Jump to content
×
×
  • Create New...

ოქროს ციებ-ცხელება ლა-რინკონადაში


Recommended Posts

  • ფორუმელი

პერუს ანდებში, ზღვის დონიდან ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე ლა-რინკონადა პლანეტის უმაღლესი დასახლებაა. აქაურების ყოფა მათი შემოსავლის მთავარი წყაროს – ოქროს – ფასზეა დამოკიდებული.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ოქროს ფასი გახუთმაგდა და ანანეის მარადთოვლიანი მთის კალთაზე გაშენებული ერთ დროს პატარა დასახლება მცირე შახტების და ნარჩენებით დაბინძურებული ტბის პირას მიჯრით ჩაწყობილი ბარაკების უწესრიგო გროვად იქცა. ზღვის დონიდან 5100 მეტრის სიმაღლეზე გამეფებული გაუსაძლისი ყინვის და ჟანგბადის ნაკლებობის ატანა ადგილობრივ მოსახლეობასაც უჭირს. ირგვლივ ისეთი სუნი დგას, როგორსაც 30 000-დან 50 000-მდე ადამიანისგან შემდგარ დასახლებაში უნდა ველოდოთ, სადაც არც დასუფთავების სამსახურია და არც საკანალიზაციო სისტემა.

ანანეას მთის სიღრმეში გაყვანილი მაღაროების ლაბირინთებში უბედური შემთხვევები და მკვლელობები ყოველდღიურობაა. მაღაროელებს ძარცვავენ თუ კლავენ და მათ გვამებს შახტებში ტოვებენ. მკვლელობის მსხვერპლნი ხშირად პერუს და ბოლივიის დიდი ქალაქებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ქალები და გოგონები არიან, რომელთაც ადამიანებით მოვაჭრეები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ და ლა-რინკონადის ბინძურ ბარებსა და საროსკიპოებში მუშაობას აიძულებენ.

MM8871_190425_003237-1024x576.jpg
MM8871_190426_003271-1024x576.jpg

(მარცხნივ) ლა-რინკონადაში ოქროს დამუშავებისას აორთქლებული ვერცხლისწყალი „მძინარე მზეთუნახავის” მყინ-ვარს აბინძურებს და ლა-რინკონადას მოწამლული სასმელი წყლის სახით უბრუნდება. მუშები მყინვარზე იმ მილებს ასწორებენ, რომლებითაც მეშახტეთა დასახლებას მდნარი წყალი მიეწოდება.
(მარჯვნივ) 42 წლის ფიდელ მენდოსა სან-ანტონიოს შახტის სიღრმეში ვაგონებს მადნით ტვირთავს. პირი კოკაინის ხის ფოთლებით აქვს გავსებული, რომლებსაც ანდების მცხოვრებლები ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ შიმშილის და დაქანცულობის გასაყუჩებლად.

ოქროს მოპოვების ლიცენზიას რამდენიმე მცირე კომპანია ფლობს და ერთ-ერთს კოოპერატივებში გაწევრიანებული 450-მდე ინდივიდუალური კონტრაქტორი ჰყავს.

შახტების უმეტესობა არაოფიციალურია – რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შრომის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს, მთავარია, დარეგისტრირებულები იყვნენ პროგრამაში, რომელიც მათ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

ლა-რინკონადაში ძვირფას მადნეულს ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში და ბუნების დაბინძურების ხარჯზე მოიპოვებენ, თუმცა აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების მსხვილ შემსყიდველებს ეს დიდად არ აწუხებთ – ზოდებად და ბრწყინვალე სამკაულებად ქცეულ ოქროს პერუს შავ-ბნელი შახტების კვალი აღარ ეტყობა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოპოვებული ოქრო უკეთეს ფასად იყიდება, თუმცა ლა-რინკონადის შახტებში მსგავსი ნორმები რთული დასანერგია.

პერუელი ანთროპოლოგი ვიქტორ ჰიუგო პაჩა, რომელიც პერუსა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ოქროს არაოფიციალურ მოპოვებას შეისწავლის, თვალნათლივ ხედავს ლა-რინკონადის თანამედროვე ოქროს ციებ-ცხელების მთელ ირონიას.

“ძველად ოქროს კუსტარული მოპოვება ანდებში მცხოვრები ფერმერებისა და რანჩეროებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო“, – ამბობს პაჩა და ამატებს, რომ პუნოს რეგიონში, რომელსაც ლა-რინკონადა მიეკუთვნება, ოქროს XIX საუკუნის ადრეული წლებიდან და, შესაძლოა, უფრო ადრეც მოიპოვებდნენ.  

MM8871_190423_002522-1.jpgლა-რინკონადის მოსახლეობის უმეტესობა ლითონის ბარაკებში, გაუსაძლის ყინვაში, წყლისა და თბოგაყვანილობის გარეშე ცხოვრობს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ოქროს ფასთან ერთად დასახლებაც რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ კეთილმოწყობის მხრივ არაფერი შეცვლილა.

ოქროს მაძიებლები მუდამ წუწუნებენ, რომ შახტები გამოიფიტა, ამბობს პაჩა, “მაგრამ ოქრო ისევ ბლომადაა. როდესაც ოქრო დაცოტავდება, მისი მოპოვება კვლავ დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, ისე როგორც ადრე იყო“.

ლიცენზიის მფლობელთა კონტრაქტორები ხშირად სხვა ქალაქებში ცხოვრობენ; მათ ნაცვლად საქმეს მათი ნდობით აღჭურვილი პირი უძღვება. ეს ზედამხედველები მეშახტეებს მარტივი შეიარაღებით – ძირითადად დინამიტით და პნევმატური ბურღებით – ამარაგებენ. შახტებიდან გამოტანილი მადანი ვერცხლისწყლით ან ციანიდით მუშავდება. მიღებულ ოქროს გადამყიდველები იძენენ და ზოგჯერ საზღვარგარეთ გააქვთ.

შრომითი შეთანხმებები, როგორც წესი, სიტყვიერია. ქანებში ოქროვანი ძარღვის შემცველობის მიხედვით ზედამხედველები მუშებს რამდენიმე კვირით ან თვით ქირაობენ. შრომის სანაცვლოდ დაქირავებულს გარანტირებულად მხოლოდ საკვების და ღამის გასათევის მიღება შეუძლია, გასამრჯელოდ – თვეში ერთი ან ორი დღით უფლება აქვს, პირადი მოგებისთვის შევიდეს შახტში; თუ იმ დღეს მან ვერაფერი იპოვა, გამოდის, რომ უფასოდ იმუშავა. ამ სისტემას „კაჩორეო“ ეწოდება.

ბედი მეშახტეებს სიზმრებში და სხვა მზაკვრული ხერხებით უღიმის, ამბობს პერუელ-ბოლივიელი ანთროპოლოგი მარია ეუხენია რობლეს მენგოა.

2016 წელს, ლა-რინკონადაში ჩასული რობლესი მაჩო-კულტურაში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი მაინც ქალების გარშემო ტრიალებს. მეშახტეებისთვის ანანეის მთაც კი ქალია, ამბობს რობლესი. ისინი მას “ავიჩას“ ეძახიან, რაც კეჩუას ენაზე “დიდედას“ ნიშნავს.

MM8871_190428_004505.jpgქალი ქვის კიმბალეტზე (საფქვავი) დგას, რათა ნარჩენებში ქექვისას ნაპოვნი ოქროს მადანი დაფქვას. რამდენიმესაათიანი ფქვის შემდეგ მიღებულ ქვიშას ქალი ვერცხლისწყალს შეურევს. ვერცხლისწყალი ოქროს ნამცეცებთან ამალგამას წარმოქმნის. გაცხელების შემდეგ ვერცხლისწყალი აორთქლდება და ოქრო სუფთა სახით დარჩება.

ლეგენდის თანახმად, იღბლიან მეშახტეებს ძილში ქალის სული – ლა-გრინგა – გამოეცხადება ხოლმე და მდიდარი მადნეულის ადგილსამყოფელს უჩვენებს. მეშახტეებს სჯერათ, რომ თუ შახტში ქალმა გაბედა შესვლა, ეჭვიანი ლა-გრინგა განრისხდება და ოქროს აღარავისთვის გაიმეტებს. ლა-რინკონადაში ქალი მეშახტე დღესაც დიდი იშვიათობაა.

გავრცელებული წარმოდგენით, ბედი იმ მეშახტეებს უღიმის, ვინც ბევრს სვამს და ახალგაზრდა ქალებთან აქვს სექსი. ადგილობრივ ბარებში, რომლებიც, ამავდროულად, საროსკიპოებია, 2000-მდე ახალგაზრდა, ზოგი არასრულწლოვანი გოგონა მუშაობს.

“პირველად რომ ვნახე ეს გოგონები და მათი არაადამიანური ყოფა, მრისხანებამ და სასოწარკვეთამ შემიპყრო“, – იხსენებს რობლესი. მაშინ იგი 27 წლის იყო, ლა-რინკონადაში მომუშავე თითქმის ყველა ქალზე უფროსი.

მძიმე მდგომარეობა აქვთ პალაკერებსაც – ასე მეშახტეების ცოლებს, მარტოხელა დედებს და ქვრივ ქალებს ეძახიან, რომლებიც მადანს შახტის პირას დაყრილ კლდის ნამსხვრევებში ეძებენ. ოქროს ნარჩენების მოსაპოვებლად პალაკერებს ქანების მტვრის და მომწამლავი აირების სუნთქვა უწევთ. იმის მიუხედავად, რომ პალაკერები უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებენ და შახტების შესასვლელებს ნაყარი ქანებისგან ასუფთავებენ, ისინი ყველაზე უფრო დაბალი რანგის მუშახელად ითვლებიან.

thumbnail_CedricFINAL-1024x576.jpgThe National Geographic Society-მ, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, დააფინანსა ფოტოგრაფ სედრიკ გერბეჰეის პროექტი ბელგიაში COVID-19-ის პანდემიის შესახებ. ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი

დიდი რაოდენობით მადანს ოქროს გამოსაყოფად ციანიდით ამუშავებენ, ხოლო მცირე რაოდენობას – პალაკერების ან მეშახტეების მონაგარს – ვერცხლისწყლით, რომელიც ოქროს ნაწილაკებს ეკვრის და ამალგამას წარმოქმნის. ოქროს შემცველ მადანს ცილინდრულ სანაყებში მძიმე ლოდებით – კიმბალეტებით – ფქვავენ.

მეშახტეებს და პალაკერებს ამალგამირებული ოქროს ნატეხები მყიდველებთან მიაქვთ, მყიდველები ნატეხებს სარჩილავი ლამპით აცხელებენ – ვერცხლისწყალი ორთქლდება და ოქრო სუფთა სახით რჩება. 

ზოგიერთი მაღაზია ვერცხლისწყლის ფილტრებს იყენებს, მაგრამ ეს ვერცხლისწყლის მომწამლავ ზემოქმედებას ვერ ამცირებს. ვერცხლისწყლის ორთქლი მყინვარამდე ადის, კონდენსაციის გზით ყინულს შეერევა და ლა-რინკონადაში მოწამლული სასმელი წყლის სახით ბრუნდება. ოქროს კუსტარული დამუშავება ანთროპოგენური ვერცხლისწყლის ყველაზე დიდი წყაროა დედამიწის ატმოსფეროში.

როდესაც პერუში მოპოვებული ოქრო სხვა ქვეყნებში საქორწინო ბეჭდებად და საათებად იქცევა, მას მეშახტეების მძიმე ჯაფის კვალი აღარ ეტყობა.

ოქროს ნაწილი ლეგალურად იყიდება, მაგრამ საბუთებისა და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად ზოგიერთი მეშახტე ძვირფას მეტალს შავ ბაზარზე ასაღებს.

MM8871_190426_003710.jpgმეშახტეები ელოდებიან პასუხს, თუ რამდენს გადაიხდის ადგილობრივი ოქროს შემსყიდველი მათ ოქროში. მეშახტეებს უფლება აქვთ, თვეში ერთი-ორი დღით პირადი მოგებისთვის შევიდნენ შახტში და ნაპოვნი ოქრო გაყიდონ.

ოქროს გაძვირებამ ერთ დროს მოკრძალებული პერუელი ბროკერები მსოფლიოს მთავარ ექსპორტიორებად აქცია. მაგრამ გარემოს და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ზეწოლის თუ რამდენიმე გახმაურებული საქმის წყალობით, მეტი ადამიანი დაფიქრდა, რომ ოქროს მიწოდების ჯაჭვი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

გამჭვირვალე მიწოდების ჯაჭვი გულისხმობს, რომ მეშახტეები რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ნებისმიერ მყიდველს უნდა შეეძლოს გადაამოწმოს, თუ სად და რა პირობებში მოიპოვეს ოქრო.

20 წლის წინ გრამი ოქროს ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო, წელს კი მან 55 დოლარს გადააჭარბა. ოქროს ფასთან ერთად მცირე გაუკონტროლებელი შახტების რაოდენობაც იზრდება. მცირემასშტაბიანი კომპანიები დიდი შახტებისთვის დაწესებულ რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ, არ იხდიან გადასახადებს და კანონს გვერდს უვლიან. 

პერუს მთავრობა უკვე 20 წელიწადია ცდილობს ასეთი მეშახტეები ადმინისტრაციულ, შრომით და გარემოსდაცვით სტანდარტებს დაუქვემდებაროს, მაგრამ ლეგალიზების პროცესი წინ ნელა მიიწევს.

60 000 არალეგალური მეშახტიდან, რომლებიც სამთავრობო პროგრამაში დარეგისტრირდნენ, მხოლოდ 1600-მა დაასრულა პროცესი, რომელიც მათ გადასახადების გადახდას, აუცილებელი ლიცენზიების ფლობას და გარემოს დაცვას ავალდებულებს.

ათეულობით ათასი არალეგალი მეშახტე კანონიერად ყიდის ოქროს, რადგან ლეგალიზაციის პროგრამაშია ჩართული. პროგრამის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და ლა-რინკონადის შახტებში არაადამიანური შრომის ფასად მოპოვებული ოქრო დღესაც იოლად იყიდება.

ასე შეიძლება იქცეს გარემოს დაცვის, შრომის და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მოპოვებული ოქრო საქორწინო ბეჭდად ან შვეიცარიულ საათად.

ოქროს არაოფიციალურ მოპოვებას პირველ რიგში მყიდველები უნდა დაუპირისპირდნენ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამკაული გარემოს დაბინძურების ან არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე მოპოვებული ოქროთი არ არის დამზადებული, ამბობს პაჩასი, რომელიც ახლა Alliance for Responsible Mining-ის (ARM) პერუსა და ბოლივიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

MM8871_190423_002214.jpgქალები, რომელთაც pallaqueras-ს უწოდებენ, უყურებენ, როგორ ცლიან შახტიდან გამოტანილი ქვებით სავსე სატვირთო მანქანას. მათ მხოლოდ ამ ნარჩენებში ქექვის უფლება აქვთ. პალაკერები ძირითადად მეშახტეების ცოლები, მარტოხელა დედები და ქვრივები არიან. ისინი გაუსაძლის ყინვაში სრულიად დაუცველები მუშაობენ და ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

ARM – Fairtrade International-თან და Responsible Jewellery Council-თან ერთად – იმ სამ უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ლეგალური, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად მოპოვებულ ოქროზე გასცემს სერტიფიკატებს და იმ საიუველირო კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც მხოლოდ კანონიერად მოპოვებული ოქროთი ამზადებენ სამკაულს. სერტიფიცირებული ოქრო საბაზრო ფასზე ძვირი ღირს. ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დამატებითი მოგებით ოქროს მომპოვებლები შახტების გაუმჯობესებას ან ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ განხორციელებულ პროექტებს აფინანსებენ.

2015 წლიდან მშვიდობის დარგში გაცემული ნობელის პრემია ARM-ის მიერ სერტიფიცირებული ოქროთი მზადდება. ციურიხის კანტონური ბანკი კი Fairtrade International-ის მიერ სერტიფიცირებულ ოქროს ზოდებს ყიდის. მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა შრომატევადი საქმეა და რადგან მყიდველების უმეტესობას არ სურს კეთილსინდისიერად მოპოვებულ და ეკოლოგიურად სუფთა ოქროში ზედმეტი ფულის გადახდა, ეს ბაზარი ოქროს მთლიანი ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

პერუში ახლა 18 სერტიფიცირებული შახტია. კონტრაქტების და კაჩორეოს რთული სისტემის გამო, მსოფლიოს უმაღლესი დასახლების მიწისქვეშა შახტების სრული სერტიფიცირება განსაკუთრებით რთული საქმეა. “რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, – ამბობს პაჩასი, – ყველაფერი მეშახტეების სურვილსა და ნდობაზეა დამოკიდებული“.

ბარბარა ფრეიზერი ძირითადად გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და მკვიდრი ტომების საკითხებზე წერს. ჟურნალისტი ჰილდეგარდ ვილერი საკუთარ სტატიებში სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებს ეხება. ორივე პერუს დედაქალაქ ლიმაში ცხოვრობს.

The post ოქროს ციებ-ცხელება ლა-რინკონადაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share