Jump to content
×
×
  • Create New...

გველები და მათთან მოქცევა


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჩემთვის ვარკვევდი დ აბარემ გაგიზიარებთ, ვითომ ტუტორიალია : ბოლი:

795f6ff9-de58-4088-a8fc-979de7373ee0_w15

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ შეგხვედრიათ გველი? რას შვებით ამ დროს?ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება და ყვირის, ზოგი თან გარბის და თან ყვირის.

თუ გველი აქამდე არსად გინახავს, ზაფხულის პერიოდი ის დროა როცა მათი ნახვის შანსი იზრდება. სოროდან გამოსულები გრილი ადგილების საძებნელად ახალი ტერიტორიებისკენ მიილტვიან, შეიძლება სარდაფში ჩავიდეს, სახლში შევიდეს ან რომელიმე ბუჩქის ძირას შეისვენოს. წელს, იანვრიდან დღემდე, თბილისში 234 ქვეწარმავალი დაიჭირეს და ყველაზე მეტი სწორედ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში.

როგორ ვიქცევით თუ გველი შეგვხვდა? 

 

ჰერპეტოლოგი [ ქვეწარმავლების სპეციალისტი ] შოთა ზანდუკელი გვირჩევს რომ გველისგან თავდაცვის ყველაზე სწორი გამოსავალი განრიდებაა. გველის მოკვლის მცდელობა შეიძლება თავდასხმის, უფრო სწორად, გველის მხრიდან თავდაცვის მიზეზი გახდეს და უკბინოს ადამიანს. „თავად გველი შეტევაზე არ გადადის, თუ მას საფრთხის განცდას არ შევუქმნით. თუკი თბილისის ტერიტორიაზე ნახავთ გველს შეგიძლიათ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დარეკოთ და განარიდებენ გველს თქვენს მიმდებარე ტერიტორიას.

როგორ გავარჩიოთ გველი შხამიანია თუ არა?

შხამიანი გველი ბევრად სქელია ვიდრე მისი ზომის გველები, აქვს ვერტიკალური თვალის გუგა, ვიწრო კისერი, მოზრდილი მასიური თავი და პატარა კუდი.

e041555c-2a02-43db-bce6-d3e1352823c6_w65

რადგანაც შეშინებულ ადამიანს დიდად არც აქვს თავი, რაციონალურად შეაფასოს გველის ფიზიკური მონაცემები, ჰერპეტოლოგო გვირჩევს უბრალოდ მოვშორდეთ იმ ადგილს და გველიც განაგრძობს გზას.

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, თუ გველმა გვიკბინა?

თუკი გველმა გიკბინათ, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაწვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რომ სისხლმა სწრაფად არ იმოძრაოს, იყოთ უძრავად და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. თუკი გველი შხამიანია, კბენიდან მალევე იწყება წვის შეგრძნება და ტკივილი, დალურჯება და ჩაშავება. ამიტომ მნიშვნელოვანია სასწრაფოს დალოდება

არ შეიძლება:

  • ალკოჰოლის დალევა
  • ნაკბენის დასერვა
  • ნაკბენის ამოწოვა
  • ლახტის დადება,გადახვევა
  • არც სპირტის წასმა. მოკლედ, არაფერი...

შხამიანი იყო თუ არა გველი, ამას ნაკბენითაც მიხვდებით, თუკი ორი კბილის კვალი გეტყობათ, დიდი ალბათობით, გველი შხამიანი იყო. მრავლობითი ნაკაწრის შემთხვევაში შეიძლება დამშვიდდეთ- თქვენ უვნებელ გველს გადაეყარეთ. ასეთ დროს დეზინფექციის საშუალების გამოყენება დასაშვებია (სპირტით ან წყლით ჩამობანა)

სად რომელი გველი ბინადრობს?

სულ საქართველოში 24 სახეობის გველია, მათგან 8 შხამიანი გველგესლა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათოა გიურზა, ის ძირითადად კახეთის რეგიონში, ქვემო ქართლსა და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებსა და ველებზე გვხვდება. ამ რუკაზე საქართველოში ბინადარ გველებს შეხვდებით.

47f90e72-9d23-47a3-b66a-fa5ef017274b_w65

ჩამოთვლილი გველებიდან 5 მათგანი წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათ და გადაშენების პირას მისული სახეობები.

  • კავკასიური გველგესლა
  • დასავლური მახრჩობელა
  • საყელოიანი ეირენისი
  • ხვლიკიჭამია გველი
  • დინიკის გველგესლა
გველხოკერა
გველხოკერა

არიან გველები და არიან გველისმაგვარი ხვლიკები (გველხოკერები), რომლებიც ჰერპეტოლოგის თქმით სრულებით უვნებლები არიან. “გველხოკერა თბილისის გარშემო და რეგიონებში ხშირად გვხვდება. არიან უფეხო ხვლიკები და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, არ იკბინებიან. მღრღნელებს ანადგურებს, პატარა ზომის გველებსაც კი ჭამს და სრულებით უვნებელი არსებაა, რაც არ უნდა მოხდეს ის არ გვიკბენს .”- გვიხსნის ექსპერტი.

----------------------

----

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

 

რამდენად საშიშია გველის ის სახეობები, რომელიც აჭარაშია გავრცელებული და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გველმა დაგესლა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსი, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორი, გურამ წიკლაური საუბრობს.

 

ბატონო გურამ, საქართველოში გავრცელებული გველის სახეობებიდან რომელი გვხვდება აჭარაში და რამდენად საშიშია მათი ნაკბენი ?

 

საქართველოში დაახლოებით 22 სახეობის გველია გავრცელებული. აქედან 4-5 სახეობის გველია უფრო შხამიანი. ყველაზე შხამიანია გიურზა, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული და რეალურად ერთადერთი გველია საქართველოში, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აჭარაში გავრცელებულია კავკასიური გველგესლა, მისი ნაკბენი ადამიანს ვერ კლავს, მიუხედავად იმისა, რომ ინტოქსიკაცია საკმაოდ ძლიერია. სხვა შხამიანი გველი აჭარაში არ გვხვდება.

 

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პირველ რიგში, თუკი გველმა უკბინა? არის მოსაზრება, რომ ნაკბენი პირით უნდა ამოიწოვოს ან ლახტი უნდა იქნას გადახვეული. რამდენად სწორია ეს მეთოდი?

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლახტის გადაჭერა, რადგან მაინც არ შველის. შხამი სისხლძარღვებით კი არ ვრცელდება, არამედ ლიმფური სადენებით, რასაც ჩვენ ვერ გადავკეტავთ. რაც შეეხება პირით ამოწოვას, ასეთი რამ მეც გავაკეთე, როცა მიკბინა შხამიანმა გველმა. ამ პროცედურას სჭირდება 15-20 წუთი. უნდა ამოწოვო და გადანერწყვო. თუმცა, ესეც არ არის კარგი რჩევა, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს პირის ღრუში აქვს რაიმე დაზიანება, მაგალითად ღრძილებიდან ან კბილიდან სისხლდენა, ამ შემთხვევაში შეიძლება შხამი სისხლის მეშვეობით გადავიდეს ორგანიზმში. მთავარია შხამი არ მოხვდეს სისხლში, კუჭში მოხვედრა არ არის საშიში, რადგან ნერწყვი და კუჭის წვენი შლის შხამს.

 

დაგესვლიდან  რამდენი საათის განმავლობაში უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს, რომ არ დაიღუპოს?

 

 

1-2 საათის განმავლობაში ადამიანს გიურზას ნაკბენიც არ კლავს. აჭარის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია ადამიანის სიკვდილი. გიურზას ნაკბენის შემთხვევაშიც შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში მიმართო ექიმს. თუმცა, აქ  გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. ბავშვის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო სუსტია და მეორე ეს არის ალერგიული ფაქტორი. ნებისმიერი შხამი არის მძლავრი ალერგენი, ამიტომ, თუ ადამიანი არის ალერგიული, შხამმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შოკი და ეს გახდეს სიკვდილის მიზეზი. იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაშიც კი.

 

რა ადგილას არის ნაკბენი ყველაზე საშიში?

 

 

სხეულის კიდურებზე – ხელზე ან ფეხზე ნაკბენი შედარებით უსაფრთხოა, ყველაზე საშიშია თავსა და მკერდზე ნაკბენი.

 

 

 რამდენად შესაძლებელია, რომ შხამის საწინააღმდეგო შრატი სახლის პირობებში შევინახოთ და გველის დაკბენის შემთხვევაში გამოვიყენოთ?

 

არავითარ შემთხვევაში. შრატი შეიძლება გაუკეთდეს ადამიანს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. უფლებაც არ აქვს ადამიანს, რომ იყიდოს და სახლში შეინახოს, რადგან შრატს აქვს მოკლე ვადა შენახვის. თუ გაფუჭებულ შრატს გაუკეთებ პაციენტს,  ვადაგასული შრატი მოკლავს. 

 

გველებისგან თავდაცვის მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდს, განსაკუთრებით სოფლებში. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

 

 გოგირდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მას დახურულ სივრცეში იყენებ. თუ არსებობს ეჭვი, რომ სარდაფში ან ოთახში შესულია გველი, რომ დაწვათ გოგირდი და გველს დავუტოვოთ გასასვლელი, მაშინ გავა გველი, მაგრამ ღია სივრცეში არ იმოქმედებს. ყველაზე კარგი პრევენციაა, ეზოში ბალახის გათიბვა, რადგან ზაფხულში ბალახს გველი იყენებს მზისგან თავშესაფრად. ასევე საშენი ან სხვა მასალები არ უნდა იყოს ეზოში, რომ გველმა არ გამოიყენოს თავშესაფრად.  

 

 

ყველაზე აგრესიული როდის არის გველი, სეზონს აქვს მნიშვნელობა?

 

 

საერთოდ, გველი ადამიანის მიმართ აგრესიული არ არის. ყველა კბენის შემთხვევა არის თავდაცვა. თუ ადამიანი ძალიან მიუახლოვდა ან ფეხი დააბიჯა, ამ შემთხვევაში კბენს ხოლმე.

 

ღამით თუ გვხვდება გველი, ან წყალში თუ არის ის საშიში?

 

შემოდგომაზე უფრო აქტიურია გველი. ზაფხულში, როცა სიცხეა, პრაქტიკულად არ შეგხვდება. უფრო აქტიურია დილით და ღამე. რაც შეეხება წყალს, არის ასეთი სახეობა -ესკულაპის მცურავი, რომელიც იზრდება ორნახევარ მეტრამდე და რატომღაც მისი ყველას ეშინია, მაგრამ ის არ არის საშიში, თუმცა, ზოგადად, შხამიანი გველი წყალშიც იკბინება.      

პპპსსს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გველის ნაკბენის შემთხვევაში სწორად მოქცევის რჩევებს აძლევს.

 

გველის ნაკბენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი, რომელთაგან შხამიანი გველების გავრცელების არეალებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 138000-მდე იღუპება, ხოლო დაახლოებით სამჯერ მეტს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად  სჭირდება ქირურგიული მკურნალობაც, ამპუტაციის ჩათვლით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გველის მიერ დაკბენილთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სამედიცინო სერვისების ნაკლოვანებისა და მოსახლეობისგან ხელმიუწვდომლობის გამო ძალიან პრობლემურია. ასევე საკმაოდ პრობლემურია შხამიანი გველის შხამის საწიანააღმდეგო ანტიტოქსინებისა და იმუნოგლობულინების წარმოების მოცულობაც, რაც არ იძლევა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. გველის თავდასხმისა და კბენისგან დაზარალებულები ძირითადად სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან. 

მსოფლიოში 600 სახეობამდე გველია, რომლთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი  აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულით, ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს. ძლიერი სიცხეების დროს გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს. 

გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია. 

შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება:

  • კანზე გველის კბილის ნიშანი; 

  • სისხლმდენი ჭრილობა; 

  • მხედველობის ბუნდოვნება; 

  • დაკბენის ადგილის წვა; 

  • კრუნჩხვა; 

  • დიარეა; 

  • თავბრუსხვევა; 

  • ოფლიანობა; 

  • გრძნობის დაკარგვა; 

  • ცხელება; 

  • წყურვილის შეგრძნება; 

  • ქსოვილის ლოკალური კვდომა; 

  • კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა; 

  • გულისრევა, ღებინება; 

  • გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში; 

  • პულსის აჩქარება; 

  • მწვავე ტკივილი; 

  • კანის გაფერმკრთალება; 

  • ნაკბენის შეშუპება; 

  • საერთო სისუსტე.

გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის ნაკბენისას ყოვლად დაუშვებელია: 

- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა; 

- ნაკბენი არის გაკვეთა; 

- მოწვა; 

- ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი); 

- ლახტის დადება; 

- ყინულის დადება; 

- სპირტიანი სასმელის მიღება; 

- არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;

 

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

  • დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი; 

  • გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. 

  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს კბენა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან; 

  • ეცადეთ დაკბენილიც და თანმხლებიც იყოთ მშვიდად. დაკბენილი პიროვნება დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. დაზიანებული (დაკბენილი) არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;

  • თუ კბენა მოხდა ხელის არეში მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება;

  • თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი  შხამიანი იყო;

  • რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნები – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა;

  • თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში (პარკი). მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა.

  • სამედიცინო დაწესებულებებში გველის ნაკბენის შემთხვევაში, მკურნალობისთვის გამოიყენება მონო (თუ გველის სახეობა იდენტიფიცირებულია) და/ან პოლივალენტური (თუ სახეობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა) გველის შხამის საწინააღმდეგო შრატები. 

პრევენცია

  • მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს არ ეცადოთ მისი ხელში აღება, ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს. 

  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არაა შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი.

  • ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის პროვოცირებით (გაღიზიანებით). 

  • თუ  ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა). 

  • თუ თან გაქვთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.

Edited by Dude
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   414 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 414 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)