Jump to content
×
×
  • Create New...

ტრიესტის ხიბლი


Recommended Posts

  • ფორუმელი

ძლიერი ქარი, ბორა თუ არ უბერავს, ტრიესტის მოწესრიგებულ ქუჩებში სეირნობას არაფერი სჯობს. იტალიის ამ ქალაქს ჰაბსბურგების პერიოდის არქიტექტურა ამშვენებს.

იტალიური სტანდარტებით ტრიესტი გასაოცრად მრავალფეროვანია, რასაც მისი წარსული და მდებარეობა განაპირობებს: ეს არის ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთს შორის მოქცეული საპორტო ქალაქი, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს ყვაოდა. ტრიესტი ვაჭართა და დროებით ბინადართა სასაზღვრო ზოლია, სადაც ყველა თავისი კულტურის ნაკვალევს ტოვებს. 

ოქტომბრის ერთ უღრუბლო დილას მუშათა კლასის უბან სან-ჯაკომოში ნაქირავები ბინიდან იტალიის სიდიდით მე-16 ქალაქის (მოსახლეობა 200 121) ცენტრისაკენ გავეშურე. გზად ჩავუარე I საუკუნის რომაულ თეატრს, XIX საუკუნის სერბულ მართლმადიდებლურ გუმბათიან ეკლესიასა და რკინიგზის სადგურიდან მომავალ აფრიკელ ქუჩის მოვაჭრეთა კოლონას. ადრიატიკის ზღვიდან მონაბერი მარილიანი ჰაერი მოხალული ყავის სურნელით იყო გაჟღენთილი.

ტრიესტს პირველად 1996 წელს ვესტუმრე და მას შემდეგ, სულ ცოტა, ათჯერ მაინც ვიყავი, თუმცა ერთ-ორ დღეზე მეტი ხნით არასოდეს გავჩერებულვარ. ცოტა სლოვენიურ ღვინოს დავლევდი და „გრან-მალაბარის“ ბარმენს გამოველაპარაკებოდი ხოლმე; „ლე-ბარეტინში“ მოლუსკებს და ტრიუფელებს გეახლებოდით; ზღვის პირას აღმართულ კარსტის პლატოზე ვილაშქრებდი. ტრიესტში მეტად ჩაღრმავებას არ ვჩქარობდი, მეგონა, ყოველთვის ისეთი დამხვდებოდა, როგორიც დავტოვე. ასე იყო 2019 წლის გაზაფხულამდე, როდესაც იტალიამ გადაწყვიტა თავისი მორყეული ეკონომიკა ჩინეთთან დაეკავშირებინა, ტრიესტი კი მისი საკვანძო წერტილი უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ იტალიის პერიფერიული ქალაქის სათანადოდ გასაცნობად უკვე ერთი თვით დავრჩი.

MM9157_191013_03524.jpgქარვისფრად განათებულ პიაცა-დი-კავანაზე შეკრებილ მეგობრებს ვერდიანა კალმო ართობს. საუკუნის წინ ეს მოედანი მეზღვაურებს იზიდავდა, დღეს კი ღამე ხეტიალის მოყვარულ ხმაურიან ახალგაზრდებს უყრის თავს.

იმ დღეს ჩემი დანიშნულების ადგილი იყო მოედანი, რომელიც გულიელმო ობერდანის სახელს ატარებს. იგი 1882 წელს იმპერატორის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს და სახრჩობელაზე მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „Viva l’Italia! Viva Trieste libera!“ ეს 24 წლის იტალიელი ნაციონალისტი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც აქ აწამეს. ჩემ ფეხქვეშ გვირაბების მთელი ქსელი იყო, რომელთაც II მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ებრაელებისა და სლოვენიელების დასაკითხად და საწამებლად  იყენებდნენ, სანამ ქალაქის მეორე ბოლოში განლაგებულ, იტალიაში ერთადერთ სიკვდილის ბანაკში გაგზავნიდნენ. ბუნკერებში გამოკრულ მემორიალურ დაფებზე თავმოყრილია იმ ხალხის ისტორია, რომლებიც არავის აძლევდნენ უფლებას მათთვის ეკარნახათ, თუ ვინ იყვნენ და რა ერწმუნათ – ამისთვის კი სასტიკად ისჯებოდნენ.

პიაცა-ობერდანზე ამბრა დეკლიკს უნდა შევხვედროდი, რომელიც იქვე მდებარე მისივე რესტორანში გავიცანი – ჩემს მაგიდასთან ხშირად ჩერდებოდა და კარსტის  პლატოზე დაწურულ ღვინოს ჩამომისხამდა ხოლმე. ამჯერად მან მანქანით გამომიარა და მის მეგობართან წავედით. დეკლიკმა ოსტატური მიხვევ-მოხვევით გაგვიყვანა ქალაქიდან ზღვისპირა ავტოსტრადაზე. იგი დაბადებით „ტრიესტინაა“, ისევე როგორც მისი დედა, ებრაელი პაპა კი მონტენეგროელი გემთმფლობელი იყო. დეკლიკის ისტორია მთელი რეგიონის ისტორიის ანარეკლია. ცხოვრებით დაღლილი გამომეტყველება რომ არა, ბევრად უფრო ახალგაზრდა გეგონებოდათ. 

ჩვენ თვალწარმტაც ზღვისპირა სოფელ მუჯას მივადექით, სლოვენიის საზღვარზე, რომელიც მთაგორიან სოფლის გზას მიუყვებოდა და ბრუნო ლენარდონის ფერმისაკენ ავიღეთ გეზი. ღია ცის ქვეშ მუშაობით შეწითლებული და დანაოჭებული ლენარდონი თავისი სახლის უკანა შესასვლელისკენ გაგვიძღვა. ქვის კედელზე ყვითელი საღებავით ვერტიკალური ხაზი იყო გავლებული, იქვე გამოკრული დაფა კი ადგენდა, რომ ომისშემდგომი, 1954 წლის შეთანხმებით, ერთ მხარეს იტალია იყო, მეორე მხარეს კი – იუგოსლავია. ლენარდონის სახლი ორად იყო გაყოფილი.

ლენარდონმა დაუჯერებლობისგან სიცილით მითხრა: „სახლის ერთი ბოლოდან მეორეში მოსახვედრად ერთგვარი პასპორტი გვჭირდებოდა!“ შემდეგ ხმას აუწია და ეზოსკენ გაიშვირა ხელი: „და ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწები იუგოსლავიელებს შეხვდათ!“

მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ – რაც სსრკ და იუგოსლავია დაიშალა და  სლოვენიაც ევროკავშირში შევიდა – 2004 წელს, შეძლო ლენარდონმა საკუთარი სახლის უკან გაეხარებინა ვაზი და ზეთისხილის ხეები. ისიც, იჯარით აღებულ მიწაზე. თუმცა, იმ დღეს მის ფერმაში გასინჯული ღვინო არც ერთ ქვეყანას არ წარმოადგენდა. ის იყო ბრუნო ლენარდონის სათქმელი, მისი იდენტობა. ამას ვერავინ შეცვლიდა. 

MM9157_191019_08157.jpgტრიესტის ისტორიული მთავარი მოედანი, Piazza Unità d’Italia, ადრიატიკის ზღვისაკენ იშლება. ფაშისტური რეჟიმის დროს ბენიტო მუსოლინი ახალ რასობრივ კანონებს აქედან აცხადებდა. დღეს ეს სივრცე, ისევე როგორც დანარჩენი ქალაქი, სტუმართმოყვარე და ინტროსპექციულია.

იტალიის ამ სასაზღვრო რეგიონს სახელწოდებით ფრიული-ვენეცია-ჯულია, მარტივი არანაირად არ ეთქმის. 8000 კვ. კმ-მდე ფართობით ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია, თუმცა ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდეა განფენილი და ათეულობით ქალაქს შორის ზოგი ღვინით არის სახელგანთქმული, ზოგი კი – ყველით, პროშუტოთი, დანებით, საათებით თუ საბავშვო ავეჯით. სოფლების მიმანიშნებელ ტრაფარეტებზე წარწერები, როგორც წესი, იტალიურ, შემდეგ კი ან სლოვენიურ, ან ადგილობრივ ფრიულიურ ენაზეა – ან ორივეზე. დღეს ეს მშვიდი მიწაა, თუმცა ერთ დროს ის მეტწილად სისხლიანი ისტორიის ასპარეზი იყო. ტრიესტი, რომელიც მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ გამოცხადდა რეგიონის დედაქალაქად, რიგითი ფრიულიელისთვისაც ამოუცნობია.  

2001 წელს გამოქვეყნებულ შედევრში სათაურით: „ტრიესტი და რას ნიშნავს – არსად“, ბრიტანელი ჟურნალისტი ჯენ მორისი ქალაქს შემდეგი სიტყვებით აღწერდა: „იზოლირებული“, „ამბივალენტური“, „ალყაშემორტყმული“. ქალაქმა, რომელსაც ავსტრიის იმპერიის უმნიშვნელოვანესი პორტის სტატუსი უკვე ერთი საუკუნის წინ ჩამოერთვა, ნელი, ელეგანტური დაღმასვლა დაიწყო. მორისი ტრიესტს მიაწერდა „ტკბილ მელანქოლიას“, მიტოვებულობის განცდას, რასაც, ჩემი გამოცდილებით, ნამდვილად ვერ იტყვი თავად ტრიესტელებზე.  

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრიესტელებს ტრაგიკული დაპირისპირების ისტორია აწევთ ტვირთად. ქალაქის ერთადერთ ებრაულ დაწყებით სკოლას შეიარაღებული პოლიცია იცავს. ძველმანების ბაზრობაზე დიქტატორ ბენიტო მუსოლინის განმადიდებელ წიგნებს ყიდიან. ყოველ პირველ მაისს, ევროპის მშრომელთა დღეს, სლოვენიელი მცხოვრებლები ფანჯრიდან კომუნისტურ წითელ დროშებს აფრიალებენ და იუგოსლავიელების მიერ 1945 წელს ქალაქის განთავისუფლებას აღნიშნავენ. იმავე ჯარის მიერ ასობით იტალიელი სამხედროსა და მოქალაქის დახვრეტის ამბებს მემორიალები ინახავს.

MM9157_200712_19992.jpgტრიესტს საკმაოდ დიდი ჩინური თემი ჰყავს. ვანგ იელანგს (ცენტრში) და მის პარტნიორს, ალესია ვუს რვა მაღაზია აქვთ. ციან ჭანგი (ბურთით) ერთ-ერთია, რომელმაც შექმნა ჩინური კულტურის პოპულარიზაციისა და ასევე ტრიესტში ასიმილაციის ხელშემწყობი ჯგუფი.

და მაინც, ტრიესტელები თავიანთი არეული ისტორიის გამო გარე სამყაროს თავს არ არიდებენ – პირიქით.  „შეიძლება ითქვას, რომ ტრიესტი იტალიის ყველაზე ევროპული ქალაქია“, – ამბობს რეგიონის ყოფილი გუბერნატორი დებორა სერაკიანი და გულისხმობს, რომ ამ სასაზღვრო ქალაქს ისტორიულად ჰყავს გათავისებული ებრაელები, მუსლიმანები, სლოვენიელები, უნგრელები, ხორვატები, ბერძნები და პოლონელები. სან-ჯაკომოში ჩემი მეზობლების უმრავლესობა სერბი მუშები იყვნენ. სამზარეულოს დანა შევიძინე ბოლომდე გაიტალიელებული ჩინელი იმიგრანტისგან, სახელად ალესია ვუ. იმ უჩვეულო დღეს, როდესაც იტალიური სამზარეულოსგან დასვენება მჭირდებოდა, ერთ შეუხედავ რესტორანს მივადექი, სადაც საუცხოო ოჯახური რავიოლი მომართვა თავად რესტორნის ჩინელმა მფლობელმა, რომელიც მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა.

თავისი არსით, ტრიესტი ყავაზე დამოკიდებული ადამიანებისა და ბართან წამომჯდარი ფილოსოფოსების ქალაქია, რომლებიც ცდილობენ, მუშაობით არ გადაიტვირთონ. კულტურული თვალსაზრისით იტალიელები არიან; ხასიათით – ბუნებრივი გარემოთი გამოჭედილები. ისინი ადგილობრივ ღვინოებს სვამენ – მალვაზია, ვიტოვსკა, ტერანო – რომელთაც ზღვისა და ქვის გემო დაჰკრავს. ისინი შეექცევიან ყველის განუმეორებელ ნაირსახეობას (Jamar), რომელიც კარსტის პლატოს მღვიმეებში, დაახლოებით 70 მეტრ სიღრმეზეა დავარგებული და გემოც შესაბამისი აქვს. როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, ჰაერზე არიან. ზაფხულის პირველი ნიშნებისთანავე ტრიესტელები პლაჟზე გარბიან, ხოლო მაშინ, როდესაც ტრიესტის სიმბოლოდ ქცეული ქარი, ბორა, მთებიდან გრიგალივით იჭრება ქალაქში, ზოგი იმასაც ბედავს, რომ 150 კმ/სთ სიჩქარის ქარს მოლო-აუდაჩეს პირსზე დახვდეს, ზღვაში გადატყორცნის საშიშროების მიუხედავად. ერთმა მოდისა და დიზაინის სფეროს წარმომადგენელმა, ბარბარა ფრანკინმა, სრული სერიოზულობით მითხრა: „ბორას გრიგალში 10 წუთი ვდგავარ ხოლმე საკუთარი თავისთვის იმის შესახსენებლად, რომ ფიზიკურად ვარსებობ“.   

ადვილი შესამჩნევია, რომ ტრიესტელებს ექსცენტრიკულობისადმი მიდრეკილება აქვთ. მაგალითად, შეგიძლიათ ეწვიოთ პედოჩინის პლაჟს, რომელიც 1890 წლიდან სქესის ნიშნით არის გაყოფილი.

ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს, 1997 წლის პირველ იანვარს, ქუჩები დაცარიელებული დამხვდა წინა საღამოს მოლხენის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ზღვის პროდუქტების ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ქალაქში, Ai Fiori, ღია იყო სადილის დროს. ჩემ გარდა იქ მხოლოდ ერთი თეთრთმიანი წყვილი იჯდა. როგორც მიმტანმა მითხრა, ადგილობრივები იყვნენ – 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი. სმოკინგსა და სამეჯლისო კაბაში გამოწყობილები, ცქრიალა ღვინოს სვამდნენ და თავის სტიქიაში იყვნენ. მოგვიანებით მოგროვილი ხალხის ხმაურსაც არ დაურღვევია მათი იდილია.

MM9157_201001_34357.jpgმსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანია Fincantieri საკრუიზო გემებს და სხვა ხომალდებს საგულდაგულოდ არემონტებს 1800-იანი წლების გემთსაშენში Arsenale Triestino San Marco.

ჩემს გონებაში სწორედ ისინი განასახიერებენ იტალიის (როგორც გეოგრაფიულ, ისე ფსიქოლოგიურ) სასაზღვრო ქალაქს. ტრიესტი სულ რაღაც ორი საათის სავალზეა ტურისტულ ეპიცენტრ ვენეციიდან, თუმცა გაცილებით უფრო შორს გეჩვენება. რომის ხელისუფლებამ, რომელმაც ქალაქისათვის ორჯერ იომა, მას შემდეგ სათანადო ყურადღება აღარ მიაქცია. რკინის ფარდამ ტრიესტის უშუალო აღმოსავლეთით მას ვაჭრობის შესაძლებლობა გადაუკეტა. დანარჩენი ქვეყნისაგან მოშორებული ტრიესტი კონკურენციას ვერ უწევდა იტალიის სხვა დიდ პორტებს – ვენეციას და გენუას. გემთმშენებლობა შესუსტდა. მოსახლეობა დაბერდა, თუმცა ტრიესტს მაინც დარჩა საკუთარი უნივერსიტეტი, სეზონური ტურისტები და შავი ბაზარი ყოფილ იუგოსლავიელებთან.

ტრიესტის ღრმა პორტი ცენტრალური ევროპისა და სუეცის არხის დამაკავშირებელ, ხმელთაშუა ზღვის დერეფანში მდებარეობს.

რაც მთავარია, ტრიესტს ყოველთვის ექნება საკუთარი პორტი, ბუნებრივად 18 მეტრამდე სიღრმით, რომელსაც დრაგა არ სჭირდება და რომელიც ცენტრალური ევროპისა და სუეცის არხის დამაკავშირებელ ხმელთაშუა ზღვის დერეფანში მდებარეობს. თუმცა ბოლო დრომდე ტრიესტის ამ მთავარ სიკეთეს იტალია დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

ძენო დაგოსტინო ტრიესტის პორტის ხელმძღვანელია. Antico Caffè San Marco-ში კუთხის მაგიდასთან ვსხედვართ მყუდროდ, გვერდზე კი ხნიერი კაცები ჭადრაკს თამაშობენ. დაგოსტინო ტანმორჩილი, მოძრავი კაცია. ნახევარი საათით დაიგვიანა შეხვედრაზე. ჯიბეებში იქექებოდა და სიცილით მითხრა: „სავიზიტო ბარათი მინდა მოგცეთ, მაგრამ რაც ხელში მხვდება, ყველა ჩინელებისაა“.

2019 წლის მარტში დაგოსტინო რომში გაემგზავრა იტალიასა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების შესახებ 2,8-მილიარდდოლარიან შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. 2013 წლიდან ჩინეთი ახორციელებს გამაოგნებლად ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტს „სარტყელი და გზა“, რომელიც მას გლობალური სამომხმარებლო ეკონომიკის დომინირების მიზანთან მიაახლოებს. მისი წარმატებისთვის გადამწყვეტია საზღვაო ვაჭრობის გაფართოება ევროპისა და აზიის პორტების ხელახალი განვითარების დაფინანსებით. 

  • MM9157_200928_30339-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9157_191020_09493-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9157_200926_28570-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9157_191019_07942-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მარკო და ანდრეა ბაძარები, თავიანთი ოჯახის კუთვნილ ყავის კომპანიაში, დაფქული ყავის არომატს ამოწმებენ. ტრიესტი განთქმულია თავისი ყავითა და ყავის სახლებით.

ტრადიციულ სერბულ კაბებში გამოწყობილი გოგონები ესწრებიან წმ. სპირიდონის სახელობის სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის 150 წლის საიუბილეო ღვთისმსახურებას.

ბენედეტა რენიერი და ჯილი იაო თავიანთი ვაჟის, ვალენტინოს, 100 დღის იუბილეს აღნიშნავენ ჩინური ტრადიციისამებრ. წყვილმა ერთმანეთი შანხაიში გაიცნო, ახლა კი ისინი რენიერის მშობლიურ ტრიესტში ცხოვრობენ.

ტრიესტის უნივერსიტეტის სტუდენტები 1914 წელს გახსნილ Antico Caffè San Marco-ში შეკრებილან. ძველად ამ კაფეს სტუმრობდნენ ადგილობრივი ინტელექტუალები და გამოჩენილი მწერლები: ჯეიმს ჯოისი, იტალო ზვევო და უმბერტო საბა.

გააზიარეთ ფოტო
  • MM9157_200928_30339-1024x576.jpg
  • MM9157_191020_09493-1024x576.jpg
  • MM9157_200926_28570-1024x576.jpg
  • MM9157_191019_07942-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მარკო და ანდრეა ბაძარები, თავიანთი ოჯახის კუთვნილ ყავის კომპანიაში, დაფქული ყავის არომატს ამოწმებენ. ტრიესტი განთქმულია თავისი ყავითა და ყავის სახლებით.

ტრადიციულ სერბულ კაბებში გამოწყობილი გოგონები ესწრებიან წმ. სპირიდონის სახელობის სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის 150 წლის საიუბილეო ღვთისმსახურებას.

ბენედეტა რენიერი და ჯილი იაო თავიანთი ვაჟის, ვალენტინოს, 100 დღის იუბილეს აღნიშნავენ ჩინური ტრადიციისამებრ. წყვილმა ერთმანეთი შანხაიში გაიცნო, ახლა კი ისინი რენიერის მშობლიურ ტრიესტში ცხოვრობენ.

ტრიესტის უნივერსიტეტის სტუდენტები 1914 წელს გახსნილ Antico Caffè San Marco-ში შეკრებილან. ძველად ამ კაფეს სტუმრობდნენ ადგილობრივი ინტელექტუალები და გამოჩენილი მწერლები: ჯეიმს ჯოისი, იტალო ზვევო და უმბერტო საბა.

ამრიგად, ტრიესტის პორტი – თავისი მდებარეობით, სიღრმით, სარკინიგზო ქსელით და საბაჟო გადასახადებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული სტატუსით – კვლავ სასურველი გახდა უცხო ძალისათვის. ეკონომიკურად მორყეული იტალიისათვის, რომელმაც 2008 წლის შემდეგ სამი რეცესია გადაიტანა, ასეთ პარტნიორობას აშკარა დადებითი მხარე აქვს. 

ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები მიიჩნევს, რომ ტრიესტის აჩრდილის გამოყვანამ მივიწყების კომფორტული მდგომარეობიდან და სამეფო კარის გლობალურ თამაშებში ჩაბმამ ნაციონალისტური იმპულსები გააღვიძა. ეს მეც აღმოვაჩინე, როდესაც ერთ დილას ჯულიო კამბერის გაბუღულ ოვალურ კაბინეტს ვეწვიე.

67 წლის კამბერი 25 წელი წარმოადგენდა ტრიესტს იტალიის პარლამენტში. იგი გრძელ ხის საწერ მაგიდასთან იჯდა, უწესრიგოდ დაყრილი საბუთების დასტებსა და წიგნებში ჩაფლული. როგორც ტრიესტელებს სჩვევიათ, თავისი ოჯახის ისტორიის მოყოლა დაიწყო: როგორ იბრძოდა მისი პაპა იტალიელების მხარეს I მსოფლიო ომში, მაშინ როდესაც მისი ძმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მხარეს იყო.

კამბერი აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ჩინეთის ინიციატივაში ტრიესტის ჩართვის წინააღმდეგ; ბროშურებს ავრცელებდა ბოროტი ჩინური დრაკონის კარიკატურული გამოსახულებით.

როგორც გაირკვა, პოლიტიკოსები რომშიც იზიარებდნენ კამბერის ეჭვს, რომ ჩინეთი გაცილებით მეტს მოითხოვდა, ვიდრე თავად გაიღებდა. გარიგებამ იმპულსი დაკარგა, თუმცა ტრიესტს დარჩა ბერკეტი, როგორც ეს პორტის ხელმძღვანელმა იწინასწარმეტყველა. „უკვე უამრავი გლობალური მოთამაშე დაინტერესდა ჩვენთან ინვესტირებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინელებთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს“, – მითხრა მან. ამ გამოუვალი მდგომარეობით ისარგებლა ჰამბურგულმა კომპანიამ და ტრიესტის პორტის ერთ-ერთი მთავარი ტერმინალის უმეტესი წილი შეიძინა. ახლა უკვე გერმანია იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გადამწყვეტი ძალა.

თუმცა მთავარი გამარჯვებული მაინც ტრიესტი გახდა, რომელმაც შეძლო სავაჭრო პარტნიორობიდან ეკონომიკური სარგებელი მიეღო ჩინეთ-იტალიის ალიანსის გეოპოლიტიკური გართულებების გარეშე. „გერმანიამ დაინახა იგივე, რაც ჩინეთმა და იგივე, რასაც სხვა ქვეყნები ხედავდნენ წარსულში – ტრიესტი არის ერთგვარი ჯადოსნური კარიბჭე“, – მითხრა ფედერიკო პაკორინიმ, რომლის ოჯახიც 1933 წლიდან ტრიესტის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიას მართავს.

პაკორინი, რომელიც ჯულიო კამბერის სრული ანტიპოდია, დიდი ხანი ეწეოდა აგიტაციას, რომ ტრიესტს საკუთარი თავი ვიწრო ჭრილში არ დაენახა. „მთელი ცხოვრება იმ შესაძლებლობებზე ვდარდობდი, რომლებიც ხელიდან გავუშვით, მაგრამ ახლა ამის შეცვლა შეგვიძლია“, – მითხრა მან. „მშვენიერი ქალაქი გვაქვს ბრწყინვალე მომავლით. იქნებ ერთხელ ხალხმა თქვას: „ვენეცია? ის ქალაქი, ტრიესტთან რომ არის ახლოს?“

ტრიესტში ყოველ დილას ჩემი ბინიდან ასიოდესაფეხურიან კიბეზე რიტუალური დაშვებით ვიწყებდი. ხუთი კვარტლით დაბლა მუშების სიცოცხლით სავსე ქუჩაზე, ვია ჯოზუე კარდუჩიზე (ნობელის პრემიის ლაურეატი,  XIX საუკუნის იტალიელი პოეტი) გავიდოდი. ბაზარში მოვძებნიდი პომიდორს სიცილიიდან, რადიკიოს ტრევიზოდან და ველურ სოკოს – კარსტის პლატოდან… შემდეგ pescheria-ში დიასახლისებს შორის დავიკავებდი ადგილს და მეთევზეების ნადავლს შევათვალიერებდი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იყიდებოდა სლოვენიური jota – მჟავე კომბოსტოსა და ლობიოს წვნიანი, იქვე ახლოს კი – კარნის ალპების რეგიონისთვის ყველაზე საყვარელი პასტის ნაირსახეობა – gnocchi di susine.

ტრიესტში ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება კაფეს არჩევაა. როგორც წესი, დილის საქმეებს Caffè Umberto Saba-ში ვასრულებდი. ამ კაფეს ხნიერი მეპატრონე მარიო პრენცი შესანიშნავ კაპუჩინოს ამზადებდა, მისი ელეგანტური ცოლი ჯერმანა კი გაურკვეველი მელოდიის ღიღინით მომართმევდა ხოლმე ფინჯანს.

MM9157_200926_28224.jpgსან-ჯუსტოს საკათედრო ტაძარში დაქორწინებული ჰანა პეტრაჩი და ემანუელ აპიაჰ მანუ პატარძლის მშობლებთან ერთად ზეიმობენ. პეტრაჩი ეთიოპიელია და ის ხუთი წლის ასაკში იშვილეს. განელი აპიაჰ მანუ კი ცხრა წლისა ჩავიდა იტალიაში. წყვილმა ერთმანეთი ტრიესტის უნივერსიტეტში გაიცნო.

ერთ დილას პრენცმა მომითხრო, რომ ის ტრიესტში მოზარდობის დროს, 1955 წელს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც მისი მამა დახაუში დაიღუპა. ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, მან აღმოაჩინა „ეს პატარა ყვავილი“ – ჯერმანა, რომელიც ასევე ლტოლვილი იყო. 

„არ დამაწყებინოთ“, – ჩაიბურტყუნა, როდესაც დღევანდელ ქალაქზე დავუსვი კითხვა. „ბედნიერი არავინაა. მეტისმეტი ძალადობაა. ასეთი ამბები ყოველდღე გხვდება გაზეთებში“. პრენცი იმ ინციდენტს გულისხმობს, დომინიკის რესპუბლიკელმა მოპედის გამტაცებელმა ორ პოლიციელს რომ ესროლა. ტრიესტელები ორი კვირა ამ ამბავზე ლაპარაკობდნენ. ქალაქის მერმა, რობერტო დიპიაცამ, ის დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.

„ქალაქს უსაფრთხოების პრობლემა არ აქვს. 18 წელია მერი ვარ“, – მითხრა დიპიაცამ მასთან ოფისში სტუმრობისას, რომელიც ზღვისპირა Piazza Unità d’Italia-ს გადაჰყურებს. მან აღნიშნა, რომ იმიგრანტების უმრავლესობა ტრიესტში სამუშაოს საძებნელად იყო – და რომ უფრო დატვირთული პორტი კიდევ მეტს მოიზიდავდა. „სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ; აქაურ ახალგაზრდებს მუშაობა არ უნდათ“.

და მაინც, მერმა კარგად იცოდა, რომ ტრიესტს ასიმილაციის არც თუ ისე უნაკლო ისტორია აქვს. რამდენიმე თვით ადრე, დიპიაცას მემარჯვენე მოადგილე პაოლო პალიდორი Facebook-ზე ტრაბახობდა, რომ 57 წლის უსახლკარო რუმინელის საბნები აიღო და „დიდი სიამოვნებით“ მოისროლა სანაგვეში. პალიდორიმ ასევე აღნიშნა: „ახლა ეს ადგილი წესიერად გამოიყურება. დიდხანს იქნება ასე? ვნახოთ. სიგნალი შემდეგია: ნულოვანი ტოლერანტობა!!“

რამდენიმე ტრიესტელმა იმ უსახლკარო კაცს საბნები დაუტოვა ბარათით: „ძვირფასო მეგობარო, იმედი გვაქვს, ამაღამ სიცივე ნაკლებად შეგაწუხებს. ბოდიშს გიხდით ქალაქ ტრიესტის სახელით“.

ტრიესტში 2020 წლის პირველ კვირას დავბრუნდი. ერთ ნაშუადღევს სან-ჯოვანის ჰოსპიტლის გადამწვანებულ პარკში შევისეირნე. 1970-იან წლებამდე ეს ბარბაროსული „საგიჟეთი“ იყო, სანამ წარმოშობით ვენეციელი ფსიქიატრი ფრანკო ბასალია გასცემდა განკარგულებას, რომ პაციენტებს თანაგრძნობით მოქცეოდნენ, აღარ გამოეყენებინათ დასაბმელი ღვედები, გალიები და ჩაკეტილი პალატები. ტრიესტში მისი ძეგლი არ დგას, ჯეიმს ჯოისისგან განსხვავებით, რომელმაც „დუბლინელების“ წერა ამ ქალაქში დაასრულა.  მიუხედავად ამისა, ამ ორ კაცს გამბედავი სული აერთიანებს, რომლის გამოვლენასაც, ალბათ, მხოლოდ კულტურული მიმღებლობის მქონე ქალაქი თუ შეუწყობდა ხელს. ჯეიმს ჯოისისა და იტალო ზვევოსადმი მიძღვნილი მუზეუმების კურატორმა, რიკარდო ჩეპაკმა მითხრა: „ტრიესტმა თავი გამოავლინა როგორც რევოლუციისათვის მომწიფებულმა ადგილმა“.  

ბოლო დროს ტრიესტელი რევოლუციონერები მეცნიერები არიან. ქალაქის უნივერსიტეტი, ისევე როგორც აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი და Scuola Internazionale Superiore di Studi Avanzati (SISSA), განაპირობებს იმას, რომ ტრიესტს მოსახლეობაში მეცნიერთა წილით ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. SISSA-ში ჩემი ვიზიტის დროს მკვლევრები მთელ რიგ ეზოტერიკულ საკითხებში იყვნენ ჩაძირულნი: დროის აღქმის შესწავლიდან დაწყებული, ფოლადის ქარხნისათვის ციფრული მოდელების შემუშავებით დამთავრებული.

რამდენიმე კვირაში SISSA-ს არაერთი მკვლევარი გადაერთო პანდემიასთან ბრძოლაზე: სანდო სეროლოგიური ტესტების შექმნა, დამცავი ხელთათმანების შემუშავება, თითის ბალიშებისთვის გაზრდილი მგრძნობელობით, სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობის უსაფრთხოების მოდელირება; ეს პერიფერიული ქალაქი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდა ჩინეთის დახმარებით, რომელმაც SISSA-ს 5000 ნიღაბი გადასცა. 

მომდევნო თვეებში, რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენი პერიფერიების კარანტინში გამოვიკეტეთ. ტრიესტელები მკაცრად ემორჩილებოდნენ შეზღუდვებს და როგორც კი ნებას რთავდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ მაგიდებთან სადილობდნენ. „75 წლის ვარ და ჩემს ასაკში სჯობს სიტუაციის გაუმჯობესებას დაველოდო, – ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრისას მითხრა ფედერიკო პაკორინიმ, – თუმცა სულაც არ მინდა ასე გავატარო სიცოცხლის უკანასკნელი წლები“.

მაშინ ტრიესტში ჩემი უკანასკნელი ვახშამი გამახსენდა, პაკორინის ოჯახთან ერთად, საოცარ Trattoria Nerodiseppia-ში, რომლის ზღვის პროდუქტებსაც, ჩემი გამოცდილებით, მეტოქე არ მოეძებნება. 

MM9157_200706_10503.jpgზაფხულის მზე ადრიატიკის ზღვაში ჩადის და ტრიესტის უნივერსიტეტის სტუდენტი მარტინა პრეცი წიგნს კითხულობს მოლო-აუდაჩეს პირსზე. როდესაც თბილა, იგი თითქმის ყოველდღე მოდის აქ. „ზღვა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა“.

პაკორინიმ გაოცებულმა მომაწოდა ღვინის ჩამონათვალი, როდესაც შეიტყო, რომ მისი რეგიონის თეთრი ღვინოების შესწავლამ სერიოზულად გამიტაცა. მენიუდან ადრიატიკის ზღვის ბოძებული საუკეთესო პროდუქტები შევარჩიეთ. სადილის მიწურულს, პაკორინის ამერიკელი რძალი, ინტერიერის დიზაინერი კეისი ჯენერი ქმარს, პაოლოს, მიუბრუნდა და ის ჰკითხა, რაც, წესით, მეც უნდა მეკითხა: „საკუთარ თავს იტალიელად მიიჩნევ თუ ტრიესტელად?“

პაოლომ ეშმაკურად გაიღიმა და უპასუხა: „ჯერ ტრიესტელი ვარ. შემდეგ იტალიელი“.

კეისის თვალები გაუფართოვდა. ის და პაოლო ვაჟს და ქალიშვილს ზრდიან ამ ქალაქში, რომელიც მას მთელი თავისი ექსცენტრიკულობით უყვარს. ცოლი არ შეეშვა: „ასე ძალიან რატომ გეამაყება ტრიესტელობა?“ მან კი მიუგო: „საზღვარზე მყოფი, აღმოჩენების პირას ხარ“.

რობერტ დრეიპერი, ჩვენი ჟურნალის კონტრიბუტორი, რაც შეიძლება მალე აპირებს ტრიესტში დაბრუნებას. შტატგარეშე ფოტოგრაფი კიარა გოია მილანში ცხოვრობს. ეს მისი პირველი ვრცელი ნამუშევარია ჩვენი გამოცემისთვის.

The post ტრიესტის ხიბლი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share