Jump to content
×
×
  • Create New...

ფასდაუდებელი განამარხებული ნაშთები სანაგვეზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

ალბათ, სულ რამდენიმე ადგილია დედამიწაზე უფრო ნაკლებად მიმზიდველი, ვიდრე ნაგავსაყრელი ცივი ღამით.

თუმცა, სწორედ აქ აღმოჩნდა პალეონტოლოგი ჯოზეფ რობლესი 2019 წლის დეკემბერში ადამიანის ევოლუციური ისტორიის იშვიათი მინიშნებების ძიებისას.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში იგი კვირაში რამდენიმე ღამეს ატარებდა აბოკადორ-დე-კან-მატაში, კატალონიის უმსხვილეს მოქმედ ნაგავსაყრელზე. 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში ექსკავატორები თავიანთ მეტალის კლანჭებს არჭობენ მიწაში და თხრიან მორიგ ღრმა ორმოს ბარსელონისა და მისი შემოგარენის ნაგვის დასატევად. რობლესი ერთ-ერთია რვა პალეონტოლოგიდან, რომლებიც მორიგეობით ადევნებენ თვალყურს მთხრელების მიერ გადაადგილებულ ქვიან ტალახს.

დღისით სიდამპლის საზიზღარი, ტკბილი სუნი თოლიების მოჭიჭყინე გუნდებს იზიდავს. ღამით რობლესი თბილად იცვამს და დამცავ ჩაფხუტზე ფარანს იმაგრებს. როგორც კი საინტერესო გროვას შენიშნავს, ექსკავატორის ოპერატორს უქნევს ხელს და ისიც ჩერდება, სანამ მეცნიერი ობიექტს უკეთ დაათვალიერებს.

PL-MM9421_200708_000168.jpgკან-მატა უდიდესი მოქმედი ნაგავსაყრელია ესპანეთის კატალონიის რეგიონში და ის ზრდას განაგრძობს. მისი ყოველი გაფართოება პალეონტოლოგებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მიწის წიაღში ღრმად ჩამარხულ საგანძურს, რომელიც სხვა შემთხვევაში მიუღწეველი იქნებოდა.

თუ მასა ახლოდანაც იმედისმომცემად გამოიყურება, მას ვერცხლისფერი ფოლგით ფარავს, რათა დილით, დღის შუქზე ნაგავსაყრელიდან გაიტანონ. შემდეგ უკან იხევს, მწვანე შუქს უნთებს ოპერატორს და მანქანა ღრიალს აგრძელებს.

კან-მატას ნიადაგი მრავალფეროვანი განამარხებული ნაშთებითაა გაჯერებული, რომლებიც მიოცენის ეპოქის მილიონ წელიწადზე მეტს, დაახლოებით 11,2-დან 12,5 მილიონამდე წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს. 2002 წლის შემდეგ რობლესმა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კატალონიის მიკელ კრუსაფონის სახელობის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის (ICP) სხვა პალეონტოლოგებმა 70 000-ზე მეტი განამარხებული ნაშთი აღმოაჩინეს. მათ შორისაა ცხენები, მარტორქები, ირმები, სპილოების მონათესავე ხორთუმიანები, გიგანტური პანდის წინაპრები და უძველესი მფრინავი ციყვები. უხვადაა, ასევე, მღრღნელები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები.

მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც პრიმატთა ისეთი განამარხებული ნაშთებია, რომელთა მსგავსი სხვაგან არსად აღმოუჩენიათ. ბევრი მათგანი ჰომინოიდების წინაპრებისაა – გიბონების, ორანგუტანების, გორილების, შიმპანზეების წინაპრების; და ჩვენი. შუა მიოცენის პერიოდში, ჰომინოიდთა ათეულობით სახეობა არსებობდა. ისინი აფრიკაში წარმოიშვნენ, მაგრამ 12,5 მილიონი წლის წინ აზიასა და ევროპაშიც გამოჩნდნენ. კან-მატაში ნაპოვნი ძვლები გვეხმარება ღრმა წარსულის იმ პერიოდის სურათის აღდგენაში, რომელიც მეტწილად ბუნდოვანია.

„კან-მატამ გვაჩვენა, რომ პრიმატები ბევრად უფრო მრავალფეროვანნი იყვნენ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე გვეგონა“, – ამბობს ICP-ის დირექტორი დავიდ ალბა.

MM9421_200708_000814.jpgკან-მატას ნიადაგის შრეები დაახლოებით 12,5-11,2 მილიონი წლის ასაკის გასაოცარ განამარხებულ ნაშთებს შეიცავს, მათ შორის, უძველესი პრიმატების ისეთი სახეობებისაც, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება.

და ყოველი ახალი აღმოჩენა გვეხმარება ჩვენი სახეობის ყველაზე ღრმა საიდუმლოებების ამოხსნაში: ვინ ვართ? საიდან მოვედით? როდის დავიწყეთ არსებობა?

ბარსელონის ჩრდილო-დასავლეთით 40 კმ-ით დაშორებული კან-მატა პრიმატების განამარხებული ნაშთების რუკაზე 1940-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც მიკელ კრუსაფონმა, რომლის სახელიც ICP-ს ეწოდა, ამ არქეოლოგიურ ველზე მიოცენის პრიმატის ქვედა ყბა და კბილები აღმოაჩინა. შემდგომმა აღმოჩენებმა კან-მატა დადასტურებულ პალეონტოლოგიურ ველად დაამკვიდრა. სტატუსის მიუხედავად, ეს ადგილი 1980-იანი წლების შუა ხანებიდან ლეგალურად გამოიყენებოდა ნაგავსაყრელად.

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნაგავსაყრელის მფლობელმა კომპანიამ, Cespa Waste Management-მა ახალი 30-მეტრიანი სანაგვე ორმოების ამოთხრა მოისურვა, კომპანია დაავალდებულეს, რომ, ესპანეთის ისტორიული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად, უზრუნველეყო განამარხებული ნაშთების ხელშეუხებლობა. Cespa დაუკავშირდა განამარხებული ნაშთების მაძიებელ ექსპერტებს და მათ გათხრების ზედამხედველობა შესთავაზა. ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ სანაგვის სიღრმეებში მოთავსებული საგანძურის პოვნის შესაძლებლობას.

2002 წელს მოხალისე პალეონტოლოგებმა (დღეს ყველა ICP-ის თანამშრომელია) ისააკ კაზანოვას-ვილარმა, ჟორდი გალინდომ და ალბამ – მაშინ დოქტორანტმა – კან-მატას გათხრების მონიტორინგი დაიწყეს. სამ კვირაში მათ დინოთეროსის,  სპილოს ნათესავის უზარმაზარი, დაბლა დახვეული ეშვების მქონე  კბილი აღმოაჩინეს. შემდგომი ძიებისას მათ თითის ფრაგმენტსაც მიაკვლიეს. „ავღელდი, პრიმატის ძვალს ჰგავდა!“ – იხსენებს ალბა.

იგი გაიქცა თავისი მანქანისკენ და გადაშენებული პრიმატის, ესპანოპითეკის ხელის სხმული მოიტანა, რომელიც ადრე ახლომდებარე ხეობაში აღმოაჩინეს. პალეონტოლოგებმა ნიმუშს ნაპოვნი ძვალი შეადარეს, მაგრამ დადასტურებით ვერაფერი დაადგინეს. შემდეგ მათ ძაღლისებრთა კბილის სამი ფრაგმენტი იპოვეს, რომლებიც ალბამ შეაწება, ასევე მომცრო ძვლების მყიფე ფრაგმენტები, რომლებიც დანალექი ქანების მახლობლად იყო მიმოფანტული. კამერით ხელში ალბა მუცელზე გაწვა, რათა უკეთ შეეხედა ქანის ქვეშ.

ალბას ელდა ეცა, როდესაც გაიაზრა, რომ პირისპირ უყურებდა უძველეს სახეს. „სამივე ძალიან ვღელავდით – სიტყვა არ დაგვიძრავს, – თქვა ალბამ, – პიეროლაპითეკის სახე პირდაპირ ჩვენ მოგვჩერებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი წამი იყო“.

PL-MM9421_200709_002784.jpgნაგავსაყრელიდან ამოღების შემდეგ ნამარხ ნაშთებს ბარსელონაში, ICP-ის მთავარ შენობაში ინახავენ, სადაც მათ შემდგომ შეისწავლიან. აქ კონსერვატორი ჟორდი გალინდო ამოწმებს ეტიკეტებს განამარხებული ნაშთებით გაჯერებულ მიწის გროვებზე, რომლებიც პოლიურეთანის ქაფითაა დაფარული.

Pierolapithecus catalaunicus, მეტსახელად პაუ, ასე დაარქვეს თავიანთ აღმოჩენილ დიდი მაიმუნის ახალ სახეობას. დაახლოებით 12 მლნ წლის წინანდელი ეს ჩონჩხი მიოცენის პრიმატების ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული ნიმუშია. გუნდმა ასევე აღმოაჩინა ცხოველის მკერდის, წელისა და მაჯის ძვლები. ეს პრიმატის უძველესი განამარხებული ნაშთია, რომელსაც უტყუარად უდასტურდება ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის უნიკალური თვისება – ორთოგრადული, ანუ ვერტიკალური დგომი.

„ეს ტერმინი ბიპედისგან განსხვავებულია, – აღნიშნავს ალბა, – ზოგი ბიპედალიზმს ვერტიკალური დგომის აღსანიშნავად იყენებს. ეს შეცდომაა“.

  • PL-MM9421_200709_002570-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • PL-MM9421_200709_002630-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • PL-MM9421_200709_002605-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9421_200709_002666-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9421_200708_000695-1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

განამარხებული ნაშთები კან-მატიდან. გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი.

იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები.

ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები.

განამარხებული ნაშთები კან-მატიდან (საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან): გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები.

ალბა რიკო ბარიო იმ მეცნიერებს შორისაა, რომლებიც ნაგავსაყრელს წლების განმავლობაში აკვირდებიან პრეისტორიული სიმდიდრის აღმოსაჩენად. აქამდე კან-მატას გათხრებმა 85-ზე მეტი ძუძუმწოვრისა და 15-მდე ფრინველის, ამფიბიისა და ქვეწარმავლის განამარხებული ნაშთი გამოავლინა.

გააზიარეთ ფოტო
  • PL-MM9421_200709_002570-1024x576.jpg
  • PL-MM9421_200709_002630-1024x576.jpg
  • PL-MM9421_200709_002605-1024x576.jpg
  • MM9421_200709_002666-1024x576.jpg
  • MM9421_200708_000695-1-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

განამარხებული ნაშთები კან-მატიდან. გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი.

იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები.

ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები.

განამარხებული ნაშთები კან-მატიდან (საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან): გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები.

ალბა რიკო ბარიო იმ მეცნიერებს შორისაა, რომლებიც ნაგავსაყრელს წლების განმავლობაში აკვირდებიან პრეისტორიული სიმდიდრის აღმოსაჩენად. აქამდე კან-მატას გათხრებმა 85-ზე მეტი ძუძუმწოვრისა და 15-მდე ფრინველის, ამფიბიისა და ქვეწარმავლის განამარხებული ნაშთი გამოავლინა.

სხეულის ორთოგრადული აღნაგობა ვერტიკალურ ცოცვას, ტოტებიდან გადმოკიდებას, ხიდან ხეზე გადახტომას და, მხოლოდ ზოგჯერ, ორ ფეხზე სიარულს ხდის შესაძლებელს.

მაშინ, როდესაც მსგავსმა ქცევებმა რამდენჯერმე დამოუკიდებლად განიცადა ევოლუცია, ორთოგრადული დგომი, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ განვითარდა. ალბასა და მისი კოლეგების აზრით, პაუს განამარხებული ნაშთები მიგვანიშნებს, რომ ყველა ჰომინიდის უკანასკნელი საერთო წინაპარი ორთოგრადი იყო. თუ ასეა, გასაგები გახდება, რამ მისცა ზოგიერთ სახეობას ევოლუციური უპირატესობა.

კან-მატას გუნდმა ასევე აღმოაჩინა სხვა ახალი ჰომინოიდი – Anoiapithecus brevirostris, ასევე დაახლოებით 12 მილიონი წლისა. პრიმატთა უმეტესობის სახის ნაკვთები გამოშვერილია, მაგრამ ამ გაქვავებული მამრის სახე, რომელსაც მეტსახელად იუკი შეარქვეს, საოცრად ბრტყელი აღმოჩნდა – იმდენად, რომ ჩვენი გვარის, Homo-ს სახეებს მოგაგონებთ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს კონვერგენტული ევოლუციის მაგალითია, როდესაც მსგავსი მახასიათებლები ერთმანეთთან არამონათესავე ან შორეული კავშირის მქონე ორგანიზმებში ვითარდება.

2011 წელს კიდევ ერთი საინტერესო განამარხებული ნაშთი აღმოაჩინეს – მდედრი Pliobates cataloniae, მეტსახელად ლაია. ეს სახეობა 11,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, პაუზე დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით გვიან.

დიდი მაიმუნების ფესვების კვლევა მნიშვნელოვანია ჰომინინთა წარმომავლობის გასააზრებლად. ეს ტაქსონი – ჰომინინები, წარმოიშვა მაშინ, როდესაც ჩვენი და შიმპანზეების ხაზი გაიყო საერთო წინაპრისგან 6-8 მილიონი წლის წინ. კაცობრიობა „არ შექმნილა არსაიდან, – ამბობს ალბა, – ასე რომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან განვიცადეთ ევოლუცია“.

ნაგავსაყრელზე მდებარე განამარხებული ნაშთების `ოქროს საბადოში“ ძუძუმწოვართა 85-ზე მეტი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც ამ უძველესი პრიმატების გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.

ერთი უახლესი აღმოჩენაა ქალიკოთერიუმი, მაღალი, კლანჭებიანი ჩლიქოსანი, რომელიც ზარმაცას, დათვის, ცხენისა და გორილის უცნაური ნაჯვარივით გამოიყურება. მეორეს, ცრუ ხმალკბილა კატას, ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ის არ არის კატისებრთა ოჯახის ნამდვილი წარმომადგენელი, ოჯახისა, რომელიც ლომებსა და ვეფხვებს მოიცავს. ის მტაცებელთა იმ ოჯახს ეკუთვნის, რომელიც კატისებრთა წინაპრებს შესაძლოა 40 მილიონი წლის წინ გამოეყო.

ყველა განამარხებული ნაშთი შუა და გვიან მიოცენის მნიშვნელოვან გარდამავალ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც რეგიონის სუბტროპიკული ტყეები უფრო მშრალი ხდებოდა და ბალახის ეკოსისტემა ივრცობოდა. ამ აღმოჩენათა გამოყენებით მეცნიერები ცდილობენ, აღადგინონ კან-მატას გარემოში მიმდინარე ცვლილებების სურათი, რომელიც მოიცავს 100 000-წლიან მონაკვეთებად დაყოფილ 1 მილიონ წლამდე პერიოდს.

MM9421_200710_003256.jpgალექს პერესი, ბარსელონის სამეცნიერო მუზეუმის, CosmoCaixa-ს კოლექციათა მმართველი, ათვალიერებს კან-მატაში აღმოჩენილი უძველესი პრიმატების სახეობის, Pliobates cataloniae-ს გაქვავებულ ძვლებს. ეს მომცრო სახეობა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ადამიანის მსგავსი მაიმუნების ზოგიერთი წინაპარი ბევრად უფრო პატარა ზომისა იყო, ვიდრე მეცნიერებს მიაჩნდათ.

„ეკოსისტემებს შეუძლიათ ცვლილებებს გაუძლონ, მაგრამ რამდენი ხნით? ეს ერთ-ერთი შეკითხვაა, რომლის პასუხსაც ვეძებთ ამ კონკრეტული გარემოსა და დროის მონაკვეთისთვის“, – ამბობს კაზანოვას-ვილარი ICP-დან.

დიდი შეკითხვაა, იქნება კი შესაძლებელი გათხრების წარმოება მომავალ დეკადებში? ზოგ მცხოვრებს ყელში ამოუვიდა კან-მატას სიმყრალე, ნაგვის მანქანების დაუსრულებელი პროცესიები, ნაგავსაყრელის გაფართოება. 2019 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც რობლესი და მისი კოლეგები გათხრებს აკვირდებოდნენ, მომიტინგეები ნაგავსაყრელის შესასვლელთან შეიკრიბნენ კატალონიურ ენაზე დაწერილი წარწერებით ხელში. Prou pudors. Tanquem l’abocador. Volem respirar en pau („კმარა სიმყრალე“. „დახურეთ ნაგავსაყრელი“. „მშვიდად გვსურს სუნთქვა“).

თუმცა, ცოტა ხნის წინანდელ რეფერენდუმში გადაწყდა ნაგავსაყრელის გაფართოება, სავარაუდოდ, ათწლეულის ბოლომდე. ამრიგად, მეცნიერები ჯერ არსად წავლენ. აგრეთვე, მათ ბევრი სამუშაო აქვთ უკვე აღმოჩენილ მასალაზე. ნაპოვნის მხოლოდ 20% არის გაქვავებული შრეებისგან გაწმენდილი და ქიმიურად დაკონსერვებული. ათასობით გამაგრებული დანალექი ქანის ნატეხია გახვეული ყავისფერ ქაღალდსა და პოლიეთილენში მიწისქვეშა შესანახ ოთახებში. დანომრილი და მარკირებული ფუთები ელიან ცნობისმოყვარე მკვლევრებს. ზოგი მათგანი უკვე 20 წელია იცდის. „აქ საკმარისი მასალაა პალეონტოლოგთა 3-4 თაობისთვის, – აცხადებს ალბა, – დარწმუნებული ვარ, იქ მრავალი საინტერესო განამარხებული ნაშთი იმალება“.

ჟურნალისტი ჯენიფერ პინკოვსკი ბერლინში მცხოვრები ნიუ-იორკელია, რომელიც მეცნიერებასა და ისტორიაზე წერს. ფოტოგრაფი პაოლო ვერძონეს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ 2020 წლის დეკემბრის ნომერში დინოზავრთა განამარხებული ნაშთების შესახებ.

The post ფასდაუდებელი განამარხებული ნაშთები სანაგვეზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share