Jump to content
×
×
  • Create New...

თვითგადარჩენის ზღვარი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ღამის წყვდიადში ორი სილუეტი გაქვავებულა.
ცის არსებობას, ზემოთ, ვერცხლისფერი მთვარე გვამცნობს. ქვემოთ, დედამიწა ბნელში გახვეული დისკოა.

რადიოლოკაციურ სიგნალს ადევნებული ორი ქალი საათობით იცდის სიჩუმეში. ისინი კალაჰარიში არიან, რომელიც მშრალი სავანის მახასიათებლებს ავლენს, მაგრამ ხალხი მაინც უდაბნოდ მოიხსენიებს ძველი დროიდან.

სადღაც, მათ ფეხქვეშ, სოროებში დაძვრება სავანის პანგოლინი, რომელსაც უკვე ორი თვეა უთვალთვალებენ. ის გვიან იღვიძებს – ახლა საღამოს 10 საათია – რაც, შესაძლოა, მწველ სიცხეს უკავშირდებოდეს.

აღნიშნულ ინდივიდს შეარქვეს ჰოუპუელ-3, იმ ადგილის სახელი, სადაც პირველად შენიშნეს. თავიდან მკვლევრები უენდი პანაინო და ვალერი ფაკოაგო ამ მდედრი პანგოლინის ქვიშაზე დატოვებულ კვალს გაჰყვნენ, ახლა კი უკვე რადიოტალღების ბგერით სიგნალებს ედევნებიან, რომელთაც ჰოუპუელ-3-ის გავის ქერცლზე მიმაგრებული მოწყობილობა გამოსცემს.

 ამ ღამით მკვლევრების სამიზნე პანგოლინის ექსკრემენტია – „კალაჰარის ოქრო“, როგორც თავად უწოდებენ – წყარო მდიდარი ინფორმაციისა, თუ როგორ არის ამ მორცხვი, ტერმიტებისმჭამელი ცხოველის სიცოცხლე გადაჯაჭვული ბალახებთან, რომელთა თესლითაც, თავის მხრივ, პაწაწინა მწერები იკვებებიან. ეს არის, მშრალი სავანის ეკოსისტემაში ორგანიზმთა ურთიერთკავშირების გაშიფვრისთვის საჭირო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძაფი მეცნიერთათვის. ყველაფერი კი ზაფხულის წვიმებით იწყება ხოლმე, როგორც წესი, ნოემბერ-მარტის პერიოდში.

პანაინოს და ფაკოაგოს მეცნიერული საქმიანობა (ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ველური ბუნების საკონსერვაციო ფიზიოლოგიის ლაბორატორია) ნაწილია კიდევ უფრო მასშტაბური კვლევისა, სახელად „საფრთხეში მყოფი კალაჰარის ეკოსისტემის პროექტი“ (KEEP), რომელიც ცდილობს გაიგოს, თუ როგორ დაარღვევს აქაური სიცოცხლის ფაქიზ „ქსოვილს“ კლიმატის დესტაბილიზაცია.

MM9392_210316_DSC_7882@Thomas-Peschak.jpელვით განათებულ ღამის ცაზე ხანგრძლივი ექსპოზიციის წყალობით პეპლების ფრენის კვალი ჩანს. ტსვალუში მეცნიერებმა ღამის პეპლების 221 სახეობა დაითვალეს. ამ ნაკრძალში ბინადრობს, ასევე, პეპლების 77 სახეობა, რომელთა შორისაც დაახლოებით ათი ყოველწლიურად მიგრირებს.

კალაჰარის სამხრეთი ნაწილი ისედაც უკვე წითელი ზონაა, როგორც კლიმატური ცხელი წერტილი. კეიპტაუნის უნივერსიტეტში კლიმატის შემსწავლელ მეცნიერთა მოდელირებით, თუ მომავალ ათწლეულში გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუსზე მეტით მოიმატებს, მაშინ იმ დროისთვის ბოტსვანაში (ზუსტად ჩრდილოეთით ჰოუპუელ-3-ის საკვების მოსაპოვებელი მიწებიდან) საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტითაც კი აიწევს. თუ გლობალური საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს, აქ ეს მაჩვენებელი 4,2 გრადუსს გაუტოლდება, რაც, სამეცნიერო პროგნოზით, მთელ სისტემას მოშლის კალაჰარიში.

