ფორუმელი Moor Posted 6 ივნისი, 2021 Posted 6 ივნისი, 2021 სამხრეთ ამერიკის ქვემო წვერზე, მუხანათური წყლების თავზე, იქ, სადაც წყნარი და ატლანტის ოკეანეები ერთმანეთს ხვდებიან, შვიდი ხე იზრდება. ეს არ გახლავთ შთამბეჭდავი კორომი – მხოლოდ დაკოჟრილი ტოტები და ვერცხლისფერი ქერქია, რომელიც ლელქაშიან ბალახში ჩამალულა. სიმაღლით თეძომდეც ძლივს მწვდებიან, ერთი-ორი ძირი უკვე მკვდარია. მძვინვარე ქარის დაწოლით ხეთა ტანი ჰორიზონტალურადაა განვითარებული. ჩვენ გადავცურეთ ოკეანეები; 32 საათი ვიჩაქჩაქეთ ბორნით და 10 საათზე მეტი ხანი გვარწევდა მოტორიანი ნავი, რომლის კაპიტანიც შუა მოგზაურობისას გამოგვიტყდა, ამ სასიკვდილო წყლებში არასოდეს შემიცურიაო. როგორც იქნა, ჩავდივართ დანიშნულების ადგილას, ჰორნის კუნძულზე, სადაც მდებარეობს ჰორნის კონცხი – ხმელეთის უკანასკნელი მონაკვეთი ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგზე. ამოდენა გზა გამოვიარეთ რუკაზე ერთი ისეთი საზღვრის დასატანად, რომელიც აქამდე არც ერთ მეცნიერს არ დაუფიქსირებია. „აი ისიც“, – ამბობს ტყის ეკოლოგი ბრაიან ბუმა, რომელიც თავიდან ფეხამდე გახვეულა საწვიმარში. თავის კომპასს განმეორებით ამოწმებს და ბუტბუტებს – „მაგარია“. ბუნებაში ცოტა რამ შეგვიძლია განვსაზღვროთ ნამდვილ დასასრულად, უკანასკნელად, ზღვრად, მეუბნება ბუმა. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის ეს ზღვრები“, – ამბობს იგი. ტყის ეკოლოგები – ბრაიან ბუმა და ანდრეს ჰოლცი ათვალიერებენ ჰორნის კონცხის ფერდობს, სამხრეთ ამერიკის უკანასკნელ წერტილს, სადაც შეიძლება ხე იზრდებოდეს. XXI საუკუნეში, თითქოს, დედამიწის ყოველი სანტიმეტრია გამოკვლეული. „სელფის“ ვიღებთ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, წყალქვეშა ნავებს მივუძღვებით ოკეანის უღრმეს ღარში თუ ვიკვლევთ პლანეტის უმშრალეს უდაბნოებს, მაგრამ აკურატული სიზუსტით, ჩვენ არასოდეს გამოგვივლენია ხეების უკანასკნელი ჯგუფები დედამიწის სხვენსა ან ფსკერზე. კლიმატის დათბობის კვალდაკვალ, დღეს ტყეები მიგრირებენ ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ზონებისა თუ მაღალი განედებისკენ, ხეების გადაადგილება კი ეკოსისტემებს ცვლის. მაგალითად, ალასკაში გაიზარდა ვეგეტაციური პერიოდი და ტირიფები ისეთ სიმაღლეს აღწევენ, რომ ზამთარშიც კი იწვერებიან თოვლის საფარიდან, ხოლო ტირიფმა, თავის მხრივ, მიიზიდა ლოსები თუ თეთრი კურდღლები, ბრუქსის ქედიდან რომ დაიძრნენ და ასეთი ვრცელი ტერიტორია გადაჭრეს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე. ხოლო არქტიკა და ანტარქტიკის ზოგიერთი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დნობადი რეგიონია დედამიწაზე. მაგრამ, იმ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს, რომელიც ამ მასშტაბური ეკოლოგიური ცვლილებების შესახებ გვაქვს, ეკვატორის ჩრდილოეთიდან ვიღებთ, სამხრეთი ნახევარსფერო კი ხშირად გვრჩება ყურადღების მიღმა, ამბობს ბუმა. ბოტანიკის ძველ წიგნებსა და მოგზაურთა დღიურებში ქექვისას ბუმა წააწყდა გასაოცრად ბევრ მტკიცებას იმის შესახებ, თუ – სად მდებარეობდა ტყის უკანასკნელი ზოლი უკიდურეს სამხრეთში. თუ იგი შეძლებდა ხის პოვნას, რომელიც უკიდურეს სამხრეთში ხარობს, ის ცოცხალი ლაბორატორიის საფოკუსო წერტილი გახდებოდა. მომავალ წლებში მეცნიერები უკვე დააკვირდებოდნენ ნიადაგის თბობასა და ხეების ზრდის პროცესს, შეისწავლიდნენ ასეთი ექსტრემალური ეკოსისტემის ცხოველებსაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი შეძლებდნენ იმის დადგენას, მოძრაობს თუ არა ეს საზღვარი. მაგრამ ხის ან, საერთოდ, რამის პოვნა იმ არქიპელაგზე, რომელმაც სახლში გაისტუმრა ჩარლზ დარვინი და თითქმის გატეხა კაპიტანი ბლაი, ნამდვილად არ ჰგავდა ტყეში სეირნობას. The National Geographic Society, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, აფინანსებს ბრაიან ბუმას კვლევებს, ეკოსისტემების ცვლილების შესახებ. ბუმა უპირატესობას ანიჭებს ისეთ მეცნიერებას, რომელშიც შერწყმულია კვლევა-ძიება და ადრენალინი – განსაკურებით, რთულად მისაღწევი ტყეები თავისი აუტანელი პირობებით. ჩვენ ვსხედვართ ბორან „იაგანზე“ და ფოტოგრაფ იან ტეჰთან ერთად იანვრის მოქუფრული ცის ქვეშ მივცურავთ მაგელანის სრუტეში. პუნტა-არენასიდან მივემართებით პუერტო-უილიამსისკენ (ჩილე) – სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქისკენ. იქ რომ ჩავალთ, უფრო პატარა ნავში უნდა გადავსხდეთ. ბუმას ამაღლებული განწყობა აქვს, როგორც დეტექტივს, რომელიც ახალი საიდუმლოს გასახსნელად მიემგზავრება. ამ ექსპედიციისთვის მან და ეკოლოგმა რიკარდო როსიმ გუნდი შეკრეს National Geographic Society-ს გრანტით. ერთი მკვლევარი შეეცდება ღამურების ხმის ჩაწერას, ორი სხვა კი ხეებზე აძვრება მათი ჩარდახის შესასწავლად; არქეოლოგი გეგმავს, მიაკვლიოს ადამიანის ადრეული დასახლებების კვალს; გუნდის რამდენიმე წევრი კი ბუმას თავისი ნანატრი ხის პოვნაში დაეხმარება. ბუმა იღებს უბის წიგნაკს და შლის იმ ჩანახატზე, რომელიც ჩვენი დანიშნულების ადგილზე მიუთითებს. სამხრეთულ ბინდში ის, ცოტა არ იყოს, მეკობრეთა რუკას წააგავს. ბუმა აღიარებს, რომ გარკვეულ მომენტში განიხილავდა, ასევე, იმ ხეზე `ნადირობის“ იდეასაც, რომელიც პლანეტის უკიდურეს ჩრდილოეთში ხარობს – სავარაუდოდ, ლარიქსი ცენტრალურ ციმბირში – მაგრამ ეს უზარმაზარი რეგიონია საძიებოდ. სამხრეთ ნახევარსფეროში ბევრად ნაკლები მიწაა. ათობით მილიონი წლის წინ, ეოცენის ეპოქის უფრო თბილ კლიმატში, ანტარქტიდა ტყით იყო დაფარული, მაგრამ დღეს იქ ხეები ვეღარ ხარობენ. მის ირგვლივ მდებარე ოკეანე კუნძულებითაა დაწინწკლული და ზოგიერთ მათგანზე გვხვდება ჭილები, სარეველები და ბალახეული, თუმცა ხეები – იქაც არ არის. ინტერნეტში ძრომიალისას ბუმა უამრავ მტკიცებულებას პოულობდა: ერთი ვებგვერდი იუწყებოდა, რომ მსოფლიოს ყველაზე სამხრეთით მდებარე ხე იზრდებოდა ნავარინოს კუნძულზე, მეორე წყარო ოსტეს კუნძულს ასახელებდა; ხოლო 1840-იან წლებში, ბოტანიკოს ჯოზეფ დალტონ ჰუკერის საექსპედიციო გზავნილზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატია აცხადებდა: „ჰერმიტის კუნძული უნდა მივიჩნიოთ სამხრეთის უკიდურეს წერტილად მთელ დედამიწაზე, სადაც შეიძლება რამე ტიპის ხისებრი მცენარეული გვხვდებოდეს“. ჰორნის კუნძულის კლდოვან სანაპიროზე მაგელანის პინგვინები გადმოდიან. თევზაობის შემდეგ ისინი თავიანთი კოლონიებისკენ მიიჩქარიან. მეცნიერები, რომლებიც ხშირ მცენარეულობაში იკვლევდნენ გზას, ზოგჯერ პინგვინების დატოვებულ გუანოზე სრიალდებოდნენ. მაგრამ ჰუკერს არასოდეს მოუნახულებია ჰორნის კუნძული, რომელიც ჰერმიტიდან სამხრეთით მდებარეობდა. ვიკიპედიაში ის მოხსენიებული იყო როგორც `სრულიად უხეო“, თუმცა ბუმას უკვირდა, რატომ უნდა იზრდებოდეს ხეები ჰერმიტზე, სულ რაღაც 15 კმ-ით დაშორებულ ჰორნის კუნძულზე კი – არა?! როდესაც თავისი ეჭვები როცის გაუზიარა, ჩილელმა ეკოლოგმაც ენთუზიაზმით მიუგო: „დიახ, მე იქ ვყოფილვარ, – იხსენებს ბუმა, – იქ არის ხეები“. პუერტო-უილიამსში აღჭურვილობა დავტვირთეთ საკრუიზო გემ Oveja Negra-ზე (შავი ცხვარი), რომელსაც მართავს როსის გადარეული, თმააბურძგნილი ბიძაშვილი ესიო ფირმანი. სულ მალე გავდივართ ბიგლის სრუტეში და კაპიტანი უკვე ემოციებით დუღს – „მე არასოდეს შემომივლია ჰორნის კონცხისთვის“, – გაიძახის ფირმანი. ჰორნის კუნძულის უკიდურეს სამხრეთ ფერდობზე მდებარე ეს ბორცვიანი კონცხი დაახლოებით 400 მეტრზე იჭრება ზღვაში. მძვინვარე დასავლეთის ქარები ზღვის ზედაპირულ წყლებს აზვირთებს გიგანტურ ტალღებად, ხოლო, როდესაც ისინი წყალმარჩხ კონტინენტურ მეჩეჩს ეხეთქებიან, წარმოიშობა ყველაზე მუხანათი ზღვები დედამიწაზე. საუკუნეთა განმავლობაში მეზღვაურები იღუპებოდნენ „ჰორნის გარშემოვლისას“. 1788 წელს ხომალდ H.M.S. „ბაუნტის“ კაპიტანი უილიამ ბლაი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა ამ ბრუნის შესრულებას, თუმცა – უშედეგოდ. 1832 წელს „დიდი შავი ღრუბლები“ ჩამოწვა და „წარმოუდგენელი სიშმაგით“ დაატყდა თავს ჩარლზ დარვინს, რომელმაც უკან დაიხია. ამ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსპედიციის ხელმძღვანელი ბრაიან ბუმა იყურება ძველ სამლოცველოში, რომელსაც მისი გუნდის ზოგიერთი წევრი შეეფარა ერთ-ერთი შტორმისას. როდესაც ჰორნისკენ გავემართეთ, ბუმამ თავისი წიგნაკი კონცხის ჩანახატზე გადაშალა. უკიდურესი სამხრეთის წერტილი, სადაც მისი ხე შეიძლება იზრდებოდეს, სწორედ იქ არის – ასობით მეტრ სიმაღლეზე დაკიდებულ ფერდობის შვერილზე; სწორედ ამიტომ წამოიღო ბუმამ თოკები, საცოცი აღჭურვილობა და, ასევე, ექსპედიციაში ჩართო გამოცდილი მთამსვლელი ჯონ ჰარლი. „სახალისო იქნება“, – ამბობს ბუმა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მის სიტყვებს ვეთანხმები. პუერტო-უილიამსის დატოვებიდან 10 საათის შემდეგ უცებ წვიმა აბნელებს