Jump to content
×
×
  • Create New...

შიმშილი ამერიკაში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დილის ექვსის ნახევარია, ძალიან ადრეა, მაგრამ ბესი ბრუქსი უკვე გარეთ მიიჩქარის, რათა ალაბამის შტატის ლაუნდსის ოლქის მცხოვრებლებს სურსათი დაურიგოს.

ჟურნალისტიკაში მიღებულია ადამიანების მხოლოდ გვარებით მოხსენიება, მაგრამ ჩვევა სხვა რამეს მკარნახობს: “მისის“ ჩემთვის პატივისცემის გამოხატვის ფორმაა. ბოლოს და ბოლოს მისის ბრუქსი 87 წლისაა და 30 წლის განმავლობაში მუშაობდა მომვლელად. ეს საქმე პაციენტზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს: საწოლიდან წამოდგომაში უნდა მიეხმარო, დაბანო, კბილები გაუხეხო, წამლები დაალევინო, მაგრამ ბესი ბრუქსი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც საჭირო იყო.

“აბა, რა აზრი აქვს დილით ადგომას და ბანაობას, თუ მშიერი უნდა დარჩე“, – ამბობს იგი.

მისის ბრუქსი პაციენტებს საჭმელსაც უმზადებდა და ოთახსაც ულაგებდა და როდესაც სახლში წყალი არ იყო, მეზობლის სახლიდან უზიდავდა. უწყლობა გავრცელებული პრობლემაა ლაუნდსის ოლქში, რომელიც აშშ-ის სურსათის უმსხვილესი ბანკის, Feeding America-ს 2020 წლის მონაცემებით, სურსათის სიმწირის მაჩვენებლით ქვეყნის 16 ყველაზე გაჭირვებულ ოლქს შორის მოხვდა. ოლქის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 29,5% – არასაკმარისად იკვებება.

2020 წელს ამერიკელების რეკორდულ რაოდენობას აკლდა საჭმელი; შედარებისთვის, პანდემიამდე ასეთი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად მცირდებოდა. შვიდიდან ერთ ამერიკელს საშუალება არ ჰქონდა, მიეღო საკმარისი, ნოყიერი საკვები. მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2021-ში სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. Feeding America-ს გათვლებით, 2021 წელს 42 მილიონი – რვიდან ერთი – ამერიკელი საკმარისი საკვების გარეშე დარჩება. მათ შორის 13 მილიონი – ექვსიდან ერთი – ბავშვი. “საჭმლის რიგში ჩამწკრივებული ავტომანქანების სევდიანმა კადრებმა ფარდა ახადა პრობლემას, რომელიც ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არსებობს და რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა“, – ამბობს კლერ ბაბინო-ფონტენო, Feeding America-ს აღმასრულებელი დირექტორი.

“ახლა მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ შიმშილის პრობლემა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, – ამბობს იგი, – ადრე ამერიკა ასე არ ფიქრობდა“.

სიღარიბით გამოწვეული შიმშილის და საკვების უკმარისობის წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციის, Food Research and Action Center-ის (FRAC) და Feeding America-ს ანგარიშების მიხედვით, სურსათით უზრუნველყოფის მხრივ ამერიკის სოფლებში უფრო მძიმე მდგომარეობაა. FRAC-ის ანგარიშით, სურსათის ნაკლებობას სოფლებში ბავშვიანი ოჯახების 16,5%, ქალაქებში კი – 13,5% განიცდის. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: სამუშაო ადგილების ნაკლებობა, დაბალი ხელფასები, შეღავათიანი ფასების მქონე,  დიდი სასურსათო მაღაზიების სიშორე, ტრანსპორტის ნაკლებობა, საწვავის სიძვირე, უამინდობა და კვების ფედერალურ პროგრამაზე გართულებული წვდომა.

“უმუშევრობა, შემოსავლის დაბალი მაჩვენებელი, გადაადგილების სირთულე, ჯანსაღი და ხელმისაწვდომი საკვების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს შეძენის შეუძლებლობა – ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტ ადამიანს ურთულებს სურსათით უზრუნველყოფას“, –  ამბობს FRAC-ის კვების პოლიტიკის და 8 წლამდე ასაკის ბავშვთა პროგრამების დირექტორი ჯერი ჰენჩი.

ლაუნდსის ოლქი, ალაბამა: ვეხმარებით ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება

ლაუნდსის ოლქი ალაბამის შავი სარტყლის რეგიონს ეკუთვნის. ერთ დროს ამ რეგიონის ნოყიერ მიწაზე ბამბის და სხვა კულტურების პლანტაციები იყო გაშენებული. რეგიონის მეტსახელიც შავმიწას უკავშირდება და არა იმას, რომ იქ ბევრი შავკანიანი ცხოვრობს.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც პროდუქტებს არიგებენ, სნოუ-ჰილის ქრისტიანული ეკლესიაა. ეს მანამდეც ასე იყო, სანამ COVID-19 მოედებოდა ქვეყანას, სკოლებს და მაღაზიებს დაკეტავდა და ადამიანებს საჭმლის რიგში ჩააყენებდა.

“აქ პანდემიამდეც ბევრს უჭირდა, პანდემიამ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა“, – ამბობს ღირსი მამა დეილ ბრექსტონ უფროსი, პასტორი ტაძრისა, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “პატარა მეგობრული ეკლესია გორაზე“.

მისის ბრუქსი პენსიაზე 1998 წელს გავიდა, მაგრამ სხვებზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. პროდუქტების დარიგებაში იგი ბრექსტონის მარჯვენა ხელია. ადრე საქმეს მარტო უმკლავდებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი ხუთი შვილიდან ერთ-ერთის დახმარება სჭირდება. მისის ბრუქსი ყოველ დილით ქალიშვილს მანქანით მიჰყავს ეკლესიაში, სადაც მოხალისეები საბარგულს პროდუქტებით ავსებენ, შემდეგ კი დედა-შვილმა გაჭირვებული ოჯახების სახლები უნდა ჩამოიაროს.

“როდესაც საქმე სიკეთეს ეხება, ეს ცეროდენა ქალი ნამდვილ ბუმბერაზად იქცევა“, – ამბობს ბრექსტონი, რომელიც პროდუქტების დარიგების აქციას მთელი ოლქის მასშტაბით ხელმძღვანელობს. ოლქში 9726 მოსახლეა და აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს თანახმად, მეოთხედზე მეტი (26,6 %) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 2020 წლის მაისში მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ლაუნდსის ოლქს უმუშევრობის და COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა შტატის მასშტაბით. ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის მაისში, ოლქი ვაქცინირებულთა რაოდენობით შტატის ლიდერებს შორის აღმოჩნდა, ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

ბრექსტონი მონტგომერის სურსათის ბანკს 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ბევრი არ უფიქრია, როდესაც შარშან ივნისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა “ფერმერებიდან ოჯახებამდე“ პროგრამის ფარგლებში ყოველკვირეული სასურსათო კალათების დარიგება შესთავაზა. “მშიერს საჭმელი მივცეთ, შიშველი შევმოსოთ – ეს არის ჩვენი ვალი, – ამბობს ბრექსტონი, – არ მინდა, ვინმე მშიერი იყოს. მიხარია, როდესაც ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები, დაპურებულები და განათლებულები არიან“.

ლაუნდსის ოლქის მოსახლეობისთვის არც საკვების მიღებაა ადვილი და არც განათლების. ლაუნდსელებს 50 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ მეზობელ ქალაქებში – სელმასა ან მონტგომერიში – ისეთ მაღაზიებში ივაჭრონ, სადაც პროდუქტების ფართო არჩევანია.

“ჩვენი ოლქი ძალიან ღარიბია“, – ამბობს ბრექსტონი.

61 წლის მარტოხელა დედას, რითა ლაკის, რომელსაც ორი განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილი ჰყავს, სასურსათო კალათებმა სულზე მოუსწრო. მისი ვაჟები კვირაში ხუთი დღე ზრდასრულთა სპეციალური ზრუნვის ცენტრში დადიოდნენ; მათ ავტობუსი აკითხავდა, შემდეგ კი დედა სამსახურში მიდიოდა. ცენტრი 2020 წლის მარტში, პანდემიის გამო, დაიხურა. ლაკი იძულებული გახდა, შვილებისთვის მომვლელი აეყვანა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა სასურსათო კალათები. ლაკის შვილები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის განკუთვნილ პენსიას იღებენ, მაგრამ ეს ფული ორი ზრდასრული კაცის კვებას არ ჰყოფნის. “სასურსათო კალათები ბედის საჩუქარი იყო ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ამ ოლქში“, – ამბობს ლაკი.

შიმშილი რეალური პრობლემა რომ არ იყოს, არც უფასო სურსათის მაღაზიები და სათემო მაცივრები იარსებებდა. ექიმები და მედდები პაციენტებს ჯანსაღ საკვებს უწერენ; ცნობილი შეფ-მზარეულები პირად მოგებაზე ფიქრის ნაცვლად თემს ემსახურებიან; მეწარმეები და მოხალისეები მათ კვებაზე ზრუნავენ, ვისაც შიმშილი აწუხებს.

ლოს-ანჯელესი, კალიფორნია: დავეხმაროთ იმიგრანტებს

50 წლის ხუან მარტინესი, რომელიც მექსიკიდან ამერიკაში 1998 წელს გადასახლდა, მეუღლის, ელიზაბეთის და სამი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად კვირაში ექვსი დღის განმავლობაში ორ რესტორანში მუშაობდა. სამსახურს დილის ათი საათიდან ერთ რესტორანში იწყებდა და შემდეგ მეორეში აგრძელებდა ღამის თერთმეტის ნახევრამდე. დილით გასული მარტინესი სახლში შუაღამით ბრუნდებოდა. რესტორნებში მიმტანიც იყო, დამლაგებელიც და ჭურჭლის მრეცხავიც.

შარშან პანდემიის გამო ორივე რესტორანი დაიხურა და მარტინესი უმუშევრად დარჩა. არარეგისტრირებული იმიგრანტებისთვის პანდემია განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ეს ხალხი გადასახადებს იხდიდა, მაგრამ მაინც სამთავრობო დახმარების, სასურსათო ვაუჩერების და უმუშევრობის კომპენსაციის გარეშე აღმოჩნდა. მარტინესმა არ იცის, რა ეშველებოდა მასა და მის ოჯახს, რომ არა No Us Without You LA. ეს ორგანიზაცია 2020 წლის მარტში დაარსდა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში იყო შესული, რესტორნები იკეტებოდა და მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე რჩებოდა.

„No Us Without You LA ბრაზის და გულგატეხილობის გრძნობამ წარმოშვა“, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი ოტონ ნოლასკო. როდესაც პანდემია დაიწყო, ნოლასკო და მისი ბიზნესპარტნიორი დამიან დიასი ხედავდნენ, როგორ ეხმარებოდა ხალხი შეფ-მზარეულებს, მიმტანებს და სარესტორნო ბიზნესის სხვა თანამშრომლებს, მაგრამ “კულისებს მიღმა“ მომუშავე ადამიანები: ჭურჭლის მრეცხავები, დამლაგებლები და სხვა წვრილი პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც ხშირად “რესტორნის ხერხემალს“ ეძახიან, არავის გახსენებია. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საბუთების გარეშე ცხოვრობს და სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს.

ნოლასკოს და დიასს “უჩინარი პროფესიების“ მნიშვნელობა კარგად ესმოდათ, რადგან კარიერა ჭურჭლის მრეცხაობით დაიწყეს, სარესტორნო ბიზნესი ძირიდან კენწერომდე შეისწავლეს და ბოლოს რესტორნებისა და ბარების საკონსულტაციო კომპანია Va’La Hospitality დააარსეს.

“დამიანმა და მე ჩვენი წარმატებული კარიერა ჭურჭლის მრეცხაობით დავიწყეთ, – ამბობს ნოლასკო, – კერძებს აქეთ-იქით დავატარებდით, მაგიდებს ვაწყობდით, ვალაგებდით და შეკვეთებს ვაჩქარებდით. კარგად ვიცით ამ შრომის ფასი და აქედან მოდის ჩვენი ღრმა პატივისცემა რესტორნის “კულისებს მიღმა“ მომუშავე ადამიანების მიმართ“.

14-16-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში წესიერად კვება მხოლოდ რესტორნის დახურვის შემდეგ იყო შესაძლებელი, როდესაც მზარეულების გუნდი საერთო სადილს ამზადებდა მათთვის.

თავდაპირველად ნოლასკო და დიასი საკუთარი ხარჯებით ეხმარებოდნენ 10 ოჯახს. მალე ხმა გავარდა მათი საქმის შესახებ, შემოწირულობებმაც არ დააყოვნა და ამ წყვილმა მეტი ოჯახის დახმარება დაიწყო. ახლა No Us Without You LA საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც კვირაში  1600-ზე მეტ ოჯახს ეხმარება.

თითოეული ოჯახი ყოველკვირეულად სურსათის 45-კილოგრამიან კალათას იღებს. კალათაში შედის: 4 ლიტრამდე რძე, 30 კვერცხი, 2,5 კილოგრამი ლობიო, 2,5 კილოგრამი ბრინჯი, ხილ-ბოსტნეული და ადგილობრივი კომპანიის, Kernel of Truth Organics-ის მიერ დამზადებული ორგანული, არაგენმოდიფიცირებული ტორტილიები. 

“ეს ძალიან, ძალიან დიდი დახმარებაა. ჩემი ოჯახი და მე შიმშილს გადავრჩით, – ამბობს მარტინესი, – არც კი ვიცი, როგორ უნდა გვეცხოვრა ამ პროგრამის გარეშე“.

ჰიუსტონი, ტეხასი: „ღირსეული საჭმელი“

როცა პანდემიის გამო ტეხასის რესტორნები დაიხურა, შეფ-მზარეული კრის უილიამსი თავისი სახელგანთქმული რესტორნის კლიენტების მომსახურებიდან ხალხის დახმარებაზე გადაერთო. ამ დროს ჰიუსტონში ტეხასის მასშტაბით ყველაზე მეტი დაავადებული და გარდაცვლილი იყო აღრიცხული.

უილიამსი და სამხრეთული სამზარეულოთი ცნობილი Lucille’s-ის პერსონალი თავდაპირველად წინა ხაზის მშრომელებს ემსახურებოდა, მათ შორის ღამის ცვლის მუშაკებს, რომლებიც ბევრს საერთოდ არ ახსოვდა. პანდემიის პირველ 20 დღეში Lucille’s-მა 3000 სადილი დაარიგა. შემდეგ უილიამსი კიდევ ერთ მივიწყებულ ჯგუფზე დაფიქრდა: ღარიბული, ძირითადად შავკანიანებით დასახლებული უბნების მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებზე.

“ეს ადამიანები განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ისედაც მოწყვეტილები იყვნენ საკუთარ ოჯახებს, პანდემიის გამო კი ახლობელი ადამიანების მცირე ხნით ნახვაც აღარ შეეძლოთ“, – ამბობს უილიამსი. იგი ვარაუდობდა, რომ მოხუცებისთვის სადილი საჭირო ზრუნვით და ყურადღებით არ მზადდებოდა. მისი მიზანი იყო, შეეთავაზებინა “ჯანსაღი, გემრიელი საჭმელი, რომელიც მოხუცებს ცხოვრებას გაუხალისებდა – ღირსეული საჭმელი“.

უილიამსმა World Central Kitchen-თან დაიწყო თანამშრომლობა – ხოსე ანდრესის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზარალებულებს უფასო სადილებით უმასპინძლდება – და მალე საქველმოქმედო ორგანიზაცია Lucille’s 1913 დააარსა. ორგანიზაციას სახელი უილიამსის დიდი ბებიის, ფორტ-უერთის ერთ-ერთი პირველი მეწარმის, ლუსილ ბ. სმითის პატივსაცემად დაერქვა. 1913 წელს სმითმა წვეულებების მომსახურების კომპანია დააარსა, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის და კრივის ჩემპიონ ჯო ლუისის მსგავს პერსონებს ემსახურებოდა. სმითი ტეხასის აფროამერიკელების თემის გაძლიერებაზეც ზრუნავდა.

უილიამსის თქმით, სმითი მისთვის მისაბაძი მაგალითია. “ის არსებითად იმავე საქმეს ემსახურებოდა, რასაც მე, – ამბობს უილიამსი, – მან დაინახა, რა სჭირდებოდა ჩვენს საზოგადოებას… და მიხვდა, რომ საჭმელი ის მედიუმი იყო, რომლითაც ბევრი რამის შეცვლა შეეძლო“.

Lucille’s 1913 ყოველდღიურად 800-მდე ხანდაზმულს, 150 სტუდენტს, 28 მასწავლებელს და სკოლის თანამშრომელს უმასპინძლდება სადილით, მაგრამ ორგანიზაციის მისია მხოლოდ უფასო სადილის დარიგებით არ შემოიფარგლება.

უილიამსის თქმით, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ისეთი მეგობრებიც ჰყავდა, რომელთაც სახლში საკმარისი საჭმელი არ გააჩნდათ. ახლა ის ყოველ ნაბიჯზე ხედავს სწრაფი კვების ობიექტს, მაგრამ უჭირს ისეთი მაღაზიის პოვნა, სადაც ახალ და ხარისხიან პროდუქტებს იყიდის.

სურსათის უკმარისობის პრობლემას უილიამსი ძირიდან შეეჭიდა. სადილების მომზადების გარდა, Lucille’s 1913 ჰიუსტონის მუნიციპალიტეტის ორ ოლქში, ჰარისსა და ფორტ-ბენდში, საერთო ჯამში 30 ჰექტარის ფართობის მიწებს დაამუშავებს. ხარისხიან პროდუქტს მოიყვანენ და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. უილიამსი ორი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს, რომლებშიც ადგილობრივი პროდუქტები გაიყიდება. ადამიანები, რომლებიც იქ დასაქმდებიან, საკუთარი თემის ჯანსაღ კვებაზე ზრუნვასთან ერთად, მიწათმოქმედებას და მეწარმეობას შეისწავლიან.

დეტროიტი, მიჩიგანი: მეტი საკვები, ნაკლები ნარჩენი

ჯეფერსონ-ავენიუს პრესვიტერიანული ეკლესიის უკანა ეზოდან ერთ მხარეს ინდიან-ვილიჯი ჩანს – მდიდრული, პომპეზური სახლების უბანი, მეორე მხარეს – ღარიბული დასახლება ცარიელი მიწის ნაკვეთებით და მოკრძალებული სახლებით, რომლის დრომ უკვე ჩაიარა. ხალხი საჭმლის რიგში დგას, მაგრამ აქ პროდუქტებით სავსე სასურსათო კალათებს არავინ არიგებს; ისინი აქ უფასო სადილის მისაღებად მოვიდნენ, ისეთის, 4-6-კაციან ოჯახებს რომ დაანაყრებს. ამ სადილებს ეკლესიის სამზარეულოში ამზადებენ, რომელსაც Upcycling Kitchen ეწოდება, რადგან შეფ-მზარეულები დელიკატესებს ამზადებენ იმისგან, რაც, წესით, სანაგვეში მოხვდებოდა.

უფასო სადილები საქველმოქმედო ორგანიზაციის, Make Food Not Waste-ის პროექტია, რომელიც საკვების ნარჩენების შემცირებით, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილებას ებრძვის და, მეორე მხრივ, ქალაქის სასურსათო უსაფრთხოებას იცავს. ორგანიზაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ მათი `გემრიელი მაგალითი“ ადამიანებს ფულის და პლანეტის რესურსების დაზოგვაში მოეხმარება. 

სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად პროდუქტებით სავსე ყუთების დარიგება არ კმარა. საამისოდ სისტემური ცვლილებებია საჭირო, – ამბობს Make Food Not Waste-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, შეფ-მზარეული ფილ ჯონსი, – `ერთმანეთისა და პლანეტისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია“, – ამბობს ჯონსი, რომელმაც დააარსა კომპანია Farmacy Food-ი. Farmacy Food-ი მყიდველს ჯანსაღ, ნოყიერ და გემრიელ საჭმელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. მისი მიზანია, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები დაარწმუნოს, რომ სწრაფი კვება შეიძლება იაფიც იყოს და სასარგებლოც.   

Make Food Not Waste-ი ნარჩენ პროდუქტებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებისგან და ადგილობრივი საკვები დაწესებულებებისგან იღებს. სადილი ყოველკვირეულად დაახლოებით ათასი ადგილობრივი მოსახლისთვის მზადდება. ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა ეს ადამიანები ჯანსაღ კვებასაც მიეჩვევიან. “ხალხს მოვუწოდებთ, ახალი გემოები გასინჯონ, მეტი ხილი და ბოსტნეული ჭამონ, – ამბობს Make Food Not Waste-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ტოდი, – უხარისხო საკვებით მუცლის ამოვსება ადვილია, მაგრამ ეს საჭირო ენერგიას ვერ მოგვცემს“.

შეფ-მზარეულ ედრიკ გოდეს თქმით, “გადამუშავების სამზარეულო“ იმ პრინციპების ერთგულია, რომლებითაც ის ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში აღზარდეს. “გვასწავლიდნენ, რომ ყველას საკუთარი ოჯახის წევრებივით უნდა მოვექცეთ. ახლა შემიძლია ჩემი უნარები გამოვიყენო და ეს ღირსების გრძნობით ვაკეთო. სადილს რომ მიაკითხავ, ისეთივე გრძნობა გაქვს, თითქოს შენს საყვარელ რესტორანში მიდიხარ შეკვეთის წამოსაღებად“.

შეფ-მზარეულებს უწევთ შემოქმედებითად მიუდგნენ საქმეს, რადგან წინასწარ არასოდეს იციან, რა ინგრედიენტები ექნებათ კულინარიული ჯადოქრობისთვის. “ჯერ ვნახულობ, რა პროდუქტები მაქვს და მერე ვიწყებ ფიქრს, აქედან რა შემიძლია გავაკეთო  – ძალიან სახალისო პროცესია, – ამბობს გოდე, – ერთ დღეს უამრავი ბროკოლი მოგვიტანეს და სპაგეტისთვის ბროკოლის პესტო მოვამზადე. ხალხმა ნახა, როგორ მოვამზადე ბროკოლი ისე, რომ გასინჯვისას ვერც კი მიხვდებოდით, რომ ბროკოლი იყო“.

52 წლის მარვინ დიქსონი, ორი თინეიჯერის მარტოხელა მამა, ამბობს, რომ უფასო სადილი მისთვის ნამდვილი შვება იყო. დიქსონი შრომისუუნაროა და სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ამ პენსიის ოდენობა გაწერილია მხოლოდ ერთ სულზე, რადგან მას არ აქვს შვილებზე მეურვეობის ცნობა. ეს ფული სამივესთვის საკმარისი არ არის. “უფასო სადილები ძალიან გვეხმარება, – ამბობს იგი, – იმ მცირეოდენ ფულს, რასაც სახელმწიფო მაძლევს, დამატებით საჭმელში აღარ ვხარჯავ. თან, ხომ იცით, ეს თინეიჯერები უმადობას ნამდვილად არ უჩივიან“.

კასანდრა სპრატლინგი The Detroit Free Press-ის ვეტერანი თანამშრომელია. მას ეკუთვნის National Geographic-ისთვის დაწერილი სტატია ოჯახურ პრობლემებსა და ზარალზე, რომელიც COVID-19-მა დეტროიტს მიაყენა.

The post შიმშილი ამერიკაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share