Jump to content
×
×
  • Create New...

ორად გახლეჩილი ავღანეთი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შაბათ შუადღეს ყანდაარის კაფე „დილაითი“ ნარგილეს მოლურჯო კვამლში იყო გახვეული. აქ არ იგრძნობოდა, რომ ქვეყანაში ომი იყო.

დასაქმებული ახალგაზრდა კაცები რბილ სავარძლებში ნებივრობდნენ და ესპრესოს წრუპავდნენ. ბრტყელ ეკრანებზე თურქული და ინდური პიკანტური მუსიკალური კლიპები გადიოდა, ქალების შიშველი მუცელი ცენზურის სამსახურს საგულდაგულოდ დაეფარა.

ეს მაინც ავღანეთი იყო – კონსერვატიული ისლამური საზოგადოება, მაგრამ კაფეში მყოფი ახალგაზრდა კაცები ქალაქელების შედარებით ღია და თავისუფალ თაობას წარმოადგენდნენ, სრულწლოვანებას თალიბანის დამხობის შემდეგ მიაღწიეს და ბუნდოვნად ან არ ახსოვდათ მათ ქალაქში დაბადებული ფუნდამენტალისტური რეჟიმი, რომელიც ტელევიზიას, კინოსა და მუსიკას კრძალავდა, კაცებს წვერის გაპარსვას უშლიდა, ქალებს კი – თავიდან ფეხებამდე ბურკის გარეშე სიარულს.

კაფეს მეპატრონე აჰმადულაჰ აქბარი, კოსმოპოლიტურ დუბაიში გატარებული ორი წლის შემდეგ, ავღანეთში 2018 წელს დაბრუნდა და ყანდაარის გარეუბანში მდებარე თანამედროვე კომპლექსში, აინო-მაინაში, საკუთარი საქმე წამოიწყო.

აქბარიმ კაფეში რამდენიმე თვით ადრე სათვალთვალო კამერები დააყენა “მისაწებებელი ბომბებისგან“ – მობილური ტელეფონით მართვადი ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებებისგან – თავის დასაცავად. მსგავს ბომბებს, სახელმწიფო მოხელეებთან, აქტივისტებთან, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან ერთად, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ეწირებოდნენ. ასე ექსტრემისტები მოწინააღმდეგეების განეიტრალებას და ქალაქის მცხოვრებლებში შიშის დათესვას ცდილობდნენ.

თალიბანის გათამამების მიზეზი კი 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან, ავღანეთის მთავრობის ჩართულობის გარეშე, მიღწეული შეთანხმება იყო, რომლის საფუძველზეც აშშ-ის სამხედრო ძალები აგვისტოს ბოლომდე უნდა გასულიყო ქვეყნიდან. თალიბანს სოფლებში უკვე ჰქონდა მოპოვებული გავლენა და ქალაქებსაც ელვის სისწრაფით უახლოვდებოდა. 

თუმცა აინო-მაინა პრივილეგირებული ფენისთვის მაინც დაცული უბანი იყო ევკალიპტის ხეივნებით, ფეშენებელური სახლებით და დღედაღამ გაჩახჩახებული სავაჭრო ცენტრებით, რომელიც საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენელ ავღანელებს, ძირითადად საჯარო მოხელეებს, ქალაქის გარეუბნის მშვიდ ატმოსფეროს სთავაზობდა.

ეს სიმშვიდე უკვე წარსულს ჩაბარდა. 15 აგვისტოს ქაბულში თალიბანი შეიჭრა. გადმოცემის თანახმად, პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიხიზნა, ქალაქი კი იარაღის სროლამ და პანიკამ მოიცვა. რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ისლამისტმა მებრძოლებმა დაიკავეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი და მთელი რიგი პროვინციული დედაქალაქები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ჩქარობდნენ საკუთარი პერსონალისა და ქაბულში აშშ-ის საელჩოს ავღანელი თანამშრომლების ევაკუაციას.

20 წელი გავიდა, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის პასუხად და ალ-კაიდას (სხვადასხვა ვერსიით: ალ-ქაიდას, ალ-ყაიდას) ტერორისტების დევნის მოტივით აშშ ავღანეთში შეიჭრა და ალ-კაიდას მფარველი თალიბანის რეჟიმი დაამხო. თალიბანის ლიდერებმა მეზობელ პაკისტანს შეაფარეს თავი, თუმცა, როდესაც ვაშინგტონის ყურადღება ერაყის ომზე გადაერთო, ისევ ავღანეთში დაბრუნდნენ. თალიბანის აღზევებისგან ავღანეთი 150 000-ზე მეტ უცხოელ ჯარისკაცს და წელიწადში შვიდ მილიარდამდე დოლარის დახმარებას უნდა დაეცვა, მაგრამ თალიბანის დაშლის მცდელობა ამაო აღმოჩნდა და აშშ-მ საკუთარ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულება გადაწყვიტა.

ავღანელების სამი მეოთხედი 25 წლისაც არ არის; ეს თაობა ზედმეტად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ თალიბანის ტერორი ახსოვდეს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ფუნდამენტალისტების დაბრუნებას გარდაუვალ და სასურველ მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ ის ავღანელები, რომლებმაც 2001 წლის შემდეგ თავისუფლებას გემო გაუგეს, ძველ, რეპრესიულ რეჟიმში დაბრუნებაზე უარს ამბობენ.

ბრძოლის ხაზი ყანდაარიდან რვა კილომეტრში,  მდინარე არღანდაბზე, უკვე რამდენიმე თვით ადრე გადიოდა. მარტის ერთ დილას, ავღანეთის ავიაგამანადგურებელმა A-29 ცაზე წრე შემოხაზა და თალიბების მხარეს მდებარე ალიზის სახლი დაბომბა. თალიბებმა თავდასხმას წყვეტილი სარაკეტო ცეცხლით უპასუხეს; ასეთმა ცეცხლმა უკვე მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და მდინარის პირას მდებარე ქალაქი ნაცარტუტად აქცია.

ზაფხულობით არღანდაბის ხეობა სიმწვანეში ჩაფლული ხილის ბაღების, სარწყავი არხების და მიწაყრილების ლაბირინთად იქცევა; ათი წლის წინ აქაურობას თალიბები სამალავად იყენებდნენ და ამერიკელ ჯარისკაცებს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს. მას შემდეგ, რაც ხეობა უფრო უსაფრთხო გახდა, ყურძნით და ბროწეულით სახელგანთქმულ არღანდაბის გლეხობას უფრო მშვიდად შეეძლო მოსავლის აღება, მაგრამ სიმშვიდემ დიდხანს ვერ გასტანა. ადგილობრივების თქმით, ყველაფრის მიზეზი კორუფცია, ნეპოტიზმი და პოლიციის სასტიკი და შეუბრალებელი ქცევაა. 25 წლის წინ თალიბანის აღზევებას სწორედ თავგასული მილიციის მეთაურებით უკმაყოფილო ხალხმა შეუწყო ხელი. დღესაც, 25 წლის შემდეგ, იგივე მეორდება.

რამდენიმე წლის წინ “არღანდაბი რეგიონის ყველაზე საიმედოდ დაცული რაიონი იყო“, – იხსენებდა შახ მოჰამად აჰმადი, რაიონის ყოფილი გამგებელი. “აშშ-მ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა; მათ ბევრი კარგი პროექტი განახორციელეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთმა კორუმპირებულმა ავღანელმა მოხელემ გადაწყვიტა, სამშობლოსთვის ეღალატა და მარტო საკუთარ თავზე ეზრუნა. როდესაც ხელისუფლება ხალხს არ უსმენს, ხალხი თალიბანის მსგავსი გარეშე ძალებისგან მოელის დახმარებას“.

თალიბანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში მცხოვრები ტომის უხუცესის, ჰაჯი ადამის თქმით, 2001 წლიდან, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, “აქ არაფერი აშენებულა“. რეგიონის ერთადერთი საავადმყოფო 1970-იან წლებში ჩინელებმა ააშენეს.

მირვაისის საავადმყოფო, ხალხი ჩინურს რომ ეძახის, დაშავებულებით იყო სავსე. რეანიმაციის განყოფილებაში გზაზე აფეთქებული ნაღმის სამ მსხვერპლს მკურნალობდნენ, იქვე თალიბანის მიერ კონტროლირებული რაიონიდან ჩამოყვანილი 16 წლის ლალაი იწვა. ბიჭი ბრმა ტყვიით დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

“ობოლი ბიჭია, – ჩურჩულით თქვა ბიძამისმა, – მშობლები არ ჰყავს. უფროსი ძმა სამი თვის წინ მოუკლეს“. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ლალაის მდგომარეობა დამძიმდა, ათი დღის შემდეგ კი ბიჭი გარდაიცვალა.

ავღანეთის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული უთანასწორობა უკანასკნელ 20 წელიწადში კიდევ უფრო გაღრმავდა, რისი უგულებელყოფაც ხელისუფლებას ყოველთვის ძვირი უჯდებოდა. XIX საუკუნიდან დღემდე “თორმეტჯერ მაინც გამოვიცვალეთ მმართველი ელიტა, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საკუთარი ხალხისგან გაუცხოება დაიწყო“, – იხსენებდა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ქაბულში არსებული ანალიტიკური ცენტრის, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის, დამფუძნებელი თამიმ ასეი. „ქვეყანაში ორ მსოფლმხედველობას, ღირებულებათა ორ სისტემას შორის არის გაჩაღებული ომი. ერთ მხარეს დიდ ქალაქებში მცხოვრები ხალხია – ლიბერალური, ზომიერი შეხედულებებით და უკეთესი განათლებით, მაგრამ სოფლის ხალხისგან და მათი პრობლემებისგან სრულიად მოწყვეტილი, მეორე მხარეს კი სოფელში მცხოვრები კონსერვატორი ავღანელები არიან. ისინი მივიწყებულად გრძნობენ თავს“.

უკანასკნელ 50 წელიწადში ქვეყანამ არაერთი კონფლიქტი და გადატრიალება გამოიარა. 1973 წელს ავღანელმა გენერალმა ტახტიდან ჩამოაგდო მეფე და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. 5 წლის შემდეგ ავღანელმა კომუნისტებმა თვითგამოცხადებული პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯეს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. კომუნისტურმა რეჟიმმა ხალხის ნდობა ვერ დაიმსახურა და მის დასაცავად საბჭოთა კავშირმა ქვეყანაში ჯარი შეიყვანა. ასე დაიწყო ათწლიანი პარტიზანული ომი. აშშ პაკისტანის გავლით მილიარდობით დოლარს ხარჯავდა სხვადასხვა ისლამური ქვეყნიდან ავღანეთში ჩასული ანტისაბჭოთა განწყობის მოჯაჰედების დასახმარებლად. მათ შორის იყო ოსამა ბინ ლადენი, ჯიჰადისტი საუდის არაბეთიდან. მოჯაჰედების წინააღმდეგობამ საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან გასვლა აიძულა, მაგრამ ომის შემდეგ ძალაუფლების განაწილების გეგმა ჩაიშალა და შეიარაღებულმა მოჯაჰედებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს ომი. სწორედ ამ ქაოსიდან ამოიზარდა თალიბანი და 1996 წელს ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

შარიათის უმკაცრესი ინტერპრეტაციით, ქალების და უმცირესობების სასტიკი შევიწროებით, კულტურული საგანძურების განადგურებით და ალ-კაიდასთვის თავშესაფრის მიცემით თალიბანმა მალე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ ავღანეთში შეიჭრა. მიზანი ალ-კაიდას განადგურება იყო, მაგრამ მისია ბევრად უფრო ხანგრძლივი და ბუნდოვანი აღმოჩნდა. აშშ-ის და ნატოს ლიდერებს მიაჩნდათ, რომ ეკონომიკური ზრდის და დემოკრატიის წყალობით ავღანეთი აღარასოდეს იქნებოდა ტერორისტების საყრდენი.

განათლების ხარისხი, პოლიტიკური ჩართულობა და ქალების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ უცხოური ინვესტიციების ნაკადმა ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო გაზარდა. ქალაქების ეკონომიკას წლების განმავლობაში ფინანსური დახმარება და სამხედრო კონტრაქტები ასაზრდოებდა, მაგრამ ავღანელების უმეტესობას დღემდე მხოლოდ საკვებად საკმარისი მოსავლით გააქვს თავი. 2001 წლიდან აშშ-მ ავღანეთში რეკონსტრუქციისთვის 144 მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიცია დააბანდა.

ავღანეთის პირველმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ჰამიდ ქარზაიმ, უთანასწორობის დასაძლევად სოფლების განვითარების ამბიციური პროექტები წამოიწყო. მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი და ავღანეთის ჯერ კიდევ ოფიციალური პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქარზაის მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადაეცა თვითმმართველი თემების საბჭოებს საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 3 მილიარდამდე დოლარის დახმარება ადგილობრივი პროექტების დასაფინანსებლად და სესხების გასაცემად. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა სოფლების ქალაქებთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე.

“საგზაო ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, თანამედროვე ჯანდაცვა და განათლება – ამ ყველაფერს ქვეყანაში სტაბილური გარემო უნდა შეექმნა“, – ამბობს 2006-2009 წლებში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში რიჩარდ ბაუჩერი. „ეს მშვენიერი ჩანაფიქრი იყო, რომელსაც ხორცი ვერ შევასხით – აღნიშნავდა იგი, – მეტი დრო და ენერგია უნდა დაგვეთმო ავღანელი ტექნოკრატებისთვის, უფრო აქტიურად გვეზრუნა იმ ადამიანთა გადამზადებაზე, რომელთაც პროგრამების ხელმძღვანელობა, თანხების განკარგვა და პოლიტიკის გატარება ევალებოდა. საკუთარ თავს და ჩვენს კონტრაქტორებს მეტს ვახარჯავდით, ვიდრე ავღანელ ხალხს“.

კონტრაქტორები, ძირითადად ადგილობრივი მილიციის ხელმძღვანელები და გავლენიანი პირები, ხელშეკრულებებს ეთნიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით აფორმებდნენ. ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია Integrity Watch Afghanistan-ის თანახმად, დიდი ხელშეკრულებები დღემდე მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ფორმდება. „საჭირო ინსტიტუციების ნაცვლად მდიდარი და გავლენიანი კერძო პირები მივიღეთ“, – ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი რაჰმატულა ამირი.

2020 წლის ოქტომბრის მოხსენებით, ავღანეთის რეკონსტრუქციის გენერალური ინსპექტორის მიერ შესწავლილი 63 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით მესამედი, 19 მილიარდი დოლარი, „დაიკარგა, გაიფლანგა, თაღლითური სქემით დაიხარჯა, ან ბოროტად იქნა გამოყენებული“. გაფლანგული ფულის ნაწილმა ქაბულში მოიყარა თავი, სადაც ერთ ღამეში გაჩენილი მილიონერები ცათამბჯენებსა და გალავნებით გარშემორტყმულ სასახლეებს შორის ჯავშნიანი Lexus-ებით და შეიარაღებული დაცვის მანქანების თანხლებით დადიან. ზოგიერთმა მათგანმა ფული პატიოსნად იშოვა, მაგრამ ისეთიც ბევრია, ძირითადად სახელმწიფო მოხელეები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებმაც მრავალი მილიონი დუბაიში გაზიდეს, ბანკებში გადაინახეს, ან ძვირადღირებულ მშენებლობებში დააბანდეს.