2012-2013 წლებში ჩატარებული კვლევა პანგოლინის მეზობელ მილკბილას შეისწავლიდა ზაფხულის გვალვისას. ის გვაწვდის შემაშფოთებელ მინიშნებებს – როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ რეგიონის სიცოცხლეზე: თუ არ იწვიმებს, შეიძლება დაიწყოს კატასტროფულ მოვლენათა კასკადი: ჯერ ბალახების გახმობა, შემდეგ ჭიანჭველებისა და ტერმიტების პოპულაციური ვარდნა, რომლებიც ამ მცენარეულით საზრდოობენ და ბოლოს – ყველას და ყველაფრის შიმშილი, რაც კი აღნიშნულ მწერებზეა დამოკიდებული კვების თვალსაზრისით. და თუ წლიური ვეგეტაციური პერიოდის ჩავარდნა გვალვის პერიოდში კატასტროფას უქადის ზემოხსენებულ ორ მწერისმჭამელს, მაშინ რას მოუტანს გრძელვადიანი სისტემის კოლაფსი სიცოცხლის კიდევ სხვა უამრავ ძაფს, რომელიც ბალახებზე დაფუძნებულ საკვებ ჯაჭვშია ჩართული?

კალაჰარი ქვიშის უდიდესი უწყვეტი ზოლი გახლავთ მთელ მსოფლიოში, ქარით აბობოქრებული დიუნების მღელვარე ოკეანე, რომელსაც გარკვეულ მონაკვეთებში ენაცვლება სავანა, მეტწილად ბალახოვანი ლანდშაფტი, ალაგ-ალაგ ხეებით.

სოფლის მეურნეობის ათწლეულებმა ქაოსი მოუტანა რეგიონს, ახლა კი პლანეტის დათბობაც თან დაერთო. დღეს, კალაჰარის ამ შემორჩენილი ეკოსისტემის დასაცავად, პანაინო და ფაკოაგო შეისწავლიან აქაურ არსებათა უჩინარ სიცოცხლეს, რათა მიღებული ინფორმაცია ბუნების დამცველებს გადასცენ განგაშის ზარით.

ჰოუპუელ-3 იპოვეს საქონლის რანჩოზე, რომლის ტერიტორია მოქცეულია ტსვალუს კალაჰარის ნაკრძალში. 119 000-ჰექტარიანი ტსვალუ სამხრეთ აფრიკის უდიდესი კერძო ნაკრძალია – ნარჩენი ერთ დროს ველური კალაჰარისა, რომელიც დაისერა ფერმებით, გზებითა თუ რკინისა და მანგანუმის მაღაროებით.

MM9392_200929_075022.jpgმკვლევრები პანაინო (მარცხნივ) და ფაკოაგო ეძებენ მილკბილას გათხრილ ორმოს იმ მწერთა საკვები ღირებულების გასაანალიზებლად, რომელთაც ეს ცხოველი მიირთმევს. კალაჰარის საკვები ჯაჭვის შეცნობით განისაზღვრება, თუ რა ოდენობის ცხოველს შეუძლია უმასპინძლოს ნაკრძალმა.

ამ ნაკრძალში განთავსებულია KEEP-ის კვლევითი ცენტრი, სადაც მეცნიერები კონცენტრირდებიან ნახევრად მშრალ ეკოლოგიურ ნიშებზე. მათი ძალისხმევა ფოკუსირებულია ერთ მთავარ საკითხზე: როგორ რეაქციას გამოავლენს ეს ცხელი, მშრალი ეკოსისტემა ტემპერატურის ზრდასა და გაინტენსიურებულ გვალვებზე, თუ, პროგნოზის თანახმად, ნახშირორჟანგით ატმოსფეროს დაბინძურება განაგრძნობს პლანეტის გათბობას.

როდესაც ჰოუპუელ-3 მიწის ზედაპირზე ამოვა, თავის გამოჩენას ერთგვარი ხმით გვამცნობს და, როგორც იქნა, მკვლევრებს ესმით ეს ხმა – ხმელი ბალახის ფხაჭა-ფხუჭი, რომელსაც პანგოლინი ეხახუნება თავისი ქერცლით. პანაინო და ფაკოაგო ფეხზე დგებიან, თავზე დამაგრებულ ფარნებს კი სასცენო შუქივით მიმართავენ ქანაობით მოსიარულე ჰოუპუელ-3-ისკენ.

