Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

 

 

ეს ხომალდია, ცეცხლი რომელსაც გაუხსნეს რუსებმა

პს.წინა ისტორია

რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნას უარყოფს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებს რუსეთის ტერიტორიად არავინ აღიარებს. ამ აკვატორიაში გადაადგილებით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსული ანექსიის უარყოფას საქმით ამტკიცებენ, რაც რუსეთს აღიზიანებს და დროდადრო დაძაბულობას ზრდის.

რას აკეთებდა ბრიტანული გემი ყირიმთან?

HMS Defender მისი უდიდებულესობის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემია, რომელიც ჩვეულებრივ ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის ნაწილია. შავ ზღვაში გამოჩენამდე, ეს გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ასრულებდა მსგავს მისიას, ოღონდ იქ ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიების უარყოფა ევალებოდა. შავ ზღვაში ვიზიტის შემდეგ, გემი უკან მიბრუნდება.

რუსეთსა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარის, მარკ გალეოტტის აზრით, HMS Defender-ის ვიზიტს საგნობრივი პოლიტიკური და სამხედრო სიგნალი უნდა გაეგზავნა მოსკოვისთვის, რომ ბრიტანეთი არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ამას რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა.

რა მოიმოქმედა რუსეთმა?

რუსეთმა პოლიტიკური და მედია ალიბის შექმნა 18 ივნისს დაიწყო, როცა HMS Defender და ჰოლანდიური ფრეგატი HNLMS Evertsen ჯერ კიდევ ოდესის პორტში იყვნენ და უკრაინელებთან ერთად ატარებდნენ წვრთნება. ამ დღეს, სატელიტური პოზიციონირების მონაცემებით ისე გამოჩნდა, რომ თითქოს ორივე ხომალდი პირდაპირ სევასტოპოლისკენ გაემართა და ორი საზღვაო მილით მიუახლოვდა რუსეთის ამ მთავარ სამხედრო დასაყრდენს ნახევარკუნძულზე. არადა, არსებობს ფოტო- და ვიდეო-მტკიცებულება, რომ ორივე დასავლური გემი ამ დღეს ოდესის პორტში დარჩა. ამერიკული სპეც-სამსახურები ეჭვობენ, რომ სატელიტური ნავიგაციის მონაცემები რუსმა სამხედრო სპეცსამსახურებმა განგებ გააყალბეს.

 

რუსეთმა დღეს “საზღვრის დარღვევის” ამბავზე დიპლომატიური სკანდალი ატეხა: საგარეო სამინისტროში ბრიტანელი ატაშეც დაიბარეს და გაეროს კონვენციების დარღვევაზეც ალაპარაკდნენ.

ადრე თუ მომხდარა ასეთი ამბავი?

კი, ასეთი ამბავი 2020 წლის დეკემბერში HMS Defender-ის ტყუპისცალს, HMS Dragon-ს შეემთხვა ყირიმთანვე. მაშინ, რუსულმა სანაპირო დაცვამ გზა გადაუჭრა ბრიტანულ ხომალდს. რეალურად ცხარე რადიო-საუბრის მეტი დიდი არაფერი მომხდარა, არადა, რუსეთმა “საერთაშორისო სამართლის დარღვევის” ფაქტად მონათლა ეს ამბავი, ხოლო სასაზღვრო ძალების გენერალმა, ვლადიმირ კულიშოვმა ლამის სამხედრო ტრიუმფად შერაცხა“რუსეთის საზღვაო ძალებისა და აეროკოსმოსური ძალების ერთობლივი ქმედებით, ბრიტანული სამხედრო გემის ნეიტრალურ წყლებში გაძევება.” როგორც ჩანს, იმავე ტიპის ინციდენტი მოხდა ახლაც, ოღონდ რუსეთის საუბრის ტონმა კიდევ ერთი ნიშნულით მოიმატა.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

დიდი შვიდეულის სამიტის, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სუსხიანი შეხვედრისა და ევროკავშირის სარუსეთო პოლიტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ჩანს, დასავლეთი უფრო ერთიანად შეეცდება რუსეთის შებოჭვას და წესებზე დაფუძნებული დიალოგისკენ უბიძგებს კრემლს. ეს ამბავი დაძაბულობის გარეშე ვერ ჩაივლის. ამჯერად, როგორც ჩანს, ბრიტანეთს ერგო მოსკოვის მთავარი გამაღიზიანებლის როლი. ამაზე ბრიტანეთის საგარეო მინისტრის, დომინიკ რააბის ლავროვთან უკანასკნელი საუბრის ინგლისურად მოკლე და სუსხიანი ამონაწერიც მოწმობს, სადაც პოზიციებს შორის “ღრმა განსხვავებებია” აღნიშნული. ამგვარი, მტკიცე პოზიციის დაჭერა რუსეთის საწინააღმდეგოდ “გლობალური ბრიტანეთის” ახალი სტრატეგიის ნაწილიცაა, რომელიც ევროკავშირის არტახებიდან გათავისუფლებული ლონდონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გააქტიურებას გულისხმობს.

ლონდონი მოზომილ რისკზე მიდის. HMS Defender საკმაოდ დიდი და თანამედროვე ხომალდია. ყირიმთან უშუალო სიახლოვეში მის გამოჩენას რუსეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. თუმცა, ამავე დროს ეს არაა ისეთი ძალა, რომელიც ყირიმში რუსული გარნიზონისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს მარტო, თანმხლები ხომალდების გარეშე. ამიტომაც HMS Defender-ის ახლანდელი მოგზაურობა შავ ზღვაში სამხედრო-დიპლომატიური გზავნილის მატარებელია. ჩანს, ლონდონი ჯერ ამგვარი ნაბიჯით ცდილობს შეატყობინოს პუტინს, რომ რუსეთის აგრესული საგარეო-პოლიტიკური ქცევა დასავლეთისთვის მისაღებ ფარგლებს გასცდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ HMS Defender-ის შემდეგი გაჩერება საქართველოშია. მას მედიის ცნობით, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ უკრაინაში ყოფნისას იქაურ მეზღვაურებთან თანამშრომლობის გეგმა შეათანხმა. საგულისხმოა, რამდენად იქნება საუბარი საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებაზეც.

 
Share on other sites

On 6/26/2021 at 10:26 AM, Civilian said:

ადრე თუ მომხდარა ასეთი ამბავი?

XIX საუკუნეში ყირიმის ომის წინა წლებში. )

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თან სტამბოლზე ახალი არხი იჭრება რომელზეც მონტროს შეთანხმება არ გავრცელდება.

Edited by Deutschland
Share on other sites

23 ივნისს, რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნა უარყო, თუმცა, რუსული სანაპირო დაცვის კატარღების მიერ დევნა და რუსული სამხედრო ავიაციის გადაფრენა დაადასტურა, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე გემის ბორტზე მყოფმა ბი-ბი-სის ჟურნალისტმა. ეს რამდენიმე დღეა, ამბავი პრესის ყურადღებას იპყრობს: რუსეთი მუქარით საუბრობს, ბრიტანეთი კი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალთან სრული შესაბამისობით მოქმედებდა. ვინაა მართალი?

“მშვიდობიანი გავლა”

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის პირველსავე ტვიტერ-განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ HMS Defender მშვიდობიანი გავლის უფლებას იყენებდა. ზუსტად იგივე განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ბენ უოლესმა თემთა პალატაში განხილვისას. რას გულისხმობდნენ ისინი?

“მშვიდობიანი გავლის” უფლება ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის საზღვაო წესებში დადგინდა და დღეს უკვე გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS, 1982) ძალითაა დაცული.

გავლის კურსი

ის გულისხმობს რომ, ნებისმიერი ქვეყნის გემს უფლება აქვს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წლებში მშვიდობიანად გაიაროს, წინასწარი გაფრთხილების გაერშე, თუკი გემი არ შედის არც ერთ პორტში და მოძრაობს “მუდმივად და სწრაფად”, ღუზის ჩაშვების, ანდა შეჩერების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, ანდა გასაჭირში ჩავარდნილ სხვა გემს უწევს დახმარებას.

ამ თვალსაზრისით, HMS Defender მართლაც უმოკლესი გზით მიდიოდა ოდესიდან ბათუმის მიმართულებით, არც შეჩერებულა და არც გზიდან გადაუხვევია.

 

მეტიც, ბრიტანეთი ამტკიცებს (და ეს რუკებზეც ჩანს), რომ გემი იყენებდა ნავიგაციისათვის გამოყოფილ კორიდორს – ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთგვარ “საგზაო ავტობანს” – რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რუკაზეა მონიშნული. ზემოთ ნახსენები გაეროს კონვენცია ამბობს, რომ “მშვიდობიანი გავლის” დროს, სუვერენიტეტის მქონე ქვეყანამ, შეიძლება მოსთხოვოს გემს, სწორედ ასეთი კორიდორი გამოიყენოს. ანუ ბრიტანეთს შეუძლია თქვას, რომ არათუ კონვენციის სულისკვეთებას დაემორჩილა, არამედ მის მიერ დათქმული კონკრეტული წესიც შეასრულა.

მშვიდობიანი ხასიათი

ახლა, რაც შეეხება გავლის “მშვიდობიან” ხასიათს – კონვენცია ამბობს, რომ გავლამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე მშვიდობას, წესრიგს, ანდა სანაპირო ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც მოაყოლებს ამომწურავ სიას მოქმედებებისა, რომელიც შეიძლება ასეთად ჩაითვალოს: ძალის გამოყენებით მუქარა, საწვრთნელი სროლები, თავდაცვითი ან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, პროპაგანდა, კონტრაბანდა, სამხედრო თვითმფრინავების ან სხვა საშუალებების ბორტიდან აფრენა ან მიღება, მეთევზეობა, ზღვის განგებ დაბინძურება.

რუსეთს არ განუცხადებია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემმა ამ დათქმებიდან რომელიმე დაარღვია. ეს რომ ასე მომხდარიყო, რუსეთს ოფიციალური ნოტით უნდა მიემართა გაეროსათვის, თუმცაღა, ამავე კონვენციით, რუსეთს არ ჰქონდა უფლება იარაღი გამოეყენებინა მაშინაც კი, თუკი გემი მშვიდობიანობის ზემოთჩამოთვლილ წესებს არღვევდა: გამონაკლისი მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ბრიტანულ გემს თავად, პირველს გაეხსნა ცეცხლი რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

ამგვარად, ყოველმხრივ ცხადია, რომ HMS Defender-მა საერთაშორისო ნაოსნობის წესების სრული დაცვით გაიარა თავისი მარშრუტი. ერთადერთ შესაძლო დარღვევად ალბათ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ამით ვაჩვენეთ, რომ ყირიმზე რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ვაღიარებთო. “პროპაგანდისთვის” მშვიდობიანი გავლის გამოყენებას კონვენცია კი კრძალავს, თუმცა ამის შესახებ რუსეთს არც პრეტენზია განუცხადებია და, ასე რომც ყოფილიყო, გემისთვის კურსის შეცვლის იძულების და, მით უმეტეს, იარაღის გამოყენების კანონიერი უფლება მაინც არ ექნებოდა.

ეს კონვენცია სამხედრო გემებზე ვრცელდება?

ეს ფრიად საინტერესო საკითხია და, აი, რატომ: ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს, რომ კონვენციის მოქმედება სამხედრო გემებზე ვრცელდება. ეს თუნდაც იქედანაა ცხადი, რომ კონვენციაში ჩამოთვლილი ზოგიერთი მოქმედების (სროლის, სამხედრო თვითმფრინავების მიღების, დაზვერვის) საშუალება, როგორც წესი, სწორედ სამხედრო გემებს აქვთ.

ამას გარდა, სწორედ ამ საკითხის წერილობითი დაზუსტება მოხდა აშშ-სა და სსრკ-ს (რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთია) შორის და არ იკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ 1988 წელს სსრკ საზღვაო ფლოტმა სწორედ ყირიმის აკვატორიაში ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდს იძულებით (თავისი ხომალდების ბორტით ბიძგით) შეაცვლევინა კურსი. ამ სახიფათო ინციდენტს მოლაპარაკებები მოჰყვა, რის შედეგადაც მიიღეს საზღვაო სამართლის კონვენციის ერთიანი ინტერპრეტაცია, სადაც ნათლად ჩაიწერა, რომ მშვიდობიანი გავლის წესები ვრცელდება სამხედრო გემებზეც, მათი შეიარაღების, აღჭურვილობის და სხვა თავისებურებებისდა მიუხედავად.

დასკვნის სახით:

დაარღვია თუ არა დიდმა ბრიტანეთმა საზღვაო სამართალი HMS Defender-ის ვიზიტით?  არა, მას საზღვაო სამართალი არ დაურღვევია.

დაარღვია თუ არა რუსეთმა საზღვაო სამართალი?  გააჩნია რეალურად რა მოხდა. თუკი რუსეთმა მართლაც გაისროლა გემის მიმართ და მისი კურსის მიმართულებით ბომბები ჩამოყარა (როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებს), მაშინ სერიოზული დარღვევა მოხდა. თუ არა (როგორც ბრიტანეთი ამტკიცებს), მაშინ მას არ ჰქონდა კანონიერი უფლება მოეთხოვა HMS Defender-ისთვის ტერიტორიული წლების დატოვება, თუმცა ეს საკმაოდ მსუბუქ დარღვევად ჩაითვლება.

აღიარა თუ არა ამით დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სუვერენიტეტი ყირიმზე?  სამართლებრივად – არა, პოლიტიკურად – კი. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, მშვიდობიანი გავლისათვის ქვეყანას არ სჭირდება სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის თანხმობა და ეს დიდ ბრიტანეთს არც უკრაინისაგან მოუთხოვია და არც რუსეთისაგან. ანუ დიდ ბრიტანეთს, საზღვაო სამართლის კონვენციის მოქმედების ფარგლებში, არანაირი პოზიცია არ დაუჭერია იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. საქმეა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტაცია: აქ ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე არ აღიარებენ. ოღონდ ისე გამოვიდა, რომ სწორედ რუსეთის გადაჭარბებული რეაქცია და ყირიმის თავისად დაჩემება იქცა ბრიტანეთის ოფიციალური პირებისათვის ამგვარი განცხადებების გასაკეთებელ საბაბად.

ჯამში, HMS Defender-ს მისია სამართლებრივად მყარ საფუძველზე დგას, ხოლო პოლიტიკურად მომგებიანად გამოიყურება მისი უდიდებულესობის მთავრობისათვის.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share