უცხოური ფულით წახალისებულმა ვერტიკალურმა კორუფციამ განსაკუთრებით პოლიციას გამოუთხარა ძირი. „თუ პოლიციის განყოფილებას 15 თანამშრომელი სჭირდება, იქ მხოლოდ 3 თანამშრომელი მუშაობს, დანარჩენის ფულს იპარავენ“, – აცხადებდა ყანდაარის ყოფილი გამგებელი აჰმადი.

არასათანადოდ აღჭურვილ პოლიციელებს ხელფასები დროულად არ ერიცხებათ და ხალხში გამომძალველების სახელი აქვთ გავარდნილი.

2001 წლის შემდეგ მაჰმუდ ქარზაიმ, რომელსაც საჭირო კავშირები უმაგრებდა ზურგს, აშშ-ში მოქმედი ავღანური რესტორნების ქსელი მიატოვა და ავღანური მშენებლობის ბუმში საკუთარი წილის მოსაპოვებლად სამშობლოში დაბრუნდა. პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის უფროსი ძმა ავღანეთის ყველაზე წარმატებული კერძო მშენებლობის – აინო-მაინას კომპლექსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

„მიყვარს რისკი. მილიონი რომ მქონდეს, წავიდოდი და ლას-ვეგასში ვითამაშებდი“, – მითხრა მაჰმუდმა, რომელიც აინო-მაინას შუაგულში მდებარე, ბროლის ჭაღებით მორთულ, ფსევდოიტალიური სტილის ოფისში მეფესავით იღებდა სტუმრებს. კართან ქარზაების უმცროსი ძმის, 2011 წელს მოკლული აჰმედ ვალის პორტრეტი ეკიდა. აჰმედ ვალი, ყანდაარის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, სამხრეთ ავღანეთის ყველაზე გავლენიანი პირი და აშშ-ის ავღანური მისიის კრახის სიმბოლო იყო. ამბობენ, რომ ეს ბიზნესმენი და გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო უხდიდა ფულს, გავლენებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის მფარველობასა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში იყენებდა.

ბევრია ისეთი, ვინც მაჰმუდის აღზევებასაც ეჭვის თვალით უყურებს – განსაკუთრებით ქაბულის ბანკთან დაკავშირებულ 2010 წლის სკანდალს. იმჟამინდელი ავღანეთის ყველაზე მსხვილი კერძო ბანკის ერთ-ერთი მეწილე მაჰმუდი იყო. ჭორმა, რომ ბანკის საქმე ცუდად მიდიოდა, ხალხი აიძულა, საკუთარი დანაზოგი ბანკიდან გაეტანა და ფინანსური დაწესებულება კინაღამ გააკოტრა. დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ ბანკის კუთვნილი 900 მილიონი დოლარი, ავღანეთის იმჟამინდელი მშპ-ის 8%, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მაჰმუდის საქმეს, რომელიც ფულის გამოძალვას და დუბაიში კერძო საკუთრების გაყიდვისას გადასახადებისთვის თავის არიდებას ეხებოდა, აშშ-ის უმაღლესი ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

მაჰმუდის თქმით, ეს ყველაფერი მისი ოჯახის მტრების მიერ გამოგონილი ჭორები იყო, თუმცა არც იმას უარყოფდა, რომ წარმატების მიღწევაში ძალაუფლებასთან სიახლოვე დაეხმარა. მიწა, რომელზეც აინო-მაინა აშენდა, მაჰმუდს მისი ძმის პრეზიდენტობისას ყანდაარის მერმა გადასცა. მაჰმუდი ამბობდა, რომ საქმე 50 000-დოლარიანი კერძო დანაზოგით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ისგან მიიღო სესხი – 3 მილიონი დოლარი. „ქვეყანაში დიდი ფული შემოვიდა და ამით რამდენიმე ადამიანმა იხეირა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ“, – უბოდიშოდ განაცხადა მაჰმუდმა. – „ცუდია, რომ ყველას თავისი წილი არ შეხვდა. მთელ ყურადღებას ქალაქის განვითარებას ვუთმობდით და სოფლები მიგვავიწყდა. არადა, სოფლის ხალხია, იარაღს რომ ატრიალებს“.

შარშან პრეზიდენტმა ღანიმ მაჰმუდი ქალაქებისა და სოფლების განვითარების მინისტრად დანიშნა. მინისტრმა პირობა დადო, რომ ქალაქში ბინის შეძენა მეტი ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სოფლებში არსებული სიღატაკის, დაუცველობის და მაღალი შობადობის გამო ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება. მაჰმუდმა აინო-მაინა გააფართოვა და ფასებიც უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ქაბულში კი სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს ჩაუყარა საფუძველი – 5000 ჰექტარზე გადაჭიმულ ამერიკული სტილის საცხოვრებელ უბანს. „უზარმაზარი მოთხოვნაა, – გაყიდვების აგენტის ენთუზიაზმით ამბობდა მაჰმუდი, – ყველაფერი თუ გავყიდე, დიდ ქონებას დავაგროვებ“, – თუმცა იქვე აღიარა, – „არ ვიცი, რა მოხდება ქვეყანაში“. მაჰმუდი შიშობდა, რომ აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ „თალიბანი სამხედრო გადატრიალებას მოახდენდა“. სამოქალაქო ომის შემთხვევაში ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. „არ მინდა, რომ მომკლან“.

რამდენიმე თვის წინ 38 წლის რაიჰანა აზადი ქაბულის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ჰოლში იჯდა და დედაქალაქის შეძლებული ელიტისთვის დამახასიათებელ თავდაჯერებას ასხივებდა. პარლამენტარი აზადი შავ, დახვეწილ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, თავსაბურავის გარეშე და ტყვიამფრქვევივით რაკრაკებდა რიხიანი ხმით.   

წარმოშობით ჰაზარელი აზადი დაიქუნდის პროვინციაში დაიბადა და მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს, ორი შვილი გააჩინა. უამრავი ავღანელი ქალის მსგავსად, მისი ცხოვრებაც შეიძლება ამით შემოფარგლულიყო, მაგრამ აზადმა სკოლა არ მიატოვა, გაეროს მიერ დაფინანსებულ ქალთა განათლების პროექტში ჩაერთო და ქაბულამდე ჩააღწია, სადაც ხარისხი მოიპოვა სამართალში. განათლება აზადს ტაბუების დამსხვრევაში დაეხმარა. მან სასამართლოს გზით მოითხოვა განქორწინება, რის გამოც საკუთარი ოჯახის წევრებმაც კი ზურგი აქციეს. მისი ათეისტური შეხედულებების და განქორწინების მიუხედავად, აზადი პარლამენტში ზედიზედ ორი ვადით აირჩიეს. „ხალხს ჩემი პირადი ცხოვრება არ აინტერესებს, მთავარია, რომ მათთვის ვმუშაობ და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები“, – ამბობს აზადი.

აზადს მისმა მოურიდებელმა საქციელმა მრავალი მტერი გაუჩინა. თავად უკვე იყო შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე და თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებასაც გადაურჩა, მაგრამ მუდმივმა მუქარამ აიძულა, შვილები საზღვარგარეთ გაეშვა. აზადი გამუდმებით იცვლის ადგილსამყოფელს და ყველგან ტყვიაგაუმტარი მანქანით გადაადგილდება. „აღარ მეშინია, – მითხრა მან, – იმისთვის ვიბრძვი, რომ მომავალი თაობა ისეთი საბრალო არ იყოს, როგორიც ჩვენი იყო“.

კონსტიტუციაში, რომელიც თალიბანის რეჟიმის შემდეგ მიიღეს, გენდერული კვოტაც არის გათვალისწინებული. ნაწილობრივ ამის დამსახურებაა, რომ დღეს ავღანელი პარლამენტარების 27% ქალია, ისევე როგორც ამერიკის კონგრესში. აზადის ამომრჩევლები არიან ავღანეთის მივარდნილ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჰაზარელები. იგი დამოუკიდებელი დეპუტატია, გავლენიან პირებთან ალიანსზე უარს ამბობს და ამის გამო საკუთარი ამომრჩევლების და დაიქუნდის პროვინციისთვის დახმარების მოძიება უჭირს. მთავრობა და უცხოელი დონორები „მხოლოდ ყველაზე დაუცველ რეგიონებს ეხმარებიან, – ამბობს იგი, – ჩვენი პროვინცია სამაგალითოა და ამის გამო ყველამ დაგვივიწყა“.

დაიქუნდი ქაბულიდან დასავლეთით, 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზამთარში დიდთოვლობის გამო სამანქანო გზებზე მიმოსვლა შეუძლებელია. კარგი ამინდის შემთხვევაშიც დედაქალაქამდე ჩასასვლელად ორი ან მეტი დღეა საჭირო. გზაზე ყელამდე ტალახია და მძარცველები და თალიბები დათარეშობენ.

დაიქუნდი ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და განათლების მოყვარული მხარეა. რეგიონი ძირითადად ჰაზარელებით არის დასახლებული, შიიტი მუსლიმანებით, რომელთაც თალიბები როგორც ერეტიკოსებს, ისე დევნიდნენ. ჰაზარელები სიახლეების მიმართ მეტი გახსნილობით გამოირჩევიან. გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობენ, ინგლისურად ბევრი ლაპარაკობს, ქალები ჩართულები არიან სოფლის მეურნეობაში, უძღვებიან საკუთარ ბიზნესს, მართავენ მანქანას. ჰაზარელი სტუდენტები ეროვნული უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში ხშირად ყველაზე მაღალ ქულებს იღებენ, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთს გამოცდის ჩაბარება ღია ცის ქვეშ, შუაგულ თოვლში ჩაცუცქულს უწევს. „განათლება აქ ყველაფერია“, – მეუბნებოდა რაჰმათულა სულთანი, ყოფილი მწყემსი, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა და ახლა, პროვინციის დედაქალაქ ნილიში, აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სასწავლო ცენტრში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს. „განათლება თავისუფლებაა, – დაამატა სულთანმა, – იმის შესაძლებლობა, რომ თავად იფიქრო და ცხოვრების გზა თავად აირჩიო“. 

ჰაზარას ინფრასტრუქტურულ ჩამორჩენას ზოგი მაღალმთიანი რეგიონის გეოგრაფიას აბრალებს, მაგრამ იმავე მთების სიმაღლემ ჰაზარელები ვერ დაიცვა თალიბანის და ისლამური სახელმწიფოს (ISIS), სუნიტი ექსტრემისტების რელიგიური და ეთნიკური თავდასხმებისგან. ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება რომ შეჩერდა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარი სამოქალაქო შეიარაღებული დაჯგუფებები – რომელშიც მრავალი ჰაზარელი მებრძოლი შედიოდა – სამოქალაქო ომისთვის უკვე ემზადებოდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანა დაადასტურა, თალიბანმა დაიკავა ქვეყნის 34 პროვინციის დედაქალაქების ნახევარზე მეტი. ბაუჩერი, აშშ-ის ყოფილი დიპლომატი, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სამხედრო მისიის დასრულებას უჭერდა მხარს. მისიის, რომელიც ამერიკელ ხალხს 2 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და რომელსაც, ბრაუნის უნივერსიტეტის Costs of War Project-ის მიხედვით, 170 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა: ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების, ჯარისკაცების, პოლიციელების, თალიბი მებრძოლების, ამერიკელი ჯარისკაცების, ნატოს კონტრაქტორების, ჟურნალისტების და ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების სიცოცხლე.

„უკანასკნელ 20 წელიწადში მსოფლიომ დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ამას მომდევნო 40 წელიწადშიც ვერ გამოვასწორებთ, – განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა რაჰმათულა ამირიმ, – მოგვწონს ეს თუ არა, თალიბანი ბრუნდება“. აშშ-ის საჰაერო დახმარების გარეშე ავღანურ ჯარს თალიბანის შეჩერება უჭირს. ჯარისკაცები გამოიფიტნენ, დეზერტირები მომრავლდნენ, ჩვენი რიგები ცარიელდება.

რამდენიმე თვის წინ, ფანჯვაის რაიონის პოლიციის ავანპოსტიდან  – ყანდაარიდან – ნახევარი საათის სავალზე თალიბანის აფრიალებული  თეთრი დროშები უკვე ჩანდა. გამოუძინებელი პოლიციელი აბდულ ღაფური მეუბნებოდა, რომ ავღანელი ჯარისკაცებისთვის ჩამორთმეული ამერიკული იარაღითა და ღამის ხედვის სისტემებით აღჭურვილი მოწინააღმდეგის სნაიპერები ღამ-ღამობით ხსნიდნენ ცეცხლს და ნაღმავდნენ გზებს.

22 წლის ღაფურს ექიმობა უნდოდა, მაგრამ პროვინციის მძიმე რეალობამ და პატრიოტულმა გრძნობებმა უბიძგეს, თვეში 13 000 ავღანი – 165 დოლარი – ეკმარა და პოლიციაში ემსახურა. ღაფური დანიშნულია, მაგრამ იძულებულია, ქორწილი გადადოს, რადგან უკვე 6 თვეა, ხელფასი არ აუღია. „კაცმა არ იცის, სად იკარგება ჩვენი ხელფასები, – ამოიოხრა რაფურმა, – მაგრამ ახლა რთული დროა, სანამ ცოცხლები ვართ, სანამ სული გვიდგას, სამშობლო უნდა დავიცვათ“. თალიბანმა მისი რაიონიც დაიკავა მოგვიანებით.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა დაამხო ავღანეთის მთავრობა და ქვეყანა ძალით დაიმორჩილა, „ისინი თანამედროვე ავღანეთს ძველებურად ვეღარ მართავენ“, – ამტკიცებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მოხელე ასეი. – „ჩვენი თავისუფლებისმოყვარე, ლიბერალური და ტოლერანტი ახალგაზრდობა პოსტამერიკული ავღანეთის მეჩირაღდნე იქნება. ის ვერ შეეგუება, რომ ხელისუფლებამ მათი დედები და დები საჯაროდ გაწკეპლოს ან ხალხი ქუჩებში ჩამოახრჩოს“. რაიჰანა აზადი მომავალს ბევრად უფრო მუქ ფერებში ხედავდა. იგი საშინლად იმედგაცრუებულია ვაშინგტონით, რომელმაც თალიბანთან შეთანხმებას ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის ქალების და უმცირესობათა უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ მოუთხოვია. როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, აზადმა მითხრა, რომ ავღანეთი აუცილებლად აღუდგებოდა წინ თალიბანს. მას შემდეგ, რაც აშშ-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, იგი უფრო სკეპტიკური გახდა. აზადი, რომელიც კიდევ ორი წელი უნდა ყოფილიყო ავღანეთის პარლამენტის წევრი, ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობდა.

ჯეისონ მოტლაგი მწერალი და რეჟისორია. 2006 წლიდან აშუქებს ავღანეთის ომს. ქიანა ჰაიერი ირანელ-კანადელი ფოტოგრაფი, ავღანეთში 2013 წლიდან მუშაობს.

The post ორად გახლეჩილი ავღანეთი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share