Jump to content
×
×
  • Create New...

დნობის სადარაჯოზე


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ზღვის დონიდან 5800 მეტრზე ოდნავ მაღლა, ჩილეს მთა ტუპუნგატოზე,

ბეიკერ პერისა და სხვა მთამსვლელებს სისხამ დილით მოულოდნელად ქარბუქი წამოეწია და დაუნდობელმა ქარმა თუ ბობოქარმა თოვლმა კარვებში შეძრომა აიძულა. ჩრდილოეთ კაროლინის აპალაჩების სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატოლოგი პერი ამ ეპიზოდს ფილოსოფიური განწყობით იხსენებდა.

„მთის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ მისი სირთულეა. ამიტომაცაა ზოგან ასეთი მეტეოსადგურების ნაკლებობა“, – ამბობს პერი.

პერი იმ საერთაშორისო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც თებერვალში, პანდემიის მიუხედავად, მკვრივ თოვლში 15-დღიანი ლაშქრობა და ცოცვა გაბედა ტუპუნგატოს მწვერვალის, სამხრეთ ანდებში ჩამქრალი ვულკანის ქვეშ მეტეოსადგურის დასამონტაჟებლად. ეს სამხრეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში ყველაზე მაღალი მეტეოსადგურია. ჩილესა და არგენტინის საზღვარზე მდებარე სადგური მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმარება, თუ რამდენად სწრაფად იცვლება კლიმატი ამ რეგიონში. ექსპედიციის ორგანიზება National Geographic Society-მ აიღო თავის თავზე, დაფინანსება კი გამოყო Rolex-ის ინიციატივამ Perpetual Planet.

NGSChile2021_20210228_7692_1-1024x576.jpჩილეს წყლის დეპარტამენტის წარმომადგენლები ფრანკო ბულიო (მარცხნივ), ალეხანდრა ესპინოზა (ჩამუხლული), ფერნანდო ურბინა და მთის გიდი მანუელ მირა ამონტაჟებენ მეტეოსადგურს ზღვის დონიდან 6500 მეტრზე მაღლა, ჩილეს ტუპუნგატოს ვულკანის მწვერვალთან. მონაცემები, რომლებსაც მეტეოსადგური მოაგროვებს, ცენტრალურ ჩილეს დაეხმარება წყლის მნიშვნელოვან რეზერვზე კლიმატის ცვლილების გავლენის დადგენაში.

სადგურზე მოგროვდება ტემპერატურის, ქარის სიჩქარისა და თოვლის სიღრმის მონაცემები, რომელთა წყალობითაც მეცნიერებს სურთ გაიგონ, როგორ გაუმკლავდება ცენტრალური ჩილე და მისი დედაქალაქი სანტიაგო კლიმატის ცვლილების შედეგებს: მოხშირებულ გვალვას (რეგიონში ახლაც ისტორიული გვალვაა) და მყინვარებისა თუ მკვრივი თოვლის საფარის დნობას, რომლებიც წყლის რეზერვუარებს წარმოადგენენ და, პრაქტიკულად, მთის ბუნებრივი წყალსადაწნეო კოშკის ფუნქცია აქვთ.

„დასაკარგი ბევრი გვაქვს“, – ამბობს ექსპედიციის წევრი ტომ მეთიუსი, კლიმატოლოგი ლაფბოროს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). „ამ გაყინული წყლის რეზერვუარების ქვემოთ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. ისინი ამ სისტემის ნაწილი არიან, ჩვენ კი ძალიან ცოტა ვიცით იმაზე, თუ როგორ ირეაგირებს ეს სისტემა კლიმატის დათბობაზე“.

ტუპუნგატო ჩილეს რიგით მეექვსე უმაღლესი მწვერვალი და ყველაზე მაღალი მთაა მდინარე მაიპოს აუზში. აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6,7 მილიონ ადამიანს. თუკი გვექნება უკეთესი მონაცემები ტუპუნგატოს მსგავს მწვერვალებზე მოსული ნალექის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებს ეცოდინებათ, რა მოცულობის წყალი უნდა გამოყონ ამა თუ იმ წელს.

ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჯინო კასასას თქმით, მშრალი წლის განმავლობაში მდინარე მაიპოში ზაფხულის ბოლოს ჩამავალი წყლის ორი მესამედი მოდის მყინვარებიდან, რომლებიც მცირდება.

ცენტრალური ჩილე ხმელთაშუა ზღვის ჰავით გამორჩეული ეკორეგიონია. ჩრდილოეთით ატაკამის უდაბნო აკრავს – დედამიწაზე ყველაზე მშრალი არაპოლარული ადგილი – და ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორისაა მოქცეული.

ჩილელები პერიოდულ მშრალ წლებს შეჩვეულები არიან; 2010-იც ასეთი წელი იყო, მაგრამ მას მოჰყვა 2011, 2012 და 2013 წლები, რომლებიც ასევე მცირე ნალექით გამოირჩეოდა.

NGSChile2021_20210225_5808_1-e1633899030ტუპუნგატოს ექსპედიციის მარშრუტის ბოლო ნაწილი მწვერვალის მარცხენა ქედს მიუყვებოდა. ვულკანის თოვლისა და მყინვართა მდნარი წყალი მდინარე მაიპოს ასაზრდოებს. კლიმატის ცვლილება ცენტრალურ ჩილეში წვიმასა და თოვლს ამცირებს, ამის შედეგი კი გრძელვადიანი გვალვაა.

„და დადგა 2014 წელი, ისევ მშრალი, რაც უკვე საეჭვო იყო“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის კლიმატოლოგი რენე გარო.

2015 წლისთვის გარომ და მისმა ჩილელმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ რეგიონში „მეგაგვალვა“ იყო, ის 2010 წელს დაიწყო, და ყოველ მომდევნო წელს, საშუალოდ, მესამედით ნაკლები წვიმა მოდიოდა. გვალვის დაწყებიდან ყველაზე მშრალ წელს, 2019-ში, ნორმალური რაოდენობის ნალექის მეოთხედზე ნაკლები აღინიშნა.

ათწლეულის განმავლობაში ჯამურ ნალექიანობაზე გარკვეული ბუნებრივი ცვალებადობა ახდენს გავლენას, ამბობს გარო, მაგრამ ცალსახაა, რომ „მეგაგვალვაში“ წვლილი კლიმატის ცვლილებასაც შეაქვს. ზოგადად მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება მშრალ რეგიონებს კიდევ უფრო დააშრობს, სველ რეგიონებს კი – მეტად დაასველებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს აქამდეც ჰქონია მშრალი პერიოდები, ასეთი ცუდი მდგომარეობა ან ასეთი გრძელი გვალვა აქამდე არ ყოფილა. მსოფლიო ტემპერატურის მატებასთან ერთად შეიცვალა ამინდის კანონზომიერებები, რომლებიც ოდესღაც ნალექს წარმოქმნიდნენ, არსებული მოდელების მიხედვით კი, ეს ახალი ტენდენცია, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება.

ცენტრალური ჩილესთვის ეს ცუდი ამბავია – ქვეყანა მტკნარ წყალს მდინარე მაიპოს აუზის მთის მყინვარებიდან იმარაგებს. ჟურნალ Nature-ში 2019 წელს გამოცემული სტატიის მიხედვით, მთის ყინულს კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს – ანდებიდან ჰიმალაიმდე.

ორი წლის წინ პერიმ და მეთიუსმა ევერესტზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მეტეოსადგური დაამონტაჟეს. ხოლო ჩილეს მოგზაურობა იყო National Geographic Society-ის უახლესი ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიმატისა და გარემოს ცვლილებების გამოკვლევას დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მყიფე ზონაში.

6500 მეტრზე მაღლა

არსებულ ტუპუნგატოს მწვერვალზე ასასვლელად გუნდს დაახლოებით 10 დღე დასჭირდა, ჩამოსასვლელად კი – ხუთი.

გუნდის წევრებმა ლაშქრობა 1875 მეტრზე დაიწყეს ბუჩქებითა და ეკალბარდებით დაფარულ ლანდშაფტზე. რამდენიმედღიანი სიარულის შემდეგ გარემო მალევე შეიცვალა. მარტივი სულაც არ იყო.

გუნდი შედგებოდა პერის, კასასასა და მისი კოლეგებისგან ჩილეს წყლის სამინისტროდან, მთის გიდებისგან და ჯორების გამრეკებისგან, რომლებიც ბარგით დატვირთულ ჯორებსა და ცხენებს მთაში მიერეკებოდნენ.

„ცხენებმა რამდენიმე დღით გაგვასწრეს, რათა ენახათ, თავისუფალი იყო თუ არა ბილიკი. იმდენი თოვლი იდო, ცხენებს ყელამდე წვდებოდა“, – ამბობს პერი. ოთხი ცხენოსანი და ბარგით დატვირთული ჯორები გუნდს წინ გაუძღვნენ. გარდა იმისა, რომ აღმართი ციცაბო იყო, ტემპერატურამაც იმდენად აიწია, თოვლზე სიარულის მაგივრად მთამსვლელები მასში ეფლობოდნენ.

მეტეოსადგური, რომელიც გუნდმა ტუპუნგატოზე აიტანა, ალუმინის 54-კილოგრამიანი, 1,8 მეტრი სიმაღლის დასაკეცი სამფეხაა. ის საკმარისად მსუბუქია იმისთვის, რომ რამდენიმე ზურგჩანთით ნაწილებად დაშლილი აიტანო, მაგრამ იმდენად მტკიცეც უნდა იყოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარსაც გაუძლოს. პერის თქმით, როდესაც გუნდი ძლივძლივობით მიიკვლევდა გზას თოვლში, ცხადი გახდა, რომ ცხენები ისე მაღლა ვერ ავიდოდნენ, როგორც თავიდან იმედოვნებდნენ. კასასამ ვერტმფრენი გამოიძახა დარჩენილ გზაზე სადგურის მაღლა ასატანად.

  • NGSChile2021_20210221_3071_1-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
  • NGSChile2021_20210228_8212_1-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
  • NGSChile2021_20210224_4156_1-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
  • NGSChile2021_20210222_3619_1-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ბეიკერ პერი, კლიმატოლოგი და მთამსვლელი, 4450 მეტრზე არსებულ მეტეოსადგურს ასწორებს ტუპუნგატიტოს ვულკანზე. ტუპუნგატიტო უფრო დიდი ტუპუნგატოს – ექსპედიციის დანიშნულების ადგილის – სამხრეთით მდებარეობს. წყლისა და ქანების ნიმუშები ტუპუნგატიტოზეც მოგროვდა.

ესპინოზა, გეოლოგი, აღჭურვილობაზე წამოწოლილი ისვენებს 5800 მეტრზე. ტუპუნგატოზე ასასვლელად გუნდმა ნაშალ ვულკანურ ქანებზე იარა, გაკვალა მაღალი თოვლი და ციცაბო ქანობები – ეს ყველაფერი მაღალი მთისთვის დამახასიათებელი ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე.

დაახლოებით 4300 მეტრზე მდებარე პენიტენტესის ბანაკისკენ მიმავალი პერი პირის დასაბანად შეჩერდა. მთამსვლელებს ხანდახან ეკოსისტემისა და კლიმატის მკაფიო ცვლილებებთან უწევთ შეგუება. პატარა ბუჩქებით დაფარული ლანდშაფტი მალევე გარდაიქმნება მაღალი მწვერვალებით, მყინვარებითა და თოვლით სავსე სივრცედ.

ექსპედიციის ექიმი იგნასიო ნავარეტე კინოოპერატორ დირკ კოლინსს COVID-19-ის ტესტს უტარებს. გუნდის წევრებმა ექსპედიციის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ტესტი ჩაიტარეს. ექსპედიცია თებერვალში დაიწყო, მაშინ, როდესაც COVID-19-ის ვაქცინების რაოდენობა შეზღუდული იყო.

გააზიარეთ ფოტო
  • NGSChile2021_20210221_3071_1-1024x576.jp
  • NGSChile2021_20210228_8212_1-1024x576.jp
  • NGSChile2021_20210224_4156_1-1024x576.jp
  • NGSChile2021_20210222_3619_1-1024x576.jp
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ბეიკერ პერი, კლიმატოლოგი და მთამსვლელი, 4450 მეტრზე არსებულ მეტეოსადგურს ასწორებს ტუპუნგატიტოს ვულკანზე. ტუპუნგატიტო უფრო დიდი ტუპუნგატოს – ექსპედიციის დანიშნულების ადგილის – სამხრეთით მდებარეობს. წყლისა და ქანების ნიმუშები ტუპუნგატიტოზეც მოგროვდა.

ესპინოზა, გეოლოგი, აღჭურვილობაზე წამოწოლილი ისვენებს 5800 მეტრზე. ტუპუნგატოზე ასასვლელად გუნდმა ნაშალ ვულკანურ ქანებზე იარა, გაკვალა მაღალი თოვლი და ციცაბო ქანობები – ეს ყველაფერი მაღალი მთისთვის დამახასიათებელი ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე.

დაახლოებით 4300 მეტრზე მდებარე პენიტენტესის ბანაკისკენ მიმავალი პერი პირის დასაბანად შეჩერდა. მთამსვლელებს ხანდახან ეკოსისტემისა და კლიმატის მკაფიო ცვლილებებთან უწევთ შეგუება. პატარა ბუჩქებით დაფარული ლანდშაფტი მალევე გარდაიქმნება მაღალი მწვერვალებით, მყინვარებითა და თოვლით სავსე სივრცედ.

ექსპედიციის ექიმი იგნასიო ნავარეტე კინოოპერატორ დირკ კოლინსს COVID-19-ის ტესტს უტარებს. გუნდის წევრებმა ექსპედიციის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ტესტი ჩაიტარეს. ექსპედიცია თებერვალში დაიწყო, მაშინ, როდესაც COVID-19-ის ვაქცინების რაოდენობა შეზღუდული იყო.

ინსტრუმენტის მწვერვალთან ახლოს დასამონტაჟებლად სამფეხა მეტეოსადგური კლდეზე ჭანჭიკებით უნდა მიემაგრებინათ და მეტი სტაბილურობისთვის გვარლებით დაებათ. სადგური მზის ბატარეებით მუშაობს და სატელიტური კომუნიკაციისთვის ანტენა აქვს მიმაგრებული. მან უკვე დააფიქსირა ქარის 186 კმ/სთ-ზე დიდი სიჩქარეები, ამბობს პერი.

მეცნიერებმა მწვერვალის მახლობლად მარად მზრალ ნიადაგში ერთი მეტრის სიღრმეზე ტემპერატურის სენსორებიც დაამონტაჟეს, რათა თვალყური ედევნებინათ გაყინულ შრეებში ტემპერატურის ცვლილებებისთვის. სადგური გაზომავს რადიაციას, თოვლის სიღრმეს და ალბედოს, ანუ არეკვლადობას. ალბედო მნიშვნელოვანია, რადგან თოვლის სახით მოსული ნალექის კლებისა და ყინულის დნობის შედეგად დარჩენილ თოვლს ნაკლები ალბედო აქვს, ბოლოს კი ზედაპირზე მხოლოდ მოშიშვლებული მუქი ქანები რჩება. შედეგად, გარშემო ზედაპირის ტემპერატურა მატულობს და თოვლი პოტენციურად კიდევ უფრო სწრაფად დნება.

„კლიმატის დათბობასთან ერთად მყინვარები საკმაოდ მალევე დაიხევს უკან“, – ამბობს მეთიუსი.

მეთიუსის თქმით, რთულია იმის დადგენა, თუ რა მოცულობის წყალია ჩილეს მთებში გამომწყვდეული და როდის შეიძლება მიაღწიოს მან კრიტიკულად დაბალ ნიშნულს. მოკლე პერიოდში სითბო თოვლისა და ყინულის დნობას აჩქარებს, ჩნდება მეტი წყალი და ხანდახან – წყალდიდობები. როდესაც ყინული უფრო სწრაფად დადნება, მყინვარები ბოლოს „იმდენად დაპატარავდება, რომ მალე მათგან ბევრი აღარაფერი დარჩება“, – და ჩამონადენიც ნაკლები იქნება, ამბობს მეთიუსი.

მეცნიერები ამ გარდამავალ ეტაპს „პიკურ წყალს“ უწოდებენ, როდესაც წყლის მოკლევადიანი მოზღვავება გრძელვადიან დეფიციტში გადადის.

მდინარე მაიპოს აუზში დიდ სიმაღლეზე მხოლოდ ორი მეტეოსადგური მდებარეობს. კასასას იმედი აქვს, რომ ის და მისი კოლეგები ჩილეში კიდევ ბევრ ახალ სადგურს დაამონტაჟებენ.

ქვეყნები, მათ შორის ჩილე, კლიმატის ცვლილების ხელშემწყობი ემისიების შემცირების პირობას დებენ, მაგრამ ცენტრალური ჩილე მაინც ყველაზე მწვავე შესაძლო შედეგისთვის უნდა მოემზადოს.

NGSChile2021_20210303_127_1-1024x576.jpgმარსელინო ორტეგა მარტინესი (წინ) და ფერნანდო ორტეგა ორტეგა ჯორებს მიერეკებიან – მათ დიდი გამოცდილება აქვთ ჯორების დახმარებით აღჭურვილობის გადატანაში – რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ექსპედიციაში. აქ ისინი 2500 მეტრზე მდებარე ბანიოს-ასულესის ბაზისკენ ცხენებით მიდიან, გვერდზე კი აღჭურვილობით დატვირთული ჯორები მიჰყვებიან. მათ უკან ბარბარა დონოსო მოდის, მთის გიდების გუნდის შეფ-მზარეული; მას კიდევ რამდენიმე გიდი მიჰყვება. უკან ტუპუნგატოს დათოვლილი მწვერვალი მოჩანს.

სანტიაგოს ჩრდილო-დასავლეთით კერძო კომპანია ფართო მოხმარებისთვის წყლის გასამტკნარებელ პირველ ქარხანას აშენებს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს წყალი დასალევად, სოფლის მეურნეობისა და სამთო საქმისთვის. ეს, ასევე, ერთ-ერთია იმ ბერკეტებიდან, რომლებიც ცენტრალური ჩილეს სანდო მტკნარი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამბობს სებასტიან ვიკუნია, ინჟინერ-მშენებელი ჩილეს კათოლიკურ უნივერსიტეტში. იგი იკვლევს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება.

ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიები და მუნიციპალიტეტები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, როგორიცაა მდინარე მაიპოს შენაკადების კაშხლით გადაღობვა და სატვირთო მანქანებით სასმელი წყლის მიწოდება მათთვის, ვისაც ჭა ამოუშრა. ვიკუნიასა და მისი კოლეგების მოდელის მიხედვით, გვალვა საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდება და სანტიაგოში სასმელი წყლის მიწოდება ისე გართულდება, რომ ფერმერების სამყოფი აღარ დარჩება. ვიკუნიას თქმით, დღეს მყინვარები უკან იხევენ, მაგრამ „ყოველ წელს გვალვის პერიოდებშიც კი წყლის საკმარისი მოცულობა გვაქვს“. თუ მყინვარი ბოლოს და ბოლოს საერთოდ გაქრება – როგორც მოსალოდნელია – მასთან ერთად გაუჩინარდება წყლის რეზერვიც.

სარა გიბენსი National Geographic-ისთვის გარემოს შესახებ წერს. ფოტოგრაფი არმანდო ვეგა კულტურის და გარემოსდაცვით თემებზე მუშაობს.  

The post დნობის სადარაჯოზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   414 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 414 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)