Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ჩამოგვაწერეს ჯარიმები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მთავრობამ მოქალაქეებს „შეცდომები“ კიდევ ერთხელ აპატია. იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის წესების ტარების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს აღარ მოუწევთ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამნისტიის მიზანი ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ტვირთის შემსუბუქებაა.

შედეგად, ყველა მოქალაქე, რომელმაც პანდემიის პირობებში მოქმედი რეგულაციები დაარღვია, როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

ჯარიმები 245 ათასზე მეტ ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს ჩამოეწერება. გადაუხდელი და ჩამოსაწერი თანხის მოცულობა კი 76 მილიონ ლარს აღწევს.

ჯარიმების ჩამოწერის შემთხვევები

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები არცთუ ხშირად ანებივრებენ. საქართველოს მსგავსად, იშვიათ შემთხვევებს განეკუთვნება აშშ-ში ფლორიდას შტატი. 11 მარტს შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. ამ განკარგულებით შეჩერდა იმ პირთა ჯარიმებისა და გადასახადების შეგროვება, რომელთაც COVID-19-თან დაკავშირებული ადგილობრივი შეზღუდვები დაარღვიეს.

გუბერნატორის განცხადებით, პანდემია დასასრულს მიუახლოვდა და დაწესებული შეზღუდვები ტვირთად იქცა შტატის მცხოვრებლებისთვის. მისი განმარტებით, ფლორიდაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს კი, მისივე თქმით, პანდემიის დასასრულისა და ჯარიმების გაუქმების წინაპირობაა.

გუბერნატორ დესანტისის ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს 2022 წელს დაგეგმილი არჩევნების წინ, და ამავდროულად, მოქალაქეებს იმ კანონების დარღვევისკენ უბიძგებს, რომელიც მათ ჯანმრთელობას იცავს.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

ჯარიმების ჩამოწერის პრაქტიკას ბევრი მომხრე ჰყავს. მით უფრო, როდესაც საქმე კოვიდშეზღუდვების პირობებში დაჯარიმებულ პირებს ეხებათ. ამერიკულ ორგანიზაციაში Fines & Fees Justice Center აცხადებენ, რომ კოვიდით გამოწვეულ რეცესიას ჯარიმები და სანქციები ვერ უშველის. ამ ტიპის ჯარიმები კრიზისს უფრო გააღრმავებს და სიღარიბეს გაზრდის. ორგანიზაცია უფრო შორს მიდის და ჯარიმებითა და ფულადი სანქციებით ბიუჯეტის შევსების „მავნე“ პრაქტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს – მათი აზრით, ეს კანონმდებლობა აშშ-ში მთლიანად უნდა შეიცვალოს.

მეორე მხრივ, საქართველოსა და მსოფლიოში არანაკლები მოწინააღმდეგეები ჰყავს ჯარიმების ჩამოწერის პრაქტიკას. მიზეზი მარტივია – ეს მიდგომა კანონდამრღვევებს კანონის დამცველებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. მათ წესები დაარღვიეს, გარკვეული სარგებელი მიიღეს და ჯარიმებიც ეპატიათ.

მათ კი, ვინც ჯარიმები უკვე გადაიხადეს, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. ამ პირებს გადახდილი თანხები აღარ დაუბრუნდებათ. მოქალაქეთა ამ ჯგუფის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონმორჩილება არ ფასდება, კანონდარღვევა კი წახალისებულია. 

ზრუნვა თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება?

ეკონომისტები სხვადასხვა ტიპის ჯარიმების მასშტაბური ჩამოწერის ინიციატივებს მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. მათ შორისაა გიგა ბედინეიშვილი. როგორც მან Business Feed-ს განუცხადა, ეს ქმედება „პოლიტიკურ პოპულიზმს“ ჰგავს და ის რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვება ვერ იქნება.

„არჩევნების წინ რომ ჩამოეწერათ ეს ჯარიმები, ძალიან აშკარა იქნებოდა. ამიტომ ახლა გააკეთეს იმ იმედით, რომ გამოჩენილ კეთილ ნებას ხმების რაღაც ნაწილი წამოჰყვება. თუკი მართლა უნდოდათ ხალხის დახმარება, მაშინ იმათაც დაუბრუნონ თანხები, ვისაც უკვე გამოართვეს“, – აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

მისი აზრით, სანქციების ჩამოწერა იმ დროს, როდესაც შეზღუდვების ნაწილი კვლავაც ძალაში რჩება, არალოგიკურია. ამან შეიძლება პანდემიის შემდგომი მართვა გაართულოს. მით უფრო, რომ ვირუსის მომდევნო ტალღა კვლავ მოსალოდნელია, ვაქცინაციას კი არცთუ სახარბიელო ტემპი აქვს.

„მთავრობა, ზოგადად, მიდრეკილია, რომ სტრატეგიულად სწორ დროს, როცა მას პოლიტიკური ქულების მიღება სჭირდება, მსგავსი რამ გააკეთოს და არ დაგიდევთ ამის გრძელვადიან შედეგებს. ასეთი არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადი ქმედებები ამნისტიებთან დაკავშირებით ცუდ პრეცედენტს ქმნის და კანონმორჩილებას ამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები ძალიან უსამართლო და ზედმეტად მკაცრი იყო. ანუ ორი შეცდომა იყო დაშვებული – ზედმეტად მკაცრი სანქციების შემოტანა და მერე ამ სანქციების მოხსნა არათანმიმდევრულად და პოლიტიკური მოტივით“, – ამბობს გიგა ბედინეიშვილი Business Feed-თან.

მთავრობამ მოქალაქეების დახმარების მოტივით, მსგავსი ტიპის ინიციატივა 2018 წელსაც გამოიჩინა. საუბარია ვალების ჩამოწერის პროგრამაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე გამოცხადდა. საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში, 600 ათასზე მეტ პირს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და კომერციული ბანკებიდან მიღებული ვადაგადაცილებული სესხები ჩამოეწერა. მაშინ ეს ნაბიჯი ოპონენტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა.

The post რატომ ჩამოგვაწერეს ჯარიმები appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share