხი ერევანში თავისუფლების მოედანზე მაინც გამოვიდა.

ამ დროისთვის, სომხეთი უკვე რეგიონული ლიდერი იყო ელექტროენერგიის წარმოებაში, მისი თვითღირებულება, ექსპერტების აზრით, ყველაზე დაბალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ მისი ფასი სომხური ოჯახებისა და ბიზნესისთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.

სომხებმა თავისი მრისხანება საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ მიმართეს. თუმცა სინამდვილეში, სომხეთში ელექტროენერგიის ფასები რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ Интер РАО ЕЭС – მა გაზარდა.

“სომხეთის ელექტროქსელები” მისი 100%-ანი შვილობილი კომპანიაა.



დახმარება რუსულად

სომხეთი ძალიან ღარიბ ქვეყნად ითვლება. მას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, არ აქვს ნავთობი, საკმაოდ ღარიბია წიაღისეულით. 1988 წელს იქ ასევე საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგები ქვეყანას ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაუძლევია.

მიწისძვრის შემდეგ დროებით გააჩერეს მეწამორის ატომური სადგური, რომელიც მთლიანი ელექტროენერგიის მესამედს აწარმოებდა ქვეყანაში.

შემდეგ დაიწყო ყარაბაღის ომი, ჰიდროელექტროსადგურები მთის მდინარეებზე და მაგისტრალური გაზსადენები მუდმივად მწყობრიდან გამოდიოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სომხეთში ნამდვილი ენერგეტიკული შიმშილი დაიწყო.

რუსეთმა სომხეთს ძმური დახმარების ხელი გაუწოდა. რადგან სომხეთს საკმარისი თანხები არ ჰქონდა, რუსეთი მას ელექტროენერგიას ვალით აწვდიდა.

2001 წლისთვის 100 მილიონი დოლარი ვალი დაგროვდა.

ამ სესხის მომსახურებაზე სომხეთი ყოველწლიურად 18 მილიონ დოლარს იხდიდა. დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული 800 მილიონის სესხების მომსახურება ერთნახევარჯერ იაფი იყო.

ცნობისთვის: იმავე 2001 წელს რუსეთმა ოთხი მილიარდი დოლარის სესხი აპატია ეთიოპიას, 2000 წელს – ცხრა მილიარდი ვიეტნამს. საერთო ჯამში, 2000 წლიდან 2005 წლამდე, რუსეთმა ჩამოუწერა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ვალი ტანზანიას, ერაყს, ლაოსს, ბენინს, გვინეა-ბისაუს და სხვა ახლო მეგობრებს.

სომხეთის სიღარიბის მოუხედავად, იქ არსებობდა მომგებიანი საწარმოები. ყველაზე მიმზიდველი სსრკ-ს დროინდელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები იყო. ასევე “ნაირიტის” ქიმიური ქარხანა (მთავარი პროდუქტი კაუჩუკი), ქარხანა “მარსი” (ელექტრონიკა), მათემატიკური მანქანების კვლევითი ინსტიტუტი, კაჯარანის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი და მრავალი პატარა ქარხანა, ჰიდროელექტროსადგურების სევან-რაზდანის კასკადი.

RTX897NM-1024x712.jpg რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანში, რომლებიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. 2020 წლის ნოემბერი. REUTERS

2001 წელს ერევანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია. ”რუსეთს სურს ინვესტიციების განხორციელება სომხურ საწარმოებში”, – თქვა მაშინ ვიცეპრემიერმა ილია კლებანოვმა ვიზიტის მიზნის შესახებ.

ეს წარმოდგენილი იყო როგორც ძმური დახმარების კიდევ ერთი გაწვდილი ხელი. ანუ ამ მომენტიდან რუსეთმა სომხეთს ორივე ხელი გაუწოდა.

პროგრამას ეწოდა “ქონება სესხის წინააღმდეგ”, ხელშეკრულება 2002 წელს გაფორმდა. “მარსის” ქარხანა 56 მილიონ დოლარად შეაფასეს, სამი სამეცნიერო ინსტიტუტი და ქიმიური ქარხანა – 7 მილიონ დოლარზე ნაკლებად, ხოლო რაზდანის კასკადი  – 31 მილიონად.

ცოტა ხანში სხვა საწარმოები, რომლებსაც სომხეთის ბიუჯეტში შემოსავლის მოტანა შეეძლოთ, მათ შორის თითქმის ყველა ენერგეტიკული ობიექტი, რკინიგზა, ოქროსა და მოლიბდენის მაღაროები – სახელმწიფოსთან ახლოს მყოფი რუსული კომპანიების  – “როსნეფტის”, “გაზპრომის”, რუსეთის რკინიგზის და სხვა, საკუთრება გახდნენ.