ცას. კაპიტანი იძაბება. შტორმი ძალას იკრებს. თუ მალევე არ გადავედით ხმელეთზე, შეიძლება დღეების განმავლობაში ღია ზღვაში გავიჩხიროთ. ზურგჩანთებს ვიღებთ, გასაბერ ნავებში ვსხდებით და წყალმარჩხი სანაპიროსკენ მივცურავთ. ის არ გახლავთ „ტერა ინკოგნიტა“, ჩვენ მივუყვებით ფიცარფენილ ბილიკს, რომელიც შუქურისკენ მიგვიძღვის. ამ საგუშაგოდან რამდენიმე ნაბიჯის იქით კი აღმართულია მეტალის ალბატროსი – ზღვაში დაღუპულთა მემორიალი. ჩილეს მთავრობა კრძალავს კუნძულის სიღრმეში შესვლას – უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჰორნის კუნძულის ამ ტენიანი სანაპიროს მიღმა, ფაქტობრივად, არც არავის გაუხედავს, გარდა ერთი-ორი მიზნობრივი კვლევითი გუნდისა. ვიძრებით გვიან ნაშუადღევს, ძლიერ ქარში, თავჩახრილები, ფეხებს მივათრევთ მაღლობზე – ვირჩევთ ხუთკილომეტრიან მარშრუტს, რომელიც აღმართებს მიუყვება და კონცხის დამაბოლოებელი ფერდობის დამრეცი კედლისკენ მიიკლაკნება. თანდათან სიმაღლე ზღვის დონიდან მატულობს და ბალახეულს ენაცვლება უხეში, ადამიანის სიმაღლის ბუჩქნარი, ბაძგისებრფოთლოვანი კოწახური თუ ეკლიანი ერიკა. ჯადოქრის თითებივით დაბრეცილ ხშირ ტოტებს შორის ძრომიალი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და თავად ამ ჯაგნარის ტოტებზე ვაბიჯებთ. ექსპედიციის წევრები შეხვდნენ ჰორნის კუნძულის ერთადერთ მუდვიმ მცხოვრებს – ჩილელ ოფიცერ ანდრეს მორალესსა და მის ოჯახს. მორალესი უვლიდა შუქურას და მეტეოროლოგიურ მონაცემებს აწვდიდა გემებს. ფრთხილი მოძრაობებით ტოტების ერთი ხლართიდან მეორეზე ვხტებით. თანდათან ბუჩქის სულ უფრო ზემო ტოტებისკენ მივიწევთ, რომ სახე არ დაგვეფხაჭნოს. სიარულის ამგვარი მანერით ისე გავდივართ ერთ-ორ ასეულ მეტრს, მიწას არც ვეხებით. შიგადაშიგ ფეხი გვიცურავს და ტოტებში ვიძირებით წვივებამდე – რამდენჯერმე თითქმის წელამდეც. ქარით წალეკილ ზეგანს რომ მივაღწიეთ, ჩემი ქურთუკი ძრავის ხმით ფრიალებდა. მხოლოდ ყვირილით თუ ვაგებინებთ ერთმანეთს. იან ტეჰი მიწაზეც კი დაანარცხა ქარის ნაკადმა. ერთ საათში კილომეტრნახევარიც ვერ დავფარეთ. ახლა ზეგნის მეორე მხარეს ვეშვებით, მაგრამ ჯერ მაინც ამ ბუჩქებზე ვაბიჯებთ. ბოლოს, პირდაპირი მნიშვნელობით, კოწახურის კენწეროებზე ვექცევით და მსუბუქად გვიწევს მოძრაობა, სულ ტკაცატკუცით მივიწევთ წინ. ვერც იმას ვხვდებით, ერთი მეტრი გვაშორებს მიწას, თუ – ხუთი. უცებ ყელამდე ვვარდები ტოტებში და სხვა გზა არ მრჩება, იან ტეჰს უნდა დაველოდო, როგორმე ამომათრიოს. ზღვის დონეზე ჩასვლისას ბუჩქნარი უკვე ნაკლებად ხშირია და ფეხქვეშ ვამჩნევთ თხრილებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ტალახითაა ამოვსებული, შემდეგ კი უცებ ვიღაც გაჰყვირის: „პინგვინები!“ თურმე, მაგელანის პინგვინებიც ამ ბუჩქნარის გვირაბში მოძვრებიან და გუანოთი სავსე არხების გავლით მიიჩქარიან თავიანთი კოლონიებისკენ. როგორც იქნა, მივადექით ერთ ფართო მდელოს. ბანაკის გაშლისას თვალი მოვკარი ბუმას, რომელიც დასავლეთისკენ იყურებოდა, თითქმის უჩინარი ფერდობისკენ – იმ ჩარდახებს უმზერდა, ვერცხლისფერ ხის ქერქს რომ აგვირგვინებდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში მეცნიერები ყოველ დილით ძვრებიან კარვიდან და საკვლევ ველზე იფანტებიან. ტეხასელი მკვლევარი არხებში იჩხრიკება მწერების საპოვნელად. ჩილელი ორნითოლოგი წვრილი ბადით დასდევს მთიულასებრებსა და ჩიბუხებს. ბუმა, ჰარლი და ტყის ეკოლოგი ანდრეს ჰოლცი კი წყალ-ჭაობებსა და ბალიშისფორმიან მცენარეებში დაეხეტებიან ხეების მოსაძებნად. ხეთა ვარჯების შემსწავლელი ივან დიასი ძვრება არყისებრ ნოტოფაგუსზე. ეს ხეები, რომლებიც ფერდობის ქარისგან დაცულ მხარეს იზრდება, ამ ადგილისთვის უჩვეულოდ მაღალია. ჰორნის კუნძულზე ხეთა უმეტესობა თავად დიასზე ბევრად მაღალი არაა. თუმცა, აქ საქმე ცოტა რთულადაა. მსოფლიოში არ არსებობს ერთი, საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია, თუ რას უნდა ვუწოდოთ ხე. მაგალითად, აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის ერთი ვებსაიტი გვეუბნება, რომ ხე უნდა იყოს, სულ მცირე, 6 მეტრი სიმაღლის. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, გამოირიცხება უამრავი სახეობა, რომელთაც ხეებად მიიჩნევს ადამიანთა უმეტესობა. ბუმას გუნდი იყენებს უფრო ინტუიციურ განსაზღვრებას: ხე არის მრავალწლოვანი მცენარე ერთი მთავარი ღეროთი და ტანის ქვემო წელზე მცირე რაოდენობის ტოტით ან, სულაც, შიშველი – მაშინ როდესაც ბუჩქებს აქვთ მრავალი ღერო და იტოტებიან ქვემო წელზე. ჰორნის კუნძულზე მეცნიერებმა გამოავლინეს სამი სახეობა: უინტერის დრიმისი და ნოტოფაგუსის გვარის ორი სახეობა. ყველგან, დედამიწის სხვა წერტილებში, ეს მარადმწვანე ხეები 20 მეტრამდე იზრდებიან, აქ კი 10 მეტრს თუ მიაღწევენ, ისიც, მხოლოდ ქარისგან დაცული ინდივიდები. ამ ჯუჯა ტყეების პერიმეტრის შესწავლისას ჩვენ ვიაზრებთ, რომ ყველაზე სამხრეთით მდებარე ხის პოვნა არც ისე მარტივად გამოგვივა. თუ ის იზრდება კონცხის დამაბოლოვებელ, ციცაბო ფერდობზე, მოწმენდილი ცის გარეშე ვერ დავზვერავთ; ამასთან, ქარიც საკმარისად ნელი უნდა იყოს, რომ მასზე აძრომა თუ დაშვება მოვახერხოთ, მაგრამ ეს ხომ სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ყველაზე შტორმიანი ადგილია. უკანასკნელი ხე შეიძლება ტყის კიდეში იზრდებოდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, მარტო ან მცირე ჯგუფში უნდა იდგეს, ასე რომ მის საპოვნელად, ჩვენ, სავარაუდოდ, მიწის თითოეული გოჯის შესწავლა მოგვიწევს, მით უმეტეს, რომ მარტოხელა ინდივიდი ვერ შეინარჩუნებდა ვერტიკალურ მდგომარეობას. ამასობაში ქარის სიძლიერე 140 კმ/საათს აღწევს. ერთ-ერთ კარავს ნაფლეთებად აქცევს, მეორეს – ზღვისკენ იტაცებს. ჩვენი ამოცანების შესრულებას მხოლოდ შედარებით კარგი ამინდის მოკლე შუალედებში ვახერხებთ. ერთ მოღრუბლულ შუადღეს ხშირ კორომში შესვლა გავბედეთ. მისი ვარჯი