Jump to content
×
×
  • Create New...

ჰაკერების საყვარელი კრიპტოვალუტა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ონლაინთაღლითობისა და ჰაკერული თავდასხმების შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება. კიბერკრიმინალის კვლევით ორგანიზაციაში Cybersecurity Ventures აცხადებენ, რომ 2021 წლიდან კიბერდანაშაული უფრო შემოსავლიანი ხდება, ვიდრე ნარკოტიკებით გლობალური ვაჭრობა.

ონლაინთაღლითურ სქემებში ყველაზე ხშირად ბიტკოინი ფიგურირებს. როგორც ჩანს, ეს კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და სხვა ტიპის დამნაშავეებისთვის საყვარელ ვალუტად იქცა. მიზეზი მარტივია – ბიტკოინი დამოუკიდებელი, უკონტროლო ციფრული ვალუტაა, არ ექვემდებარება მთავრობებს, არ საჭიროებს ბანკის მომსახურებას.

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შეუძლია ჩამოტვირთოს პროგრამა და საფულე ბიტკოინის შესანახად. ამ საფულის მისამართი რიცხვებისა და ასოების გრძელი კომბინაციისგან შედგება. საბანკო ანგარიშის გახსნისგან განსხვავებით, საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის. ბიტკოინი ფაქტობრივად ანონიმური ვალუტაა, ოპერაციები არ საჭიროებს მესამე პირის ჩართულობას, სწორედ ამიტომ, კიბერდამნაშავეები გამოსასყიდის სახით ყველაზე ხშირად ბიტკოინს ითხოვენ.

ამასთან, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული კრიპტოვალუტაა. ამ დროისთვის ერთი ბიტკოინის ფასი $35 000-ს აღემატება, მთლიანი ბაზრის ღირებულება, ე.წ. market cup კი $611,381,880,750-ს შეადგენს.

კიბერშეტევა ხორცის მწარმოებელ კომპანიაზე

ერთ-ერთი უახლესი და გახმაურებული შემთხვევა მსოფლიოს უდიდეს ხორცის მწარმოებელ კომპანიას – JBS Foods-ს უკავშირდება. ჰაკერები თავს დაესხნენ ბრაზილიური კომპანიის ოპერაციულ სისტემას და მისი ქარხნების საქმიანობა აშშ-ში, ავსტრალიასა და კანადაში შეაჩერეს.

არადა, JBS-ის განმარტებით, კომპანია $200 მილიონზე მეტს ხარჯავდა IT მომსახურებაში, ხოლო ამ მიმართულებით ორგანიზაციაში დასაქმებულთა რიცხვი 850 სპეციალისტს აღემატებოდა. FBI-მ კიბერდანაშაულებრივ ჯგუფს „ერთ-ერთი ყველაზე სპეციალიზებული და დახვეწილი“ უწოდა. აღინიშნა, რომ დამნაშავე ორგანიზაცია, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული.

დამნაშავეთა კვალს ვერ მიაკვლიეს. JBS Foods-მა ჰაკერებს მოთხოვნილი თანხა დაუყოვნებლივ გადაუხადა – $11 მილიონი კიბერთავდამსხმელებს ბიტკოინებში გადაურიცხეს.

კიბერშეტევა აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენზე

კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენს – Colonial Pipeline-ს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობსადენის მფლობელი კომპანიიდან პაროლის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. კიბერშეტევის შემდეგ Colonial Pipeline იძულებული გახდა, მილსადენის მუშაობა შეეჩერებინა. არადა, ამ გზით მას დღეში 2.5 მილიონი ბარელი დიზელი, ბენზინი და რეაქტიული საწვავი გადაჰქონდა 5500 კილომეტრის მანძილზე, ტეხასიდან ნიუ ჯერსიმდე და ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ნახევარს საწვავით ამარაგებდა. მილსადენი რამდენიმე დღის განმავლობაში უმოქმედო იყო, რამაც ბაზარზე პანიკა, საწვავის დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

საბოლოოდ, Colonial Pipeline-მა კიბერთავდამსხმელებს $4.4 მილიონი გადაუხადა. თანხა ამჯერადაც ბიტკოინებში გადარიცხეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა გადახდილი თანხის ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს. მათ ჰაკერული ჯგუფის ელექტრონული საფულის მისამართს მიაკვლიეს და სასამართლოს ბრძანებით, თანხები დააყადაღეს. კომპანიამ გადახდილი 75 ბიტკოინიდან 64 უკან დაიბრუნა. თუმცა, Colonial Pipeline აცხადებს, რომ გამოსასყიდის გადახდის მომენტში ბიტკოინი გაცილებით ძვირი ღირდა. ამასთან, ორგანიზაციას საკუთარი სისტემების სრულად აღსადგენად ათობით მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს.

თავდასხმა აღმოსავლეთ ევროპაში ბაზირებულ კრიმინალურ ჰაკერთა ჯგუფ DarkSide-ს მიაწერეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ კი კიბერუსაფრთხოება თეთრი სახლის პრიორიტეტად დაასახელა. ამ შემთხვევის შემდეგ აშშ-მა ენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაციისა და მისი კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით $100 მილიარდი გამოყო.

თაღლითობა Twitter-ში

მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა Twitter-იც. გასულ წელს კიბერთაღლითებმა სოციალური ქსელის უსაფრთხოების სისტემაში შეაღწიეს და ცნობილი ადამიანების ანგარიშები „გატეხეს“. მათ შორის იყო ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, ბილ გეითსის, კანიე უესტის, ილონ მასკისა და ასევე სხვადასხვა ცნობილი კომპანიის გვერდები. მათი სახელით სოციალურ ქსელში ყალბი შეტყობინებები გამოჩნდა. ჰაკერები მიმდევრებს მოუწოდებდნენ, გადაერიცხათ $1000-ის ღირებულების ბიტკოინი და სანაცვლოდ $2000-ის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ. ვიდრე თაღლითობა გამოაშკარავდებოდა და Twitter კიბერშეტევას აღმოფხვრიდა, ჰაკერებმა $100 000-ზე მეტი მიიტაცეს.

The post ჰაკერების საყვარელი კრიპტოვალუტა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Merlin said:

ვიდრე თაღლითობა გამოაშკარავდებოდა და Twitter კიბერშეტევას აღმოფხვრიდა, ჰაკერებმა $100 000-ზე მეტი მიიტაცეს.

:mulan:

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share