ფორუმელი Moor Posted 17 სექტემბერი, 2021 Posted 17 სექტემბერი, 2021 საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე დაკვირვება ბოლო ათწლეულების ჩვეული მოვლენა გახდა მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიების მასშტაბი სულ უფრო მცირდება. ეს გამოწვეულია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური შეზღუდვებით, ნაწილობრივ რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების ისეთი ორგანოების მიმართ პრინციპული წინააღმდეგობის გამო, რომლებზეც მათ უშუალო ზემოქმედება არ შეუძლიათ, როგორიცაა, მაგალითად, ეუთო/ოდირი. პანდემიის გავრცელებამ კიდევ უფრო შეამცირა სადამკვირვებლო მისიების რაოდენობა. ამიტომაც, პირველ რიგში, ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაზე უარის თქმა გახდა საჭირო. ასე არ მოხდა საქართველოში, სადაც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 2022 წლის ვადამდელი არჩევნების ბედი უნდა გადაეწყვიტა. ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ „ქართული ოცნება“ პროპორციული სიით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა. მართალია, მმართველმა პარტიამ ივლისში ცალმხრივად დატოვა შეთანხმება, მაგრამ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მოახლოებულ არჩევნებს მმართველი პარტიის ლეგიტიმურობის რეფერენდუმად განიხილავენ. პოლიტიკური დაძაბულობა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც არ შენელებულა, როდესაც საარჩევნო დარღვევების მასშტაბსა და ზემოქმედებაზე უთანხმოება რამდენიმეთვიან სამთავრობო კრიზისში გადაიზარდა. აზრთა მსგავსი უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, თითოეული შესაძლო დარღვევის ზუსტ იდენტიფიცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამრიგად, არჩევნებზე დაკვირვება წელს პოლიტიკურად დატვირთული როლია. 14 სექტემბრის მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 საერთაშორისო და 64 ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული. რეგისტრაციის ბოლო ვადა, შესაბამისად, 25 სექტემბერს და 22 სექტემბერს იწურება. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ძირითადი საარჩევნო დამკვირვებლების შესახებ. საერთაშორისო მისიები ეუთო/ოდირი კორონავირუსის პანდემიის გამო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) საარჩევნო მისია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მნიშვნელოვნად შემცირდა. მან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში განთავსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეზღუდა და ქვეყანაში მხოლოდ ძირითადი ექსპერტები და გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩნენ. წლევანდელი არჩევნებისთვის ეუთო/ოდირმა მისია 26 აგვისტოს დაიწყო და მისი გუნდი, რომელიც 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, 4 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. ამასთან, ოდირი ასევე გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას ოდირი ერთ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, არჩევნების მომდევნო დღეს კი – არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. ოდირი საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ წარმოადგენს. NDI, IRI ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის სექტემბრის დასაწყისში გახსნეს. IRI-მ 8 სექტემბერს არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისია გახსნა. იგი 4 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფია, რომელიც საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას მიმოიხილავს და შედეგების შესახებ განცხადებებს გამოაქვეყნებს. ექვსი კვირის განმავლობაში, მოწვეული გრძელვადიანი დამკვირვებლები წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდებს შეაფასებენ, რა დროსაც საარჩევნო ადმინისტრაციების, 2021 წლის საარჩევნო რეფორმების განხორციელების, მედიის თავისუფლების და გამჭირვალობის, პოლიტიკური პარტიების კამპანიების და დაფინანსების, ასევე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართვის საკითებზე გაამახვილებენ ყურადღებას. NDI-ს სადამკვირვებლო მისია, რომელიც 6 სექტემბერს გაიხსნა, 3 გრძელვადიანი დამკვირვებლისა და მისიის დირექტორისგან შედგება. მისია არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები, ასევე კოვიდ-19-ის ზემოქმედება არჩევნებზე. შეფასების მისია თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და არჩევნების დღის დასრულებამდე დარჩება საქართველოში. სხვა საერთაშორისო მისიები სხვა, უფრო შეზღუდულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შორისაა საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამ მიზნით გამოგზავნილი დელეგაციები. ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დელეგაციას გამოაგზავნის. მისიის შემადგენლობა და მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია. ტრადიციულად, თუმცა არა ყოველთვის, ევროპარლამენტის მისია ეუთო/ოდირთან ერთად მუშაობს. ადგილობრივი დამკვირვებლები როგორც წესი, ძირითადი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილნი, ვიდრე საერთაშორისო მისიები. მისიების ხელმძღვანელებმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ პოლიტიკური კონტექსტის გამო, ისინი წელს უფრო ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი, ვიდრე რომელიმე წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებები არჩევნების მონიტორინგში ახალი მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უმსხვილეს ადგილობრივ მისიას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ხელმძღვანელობს, რომელმაც თავისი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ივლისის დასაწყისში გახსნა და რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს როგორც არაოფიციალური, ისე ოფიციალური კამპანიების პერიოდების, ასევე სოციალური მედიის მონიტორინგის შესახებ. მისია 73 გრძელვადიანი თანამშრომლით, ასევე 1 400 მოკლევადიანი დამკვირვებლითაა დაკომპლექტებული, რომლებიც კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან, მათ შორის 1 000 საარჩევნო უბნების შიგნით, ხოლო 120-130 გარეთ განთავსდება, დანარჩენები კი 80 მობილურ ჯგუფში და 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გადანაწილდებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ორგანიზაცია კამპანიის მსვლელობას, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდებს, მათ შორის გასაჩივრების და ხმების დათვლის პროცესებს დააკვირდება ორივე ტურის დროს. ISFED-ი კვლავ ერთადერთი ორგანიზაცია იქნება, რომელიც ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს, რაც მოიცავს პროპორციული პარტიული სიით კენჭისყრის, ასევე თბილისის მერის არჩევნების შედეგებს. დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებები მათ საარჩევნო უბნების გარეთ 100 მეტრის რადიუსში დამატებითი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს და ვინაიდან ხმების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ხორციელდება, ჩანაწერების მტკიცებულების სახით ამოღებაც გახდება შესაძლებელი შემდგომი დავების განხილვის პროცესში. მან ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელი მისია წინა თვითმმართველობის არჩევნების მისიასთან შედარებით უფრო მასშტაბურია და ამის მიზეზად მან მოახლოებული არჩევნების პოლიტიკური მნიშვნელობა დაასახელა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო (TI)“ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ წელს წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით ასევე უფრო მსხვილ მისიას განათავსებს. ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ამის მიზეზი ახალი პოლიტიკური კონტექსტია, მათ შორის პარტიების განსხვავებული მოლოდინები და ოპოზიციის ფოკუსი 43%-იან ბარიერზე. TI საქართველომ გრძელვადიანი მისია 10 დამკვირვებლის შემადგენლობით წინასაარჩევნო კამპანიასთან ერთად დაიწყო. ორგანიზაცია კენჭისყრის დღემდე გამოაქვეყნებს ორ ანგარიშს, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას და პარტიების დაფინანსებას შეეხება. ამას გარდა, იმუშავებს ლაივ ბლოგი, სადაც დარღვევების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ორგანიზაციას ეყოლება 300-მდე დამკვირვებელი, მათ შორის 200 დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით, და 40 მობილური ჯგუფი. ორგანიზაცია ასევე დააკვირდება საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებული ახალი საარჩევნო შეზღუდვების აღსრულებას. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საია გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს მასშტაბით განთავსებული ცხრა რეგიონული ოფისის მეშვეობით ახორციელებს. როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დაკვირვების დროს, ორგანიზაცია ყურადღებას ე.წ. „პრობლემურ მუნიციპალიტეტებზე“ გაამახვილებს, მათ შორის ისეთ უბნებსა და ოლქებში, სადაც წინა არჩევნებზე მაღალი კონკურენცია იყო ან მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლის ან სხვა უკანონო საშუალებების გამოყენების შემთხვევები ფიქსირდებოდა. რეგიონული ოფისები კენჭისყრის დღესაც იმუშავებენ, ხოლო ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის ოფისის მეშვეობით გავრცელდება. ორგანიზაციას მოკლევადიან მისიაში 350 დამკვირვებელი ეყოლება, როგორც სტატიკური, ისე მობილურ ჯგუფებში. არჩევნების დღეს მისია ქვეყნის მასშტაბით გახსნილი უბნების, დაახლოებით, ერთ მესამედს დაფარავს. საია-ს დამკვირვებლები საოლქო საარჩევნო კომისიებში და საღამოს რვა საათიდან ცენტრალ საარჩევნო კომისიაშიც განთავსდებიან, სადაც შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების მიღების პროცესს დააკვირდებიან. „საზოგადოებრივი მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო“ „მრავალეროვანი საქართველო“ საკუთარ ძალისხმევას კვლავაც ქვეყნის აღმოსავლეთ/სამხრეთ რეგიონებისკენ მიმართავს და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტს, ასევე კახეთის და შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილებს მოიცავს. გრძელვადიანი დაკვირვების მისია 21 დამკვირვებლის შემადგენლობით ივნისში დაიწყო და ის, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე ფოკუსირდება. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არნოლდ სტეპანიანმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ კამპანიის დროს „მრავალეროვანი საქართველო“ ყურადღებით დააკვირდება ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში, მათ შორის საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე, ასევე გენდერულ წარმომადგენლობას უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში და ეთნიკური უმცირესობების ენებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ორგანიზაცია 300 მოკლევადიან დამკვირვებელს განათავსებს, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას. სხვა ადგილობრივი ინიციატივები არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის გარშემო გასული წლის უთანხმოებამ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უბიძგა, რომ ინდივიდუალური ძალისხმევები მიემართათ დარღვევების მონიტორინგის კუთხით. მაგალითად, მოძრაობამ „სირცხვილია“, „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციასთან“ ერთად, „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც თვითმმართველობის არჩევნებზე პოტენციური დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება, ასევე ხმების ალტერნატიული დათვლა და ანგარიშგება იქნება. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა