ფორუმელი Moor Posted 22 ივლისი, 2021 Posted 22 ივლისი, 2021 ბილიკოს კლინიკასთან ცხელ ქარს მტვერი აუტაცებია. ეკლიან ბუჩქნარში გახლართული ქსოვილების ნაგლეჯები ფრიალებს, ძირს დაყრილი პლასტმასის ბოთლები ბზრიალებს, კლინიკის კართან მდგარი მადინა კალოს ინდიგო ჰიჯაბი კი „ცეკვას“ იწყებს. ახლა, წლის შუაში, მიწა სულ გადახრუკულა ჩრდილოეთ კენიის მშრალ სეზონზე. კალო, რომელსაც ექთნის თეთრი ხალათი აცვია და ქირურგიული ნიღაბი უკეთია, თვალებს ჭუტავს მწველ მზესა თუ ქარში, შემდეგ კი კლინიკას უბრუნდება. იგი იღებს 30-მდე ადამიანს, ძირითადად მწყემსებს, რომლებსაც სტანდარტული ჩივილები აქვთ – რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა… ნაგვით სავსე და უსიცოცხლო ბილიკი არაფრით აღგიძრავთ ფიქრებს ტურიზმსა ან ბუნებაზე, თუმცა ეს დასახლება ერთ-ერთია იმ 39 სათემო კონსერვაციიდან, რომელიც კენიურმა ორგანიზაცია NRT-მ (ჩრდილოეთის საძოვრების ტრასტი) დააარსა. კონსერვაციათა ბინადრები დებენ პირობას, რომ დაიცავენ თავიანთ გარემოსა და ველურ ცხოველებს, სანაცვლოდ კი იღებენ ძირითად მომსახურებებსა თუ სხვა სარგებელს. მწველი მზე ორთქლში ახვევს სამბურუს ოლქის ხეობებს. ამ რეგიონში სახლობენ მეჯოგეები, მათი საქონელი და ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად მეტოქეობენ ტერიტორიის, წყლისა და საძოვრებისთვის. ეს გახლავთ თანაარსებობის ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი, რომელიც ეფუძნება იდეას: ადამიანებსა და ველურ ცხოველებს მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლიათ. ამ 44 000 კვ. კმ-ზე საარსებო გარემოს იზიარებს ასობით ათასი ადამიანი, მილიონობით სული საქონელი და ველურ ცხოველთა „მძიმეწონიანი“ პოპულაციები. კენიის ველურ ცხოველთა დაახლოებით ორი მესამედი ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებთან ახლოს ცხოვრობს. ამგვარად, სათემო კონსერვაციები გადაიქცნენ ეროვნული ბუნებისდაცვითი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილად. როდესაც COVID-19-ის გამო საზღვრები ჩაიკეტა და ფრენები შეჩერდა, ტურისტებიც გაუჩინარდნენ აფრიკიდან. შედეგად, ამ კონტინენტმა დაკარგა თავისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ის ველური ბუნების ტურიზმიდან იღებდა – თვალსაჩინოებისთვის, 29 მილიარდი დოლარი 2018 წელს. კენიაში ტურიზმი მშპ-ს, სულ მცირე, 8%-ს შეადგენს. ეს სფერო აფინანსებს უამრავ მიმართულებას, რეინჯერთა სამუშაოსა თუ სტაბილურ სამსახურებს; ის ბადებს ალტერნატივას, რომ საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად აღარ ინადირონ ცხოველებზე ან არ ჩეხონ ტყეები. ბუნების დამცველები სათემო კონსერვაციებს განიხილავენ, როგორც გზას მდგრადი მომავლისკენ – მიუხედავად ზოგიერთი კენიელის მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა; მათი განცხადებით, ეს ორგანიზაცია მეტისმეტად დიდი და გავლენიანია. დღეს სათემო კონსერვაციის მოდელი სარბიელზე გამოდის ჩრდილოეთ კენიაში, მაგრამ ამ დროისთვის მისი უდიდესი გამოცდა სწორედ პანდემიაა. ლონგუროს (მარცხნივ) ხორთუმი მოაჭამა აფთარმა. თემის მიერ მართულ რეტეტის სპილოს თავშესაფარში (ნამუნიაკის კონსერვაცია) მასზე ზრუნავს ადგილობრივი პერსონალი. ლონგურო გადარჩა, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ის ველურ ბუნებაში დაბრუნებას. აფრიკაში საკონსერვაციო სფერო კორონავირუსის გამოჩენამდეც კრიზისს განიცდიდა. არასაკმარისი დაფინანსება, სუსტი მენეჯმენტი, ბრაკონიერობა, ჰაბიტატის განადგურება თუ კლიმატის ცვლილება… საფრთხეთა სია გრძელია, რაც ჯამში იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების – კუ ბისას, გიგანტური პანგოლინის, აფრიკული ორბისა თუ სავანის სპილოს მკვეთრ პოპულაციურ კლებას. ჩვენ, ვინც უსაფრთხო მანძილზე ვცხოვრობთ ველური ცხოველებისგან, აღტაცებას გვგვრის მათი ხილვა, მაგრამ როგორ შეხედავდით ამ ყველაფერს, მათ გვერდით რომ გეცხოვრათ? რას იზამთ, თუ ლეოპარდი მოინადირებს თქვენს თხას ან სპილო გაგითელავთ ბავშვს? როგორ მოიქცევით, თუ თქვენ ვერ იხდით მკურნალობის საფასურს ან სკოლის გადასახადს, თუმცა იცით, რომ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ლომის ტყავსა და სპილოს ეშვებზე? თქვენი ოჯახი მშიერია, ხოლო ჟირაფი მოსანადირებელ დისტანციაზე? რა ხდება ასეთ დროს – გიღირთ ველურ ცხოველთა სიცოცხლე? უფრო დიდ ფასს ხომ არ იძენს მათი სიკვდილი? NRT-ის მიზანია, მეტი წონა შემატოს ველურ ცხოველთა სიცოცხლეს, განსაკუთრებით იმ ადამიანთა თვალში, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს საზიარო გარემოში, ხოლო სათემო მიწის საკუთრებასა და თვითმმართველობის იდეებზე დაფუძნებულ კონსერვაციებს უძღვება თემის წინამძღოლებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელსაც თავად ადგილობრივები ირჩევენ. ექთანი მადინა კალო დედას ახალშობილ ბავშვს აწვდის კლინიკაში, რომელიც NRT-მ ააშენა ბილიკოს დასახლებაში. „თქვენ ჯერ ხალხის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სანამ მათ კონსერვაციაზე ლაპარაკს დაუწყებდეთ“, – ამბობს იგი. თუმცა, საბჭო ხშირად ეჩეხება თემის წევრთა ურთიერთდაპირისპირებულ სურვილებს, რადგან ისინი დიდ გეოგრაფიულ არეალზე ცხოვრობენ და, ბუნებრივია, მათი ცხოვრების წესიც განსხვავდება; პირველ რიგში, გამოსაყოფია მომთაბარე მეჯოგეები, რომლებიც ყოველთვის ვერ ესწრებიან მოლაპარაკებებს და იშვიათად იღებენ მონაწილეობას მიწათსარგებლობის თაობაზე მიღებულ შეთანხმებებში. ეს გარიყულობის შეგრძნება კი ეთნიკურ დაპირისპირებათა ცეცხლსაც აღვივებს ხოლმე. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითი და პასუხისმგებლობის მქონე საბჭოა კონსერვაციაში, უკეთაც შესწევთ უნარი, რომ სრულად გამოხატონ თუ დაიცვან თითოეული მხარის ინტერესები. თავად NRT არ ფლობს მიწას; ის ფუნქციონირებს, როგორც ზემდგომი, „ქოლგა“ ორგანიზაცია: უწევს ადმინისტრირებას, მოიზიდავს ფინანსებს, ატარებს წვრთნებს და შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმებს. NRT იმედოვნებს, რომ თუ თვითმმართველობის საძირკველს გაამყარებს, დროთა განმავლობაში ეს ინსტიტუციები უფრო მეტ ძალას შეიძენენ და მათი ანგარიშვალდებულების ხარისხიც გაიზრდება. NRT-ის ფინანსების 90%-ს უზრუნველყოფენ უცხოელი დონორები. ეს წყარო დიდად დაეხმარა ორგანიზაციას, რომ უფრო უკეთ გამკლავებოდა პანდემიას, ვიდრე ეს მოხერხდა ტურიზმზე დამოკიდებული ველური ბუნების პარკებისა და ნაკრძალების უმეტესობათა შემთხვევაში. მაგრამ, ამავე დროს, დონორებმა (მათი უმეტესობა გახლავთ აშშ-სა და ევროპაში დაფუძნებული ორგანიზაციები) NRT აქციეს გარკვეული ჯგუფების სამიზნედ, რომლებიც იმპერიალიზმის გარკვეულ ფორმად აღიქვამენ უცხოურ ფულსა თუ მათ ზეგავლენებს. „ის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა მიუხედავად იმისა, რომ NRT ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებს“, – ამბობს აჩიბა გარგულე, სათემო მიწის საკითხების მკვლევარი, რომელიც მწყემსად იზრდებოდა ჩრდილოეთ კენიაში. „ჩვენ ვებრძოდით ერთმანეთს – სამბურუები, რენდილეები, ბორანები – მაგრამ საკონსერვაციო მუშაობამ დაგვაახლოვა“. – პოლინ ლოლნგოჯინი, სერას კონსერვაციის ყოფილი თავმჯდომარე რა ტიპის ორგანიზაციაც უნდა იყოს, NRT-ის მიზანია, შექმნას უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული ეკოსისტემა, ისეთი ბიოლოგიური კომპლექსი, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ტურიზმის აღმასვლა-დაცემაზე, ეფუძნება შემოსავლების დივერსიფიცირებულ წყაროებს და, ბოლოდროინდელი სურათით, საკმარის მდგაროდაბასაც იჩენს გლობალურ „შოკებთან“ დაპირისპირებისას. წინათ კალოს კლინიკა ორი დანგრევის პირას მისული შენობისგან შედგებოდა, სადაც მორყეულ საკაცეებს დააგორებდნენ. ახლა კი იქ განთავსებულია 10-საწოლიანი სამშობიარო პალატა, საკონსულტაციო ოთახი, სულ მალე უნდა დაემატოს, ასევე, პერსონალის საბინაო ერთეულები და ლაბორატორია. ეს დაწესებულება გარდაქმნა NRT-მ – პრაგმატული გათვლით, რომ ადგილობრივთა გული მოიგოს და საკონსერვაციო გეგმაზე დაითანხმოს. „ჯანმრთელობა უპირველესია, – ამბობს კალო, – თქვენ ვერ დაელაპარაკებით ავადმყოფ ადამიანს. სანამ კონსერვაციაზე დაუწყებდეთ საუბარს, ჯერ მათ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ“. კენიის არიდულ ჩრდილოეთ მიწებზე ოდითგანვე ცხოვრობენ მეჯოგეები – დაუმორჩილებელი და, ხშირ შემთხვევაში, იარაღასხმული მომთაბარეები, რომლებიც თავიანთ საქონელთან ერთად გადაადგილდებიან საძოვრების ძიებაში. მწირ რესურსებზე მწვავე მეტოქეობაა, რაც ძალადობრივ კონფლიქტებსაც იწვევს. მზარდი ჯოგი წარმატების სიმბოლო და სიღარიბისგან დამცავი „ფარია“, მაგრამ შინაურ საქონელს, ისევე როგორც ველურ ცხოველებს, სჭირდებათ სამოძრაო სივრცე, ბალახი თუ წყალი; შედეგად, ფერმერობა და კონსერვაცია ერთმანეთს ეჯახება. ვიპოვოთ გზა მათი ჰარმონიული თანაარსებობისთვის – სწორედ ეს გახლავთ ჩრდილოეთ კენიის ძირეული საკონსერვაციო გამოწვევა. სამბურუს საინიციაციო ცერემონიისას უხუცესი თავისი კლანის მძივებით ამშვენებს ახალ მეომარს. ამ ახალგაზრდებმა 15 დღემდე უნდა გაატარონ მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხების მწყემსვაში. ჩრდილოეთ კენიაში მეჯოგეობას კლიმატის ცვლილება და განაშენიანება ემუქრება. ტრადიციული ცხოვრების წესისა და ახალი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, NRT ხელს უწყობს მდგრად ძოვებას, ასევე სთავაზობს პროფესიულ წვრთნებსა და სამსახურს. „აქ, ჩრდილოეთში, ველურ ცხოველებს ვერაფრით დაიცავთ ღობეებით“, – ამბობს კონსერვაციონისტი და NRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ლალამპა. „თქვენ ეს ხალხი უნდა აქციოთ დამცავ ღობეებად; თუ ისინი იზრუნებენ ველურ ცხოველებზე ისევე, როგორც ზრუნავენ თავიანთ საქონელზე, აი მაშინ გავიმარჯვებთ“. ამ პროცესში მონაწილეობს საკონსერვაციო, სათემო, ასევე, საძოვართა მარეგულირებელი საბჭოები, მაგრამ მათი დირექტივები, თუ სად, როდის და რამდენ სულ საქონელს შეუძლია ძოვა, ხშირადაა სადავო – განსაკუთრებით იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც იშვიათად ფიგურირებენ გადაწყვეტილებებში და ნებისმიერი სახის შეზღუდვას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ. მშრალი მიწების ექსპერტ ჰასან რობას მტკიცებით, თუ კონკრეტულ მიწებს გამოვყოფთ საძოვრებისთვის, მეჯოგეებს დავუკარგავთ მოქნილობას, რომ წვიმებს „აედევნონ“ მწვანე იალაღებზე გადასაადგილებლად; ამასთან, ველურ ცხოველთათვის გამოყოფილი მიწები ხშირად ჩინებული საძოვარიცაა. დაცულობისა და უსაფრთხოების გარეშე ვერც ერთი მიდგომა ვერ გაამართლებს. „მშვიდობა ყველაფერია“, – მეუბნება NRT-ის 340 000-ჰექტარიანი სერას კონსერვაციის ყოფილი თავმჯდომარე პოლინ ლოლნგოჯინი, როდესაც ერთმანეთს შევხვდით არჩერს-პოსტის დასახლებაში. პოლინის ახალგაზრდობისას ჩრდილოეთ კენია იყო უფრო ველური, შორს ნაირობის ცენტრალური ხელისუფლებისგან და – იარაღით სავსე. „ჩვენ ვებრძოდით ერთმანეთს – სამბურუები, რენდილეები, ბორანები – მაგრამ საკონსერვაციო მუშაობამ თემები დააახლოვა“, – ამბობს იგი. სერას კონსერვაცია 2001 წელს დაარსდა, რის შემდეგაც გაძლიერდა თანამშრომლობა და ჩამოყალიბდა ერთობლივი მიზანი, თავისი ერთობლივი სარგებლით: მიწის გაუმჯობესებული მართვა, გაზრდილი შემოსავალი… „ჩვენ დავინახეთ, რომ კონსერვაციას სიკეთე მოჰქონდა, ამ ველურ ცხოველებს შეეძლოთ ფული მოეტანათ“, – აცხადებს პოლინი. მზის ამოსვლასთან ერთად მწყემსებიც იღვიძებენ ნამუნიაკში. NRT-ის კონსერვაციებში მიწის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია ველური ცხოველებისთვის, დანარჩენი კი იმართება „ძოვის გეგმებით“, თუმცა დირექტივები, თუ როდის და სად შეუძლიათ ძოვება, ხშირად სადავოა – განსაკუთრებით, გვალვისას. თანამშრომლობა და ფინანსები დიდი დამხმარეა, მაგრამ გაძლიერება სჭირდება, ასევე, უსაფრთხოებას, რის უზრუნველყოფასაც ცდილობენ NRT-ის რეინჯერთა მობილური ჯგუფები. აღნიშნული საპატრულო ეკიპაჟები ჩამოყალიბდა სპილოებისა თუ შავი მარტორქების დასაცავად, მაგრამ რეინჯერები ითავსებენ რეზერვისტ პოლიციელთა როლსაც და, ამგვარად, ერთვებიან მთელი რეგიონის უსაფრთხოების სისტემაში. ისინი რეაგირებენ ველურ ცხოველებთან დაუკავშირებელ შემთხვევებზეც – საქონლის ქურდობა თუ გზატკეცილებზე ძარცვა; შედეგად, მათ შეავსეს უსაფრთხოების დაცვაში არსებული ვაკუუმი. შაშხანებით შეიარაღებული რეინჯერები 12-კაციანი ეკიპაჟებით გადაადგილდებიან, მარაგებს ივსებენ გზაშივე და ღია ცის ქვეშ სძინავთ. ისინი 350 დოლარს გამოიმუშავებენ თვეში, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტით აჭარბებს ტიპური რეინჯერის სტანდარტულ ანაზღაურებას. თითოეული დანაყოფი შედგება სამი ან ოთხი სხვადასხვა ტომის წევრებისგან – ეკიპაჟის მრავალეთნიკურობა ეხმარება გუნდს, რომ ყველგან იაროს და ყველას ესაუბროს. ლოსას ლენამუნი 2 მეტრი სიმაღლის ზორბა მამაკაცია, რომელსაც კბილებს შორის ღარები უჩანს ღიმილისას. დღეს იგი მეთაურია, თუმცა ახალგაზრდობისას საქონელს მწყემსავდა სერეოლიპის დასახლებაში, სადაც ეთნიკურ სამბურუებს, როგორც წესი, მხოლოდ მტრობა და უნდობლობა აკავშირებდათ მეზობელ ხალხებთან – ბორანები, გაბრები, რენდილეები. ახლა კი ლოსასი ამ ყველა ეთნოსს ერთ Land Cruiser-ში ათავსებს. „მე ყველა ტომი ერთ მანქანაში მყავს“, – ამბობს იგი. ლენამუნის არ უვლია სკოლაში და, მისი თქმით, დიდად არც არასდროს უფიქრია ველურ ცხოველებზე. რეინჯერობა მხოლოდ ფულისთვის გადავწყვიტეო. მისი თქმით, რეინჯერობა ნიშნავს, რომ „ჩემს შვილებს არ შიათ“. თუ როგორი სასოწარკვეთილები ეძებენ აქ სამსახურს, ეს კარგად გამოჩნდა მელაკოს კონსერვაციის რეინჯერთა შერჩევის ღონისძიებაზე. სამ ვაკანტურ პოზიციაზე 200 იმედით სავსე მსურველი გამოცხადდა. პალმის ქვეშ შეკრებილ აპლიკანტებს ეცვათ პლასტმასის სანდლები, სარონგები, ქამარზე 30 სმ-იანი დანები ჰქონდათ ჩამოკიდებული და ტრადიციული ხელჯოხები მოემარჯვებინათ. „როგორც წესი, სამსახურს განათლებული ადამიანები იღებენ“, – ამბობს მელაკოს კონსერვაციის თავმჯდომარე ენდრიუ დოკჰოლე. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ რეინჯერის პოზიციებზე კადრები ავიყვანოთ ადგილობრივი მოსახლეობიდან, – და აგრძელებს, – ეს მათი ერთადერთი შანსია“. NRT უდიდეს დამსაქმებელთა შორისაა ჩრდილოეთ კენიაში. ეს ორგანიზაცია 1300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის – რეინჯერებს, ადმინისტრატორებსა თუ სხვა ტიპის მუშაკებს. თხების ფარაში მოქცეული ქალი წყალს იღებს ჭაბურღილიდან, რომელიც NRT-მ გათხარა ბულესას კონსერვაციაში. ჭები და ირიგაცია იმ მომსახურებათა შორისაა, რომლებიც ტურისტების გადასახადიდან ფინანსდება. შემოსავლის ეს წყარო ფარავს, ასევე, კონსერვაციის საოპერაციო ხარჯებს. „NRT, ფაქტობრივად, ადგილობრივი მთავრობის ფუნქციას ასრულებს“, – აცხადებს ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი მეტ ბრაუნი. თუმცა, აღნიშნული როლი დისკომფორტსაც იწვევს. კრიტიკოსების განცხადებით, NRT ნეოკოლონიური პროექტია, რომელიც ძირს უთხრის კენიის სუვერენიტეტს და იტაცებს მთავრობის პასუხისმგებლობებს. „წესით, NRT-ს უნდა მართავდეს თემი და მისი მესაკუთრეც თემი უნდა იყოს, – ამბობს გარგულე, – მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მისი კავშირები ძალიან მძიმეწონიან, გლობალურ საკონსერვაციო ორგანიზაციებთან“. მსგავსი კრიტიკის ჩასაცხრობად, NRT-მ თავისი აღმასრულებელი გუნდი და დირექტორთა საბჭო, ანგარიშვალდებულების კუთხით, უხუცესთა საბჭოს დაუქვემდებარა, რომელიც თითოეული კონსერვაციის თავმჯდომარისგან შედგება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები – რა ძალას ფლობს ეს საბჭო რეალურად? ლალამპა აცხადებს, რომ NRT არ მიისწრაფვის ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ, მაგრამ ამატებს: „ჩრდილოეთ კენიაში იყო გარკვეული ნაპრალები, რომლებიც NRT-ის კონსერვაციებმა შეავსო“. ამ ყველაფრის მიუხედავად, დაუცველობა კვლავ ავერანებს რეგიონს, განსაკუთრებით გვალვის პერიოდებში ან საინიციაციო რიტუალებისას, როდესაც ბიჭები ხდებიან „მორანები“ – მეომრები; თავიანთი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ისინი ხშირად იპარავენ შინაურ საქონელს, მართავენ ბრძოლებს და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნაირობის ხელისუფლება აგდებულად ეპყრობოდა ქვეყნის ჩრდილოეთს. კოლონიური ბრიტანეთის ახალმოსახლეებსაც ნაკლებად აინტერესებდათ არიდული მიწა და საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ფერმებისა თუ რანჩოებისთვის მისატაცებლად. 1963 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხელისუფლების სათავეშიც ახალი მმართველი ელიტა გამოჩნდა, თუმცა მთავრობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ სამხრეთ კენიელები და ისინიც მსგავსი ნიჰილიზმით გასცქეროდნენ ჩრდილოელებს, რომელთა მომთაბარე, ჯოგური ცხოვრების წესი ართულებდა მათ დამორჩილებასა თუ მართვას. აღნიშნულმა უყურადღებობამ დატოვა ორმო, რომელიც ამოავსო NRT-მ – ადგილობრივ თემებს მიაწოდა საბაზისო სერვისი ერთი პირობით, რომ ისინი დაიცავდნენ თავიანთ ველურ ბუნებას. ეს გახლავთ გარიგების ღია და თამამი სტრატეგია. ნანაპას კონსერვაციაში სპილო ტალახში ჩაფლულა. გზად ჩამავალმა მწყემსებმა მისი გასაჭირი შეატყობინეს რეინჯერებს, რომლებმაც ტრაქტორით, გამწევი თოკითა და საკუთარი ხელებით გაათავისუფლეს ღონემიხდილი ცხოველი. NRT-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკონსერვაციო დირექტორია 68 წლის იან კრეიგი. იგი გახლავთ აღნიშნული ტრასტის მამოძრავებელი ძალა, თუმცა იგი ასევე კრიტიკის ცენტრშია, როგორც თეთრკანიანი მიწის მესაკუთრე კოლონიური წარმომავლობით. ჩვენ ერთად გავისეირნეთ მისი ერთძრავიანი პატარა თვითმფრინავით. „აქ მოქცეულია კენიის ვრცელი მიწები“, – მეუბნება იგი თვითმფრინავის მართვისას, როდესაც თავზე ვუფრენთ რიფტულ ხეობას, ტექტონიკურ ტბებსა თუ ვულკანურ წარმონაქმნებს. NRT წარმოიშვა ლევას ველურ ცხოველთა კონსერვაციის საძირკველზე – 25 000-ჰექტარიანი ველური ბუნების კერძო ნაკრძალი, ერთ დროს საქონლის რანჩო, რომელიც კრეიგის პაპამ 1922 წელს გააშენა. დაახლოებით 50 წლის შემდეგ კრეიგმა ის მემკვიდრეობით მიიღო. იმ დროს იქ ჯერ კიდევ უხვად გვხვდებოდა ბალახნარისა და ტყის ზოლები, მაგრამ როგორც რანჩოს, მაინც უჭირდა განვითარება. „სულ გვალვა იდგა, მოგებას ვერ ვიღებდით, ეს კატასტროფა იყო“, – მეუბნება კრეიგი. 1980-იანი წლების დასაწყისში ის კონსერვაციონისტებმა დაარწმუნეს, რომ 2000 ჰექტარი მიწა შემოღობილი თავშესაფრის სახით გამოეყო შავი მარტორქისთვის; ამ ცხოველზე გაშმაგებით ნადირობდნენ ძვირადღირებული რქების გამო. სპილოებზე ბრაკონიერობაც პიკს აღწევდა აფრიკაში; მათი ეშვების ხელში ჩასაგდებად ათობით ათას სპილოს ხოცავდნენ წელიწადში. მარტორქების თავშესაფარი საკუთარ „ეზოში“, სპილოების ხოცვა-ჟლეტა ახლომახლო… ასეთ რეალობაში კრეიგმა გააცნობიერა, რომ ლევას კონსერვაცია ვერ გადარჩებოდა სრულ იზოლაციაში. ადამიანთა პოპულაცია იზრდებოდა, საქონლის სულადობა მატულობდა, ველურ ცხოველთა სახეობები იკლებდა, ლანდშაფტები უდაბურდებოდა… თუ პრობლემის სათავეში ადამიანი იდგა, მაშინ მისი გადაჭრის გზაც ადამიანებთან უნდა მისულიყო. 1995 წელს კრეიგის ოჯახმა რანჩოს დანარჩენი ნაწილიც ლევას გადასცა. შემდეგ მან დაარწმუნა „ჯგუფური რანჩოს“ (კენიური მიწათსარგებლობის ფორმა, სადაც მცხოვრებლები იზიარებენ საძოვარ მიწებსა და მისი გამოყენების უფლებებს) მესაკუთრე ლაიკიპიაკ მასაები, რომ შეეცვალათ თავიანთი მიდგომა – საქონლის ძოვებიდან გადართულიყვნენ კონსერვაციაზე. ისინი დათანხმდნენ, რომ მიწის გარკვეული ნაწილი გამოეყოთ ველურ ცხოველთა დასაცავად, ხოლო დანარჩენი ემართათ საბალახოების მარეგულირებელი „ძოვის გეგმებით“. ლაიკიპიაკ მასაები მოიხიბლნენ საფარის ტურიზმის ფინანსური პოტენციალით და მომდევნო წელს უკვე ეკოკოტეჯიც გაიხსნა ლევას ჩრდილოეთით. თანდათან ლევას ირგვლივ ფართოვდებოდა ბუფერული ზონა და მასთან ერთად იზრდებოდა კრეიგის ამბიციებიც. მცირე ხნის შემდეგ უკვე დაარსდა კიდევ ერთი – ნამუნიაკის კონსერვაცია. ის მოიცავს მეთიუსის ქედის გრანიტის მწვერვალებს, ბასრ თხემებსა თუ ღრუბლებს აცდენილ ტყიან „კუნძულებს“, რომლებიც ასობით მეტრ სიმაღლიდან გადმოსცქერიან აკაციისა და აფრიკული მირისის სავანას. და ახალ-ახალი კონსერვაციების ტალღა არ წყდებოდა. 2004 წელს კრეიგმა, USAID-ის დაფინანსებით, ხელი შეუწყო უკვე თავად NRT-ის დაფუძნებას ასეთი მისიით: დავუკავშიროთ და დავიცვათ ველურ ცხოველთა სამიგრაციო დერეფნებით „დასერილი“ უზარმაზარი ლანდშაფტები, სადაც ადამიანები თავიანთ საქონელთან ერთად შეძლებენ ველურ ცხოველებთან ჰარმონიულ თანაარსებობას. რეინჯერს მოაქვს ბუნებრივად დაღუპული ლომის გამომშრალი ტყავი, რომელსაც საინიციაციო რიტუალებისთვის გაანათხოვრებენ; ამგვარი მიდგომით, ტრადიციებს გააგრძელებენ ისე, რომ ლომის მოკვლა აღარ დასჭირდეთ. და მაინც, ველურ ცხოველთა პოპულაციასთან ერთად, კონსერვაციებში იზრდება ადამიანთა მოსახლეობაც, შედეგად – მათ შორის კონფლიქტი მწვავდება. „კონსერვაციის ნარატივი არ გახლავთ ეროვნული პარკი ცხოველებით, – ამბობს კრეიგი, – ეს მოდელი გულისხმობს კავშირს“, – ამატებს იგი და თავის სიტყვებში მოიაზრებს საზოგადოებრივი ეროვნული პარკების, კერძო ნაკრძალებისა და სათემო მიწების მოზაიკას ჩრდილოეთ კენიაში. „მიწის ეს უბნები საკმაოდ დიდია, მაგრამ არც იმდენად, რომ ველური ცხოველები გადარჩნენ, ისუნთქონ, გამრავლდნენ… მათ ადგილობრივი თემების დახმარება სჭირდებათ“. მეორე მხრივ, თემები სარგებელს მიიღებენ ველური ბუნების ტურიზმით. კონსერვაციებში ვიზიტისას ტურისტები იხდიან საკონსერვაციო გადასახადს, რომელიც 60/40-ზე იყოფა კონსერვაციის სათემო პროგრამებსა და მის საოპერაციო ხარჯებს შორის – პირველი ნაწილი ხმარდება სკოლის გადასახადებს, წყლის პროექტებსა თუ მკურნალობას, ხოლო მეორე ნახევარი – რეინჯერებს, ავტომობილებსა და აღჭურვილობას. ჩრდილოეთ კენიაში სხვაგან არსად გაუაზრებიათ ტურიზმის პოტენციალი უფრო უკეთ, ვიდრე სარარა-კემპში – ეკოკოტეჯი ნამუნიაკის სამხრეთ ნაწილში. სარარა გაშენდა 1997 წელს, მაშინ „იქ არ იყო მშვიდობა, არც ადამიანებისთვის და არც – ცხოველებისთვის“, – ამბობს საფარის გიდი დანიელ ლენაიპა, რომელიც ამ მხარეში გაიზარდა. უსაფრთხო გარემომ კი დააბრუნა სპილოები, ლეოპარდები თუ აფთრისებრი ძაღლები და მათთან ერთად გამოჩნდნენ უკვე ტურისტებიც. 2019 წელს სარარას ვიზიტორებმა დაახლოებით 350 000 დოლარი შეიტანეს საკონსერვაციო გადასახადების სახით. შემდეგ გავრცელდა კორონავირუსი. „უკანასკნელ 10-15 წელიწადში ჩვენ გვქონდა შემოსავალი, რომელიც რჩებოდა თემებს; წელს კი შეიძლება სრულიად არაფერი არ მივიღოთ, რადგან ჩვენი შემოსავალი წმინდად ტურიზმზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მოზეს ლენაიპა, ნამუნიაკის საბჭოს ყოფილი წევრი. ერთ მწველ დილას ტომ ლეტივას შევხვდი, ნამუნიაკის მენეჯერს. „წელს შემოსავლები ძალიან დაბალი გვექნება“, – ამბობს იგი. COVID-19-ზე კენიის მყისიერი რეაგირებით – სკოლების დახურვა, ნიღბების ტარება კანონის დონეზე, კომენდატის საათის შემოღება ქვეყნის მასშტაბით და საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვა – მოქალაქეები აცნობიერებდნენ, თუ როგორ მწვავე შედეგებს მოიტანდა პანდემია. ნამუნიაკის ბინადრები ხედავდნენ, რომ ტურისტი არსად ჩანდა და, ბუნებრივია, ვერც ფულს მიიღებდნენ, ამბობს ლეტივა. ზოლებიანი გნუები მიაბიჯებენ მასაი-მარას ნაკრძალში, რომელიც სრულად ტურიზმით იღებს შემოსავლებს. როდესაც COVID-19-ის გამო ფრენა შეჩერდა, ბევრმა დაკარგა სამსახური და ზოგიერთმა უკანონო ნადირობასაც კი მიჰყო ხელი. NRT-ის სათემო კონსერვაციები კი ნაკლებადაა დამოკიდებული ტურიზმზე და უკეთაც გაუმკლავდა პანდემიას. NRT-მ შეამცირა შტაბ-ბინების დაფინანსება, თუმცა ლობირებდა დონორებს, რომ ხელუხლებლად დაეტოვებინათ რეინჯერთა და კონსერვაციების საოპერაციოდ გამოყოფილი ბიუჯეტი. ამასთან, გააქტიურდა საზოგადოებრივი დაფინანსებაც. ოლქის ხელისუფლებამ დააარსა 1,1 მილიონდოლარიანი ყოველწლიური ფონდი სამბურუს ოლქის 9 კონსერვაციის დასახმარებლად, ხოლო ეროვნულმა მთავრობამ 2 მილიონი დოლარი გამოყო NRT-ის რეინჯერთა ხელფასების დასაფარად – როგორც ნაწილი COVID-19-ის საწინააღმდეგო მასტიმულირებელი გეგმისა. პანდემიის საწყისი პერიოდიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კენიაში არ აღნიშნულა მნიშვნელოვანი ზრდა უკანონო ნადირობის, მიწების სამეურნეოდ მიტაცების ან განაშენიანების მხრივ – განსხვავებით ტურიზმზე უფრო მეტად დამოკიდებული დაცული ტერიტორიებისგან, როგორიც მასაი-მარას სანადირო ნაკრძალია დასავლეთ კენიაში. და ეს შედეგი არ მიეწერება მხოლოდ სარეზერვო დაფინანსებას, რამაც კვლავ საგუშაგოზე გაიყვანა რეინჯერები. სწორედ სათემო კონსერვაციამ მოიტანა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც წინ აღუდგა ეკონომიკურ კოლაფსს და არ აიძულა ხალხი, მიემართათ ძალადობრივი ქმედებებისთვის. თუმცა, NRT-ის კონსერვაციებში მაინც გაიზარდა არაგარემოსდაცვითი დანაშაულები, მათ შორის, საქონლის მოპარვა, გზატკეცილებზე ძარცვა. აქ შესაძლოა სხვებზე უკეთ გაართვეს თავი პანდემიას, მაგრამ მათაც აშკარად იგრძნეს მძიმე შედეგები – სამსახურის დაკარგვა თუ საქონლის ბაზრის დახურვა. ამასობაში, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სპილოს, ბეიზას (ორიქსების გვარი), ბადისებრი და გრევის ჟირაფების პოპულაციები სტაბილურობას ინარჩუნებს ან კიდეც იზრდება NRT-ის კონსერვაციებში. სპილოებზე ბრაკონიერობა იკლებს და ეს ცხოველიც არეალს იფართოვებს, თუმცა, თავის მხრივ, ამ ტენდენციამ გაზარდა სპილოების ხოცვა შურისძიების მიზნით, რადგან ახლა ისინი უფრო ხშირად თელავენ მოსავალს და თავად ადამიანებსაც კი იწირავენ. გადაძოვება სრულად არ აღმოფხვრილა, მაგრამ საკონსერვაციო საბჭოს ზურგით გამაგრებული „ძოვის გეგმებით“ ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიეცა გარკვეული ძალაუფლება, გაამყაროს პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიან სიკეთეს ემსახურება მოკლევადიანი პირადი ინტერესების სანაცვლოდ. გარგულეს მსგავსი კრიტიკოსების მტკიცებით, NRT-ის ხელმძღვანელობა ზეწოლას მიმართავს სათემო საბჭოებზე, რომ თავიანთი ორგანიზაციის საკონსერვაციო მიზნები გაატარონ მიუხედავად იმისა, ყველა მხარე ისარგებლებს თუ – არა. „NRT იმდენად ძლევამოსილია, რომ ყველაფერზე შეუძლია ზემოქმედება თავისი კონსერვაციების ფარგლებში, – ამბობს გარგულე, – მაგრამ რამდენად ისმის თემის ხმა ამ პროცესში?“ კრეიგი აცნობიერებს, რომ NRT-ის ამოსავალი მიზანია, დაარწმუნოს თემები, დაიცვან ველური ცხოველები. აი, ეს წერტილია, სადაც შემოდის კომპრომისული არჩევანი – ღირებულია თუ არა ეკოკოტეჯის სარგებელი იმდენად, რომ მიწისა და საძოვართა გარკვეული ნაწილები ველურ ცხოველებს დავუთმოთ? გვიღირს კი, მივყვეთ შემზღუდავ „ძოვის გეგმებს“ უფასო სკოლისა და კლინიკის ფასად? რა ბუნებრივი რესურსი უნდა დათმოს თემმა და რას მიიღებს ის საპასუხოდ? გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სპილოების, ორიქსებისა და ჟირაფების პოპულაციები სტაბილურია ან იზრდება NRT-ის კონსერვაციებში. ასეთ არაპროგნოზირებად სამყაროში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს დაფინანსების ახალი და საიმედო წყაროების მოპოვება. „COVID-19 ნიშნავს, რომ რისკი ყველგანაა, მაგრამ, ამასთან, ის გვაძლევს ბიძგს, შევცვალოთ ჩვენი ძველი მიდგომა და წინ წამოვწიოთ საკონსერვაციო საკითხები“, – ამბობს ჯაილს დეივისი, „საკონსერვაციო კაპიტალის“ დამფუძნებელი. აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფი აფინანსებს პროექტებს, რომლებიც იცავს ლანდშაფტებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, დეივისის მშობლიურ კენიაში, სადაც იგი თანამშრომლობდა NRT-სთან. „ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსერვაციის ფოკუსი – არა ის, თუ როგორ გადავარჩინოთ, არამედ, როგორ ავაყვავოთ“. 2020 წელს NRT-სა და მისი 39 კონსერვაციის ოპერირებაზე დაიხარჯა 7 მილიონი დოლარი, რაც, კრეიგის თქმით, მხოლოდ მარცვალია ამ ორგანიზაციის ფართო მიზანთა მასშტაბში. „ეს მართლაც სულ მცირედი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანის ცხოვრებას ცვლის ორგანიზაციის ძალისხმევა“. ამ ადამიანებში კი შედიან დედები, ბავშვები და მოხუცები, მწველი მზის ქვეშ რომ თავიანთ რიგს ელიან კალოს ახალ კლინიკასთან. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მეჯოგეებიც, რომელთაც შინაურ საქონელზე თავდასხმის რისკები შეუმცირდათ ლენამუნისა და მისი კოლეგა რეინჯერთა წყალობით. არიან ასევე ახალგაზრდები, რეინჯერად მუშაობის დაწყებაზე რომ ოცნებობენ მელაკოში. და, მათ შორის, უნდა დავასახელოთ დენიელ ლენაიპაც; მან კარგად იცის, რომ COVID-19-ის დასრულებასთან ერთად ტურისტებიც დაბრუნდებიან ნამუნიაკში, რადგან უსაფრთხოება საიმედოა, ლანდშაფტი – დაცული და ველური ცხოველები ნავარდობენ. ტრისტან მაკკონელი ცხოვრობს ნაირობიში და წერს წიგნს რიფტულ ხეობაზე. დევიდ ჩანსელორმა წლები დაუთმო კონსერვაციის დოკუმენტირებას აფრიკაში. ეს მისი მეორე სტატიაა ჩვენს ჟურნალში. The post მდგრადი კონსერვაცია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა