Jump to content
×
×
  • Create New...

მანანა მენაბდე – ფრენის დღე ოთხშაბათი


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/07/manana-menabde.jpg

 

ფრაგმენტები ავტობიოგრაფიული რომანიდან

 

ბერლინი, აგვისტ, 1993 წელი

ფრაგმენტი I

ჩემებს ძლივს დავუკავშირდი. ბებია ხარობს და მის ბოხ ხითხითზე თითქოს ყურმილი ჩემს ხელში ანცად ხტის. დედა, როგორც ყოველთვის, თავშეკავებულად მეუბნება, კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც ჩავალ თბილისში. რა ვუპასუხო, ფული რომ არ მაქვს, ქუჩაში ვმღერი და კიბეებს ვხეხავ? ჯობდა, სულ არ დამერეკა… რა მოვიგონო, რით დავამშვიდო… „რომ იცოდე, როგორ მომენატრე, დე… როგორ მომენატრა სახლი, შენ და კრასატულიჩკა (ასე ბებიას ვეძახი), ვერ გეუბნები, დე, იმიტომ რომ იდარდებ და ღამეს თეთრად გაათევ. თუმცა შენ ღამეებს მაინც თეთრად ათენებ ჩემზე დარდით…“ – ვფიქრობ ჩემთვის, მაგრამ სულ სხვა რამეს ვეუბნები: „ ჯერ შენ მოყევი დე რა ამბებია თბილისში, თქვენთან რა არის ახალი…“ – დროის მოგებას ვცდილობ. დედა მოყოლას იწყებს… ფიქრი მიტევს. დედაჩემის ხმა ფონად ჟღერს, მე კი ფიქრებს მივყვები: „რომ იცოდე დე, როგორ მომენატრა ცხელი თონის პური… საერთოდ ყველაფერი ქართული… კიდევ კედლის იქით, ღამით, შენი და ბებიას ფრთხილი ჩურჩული მენატრება. თქვენი ხვალინდელი დღის გეგმები და იმედები, რომელიც ყოველთვის საპნის ბუშტივით სკდება, მაგრამ თქვენ იმედს აბა, რა გამოგილევთ. ჰოდა, მეც ვისწავლე იმედიანად ყოფნა, დღეცისმარე იმედით ვიღვიძებ და მჯერა, რომ ყველაფერი „კარგად იქნება“. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ქურთი მეეზოვის – ნინას უბოროტო ბუზღუნი მომენატრებოდა… მომენატრებოდა ჩვენი მეზობელი სომეხი სათენიკას დაკოჟრილი ხელით ჩემს ჯიბეში ჩაყრილი მოხალული მზესუმზირა და მოხარშული ცხელი სიმინდი… რომელი პავაროტი შეედრება კარტოფილის გამყიდველის, ძია შალვას, დილის ტკბილ ტენორს და რიგოლეტოს არიასავით თავგანწირულ მოძახილს: „კარტოშკა… კარტოშკა!“ „მაწონი, მაწონიი…“ ყველაფერი ქართული მომენატრა დე… ჩვენებური ლხინი მენატრება, აურზაურისა და გარჩევების გარეშე, დინჯი სიტყვა-პასუხით და თავშეკავებული თამადით. აქ წესრიგი უყვართ, დე. მეც მიყვარს, შენ კარგად იცი, მაგრამ აქ ისეთი წესრიგია, აღარაფერი მოგინდება! მოსაწყენია, ძალიან მოსაწყენი… ჯერ ფიქრობენ დეე და მერე ქმნიან ხელოვნებას. ყველაფერს აკონტროლებენ… მე კიდე მიყვარს გული რომ გამალდება, შიგნით ყველაფერი აგენთება, დაგეწვება, შექმნი ან ნახატს, ან სიმღერას და მერე იფიქრებ ფორმაზე და ყველაფერ დანარჩენზე… ჰოდა, მომწყინდა, დე… როგორ მომწყინდა, რომ იცოდე! ცოცხალი ურთიერთობები მომენატრა, ცოცხალი თვალები… შენი გაბრაზება და დატუქსვაც მომენატრა დეე… ისე მინდა, ამათი სწორი ხაზი ცოტათი გამრუდდეს, სადღაც მაინც მოირკალოს, რომ მოგეხვიოს და შენს ზურგს უკან შეიკრას. წრე ხომ იქ მთავრდება, საიდანაც დაიწყო. ამიტომაც მსურს, წრე შეიკრას, რომ საწყისთან შეხვედრის იმედი არ გადამეწუროს.

ახლა არც მჭადის ხასიათზე ვარ, არც ღომის და ჩახოხბილის… ორად ორ რამეს ვნატრობ – ცხელ თონის პურს და ცხვრის სუნით გაჟღენთილ გუდის ყველს. იცი რატომ მიყვარს დეე, გუდის ყველი? აფხიზლებს. ალბათ ამიტომ აქვთ ქართველებს ფხიზელი მზერა, ნათელი თვალები. არა, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ის კარგიც და ცუდიც ჩემია და ვერაფერზე გავცვლი. ვერც გვარს შევიცვლი, რომ უკეთესი ცხოვრება ავიწყო. ზოგი ქართველი აქ ებრაულად იკეთებს გვარს, რომ პირობები გაიუმჯობესოს. პირობებს როგორ „გაიუმჯობესებ“ დეე, არ მესმის, თუკი შენი სული ჯოჯოხეთში იქნება?!.. იცი რატომ ვართ ლაღები დე, იმიტომ, რომ საღი, გადამდები სიცილი ვიცით და საკუთარ თავზე შეგვიძლია გულით ვიხალისოთ… მე დიდი ხანია აღარ გამიცინია… სიამოვნებით წამოვწვებოდი ახლა სოხუმში, ჩვენი სახლის ეზოში, ლეღვის ძირას, მერე ზედ ავძვრებოდი და ჩავიტკბარუნებდი პირს ქართული ლეღვის მსუყე გემოთი. აქ ყველაფერს ფულის გემო აქვს, ესე იგი – არაფრის. რა სიხარულით მივუფიცხებდი ქართულ მზეს მარტოობაში შეციებულ სულს. აქ მივხვდი დეე, რომ თურმე მზეც შეიძლება ქართული იყოს და ხეც, მთვარეც და ბალახიც…

ღია ვერანდაზე თქვენ გხედავთ – შენ, მამას და ბებიებს. მურაბიან ჩაის შეექცევით. ბებიები „ო, მარგარიტას“ დაბალ ხმაზე მღერიან. ნაკადული მხიარულად დახტის ქვიდან ქვაზე, ათინათიდან ჟღურტულებს და ახალმოთიბული ბალახის სუნი მოაქვს… ხედავ, როგორ მომნატრებიხართ? მამა ძალიან მომენატრა. უცნაურია, ამ ბოლო დროს აღარ მესიზმრება…“ მე კი სულ სხვა რამეს ვპასუხობ: „დე, აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ რამდენიმე საინტერესო პროექტი გამოჩნდა. მე კარგად ვარ, საჭმელ-სასმელი არ მაკლია. ასე მშვიდად და უზრუნველად დიდი ხანია არ მიგრძნია თავი…“

დედას „სჯერა“ და დუმს.

 

ბერლინი, 3 ნოემბერი, 1994 წელი

კარი თემომ გამიღო. დამნაშავესავით გამიღიმა, ზურგი უხმოდ შემაქცია და დასჯილი ბავშვივით ნახაზებისაკენ წავიდა. „ნეტა რამ უკბინა?!“ – გავიკვირვე. თემური ჩემკენ სწრაფად შემობრუნდა, თვალი ამარიდა და ასე ერთბაშად მომაყარა:

„ქალბატონი თამარი… ბებია…“ – წინადადება არ დაუმთავრებია, თავი ჩაქინდრა და დადუმდა.

…………………………………………………………………………………………………………

ყველაფერი წამში გაუცხოვდა – თემო, ბგერები, ოთახი, საგნები… მეც თითქოს

სხვა ვიყავი…

უმიზნოდ შევეხეტე სააბაზანოში.

სარკე.

სარკეში მე, თუ… ვიღაც სხვა?!..

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ…

ყველა ხმა ქრება… ნელ-ნელა სიჩუმეში ვიძირები…

ცივი სიცარიელე მეხვევა მხრებზე…

მე.

ქუჩა.

თოვლი.

სახლები.

სახეები.

მე….

გამვლელები…

თვალები სულ სხვაგან მაცქერალი…

სადა ვარ? ვინა ვარ?

მთავარია ბრბოში არ დავინთქა…

ბრბოში არ გავიბნე…

ნაბიჯს ვუჩქარებ…

ჩქარა… ჩქარა… ჩქარა…

უფრო ჩქარა… სწრაფად… გავრბივარ……

უნდა გავქრე…. სადმე… რომ ვერ მიპოვონ…

რომ ვეღარასოდეს…

გავქრე სადმე… სად – მე… მე… მე…. მე…

ეს ხომ მე ვარ! მეეე… ხომ მე ვარ ეს….

მე… მე… მე…

ხელი მომეცი მო-მეეე…. გემუდარები… არ გამიშვა, ხელი მომკიდეეეე…

თოვს ირიბად.

ირიბად მეხლებიან სახეზე ფიფქები,

ირიბად მივსებენ თვალებს….

ირიბად სერავენ გონს…

ირიბი ქუჩები,

ირიბი სახლები

ირიბი კაცი

ირიბი ქალი

ირეკლება ირიბად სამყარო…

თოვს, თოვს, თოვს…

თოვს უცხო სახეები…

სახეების თოვლი თოვს უცხო…

თოვლი თოვს უცხო სახეების…

უცნობი თოვლი…

უცნობი წვიმა…

უცნობი ღამე…

უცნობი დილა…

……………………………

მხოლოდ ბებიას სახეა ნაცნობი. ბებიას სახე

ვერ წარმომიდგენია სამუდამოდ დახუჭული ბებიას თვალები….

„… მსურდა შენი ხელებით, დამხუჭოდა თვალები…“

……………………………………………………………………………………

ბებია უჩემოდ დაასაფლავეს.

დედა მარტო დარჩა.

სული მეხუთება.

ქუჩა.

თოვლი.

ხეები.

ცა.

სახლები.

მე.

გამვლელები.

მე.

სახეები… სახეები…. სახეები… გვერდს მივლიან…

ვინ ვარ? სადა ვარ? სადა ვარ? საით მივდივარ? საით… საით…. საით…

……………………………………………………………………………………………..

ტელეფონის ჯიხურში აღმოვჩნდი. როგორ არ ვიცი….

ცივი ყურმილით ხელში ვდგავარ და ვერ ვხვდები რა მინდა…

……………………………………………………………………………………………………

საკუთარ ხმას გამოვყავარ: „დეე… გესმის ჩემი? ყური დამიგდე… გთხოვ დამელოდე… ერთ თვეში უეჭველად ჩამოვალ, გესმის? დამელოდე დეე, გთხოვ. მაპატიე, ასეთ დროს შენთან რომ არ ვარ, მაგრამ ჩამოსვლა არ შემიძლია… ფულს ვერ ვშოულობ დეე… არ ვიცი რა ვქნა… არ ვიცი…. მაპატიე… გამიგე რა, დეე… გამიგე, გთხოვ… გევედრები. ოღონდ დამელოდე დეე, გთხოვ, გემუდარები… გესმის ჩემი მუდარა? დამელოდე და ყოჩაღად იყავი… გესმის?“

სატელეფონო ხაზების მიღმა, სიცარიელე ვიგრძენი. მივაყურადე და… მომესმა, დედა უხმოდ ტიროდა. ცხადად დავინახე მოფერებას გადაჩვეული დედის მთრთოლვარე მხრები. როგორ მინდოდა მენუგეშებინა, რაღაც სიტყვები მეთქვა: „დეე, წამოგიყვან და ამიერიდან ერთად ვიქნებით. იცი, როგორ მოგივლი, დეე, ცივ ნიავს არ მოგაკარებ. ყველგან წაგიყვან… ყველაფერს განახებ… ერთად მოვივლით ყველაზე საუკეთესო, კაფეებსა და რესტორნებს, ყველაზე ძვირიან სასტუმროში ვიცხოვრებთ. ყველაზე ლამაზ კაბას და შენს საყვარელ კამფეტებს გიყიდი, დეე, შენ რომ გიყვარს ის „ოქროს გასაღები“… არა, ზუსტად ასეთი დასახელებით ეგ კამფეტი აქ არ იყიდება, მაგრამ გემო ზუსტად ისეთი აქვს, შენ რომ გიყვარს. კიდევ, პარიზსა და ბერლინს განახებ, დეეე. აი, იმ ბერლინს, სადაც იმ შენს ნაჩუქარ ერთ მარკად, ჩვენ სიხარულსა და ბედნიერებას ვიყიდით! მსოფლიოს მოგატარებ…“

დედა, უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს. „მშვიდად იყავი. არაფერზე იღელვო. რა თქმა უნდა, ყოჩაღად ვიქნები… რა თქმა უნდა..“ – ყრუდ ამბობს და ჩვენ შორის სიჩუმე წვება. ადგილს ვერ ვპულობ, ნერვიულად გადამაქვს ტელეფონის ყურმილი ხელიდან ხელში. რაღაც გაუგებარს ვლუღლუღებ. ტელეფონში წყვეტილი ზარია… როგორ ვერ ვიტან ამ არაფრისმთქმელ, ცივ, შემზარავ და განშორების მაუწყებელ სტაკატოებს. ზარს –ლურსმნებს, ზარს – ნემსებს, ზარს, რომელიც ტვინსა და გულს გიბურღავს….

ასე დაკარგული და მიტოვებული ვიდექი ყვითელ ჯიხურში. ვიღაცამ ზურგს უკან წამჩურჩულა: „რა თავში იხლის დედა ბერლინსა და პარიზს…“ მოვიხედე, არავინ იყო. ეშმაკმა დალახვროს, რატომ არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება ამ მწვანე ქაღალდებზე? რატომ იყიდება ყველა და ყველაფერი. დედასთან გვერდით ყოფნას რატომ უნდა ვყიდულობდე… რით ვანუგეშო ახლა, ჩემი პატარა, ჩიტივით დედა?!..

როგორ მინდოდა ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე დედასთან გვერდით ყოფნა. ამის სანაცვლოდ კი სხვის ნოემბერში, ტელეფონის ყვითელ ჯიხურში ვიდექი ყველასგან უცხო და მიტოვებული. უცნობი ქუჩები ყველა მიმართულებით გარბოდნენ… გარბოდნენ მარჯვნივ და მარცხნივ, ქვევით და ზევით… უცხო სახლები არაფრისმთქმელი ჩაშავებული თვალებით შემომცქეროდნენ და მომავალ მარტოობას მიქადდნენ. ისეთივე სიცარიელე სუფევდა გარშემო, როგორც ახლა ჩემს ჯიბეში და სხეულში. ბედს ვერ შეეკამათები, ვერ დაემდურები და ვერც ფანჯრიდან მოისვრი, მაგრამ მე მაინც ვემდუროდი – ბედს, ჯიხურს, და ნოემბერს. მინდოდა ტირილი, უფრო სწორად ღმუილი, მაგრამ არ შემეძლო. მინდოდა ამ წუთას დედა პატარა ბავშვივით ხელში ამეყვანა, მივფერებოდი მის პატარა მხრებს, მშვიდად რომ დაეძინა ჩემს მკლავებზე, ყველა საზრუნავი, ყველა ფიქრი გადაეყარა და ეგრძნო, რომ ვიღაც არის მის გვერდით.

იქ, იმ გაყინულ, ყვითელ ჯიხურში, ერთი წამითაც რომ მეგრძნო, დედაჩემის ხმას უკანასკნელად ვისმენ, ნამდვილად ჩიტად ვიქცეოდი და მივფრინდებოდი მასთან…

………………………………………………………………………………………………………………

თოვლი.

სახლები.

ხეები.

ცა და მე.

გამვლელები.

სახეები, სახეები, სახეები…

ყველანი გვერდს მივლიან….

ფიფქები სახეში ირიბად მხვდება…

თვალებში მხვდება და ყველაფერს ირიბად ვხედავ…

თოვლი, თოვლი, თოვლი…

თვალები, თვალები, თვალები…

სხვისი, სხვისი, სხვისი…

მხოლოდ დედის თვალები მიყურებენ სიყვარულით.

………………………………………………………………..

იმ დროს, როდესაც სხვის ნოემბერში, სხვისი სახლებით გარშემორტყმულ ტელეფონის ჯიხურში ვიდექი, ზუსტად იმ დროს ალბათ მსოფლიოში კვდებოდნენ ათასობით ბებიები და ბაბუები, დედები და მამები, კვდებოდნენ ბავშვები, უსახლკარონი, ტყვეები, ავადმყოფები… ისეთებიც კვდებოდნენ ალბათ, რომელთაც არცკი უფიქრიათ სიკვდილზე. მე ჩემი დარდი მქონდა და არავის ბედი არ მაწუხებდა. არც მათ აწუხებდა ჩემი ბედი. ოდესღაც, როცა ჩვენი ჯერიც დადგება, ასე იდგება ვიღაც ცივ ნოემბრში, ან ცხელ ზაფხულში და ჩვენს წასვლას ვერც კი გაიგებს…

ყურმილში უკვე დიდი ხანია ისმოდა წყვეტილი ზუმერი მე კი ვიმეორებდი და ვიმეორებდი: „ დეე, გთხოვ დამელოდე, გესმის… გთხოვ დამელოდე…..“

……………………………………………………………………………………………………………………………

 

1994 წლის 14 ნოემბერი

 

დედასთან ღამე ჩავფრინდი.

 

დედა იწვა მშვიდი თეთრ კუბოში. ფანჯრებს მიღმა ნოემბერი იდგა. მე კი არ მესმოდა, როგორ მოხდა ისე, რომ ბებია და დედა ნოემბრის თვეში წავიდნენ, ჩემს ნოემბერში?!.. ნოემბერში, რომელშიც მე დავიბადე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნოემბერში შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო. აქამდე ზუსტად ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნოემბერში მხოლოდ იბადებოდნენ… ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნოემბერში არაფერი ცუდი არ შეიძლება მომხდარიყო, არ შეიძლება, არა, არა, არ შეიძლება…

დედას საყვარელი კამფეტები ჩამოვუტანე. თავთან დავუდე. ეს ერთადერთი მისი თხოვნა საბოლოო გამოდგა. მშვიდად იწვა. ვუყურებდი და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გაგრძელებულიყო ცხოვრება დედას გარეშე… ვაკვირდებოდი მის საოცარად ლამაზ და სათნო სახეს და მეჩვენებოდა, რომ სუნთქავს.

ჩანთიდან რვეული ამოვიღე დედას გვერდით ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე… ასე ვიჯექი სამი დღე კუბოსთან და თითქმის ყველაფერი წავუკითხე ჩემი ახალი რვეულიდან…

 

ადრე ნოემბერს სიხარული მოჰქონდა ჩემთვის.

 

II ფრაგმენტი

თბილისი, აგვისტო, 1978 წელი

– მახსოვს, პროგიმნაზიაში ნამეტანი მკაცრი დირექტორი გვყავდა – ხოჯევანოვა. ელიზავეტა ხოჯევანოვა. სცენაზე გამოსვლას გვიშლიდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით სიმღერას. არ შეგვეძლო სიმღერის გარეშე და რა გვექნა?!

– კრასატულიჩკა, ერთი ეს მითხარი, ვინ დადიოდა თქვენთან ოჯახში სტუმრად?

– ვინ დადიოდა დედა და – კოკი დადიანი, ჯვებე ფაღავა, დავით ნიჟარაძე, ბუდუ მდივანი, სერიოჟა ქავთარაძე, ივლიან ანჯაფარიძე – ვერიკოს მამა… ლადო მესხიშვილი – მსახიობი, ჩემო ბატონო… ვალოდია მაიაკოვსკი, გალა, ჩემი გალაკტიონი… შენ ხომ გახსოვს, დედა, ჩვენთან რომ მოდიოდა… რამდენჯერ დამიტოვებიხარ გალასთან… ხომ გახსოვს, შენ შემოგევლე…

– მაგას რა დამავიწყებს, კრასატულიჩკა! მახსოვს, ლექსებს როგორ მიკითხავდა… ცოტა არ იყოს, მეშინოდა, ისე კითხულობდა… 4-5 წლის ვიყავი და არაფერი გამეგებოდა…

– მაგას რა ვუთხარი, – ხითხითებს ბებია, – ნამეტანი უცნაური იყო…

– იქნებოდა უცნაური, გენიოსი იყო და…

– მასეა, დედა, მარა ჯობია არ იყოს კაცი გენიოსი…

– რატო, კრასატულიჩკა?

– რატო და, ქე იქნებოდა ახლა ცოცხალი. მოკლედ, დედა, ვინ აღარ დადიოდა… – აგრძელებს – ჩვენთან ოჯახში… – ბებია ჩერდება და კარისკენ იყურება… აყურადებს…

– რა იყო ბეეე?

– არაფერი შვილო, მომეჩვენა, თითქოს ვიღაც აკაკუნებდა. ხომ იცი, ლილის ველი და სულ მეჩვენება, რომ მოვიდა. ერთხელ გალა შემომხვდა ქუჩაში, – მაშინ ჯერ კიდე ქუთაისში ვცხოვრობდი, – სპექტაკლს ვდგამ მერი შერვაშიძეზე და შენ უნდა ითამაშო მერის როლიო. მეორე დღისათვის თეატრში დამიბარა. მივედი, ჩემო ბატონო, და ასე ვითამაშე თავადის ქალის, მერი შერვაშიძის, როლი. შეყვარებული იყო მერიზე, მაგრამ ვერ უბედავდა თქმას.

– რატომ?

– ძალიან მკაცრი და კდემამოსილი იყო და იმიტომ! ახლა რომაა, ისე კი არ არის! 22 წელში პარიზში წავიდა და იქ იყო სიკვდილამდე. ასე გავიგე, რომ თურმე გალას ლექსი, მაგას რომ მიუძღვნა – „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი…“ – ხომ გახსოვს, დედა, – ეს ლექსი ჩარჩოში ჰქონია ჩასმული და ეკიდა თურმე მასთან საძინებელ ოთახში კედელზე. კიდო რომელიღაცა პარფიუმერიის ფირმამ მიმართა, დაგვრთეთ უფლება, რომ თქვენი სახელი და გვარი გამოვიყენოთ საპონის რეკლამისთვისო, მარა არ უქნია ეს, დედა, – ქართველი თავადის ქალი თავის სახელს საპონში არ ცვლისო… არადა, უჭირდა ძალიან…

– მაგარი ამბავია! მომწონს ასეთი პასუხი! Знай наших! მაიაკოვსკი როგორი იყო? მართლა კარგად იცნობდი?

– ასე, ა, დედა, რავარც შენ გიყურებ, ისე!

– როგორი იყო?

– მაღალი, интересный он был, детка, очень интересный! მოსწრებული სიტყვა-პასუხი ჰქონდა. „Царица Тамара-ს“ მეძახდა.

– ქართული თუ იცოდა?

– ძალიან კარგი ქართულით ლაპარაკობდა, აპა… ხოოო… კიდო, დედა, კარგად ვიცნობდი ლადო ასათიანს, გოგლა ლეონიძეს, პაოლო იაშვილს, ირაკლი აბაშიძეს, კოლაუ ნადირაძეს, გრიგოლ აბაშიძეს…

– იცი რა… რატომღაც თქვენს იუბილეზე ყველაზე მკაფიოდ გრიგოლ აბაშიძე და კოლაუ ნადირაძე ჩამრჩა მეხსიერებაში… ასე 12-13 წლის ვიყავი… ისე კარგად მახსოვს ორივე… ჰო, ჰო… მაპატიე. გააგრძელე, გისმენ…

– სად ვიყავი, დედა, გამახსენე…

– სად და… ყვებოდი, თქვენთან სახლში ვინ დადიოდა….

– ხო, კიდო, დედა, პაოლოს ძმას, კოწიას ვუყვარდი მე. ხელი მთხოვა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და უარი ვუთხარი… – ხითხითებს.

– ოოო… შე კუდრაჭა და ეშმაკის ფეხოოო… რა ადამიანი გაგიწბილებია… – ორივენი ვიცინით.

– ირაკლი აბაშიძე ძალიან ხშირი სტუმარი იყო ჩვენი. ერთ დღეს შინსახკომის უფროსთან ერთად მესტუმრა. როგორც მახსოვს, მისი გვარი იყო… მმმ… მიშა – სახელი და გვარი – დემუროვი… ჰოოო დე-მუ-რო-ვი… სუფრა გავაწყვე, ვიურთიერთეთ, აქეთური-იქეთური და დედაშენმა იმღერა და ისე გაგიჟდა ლილის ხმაზე ეს დემუროვი, რომ ოქროს უძვირფასესი საათი მოიძრო ხელიდან და დედაშენს აჩუქა. მე მაინცდამაინც არ გამხარებია მაგ ამბავი, მარა იმწუთას ხომ არ ვიტყოდი რამეს…

– რა მოხდა მერე, კრასატულიჩკა, მოეწონა სიმღერა და აჩუქა…

– დაიმახსოვრე, შვილო, რომ საჩუქარი ყველასგან არ უნდა მიიღო… ხო, ჩემო ბატონო, და ევიღე, დედა, და მეორე დღეს მივედი ამ დემუროვთან სამსახურში და ეს საათი მდივანს დოუტოვე, დარჩა ჩვენთან-თქვა, ასე ვუთხარი.

– მერე…

– არაფერი, დედა… დასრულდა ესე ამბავი… ისე, ქე იყო დასანანი ასეთი ძვირფასი საათი, ძაან გვიჭირდა მაშინ და რომ გაგვეყიდა, ქე მევითქვამდით, ბეჩა, სულს… – ისევ ხითხითებს საყვარლად…

– მერე გაგეყიდათ, კრასატულიჩკა!

– აჰ, შვილო, მაგი რავა შეიძლებოდა!.. მასეთ სულის მოთქმას მერჩივნა, დედა, კიდო ათასი წელი მეშიმშილა, აპა!

– კიდევ ვინ გახსოვს ძველებიდან?

– ვინ, დედა, და… პოეტებიდან, როგორც სიზმარი, მახსოვს ილია ჭაჭავაძე და აკაკი წერეთელი. აკაკის უნდოდა ჩემი უფროსი დის, ვალენტინას თხოვნა, მაგრამ რაღაც არ მოხდა ეგ ამბავი… აკაკი რომ გარდაიცვალა, ჩემი ძმა ვალოდია და მისი მეგობარი კვაშალი – სახელი დამავიწყდა მისი – დასაფლავებაზე იყვნენ და ქართული დროშები ეკავათ ხელში და მიუძღვებოდნენ პროცესიას…

– ყველაზე ძალიან ვანო სარაჯიშვილის სტუმრობა მიხაროდა! წინასწარ ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყო და გულისფანცქალით ველოდი… როგორც კი მოვიდოდა, გამოვართმევდი ხელჯოხსა და ცილინდრს, გულში ვიხუტებდი და ვკოცნიდი…

– კოცნიდი?!..

– ხო, აპა… ისე მიყვარდა ვანო… 14 წლის ვიყავი. ვანოს ძალიან მოწონდა ჩემი ხმა და სიმღერა, განსაკუთრებით უყვარდა, როდესაც ვბაძავდი.

– როგორ ბაძავდი?

– როგორ, შვილო, და ხმით ვბაძავდი. ისე ვამსგავსებდი, თვითონვე გიჟდებოდა. იმ სიმღერას ვმღეროდი აი… იმას… „მხოლოდ შენ ერთს“ ვმღეროდი… – ბებია ზუსტად ვანო სარაჯიშვილისთვის დამახასიათებელი ინტონაციით მღერის, – რომ დავამთავრებდი, „შენ გენაცვალეო“, – მეტყოდა და გულში ჩამიკრავდა. ყველაზე მეტად თვითონ ხალისობდა. ე, დედაშენი მობრუნდა ბაზრიდან. მიდი, შვილო, მოეხმარე, თორემ ცოდოა, მოკვდა ქალი ამ სიმძიმის თრევით.

– ხომ დავურეკე და ვუთხარი, დამელოდე-მეთქი? არ ქნა და რა ვქნა, ბები?

– შენ რომ დაგლოდებოდა, ბეჩა, ქე დავრჩებოდით უჭმელი! არა, კი არ ვჩივი, მარა მეცოდება, ფეხი ტკივა და ამდენ სიმძიმეს რომ წევს, არ შეიძლება! მეც უკვე აღარ შემიძლია, შვილო, დავბერდი და ძალა აღარ მაქვს.

– სულ ამას არ გთხოვთ, ბები, ჩემთან გადმოცხოვრდით-მეთქი? მაგრამ არ შვებით და რა ვქნა?!

– მე, შვილო, ჩემს ოთახში თუ არ ვწევარ, არ შემიძლია. დედაშენსაც არ უყვარს სხვაგან ყოფნა.

– მე სხვა ვარ?!

– არ გეწყინოს დედა, ჩვენ ჩვენი ჩვევები გვაქვს, შვილო… გვეხმარები, ამდენს აკეთებ ჩვენთვის… შენ თვითონ დაკავებული ხარ და ათად ხომ არ გეიჭრები…

– კარგი რა, ძალიან მოუხელთებელი ადამიანები ხართ ორივე. ასე არაო, ისე არაო… აბა რა ვქნა, მითხარი! – ბებია პასუხად ისევ ისე კეთილად ხითხითებს და მეც ვყვები, მეტი რა გზა მაქვს…

დედას ვეხმარები სანოვაგის ამოტანაში. შემდეგ ყველა ერთად პროდუქტებს ვახარისხებთ. მე და ბებია ლობიოს ვარჩევთ, დედა ჭურჭელს რეცხავს. ბებია, თითქოს თხრობა არცკი შეუწყვეტიაო, ისე აგრძელებს:

– ძალიან მიყვარდა დედა, თეატრში სიარული, მაგრამ სრულწლოვანი რომ არ ვიყავი, მიშლიდნენ მშობლები. ჩვენებს ვეუბნებოდი, ამხანაგთან მივდივარ-მეთქი და თეატრისკენ გავქუსლავდი. მე უკვე შვიდი წლიდან ვუკრავდი გიტარაზე და ვმღეროდი. რვა წლის ვიყავი, შალვა დადიანმა ხელში აყვანილი რომ გამომიყვანა სცენაზე. ისეთი პატარა ვიყავი, გიტარა ძლივს მეკავა ხელში. თეატრში კი უკანა მხრიდან ვიპარებოდი ხოლმე, – აბა, სად მქონდა ბილეთის ფული. სრულწლოვანიც არ ვიყავი და ჩემი სკოლის დირექტორს რომ ვენახე, გამრიცხავდნენ, აპა!.. მოწაფეებს კი არ ჰქონდათ უფლება თეატრში შესვლის! ვიცოდი ერთი ადგილი, საიდანაც პირდაპირ კულისებში ამოვყოფდი ხოლმე თავს და აი, ასე ვუყურებდი დადგმებს. რა მახსოვს ცხადად, თუ იცი: ერთხელ, თეატრში რო შევიპარე, სცენაზე მიშა იდგა ჭიაურელი და მღეროდა: „ ლესე პასე, ლესე Фე,/შენი ცოლი მომწონს მე./აგაგლიჯავ პაგონებს,/ვერ დამიშლი ვერაფერს!“ უაზრო სიტყვებია, მარა გონებაში ჩამებეჭდა. დიდი უცნაური ვინმე იყო მიშა და ისეთი იუმორი ქონდა, გვხოცავდა სიცილით… ლილი, მწვანილი გარეცხე? – მიმართავს დედაჩემს…

– ჯერ ჭურჭლის გარეცხვას დავამთავრებ, დედა!

– არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ სტალინსაც გოუბედა თურმე შეხუმრება მაგ ეშმაკის ფეხმა…

– მეც ვიცი ეგ ამბავი მარა…

– მარა რა?!..

– კარგი ერთი, ბებია, გჯერა? დახვრეტდნენ ეგრევე! აბა, მომიყევი, შენ რომელი ვერსია იცი…

– ასე ვიცი, შვილო, მე… თურმე სტალინთან იყო მიწვეული ბანკეტზე… მიშა კარგად უკრავდა გიტარაზე და იმერულ სიმღერებსაც კარგად მღეროდა… ხოდა, ყველაფერი კარგი უყვარდა, ჩემო ბატონო, კობას. Губа не дура! – თავისთვის ამბობს ბებია და აგრძელებს: – მოკლედ, დამთავრდა ნადიმი და დეიხურა თურმე მიშამ სტალინის ქუდი და წევიდა სახლში, ჩემო ბატონო. მარა 10 წუთში უკან მიატანინეს გენერალისიმუსის ქუდი…

– კარგად გადარჩენილა…

– მეც ტყული მგონია მაგი ამბავი, შვილო… სტალინის ტყვიასავით ეშინოდათ და როგორ გაბედავდა ამას?! ვითომ მაგრად დათვრა და აერია თავისი და გენერალისიმუსის ქუდიო, მარა… რა ვიცი, დედა… რას გეიგებ აწი…

– И на старуху бывает проруха, ჩემო კრასატულიჩკა…

– კი, მასეა, შვილო,- ხითხითებს კრასატულიჩკა, – მარა, инстинкт самосохранения сильнее, детка! მოკლედ, მიშა აცხონოს ღმერთმა და, ჩემი დის, მარიამის მეუღლე ვეტერინარი იყო სპეციალობით და 1915 წელს პოდოლსკის გუბერნიაში, სოფელ ვორნოვოში გაანაწილეს – Село Вороново. მარიამმა თან წამიყვანა, იმიტომ, რომ ზაფხულის არდადეგები მქონდა მაშინ. მშვენიერი მხარე აღმოჩნდა!

– ვიცი, მოსკოვთანაა. სადღაც 61 კილომეტრზე კალუჟსკის ტრასაა და მაგ ტრასას ზუსტად სოფელ ვორონოვომდე მიყავხარ. დღესაც მშვენივრადაა შემონახული იქაურობა! ოღონდ გუბერნია კი აღარაა, პოდოლსკის რაიონია.

– მართლა, დედა?

– წაგიყვან, თუ გინდა, – ხითხითებს.

– რა გაცინებს, მართლა გეუბნები!

– სად შემიძლია, შვილო, ფეხებს ძლივსღა დავათრევ…

– ფეხით კი არ ვაპირებთ იქამდე მისვლას…

– მოკლედ… – აგრძელებს თავისას, – იქ ისვენებდა ლენინგრადის გუბერნატორი გრაფი საბუროვი თავისი ცოლ-შვილით. ცოლი, ანნა ვასილიევნა შერემეტიევა, გრაფ სერგეი შერემეტიევის ქალიშვილი იყო. საბუროვების ვაჟიშვილებს ერქვათ იური და ბორისი. მშვენიერი სასახლე ქონდათ! უძვირფასესი კარ-მიდამო! ეს ვორონოვოს გუბერნია გრაფმა შერემეტიევმა თავის ქალიშვილს ანნას და მის სიძეს ალექსეი საბუროვს აჩუქა. ეს ყველაფერი ჩვენ მერე გავიგეთ, მანამდე კი ჩავედით ამ ვორონოვოში, მოვეწყვეთ. მარიამის ქმარი მუშაობდა, ჩვენ კი მარტო ვიყავით ჩემი სიძის მოსვლამდე და ხან ვკითხულობდით, ხან ვმღეროდით, ხან ვსეირნობდით… ერთ მშვენიერ დღეს მე და მარიამმა გადავწყვიტეთ, საბუროვების სასახლე უფრო ახლოდან გვენახა. ხოდა, ჩემო ბატონო, როდესაც ვსეირობდით, გზაში შემოგვხვდა საბუროვების სახლის ზედამხედველი. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, ძალიან გაიხარა და თავისთან ჩაიზე და ტკბილეულზე მიგვიპატიჟა. ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. კი აღარ მახსოვს მისი სახელი… ჩვენ მადლობის ნიშნად ვუმღერეთ. როცა ვმღეროდით, თურმე მაგ დროს საბუროვის ვაჟი ბორისი თავისი ძაღლით იყო გამოსული სასეირნოდ და ჩვენი სიმღერა შემოესმა. ჯერ ძაღლი შემოვარდა მისაღებ ოთახში და პირდაპირ მე მეცა ფეხებში… შემეშინდა. ამ დროს კარებში მშვენიერი ახალგაზრდა კადეტი გამოჩნდა. ეს იყო სწორედ ბორისი. ასე მომმართა: „ Не бойтесь, мадмуазель, она охотничья, не кусается!“ ცოტა ხანი კიდევ დავრჩით და შემდეგ ბორისმა მე და მარიამი სახლამდე მიგვაცილა. მეორე დღისათვის კი თავისთან სახლში მიგვიპატიჟა. რომ გაიგო, მარიამის მეუღლეც აქ იყო ექიმად, რა თქმა უნდა, გვთხოვა, გადაეცით, რომ ხვალ გამოგივლით და ყველას ერთად წაგიყვანთო. მეორე დღეს ზუსტად დანიშნულ დროს გამოგვიარა ბრიჩკით და თან წაგვიყვანა. მარიამის მეუღლემ, შალვამ, სამუშაოს გამო წამოსვლა ვერ შეძლო. იქ ბორისის ოჯახი დაგვხვდა: ალექსეი საბუროვი და მარია ალექსანდროვნა. მათთან სტუმრად კიდევ ქსენია ალექსანდროვნა იყო თავისი ქალიშვილით, – ნიკოლოზ II-ის და. ბევრი ისაუბრეს მარიამმა და ქსენია ალექსანდროვნამ – პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ოპერაზე… საუცხოო სუფრა იყო გაშლილი… ვივახშმეთ, მერე მე და მარიამმა ვიმღერეთ. საღამო რომ დასრულდა, საბუროვებმა და ქსენია ალექსანდროვნამ გვთხოვეს, მათთან ერთად წავსულიყავით საეკლესიო დღესასწაულზე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იყო. შევთანხმდით. ბორისმა სახლამდე მიგვაცილა. დამშვიდობებისას ხელზე გვეამბორა და დიდი მადლობა გადაგვიხადა ლამაზი სიმღერისათვის. რამდენიმე დღის მერე, გევიხედოთ და, ჩვენს სახლს ოთხცხენიანი ტარანტასი მოადგა რაჩხარუჩხით. შერემეტიევების სასახლე რვა კილომეტრით იყო დაშორებული ვორონოვოდან. იქ დიდ საზოგადოებას მოეყარა თავი. ვინ აღარ იყო: გრაფები, თავადები, გენერლები, მოკლედ, უამრავი ხალხი… ჯერ ეკლესიაში წავედით, ჩემო ბატონო, მოვისმინეთ წირვა და გალობა, მერე ისევ სასახლეში დავბრუნდით. სტუმრად ჩამოსული იყო ვორონცოვ-დაშკოვის შვილიშვილი, 14 წლის პრასკოფია. ერთი წლით უმცროსი იყო ჩემზე. ჩვენ მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი და დავმეგობრდით. სუფრასთან მე და მარიამი ნიკოლოზის დასთან, ქსენია ალექსანდროვნასთან მოვხვდით. მარიამმა და ქსენია ალექსანდროვნამ ისევ საუბარი გააბეს… ქსენია ალექსანდროვნა დაინტერესებული იყო ყველაფრით, რაც ჩვენ შეგვეხებოდა… შემდეგ გვთხოვეს და ჩვენც ქართული და რუსული რომანსები ვიმღერეთ. მახსოვს, ჯერ რუსული რომანსი _ „Дремлют плакучия ивы“ ვიმღერე. მერე – „ტურფავ, მოდი…“, და „სულიკოზე“ გაგიჟდნენ, პირველად მაშინ გაიგონეს რუსებმა ეს სიმღერა და ხელად აიტაცეს. სიტყვების ჩაწერა და ზუსტი თარგმანი გვთხოვეს. რამდენჯერმე გაგვამეორებინეს სიმღერები… ღამისთევით დავრჩით შერემეტიევებთან. ცალ-ცალკე ოთახები მოგვცეს, მაგრამ მე არ ვქენი, მეშინოდა მარტო ოთახში დაძინება. თხოვნა ამისრულეს და ჩემს დასთან ერთად დავიძინე.

საბუროვებს საკუთარი ტბა ჰქონდათ. ამ ტბაში ნავებით დასეირნობდნენ. როდესაც ნავით სასეირნოდ მივდიოდით, უეჭველად მოგვყვებოდა მენიჩბე, ვინც ნავს მართავდა. მე გიტარა მიმქონდა ხოლმე თან. ვისხედით ნავში მე და პრასკოფია, ხან ფრანგულ ლიტერატურას ვკითხულობდით, ხან ლექსებს ვამბობდით, ხან მე ვმღეროდი… ლობიოს გარჩევას მოვრჩით და გარეცხე, შვილო, და დაადგი, – ეუბნება ბებია დედაჩემს.

– მე გავრეცხავ, კრასატულიჩკა…

– შენ, შვილო, ბებიას დაუგდე ყური, ასე აჯობებს! – მაფრთხილებს დედა. – დაიმახსოვრე, რასაც გეუბნება. მეორედ კი აღარ მოყვება მაგ ამბავს.

– ფქვილი და ჯამი მომაწოდე, შვილო, და მჭადს მოვზელ. შენ მანამდე ტაფა დაადგი გაზზე, – დედას მჭადის ფქვილი, ჯამი და დოქით წყალი მოაქვს. ბებია ზელას იწყებს და თხრობას აგრძელებს, – იქ მე და მარიამმა გავიცანით Княгиня Лихачева. მშვენიერი ქალბატონი იყო. ძალიან მოვეწონე და ჩემი დატოვება უნდოდა – ჩემთან წავიყვან პეტერბურგში, გავზრდი და მოვუვლიო, მაგრამ მარიამმა არ ქნა. ბორის საბუროვმა მარიამს და შალვას ჩემი ხელი სთხოვა. მთელი საბუროვების ოჯახმა მოითხოვა ჩემი თავი, მაგრამ მათაც მტკიცე ვარი სტკიცა ჩემმა დამ! მოკლედ, დაუმთავრდა შალვას მივლინება და ჩვენ უკან დავბრუნდით… – ბებია მჭადს ხელში ათამაშებს, აქეთ-იქიდან ფრთხილად ურტყამს, ამრგვალებს, შემდეგ ცხელ ტაფაზე დებს, აბრტყელებს და მისი თითები მჭადის ზედაპირზე იბეჭდება. გვერდით ლობიო თუხთუხებს… მოუთმენლობისგან კბილები მიკაწკაწებს…

– ასე დასრულდა ვორონოვოს ამბავი?

– ვორონოვოსი კი დედა… მე გიმნაზია დავამთავრე და გადავწყვიტე, სანამ სადმე ჩავაბარებდი, მემუშავა. ქუთაისის გუბერნატორთან, გუდოვიჩთან მივედი სამსახურის თაობაზე და საქმის მწარმოებლად მასთან დავიწყე მუშაობა, – ბებია თან ყვება და თან სუფრას აწყობს, – ეს გუდოვიჩი, დედა, იყო შერემეტიევების სიძე. ცოლს ერქვა მარია სერგეევნა შერემეტიევა. ოთხი შვილი ჰყავდათ: ორი ბიჭი და ორი გოგო – ვარვარა, მარია, დიმიტრი და ანდრეი. მარია სერგეევნას ისე უყვარდა საქართველო და ჩვენი ადათ-წესები, რომ თავის შვილებს ქართული ჩვეულებით ზრდიდა. ბიჭებს განსაკუთრებით. სულ ჩოხაში ჰყავდა გამოწყობილი. ბავშვებს ძალიან ვუყვარდი. ხშირად ერთად ვერთობოდით. ყოველდღე, შუადღისას, ასე 12 საათისათვის, ერთსა და იმავე დროს, სამსახურში კაცს მიგზავნიდნენ და ყავაზე მეპატიჟებოდნენ. საოცარი ხალხი იყო! ახლა სადღა არიან ასეთი განათლებული, ინტელიგენტი და პატიოსანი ადამიანები… ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა! – ბებია ისე ოხრავს და განიცდის, თითქოს ხუთი წუთის წინ შემოვიდნენ ბოლშევიკები, – ყველაფერი 1917 წელს შეწყდა…

– როგორ შეწყდა, კრასატულიჩკა?

– როგორ და ეს ბანდიტი ბოლშევიკები მოვიდნენ და დააპატიმრეს გუდოვიჩი…

– ასე პირდაპირ დააპატიმრეს?! რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდათ?

– ბანდიტს და ოხერს რა მიზეზი უნდა, დედა?! ვინ გვეკითხებოდა რამეს?! სად იყო ლოგიკა, შვილო?! რავაც ახლაა, ისე იყო მაშინ! რომ გადაგიკეტეს რადიო და ტელევიზია, გიხსნის ვინმე, რატო შობიან, დედა, მაგას? ხოდა, მოკიდეს ამ კაი ხალხს ხელი და ღმერთმა უწყის, რა უქნეს. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან წითელი ჯარისკაცები შემოვარდნენ, ჩამოგლიჯეს ნიკოლოზის სურათი და ფეხებით შედგნენ. ხმა რომ ამომეღო, მეც მიმაყოლებდნენ ზედ. კი ვუთხარი, შვილო, ერთი-ორი სიტყვა, მარა ისე დამიბღვირეს, რავა ამევიღებდი ხმას. გუდოვიჩი თავისი ოჯახით გადაასახლეს ბაქოში. მარია სერგეევნას ისე გაუჭირდა, რომ მრეცხავად დაიწყო მუშაობა და ასე ირჩენდა თავს. გუდოვიჩი 1919 წელს დახვრიტეს…

ყველანი მაგიდას შემოვუსხედით.

– კრასატულიჩკა, პრასკოფია აღარ გინახავს? ბორისის ამბავი ხომ არ გაგიგია?

– არ მომიყოლია, ბოშო? რავა გამოვჩურჩუტდი, ხედავ?…

– რა დროს შენი გამოჩურჩუტებაა, კრასატულიჩკა, ოთხასზე მეტი სიმღერა გახსოვს ზეპირად! ესე იგი Все еще впереди! – ხითხითებს…

– ვორონოვოდან რომ წამოვედით, მე წერილი მივიღე პრასკოფიასაგან. მეც ვუპასუხე. ასე დაიწყო ჩვენი მიმოწერა. Мы писали друг другу до последней минуты! პრასკოფიასგან ყოველ კვირა მომდიოდა წერილები… ბოლო წერილში მწერდა, ბორისი ჭკუას გადასცდაო… – ბებიას თვალები უწყლიანდება.

– ბორისი გიყვარდა, კრასატულიჩკა?

– Я была совсем девчонкой… რა მესმოდა, დედა, მაშინ სიყვარულის.. Это он был влюблен. А я была еще слишком мала. Но бесспорно, Борис просто был красавец! 1917-ში, როცა კომუნისტები შემოვიდნენ, პრასკოფიასგან წერილები შეწყდა. მერე ვერსად ვერაფერი ამბავი გავიგე პრასკოფიას შესახებ. რა ბედი ეწია, არ ვიცი. წერილები გავანადგურე, მეშინოდა – რომ ენახათ, ყველას დაგვხვრეტდნენ. ვერ გადავრჩებოდი ვერც მე და ვერც ლილი და ჯანიკო. ჩემს ქმარს, ბაბუაშენს, კიდო უფრო ადრე მოუღებდნენ ბოლოს. Он же был белым офицером. Кадетский Корпус в Петербурге окончил и служил в царской армии. ისე, ქე იცოდნენ ყველაფერი, ბეჩა, ენკავედეს შენ გამოაპარებდი რამეს? მარა სტალინს უყვარდა ჩვენი სიმღერა და მაგან გადაგვარჩინა…

– რა ვიცი, ამ „სიყვარულს“ იშხნელებისთვის, და არც შენი ოჯახისთვის არაფერი მოუცია და…

– რა უნდა მეეცა, ბეჩა? ხო გადავრჩით, მოცემა არაა მაგი?! რომ გვეთხოვა, შვილო, ქე მოგვცემდა, მარა თხოვნა არ გვიყვარდა!

– ჰოდა, მეც მანდ ვარ! არ ჯობდა, გეთხოვათ? ახლა ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!

– ადამიანმა თავისი ნიჭით და განათლებით უნდა გეიტანოს დედა თავი! მერე ვინ „დაჰყეფა“ ცუდად, შვილო, შენს ბედს?! ამაზე მეტი ქონება, შენ რომ უფალმა თავზე დაგაყარა, მე არ ვიცი – მღერი, ხატავ, წერ, ორი ინსტიტუტი შენ დაამთავრე და კიდო არა ხარ, დედა, კმაყოფილი?!.. დედაია ბეჩა… – აღშფოთებას ვერ მალავს ბებია.

– ვარ, აბა, არ ვარ კმაყოფილი, კრასატულიჩკა…- დედას ლობიო, ცხელი მჭადი, გუდის ყველი, კიტრი, პამიდორი და მწნილი გამოაქვს სამზარეულოდან – ჩემზე ბედნიერი არც არავინ მეგულება, იმიტომ, რომ ორი უსაყვარლესი ჩიტი მყავხართ! – ვამბობ და გულიანად ვილუკმები.

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 33 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(1)