თუ პანგოლინი შეკრთა, ბურთივით მრგვალდება ისე მჭიდროდ, რომ ლომიც კი წვალობს მის გახსნაზე, თუმცა ახლა ჰოუპუელ-3 წყნარადაა და დიუნებზე ტორტმანებს მკვრივი უკანა კიდურებით.

თავისი ჯადოსნური ყნოსვის დახმარებით ჰოუპუელ-3 პოულობს ამ ღამის პირველ საუზმეს: Crematogaster-ის გვარის ჭიანჭველებს. პანგოლინი მიდის აქლემის აკაციასთან, ბრჭყალებით აცლის ქერქს და შიგნით პოულობს ჭიანჭველებით სავსე ბუდეს.

ჰოუპუელ-3 მაშინვე თავს რგავს ბუდეში და წებოვანი, ლენტისებრი ენით ეწაფება საუზმეს. რამდენ ჭიანჭველას მიირთმევს ერთ ჯერზე, ამას ვერაფრით გავიგებთ, მაგრამ პანგოლინის ექსკრემენტების 5-წლიანი ქექვის შემდეგ პანიანომ იცის, რომ იმის ერთ მესამედზე ცოტა ნაკლები, რასაც ამაღამ მიიღებს ჰოუპუელ-3, იქნება მწერი, დანარჩენი კი – დიუნების ქვიშა.

MM9392_200917_047396-1024x576.jpg
MM9392_201002_081948-1024x576.jpg

(მარცხნივ) სახლის მშენებლები კოლექტიურ თვითგადარჩენას უწყობენ ხელს კალაჰარის მკაცრ პირობებში. სოციალური ფეიქარები ბუდეებს უზიარებენ აფრიკულ ჯუჯა შავარდენს, სცინკებსა და გველებს. მილკბილები კი თხრიან მიწისქვეშა საცხოვრისებს, რომელთაც იყენებენ, ასევე, სამხრეთაფრიკული მაჩვზღარბები, აფთრისებრი ძაღლები თუ მეჭეჭებიანი ღორები. (მარჯვნივ) ქირურგიული ჩარევით კაპის კობრას სათვალთვალო იმპლანტი ჩაუდგეს; ახლა ვეტერინარ ჯესიკა ბრაინერს ნახშირორჟანგი შეჰყავს გველის ფილტვებში, რათა ის ანესთეზიიდან გამოიყვანოს და ნორმალური სუნთქვა აღუდგინოს.

პანაინოს გაანგარიშებით, პანგოლინი ყოველ ღამით მიირთმევს 15 000-მდე ბრინჯის მარცვლისოდენა მწერს საკვებისა და სითხის საჭირო მარაგის შესავსებად, რომ ასეთ მწველ „დიუნშაფტზე“ გადარჩეს.

თავისი პირველი საუზმით კმაყოფილი ჰოუპუელ-3 ტორტმანით აგრძელებს გზას და მომდევნო სადილისკენ იღებს გეზს, მკვლევრები კი კუდში მიჰყვებიან „კალაჰარის ოქროს“ პოვნის იმედით.

სამხრეთ კალაჰარიში ოქტომბერი მტანჯველი პერიოდია; ეს თვე არის ზღურბლი, რომელმაც უნდა მოიყვანოს წვიმა და დაასრულოს შიმშილი. 2020 წლის მშრალი ზამთარი იწურება და ბალახი, დიუნებზე რომ დაუდია ბინა, სულ გადამხმარი და მყიფეა. ზამთარმა თავისი ჩვეული მძიმე შედეგები მოიტანა. დიუნებიც გაცრეცილია მონაცვლეობითი გვალვებისგან და საქონლის ძოვებით, უკანასკნელ ხანს კი ისეთ ცხოველთა ბალახობითაც, როგორიცაა ცხენისებრი ანტილოპა, მთის ზებრა, ზოლებიანი გნუ და აფრიკული კამეჩი.

პროგნოზების თანახმად, ეს ზაფხული უხვნალექიანი უნდა იყოს. წყნარ ოკეანეში ფორმირდება კლიმატური ფენომენი, სახელად ლა-ნინია, როდესაც იწყება ოკეანე-ატმოსფეროს ციკლური, კომპლექსური ურთიერთქმედება და ეს პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, წვიმიანობით აღინიშნება ხოლმე სამხრეთ აფრიკის გარკვეულ რეგიონებში.

ბალახი სიცოცხლისუნარიანობას სძენს ამ საკვები ნივთიერებით ღარიბ ქვიშის ოკეანეს. ის ადგილზე იჭერს, ასევე, დიუნებს, რომელთაც ქარი უხმობს თავისკენ. ბალახი ნიადაგიდან იწოვს მერყევი რეჟიმით მოსულ ნალექს და კაშხალივით იგუბებს თავის უჯრედებში, რათა შემდეგ ჭიანჭველები თუ ტერმიტები დაარწყულოს; ამ მწერთა მიწისქვეშა საცხოვრისები კი „საკუჭნაოა“ პანგოლინებისა და მილკბილებისთვის, თუმცა მათზე ნადირობენ, ასევე, დიდყურა მელები და მიწის მგლები.

ბალახი „აგური და ტალახია“ კალაჰარის საჰაერო არქიტექტორისთვის – ეს გახლავთ სოციალური ფეიქარა, რომლის ათწლოვანი საბუდრები ბალახის ღეროებითაა შეკრული. ეს შემაღლებული „აპარტამენტები“ თავშესაფარს სთავაზობს ფეიქარების თაობებსა და, ამასთან, აფრიკულ ჯუჯა შავარდენსაც, როგორც „მდგმურს“. ბალახით საზრდოობენ ჩლიქოსნებიც, რომლებითაც, მეორე მხრივ, იკვებებიან ლომები, ავაზები, ჯიქები, აფთრისებრი ძაღლები და სავანის სხვა მტაცებლები.

MM9392_201029_DSC5071@Thomas-Peschak.jpg2020 წლის გაზაფხულზე ტსვალუში ხალებიანი აფთრების ხროვა გამოჩნდა. მტაცებლების პოპულაციის აღდგენა განმსაზღვრელია ამ ეკოსისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად. 1990-იან წლებში დაარსებული ტსვალუს ნაკრძალი მხოლოდ „კუნძულია“ ველური კალაჰარისა, რომელიც დაისერა ფერმებით, გზებითა თუ რკინისა და მანგანუმის მაღაროებით.

ტსვალუში აღორძინება იწყება ბალახის აბიბინებით, რომელიც წვიმით საზრდოობს. თქეშს საშუალოდ 325 მმ ნალექი მოაქვს წელიწადში და მისი რეჟიმი მეტად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს. ზოგიერთ წელს ნალექმზომმა შეიძლება 175 მმ-ზე ნაკლები აღნიშნოს; სხვა დროს კი – თითქმის ორმაგი რაოდენობის ნალექი. გარდასულ წლებში ამწვანების აფეთქება-დაცემას ნადირი პასუხობდა   ხოლმე დიდ დისტანციებზე მოგზაურობით – ხშირ შემთხვევაში, ისინი მიჰყვებოდნენ წვიმის ღრუბლებს – ხვდებოდნენ, რომ ასე იპოვიდნენ უხვ საძოვრებს. მაგრამ მესაქონლეობის ათწლეულებმა წარმოშვა ღობეები, რომლებმაც შემზღუდავი ზოლები გაავლო სამიგრაციო გზებზე და დარჩენილი ველური ჯოგები ტსვალუს ნაკრძალში გამოამწყვდია.

გარემო პირობები კვლავ განაგრძობს ცვლილებას. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ტემპერატურა ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, ვიდრე გლობალურად.

სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2015, 2016 და 2019 წლები რეკორდულად ცხელი ტემპერატურით გამოირჩეოდა, რომელიც კი დაფიქსირებულა, სულ ცოტა, 1950 წლიდან. 2016 წლის იანვარში თერმომეტრმა 48,6 გრადუსი აჩვენა აუგრაბისის ჩანჩქერთან, რომელიც ტსვალუდან 250 კილომეტრშია. ეს გახლდათ „ერთ-ერთი უმაღლესი ტემპერატურა, რომელიც კი აქამდე აღრიცხულა ზღვის დონიდან ასეთ დიდ სიმაღლეზე მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში“, – ამბობს კეიპტაუნის უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფან კონრადი და აგრძელებს: „ამასთან, ეს არის სტანდარტების შესაბამისად გაზომილი მეორე უმაღლესი ტემპერატურა სამხრეთ აფრიკაში“. კლიმატის ცვლილება რომ არა, 2015-16 წლების სითბური ტალღა ჩაითვლებოდა მოვლენად, რომელიც 10 000 წელიწადში ერთხელ ხდება, ამბობს იგი.

როგორ დაარღვევს ტემპერატურის ზრდა ნალექის რეჟიმს, რთული გამოსაცნობია, მაგრამ კონტინენტის ამ ნაწილში ზაფხულის წვიმების სეზონი, სავარაუდოდ, უფრო გვიან დაიწყება და შედარებით უფრო მოკლე დროშიც დასრულდება. შტორმიანი თავსხმა წვიმები შეიძლება მეტი ინტენსივობით გამოირჩეს – წყლის უფრო დიდი მასა გამოიყოს დროის მცირე მონაკვეთში, რასაც ზედაპირის დატბორვა მოჰყვება ხოლმე. და, შტორმებს შორის პერიოდებში შეიძლება მშრალი სეზონი გახანგრძლივდეს.

MM9392_200930_075484.jpgდაბნელებისას სოროდან გამომძვრალი სავანის პანგოლინი ამ ერთ ღამეში 15 000-მდე ჭიანჭველასა და ტერმიტს შეჭამს – 5,5 მილიონ ინდივიდს წელიწადში. მწერების სიუხვე ჯანსაღ ბალახზეა დამოკიდებული, ხოლო ზაფხულის წვიმების გარეშე ვერაფერი გაიხარებს.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს სამხრეთ კალაჰარის ცხოველთა და მცენარეთა „თხელი ქსოვილისთვის“? რა მოხდება, თუ ზაფხულის წვიმები ისევ შეწყდება ან გახშირდება გვალვიანი პერიოდები, დროულად არ დადგება ზაფხულის აყვავების სეზონი? რის მომასწავებელი იქნება ეს ჭიანჭველებისა და ტერმიტებისთვის, რომლებიც თავიანთ „საკუჭნაოს“ თესლებითა თუ ბალახით ივსებენ ყოველ ზაფხულს?

და თუ მკვეთრად დაეცა ამ მწერების პოპულაცია, მაშინ რა დაემართებათ პანგოლინებსა და სხვა ჭიანჭველაჭამია ძუძუმწოვრებს, რომელთაც უკვე ისედაც ბრაკონიერები ემუქრებიან სამხრეთ აფრიკის არაერთ რეგიონში?

მილკბილას რომ შეხედავთ, იფიქრებთ, რაღაც აბსურდული სამყაროდან გადმოვიდაო: ღორის დინგი, ვირის ყურები და წარმოუდგენლად გრძელი სახე.

მილკბილები ძალიან ეფექტური მთხრელები არიან. ნიჩბისებრი ბრჭყალების გამოყენებით ისინი ამტვრევენ გამომშრალი ნიადაგის ქერქს და მიწას აშიშვლებენ სოროს გასათხრელად ან მწერების ბუდის საპოვნელად.

წვიმით მოსაზრდოვე ბალახი სიცოცხლეს სძენს საკვებით მწირ ქვიშის „ოკეანეს“, მაგრამ კლიმატის ცვლილება, სავარაუდოდ, შეამოკლებს წვიმის სეზონს.

მილკბილას გათხრილ მიწისქვეშა საცხოვრისებს კალაჰარის ექსტრემალურ გარემო პირობებში გასაძლებად თავისთვის იყენებს არაერთი სხვა ცხოველიც – კაპის კობრები, ველის კატები თუ მეჭეჭებიანი ღორები.

ნორა ვეიერი, რომელიც იმ დროს ასევე ვიტვატერსრანდის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობდა, ტსვალუს მილკბილებს იკვლევდა 2012 წლის ზამთრიდან 2015 წლის გაზაფხულამდე. იგი იყენებდა მომცრო ხაფანგებს, რომელთაც მიწის ქვეშ ათავსებდა ჭიანჭველების მოსახელთებლად. ვეიერი ეძებდა, ასევე, ტერმიტების დანატოვარ ნიადაგის კონუსისებრ გროვებს, რათა მათი რაოდენობა აღერიცხა მოცემულ ზონაში; მილკბილების ექსკრემენტს კი აგროვებდა იმის განსასაზღვრად, თუ რომელი და რა ოდენობის მწერებით იკვებებოდა აღნიშნული ცხოველი. ვეიერმა დაადგინა, რომ ტერმიტების ერთი სახეობა (Hodotermes mossambicus) შეადგენდა მილკბილას წყლისა და ენერგიის მისაღები წყაროს 90%-ს. ის მონიტორინგს უტარებდა საკვლევ მილკბილებში იმპლანტირებულ ტემპერატურის აღმრიცხველებსაც, რათა განესაზღვრა, იღებდნენ თუ არა ეს ცხოველები საკმარის ენერგიას სითბოს შესანარჩუნებლად კალაჰარის ცივ ღამეებში – იქ ზაფხულის ტემპერატურა შეიძლება 18,5 გრადუსამდეც დაეცეს, ხოლო ზამთარში სულაც ჩასცდეს ნულგრადუსიან ნიშნულს.

MM9392_210323_DSC_8295@Thomas-Peschak-10
MM9392_210321_DSC_0638@Thomas-Peschak-10

(მარცხნივ) როდესაც კალაჰარიში ზაფხულის ჭექა-ქუხილია, უხვ წვიმებს სიცოცხლე მოაქვს, მათ შორის, ამ ჯავშნოსანი კუტკალიებისთვის. ბალახი და მწერი სასიცოცხლო კავშირებს აბამს იმ საკვებ ჯაჭვში, რომლითაც საზრდოობენ ტსვალუს ცხოველები და საძირკველს იმაგრებენ დიუნები. (მარჯვნივ) იმის შემდეგ, რაც სურიტაკი კუტკალიას ჩამოიბერტყავს, ეს მწერი შეიძლება მის ლუკმად იქცეს. სურიკატის ნაშიერები წონას ნელა იმატებენ სიცხისას, რადგან მათი საკვები მწერები ნაკლებ წყალს შეიცავენ – ვარაუდობენ მეცნიერები. სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში ისინი ენერგიასაც კარგავენ.

ტიპურ წლებში, როდესაც ზაფხულის წვიმები მოდის თავისთვის დამახასიათებელი ჭექა-ქუხილით, დიუნებში სიცოცხლე ფეთქდება. ჭიანჭველები და ტერმიტები მრავლდებიან და მილკბილებსაც უხვი ნადავლი უჩნდებათ, მაგრამ ვეიერის საკვლევ პირველ წელს, 2012 წლის ზაფხულში, წვიმა სულაც არ მოსულა უცხელესი თვეების განმავლობაში.

კვლევის პროცესში ვეიერმა აღნიშნა ბალახების თვალშისაცემი შემცირება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ტერმიტების ზემოხსენებული სახეობის (Hodotermes mossambicus) პოპულაციაც შემცირდებოდა. ზაფხულის ბოლოსკენ მილკბილები უკვე შიმშილობდნენ. ეს ცხოველები, როგორც წესი, მეღამურ ცხოვრებას მისდევენ, მაგრამ ასეთ დამძიმებულ პირობებში მათ უკვე დღისითაც დაიწყეს თავიანთი სოროების დატოვება საკვების საძებნელად და მშიერი ღამეების გადასატანად.

საკვლევი ინდივიდების ტანზე ჩამონტაჟებული იმპლანტები აჩვენებდა, რომ მილკბილას სხეულის ტემპერატურა უკონტროლოდ მერყეობდა 24-საათიან პერიოდებში, თუ შევადარებთ მისი სხეულის სტაბილურ ტემპერატურას საკმარისი საკვები მარაგისა და ენერგიის პირობებში. ეს კი გვამცნობდა შემდეგს: მილკბილები ვერ იღებდნენ საჭირო ენერგიას, რომ სითბო შეენარჩუნებინათ ღამით და ამის საკომპენსაციოდ, როგორც ჩანს, დღის საათებს იყენებდნენ გასათბობად.

მაგრამ ამ სასწრაფო, იძულებითი ადაპტაციით უამრავი მილკბილა ვერ მიაღწევდა მომდევნო წვიმების სეზონამდე. 2012 წელს რადიოლოკაციური აპარატით აღჭურვილი 6 ინდივიდიდან 5 მომდევნო წელსვე დაიღუპა. ვეიერი კიდევ ბევრ სხვა მკვდარ მილკბილას აწყდებოდა ველდში (სავანის ტიპი), გადარჩენილ ინდივიდებს კი ეტყობოდათ უსიცოცხლობა, ენერგიის ნაკლებობა, წონის მკვეთრი კლება. ამ გვალვიანი წლის გზავნილი ცხადი იყო: თუ არ იწვიმებს – სულაც მხოლოდ ერთ ზაფხულს რომ არ იწვიმოს – ეს მთელი ქსოვილი რღვევას დაიწყებს: ჩამოიშლება ურთიერთდაკავშირებული ეკოსისტემა, რომელიც ინარჩუნებს და ერთმანეთზე აბამს ბალახს, ჭიანჭველას, ტერმიტსა და მწერისმჭამელ ცხოველებს.

ინფორმაცია, რომელსაც მკვლევრები დიუნებზე მცხოვრებ არსებათა ფარული ცხოვრების შესახებ მოიპოვებენ, ბუნების დამცველებს კალაჰარის დაცვაში შეიძლება დაეხმაროს.

ჰოუპუელ-3-მა ჭიანჭველების პირველი ულუფით ისაუზმა და მიხვეულ-მოხვეულ გზას გაუყვა თავისი საყვარელი ადგილისკენ.

ერთი საათის შემდეგ პანგოლინი შეჩერდა და ორმო ამოთხარა ქვიშაში. ამ ქმედებით აღტაცებულმა პანაინომ ფარანი ააციმციმა ფაკოაგოს გასაფრთხილებლად.
შემდეგ ჰოუპუელ-3 ამ ორმოსთან მოთავსდა და ბზინვარე, შავი ექსკრემენტი გამოყო.

MM9392_200923_061218.jpg2020 წლის ბოლოსკენ შეწყდა ერთწლიანი გვალვა და ტსვალუს ალისფერი დიუნები (ნაჩვენებია ფოტოზე) კვლავ ამწვანდა. კალაჰარიში უკვე ისედაც ბევრად უფრო სწრაფად თბება, ვიდრე იზრდება გლობალური საშუალო ტემპერატურა.

მეცნიერთათვის ასეთი უჩინარი ცხოველის მხოლოდ პოვნაც კი საკმარისად რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი სკორეს მოხელთებაზე. ეს ორივე ქალი მუხლებზე იჩოქებს და შიშველი ხელებით იქექება ქვიშაში ექსკრემენტის ნიმუშების მოსაგროვებლად.

რამდენიმე დღის შემდეგ ფაკოაგო დაუბრუნდა კვლევით სადგურს, სადაც მის ხელთაა მხოლოდ ერთი სათლი, ტოლჩა, ჩაის საწური და საკვების კონტეინერი, როგორც ლაბორატორიის აღჭურვილობა.

მან აწონა გამომშრალი სკორე, შემდეგ ჩააგდო ის ვედროში და ნიმუშს დაასხა ერთი-ორი ფინჯანი წყალი, რომ ერთმანეთისგან გამოეყო საჭირო მასალა და ქვიშა.

ექსკრემენტი დაიშალა ყავისფერ მასად, რომელშიც, ძირითადად, ჭიანჭველებისა და ტერმიტების თავები და უამრავი კიდური მოჩანდა. ფაკოაგო საცერში ატარებს თხევად მასას – რაც ზედ რჩება, ყავის ნალექს ჰგავს. მოგვიანებით ის მომცრო ნიმუშს იღებს და მიკროსკოპში ათავსებს, რათა თითოეული მწერის თავი დაითვალოს, ასევე, ჩაატაროს სახეობრივი იდენტიფიკაცია.

მეცნიერები წარმოუდგენლად ბევრს შრომობენ, რათა პანგოლინისა და მილკბილას რაციონის სპეციფიკური მახასიათებლები შეისწავლონ. საბოლოოდ, ეს ცოდნა მოგვცემს უკეთეს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი კომპლექსური ურთიერთობები „იქსოვება“ ველდში და რა ფორმით უნდა იმართებოდეს აღნიშნული ეკოსისტემა.

ტსვალუში ჩამოწოლილმა გვალვამ ვეიერს უჩვენა საბაზისო მონაცემი მილკბილას რაციონის შესადარებლად საკვების მოპოვების კარგი და ცუდი წლების მიხედვით; შემდეგ უკვე ამის საფუძველზე უნდა განესაზღვრა ქცევითი ცვლილებები.

პანაინოს კვლევა უჩვენებს, თუ რით და რა ოდენობით იკვებებიან პანგოლინები, ფაკოაგო კი უნდა მიუჯდეს პანგოლინებისა და მილკბილების ექსკრემენტებს, რომლებიც ორივე შეგროვებულია ერთ სეზონსა და ერთსა და იმავე გარემო პირობებში; ბოლოს კი ერთმანეთს უნდა შეადაროს ამ ორი ძალიან მსგავსი ცხოველის კვებითი მახასიათებლები.

