Jump to content
×
×
  • Create New...

ვახტანგ კომახიძე – რეინკარნაცია


Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/07/komaxidze.jpg

 

რწმენაა ჭეშმარიტება

 

ფეხის ხმა გაისმა და კარის ღრიჭოებში ჯერ სინათლე გამოჩნდა, მერე საპყრობილის ჭრაქიანი ზედამხედველები საკანს მიუახლოვდნენ, კარი საკეტების ღრჭიალით გააღეს და სინათლე მთელ საკანს მოეფინა. დერეფნიდან საკნის სიღრმეში თხელტანიან ტუსაღს უბიძგეს და სანამ კარს ხმაურითვე მოაჯახუნებდნენ, ჭრაქის სინათლემ ქვებით ამოშენებულ საკნის უსწორმასწორო კედელზე გრძელთმიანი, წვერმოშვებული ტუსაღის ბუნდოვანი სილუეტი გამოსახა.

– აი, შენი სამეფო! – დაცინვით მიაძახეს ტუსაღს. კარი ღრჭიალითვე მიუხურეს და ურდული ჩარაზეს.

გრძელი თმის ტარება მთელი რომის იმპერიაში, რა თქმა უნდა, ნაზარეთელებს ჰქონდათ ჩვევად, გრძელი წვერი კი ფილოსოფოსებს ჰქონდათ მოშვებული…

კარის ღრიჭოებიდან სინათლის ნაფლეთები მიილია და მალე ფეხისხმაც ჩაიკარგა დერეფნის ბოლოში. სიბნელეს კი საკნის ორად ორი ტუსაღის სუნთქვის ხმა შემორჩა.

– რატომ ჰგონიათ, რომ ეს შენი სამეფოა? – ჰკითხა დამხვედრმა ტუსაღმა, როცა სუნთქვის ხმები თითქმის უკვე სიჩუმეს უერთდებოდა.

– ალბათ ეს საკანი, როგორც ავაზაკს, სამეფოდ მიბოძეს, – უპასუხა ახალმოყვანილმა ტუსაღმა.

– ეს სატუსაღო, რა თქმა უნდა, რიტორიკული სკოლა არ არის, მაგრამ ავაზაკისგან განურჩევლად ფილოსოფოსიც შეიძლება აქ განამწესონ – უთხრა დამხვედრმა.

– ნათელს ბნელისგან მანამდე არჩევენ, სანამ სინათლე არასასურველ სიმართლეს გაანათებს! – უპასუხა ახალდატუსაღებულმა. – სიმართლეს კი მხოლოდ ფილოსოფოსები არ ეძებენ.

– ვხედავ, რომ შენც ისევე არ ხარ ავაზაკი, როგორც მე არ ვარ მკვლელი – უთხრა დამხვედრმა, – მე მკვლელის სახელით გამასამართლეს, მაგრამ მკვლელი ნამდვილად არ ვარ! მხოლოდ ადამიანთა გადარჩენა მქონდა განზრახული.

– რა გქვია, – ჰკითხა ახალდატუსაღებულმა.

– იესო მქვია, – უპასუხა მან, – იესო ბარაბა. შენ რა გქვია?

– მეც იესო მქვია, იესო ნაზარეთიდან.

საპყრობილის სარკმელში მთვარე იდუმალი ბრწყინვალებით ჩნდებოდა და მისი სხივები თანდათან საკნის შიდა კედლებს სინათლეს აფენდა.

იესო ნაზარეთელმა თხლად ნაქსოვი სამოსელი თავზე გადაიფარა და ტუჩების მოძრაობის ხმაზე გასაგონი ჩურჩულით ლოცვა წარმოთქვა. მერე კედელს მიუახლოვდა, ჯერ ხელისგულებით შეეხო გრილ ქვებს და მერე შუბლით მიეყრდნო.

– იესო, ღვთის ძევ, მკვლელობისთვის რატომ გაგასამართლეს? – ჰკითხა ლოცვის შემდეგ ბარაბას ნაზარეთელმა.

– ნაზარეთელო, მკვლელობისთვის გამასამართლეს, მაგრამ მე ადამიანების ტანჯვისგან დახსნა მსურდა. დაუნდობელი რომაელი გამოვასალმე სიცოცხლეს, რათა წამებით სული ვეღარ ამოეხადა ჩვენი მოყვასისთვის. ყოველთვის მსურდა, რომ ჩემი ერი მეხსნა მოძალადე რომაელებისგან. ამისთვის ხალხმა ბარაბა შემარქვა.

– და ახლა, დაუნდობელი რომაელის მკვლელობის შემდეგ ფიქრობ, რომ ტანჯვა შეუმსუბუქდა ჩვენს ერს?

– ნაზარეთელო, ფილოსოფოსს ჰგავხარ, რომელმაც უნდა შეიგრძნოს ადამიანთა ტანჯვა და ტკივილი! – უთხრა იესო ბარაბამ, – დიახ, საკუთარი ტყავით უნდა იგრძნო, რას განიცდის ადამიანის სხეული წამების დროს და მისი შემსუბუქება აქციო მიზნად! რაც უფრო ნაკლები მწამებელი და მოძალადე იქნება ამქვეყნად, მით უფრო შემსუბუქდება ადამიანთა ტკივილი!

– ფილოსოფია ადამიანის საცდურია, – უთხრა ნაზარეთელმა, – როცა ჰგონია, რომ ტანჯვას დაამარცხებს. როცა ფიქრობ, რომ მტერს გაანადგურებ, მტრის მსხვერპლადაც შეიძლება იქცე და თავად მტრადაც! მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განუტევო მტრობა და დათრგუნო ტანჯვა. ნებისმიერი ტვირთი შეიძლება ზიდო სიყვარულით და სხვა არაფერი იქნება ტანჯვის შემამსუბუქებელი! მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს! ნებისმიერი ტვირთი მძიმეა მხრებისთვის და მსუბუქია სიყვარულისთვის! ნებისმიერი ტვირთი მსუბუქია სიყვარულისთვის და ყველაფერი მძიმეა უსიყვარულოდ!

– მომხიბლავია ეს ნაუბარი, – თქვა ბარაბამ, – მაგრამ მე ხვალ სიკვდილით დამსჯიან. სიკვდილით დასჯა მომისაჯეს ჩემი ხალხის გადარჩენის სურვილისთვის, ჩემი ხალხის სიყვარულისთვის… მე სიყვარულისთვის დამსჯიან, შენ კი ამბობ, რომ სიყვარული გადაარჩენს ადამიანებს. ნათქვამია, როცა რომაელთა საპყრობილეში აღმოჩნდები, ცაზე შენი ბედის ვარსკვლავი ქრებაო, – ფილოსოფიურ იდუმალებად აღმოხდა იესო ბარაბას, – რომაელთა საპყრობილეებიდან არც სიყვარული და არც ბედის ვარსკვლავი აღარ ჩანს ნაზარეთელო!

– შენს ვარსკვლავს, უბრალოდ, იმიტომ ვერ ხედავ, რომ საკნის სარკმელი ძალიან პატარაა და ყველა ვარსკვლავი არ მოჩანს, – უპასუხა ნაზარეთელმა.

– შენ გგონია, რომ როცა საპყრობილეში ხარ, შენი ვარსკვლავი ისევ ანათებს?

– შენ მას დაინახავ, როცა გახვალ აქედან. დაინახავ, რომ შენი ვარსკვლავი ისევ ანათებს.

– ვინ ხარ იესო ნაზარეთელო, საიდან იცი, რომ კიდევ დავინახავ ჩემს ვარსკვლავს? მე ხომ ხვალ სიკვდილით დამსჯიან ჯვარცმით?!

– მე ვარ ძე ღვთისა და მოვედი თქვენთან, რათა დაგარწმუნოთ სიცოცხლის მარადიულობაში! რათა დაგარწმუნოთ, რომ კაცთა შორის სიყვარულით შეიძლება ტანჯვისგან გათავისუფლება და არა კაცთა კვლით! რათა მოგანიჭოთ რწმენა მოსაპოვებლად სასუფევლისა ცათა!

– აქ რატომ მოხვდი, რა დანაშაულისთვის ხარ აქ ნაზარეთელო? – ჰკითხა ბარაბამ, თუ სასუფეველი უნდა მოაპოვებინო ადამიანებს, საპყრობილეში რატომ მოგიყვანეს?

– შენ ერთი მოძალადე მოკალი და დაგატყვევეს, მე მთლიანად ძალადობის აღმოსაფხვრელად მოვედი, ამის გამო ვარ აქ. და კიდევ ოცდაათი ვერცხლის ცდუნების გამო, იმის გამო, რომ ღვთის ხატად ქმნილმა ადამიანმა ოცდაათი ვერცხლი ამჯობინა სასუფეველს…

– ვერცხლი? თითოეული ვერცხლი ხომ ადამიანს ძალადობისგან ათავისუფლებს! რომაელები ჩვენ ქონებას გვართმევენ და ამ ქონებით არიან თავისუფალი! – თქვა ბარაბამ.

– მე კი გეტყვი, რომ ვერანაირი ვერცხლის მონეტები და აურეუსები ვერ დაგიხსნის სიკვდილით დასჯისგან! მე სიყვარული მომაქვს, სიყვარული – ფულის ნაცვლად და რწმენას ვავრცელებ! მე გეუბნები, რომ ფულზე მეტად რწმენა გიშველის! თუ ირწმუნებ, არასოდეს ჩაქრება შენი ვარსკვლავი! თუ ირწმუნებ, შენ დარჩები ამქვეყნად და ხვალ შენს ნაცვლად მე გადმოვხედავ ზეციდან სამყაროს! ხვალ ფესახის დღესასწაულის საპატივცემულოდ სინედრიონი შეგიწყალებს, და გაგათავისუფლებს კიდეც, თუ რწმენა გექნება, რადგან რწმენაა ჭეშმარიტება!

– საკანში ყოფნის დროს მხოლოდ წარსულთანაა ცხოვრება შესაძლებელი, იმ წარსულთან, რომლის გამოც აქ აღმოჩნდი, მხოლოდ მოგონებებთან, რადგან რომაელთა სატუსაღოში მომავალი აღარ არსებობს, – თქვა ბარაბამ, – მით უმეტეს, როცა განაჩენი გამოტანილია…

– მომავალი არსებობს, მე მომავლისთვის ვარ ამ საკანში, – უპასუხა ნაზარეთელმა, – საარსებო მონეტები შრომით უნდა მოიპოვო და არა – ცდუნებით და მე არსებობისთვის რწმენას ვავრცელებ! თუ გულით ირწმუნებ, რწმენის ოქროს მიიღებ! ხვალ ჯერ სინედრიონი შეგიწყალებს და მერე კი იუდეის პრეფექტი გაგათავისუფლებს!

მალე მთვარემ თითქმის მთლიანად შეავსო საკნის სარკმელი. მისი მკრთალი სინათლე ჩაძინებული ბარაბას სახესაც მოეფინა და მის ნათელ გამომეტყველებაში ნაზარეთელმა დაინახა მისივე სიხარული მომდევნო დღის შეწყალებისა.

 

მეცნიერება, ანუ ჭეშმარიტების აკრძალული წიგნი

– თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მინდა ვიმსჯელოთ სამყაროს მოწყობაზე, კიდევ ერთხელ მინდა ვცადო, დაგანახოთ, რომ კოპერნიკი სამყაროს წესრიგს მხოლოდ ღვთის საქმეთა განსადიდებლად, უფლის ნამოქმედარის სიყვარულით სწავლობდა, – უკვე მერამდენედ იმეორებდა პაპის წინაშე გალილეო გალილეი, – მხოლოდ ღვთის სიყვარულით, მხოლოდ ღვთის საქმეთა განსადიდებლად, მხოლოდ იმ რწმენით, რომ უღწმესი და უდიადესია საქმენი ღვთისა…

ისმენდა ურბან მერვე ამ სიტყვებს და მისი ფიქრები ზარებივით ჟღერდა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში:

– მხოლოდ ერესი მოედინება სწავლულთა გონებიდან და ბაგეთაგან! – ფიქრობდა იგი და მისი ფიქრები სიცივის შრეებად ეფინებოდა ტაძრის კედლებს…

– თქვენო უწმინდესობავ, მე, ჩემში ჩაბუდებული თქვენდამი უდიდესი პატივისცემის და ერთგულების შესაბამისად საფუძვლიანად გადავამოწმე პტოლემეს თეორია. პტოლემე უდიდესი მოაზროვნე იყო და სამყაროს მოწყობაზე მისი შეხედულებებით საზრდოობს დღემდე გონიერი კაცობრიობა. თუმცა, სამყაროს საიდუმლოებები სცდება პტოლემეს დაკვირვებათა შედეგებს, – ამბობდა გალილეო და უნდოდა პაპის თვალებში დაენახა სურვილი უწმინდესი ჭეშმარიტების შეცნობისა, – თქვენო უწმინდესობავ, დიახ, წმინდა კონგრეგაციამ გამოსცა დეკრეტი, რომელშიც კოპერნიკის სწავლება ერესადაა მიჩნეული, დიახ, კარდინალმა ბელარმინმა გამოსცა კანონი, რომელმაც აკრძალა ნიკოლო კოპერნიკის თხზულება “ციური სხეულების ბრუნვის შესახებ”, მაგრამ, თქვენო უწმინდესობავ, მე მინდა პტოლემეს და კოპერნიკის დაკვირვებების შედარება წარმოგიდგინოთ, ამბობდა გალილეო და ფიქრობდა, რომ პაპი მოუსმენდა, რომ შეუძლებელი იყო, პაპი არ დაინტერესებულიყო სამყაროს მოწყობის შესახებ აღმოჩენილი მტკიცებულებებით.

– გისმენ, შვილო ჩემო, ყურადღებით გისმენ! – თითქოს ჩაესმოდა კიდეც გალილეოს პაპის სიტყვები და კიდევ უფრო აღფრთოვანებით ცდილობდა მის დარწმუნებას:

– თქვენო უწმინდესობავ, პტოლემემ არისტოტელეს სწავლების საფუძველზე დაადგინა, რომ დედამიწაა სამყაროს ცენტრი, და მერე პეტრეს ეკლესიამ თქვა, რომ ღმერთმა შექმნა ეს ადგილი სამოთხისათვის, სადაც ადამი და ევა მოავლინა, რომ ეს არის მაცხოვრის მოვლინების მიწა, მაგრამ თქვენო უწმინდესობავ, ნუთუ ამ მიწაზე სუფევს ნეტარი სამება, რათა ის სამყაროს ცენტრად მივიჩნიოთ?! – ამბობდა გალილეო და უნდოდა, რომ კიდევ უფრო ღრმად, კიდევ უფრო არგუმენტირებულად დაენახვებინა უწმინდესისთვის სამყაროს სახე. – ნიკოლო კოპერნიკის თხზულება, რომელიც აკრძალა წმინდა კარდინალმა ბელარმინმა, უდავოდ მტკიცე ცნობებს შეიცავს იმის შესახებ, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. და, თუ ეს ასეა, მაშინ, თქვენო უწმინდესობავ, სამყარო შეიძლება უფრო დიდი ცოდნით, დიდი რუდუნებითაა მოწყობილი და ჩვენ ეს უნდა დავინახოთ ღვთის ჭეშმარიტად სადიდებლად! თქვენო უწმინდესობავ, გააუქმეთ კანონი დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის თეორიის აკრძალვის შესახებ და ჩვენ შეგვეძლება სამყაროს ჭეშმარიტებას უფრო მივუახლოვდეთ! – ამბობდა გალილეო და გულანთებული ელოდა პაპის პასუხს.

– ჭეშმარიტება მხოლოდ ისაა, რაც ღვთის რწმენისთვისაა სასარგებლო! ის, რაც არ აძლიერებს რწმენას, ეშმაკისეულია! – ეუბნებოდა პაპი საპასუხოდ, – სამყარო როგორც უნდა იყოს მოწყობილი, მან ამ პეტრეს ბაზილიკის გარშემო უნდა იმოძრაოს! ეს სჭირდება ჭეშმარიტებას და შენ ეს უნდა დაამტკიცო! გაძლევ კურთხევას, რომ კარდინალ ბელარმინის მიერ აკრძალული კოპერნიკის თხზულება დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის შესახებ არათუ მხოლოდ უარყო, არამედ, სასტიკად გააცამტვერო!

– როცა ღვთის შემოქმედებას სწორად ვერ ხედავს ადამიანი, ღვთის მიერ ჩამოყალიბებულ წესრიგს საფრთხე ვერ შეექმნება, მაგრამ ღმერთს ვერასოდეს მივაგნებთ, თუ მისი ქმნილების საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებთ, – ფიქრობდა გალილეო, თვალებში უცქერდა პაპს და ასე ფიქრობდა:

– მე შევქმნი თხზულებას იმისთვის, რომ დავინახოთ და არა იმისთვის, რომ ვერ დავინახოთ…

 

* * *

– სენიორე გალილეი, თქვენ ერესში ხართ ბრალდებული, – ეუბნებოდა წლების შემდეგ გალილეო გალილეის ინკვიზიტორი სასამართლო დარბაზში. – თქვენი თეორია ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას! თქვენ როგორც სწავლულმა, ამპარტავნებით ეჭვი შეიტანეთ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილი სწავლებების ჭეშმარიტებაში! – ამბობდა ინკვიზიტორი. – ეს შეუწყნარებელი ცოდვაა ღვთისა და ეკლესიის წინაშე, რაც სიკვდილით ისჯება!

– არასოდეს განვდგომივარ უფალს უპატივცემულესო ინკვიზიტორო, – პასუხობდა გალილეო, – როგორ შეიძლება განუდგე უფალს, როცა მისი შემოქმედების არსში ჩაწვდომის სურვილით ხარ აღვსილი?! როგორ შეიძლება განუდგე ეკლესიის სწავლებებს, როცა მისი სწავლებებით აგვეხილა თვალი და ღვთაებრივი სამყაროს სიღრმეებში ჩავიხედეთ?! დიდებულო ინკვიზიტორო, მე მხოლოდ სამყაროს – ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს წესრიგის აღწერა მსურდა.

– შენ არ აღასრულე პაპის მოწოდება და არ დაადგინე, რომ პტოლემეს თეორია დედამიწის სამყაროს ცენტრად ცნობის შესახებ ღვთაებრივ და საეკლესიო ჭეშმარიტებათა საყრდენია, რადგან თავად მზეც დაბნელდა, როცა დედამიწაზე ქრისტე ჯვარს აცვეს! სწორედ ამ წესრიგს, ამ ჭეშმარიტებას დაეფუძნა პეტრეს ეკლესია. – არ ცხრებოდა ინკვიზიტორი, – ამიტომ თქვენი ცოდვილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად უნდა აღიაროთ ერესის ცოდვა და უარყოთ თქვენი ამპარტავანი შეხედულებები ციური სხეულების მოძრაობის და წესების შესახებ, რომლებიც შეურაცხჰყობს ეკლესიის სწავლებებს და აბრკოლებს ადამიანთა რწმენას. თუ თქვენ აღიარებთ ერესს, შეინარჩუნებთ სიცოცხლეს!

 

***

– მე გალილეო გალილეი, ინკვიზიციის, პირადად უპატივცემულესი და უკეთილშობილესი კარდინალების ფერხთა წინაშე მუხლმოდრეკილი, წმინდა სახარების შემყურე, რომელსაც ხელით ვეხები, ვფიცავ, მე უარვყოფ ცრუ შეხედულებას, თითქოს მზე არის სამყაროს ცენტრი და არა დედამიწა და აღარასდროს არც წერილობით, არც სიტყვიერად აღარ ვილაპარაკებ და განვიხილავ, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო ღვთისმიერი, – ამბობდა ღვთის, ეკლესიის და ადამიანთა წინაშე დაჩოქებული გალილეო.

– რომ არ დაგვესაჯა და კოცონზე არ დაგვეწვა თავის დროზე ბრუნო, დღეს სენიორე გალილეის ვერ დავიმორჩილებდით, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა პატივცემულმა კარდინალმა გალილეო გალილეის სიტყვების შემდეგ.

– რა თქმა უნდა, დღეს სენიორე გალილეის ოქროსმოყვარული პაპიც ვერ იხსნიდა – გადაულაპარაკა მას კოლეგა მსაჯულმა.

– გალილეო გალილეი! ამიერიდან გეკრძალება ადამიანებთან მსჯელობა!!! – ისმოდა სასამართლო დარბაზში.

 

* * *

– სინიორე გალილეი, როგორც მსმენია, მაფეო ბარბერინი მეგობრობდა თქვენთან, სანამ პაპად აირჩევდნენ, – ჰკითხა ერთხელ ვიჩენცო ვივიანიმ გალილეის – რატომ იქცა იგი თქვენი მოღვაწეობის მთავარ მოწინააღმდეგედ?

– მაფეო ბარბერინი ჩემი მეგობარი და გულშემატკივარი იყო ყოველთვის, ჩემს კვლევებს და ექსპერიმენტებს გულმოდგინედ აკვირდებოდა. მაგრამ როცა იგი პაპი გახდა, უამრავი სიკეთე და უამრავი ფული შემომთავაზა კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორიის გასანადგურებლად. ჯორდანო ბრუნო დომენიკელთა ორდენის წევრი იყო, იგი მთელი არსებით ემსახურებოდა ეკლესიას, მაგრამ ეკლესიას უფრო მეტი უნდოდა მისგან. ეკლესიას უნდოდა უარეყო ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება მხოლოდ მის სამსახურში დაენახა. დაწვა არ ნიშნავს უარყოფას, თქვა ბრუნომ, მან იცოდა რომ მისი დაწვით მას ვერ უარჰყოფდნენ. მისთვის თავისუფლება უშიშარობა იყო. მე არ მეშინია, უბრალოდ, მინდა რომ სიცოცხლე კვლევას მივუძღვნა და არა ბრძოლას უსამართლობასთან. – ჩაილაპარაკა გალილეომ. – უსამართლობას ადამიანები აუცილებლად დაძლევენ, როცა ამის ძალა ექნებათ, მე ამის საკმარისი ძალა არ მაქვს, მაგრამ მე მაქვს კვლევის უნარი. ამიტომ არ ვიბრძოლებ ჭეშმარიტებისთვის, მე უბრალოდ, ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ჭეშმარიტების დადგენაში. – ეუბნებოდა მოსწავლეს გალილეო. – სამყაროს აქვს წესრიგი, ამ წესრიგს თუ ამოვხსნით, ჩვენ ვიპოვით პასუხს, ვინ ვართ ჩვენ. მე ამიტომ ვიდექი მუხლებზე და უარვყოფდი ჩემს თავს, რომ გამეგრძელებინა მუშაობა. მზეს აქვს ლაქები და როცა მათ ვაკვირდებოდი, ვხედავდი, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, არამედ, მზეც მოძრაობს თავისი ცენტრის გარშემო. ეს რწმენას აღემატება! ეს ბევრად დიდი სამყაროს დასაწყისია. მეცნიერებაა ჭეშმარიტება! ამისთვის ღირდა მუხლებზე დგომა ინკვიზიციის წინაშე.

– რა არის ნეტავ ის, რაც რწმენას და ფულს აუფასურებს?! – ფიქრობდა ვიჩენცო ვივიანი, – ნუთუ ეს ჭეშმარიტებაა?!

 

იხვებზე ნადირობა ჯეკილზე ანუ ფულია ჭეშმარიტება

– ჩვენ, ნაციონალური ფინანსური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები აქ კუნძულ ჯეკილზე მისტერ მორგანის საზაფხულო აგარაკზე ოფიციალურად იხვებზე სანადიროდ შევიკრებეთ, – ბრძანა მისტერ როკფელერმა. – სინამდვილეში კი, სამწუხაროდ, იხვებზე ნადირობით ვერ დავტკბებით. ჩვენი მისია ბევრად აღემატება იხვებზე ნადირობის სიამოვნებას. ბატონებო, თქვენ ისტორია ფულის ღმერთებს გიწოდებთ! – ამბობდა როკფელერი და თან აკვირდებოდა თითოეული ბანკირის მზერას, თითქოს მათ მზერაში ახალი მსოფლიო ფინანსური წესრიგისათვის მზადყოფნის სულისკვეთებას ეძებდა…

– ფულის ღმერთები ახალი მსოფლიო ფინანსური წესრიგისათვის! – ტუჩებში უხმოდ გამოსცრა მისტერ ფრენკ ვანდერლიპმა – როკფელერის “ნეშენელ სითი ბანკის პრეზიდენტმა”, რომელმაც მთელი წინა საღამო გაატარა მისტერ როკფელერთან იმ სიტყვის მოსამზადებლად, რომელსაც ახლა დამსწრე საზოგადოება უსმენდა. თუმცა, ულვაშებით შენიღბული მისი ტუჩების მოძრაობა არავის შეუნიშნავს, რადგან ზუსტად იმავე დროს მისტერ როკფელერმა წარმოთქვა:

– ფულის ღმერთები ახალი მსოფლიო ფინანსური წესრიგისთვის! აი, რა არის ჩვენი შეკრების მიზანი! ყველამ იცის რომ, ფულის გარეშე არაფერი შეიქმნება. მაგალითად, მრეწველობას აუცილებლად სჭირდება ფული. ფული სჭირდება ფარმაცევტიკას. ფული სჭირდება ომსაც. თუ კიდევ ღრმად ჩავხედავთ, ომს სჭირდება მრეწველობა და ფარმაცევტიკა, რომლებსაც სჭირდება ფული. თავის მხრივ, ამ ყველაფერს სჭირდება მეცნიერება, მეცნიერება ვერ განვითარდება განათლების გარეშე. ადამიანებს, ქალაქებს, სახელმწიფოებს სჭირდებათ ფული… ჩვენ კი გვინდა, რომ ფულის მართვა ჩვენ გვეკუთვნოდეს! აი, ესაა ჩვენი ამოცანა!

იმავე საკითხზე სალაპარაკოდ იყვნენ მომზადებული მისტერ მორგანი და მის გვედით მყოფი მისტერ ჩარლზ ნორტონი, რომელიც მოუთმენლად ელოდა თავისი სიტყვით გამოსვლის დროის დადგომას ამ უამაღლებულეს საზოგადოებაში.

– როგორ უნდა ვმართოთ ის ფული, რომელიც ყველას სჭირდება? რა თქმა უნდა, აი, ამ საკითხზე შევიკრიბეთ და არა იხვებზე სანადიროდ, – ამბობდა მისტერ ვანდერლიპი – მაგრამ თუ კანონმდებლებმა შეიტყვეს, რომ ჩვენ აქ იხვებზე არ ვნადირობთ და სამყაროს ფულის მართვაზე ვმსჯელობთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღარასოდეს დაამტკიცებს კანონპროექტს ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ, რომელიც ახლა უნდა დავაფუძნოთ! – თქვა მისტერ ფრენკ ვანდერლიპმა და ჩიბუხის მილაკი ძახილის ნიშანივით აღმართა ყველას წინაშე.

– ბატონებო, ერთხელ ჰაინეს უთქვამს, ფული ჩვენი დროის ღმერთია, როტშილდი კი მისი მოციქულიო. მე კი, თავად როტშილდი, გეტყვით, რომ მხოლოდ ღმერთია ერთადერთი, რომელიც ძალაუფლებას არავის უნაწილებს, ყველა დანარჩენმა კი, ვინც ფულის მიმოქცევის საქმეში ჩაერთვება, უარი უნდა თქვას კერძო გამოხდომებზე! ფულის ძალას მხოლოდ ფინანსური სისტემა უზრუნველყოფს, ამიტომ ჩვენ, რეალურად, ფინანსური სისტემის მხოლოდ თანამონაწილე მოციქულები უნდა გავხდეთ, რადგან ამ სისტემაში ერესი და მასკარადი არ დაიშვება! – ამბობდა მისტერ როტშილდი.

– დიახ, ზუსტად ასეა ბატონებო, წამოიძახა მოთმინებით გათანგულმა მიტერ ჩარლზ ნორტონმა. – მე ახლა დაგანახებთ შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდის მუშაობის ფინანსურ მოდელს. როგორც მისტერ ვანდერლიპმა აღწერა, ფული ყველას რომ სჭირდება, ეს შეიძლება ისეთივე მარტივ ეკონომიკურ მოცემულობად აღიქვათ, როგორც მოთხოვნილება საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ან სურსათზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვაფუძნებთ საერთო სისტემას, რომელსაც ეკუთვნის თითქმის ყველა ფულზე კონტროლი, რაზეც ხელი მიგვიწვდება და ვიწყებთ კეთილდღეობის დაკრედიტებას. ის, რასაც წინასწარმეტყველები სამოთხის სახით ჰპირდებოდნენ ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნად დავაკრედიტოთ. მაგალითად, მივცეთ ფული ყველას თავიანთი საჭიროებებისთვის, ოღონდ იმ პირობით, რომ უზრუნველჰყონ ამ ფულის დაბრუნება მათ საკუთრებაში არსებული ქონებით. და ამ სიკეთის სანაცვლოდ მოვითხოვოთ პროცენტები, უბრალოდ, ჩვენი სერვისის ინტერესი. მცირე ინტერესი, ფორმალურად, ძალიან მცირე. მაგალითად ჩვენს ფინანსურ სისტემას აქვს ასი დოლარი და ადამიანებს მივეცით ეს ასი დოლარი იმ დათქმით, რომ ყოველწლიურად მათ უნდა დაგვიბრუნონ თანხის ნაწილი და სარგებელი დაახლოებით ერთი პროცენტი. წლების განმავლობაში ისინი ჩვენს თანხას დააბრუნებენ, მაგრამ საიდან უნდა დააბრუნონ მათ ჩვენი ინტერესისთვის დაწესებული ის ერთი დოლარი, როცა ჩვენს ფინანსურ სისტემას მხოლოდ ასი დოლარი ჰქონდა?

– რა თქმა უნდა დავაბრუნებინებთ იმ ქონებით, რომელიც უზრუნველყოფის სახით იქნა ჩადებული – წამოიძახა გაბრწყინებულმა ვიზიტორმა.

– რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მათ ქონებას დავეუფლოთ სრულიად კანონიერად, მაგრამ მოდი, ჯერ ჩვენ ჩვენი ინტერესი მოვითხოვოთ – ჩვენი დოლარიანი, რომელიც ბუნებაში არ იარსებებს, თუ ჩვენ არ დავბეჭდავთ ამ ერთდოლარიანს, – განმარტა მისტერ ნორტონმა. როცა კრედიტორი ვერ იშოვის იმ ერთ დოლარს რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ეს ერთი დოლარი გახდება ძალიან ძვირი! რა თქმა უნდა, დავალიანების დასაფარად ჩვენ მას შევთავაზებთ ახალ ერთ დოლარს კრედიტად, ოღონდ ახალი ინტერესით. მაგრამ საიდან უნდა გაჩნდეს ბუნებაში არარსებული დოლარიანები? აი, ესაა ჩვენი პროექტის საიდუმლო! ჩვენ გვექნება უფლება დავბეჭდოთ ის საჭირო დოლარები და გავცეთ ახალი სარგებელის ფასად არა მხოლოდ ნიუ-იორკში, ლუიზიანაში, და სანფრაცისკოში, არამედ პეკინში, მოსკოვში და როცა ჩვენი დოლარის ფორმულა ამოქმედდება, ჩვენ კი არ გამოვისყიდით, არამედ ვიყიდით ყველაფერს იმით, რაც ჩვენ მხოლოდ დოლარის დაბეჭდვის უფლებით გვექნება მონიჭებული. საბოლოოდ, გაზრდილი პროცენტებით სუსტები დაკარგავენ ქონებას და ამ ქონებას მივყიდით ძლიერებს. და სამყაროს ძლიერები განავითარებენ! ასეთია ჩვენი კანონპროექტი.

– მოციქული ახლა ნამდვილად ნორტონია, როტშილდი უკვე ღმერთია, გაიცინა როკფელერმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს გავიტანთ კონგრესში. ღმერთებს ალბათ, უკეთ შეუძლიათ გააკეთონ ეს კონგრესში, ვიდრე ინკოგნიტო ფინანსურ ჩინოვნიკებს. ჩვენ უბრალოდ, ერთობა გვჭირდება და გვჭირდება რწმენა! ის რწმენა, რომელიც ექნებათ ადამიანებს ღვთისა და ფულის წინაშე!

– და როგორ შეიძლება ადამიანმა ერთდროულად ირწმუნოს ღმერთისაც და ფულისაც, რომელიც მას სულს ამოხდის და ქონებას დააკარგვინებს?

– ამაზე ჩვენ უკვე ვიზრუნეთ ბატონებო! ამიტომ აწერია დოლარის ბანკნოტებს – ჩვენ გვწამს ღმერთის! ფულისთვის, რომლის მოპოვების შესაძლებლობაც გაგიჩნდება, აუცილებლად იწამებ ღმერთს, ხოლო მას, ვინც ამ ფულის წყარო და მწყალობელი იქნება, გააღმერთებენ! ეს უკვე რელიგიაა! ფული კი – ჭეშმარიტება!

 

 

სერობა პრემიერმინისტრთანძალაუფლება და ჭეშმარიტება

– ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! მოხარული ვარ, რომ დღეს ვხვდები და ვმასპინძლობ ადამიანებს, რომლებიც მომდევნო წლებში ყველაზე საპასუხისმგებლო როლს შეასრულებენ ქვეყნის მართვაში, – საზეიმოდ წარმოთქვა პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა, ქვეყნის ყველა საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, რომელმაც სულ მცირე ხნის წინათ გამართულ საარჩევნო პროცესში მოქალაქეებს განვითარების და კეთილდღეობის მიღწევის მომხიბლავი ფორმულა შესთავაზა. სწორედ ამ შეთავაზებით მან საყოველთაო აღიარება და ქვეყნის პირველი პოსტი მოიპოვა. – ჩვენ ყველას გვსურს, რომ ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი როლი კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზე და იმ ადგილზე, რომელიც განგებამ მოგვიჩინა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ, როგორ ვმართოთ ქვეყანა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ აღვუთქვათ მზადყოფნა, რომ საერთო საქმეში ძალებს არ დავიშურებთ და, რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო ჩვენივე რწმენა და ერთგულება იქნება, – ამბობდა პრემიერ-მინისტრი…

პრემიერ-მინისტრთან მიღებაზე მიწვეული სტუმრები ხვდებოდნენ, რომ გამოსვლის ტექსტში ჩართულ სიტყვა ერთგულებაში მათი პრემიერ-მინისტრისადმი ერთგულება იგულისხმებოდა, სიტყვა რწმენაში კი – ღვთისა და პრემიერ-მინისტრის რწმენა. მისი სიტყვა ემოციურადაც აღიქმებოდა და წარმატებათა მოლოდინის აღმძვრელადაც. პრემიერ-მინისტრი დამაიმედებლად ლაპარაკობდა პოლიტიკურ გამოწვევებზე, სოციალურ პროგრამებზე და როგორც ქვეყნის პირველ პირს შეეფერებოდა, ღიმილსა და თბილ მზერას არ იშურებდა შეკრებილი ბატონებისა და ქალბატონებისთვის. მისი სიტყვის დამამთავრებელ ფრაზას კი ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ შეხვედრის აშკარად მონუსხული მონაწილენი.

სასახლის ღია ვერანდაზე, რომელსაც გარს ერტყა მარადმწვანე მაგნოლიები, გიგანტური ხეტიტები და ევკალიპტები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ მოწვეული გავლენიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ შორის:

  1. პრემიერ-მინისტრის ბანკის მმართველი და მისი ყველა საქმიანი ჩანაფიქრის ორაკულად წოდებული ფინანსისტი, მისი განუყრელი თანამგზავრი;
  2. სასულიერო იერარქი, პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებული მონასტრების აღდგენა-მშენებლობების საქველმოქმედო ფონდის საპატიო პრეზიდენტი;
  3. სამართლიანობის მინისტრი;
  4. უშიშროების მინისტრი, კიდევ ერთი ორაკული პოლიტიკური თუ სოციალური საფრთხეების გაუვნებელყოფის საკითხებში;
  5. მეცნიერებათა საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი;
  6. პრემიერ-მინისტრის სტიპენდიების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი;
  7. ინფრასტრუქტურის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი;
  8. პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან უბრალოდ ვისკის სვამდა ხოლმე.
  9. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, საინფორმაციო განვითარების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი;
  10. მეცნიერი ნევროლოგი, რომელიც პრემიერ-მინისტრს მუდმივად უზიარებდა იდეებს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის შესაძლებლობების შესახებ.
  11. მიუსაფართა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი;
  12. მოსამართლე, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ოდითგანვე შთააგონებდა, რომ მხოლოდ მის მმართველობას შეეძლო ქვეყნად სამართლიანობის დამკვიდრება.

– ბატონო პრემიერ-მინისტრო, – წამოიწყო სიტყვა წმინდა სინოდის წევრმა. – უფალი ყველაფერს ხედავს და რადგან მან თქვენი თავი მოუვლინა ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, დაადგინა, რომ ამ ქვეყანას თქვენ ესაჭიროებოდით. თქვენ ხართ მისი რჩეული და, თუ ადამიანები თქვენგან მოელიან, რომ კეთილდღეობას და ბედნიერებას მიანიჭებთ, თუ ისინი თქვენს კარზე დააკაკუნებენ, მათ აუცილებლად გაეღებათ თქვენი კარი და მიიღებენ თქვენგან ბოძებულ კეთილდღეობას და ბედნიერებას. და, თუ ადამიანები თქვენგან სასწაულს მოითხოვენ, უფალი მოგანიჭებთ ამის ძალას და თქვენ ადამიანებთან აუცილებლად მიიტანთ სასწაულსაც. თქვენ შექმნით სამოთხეს ამქვეყნად, რამეთუ თქვენ ხართ ნათელი და იმედი ხვალინდელი დღის, – ამაღელვებლად წარმოთქვამდა ფრაზებს წმინდა სინოდის წევრი და ყოველი ამაღლებული ფრაზა ვერანდაზე მსხდომთა სახეებს იმედად ეფინებოდა, თითქოს მათ წინ ახლა არა მხოლოდ მათი პოლიტიკური წინამძღოლი, არამედ განსხეულებული მფარველი ანგელოზი იმყოფებოდა…

– რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ფული ყოველი მათგანის გამდიდრებისთვის გამოიგონეს?! – გადაულაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გვერდით მჯდომ თავის განუყრელ ფინანსისტს და წამოდგა, რათა მოწვეული სტუმრებისთვის მიემართა.

– უდიდესი პატივია, როცა ბედნიერების წყაროდ მიგიჩნევენ, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, მერე წამით შეჩერდა, აპირებდა ეთქვა, რომ არასოდეს არაფერს დაიშურებდა ადამიანთა მოლოდინის გასამართლებლად… მაგრამ მოულოდნელად წარმატების მწვერვალზე მყოფს მოუნდა რაღაც უფრო მარტივი, ეგზისტენციალური რამ ეთქვა:

– ახლა მინდა იმის შესახებ გიამბოთ, რა შეიძლება იყოს ბედნიერების ფორმულა, – წარმოთქვა მან. – ყოველთვის მომიწოდებდნენ ჩემი მშობლები, რომ ხელობა შემეთვისებინა – რამე ისეთი ხელობა, რომლის წყალობითაც დამსახურებული ჯამაგირი მექნებოდა და ამ გასამრჯელოთი მშვიდად ვიცხოვრებდი, მარტივ ბედნიერებას შევიგრძნობდი. ვერ შევითვისე ბედნიერების ეს მარტივი ფორმულა და ხანდახან ვნანობ კიდეც… არ მავიწყდება, დილაობით სკოლაში წასვლამდე როგორ მხვდებოდა საწოლთან ათკაპიკიანი. მადლობასაც არ ვამბობდი ხოლმე, რადგან მეგონა, რომ იგი კანონზომიერებით მეკუთვნოდა, რომ მას ჩემს ღარიბ მშობლებს ჩემთვის გადმოსაცემად განგება უგზავნიდა… იმ ათკაპიკიანების ფასს ხანდახან მილიონების ფასი გადაუწონავს. ათკაპიკიანებითა და მრავალმილიონიანი საბანკო ანგარიშებით აღძრული ბედნიერების შეგრძნებები კი საერთოდ ქრება, როცა ძალაუფლების წესრიგი იწყება. იქ სადაც ძალაუფლებაა, ფული ბედნიერების ფუნქციას კარგავს და წესრიგის ინსტრუმენტად იქცევა, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ფულის ეგზისტენციალური არსის გარდა სერობის პრაგმატული მნიშვნელობაც დაენახვებინა…

– დიახ, ფული მართვის ინსტრუმენტიცაა, – წარმოთქვა წმინდა სინოდის წევრმა პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრების განსამტკიცებლად, – ადამიანს ბედნიერებას ღმერთი ანიჭებს, ბედნიერება რწმენაშია, ფული კი წესრიგის ინსტრუმენტია, რათა იცხოვრო და აღივსო რწმენით…

– როგორ ფიქრობ, სულიერება მაშინაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული, როცა სასულიერო იერარქი ფულზე უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე სულზე, – ირონიულად გადაულაპარაკა პრემიერ-მინისტრმა თავის ერთგულ ფინანსისტს.

– არა, იგი ფულზე არ ლაპარაკობს ბატონო პრემიერ-მინსტრო, – უპასუხა ერთგულმა ფინანსისტმა პრემიერ-მინისტრს და სასულერო იერარქზე მიანიშნა, რომელსაც წითელი ღვინით სავსე სასმისი ეპყრა და ფრესკაზე გამოსახული წმინდანივით მიმართავდა პრემიერ-მინისტრის სტუმრებს. – დააკვირდით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნუთუ იგი ახლა მათ ფულზე ელაპარაკება?! იგი ახლა წითელი ღვინით სავსე ბარძიმით იმას ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის სისხლს ვეზიარებითო, აი, ამაზე ლაპარაკობს პატივცემული სინოდის წევრი.

– მოძღვარო, იქნებ აგვიხსნათ, გონიერება უფრო გამოადგება ჩვენს მმართველ გუნდს, რწმენა თუ ფული? – ეკითხებოდა მეორე მხრიდან სასულიერო იერარქს პრემიერ-მინისტრის სტიპენდიათა ფონდის ხელმძღვანელი.

– გონიერების გარეშე ფული არ მოიპოვება, ფულის გარეშე ღირსეული არსებობაა შეუძლებელი და უღირს ყოფაში რწმენაც გაქრება, – დაიწყო მოვლენათა ჯაჭვური ბმების ახსნა სასულიერო იერარქმა, – ურწმუნოებით, მოგეხსენებათ, გონიერება უგუნურებად გარდაიქმნება, ამიტომ, ჩვენ რწმენა გვესაჭიროება, რწმენა ასაზრდოებს ყოველივე გონიერს და გონიერებას მოაქვს ფული! ჩვენ შევძლებთ რწმენით მოვიპოვოთ ფული, თუ ჩვენთან ჩვენი პრემიერ-მინისტრი იქნება!

– დიახ, – დაეთანხმა მას ინფრასტრუქტურის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, – დიახ, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შეუძლია სამოთხე ააშენოს ამქვეყნად!

– გონიერება და უგუნურება, რწმენა და ურწმუნოება მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგიების ნაწილებია, – ჩაერთო განხილვაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი – სინამდვილეში, რასაც საინფორმაციო საშუალებები ხშირად გამოაქვეყნებენ, საზოგადოება იმას დაიჯერებს! მთავარია, საინფორმაციო საშუალებებმა ის თქვან, რაც ჩვენს მმართველ გუნდს ესაჭიროება. თუ ჩვენი მმართველი გუნდი შესაბამის საფასურს გადაიხდის, მაშინ, როგორც სპეციალისტი, გარწმუნებთ, რომ საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო წინადადებებს გამოაქვეყნებენ.

მიღებაზე მყოფი სტუმრები ყურადღებით ისმენდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მოსაზრებებს, თითქმის ყველაფერი ყველასთვის მისაღები იყო, მაგრამ მოულოდნელად განხილვაში სამართლიანობის მინისტრი ჩაერთო:

– ეს ხომ მოსყიდვაა, როგორ დავიხსნით ამის შემდეგ თავს ბრალდებისგან, რომ ჩვენ საინფორმაციო საშუალებებს მოვისყიდით? – თქვა სამართლიანობის მინისტრმა.

– ქალბატონო მინისტრო, როცა ადამიანებს ეუბნებიან, სამოთხეს მიიღებ მორჩილებისთვისო, ნუთუ ეს არ ნიშნავს მოსყიდვას, მით უმეტეს, რომ სამოთხის მომხიბლაობებში ადამიანების დარწმუნება შეიძლება თაღლითობის ნიშნებსაც შეიცავდეს, რადგან დაპირებული სამოთხე შეიძლება სულაც ვერ მიიღონ ადამიანებმა! – უპასუხა სამართლიანობის მინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტმა, – საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ იწყებს კაცობრიობა გამოძიებას იმ ძალადობაზე, რომელიც ფსიქოლოგიური მუქარის სახით მიმდინარეობს ჯოჯოხეთის მითის გამოყენებით! რომ საღვთო მოძღვრებების უარმყოფელი პირები ჯოჯოხეთის კუპრში მოიხარშებიან საუკუნოდ! მაგრამ კაცთა მოდგმის გონიერებამ გვიკარნახა, რომ ფულის ემისია და ამ ფულით ადამიანების დაშოშმინება უფრო მარტივია, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ან გონიერების სტანდარტების ამაღლება!

– პატივცემულო საზოგადოებავ, – წარმოთქვა ქალბატონმა მინისტრმა, – ზოგჯერ ჩვენ სამართლიანობის დაცვის მოთხოვნით მოგვმართავენ, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოებათა დასამკვიდრებლად გამოიყენებოდა, ძალადობის გამოვლინებად შევაფასოთ! ზოგჯერ ჯოჯოხეთის წამების დანაშაულებათა სავარაუდო ადგილსამყოფელად ცნობას გვთხოვენ და მოგვიწოდებენ გამოვიკვლიოთ ჯოჯოხეთში ადამიანების კუპრში მოხარშვის შესაძლებლობები! რა თქმა უნდა, ხანდახან თაღლითობის ნიშნების დანახვასაც გვაიძულებენ ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ შეთხზულ მოძღვრებებში, მაგრამ ვეთანხმები საზოგადოებასთან ურთიერთობის სეციალისტს, რომ ფულის ბეჭდვა და მისი საშუალებით გავლენების მოპოვება უფრო კეთილშობილური პოლიტიკური არჩევანი იქნება ყოველთვის. – თქვა სამართლიანობის მინისტრმა…

– ისინი, ვინც ფულზე ოცნებობენ, ალბათ ჰგონიათ, რომ როცა ბანკნოტებს ბეჭდავენ, ფულის სტამბა მათ ოცნებებსაც ითვალისწინებს, – წამოიძახა საზოგადოებასთან ურთიერთობის გაცხარებულმა სპეციალისტმა. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ფული ყველას გადავუხადოთ! ფულს თუ ყველას გადავუხდით, ფული გაუფასურდება! ფული თუ ძალას დაკარგავს, მას ჩვენი ძალაუფლებაც თან მიჰყვება! ფული ყველას კი არ უნდა გადავუხადოთ, არამედ ისეთი რეალობა უნდა შევქმნათ, ყველა იღვწოდეს, რომ ფული მას გადავუხადოთ! – ამბობდა იგი.

– საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალიტი უდავოდ მჭევრმეტყველია – გადაულაპარაკა პრემიერ-მინისტრს ერთგულმა ფინანსისტმა, – მაგრამ სამართლიანობის მინისტრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ბატონო პრემიერ-მინისტრო!

– თქვენ არ გეხსომებათ ამ ქალბატონის მამა. ის ცნობილი მოსამართლე იყო, – უთხრა ერთგულ ფინანსისტს პრემიერ-მინისტრმა, – განსასჯელებს სასამართლო დარბაზში შესვლამდე ატყობინებდა, რამდენი უნდა გადაეხადათ გათავისუფლებისთვის. თანხის თუნდაც ნახევარის გადახდის შემთხვევაში, სასჯელს უნახევრებდა, მაგრამ, იმ განსასჯელს, რომელიც არაფერს გადაიხდიდა, მაქსიმალურ სასჯელს უსჯიდა. მერე, თავისი ქალიშვილი საფრაგეთში L’École Nationale d’Administration-ში გაგზავნა სასწავლად. გოგონა კარგად სწავლობდა და მამის განაჩენების ხარჯზე ფუნთუშებსაც მიირთმევდა. მამამისის რეალური როლი სასამართლო სისტემაში კი ის იყო, რომ ქვეყნისთვის საჭირო საქმეებზე დახვრეტის გადაწყვეტილებები მიეღო. ამის გამო მასთან ვალში მყოფი სახელმწიფო სისტემა მას რიგითი განსასჯელების გატყავების პრივილეგიით ანებივრებდა. ამიტომ, აუღელვებლად იღებდა ქრთამს ქალიშვილის განათლებისა და ფუნთუშებისთვის. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ნიჭით და ცოდნით მინისტრობას ვერასოდეს მოიპოვებს. მინისტრად ეს ქალბატონი ჩემს კაბინეტში იმიტომ მოვიწვიე, რომ მის ადგილზე ვინმე ადამიანური გრძნობებით დასნებოვნებული არსება არ შემომპარვოდა. აი, ასე გახდა იგი მინისტრი. ის მხოლოდ წესრიგის ნაწილია…

– ბატონო პრემიერ-მინისტრო, წესრიგი სამყაროში უსამართლობის გარეშე არ არსებობს! – აჰყვა რიტორიკაში ერთგული ფინანსისტი, – და, თუ უსამართლობის შემცირება აუცილებელი გახდება, იგი მხოლოდ იმ დოზით უნდა შევამციროთ, რომ წესრიგი არ დაზარალდეს! წესრიგი საყოველთაო სიკეთეა, საყოველთაო ბედნიერება! – უთხრა მან პრემიერ-მინისტრს მისთვის გაზიარებული მოსაზრებების გასამყარებლად.

– ბატონო პრერ-მიერმინისტრო, – გაბედულების ზღვარზე ამოთქვა პრემიერ-მინისტრის მეორე გვერდით მჯდომმა მოსამართლემ, რომელიც დისკუსიის განმავლობაში მუდმივად აყურადებდა პრემიერ-მინისტრის აზრებს, – გავბედავ და გეტყვით, როცა განსასჯელთა საქმეებს განვიხილავ, ვხედავ, რომ რწმენა, გონიერება და ფული ასაზრდოებენ დანაშაულსაც და სამართლიანობასაც. ეპოქებს ხანდახან ის დამნაშავეები ქმნიდნენ, რომლებსაც ძეგლებსაც უგებდნენ მაშინ, როცა უამრავი ალალმართალი და უდანაშაულო ადამიანის სახელსაც კი არ ახსენებენ არასოდეს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეც წესრიგის მხარდამჭერი ვარ! შეიძლება უნდა მრცხვენოდეს, რომ ხანდახან უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მიხდება, შეიძლება იმის გამოც უნდა მრცხვენოდეს, რომ ისეთ დამნაშავებს ვათავისუფლებ, რომელთა გათავისუფლებაც კანონით დაუშვებელია; უნდა მრცხვენოდეს, რომ კარიერისტი საბჭოთა პარტიული მუშაკების მორალურ ყოველდღიურობაში გავიზარდე და მათი ცხოვრების წესი საგულდადულოდ შევითვისე, მაგრამ წესრიგისთვის, პოლიტიკური და სახელისუფლებო წესრიგისთვის სრულფასოვანი უნარები მაქვს! ალბათ ეს ყველაფერი იცით და ამიტომ არ მაშინებს თქვენს გვერდით ყოფნა! ანუ, ალბათ ყველაფერი უკვე იცით ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ და, თუ რამ კიდევ არის, რაც არ იცით ჩემი პირადი ცხოვრებიდან, ყველაფერი შემიძლია მოგითხროთ სრული გულწრფელობით, – უთხრა მოსამართლემ პრემიერ-მინისტრს.

– პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი სევდიანი ეპიზოდია, – უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მოსამართლეს! – ნუ ღელავთ, იმედია, ყველაფერი ვიცი! – თქვა და თავაზიანად მიანიშნა, რომ ახლა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის უნდა მოესმინათ, რომელიც თავის აზრს აგრძელებდა პოლიტიკურ ტექნოლოგიებზე.

– ისინი, ვისაც ფული უნდა გადავუხადოთ, თითქმის არაფრით განსხვავდებიან იმათგან, ვისაც ფული არ უნდა გადავუხადოთ. ვისაც გადავუხდით, მუდმივად იფიქრებენ, რომ, თუ მორჩილებაში არ იქნებიან, ვეღარ მიიღებენ წყალობას და ვისაც არ გადავუხდით, მორჩილებაში იქნებიან იმის გამო, რომ მორჩილებაზე ხელის აღებით საერთოდ დაკარგავენ წყალობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, მათი მორჩილება წყალობის მოლოდინში ზოგჯერ შეიძლება უსასრულო არ იყოს! შეიძლება ცდუნდნენ და სხვა მოლოდინები გაუღვივდეთ. ამიტომ ზოგ შემთხვევაში მორჩილებაში მყოფ ადამიანებს ადგილებიც უნდა შევუცვალოთ – გადავუხადოთ, ვისაც არ ვუხდიდით და აღარ გადავუხადოთ, ვისაც ვუხდიდით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფულის გადახდის მიზანი თუ ადამიანების მორჩილებაა, ფულის არგადახდის მიზანიც მათი მორჩილება უნდა იყოს! – ამბობდა საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი.

უშიშროების მინისტრი არ უსმენდა გამომსვლელთა მოსაზრებებს. იგი მუდმივად პრემიერ-მინისტრს აკვირდებოდა. იმდენად ახლოს შეერჩია მასთან ადგილი, რომ სრულფასოვნად ჩასწვდომოდა იმ საკითხებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი მსჯელობდა მის გვერდით მყოფებთან ერთად. და მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრმა თავის ერთგულ ფინანსისტთან სამართლიანობის მინისტრის პირად ცხოვრებაზე დაიწყო ლაპარაკი, გულმა ვეღარ მოუთმინა და გვერდით მყოფ მეცნიერებათა საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტს მიუბრუნდა:

– იცით, საიდუმლოდ მინდა გითხრათ! სრულიად საიდუმლოდ! რომ უდიდესი შრომისმოყვარეობის უნარი აქვს პრემიერ-მინისტრს. სანამ ადამიანს პოლიტიკურ გუნდში მოიწვევს, პირადად სწავლობს ყველა მათგანის ცხოვრებას. ყველაფერს იკვლევს, ფარული ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერების ჩათვლით. იცით, უამრავ კითხვას სვამს, უამრავ დავალებას გვაძლევს მათზე დაკვირვებისთვის. იმისთვის, რომ უკეთესად გაგრძნობინოთ მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ერთ კითხვას დაგისვამთ! მაგალითად, მიპასუხეთ, დიდი სხვაობაა ავაზაკსა და კანონმორჩილ ადამიანს შორის?

– ალბათ საკმაოდ დიდი სხვაობაა, – უპასუხა მეცნიერებათა ფონდის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ იმით იყო კმაყოფილი, პრემიერ-მინისტრთან მიპატიჟებულ შეხვედრაზე ბედმა ადგილი უშიშროების მინისტრის გვერდით რომ არგუნა, თუმცა, ახლა სხეული ბედნიერებისგანაც უთრთოდა და შიშნარევი გაურკვევლობისგანაც, რომ ერთი მხრივ, საიდუმლო საკითხებზე უშიშროების მინისტრთან დისკუსის შესაძლებლობა მიეცა და მეორე მხრივ, ეს საიდუმლო საკითხები უშუალოდ პრემიერ-მინისტრს უკავშირდებოდა.

– აი, პრემიერ-მინისტრი კი მათ ერთმანეთისგან არ ასხვავებს, – ეუბნებოდა მას ამ დროს უშიშროების მინისტრი, – დააკვირდით, კანონმორჩილებიც და ავაზაკებიც, ორივენი გულმოდგინედ ეუფლებიან კანონებს და წესებს, კანონმორჩილები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კანონების გამოყენებით მოიპოვონ ცხოვრებაში თავიანთი ადგილი, ავაზაკები კი ცდილობენ, იმავე კანონების და წესების გვერდით ავლით მიაღწიონ თავიანთ საწადელს. თითქოს ძნელია ხომ განსხვავებებსა და მსგავსებებს შორის ზღვარის გავლება. დიახ, ერთი შეხედვით ძნელია, მაგრამ აი, როცა მათ პირად ცხოვრებებს ჩახედავ, როცა შეისწავლი მათ ფარულ ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერებს, დაინახავ, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ორივე მხრიდან საუკეთესოების გამორჩევაა საჭირო, რომ პოლიტიკური გუნდი შექმნა. – თქვა უშიშროების მინისტრმა და ამაყი, მშვიდი მზერით პრემიერ-მინისტრს გახედა. თუმცა, ამ დროს საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტმა პოლიტიკაში ფულის როლზე საუბარი დაასრულა და აპლოდისმენტების ხმაურმა მათი მშვიდი ლაპარაკი გადაფარა.

– ბედნიერებაა პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში მოხვედრა, – ფიქრობდა მეცნიერებათა საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი, – იგი ყველას აძლევს შანსს, როგორც უფალი! დიახ, წუმპიდანაც შეიძლება უფალთან მოხვდე, ისეთი წუმპიდან, სადაც აყროლებულები სახლობენ, რადგან თავად უფალმა შექმნა ყველა ეს წუმპე! – თითქმის უნდა ამოეთქვა ეს სიტყვები, მაგრამ თავს უფლება ვერ მისცა, რომ ეს აზრი ხმამაღლა გამოეთქვა უშიშროების მინისტრის თანდასწრებით, თუმცა, მის ფიქრებს გაბედულება არ აკლდა.

– სრული სიმართლეა, დიახ, სრული სიმართლეა – ამბობდა სასულიერო იერარქი ჯერ კიდევ ჩაუმქრალი აპლოდისმენტების ფონზე. – დიახ, ფული და უფულობა მმართველობის უმნიშვნელოვანესი იარაღებია, უფრო მეტიც, ზუსტად ფული და უფულობაა ადამიანთა მოდგმის უდიდესი საცდურები. ჩვენთანაც, სულიერების მაღალ სამსჯავროზე, სწორედ ფულით და უფულობით დაცემული ადამიანები ითხოვენ შენდობას და ღმერთიც ვერ შეაფასებდა ადამიანს სრულფასოვნად ამ ორი დიდი საცდურის გარეშე – ამბობდა სინოდის წევრი.

– სიმართლე გითხრათ, ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობს და მისი ცხოვრების ფარული ვიდეოჩანაწერები რომ არ მქონდეს ნანახი, ვიფიქრებდი, რომ ის ახლა ღმერთს ემსახურება და არა მე. – გადაულაპარაკა ერთგულ ფინანსისტს პრემიერ-მინისტრმა.

– ბატონო პრემიერ-მინისტრო, – წამოთქვა ამ დროს ნევროლოგმა, – მე მინდა, მეცნიერული მოსაზრებები მოგახსენოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოლიტიკური მმართველობისთვის. ადამიანის ტვინი ევოლუციის პროდუქტი არ არის. მე დაგისაბუთებთ, რატომ არ არის ადამიანის ტვინი ევოლუციის შედეგი. მაგალითისთვის ავიღოთ ორი ახალშობილი, რომელთაგან პირველი დაიბადა ცივილიზებულ სამყაროში, საუკეთესო ტრადიციების მქონე განვითარებულ ოჯახში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში და მეორე კი სრულიად საწინააღმდეგო, სრულიად განუვითარებელ, პირველყოფილ გარემოში, ტომის ყველაზე დაკნინებული ადამიანების სადგომში და, თუ ჩვენ მათ ადგილებს შევუცვლით, ისინი თავიანთი ახალი გარემოს შესაბამისად აღიზრდებიან.

რომ შეიძლებოდეს, ჩვენი ეპოქიდან ახალშობილის პირველყოფილი ადამიანების გარემოში გადანერგვა, იგი პირველყოფილად გადაიქცეოდა, პირველყოფილთა ჩვილი რომ თანამედროვეობაში გადმოვნერგოთ, სრულიად თანამედროვე ადამიანად ჩამოყალიბდებოდა. ევოლუცია არაფერ შუაშია. ადამიანის ტვინი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც იმ საწყისი ადგილიდან ვითარდება, სადაც იგი სიცოცხლის დასაწყისში აღმოჩნდება. უფრო მეტიც, ადამიანის ტვინი იმაზე მეტ უნარებს ფლობს, ვიდრე ეს ევოლუციამ მოსთხოვა კაცობრიობას! ანუ, ადამიანის ტვინი უსწრებს ევოლუციას! ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით სისტემას, სადაც ადამიანებს სასიცოცხლოდ დასჭირდებათ ჩვენი პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა, ისინი დაგვასწრებენ მხარდაჭერის ფორმულის გამოგონებას ჩვენი პოლიტიკური მმართველობის მოთხოვნების შესაბამისად! არა ევოლუციურად, არამედ წინსწრებით! და არავისთვის ფულის გადახდა აღარ დაგვჭირდება, ისინი თვითონ გახდებიან მხარდამჭერები – თქვა მეცნიერ-ნევროლოგმა.

მიღებაზე მყოფმა სტუმრებმა ამ იდეას აპლოდისმენტები შეაგებეს.

– მე, როგორც მეცნიერი, გიდასტურებთ, რომ ადამიანის ტვინი მზადაა შეეგუოს ნებისმიერ პოლიტიკურ მოთხოვნას, მე თუ მკითხავთ, მას ფული არ სჭირდება იმისთვის, რო მორჩილებას შეეგუოს. ნევროლოგიურად, ადამიანის ტვინი მზადაა მორჩილებისთვის. მას გამოზრდა სჭირდება. – იმეორებდა აპლოდისმენტების ფონზე მეცნიერი.

– არა პატივცემულო საზოგადოებავ, – გაიძახოდა საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი, – ბატონი მეცნიერი შეიძლება მეცნიერულად საინტერესო იდეას გვთავაზობს, მაგრამ გარწმუნებთ, ასეთი აღმზრდელობითი სისტემის შექმნა გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე პოლიტიკური გემოვნებით ადამიანებისთვის შემწეობების დარიგება…

– ჭკვიანმა ადამიანებმა, რომლებმაც ფული მოიგონეს, რატომ დაუშვეს, რომ ასეთ ხეპრეებსაც მოეპოვებინათ იგი?! – ფიქრობდა მიუსაფართა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, – გამდიდრება მხოლოდ სხვის ტყავზეა შესაძლებელი, თორემ საკუთარი ტყავი გამდიდრებისთვის საჭირო შრომას ვერ უძლებს! – ფიქრობდა იგი.

სამართლიანობის მინისტრი გრძნობდა, რომ როგორც ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ხელმძღვანელს ახლა რამდენიმე ძლიერი აზრი უნდა გამოეთქვა. მაგალითად ის, რომ წარმატებული მმართველობისთვის საჭირო იყო ჭეშარიტი ძალაუფლების დამცველი კანონების შექმნა, მაგრამ საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი არ ცხრებოდა:

– თუ ადამიანებს შთავაგონებთ, რომ რწმენით უნდა ისაზრდოონ, ისაზრდოებენ რწმენით, თუ ადამიანებს ვეტყვით, რომ ფულია მათი პური არსობისა, პური გადაიქცევა ფულად! – მეცნიერება ისეთი იქნება, როგორშიც ფულს გადავიხდით, ჭეშმარიტებაც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იქნება დაკვეთა! – ამბობდა იგი.

– რატომ უნდა იყვნენ ჩემს გვერდით ასეთი ნაძირლები?! – ფიქრობდა პრემიერ-მინისტრი და შეჰყურებდა სერობის მონაწილეებს, რომლებიც სასმისებით ხელში ერთმანეთს ძალაუფლების შესახებ აზრების გამოთქმაში ეცილებოდნენ, – იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ არსებობს! ხშირად მსაყვედურობენ, რატომ არ აფინანსებ წესიერ ადამიანებს, ისინი ხომ უკეთესობისკენ შეცვლიან ცხოვრებასო. არ იციან, როგორც კი მათ დავაფინანებ, ისინიც ჩემს ნაძირლებად გადაიქცევიან და ამ ნაძირლებთან ერთად მიღალატებენ, როგორც კი ახალი პატრონი გამოუჩნდებათ! და საერთოდ, რისთვის უნდა მინდოდეს ასეთი ძალაუფლების შენარჩუნება?!

რა გაუძლებს ძალაუფლების გარეშე ამდენ მოღალატეს?! ისეთი განცდა მაქვს, რომ ოდესღაც ერთ სერობაზე ვიმყოფებოდი, სათნოებით და სიყვარულით აღსავსე სერობაზე, სადაც მოძღვარმა უდიდეს საიდუმლოს გვაზიარა! საოცარი დრო იყო, მხოლოდ ერთმა ჩვენთაგანმა გასცა, დიახ, მხოლოდ ერთად-ერთმა ჩვენთაგანმა გასცა მაშინ მოძღვარი – გაიფიქრა პრემიერ-მინისტრმა. ახლა კი ყოველი ამათგანი გამცემს, ყოველი ამათგანი…

– ძალაუფლებაა ჭეშმარიტება! – ამბობდა სერობის ერთ-ერთი წევრი ღვინით სავსე ბარძიმით ხელში .

– და თავისუფლება სადღაა, – ეკითხებოდა გუნებაში მას წვეულების მეორე მონაწილე.

– ყველგან, სადაც გაქცევას შეძლებ, – პასუხობდა მას პირველი…

– ეჰ, რა სულგრძელი იყო იესო, რომ თვითონ ჯვარს ეცვა და ამათ ნეტარებაში ამყოფებს – ფიქრობდა სერობის კიდევ ერთი წევრი.

– შეუძლებელია იმდენი ფულის მოპოვება, რომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს გაუთანაბრდე! დიახ, შეუძლებელია! თუმცა, სრულიად შესაძლებელია, თვითონ გაგვითანაბრდეს! – ფიქრობდა სერობის წევრი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ვისკის სვამდა ხოლმე, – ამისთვის ის უბრალოდ უნდა გაკოტრდეს, დაკარგოს თავისი ფული და, აი, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ თვითონვე გაგვითანაბრდეს… – მაგრამ სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი პრემიერ-მინისტრის მზერას და მგონი, მე ფისი მინდაო, თავისთვის გაიფიქრა მან, – კაცმა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ვისკის სვამდა ხოლმე…

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share