Jump to content
×
×
  • Create New...

გაუსაძლისი სიცხე


Recommended Posts

  • ფორუმელი

ადამიანის ორგანიზმს სიცხისგან გათავისუფლების ორი ძირითადი გზა გამოუმუშავდა ევოლუციურად: სისხლძარღვები იბერება, სითბო გადადის კანზე და შემდეგ იფანტება; კანი ოფლით იცვარება და აორთქლების შედეგად გრილდება. ამ ორმა მექანიზმმა თუ არ იმუშავა, დავიღუპებით. პრინციპი მარტივი ჩანს, თუმცა პროცესი მეტად კომპლექსურია.

თბური დაკვრისგან დაშავებულის შინაგანი ტემპერატურა იზრდება; გაფართოებული სისხლძარღვების შესავსებად გული და ფილტვები სულ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს. გარკვეულ მომენტში გული ვეღარ აუდის საქმეს. ეცემა წნევა, იწვევს თავბრუსხვევას, ბარბაცს და გაურკვეველ მეტყველებას. ეცემა ნატრიუმის დონე და იწყება კრუნჩხვა. დაბნეული, მბოდავი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდება. 

STOCK-MM9365-h_15105314.jpgნიუ-დელი, ინდოეთი დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს კონდიციონერები „ამშვენებს“. როგორც წესი, მაისში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. ინდოეთის ოჯახების 10%-საც კი არ აქვს კონდიციონერი, თუმცა მასზე მოთხოვნა იზრდება. ფოტო: საუმია ხანდელვალი, NEW YORK TIMES VIA REDUX

რადგან სისხლი გადახურებული კანისკენ მიედინება, ორგანოებს ის ნაკლები მიეწოდება, ეს კი არაერთ ისეთ რეაქციას იწვევს, რომელიც უჯრედებს შლის. ზოგისთვის, შეიძლება, სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევაც კი სასიკვდილო იყოს, ზოგი კი რამდენიმე საათის განმავლობაში 42 გრადუსსაც უმკლავდება. უარესი პროგნოზი, როგორც წესი, ყველაზე მცირეწლოვნებს და ხნიერებს აქვთ. ჯანმრთელი მოხუცებიც კი გამოკვეთილად არახელსაყრელ პირობებში არიან: ასაკთან ერთად, საოფლე ჯირკვლები პატარავდება და, გარდა ამისა, არაერთი ფართო მოხმარების წამალი აქვეითებს შეგრძნებებს. დაშავებულებს, ხშირად, წყურვილი იმდენად არ აწუხებთ, რომ რამე დალიონ. ოფლის გამოყოფა არც განიხილება, რადგან ორგანიზმს გამოსაყოფი სითხე აღარ აქვს. სამაგიეროდ, შეიძლება კანკალი დაიწყოს.

ამ სტადიაზე, სუსტებს შეიძლება გულის შეტევა დაემართოთ, უფრო ძლიერები კი გვირაბული მხედველობის სინდრომს ან ჰალუცინაციებს განიცდიან; ასევე შეიძლება ტანსაცმელიც შემოიხიონ, რომელიც „აალებულ“ ნერვულ დაბოლოებებს ზუმფარის ქაღალდად ეჩვენება. ასეთ დროს გონების დაკარგვა შვებაა, რადგან უკვე სისხლძარღვების დაზიანება იწყება. მას შეიძლება მიჰყვეს კუნთოვანი ქსოვილის დაშლა – მათ შორის გულისაც. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჟონვის შემდეგ კი ტოქსინები სისხლში აღწევს. სისხლის მიმოქცევის სისტემის უკანასკნელი გაბრძოლება სისხლის შედედების მცდელობაა, რაც სასიცოცხლო ორგანოებს – თირკმლებს, შარდის ბუშტს და გულს – კიდევ უფრო აზიანებს. სიკვდილი ახლოვდება.

STOCK-MM9365-GettyImages-1152274316.jpgპარიზი, საფრანგეთი 2019 წლის რეკორდული სიცხის დროს ტროკადეროს შადრევანი ნამდვილი შვებაა. წინა, კატასტროფულმა სითბურმა ტალღამ 2003 წელს, რეფორმებს მისცა ბიძგი. შედეგმა გაამართლა: 2019 წელს მსხვერპლი 90%-ით ნაკლები იყო. ფოტო: სამუელ ბუავენი, NURPHOTO VIA GETTY IMAGES

2003 წლის ზაფხულში მაღალმა ატმოსფერულმა წნევამ დაისადგურა დასავლეთი და ცენტრალური ევროპის თავზე. ხმელთაშუაზღვის თავზე მბრუნავი გიგანტური ცხელი ჰაერის მასა ატლანტის ოკეანიდან უფრო გრილი ჰაერის შემოჭრას კვირების განმავლობაში არ აძლევდა საშუალებას. საფრანგეთში ტემპერატურა უწყვეტად იზრდებოდა და რვა დღის განმავლობაში 40°C-ს აღწევდა, რასაც ხალხი ეწირებოდა.

სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ზაფხულის შვებულებაში იყო, საავადმყოფოები კი მალევე გადაიტვირთა. როდესაც მორგები გადაივსო, მათი ფუნქცია სატვირთო და ბაზრის მაცივრებმა შეითავსა. იმ დროს სახლის კონდიციონერები ფართოდ არ იყო გავრცელებული. კარის შესამტვრევად გამოძახებულ პოლიციას „ბინებში გვამები ხვდებოდა, – იხსენებს საფრანგეთის სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, პატრიკ პელუ, – სრულიად შემზარავი იყო“.

საფრანგეთში იმ სითბურ ტალღას გარდაცვალების 15 000 შემთხვევა მიეწერა. იტალიას კიდევ უფრო არ გაუმართლა, იქ 20 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მთელ კონტინენტზე 70 000-ზე მეტი ადამიანი – მეტწილად ღარიბები, იზოლაციაში მყოფები და ხანდაზმულები – გამოესალმა სიცოცხლეს. როგორც მეცნიერებმა განსაზღვრეს, ევროპაში უკანასკნელი 500 წლის უცხელესი ზაფხული, აშკარად, კლიმატის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული.

გლობალურ დათბობასთან ასოცირებულ კლიმატურ საფრთხეებს შორის (უფრო ძლიერი და გამანადგურებელი ქარიშხლები, გვალვები, ზღვის დონის მატება, უფრო ხანგრძლივი ტყის ხანძრები) სითბური ტალღების მკვეთრი მოზღვავება ყველაზე პირდაპირ და ცხადად აღსაქმელია. გასული ექვსი წელი მთელ მსოფლიოში ისტორიულად ყველაზე თბილი იყო. ევროპაში 2003 წლის საზარელი ზაფხული უბრალო გამონაკლისი არ ყოფილა: მსგავსი რამ კიდევ ხუთჯერ დაატყდა თავს კონტინენტს, 2019 წელმა კი ევროპის ექვს ქვეყანას რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მოუტანა; მათ შორის იყო 46°C საფრანგეთში.

MM9365-200904-08330.jpgპარიზი, საფრანგეთი მორიგი, 2019 წლის რეკორდული სიცხის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტომ ტრამვაის ბაქანზე ნამის აპარატები დააყენა საცდელად. წყლის პაწაწინა წვეთები საკმარისად აგრილებს ჰაერს და მგზავრებს. ფოტო: უილიამ დენიელსი

საუკეთესო გამოსავალი გლობალური დათბობის პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ სათბურის აირების ემისიის უკიდურესი შემცირება იქნება. ამას თუ ვერ შევძლებთ 2100 წლისათვის, აშშ-ში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა წელიწადში 100 000-ს გადააჭარბებს. სხვაგან საფრთხე გაცილებით უფრო დიდია: ერთი ახალი კვლევის თანახმად, მაგალითად, ინდოეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეიძლება 1,5 მილიონს მიაღწიოს. ემისიები რომ შევზღუდოთ კიდევაც, პლანეტა მაინც ათწლეულების განმავლობაში განაგრძობს დათბობას. ტალღა უკვე აგორებულია და ის ძირფესვიანად შეცვლის პლანეტის უდიდესი ნაწილის ცხოვრების წესს. 

უკიდურესი სიცხე, თუნდაც არა ლეტალური, მეტად მავნეა. მკვლევრები მომატებულ ტემპერატურას უკავშირებენ ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობილი და წონანაკლული ბავშვების გაჩენის გახშირებულ შემთხვევებს. ის ასევე მოქმედებს განწყობაზე, ქცევასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. უფრო ცხელი ამინდი, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს ძალადობისკენ ხრის; ბავშვებში აქვეითებს აკადემიური მოსწრების ქულებს და პროდუქტიულობას. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის სიცხე საერთო სამუშაო საათებს 2,2%-ით შეამცირებს, რაც 80 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვის ეკვივალენტია (მეტწილად დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში). მდიდარ ქვეყნებშიც კი დაზარალდებიან გარეთ დასაქმებული, დაბალანაზღაურებადი მუშაკები (მაგალითად, მშენებლები და მიწათმოქმედები). ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, 2050 წლისთვის, გაზრდილი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო, ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში „სამიწათმოქმედო სამუშაოების დღევანდელი სტანდარტი უსაფრთხო აღარ იქნება“.

50 წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიძლება საჰარის მსგავს პირობებში ცხოვრობდეს, სადაც ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა 40˚C-ს აღწევს.

ადამიანი, თავისი მცენარეული კულტურებით და შინაური ცხოველებით, უკანასკნელი 10 000 წლის ევოლუციის განმავლობაში, საკმაოდ ვიწრო კლიმატურ ნიშაში განვითარდა, საშუალო წლიური ტემპერატურით 12,8°C. ჩვენი ორგანიზმი უფრო მაღალ ტემპერატურასთან მარტივად ადაპტირდება, თუმცა სითბოსა და ტენიანობის ამტანობას მაინც აქვს საზღვარი.

ყველაზე ჯანსაღი და სიცხესთან აკლიმატიზებული ადამიანის ორგანიზმიც ვერ გაუძლებს რამდენიმე საათი „სველი თერმომეტრის“ (ტემპერატურისა და ტენიანობის საერთო საზომი, რომელიც აორთქლების გამაგრილებელ ზემოქმედებასაც ითვალისწინებს) 35-გრადუსიან ჩვენებას. ამ დროს ჰაერი იმდენად ცხელი და ტენიანია, რომ ადამიანის ოფლს ვეღარ შეიწოვს. ასეთ პირობებში დიდი დროის გატარება ფატალური შეიძლება გახდეს. კლიმატური მოდელირების პროგნოზით, სამხრეთ აზიასა და ახლო და შუა აღმოსავლეთის ნაწილებში, საშუალოდ 50 წელიწადში, ასეთი სიცხე რეგულარულად გადააჭარბებს კრიტიკულ ზღვარს.

Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული 2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის მესამედი დღევანდელი საჰარის მსგავს პირობებში იცხოვრებს, სადაც ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა 40°C აღწევს. მილიარდობით ადამიანი აღმოჩნდება არჩევანის წინაშე: შედარებით გრილ კლიმატში მიგრირება ან დარჩენა და ადაპტირება. კონდიცირებულ შენობებში თავის შეფარება ერთ-ერთი, თითქოს, აშკარა გამოსავალია, თუმცა კონდიცირება, დღევანდელი ფორმით, თავად უწყობს ხელს პლანეტის დათბობას და, გარდა ამისა, ხელმიუწვდომელია მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. უკიდურესი სიცხის პრობლემა სასიკვდილოდაა გადაჯაჭვული უფრო მასშტაბურ სოციალურ პრობლემებთან, როგორებიცაა საცხოვრებლის, წყლისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ჯოჯოხეთური პრობლემაა.

STOCK-MM9365-h-11_02672184.jpgმექა, საუდის არაბეთი COVID-19-ის შეზღუდვებმა 2020 წლის ივლისში მასჯიდ-ალ-ჰარამში მლოცველთა ნაკადი შეამცირა. ჩვეულებრივ, ჰაჯის ხუთდღიანი რიტუალი იზიდავს მილიონობით პილიგრიმს, მათ შორის მრავალ ხანდაზმულს; დასიცხვის რისკი სულ უფრო გაიზრდება, როდესაც ჰაჯი ზაფხულს დაემთხვევა. ფოტო: Xinhua/eyevine/Redux

ფინიქსი (არიზონა) აშშ-ის ყველაზე ცხელი ქალაქია, სადაც ტემპერატურა 37,8°C ან მეტია წელიწადში სულ ცოტა 110 დღის განმავლობაში. შესაბამისად, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ ფიქსირდება. 2020 წელს მარიკოპის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ, რომელსაც კანონი ავალდებულებს, ნებისმიერი არაბუნებრივი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები გამოიკვლიოს, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 207 შემთხვევა გამოავლინა.

ბიუროს მთავარი გამომძიებელი, მელანი რაუსი ამბობს, რომ შესაძლო დასიცხვით გამოწვეული სიკვდილის ცნობის მიღებისთანავე მისი პერსონალი, პირველყოვლისა, გამოკითხვას უტარებს მათ, ვისაც ბოლოს ჰქონდა ურთიერთობა გარდაცვლილთან. აინტერესებთ, ხომ არ ოფლიანობდა, თავის ტკივილი ან გულისრევა ხომ არ აწუხებდა, ეზოში მუშაობდა თუ არა; ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ხომ არ იღებდა, რასაც თერმორეგულაციისთვის ხელის შეშლა შეუძლია.

გარდაცვალების ადგილზე მისული გამომძიებლები გვამის და ოთახის ტემპერატურას ზომავენ (მათ მიერ დაფიქსირებული ოთახის მაქსიმალური ტემპერატურაა 62,8°C 2017 წელს). ქიმიური ანალიზისთვის მსხვერპლის თვალიდან იღებენ მინისებრ სხეულს (გამჭვირვალე ლაბოვანი ნივთიერება). მაღალ ტემპერატურაზე უჯრედები მალე იშლება, თვალის კაკალი კი დაცული სივრცეა, როგორც რაუსი გვიხსნის. ანალიზით დადგინდება, გაუწყლოებული იყო თუ არა გარდაცვლილი, სისხლში შაქრის შემცველობა ჰქონდა თუ არა მაღალი ან თირკმლის ფუნქცია ხომ არ იყო დაქვეითებული – ეს ყველაფერი სიცხის წინაშე დაუცველობას ზრდის.

STOCK-MM9365-BC0007_171207_2652.jpgაბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები აბუ-დაბის ლუვრი ახლოაღმოსავლური მუშარაბით შთაგონებული გისოსებიანი გუმბათითაა გადახურული. სპარსეთის ყურიდან აორთქლებული წყალი ჰაერს აგრილებს, ქვის იატაკი და კედლები კი ღამის სიცივეს ინარჩუნებს. ფოტო: მატიე პალე

მარიკოპის ოლქში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების ნახევარზე ოდნავ მეტი ღია ცის ქვეშ ფიქსირდება, მეტწილად უსახლკაროთა შორის, დახურულ სივრცეში გარდაცვლილების უმეტესობა კი მობილურ სახლებში ცხოვრობდა, სადაც, ცუდი თერმოიზოლაციის გამო, რთულია სივრცის გაგრილება. მდიდარ ქვეყნებშიც კი დასიცხვას არაადეკვატური საბინაო პირობები უწყობს ხელს. ხოლო ღარიბ ქვეყნებში გაცილებით უარესი ვითარებაა.

როდესაც ინდოეთში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს, მთავრობა ხალხს სახლში დარჩენას და ცივი წყლის სმას ურჩევს, მაგრამ ეს რჩევა უსარგებლოა იმ ათობით მილიონი ადამიანისთვის, რომელთა სახლშიც უფრო ცხელა, ვიდრე გარეთ; ვისაც დენი არ აქვს, რომ ვენტილატორი ან სხვა გამაგრილებელი ჩართოს (ინდოეთის ოჯახების მხოლოდ 8%-ს აქვს კონდიციონერი) და მათთვის, ვინც ნურ ჯეჰანის მსგავსად უსახლკაროა.

ჯეჰანს მთელი ცხოვრება სამხრეთ დელის პარკში ღია ცის ქვეშ აქვს გატარებული. 36 წლის ქალი ყოველ დილას სამსახურში – სამშენებლო ობიექტზე მიდის. მაშინაც კი მუშაობს, როდესაც თერმომეტრი 48°C-ს აჩვენებს. მილიონობით დღიური მუშის მსგავსად, თუ სამსახურს გააცდენს, თავის სამ შვილს ვერ გამოკვებავს. შინ დაბრუნებულს დასაბანი და გასაგრილებელი წყალი არ აქვს, სასმელი წყლის წყარო კი 1,5 კილომეტრშია.

მისი ქმარი რიქშის მძღოლია, მაგრამ საკვებისა და წყლის უკმარისობის გამო სიცხეში ხშირად მისდის გული. ჯეჰანის და აფსანა და მისი სამი შვილი ტროტუარებზე აფენენ ფარდაგებს, რათა დასასვენებლად წამოწვნენ ან დაიძინონ კიდეც. „გამვლელი მანქანები ნიავს წარმოქმნიან“, – ამბობს აფსანა, თუმცა ხშირად, ტროტუარი ღამის ორ საათამდე არ გრილდება.

ფინიქსში არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ჰონდულა იკვლევს უმოწყალო ურბანული სიცხის ზემოქმედებას სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე. ჩვეულებრივ, ის მონაცემებს კონდიცირებულ ოთახში უკირკიტებს, ბოლო დროს კი ქალაქის გავარვარებულ ტროტუარებზე დააბიჯებს – იმ ადგილების დატანა უნდა რუკაზე, სადაც ათობით ათასი საჩრდილობელი ხე უნდა დაირგოს. მზარდი ტემპერატურის საპასუხოდ ამ მეთოდს სულ უფრო ხშირად მიმართავენ მთელ მსოფლიოში. „სიცხის ნაკლები ზემოქმედება რისკს ამცირებს, – ამბობს ჰონდულა, – თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ ხეების დარგვას არ უნდა მივანდოთ ადამიანების დასიცხვით სიკვდილისგან დაცვა“.

კითხვას, თუ რა იქნებოდა უკეთესი, უყოყმანოდ პასუხობს: “საყოველთაოდ ხელმისაწვდომი კონდიცირება”.

STOCK-MM9365-Mandal-Thermal.jpgნიუ-იორკი, აშშ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაზე მიყუდებული პანელი ინოვაციური პოლიმერით არის მოპირკეთებული და კოსმოსში ასხივებს სითბოს; ინფრაწითელ გამოსახულებაზე ჩანს, თუ რაოდენ გრილია ის გარემომცველ ობიექტებთან შედარებით. სახურავზე ასეთი პანელების განთავსებით, შესაძლოა, კონდიცირების საჭიროება შემცირდეს. ფოტო: ჯიოტირმოი მანდალი

ისტორიულად, საცხოვრებლის კონდიცირება ფუფუნებად ითვლებოდა და შენობაში `გამყინვარება“ ძალაუფლებასა და პრესტიჟზე მიანიშნებდა, თუმცა არაერთ ადგილას ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის აუცილებლობად იქცევა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. სასიხარულო ამბავია, რომ კლიმატის მკვლევართა კონსორციუმის – Climate Impact Lab – თანახმად, 2099 წლისთვის ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს როგორც კონდიცირების, ისე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და წელიწადში მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ოთახის კონდიციონერების რაოდენობა მიმდინარე საუკუნის შუაში 5,6 მილიარდს მიაღწევს, დღევანდელი მონაცემით 1,6 მილიარდიდან.

სამწუხარო ამბავი კი ისაა, რომ ჰაერის კონდიცირების თანამედროვე ტექნოლოგია ძალიან დიდ ფასს უწესებს პლანეტას. სისტემათა უმეტესობა ასე მუშაობს: თხევადი მაცივებელი აგენტი ამაორთქლებლის გავლით გამოიფრქვევა შენობის შიგნით დამონტაჟებული კონდიციონერის ნაწილიდან; სითხის აირად გარდაქმნისას აღნიშნული ამაორთქლებელი ჰაერიდან იწოვს სითბოს და სინოტივეს. შენობის გარეთ არსებული კომპრესორი, კონდენსატორი და ვენტილატორი აირს კვლავ სითხედ გარდაქმნის და გამოყოფს სითბოს და კონდენსირებულ წყალს.

ამ მოხერხებულ, ასწლოვან მექანიზმს სამი პრობლემა აქვს. პირველი: ჩვეულებრივ, მაცივებელ აგენტებად გამოყენებული ჰიდრო-ფთორ-ნახშირბადები თავად სათბურის აირებს წარმოადგენენ და მათი გარემოში გაჟონვისას (არასათანადოდ უტილიზაციის შემთხვევაში), შეუძლიათ ნახშირორჟანგზე ათასჯერ მეტად შეუწყონ ხელი გლობალურ დათბობას. მეორე: ჩვეულებრივი კონდიციონერი სითბოს არ აქრობს – უბრალოდ შენობის გარეთ დევნის. ერთი კვლევის თანახმად, ფინიქსში კონდიციონერები ღამით ტემპერატურას მთელი ერთი გრადუსით ზრდიან და, შესაბამისად, იმავე დანადგარებს უფრო ინტენსიურად უწევთ მუშაობა.

და მესამე პრობლემა: კონდიციონერები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს – გლობალური მოხმარების დაახლოებით 8,5%-ს. ელექტროენერგიის უმეტესობა კი ჯერ კიდევ წიაღისეული საწვავით გამომუშავდება. 2016 წელს ნახშირორჟანგის გლობალური ემისიიდან 1,13 მილიარდი ტონა კონდიციონერებზე მოდიოდა; 2050 წლისთვის ამ რიცხვის გაორმაგებაა მოსალოდნელი.

ნათელია, რომ ახალი იდეებია საჭირო. ამისათვის კოლორადოში დაფუძნებული ანალიტიკური ჯგუფის – Rocky Mountain Institute – ხელშეწყობით საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ინჟინრების ამოცანა იყო, შეექმნათ ოთახის კონდიციონერი, რომელსაც დღევანდელ სტანდარტულ დანადგართან შედარებით ხუთჯერ ნაკლები ზემოქმედება ექნებოდა კლიმატზე, დღევანდელი სტანდარტული მოდელის ენერგიის მაქსიმუმ მეოთხედს მოიხმარდა და ფასიც მასზე ორჯერ ძვირი არ უნდა ჰქონოდა.

ზოგიერთმა მონაწილემ უარი თქვა თხევად გამაცივებელ აგენტებსა და ორთქლის კომპრესირებაზე; სანაცვლოდ წარმოადგინა იმედისმომცემი ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ ფართო მოხმარებისთვის მზად არ არის. ერთ-ერთმა გამოიყენა თერმოელექტრული გაცივება, რომელიც შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს სწრაფი გამოყენებისთვის, მაგალითად გამაგრილებელი სასმელის ქილის უცებ გასაცივებლად და არა მთელი ოთახის გასაგრილებლად. სხვა კონკურსანტმა წარადგინა შენობის სახურავზე ნანომასალებით დაფარული პანელების განლაგების იდეა. პანელები აისხლეტდა მზის სითბოს და კოსმოსში მიაბრუნებდა ატმოსფეროს გამჭოლი, ინფრაწითელი ტალღების სახით. პრინციპში, ამის შედეგად შენობის სითბოს კოეფიციენტი რამდენიმე გრადუსით დაიწევდა, თუმცა „პრობლემა არ გადაიჭრება, – ამბობს Rocky Mountain-ის მთავარი მკვლევარი იეინ კემპბელი, – ეს სისტემა ნოტიო კლიმატში არ მუშაობს და პანელებიც აუცილებლად ღია ცის ქვეშ უნდა იყოს“. ათსართულიანი შენობის მესამე სართულის მცხოვრებლებს დიდად არ გამოადგება.

MM9365_200908_011404.jpgკალიფორნია, აშშ სან-ხოაკინის ხეობაში პომიდვრის კრეფას დილის ხუთ საათზე იწყებენ, რათა ნაწილობრივ მაინც მოერიდონ დღის სიცხეს. რადგან ანაზღაურებას დაკრეფილი მოსავლის შესაბამისად იღებენ და არა საათობრივად, მუშები კანონით განსაზღვრულ სამუშაო ნორმებს უგულებელყოფენ. ფოტო: კარლა გაჩეტი

ოთხივე ფინალისტი ეყრდნობოდა ტრადიციულ, ორთქლის დაწნეხის მეთოდს, თუმცა ყველა მათგანი გაუმჯობესებული იყო ახალი მაცივებელი აგენტებით, რომლებსაც სათბურის ეფექტის გამოწვევის ძალიან დაბალი ან ნულოვანი მაჩვენებელი აქვთ; ასევე აღჭურვილი იყო ჰიპერქმედითი ამაორთქლებლისა და კონდენსატორის სისტემებით. ორი გამარჯვებული გუნდი (Team Daikin და Team Gree) კონდენსატორების გასაგრილებლად წყალს მოიხმარს და არა ჰაერს, რითაც ენერგიაზე მოთხოვნას ამცირებს, ერთი მათგანი კი მზის პანელებსაც იყენებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროდ. ორივე დანადგარს მაღაზიის თაროებზე 2025 წელს ელოდებიან. მათი ფასი სტანდარტულზე, დაახლოებით, ორჯერ ძვირი იქნება, თუმცა საექსპლუატაციო ხარჯი იმდენად მცირეა, რომ, კემპბელის თქმით, მომხმარებელი ამონაგებს სამ წელიწადში მიიღებს.

არქიტექტორი და ინჟინერი ფორესტ მეგერსი პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს სხვა ტიპის სისტემაზე, რომელიც აგრილებს არა ოთახის ტემპერატურას, არამედ ადამიანს – კედელზე დამაგრებული წყლით სავსე მილებიანი პანელები ადამიანის კანიდან გამოსხივებულ სითბოს შთანთქავს.

ამ გამოგონების პროტოტიპი სახელად Cold Tube (ცივი მილი) მეგერსის ლაბორატორიაში კიდია და ლურჯი პლასტმასის ჩხირებით ნაქსოვ ფარდაგს მოგაგონებთ. დღევანდელივით 30-გრადუსიან სიცხეში, ამ წვრილი მილების შევსება 17°C-იანი წყლით ლაბორატორიის თანამშრომლებს 24°C-ის შეგრძნებას მიანიჭებს, ოთახის კარი ბოლომდე ღიაც რომ იყოს.

არქიტექტორები ადრეც იყენებდნენ ასეთ გამაგრილებელ პანელებს ჭერსა და კედლებზე, თუმცა ყოველთვის ჰაერსაშრობთან ერთად, იმისათვის რომ წყალი არ კონდენსირებულიყო პანელებზე და ოთახში არ „ეწვიმა“. მეგერსმა პანელებს უბრალო პოლიეთილენის მემბრანა ჩამოაფარა, რომელიც მილებს ნოტიო ჰაერისგან იცავს, მაგრამ გამოყოფილი სითბოსთვის ბარიერს არ წარმოქმნის. პრობლემაც ასე გადაიჭრა.

Cold Tube-ი პირველად ჭარბტენიან სინგაპურში გაიგზავნა, სადაც ამ სისტემამ კომფორტული (თუმცა არა ცივი) გარემო შექმნა ტრადიციულ კონდიციონერზე ორჯერ ნაკლები ენერგიის დანახარჯით. უფრო მშრალ გარემოში, სადაც კონდიციონერებს ჰაერის გაშრობაზე ზრუნვა დიდად არ უწევთ, დანაზოგი ასეთი მკვეთრი არ არის. თუმცა, მეგერსის თქმით, მემბრანით იზოლირებული რადიატორი-პანელები, მაინც უფრო ქმედითია, ვიდრე სტანდარტული სისტემები.

რადგან პანელები ადამიანის სხეულს აგრილებს და არა უზარმაზარი მოცულობის ჰაერს, მათი გამოყენება ღია ცის ქვეშაც შეიძლება, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებსა თუ კაფეებში. მთავარი გამოწვევა ამ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვაა და, მეგერსის აზრით, ამას ხალხის დამოკიდებულება განაპირობებს. „ინჟინრები მიჩვეულნი არიან, ზაფხულში კომფორტი და გაგრილება კონდიცირებას დაუკავშირონ“, – ამბობს იგი.

MMi8851_180406_2446.jpgბელუჯისტანი, პაკისტანი დასავლეთ პაკისტანის უდაბნოს გადაკვეთისას ინდუისტ პილიგრიმებს ხშირად მისდით გული. როდესაც სხეულის ტემპერატურა მაღლა იწევს, გული მეტი დატვირთვით მუშაობს, რომ კანს მიაწოდოს სისხლი; ამოცანას სათანადოდ თუ ვერ გაუმკლავდება, წნევა მკვეთრად დაეცემა. რისკი განსაკუთრებით დიდია მოხუცთათვის. ფოტო: მატიე პალე

ნიუ-იორკი ქალაქის უბნების სიცხის მიმართ მგრძნობელობას რამდენიმე რისკფაქტორით აფასებს: სიღარიბე, კონდიცირების ხელმისაწვდომობა, მწვანე სივრცეების არსებობა. ზემო მანჰეტენის ერთ-ერთი უბნის, აღმოსავლეთ ჰარლემის ინდექსია 5 – ყველაზე უარესი. აქ სიღარიბის 31%-იანი მაჩვენებელი ქალაქის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მაღალია და კონდიციონერის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წილი აქვს – 88%.

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს არაკომერციული ორგანიზაციის (WE ACT for Environmental Justice) ხელმძღვანელ სონალ ჯესელს შევხვდი და აღმოსავლეთ ჰარლემის ქუჩებს გავუყევით ფეხით. ჯესელმა ყურადღება მიმაპყრობინა მრავალბინიანი შენობისკენ, სადაც კონდიციონერებსა და ფანჯრებს შორის ღრიჭოები პირსახოცებით იყო ამოვსებული.

„ალბათ გადასახადებს ვერ აუდიან“, – მეუბნება იგი. აღმოსავლეთ ჰარლემში შავკანიანი მოსახლეობა 27%-ს შეადგენს. ისინი კი წელიწადში საშუალოდ ასობით დოლარით მეტს იხდიან ელექტროენერგიაში, ვიდრე მსგავსი შემოსავლის მქონე თეთრკანიანი ოჯახები.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) კვლევის თანახმად, ნაწილობრივ რასობრივი დისკრიმინაციის მემკვიდრეობის გამოა, რომ შავკანიანი ამერიკელები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, რადგან ნაკლებ დოვლათს ფლობენ და, შესაბამისად, ნაკლებად ხელეწიფებათ ფულის ჩადება უკეთეს თერმოიზოლაციასა თუ კონდიციონერებში. მათ ძველ შენობებში ბევრად ხშირია გაჟონვა; ერთ სივრცეში ხალხი უფრო მჭიდროდ ცხოვრობს. ჯესელის თქმით, „თუ კონდიცირებულ მისაღებ ოთახში კიდევ სამი ადამიანი ხმაურობს და მუშაობასა ან მეცადინეობაში ხელს გიშლის, სხვა ოთახში გადაინაცვლებ და იქ კიდევ ერთ კონდიციონერს ჩართავ“.

ქუჩებში ცოტა ხეა, სითბოს გამოყოფს ტროტუარები, შენობები, მანქანის ძრავები და გამოსაბოლქვი მილები… ცარიელ ნაკვეთებზე სარეველა ამოსულა, გადაუხურავ ავტობუსის გაჩერებებზე ხალხი მარაოებს ინიავებს, მაღაზიები პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიხურა. „ამ ადგილების დაცარიელება უბანს ანადგურებს“, – მეუბნება ჯესელი.

გარდა ამისა, უბნის დაცარიელებას შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო დაუცველი გახადოს სიცხის წინაშე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ერიკ კლინენბერგმა, ჩიკაგოს 1995 წლის სითბური ტალღის კვლევისას დაადგინა, რომ დაბალშემოსავლიან უბნებში, სადაც ცოცხალი საჯარო სივრცეები იყო და დატვირთული კომერციული საქმიანობა მიმდინარეობდა, ნაკლები იყო დასიცხვით გამოწვეული სიკვდილიანობა. მან ივარაუდა, რომ ნაკლებად ცოცხალ უბნებში ხალხი გაცილებით უფრო იშვიათად გადიოდა გარეთ შვების მოსაპოვებლად ან მეზობლისათვის დახმარების სათხოვნელად, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, წასასვლელიც ბევრი არსად ჰქონდათ და ზოგს ქუჩაში გავლისაც კი ეშინოდა. ამიტომ ბევრი შინ რჩებოდა (ხშირად ჩარაზული კარ-ფანჯრით, მძარცველებისგან დასაცავად) და იხუთებოდა, მათ შორის, სასიკვდილოდაც.

მსოფლიოს არაერთი ქალაქის მსგავსად, ნიუ-იორკშიც მოქმედებს რამდენიმე ათეული ცენტრი, სადაც სითბური ტალღის დროს საზოგადოებას გაგრილება შეუძლია. ნიუ-იორკში ასეთი ცენტრებია: ბიბლიოთეკები, სკოლები, ხანდაზმულთა კლუბები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც ღამით იკეტება და ბევრმა ადამიანმა მათი არსებობის შესახებ არც იცის. ზოგს საკუთარი ბინის უყურადღებოდ დატოვება არ უნდა, მძარცველთა შიშით (როგორც ჩიკაგოში). ფინიქსელ უსახლკაროებს თავიანთი ნივთების მიტოვებას და გრილი შენობისათვის თავის შეფარებას ურჩევნიათ, ასფალტზე გაშლილ კარავში დაიხრუკონ – როგორც André House of Hospitality-ს თანამშრომელი ეშ ასი ამბობს.

უკიდურეს სიცხესთან გამკლავება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ის სხვა, უფრო დიდ სოციალურ პრობლემებთანაა გადაჯაჭვული, თუმცა რაღაც დადებითი ამაშიც არის, რადგან ყველაზე დაუცველთა ცხოვრებას თუ გავაუმჯობესებთ, სიცხის მიმართ მედეგობასაც გავაძლიერებთ.

2003 წლის სითბური ტალღა ევროპაში გარდამტეხი მოვლენა იყო, რომელმაც მასშტაბურ რეფორმებს ჩაუყარა საფუძველი. ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთმა ხანდაზმულთა სახლებში კონდიციონერების დაყენების განკარგულება გასცა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სატელეფონო დახმარების სისტემა დანერგა, გააძლიერა სიცხის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემები და წამოიწყო მასობრივი საზოგადოებრივი განათლების კამპანია დასიცხვის პრევენციისთვის. მაღალი ტემპერატურის მორიგი ციკლის დროს ამ ზომების დამსახურებად ჩაითვალა სიკვდილიანობის ათმაგად შემცირება. 

დანამდვილებით ვიცით, რომ მაღალი ტემპერატურის ტალღები კვლავ იქნება და მხოლოდ კონდიციონერები ვერ დაგვიცავს ფატალური შემთხვევებისგან. ხალხს მაინც დასჭირდება და მოუნდება გარეთ გასვლა.

ასე რომ, მთელი მსოფლიოს ცხელ ქალაქებში მზის სხივებისაგან დასაცავად რგავენ ხეებს და ხვიარა მცენარეებს, ღებავენ სახურავებს და შენობების თავზე აშენებენ ბაღებს; ტროტუარებსა და პარკებში საჩრდილობელ ნაგებობებს დგამენ. სათამაშო მოედნებზე აყენებენ ნამის აპარატებს და სასხურებლებს. მკვლევრების გამოთვლით, ნიუ-იორკში ხმელეთის 17%-ზე რომ დაირგოს ხეები და ყველა სახურავი ისე დამუშავდეს, რომ მზის რადიაცია აირეკლოს და არ შთანთქას – ქალაქის საერთო ტემპერატურა დაახლოებით ერთი გრადუსით დაიწევს.

„არ ვიცით, რამდენად საკმარისი იქნება ამ ბერკეტების გამოყენება კიდევ ნახევარი გრადუსით დათბობის შემთხვევაში“, რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნის ბოლოს პროგნოზირებულ სამი გრადუსით დათბობაზე, – ამბობს კრისტი იბაი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში იკვლევს გლობალური დათბობის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, – თუმცა სრული უმოქმედობა ნამდვილად არ გამოგვადგება“.

STOCK-MM9365-DSCF0253.jpgდაშთე-ლუთი, ირანი მომთაბარეები დაშთე-ლუთის უდაბნოში დაბანაკდნენ, რომელიც არც ისეთი უსიცოცხლოა, როგორიც ჩანს. მეცნიერთა ჰიპოთეზით, გზას აცდენილი და აქ დაღუპული გადამფრენი ფრინველების ლეშით საზრდოობს მელა, გეკონი და გადამფრენი კალია. ფოტო: მატიე პალე

დამთბარ მომავალში გადასარჩენად აუცილებელი იქნება, მშენებლობისადმი მიდგომას გადავხედოთ. XX საუკუნის შუა წლებამდე შენობათა უმეტესობა კლიმატის გათვალისწინებით იყო დაპროექტებული. ჭერის ვენტილატორი, რომლებიც კონდიციონერზე ათასჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მოდერნისტული არქიტექტურის ზეგავლენამ (თავისი ნაკლებად ფუნქციური ფანჯრებით) მთელი მსოფლიო დამოკიდებული გახადა მექანიკურ კონდიცირებაზე.

კლიმატზე მორგებული არქიტექტურა კვლავ იძენს პოპულარობას, თუმცა ცხოვრება უკვე აშენებულ ქალაქებში გვიწევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავანგრიოთ ან ძირფესვიანად გადავაკეთოთ ასობით ათასი, უვარგისი თბოიზოლაციის მქონე, ენერგოტევადი, მრავალსართულიანი სახლი. პენსილვანიის უნივერსიტეტის არქიტექტორი დენიელ ბარბერი, სანაცვლოდ, ჩვენი მოლოდინების შეცვლას გვთავაზობს. იგი ამბობს, რომ დროა „შევეგუოთ და დავაფასოთ კიდეც დისკომფორტი“. წინათ ზაფხულის სიცხე მდიდრებისთვისაც მისაღები იყო. ბარბერი თვლის, რომ თავიდან უნდა ვისწავლოთ სიცხის ატანა.

ბარბერის ხედვით, ენერგიის მშთანთქავი გლობალური ჩრდილოეთი, რომელიც ჭარბ კომფორტში ნებივრობს, „თერმული სიმდიდრის“ საკუთარ წილს ენერგიით ღატაკ გლობალურ სამხრეთს გაუნაწილებს, იქამდე მაინც, სანამ წიაღისეულ საწვავზე უარს ვიტყვით. „არქიტექტორებს იმის ცოდნაც აქვთ და ბერკეტებიც, რომ მექანიკურ გაგრილებაზე ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ“, – ამბობს ბარბერი. ახლა მათი ამოცანაა, დისკომფორტი კულტურულად სასურველი და მოდურიც კი გახადონ.  საკუთარი თავისთვის დისკომფორტის დაწესება რთული დასანერგი იქნება მდიდარი ქვეყნების ფართო მასებში და თვით ბარბერიც აცნობიერებს ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობის საზღვრებს. „60°C-ის შემთხვევაში ღმერთს ვთხოვ, კონდიციონერი მეც მქონდეს და თქვენც, – ამბობს იგი, – მაგრამ თუ 30°C-ია გარეთ, თუ შეიძლება, უბრალოდ ფანჯარა გააღეთ“.

ელიზაბეთ როიტი National Geographic-ის ბეჭდური და ონლაინგამოცემისთვის ხშირად აშუქებს მოხმარებისა და ნარჩენების, საკვების და სოფლის მეურნეობის საკითხებს. იგი სამი წიგნის ავტორია.

The post გაუსაძლისი სიცხე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   364 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 363 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(14)
    • YandexBot(9)