MM9392_200821_007953.jpgმილკბილები ამტვრევენ გადახრუკულ ნიადაგს, რათა ტერმიტების „საბადოს“ მიაგნონ. ეს მწერი თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს მილკბილას მოთხოვნილებას საკვებსა და წყალზე. ბოლო-დროინდელმა გვალვამ აჩვენა, რომ თუ ბალახი ხმება და ტერმიტების პოპულაცია მცირდება, მილკბილებიც ქრებიან.

პანაინოს მიგნებებზე დაყრდნობით – პანგოლინი, საშუალოდ, 15 000 ჭიანჭველასა და ტერმიტს მიირთმევს ერთ ღამეში – ფაკოაგო ანგარიშობს, რომ ეს ცხოველი 5,5 მილიონ მწერს ჭამს წელიწადში. ახლა ამ რაოდენობას დაუმატეთ ჭიანჭველებისა და ტერმიტების ის რიცხვი, რამდენ ინდივიდსაც ერთი მილკბილა და ერთი მიწის მგელი შთანთქავს წელიწადში და, შედეგად, პანაინო ვარაუდობს, რომ ჯამში ეს სამი ინდივიდი 100 მილიონამდე მწერს ჭამს წელიწადში. ამასთან, ეს რიცხვი კიდევ ბევრად უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევდა, თუ კვლევაში ჩავრთავდით არაერთ სხვა ცხოველსაც, რომლებიც იკვებებიან ასევე ჭიანჭველებითა და ტერმიტებით – ნაწილობრივ მაინც. მაგალითად, სოციალური ფეიქარები, დიდწილად, მცენარეებით იკვებებიან, თუმცა მათი რაციონის ერთ მეათედს სწორედ ტერმიტები შეადგენენ.

thumbnail_ThomasPeschakFINAL-e1630255986 The National Geographic Society-ს მიზანია ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქება და დაცვა. 2017 წლიდან ეს ორგანიზაცია აფინანსებს თომას პ. პეშაკს, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე წერს.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი

ერთი გვიანი საღამოა, ჰოუპუელ-3-ისა და სხვა საკვლევ ცხოველთა ნიშნების გამოსავლენად პანაინო და ფაკოაგო რადიოტალღებს ადევნებენ თვალყურს, როდესაც უცებ „ცვლილება“ ხდება.

შორს, დასავლეთ ჰორიზონტზე ცა ნაირფრად ნათდება. თუმცა, ერთ საათზე ნაკლებ დროში ეს იმპულსური ნათებები სულ უფრო უახლოვდება მიმდებარე დიუნებს. ცა ზანზარს იწყებს. ღრუბლებში ელვარე ბზარები ჩნდება.

წვეთები ეამბორებიან მიწას და ჰაერიც რკინის სურნელით იჟღინთება. მკვლევრები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აქ აღარ გაჩერდნენ ღამით – ღია ცის ქვეშ, მოშიშვლებულ დიუნებზე დარჩენა შტორმისას, ძლიერ სახიფათოა; დიდი ალბათობით, პანგოლინებიც არ გამოყოფენ ცხვირს თავიანთი მიწისქვეშა სოროებიდან.

ატმოსფერული კრეშენდო ხანმოკლეა. ამ დროისთვის ის დასრულებულია, მაგრამ, აი, როგორ უნდა მოდიოდეს წვიმა. აი, როგორ უნდა იწყებოდეს აყვავება. ბალახი ცაში ატყორცნის თავის ღეროს, თესლი გაიბერება, როგორც ნამი ღეროთა წვერებზე – და მათ სიუხვეზე დამოკიდებული სიცოცხლეც კიდევ ერთხელ გამართავს ნადიმს.

სამხრეთაფრიკელი სამეცნიერო ჟურნალისტის, ლეონი ჟუბერის დაწერილ წიგნებს შორისაა: „გადახრუკვა“, „დუღილის წერტილი“ და „მშიერი სეზონი“. ჩვენი ჟურნალის ხშირი კონტრიბუტორის, თომას პ. პეშაკის ფოტოებმა ზღვის კუები გააშუქა 2019 წლის ოქტომბრის ნომერში.

The post თვითგადარჩენის ზღვარი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share