Jump to content
×
×
  • Create New...

კობა გვენეტაძის საქმიანობის შეჯამება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2016 წლის მარტში დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე 2023 წლის მარტამდე დარჩება. Business Feed დაინტერესდა, როგორ ასრულებდა რეგულატორი დაკისრებულ მოვალეობას კობა გვენეტაძის მმართველობის პერიოდში. როგორ უზრუნველყოფს სებ-ი ფასების სტაბილურობას და რა რეფორმები გატარდა გასული 5 წლის განმავლობაში.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო

კობა გვენეტაძის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რეფორმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებას უკავშირდება. რეგულაცია 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. მისი შემოღების მიზნად ჭარბვალიანობის შეზღუდვა დასახელდა. მთავრობა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდნენ, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტება სწრაფად  იზრდებოდა და საჭირო იყო მისი შენელება. შედეგად, კომერციულ ბანკებს მომხმარებლის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალათ. მოგვიანებით, 2020 წლის აპრილში, კანონში ცვლილებები შევიდა და ფიზიკური პირების დაკრედიტების მოთხოვნები გარკვეულწილად შემსუბუქდა.

მთლიანობაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩარჩოს ამოქმედებით კმაყოფილია. მისი თქმით, ამ რეგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, ამ ღონისძიებების გარეშე ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა სირთულეებთან გამკლავებას.

ლარიზაცია-დედოლარიზაციის გეგმა

კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც კობა გვენეტაძის სახელს უკავშირდება, ლარიზაცია-დედოლარიზაციის გეგმის შემუშავებაა. ლარიზაციაზე საუბარი ჯერ კიდევ გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, თუმცა, 2016 წლიდან გააქტიურდა. სებ-მა გეგმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა. ეროვნული ბანკი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდნენ, რომ დედოლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია. ლარიზაციისთვის გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში დაიწყო ე.წ. „სესხების გალარება“ და 200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გახდა შესაძლებელი. 

სებ-ის ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა.

მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება

დედოლარიზაციის მიზნით შემოღებული ნორმების გარდა, კობა გვენეტაძის მმართველობას უკავშირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილების გაფართოება. რეგულატორს მიეცა უფლება, სრული ზედამხედველობა გაუწიოს საფინანსო სექტორს, მათ შორის ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებს, საფონდო ბირჟებს, საბროკერო კომპანიებს და ა.შ. შესაბამისი ცვლილებები კანონში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ 2017 წელს შევიდა. სების მტკიცებით, ცვლილებები საჭირო იყო სექტორის ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის კულტურის ასამაღლებლად. 

კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობა; შემუშავდა კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება, რომლის ფარგლებშიც კომერციულ ბანკებს დაუწესდათ კაპიტალის დამატებითი ბუფერი. კომერციული ბანკები ვალდებული არიან, გაამჟღავნონ ინფორმაცია რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ. ამ და სხვა ცვლილებების გავლენით, საბანკო-საფინანსო სივრცე ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ცვლილებებმა საცალო დაკრედიტება შეანელა და სექტორში ხარჯები გაზარდა. თუმცა, რეგულატორი იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერიოდში რეფორმები ქართულ საფინანსო სისტემას გააუმჯობესებს.

ლარის კურსი და ინფლაცია

2016 წლის მარტში, იმ დროს, როცა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა, ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.32 იყო. ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 2.50, 2019 წლის მარტში კი 2.68 გახდა. ეროვნულმა ვალუტამ ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაამყარა, როდესაც ლარი აშშ დოლარის მიმართ 3.48-მდე დაეცა.

ლარის გაცვლით კურსზე საუბრისას, ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მასზე ბევრი ისეთი ფუნდამენტური ფაქტორი ახდენს გავლენას, რაზეც ეროვნული ბანკის ზეგავლენა შეზღუდულია. ამის გამო კობა გვენეტაძე არაერთხელ გააკრიტიკეს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის მერყეობაზე ცალსახა პასუხისმგებლობას არ იღებს და მას მთავრობის როლსა და ეკონომიკაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს უკავშირებს.

რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირებაზე 2009 წლიდან გადავიდა. შემდგომ პერიოდში (2009-2017) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენდა.

2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4% იყო, ხოლო 2018 წლიდან ის 3%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის გრძელვადიან მიზნობრივ დონეს წარმოადგენს. 2019 წლის ბოლოს ინფლაციამ უკვე 7%-ს მიაღწია. 2021 კი 7.2%-იანი ინფლაციით დაიწყო. 

წლიური ინფლაციის პროგნოზი

 

შედეგად, სებ-მა კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ლარის მყიდველობითი უნარის დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის პროგნოზი

 

კობა გვენეტაძის, როგორც ეროვნული ბანკის მმართველის მიმართ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საზოგადოების ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს. თუმცა, Global Finance-მა ის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ სამჯერ დაასახელა 2018, 2019 და 2020 წლებში.

ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს საკმაოდ მტკივნეული რეფორმების გატარება მოუწია. დრო გვიჩვენებს, როგორ აისახება ეს რეფორმები ქვეყნისა საფინანსო სექტორის მდგრადობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.

The post კობა გვენეტაძის საქმიანობის შეჯამება appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share