2013 წლის იანვარში გაზპრომი სომხეთის გაზის ობიექტების 100%-ით მფლობელი გახდა.

პრეზიდენტ პუტინისა და მისი სომეხი კოლეგა სერჟ სარგსიანის მიერ ხელმოწერილი “გაზის ხელშეკრულება” იმას ითვალისწინებდა, რომ სომხეთი გაზს რუსული შიდა ფასებით მიიღებდა.

პრაქტიკაში კი ასე გამოვიდა: “გაზპრომი” გაზს შიდა ფასებით თავის 100% -იან შვილობილ კომპანიაზე ყიდდა. მაგრამ სომხეთის საზღვარზე გაზი ორჯერ ძვირდებოდა.

მოკავშირეები

დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის ხელისუფლება ორ სკამზე ჯდომას ცდილობდა: მეგობრობდა როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან. თანამშრომლობდა რუსეთთან პოლიტიკურად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში და ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას ცდილობდა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ასევე რუსეთთან საბაჟო და ევრაზიის კავშირებში გაწევრიანების შესახებ. ამავე დროს, ისინი სომხეთს ეკონომიკურად კარგს არაფერს ჰპირდებოდა. მარტივი მიზეზის გამო: მომავალი ევრაზიული კავშირის სხვა წევრებთან საერთო საზღვრის არარსებობა საერთო ეკონომიკური სივრციდან მიღებულ სარგებელს აბათილებდა.

უფრო მეტიც, სომხეთი ფასების სერიოზულ ზრდას ელოდა, საჭირო იყო “მგრძნობიარე საქონლის” ჩამონათვალის შემუშავება, რომლის გაძვირებაც ბიუჯეტიდან ანაზღაურდებოდა.

მაგრამ ორი სიტყვა – მთიანი ყარაბაღი – აიძულებდა სომხეთს ყველა დათმობაზე წასულიყო, რადგან ამის საფასური ყარაბაღის თავზე რუსული “ქოლგა” უნდა ყოფილიყო.

ამავდროულად, სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. 2013 წლის ივლისში ისინი წარმატებით დაგვირგვინდა; მოსალოდნელი იყო, რომ მხარეები ხელს ხელშეკრულებას შემოდგომაზე მოაწერდნენ. ამავდროულად, ივლისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთისთვის გაზის ფასი გაზარდა: ათას კუბური მეტრში 180 დოლარიდან 270 დოლარამდე.

სექტემბერში სერჟ სარგსიანი შეხვდა პრეზიდენტ პუტინს  და ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გადაიდო და სომხეთი ევრაზიულ კავშირში შევა.

2014 წლის დასაწყისში ეს საკითხი მოგვარებულად ითვლებოდა. მაგრამ სომხეთის გაერთიანებაში მიღებას მისი წევრები არ ჩქარობდნენ – ერთ-ერთი მიზეზი ყარაბაღი იყო.

სომხეთი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ევრაზიულ კავშირში ყარაბაღიც უნდა შესულიყო, რუსეთმა ამის პირობა თითქოს დადო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. რუსეთმა განმარტა, რომ ყარაბაღი არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ანუ რუსეთმა ეს თქვა 2014 წლის მაისში, ყირიმის ანექსიიდან ორი თვის შემდეგ. იმასაც აღვნიშნავთ, რომ სომხეთი იყო ერთ–ერთი იმ იშვიათი ქვეყნებიდან, რომლებიც ყირიმის რეფერენდუმს მიესალმნენ.

ევრაზიული კავშირის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ერთ-ერთ შეხვედრაზე, სომხეთის დელეგაციის თანდასწრებით, წაიკითხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის წერილი, რომელიც სომხეთის გაერთიანებაში მიღებას ითხოვდა “მხოლოდ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”. ანუ ყარაბაღის გარეშე. სომხებმა ეს დამცირებად აღიქვეს.

შემდეგი დარტყმა იყო რუსეთის მიერ იარაღის კიდევ ერთი პარტიის მიყიდვა აზერბაიჯანისთვის. სომხეთი ამასაც შეეგუა, რადგან მას მთავარს პირდებოდნენ: “ქოლგას” ყარაბაღისთვის. სომხებს სჯეროდათ – იქ თუ რამე მოხდებოდა, რუსეთი მოვიდოდა და დაეხმარებოდა. მაგრამ საჭირო მომენტში არ მოსულა და არც დახმარებია.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share