Jump to content
×
×
  • Create New...

კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობას და პირდაპირ ამერიკულ ინვესტიციებს განიხილავენ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ამ თემაზე მათ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც იმსჯელეს.

„საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა ალექს მუნმა შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები.

„აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

„შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალკიანმა.

მანამდე, კონგრესმენმა კეროლ მილერმა საქართველოში ჩამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი.

,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა.

თავის მხრივ, კონგრესმენ ბრაიან სტილის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას სავაჭრო და ეკონომიკურ მიმართულებებს განიხილავენ.

„ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ სავაჭრო და ეკონომიკის საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა.

მისმა კოლეგამ რობ პორტმანმა საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობაზე ივნისში ისაუბრა, როდესაც „რესპუბლიკელი“, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

„ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით.

ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან.

შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share