იმდენად მჭიდრო და დაბალია, რომ მუხლებზე ვეცემით და ცოცვას ვიწყებთ. სიღრმეში ვპოულობთ მჭახე მწვანე ფერის ხავსსა და ლიქენებს. ჩვენ თავზე თითოეული ხე ისეა სპირალურად დაგრეხილი, თითქოს ტოლკინის სამყაროში მოხვდით, რომელიც გიგანტურ ხელს დაუპრესავს. ჰოლცს აკვირვებს ჰორნის კუნძულის ამგვარი უხვი მცენარეულობა. ხის ტანიდან ნიმუშების აღებისას იგი ამჩნევს, რომ მათი წრეები მოთეთროა – უსწრაფესი ზრდის ნიშანი. „ეს ხეები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ, – ამბობს ჰოლცი – ისე არა, როგორც ასეთი მკაცრი გარემოპირობებისგან იყო მოსალოდნელი“. ძლიერმა ქარმა, სანაპიროსთანვე რომ უზარმაზარ ტალღებს წარმოქნის, გუნდის წევრები აიძულა, ჯუჯა ტყის ბუჩქნარში თავშეფარებულებს ესადილათ. ერთ დილას, როგორც იქნა, ნისლი გაიფანტა და ჩვენც გავემართეთ კონცხის დამაბოლოებელი ფერდობის დამრეცი კედლისკენ და როდესაც მისი ციცაბო ფერდობიდან გადმოვიხედეთ, ვერაფერი დავინახეთ, თუმცა, ის კუთხე, საიდანაც ვიყურებოდით, შეუძლებელს ხდიდა, გამოგვერიცხა ხისებრი მცენარეულის არსებობა. ამგვარად, ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ ვუკავშირდებით Oveja Negra-ს, კვლავ ვსხდებით გასაბერ ნავებში, იქიდან უკვე ავდივართ მის გემბანზე და პირველად მივცურავთ კონცხის „ცხვირისკენ“. ბუმა აღელვებულია უკანასკნელი ხის გამოკვლევის შესაძლებლობით, თანაც, ეს, დედამიწის ყველაზე ბობოქარი ზღვების თავზე თოკით დაკიდებულმა უნდა გააკეთოს; მას სჯერა, რომ იქ არის მისი სამიზნე. მე – არა. ჩვენ აღმოსავლეთის მხრიდან მივცურავთ, ერთ-ორ ასეულ მეტრს ვფარავთ და ნავის ცხვირიდან ვაკვირდებით კლდეს. ჩემ უკან დგას ბუმა, რომელიც ნაზად ირწევა გემბანზე და მაღლა იჭვრიტება დურბინდით. ხეებს კვლავ ვერ ხედავს. „შორს, ზემოთ – სულ ბალახეულია?“ – ყვირის ჰარლი. „ბევრი ბალახი, მხოლოდ და მხოლოდ, – ადასტურებს ბუმაც, – მაგრამ ჩვენ ჯერ სრულად არ დაგვითვალიერებია აქაურობა“. ამისთვის კონცხს წრე უნდა დავარტყათ. კაპიტანი ფირმანი ემზადება, რომ ეს მუხანათური გარბენი შეასრულოს. აზვირთებულ ტალღებს პირდაპირ ვეხეთქებით. თვალებგაფართოებული ფირმანი აღტაცების ყიჟინას სცემს. ქარი მატულობს, გემი ზანზარს იწყებს, ერთ-ერთი ჩვენგანი გემბანიდან ჩადის და აღებინებს. რამდენიმე წუთში ფირმანი საჭეს აბრუნებს. საკმარისად ვნახეთ ყველაფერი. ის დაჟინებით მოითხოვს, რომ შედარებით მშვიდ წყლებში დაგვაბრუნოს. კლდის სველი შვერილები სულ მცენარეულობითაა შემოსილი, მაგრამ იქ არსად ჩანს ხეები. ხმელეთზე დაბრუნებული ჰოლცი და ბუმა ახალი ენერგიით აგრძელებენ კვლევას. ისინი, კოორდინატთა ბადის შესაბამისად, სისტემურად მიაბიჯებენ და ასე მიუყვებიან კონცხის დამრეცი კედლის უკან მდებარე ფერდობს. ორი დღის შემდეგ ბუმა პოულობს თავის ხეს: ეს ტოტების ხლართია, რომელიც ბუჩქა ბალახიდან იწვერება. ბუმა ამოწმებს GPS-მოწყობილობას და გადადის მომდევნო ბადის მონაკვეთზე, სადაც კვლავ ტოტებს აწყდება. იგი უკან იხევს, ჰოლცთან ერთად იწყებს ბალახის ჩიჩქნას და, ერთის ნაცვლად ისინი შვიდ ხეს პოულობენ, რომელთა შორის მხოლოდ რამდენიმეა ცოცხალი. „ჩვენ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობზე ვართ, რომელიც ხის გასახარებლად საუკეთესო ადგილი უნდა იყოს აქ“, – ამბობს ბუმა. თავის მხრივ, ჰოლცი ამატებს: „ამ ფერდობზე აღწევს მზის სხივები და ცოტათი დაცულიცაა ქარისგან“. ყველაზე სამხრეთით მდებარე ხე არის Nothofagus betuloides – მაგელანის წიფელი, ხე, რომლის ნიმუშებიც პირველად კაპიტან კუკის გუნდმა შეაგროვა. ხის წრეების დათვლით დგინდება მისი ასაკი – 41 წელი; დიამეტრი, სულ რაღაც ხუთ სანტიმეტრამდე, ხოლო სიმაღლე 60 სმ-საც ვერ აღწევს. აქედან ის გვერდზე იღუნება და უკვე ბალახში აგრძელებს ზრდას. ხე, რომელიც დედამიწის უკიდურეს სამხრეთში ხარობს, ერთ-ერთია შვიდი არყისებრი ნოტოფაგუსის ჯგუფიდან. პლანეტის დათბობის კვალდაკვალ, ტყეებიც გადაიწევენ ანტარქტიდისკენ? – მათ მიგრაციას უკვე შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ საბაზისო ხაზის გათვალისწინებით, რომელიც ამ მოკრძალებულმა ინდივიდმა გაავლო. ჩვენი ხე არ გახლავთ განრთხმული მუხა, მაგრამ ბუმა მაინც კმაყოფილია. „წარმოუდგენელია, გასაოცარია“, – ამბობს იგი. რამდენიმე დღის შემდეგ უკან მოვუყვებით ბიგლის მშვიდ სრუტეს. შემარყეველი ქარებისა და წვიმის 11 დღე დასრულდა და მე უკვე ლუდისა თუ ცხელი შხაპისთვის ვემზადები, ბუმა კი ისევ თავბრუდახვეულია. მისმა და ჰოლცის კვლევამ შექმნა სამეცნიერო ბაზა ტყის მიგრაციაზე დასაკვირვებლად. რამდენად შეიცვალა ეს ადგილი პლანეტის დათბობის კვალდაკვალ? – დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ ბუმა და როსი არ გაჩერდებიან, მომავალ პროცესებსაც გაჰყვებიან. შეიცვლება ის მომავალ 20 წელიწადში? გადაიქცევა ეს ტუნდრის მსგავსი ლანდშაფტი ერთ ნაყოფიერ ტყედ? გადაწევს ტყის საზღვარს კლიმატის ცვლილებით გარდაქმნილი ქარები? შესაძლებელია, რომ ერთ დღესაც ფრინველებმა თესლი გაავრცელონ იმ ადგილებში, სადაც ახლა უხეო გარემოა? კლიმატის ცვლილება, თითქოს, აბსტრაქტულ მოვლენად გვეჩვენება, ამბობს ბუმა, მაგრამ სკოლის მოსწავლეებიც კი იაზრებენ აღნიშნულ პროცესებს. თუ ბუმა მოახერხებს, რომ ბავშვებს უკიდურესი სამხრეთის ბინადარი ხის სალოკაციო წერტილი დაუსვას Google Earth-ზე, ეს ყველაფერი უფრო ხელშესახებ ფორმასა და მეტ შინაარსს შეიძენს. „იდეა ყოველთვის იყო ასეთი: მოდით, ვიპოვოთ წერტილი, ფიზიკური წერტილი, რომელიც აღნიშნავს საზღვარს, კიდეს“, – ამბობს ბუმა. შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ დაკვირვებას, თუ როგორ გადალახავს დედამიწა ამ ზღვარს. კრეგ უელჩი ავტორია მაისის ნომრის მთავარი სტატიისა – „ამოუცნობი ვეშაპები“. იან ტეჰი იკვლევს კლიმატის ცვლილების ზეგავლენას მდინარე ხუანხეზე. The post ხე დედამიწის ფსკერზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა