ფორუმელი Moor Posted 6 ივნისი, 2021 Posted 6 ივნისი, 2021 „რითი დაიწყო ყველაფერი?“ კითხვას სვამს ევერარდო ჩაბლე. იგი სკამზეა დაყრდნობილი თავის მისაღებ ოთახში, გარეთ კი მზის უკანასკნელი სხივები კრთება. ერთადერთი ხმა იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ პატარა მექსიკურ დაბაში მისი მამის მიერ ეზოში აჟღერებული მუსიკაა. იგი ლაპარაკს იწყებს. „ათასწლეულების განმავლობაში მაიას ხალხი მეფუტკრეობას მისდევდა. შემდეგ მოვიდნენ მენონიტები მძლავრი მანქანებით და დაიწყეს ტყის დიდი მასივების კაფვა, სადაც ფუტკრები იკვებებოდნენ. ჩვენ ხელუხლებელი ტყეები გვქონდა უფაქიზესი ეკოსისტემებით – ირმები, ტუკანები – მაგრამ, უმთავრესად, ფუტკრები, რომლებიც სულს უდგამდნენ აქაურობას. გაუტყეურებამ ათასწლოვანი წესრიგი დაარღვია და ყველაფერი გაანადგურა“. ახალგაზრდა მეფუტკრე ჩაბლე გვიყვება, რომ 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, მაიას ხალხის მეფუტკრეებმა იუკატანის ნახევარკუნძული, რომელიც მათი წინაპრების ტაძრებისა და მექსიკის უდიდესი ტროპიკული ტყის ადგილსამყოფელია, მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თაფლის მწარმოებლად აქციეს. თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ უწევთ რეგიონის გაყოფა სხვა თემთან – ძველი კოლონიების მენონიტებთან. ჩაკეტილი რელიგიის ყველაზე კონსერვატორი წარმომადგენლები, ეს მენონიტები, თავიანთი XVI საუკუნის წინაპრების ენაზე – ქვემოგერმანულად – მეტყველებენ და ერიდებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომობილებს, ტელეფონებს და ელექტროენერგიას – მაგრამ არა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მათ იუკატანის ტყეების უზარმაზარი ნაკვეთები სახნავ-სათეს მინდვრებად გარდაქმნეს. „ამ მიწებზე ყველა პირვანდელი მცენარე, ყველა ცხოველი გაქრა და დღეს ახალი სახეობა გაჩნდა – ტრანსგენური სოია“, – გვიყვება ჩაბლე. მეფუტკრეთა თქმით, მენონიტების მსხვილმასშტაბიანი სოფლის მეურნეობა – განსკუთრებით კი ტრანსგენური, ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმ) სოია და მის დასაცავად უხვად გამოყენებული პესტიციდები – ანადგურებენ მათ სკებს და წამლავენ მათ თაფლს. 2012 წელს მეფუტკრეებმა სასამართლო დავა მოუგეს მექსიკის მთავრობას. 4 წლის წინ მექსიკის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა ტრანსგენური სოია, თუმცა აქ, ადგილზე, ცოტა რამ შეიცვალა. „თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ჩვენ ფუტკრებს დავკარგავთ“, – აცხადებს ჩაბლე. „20 წელიწადში აქ ყველაფერი გაჩანაგდება“. მუშები ნუევო-დურანგოში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, სოიის მარცვლებს ცლიან სასილოსე საცავში. მენონიტები რეგიონში 1980-იან წლებში გამოჩნდნენ და ახლა სოიის მთავარი მწარმოებლები არიან. მთვლემარე ქალაქი ჰოპელჩენი ამ კონფლიქტის ეპიცენტრშია. კამპეჩეს შტატის სოფლის მეურნეობისა და მეფუტკრეობის კერა, გმ სოიის მთავარი მწარმოებელი და 8000 მეფუტკრის სახლია. ქალაქს გასცდებით თუ არა, ფიჭური კავშირი ქრება და დროში საუკუნით უკან ბრუნდებით. დღისით მაიას სოფლების მოედნები უკაცრიელია – მოსახლეობა ტყის სიღრმეშია – ტრადიციული კულტურების ნათესებს, სიმინდს, ლობიოსა და გოგრას უვლის. ბევრს შორიახლოს სკები უდგას მცენარეთა დასამტვერად. მენონიტების კოლონიებში შესვლისას ლანდშაფტს სიმინდისა და სოიის ყანები აბრტყელებს. ტრაქტორები ფერმერთა ერთსართულიან სახლებს შორის დადიან. გარუჯული კაცები კოვბოის ქუდებში ცხენშებმულ მორყეულ ოთხთვალებს დაატარებენ. 8000-მდე მენონიტი პირველად 1920 წელს ჩამოვიდა მექსიკაში კანადიდან, სადაც ისინი დასავლეთ ევროპის, რუსეთისა და უკრაინის გავლით მოხვდნენ. 1700-იანი წლებიდან ეს კონსერვატორული ჯგუფი სულ მოძრაობდა, რადგან გაურბოდა სამხედრო გაწვევასა თუ სავალდებულო საჯარო განათლებას და, ცოტა მოგვიანებით, ნაყოფიერ მიწებს დაეძებდა. მექსიკაში მათ თავიანთ ნებაზე ყოფნის საშუალება მიეცათ. 1980-იან წლებში ზოგმა დატოვა ჩიუაუას მშრალი რეგიონი და იუკატანისკენ გადაინაცვლა, სადაც წყალი უხვად იყო. მათ მოახერხეს მიწის იაფად შესყიდვა, რაშიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა იმ იმედით, რომ ისინი მეურნეობის მოდერნიზებას შეძლებდნენ. დღეს 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მექსიკის მენონიტურ კოლონიებში. 2007 წლიდან მექსიკის მთავრობამ სოიის წარმოების ხელშეწყობა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში აგროგიგანტ „მონსანტოს“ გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიის მარცვლის გაყიდვის უფლება მიეცა და 60 ათასი ჰა მიწა მის დასათესად გამოიყო იუკატანში. მენონიტებს შეეძლოთ ამ მიწის ათვისება და ხვნა-თესვისთვის, შეწამვლისა და მოსავლის აღებისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა. მათ თანამედროვეობის ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს. დღეს კამპეჩეს 18 კოლონიაში 12 000 მენონიტი სახლობს. აქ ისინი სახნავ-სათესი მიწის დიდ ნაწილს ფლობენ. ბევრი მათგანი ავტომობილის ტარებას ერიდება, თუმცა ეს ტრაქტორებსა და კომბაინებს არ ეხება. ისინი ქვემოგერმანულის უნიკალურ დიალექტზე ლაპარაკობენ, რომელიც სათავეს XVI საუკუნის პრუსიაში იღებს. ბევრი მამაკაცი ესპანურადაც მეტყველებს, ქალები კი ნაკლებად. მენონიტებს რეგიონის სოიის 90% მოჰყავთ. The National Geographic Society, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, 2019 წლიდან აფინანსებს მკვლევარ ნადია შირა კოენის სამუშაოს მენონიტების საკითხებზე ლათინურ ამერიკაში. ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი ამავდროულად, მეფუტკრეობა მაიას ტომის მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა. დაახლოებით 20 000 ტონა თაფლი ყოველ წელს აშშ-სა და ევროკავშირისკენ მიემართება. როდესაც მექსიკამ გმ სოიის მოყვანა დააკანონა, ევროპამ განაცხადა, რომ თაფლი შემოწმდებოდა გმ ორგანიზმების კვალის შემცველობაზე და მისი აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქციას შესაბამის ნიშანს გაუკეთებდა და შეიძლება მასზე უარიც ეთქვა. ამან მეფუტკრეები ააღელვა, შემდეგ კი, როდესაც ფუტკრებზე სოიის ნათესების ზეგავლენას დააკვირდნენ, აღელვება მრისხანებამ შეცვალა. “ჯერ არ გაუღვიძიათ; ჩვენ გავაღვიძებთ“, – ამბობს ლეიდი პეჩი და დაბურულ ტყეში მოწყობილ მომცრო შეღობილ ადგილას შედის სხვა ქალი მეფუტკრეების თანხლებით. ხის დაბალ სადგამზე ფუღურო მორებია ჩამწკრივებული. ყველა მათგანს პატარა ნახვრეტი აქვს ფუტკრების შესასვლელად. ისინი სათითაოდ იხერხება ოქროსფერი ფიჭის გამოსავლენად. ფუტკრები ჰაერში ფუთფუთებენ, სანამ პეჩს სწრაფად გადააქვს ფიჭა უფრო მოზრდილ მორებში, რათა ოჯახმა ზრდა განაგრძოს. მაიას მეფუტკრეები თვლიან, რომ ადგილობრივი, Melipona beecheii-დ წოდებული უნესტრო ჯიშის ფუტკრები მათ სულიერ სამყაროსთან აკავშირებენ და ისინი ფუტკრებისა და თაფლის ღვთაების, აჰ-მუზენ-კაბის საჩუქარია. ფუტკრები კარგად გრძნობენ თავს უხვად შეფოთლილ ტყეში, რომელიც სწრაფად უჩინარდება იუკატანიდან. პეჩი და მისი ხუთი დამხმარე ტყეში 80 სკას უვლიან – მათ 100 ჰქონდათ, ამბობს იგი, სანამ ახლომდებარე მცენარეებს შეწამლავდნენ. ტყის პირას, სეზონის შესაბამისად, ჩილის, სიმინდისა და სოიის ნათესებია მიმოფანტული. ტრანსგენური სოიის გამოჩენის შემდეგ, გვიყვება პეჩის ძმა, ხორხე, მან და სხვა მეფუტკრეებმა თაფლის წარმადობის მკვეთრი კლება და ფუტკრების სიკვდილიანობის ზრდა შენიშნეს. მისი თქმით, თუ 20 წლის წინ 1 ტონა თაფლს 12 სკა იძლეოდა, დღეს ეს რიცხვი 45-მდეა ასული. 2012 წელს პეჩის კოლექტივმა და სხვა მეფუტკრეებმა უჩივლეს ტრანსგენური სოიის ნებართვის გამცემ სამთავრობო სამსახურებს იმის გამო, რომ ეს მკვიდრ თემებთან თათბირის გარეშე გაკეთდა. ამავდროულად, სხვა სარჩელებიც აღიძრა. მეფუტკრეები ამტკიცებდნენ, რომ მათი ფუტკრები 7 კმ-მდე მანძილს ფარავდნენ საკვების ძიებაში და, ამრიგად, მენონიტების პატარა თვითმფრინავებიდან გადმოფრქვეული პესტიციდები მათ აუცილებლად მოწამლავდა. 2012 წელს მეცნიერებმა შეამოწმეს თაფლი კამპეჩედან და დაადგინეს, რომ ფუტკრები სოიის მტვერს საკვებად მოიხმარდნენ, გერმანულმა კვლევამ კი ცხადყო, რომ გლიფოსატი, ტრანსგენურ სოიაზე გამოყენებული მძლავრი ჰერბიციდი, ევროპული მეთაფლია ფუტკრის ნავიგაციის უნარს აზიანებს. ამ სახეობას მაიას მეფუტკრეები ასევე ფართოდ აშენებენ. ტინუნში (კამპეჩე) ახალგაზრდა დედა ბეატრის ბალან ბალანი ამბობს, რომ პაპამ მას მეფუტკრეობა შეასწავლა. მისი მრავალი შთამომავალი ამ საქმეს მისდევს, იუკატანის ნახევარკუნძულის ათასწლოვანი ტრადიციების კვალდაკვალ. მეფუტკრეებმა გაიმარჯვეს. 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ სამ შტატში, მათ შორის კამპეჩეში, გმ სოიის გაყიდვა აკრძალა. 2017 წელს SENASICA-მ, მექსიკაში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელმა სამსახურმა, სრულიად გააუქმა ნებართვა მთელს ქვეყანაში. „მონსანტო“ აცხადებს, რომ ტრანსგენური სოიის ინვენტარი განადგურებულია, ხოლო მისი თესლების გაყიდვა მექსიკაში შეწყდა. SENASICA-ს ცნობით, კამპეჩეში სოიის თესლების ბოლოდროინდელმა კვლევამ გმ მასალის მხოლოდ მცირე კვალი აღმოაჩინა. მაგრამ დღეს მენონიტი ფერმერები აღიარებენ, რომ ისინი კვლავაც თესავენ ტრანსგენურ სოიას კამპეჩეში და მას გლიფოსატით წამლავენ როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან. „იურიდიულად ყველაფერი კარგადაა, რეალურად კი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია“, – აცხადებს ნააელი რამირეს-ესპინოზა, მკვიდრ ხალხთა უფლებების დამცველი იურისტი, რომელიც მეფუტკრეთა საქმეზე მუშაობდა. „ჩვენ ვიცით, რომ გმ სოია ისევ ითესება რეგიონში. ხელისუფლება უძლურია. თესლი უკვე ყველგანაა“. ურთიერთობა კომპლექსურია: მაიას მეფუტკრეები, რომლებიც ძლიერ ეწინააღმდეგებიან მენონიტების მეთოდებს, მათი სამუშაო ეთიკითა და საქმიანი ხედვით აღტაცებულნი არიან. ჰოპელჩენიდან ორი საათის სავალზე დაახლოებით 1500 მენონიტი ცხოვრობს ნუევო-დურანგოს კოლონიაში. შებინდებისას, მკრთალი შუქის სინათლეზე ქალი ვახშამს ამზადებს ჰაინრიხ დიკის, კოლონიის ორი გამგებლიდან ერთ-ერთის, ერთსართულიან სახლში. დიკი მაღალი, გამხდარი, კოვბოის ტიპის კაცია. იგი რვა შვილთან ერთად გარეთ გამოდის, აბეზარა მწერების გუნდით გარშემორტყმული, სკამს ეზოში მოათრევს და კოლონიის საქმიანობაზე გვიყვება. მისი თქმით, 2016 წელს მთავრობის მოხელეებმა ტრანსგენური სოიის თესვის აკრძალვის შესახებ აცნობეს. „მათ გვითხრეს, რომ ფუტკრები იხოცება ჩვენ მიერ სოიაზე გამოყენებული სითხეების გამო“, – ამბობს ის. დიკის თანახმად, ნუევო-დურანგოს ფერმერებმა ძირითადად პატივი სცეს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, 2017 წელს მთავრობამ არ დააჯარიმა ის ფერმერები, რომლებმაც მაინც დათესეს მცირე რაოდენობის ტრანსგენური სოია. შედეგად, მომდევნო წელს, თავიანთი 1300 ჰექტარის უმეტეს ნაწილზე მათაც ტრანსგენური სოია დათესეს. ახლა ეს ფართობი დაახლოებით 1800 ჰექტარია. გაშავებული ბალახი და სარეველებისგან თავისუფალი სოიის მინდვრები კოლონიაში გლიფოსატის გამოყენების ნიშანია. ის კლავს ყველაფერს, გარდა სოიისა, რომელიც გენმოდიფიცირებულია და რეზისტენტობას ავლენს. იმავე დღეს, სანამ კომბაინი სოიის ღეროებს ფქვავდა, ჩრდილში მომლოდინე მენონიტმა ფერმერმა გვიამბო, რომ უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ შეწამლა თავისი 9 ჰა სოია, ოთხივეჯერ 27 ლიტრი გლიფოსატით. ტრანსგენური სოიის საკითხი ნუევო-დურანგოს ფერმერებს არ აღელვებთ. მართალია, ისინი ამტკიცებენ, რომ მაიას მეფუტკრეებთან სადავო არაფერი აქვთ, მაგრამ მათი არ სჯერათ, რომ გლიფოსატი ფუტკრებს ვნებს; ზოგიერთი მენონიტი, ვისაც თავად ჰყავს ფუტკარი, აცხადებს, რომ გლიფოსატი მათ სკებს არაფერს უშავებს. მათი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდა თაობებისთვის დასამუშავებლად და ოჯახის გამოსაკვებად საჭირო მიწის ნაკლებობაა. კოლონია ახლახან შეუერთდა ე.წ. ეხიდატარიოს – ადგილობრივ მემამულეთა საბჭოს, რითაც 4000 ჰა მიწა შეიძინა ახლომდებარე დაბა ქსმაბენში. ეს მენონიტების მიწის საკუთრებას 50%-ით ზრდის და 4 ახალ ბანაკს აძლევს სივრცეს, ამბობს დიკი. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მექსიკის მთავრობის მიერ წახალისებული მენონიტები ტყიან კამპეჩეში სახნავ-სათესი მიწის საძიებლად მივიდნენ. Global Forest Watch-ის თანახმად, 2002 წლიდან შტატმა 779 000 ჰა ტყის საფარი დაკარგა, მათ შორის ეს ზოლიც ჰოპელჩენის მახლობლად. ანა ჰემი ასუფთავებს ღორის თავს ელ-ტემპორალში, მენონიტების კოლონიაში. მისი ოჯახი თავსა და შიგნეულობას მექსიკელ დაქირავებულ მუშებს აძლევს. მენონიტი ფერმერი ეკლესიასთან ნუევო-დურანგოში. ძველი კოლონიის მენონიტები, უაღრესად კონსერვატიული ჯგუფი, ჯერ რელიგიურ განათლებას იღებენ. 10 წლის ბელენ მადერო ტუიუბი ისმენს კვირის მწუხრის მსახურებას ქსმაბენის ეკლესიაში, კამპეჩე. მისი მამა, ჰუგო ეუხენიო მადერო მეფუტკრეა, რომლის თაფლის მოსავალმაც იკლო. მეფუტკრე კარლოს ფრანსისკო ბალან მექსი შვილიშვილს ეთამაშება სოფელ ტინუნში. თაფლიდან შემოსავლის სიმწირის გამო იგი ავტობუსის მძღოლად მუშაობს. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მექსიკის მთავრობის მიერ წახალისებული მენონიტები ტყიან კამპეჩეში სახნავ-სათესი მიწის საძიებლად მივიდნენ. Global Forest Watch-ის თანახმად, 2002 წლიდან შტატმა 779 000 ჰა ტყის საფარი დაკარგა, მათ შორის ეს ზოლიც ჰოპელჩენის მახლობლად. ანა ჰემი ასუფთავებს ღორის თავს ელ-ტემპორალში, მენონიტების კოლონიაში. მისი ოჯახი თავსა და შიგნეულობას მექსიკელ დაქირავებულ მუშებს აძლევს. მენონიტი ფერმერი ეკლესიასთან ნუევო-დურანგოში. ძველი კოლონიის მენონიტები, უაღრესად კონსერვატიული ჯგუფი, ჯერ რელიგიურ განათლებას იღებენ. 10 წლის ბელენ მადერო ტუიუბი ისმენს კვირის მწუხრის მსახურებას ქსმაბენის ეკლესიაში, კამპეჩე. მისი მამა, ჰუგო ეუხენიო მადერო მეფუტკრეა, რომლის თაფლის მოსავალმაც იკლო. მეფუტკრე კარლოს ფრანსისკო ბალან მექსი შვილიშვილს ეთამაშება სოფელ ტინუნში. თაფლიდან შემოსავლის სიმწირის გამო იგი ავტობუსის მძღოლად მუშაობს. მექსიკის ტყეების ნახევარზე მეტი ამ მიწის საბჭოების საერთო საკუთრებაშია და ეს ხშირად გადამწყვეტი იყო მათ გადასარჩენად, მაგრამ კამპეჩეში ტყე სახნავ-სათეს მიწად იქცევა. საუკუნის დასაწყისში შტატის თითქმის 80% ტყეს ეჭირა და აქედან, ლამის ნახევარი ხელუხლებელი ტყე იყო. 2002 წლიდან, მონიტორინგის ვებგვერდ Global Forest Watch-ის თანახმად, დაიკარგა ხელუხლებელი ტყის 213 000 ჰა – სრული ფართობის თითქმის 10% – და მთლიანად ტყის 779 000 ჰა. ამ ტემპმა მექსიკა ტროპიკული ქვეყნების მსოფლიო ათეულში შეიყვანა ხელუხლებელი ტყის განადგურების მაჩვენებლით. იუკატანის სამივე შტატის მთავრობამ პირობა დადო, რომ ტყის საფარის გაჩანაგებას აღკვეთდნენ და 2030 წლისთვის მისი აღდგენის ხელშეწყობასაც დაიწყებდნენ, თუმცა ეს მენონიტების გეგმებს ეწინააღმდეგება. ძველი კოლონიის მენონიტები უაღრესად ჩაკეტილი თემია ერთიანი მმართველი ორგანოს გარეშე. ბონი კლასენი ლათინურ ამერიკაში ჰუმანიტარული დახმარებისა და სათემო განვითარების მიმართულებას ზედამხედველობს მენონიტთა ცენტრალურ კომიტეტში (MCC), რომელსაც რელიგიის თანამედროვე წევრები მართავენ. იგი აცხადებს, რომ ძველი კოლონიის მენონიტთა უმრავლესობა რელიგიაზე და არა მეცნიერებაზე დაფუძნებულ 5 ან 6-წლიან განათლებას იღებს. კლასენს სჯერა, რომ მენონიტები დაემორჩილებიან კანონს, თუ ის სათანადოდ აღსრულდება. „თუ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ზოგი კანონი არ აღესრულება, პრიორიტეტს მიანიჭებ იმ კანონებს, რომლებიც აღესრულება“, – ამბობს იგი. მექსიკის მთავრობა ზერელედ ეკიდება გმ სოიის აკრძალვას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. გაურკვეველია, საიდან მოდის ახალი გენმოდიფიცირებული თესლები. `ბაიერი“, რომელმაც `მონსანტო“ შეისყიდა, აცხადებს, რომ ის არაფერ შუაშია. ამავე დროს, კომპანია აცხადებს, რომ ყოველნაირად ეცდება ტრანსგენური თესლების გაყიდვის უფლების დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნავს „ბაიერის“ იურისტი როდრიგო ოხედა, კომპანია ცდილობს მოურიგდეს მაიას თემებს. „ჩვენ გვჯერა, რომ გმ სოიას შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება თაფლის ადგილობრივ მწარმოებლებთან“, – ამბობს იგი. პეტერ პეტერსი, 10 წლის მენონიტი, მამის სატვირთო მანქანით ნუევო-დურანგოს სასილოსე საწყობისკენ მიემართება, სადაც სოიის მარცვლის მოსავალი აიწონება და განთავსდება. კოლონია თავის მეზობელ მაიას ტომის წარმომადგენლებს მოელაპარაკა მიწათსაკუთრების 50%-ით გაზრდაზე. ეს ფერმერთა ახალ თაობას საარსებო სივრცეს მისცემს. მაგრამ მენონიტებსა და მაიას ხალხს შორის ურთიერთობა კამპეჩეში უფრო მრავალმხრივია. ბევრი ოჯახი, რომელიც მეფუტკრეობით საზრდოობს, ასევე დამოკიდებულია, არაპირდაპირ მაინც, მიწათმოქმედების იმ სახეობაზე, რომელიც, მათი თქმით, ზიანს აყენებს მეფუტკრეობას. როგორც შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთმა მეფუტკრემ მოგვიყვა, ქსმაბენის 200-ვე მიწათმფლობელმა, რომლებიც სათემო მიწის გაყიდვას დათანხმდნენ, 10 000 აშშ დოლარი მიიღეს. მეფუტკრეები, მათ შორის ზოგი მათგანიც, ვინც მენონიტთა მეთოდების ძლიერი მოწინააღმდეგეა, მათი სამუშაო ეთიკითა და საქმიანი გამჭრიახობით აღტაცებას ვერ მალავს. ედი ალიმი სანჩესი ამ რთულ ურთიერთკავშირს განასახიერებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში მეფუტკრეობით დაკავებული, ცელოფანგადაკრულ სავარძელზე ზის და თავის ქალაქ კომჩენში არსებულ მდგომარეობაზე გვიყვება: ის 10 წელიწადზე მეტხანს აქირავებდა საკუთარ მიწას მენონიტებზე, ისევე როგორც მისი მეზობლების უმრავლესობა. მენონიტებმა ტრანსგენური სოია მისი სკებიდან დაახლოებით 18 მეტრში დათესეს. სანჩესმა ისინი არ გააგდო, რადგან თავად ვეღარ ახერხებდა მიწის დასამუშავებლად აუცილებელი ტექნიკისა და მუშახელისთვის სახსრების მოძიებას. როდესაც მისმა სიძემ მეურნეობა გადაიბარა, ფუტკრების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. წლების განმავლობაში სანჩესმა სკების უმრავლესობა დაკარგა. მან იცის, რომ ტრანსგენური მეურნეობის გაჩერების საშუალება არ არსებობს. „ჩვენ არაფერი შეგვიძლია. უზენაეს სასამართლოს არაფერი შეუძლია, – ამბობს იგი, – ეს პოლიტიკაა. იქ ფულია“. ამის მიუხედავად, სანჩესი მენონიტებს მტრებად არ მიიჩნევს. „კარგი ხალხია, – გვეუბნება იგი, – უბრალოდ, ბუნებას ანადგურებენ“. შტატიანი მწერლის, ნინა სტროქლიკის უკანასკნელი სტატია მექსიკაში ტრანსსასაზღვრო სასკოლო გამამხნევებელ გუნდს ეხებოდა. ფოტოგრაფი ნადია შირა კოენი სოციალური უსამართლობისა და გარემოსდაცვით საკითხებს აშუქებს, ხშირად ლათინურ ამერიკაში. The post კულტურების შეჯახება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა