Guest Merlin Posted 28 ივნისი, 2021 Posted 28 ივნისი, 2021 ადამიანის გონება ფიზიკური შრომის შემსუბუქებისა და სამუშაოს ეფექტიანად შესრულების მიზნით, საუკუნეებია, ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის. დღეს ჯერი ხელოვნურ ინტელექტზეა, რომელიც უკეთესი შედეგებისთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც გვეხმარება. უკრაინული სტარტაპი Agrolabs–იც ამ მიზნით დაფუძნდა – შეექმნა ისეთი ჭკვიანი მოწყობილობები, რომლებიც სათბურებში მცენარის განვითარების სრულ ციკლზე დაკვირვებითა და კონტროლით ფერმერებს სწორი აგრონომიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა. „თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი პროდუქტი Game Changer (თამაშის შემცვლელი) უნდა ყოფილიყო“, – გვითხრა Agrolabs–ის თანადამფუძნებელმა მიხაელ ლაზარენკომ. მართლაც, მოახდენს თუ არა ის რევოლუციას, ამის თქმა ჯერ რთულია. თუმცა, Agrolabs–მა უკვე მოახერხა მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს აქსელერატორში – 500 Startups–ში გამარჯვება. სტარტაპი ახლა Silicon Valley–ზე მიემგზავრება. 500 Startups საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. ის რეგიონის მასშტაბით 500 Georgia–ს სახელით ხორციელდება. სკოლის მეგობრობიდან ბიზნესპარტნიორობამდე მიხაელ ლაზარენკო და მაქს გორინოვი სკოლაში დამეგობრდნენ. თუმცა, მათი კარიერული გზები თავიდანვე არ გადაკვეთილა. მაქსმა დააარსა კომპანია, რომელიც სათბურის მფლობელებს მავნე მწერებთან გამკლავებაში ეხმარებოდა. მიხაელი კი სხვადასხვა კომპანიაში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებაზე მუშაობდა. 2017 წლის მიწურულს თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების ერთი მიზნისთვის მიმართვა გადაწყვიტეს და დააფუძნეს სტარტაპი Agrolabs. მაქსმა და მიხაელმა სათბურის ფერმერების პრობლემების სიღრმისეულად შესწავლისას დაინახეს, რომ მცენარეების დამტვერვის პროცესის მართვა მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. „არადა, სათანადოდ დამტვერვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – მას შეუძლია 2-ჯერ გაზარდოს მოსავლის მოცულობა. ნაყოფიც უფრო ჯანსაღი და დიდია. როდესაც მცენარეს დამტვერვა არ ჰყოფნის, ან სულ არ გამოაქვს ნაყოფი, ან ის უფრო პატარა, უფორმოა და მალე ფუჭდება“, – ამბობს მაქს გორინოვი. Agrolabs–ის პროდუქტი B-Control ფერმერებს სათბურებში მცენარეების დამტვერვის სწორად წარმართვაში ეხმარება. ჭკვიანი სისტემები ფერმერს მცენარის დამტვერვის პროცესს უადვილებს. Agrolabs–ის პროდუქტის – W-Sens–ისა და მასში ჩაშენებული სპეციალური სენსორების მეშვეობით კი ფერმერს შეუძლია მცენარის მდგომარეობის შეფასება – საკმარისადაა თუ არა ფესვები წყლით მომარაგებული, სჭირდება თუ არა სასუქის დამატება, ტემპერატურის შეცვლა და ა.შ. Connect კი Agrolabs–ის პროდუქტების მიერ მოპოვებულ ყველა მონაცემს ერთად უყრის თავს და მცენარის მდგომარეობასა და საჭიროებებზე ფერმერს ერთიან სურათს უქმნის. ფოტო: Agrolabsმაქსი და მიხაელი პროდუქტების მახასიათებლების დახვეწის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობენ ფერმერებთან და მათი უკუკავშირით ხელმძღვანელობენ. „ჩვენ თავიდანვე 100%-ით ვიყავით დარწმუნებული Agrolabs–ში, რადგან კარგად გვქონდა გააზრებული სათბურების რეალური პრობლემები; ისიც, რომ ბაზარზე მათი გადაჭრისთვის ან ძალიან რთული და მოუქნელი მოწყობილობებია და ან საერთოდ არ არის. დღესაც მათგან მიღებული ცოდნით გაძლიერებულები მივიწევთ წინ“, – ამბობს მიხაელ ლაზარენკო. 500 Startups და პროდუქტის მასშტაბირება პროგრამაში მონაწილეობა მიხაელმა და მაქსმა ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტეს: „მიხარია, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ მაინც გადავდგით, რადგან სწორედ 500 Startups–ზე მოვახერხეთ განვითარების ისეთ ეტაპამდე მიღწევა, რომ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით დავაინტერესეთ. პროგრამის მენტორები მოგვიწოდებდნენ, ყველაფერი სწრაფ ტემპში გვეკეთებინა. ეს იყო ის, რასაც მომხმარებლები ელოდნენ ჩვენგან. გვეუბნებოდნენ, რომ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტები, მუდმივად შეგვეფასებინა, რა გვაქვს, რას სჭირდებოდა გარდაქმნა და როგორ შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება. ყოველკვირეული შეხვედრებით პროდუქტების სრულყოფაში თავად გვეხმარებოდნენ“, – გვითხრა მიხაელ ლაზარენკომ. Agrolabs–ის დამფუძნებლებმა 500 Startups–ზე ისწავლეს ის, რომ პროდუქტის განვითარების პარალელური და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია გაყიდვებიც და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო. პროგრამის მენტორები ეხმარებოდნენ მათ ინვესტიციების მოზიდვაში და ასწავლიდნენ პრაქტიკულ უნარებსაც, შემდგომში დამოუკიდებლად რომ გაიკვლიონ გზა. დღეს Agrolabs–ის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ გაყიდვების ზრდა და მეტი ინვესტიციის მოზიდვაა. სწორედ ამიტომ, სტარტაპი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება მსოფლიოს მთავარ ტექნოლოგიურ ჰაბში – Silicon Valley–ზე გასამგზავრებლად. იქ, სადაც კომპანიებს პოტენციურ ინვესტორებთან უშუალო კავშირის დამყარება შეუძლიათ და სადაც ინოვაციებს ყველაზე მეტად აფასებენ. Silicon Valley–ის წყალობით უამრავი სტარტაპი ქცეულა დიდ კომპანიად. მაქსსა და მიხაელსაც სჯერათ, რომ ინვესტორებს თავიანთი პროდუქტის უნიკალურობაშიც დაარწმუნებენ და Agrolabs მართლაც იქცევა Game Changer-ად. The post Agrolabs-ის ახალი სიტყვა აგრონომიაში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა