Jump to content
×
×
  • Create New...

ცოტნე ავსაჯანიშვილი – მეათეკლასელები


Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/06/me-10-klasi.jpg

ინგლისურის მასწავლებელმა სირაძე რომ ამოიკითხა, ხმა არავინ ამოიღო და არც სირაძის დაქალმა, ვერიკო ჩაჩუამ თქვა, მასწ, “არა” არ ჩაუწერო, თამთა მალე მოვაო. სხვა დროს, როცა თამთა სირაძე აგვიანებდა, ვერიკო მასწავლებელს მასე კერავდა ხოლმე და მერე თამთაც მოდიოდა აქოშინებული და აცეცებდა თვალებს დებილივით.

ვერიკომ რო არაფერი არ თქვა, ნიკუშას და გიოს არ ესიამოვნათ. მარა არ იმჩნევდა არცერთი, რომ არ ესიამოვნათ.

ნიკუშას უხერხულობა რომ დაემალა სოსო შვანგირაძეს მიუტრიალდა და ჰკითხა, იოსებ, აბა, თუ იცი დედამიწის სიმრგვალე ვინ დაამუღამაო? სოსომ არ ვიციო და მიტრიალდა. მინიშნებას მოგცემო, ნიკუშამ. ფერნანდო ერქვაო. აბა კარგად დაფიქრდიო. ფერნანდო… ფერნანდოოო… ფეეერნანდოოო…. ფერნანდო კოლუნგამ?! – იკითხა სოსო შვანგირაძემ.

ნიკუშა აკობია „ნორჩ დინამოელში“ თამაშობდა. ძალიან მაღალი არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი და ლურჯი თვალები ჰქონდა. ეცვა ორიგინალი ქონვერსები და ჯინსის კურტკა. სოსო შვანგირაძეს ტალახიანი ტუფლები ეცვა და ფეხბურთსაც არ თამაშობდა. ერთი პერიოდი დედას ხალხურ საკრავებზე დაჰყავდა, ეგ იყო და ეგ. ისე, ორივე ოროსნები იყვნენ.

გიო ნათია ვერულიძეს ეჩალიჩებოდა, ლარიანი მოგვე ბიჭებს, სკოლის მერე ლავაშს ვიყიდითო. ნათია ვერულიძე კონიაკის ქარხნის დირექტორის შვილიშვილი იყო და სახლიდან ყოველდღე ათ ლარს ატანდნენ. დიდ დასვენებაზე დაცვა გარეთ უშვებდა ხოლმე და იფქლის საცხობში ყიდულობდა ლობიანს. ბუფეტში შესვლა მამამ აუკრძალა, თაგვები დარბიან და ლობიოც ძველი ექნებათო. ნათია ვერულიძეს გიო ფარესაშვილი უყვარდა და რეკეტიც მარტო გიოს გამოსდიოდა. ვერულიძე სხვებს არ აძლევდა ფულს. გიოს წაკითხული ჰქონდა დონ კიხოტი და აინტერესებდა საქართველოს უახლესი ისტორია. გიო მაღალი იყო და ლამაზი შავი თმა ჰქონდა. ნათია ძალიან შავი გოგონა იყო და ჰგავდა სელმა ჰაიეკს. რატომღაც სწორედ ამის გამო ეძახდნენ შეუხედავს. ნათია თვლიდა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა სისულელე იყო და ეს ცხოვრებაში არ გამოადგებოდა. ნათია ორას რეპეტიტორთან დადიოდა და თავისუფალ უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება. გიოც და ნათიაც ათოსნები იყვნენ.

გიოს და ნიკუშას გარდა, არცერთ ბიჭს არ უნდოდა, რომ ზარი დაერეკათ. ყველა მზად იყო, რომ ინგლისურის მასწავლებლისთვის მთელი ცხოვრება ეყურებინათ მაშინ, როცა მის მერი დაფაზე შექსპირის სონეტებს წერდა  და მათკენ ტრაკით იდგა. ზოგადად ყოველთვის ასე ხდება, რომ ინგლისურის მასწავლებელი ყველაზე სექსუალურია, ალბათ იმიტომ, რომ ინგლისურის მასწავლებლების უმეტესობა ჯერ არ არის ბებერი.

*  * *

როცა თამთა სირაძე სკოლის დამთავრებაზე ფიქრობდა, სევდა შეიპყრობდა ხოლმე. ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტში ბევრი ლამაზი გოგო იქნებოდა და ისიც აღმოჩნდებოდა ნაცრისფერ მასაში, სადაც არავინაა გამორჩეული და უნიკალურის სტატუსს მოპოვება სჭირდება, სკოლაში კი არავინ იყო თამთასავით მოვლილი და ვნებიანი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები სულ დასცინოდნენ და ორიანებს უწერდნენ, თამთას მაინც ძალიან უყვარდა სკოლაში მისვლა. მეათე კლასი თამთა სირაძისთვის იყო სადედოფლო სამყოფელი, სადაც მისი კლასელი გოგონები იყვნენ მისი სეფექალები, ნელსაცხებლებით რომ უზელდნენ ხელ-ფეხს და კლასელი ბიჭები იყვნენ აზნაურები, მისი გულისთვის ნებისმიერი სხვა სამეფოს და სადედოფლოს არმიას რომ შეაკვდებოდნენ დაუფიქრებლად. ნიკუშა და გიო კი, იყვნენ უფლისწულები, რომლებიც სულ მალე შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს დუელში და რომელიც გადარჩებოდა, ის მიიღებდა დედოფალი თამთას მოპოვების შანსს.

ისე, თამთას ნიკუშა მოსწონდა, მაგრამ ჩუმად მაინც მეთორმეტეკლასელ ვანო ხრიკულს ხვდებოდა. ნიკუშა ღლაპიაო, ვერ მაგულავებსო, ფიქრობდა თამთა. ვანოს კი, ჰყავდა მანქანა და უკვე მუშაობდა ბიძამისის სადაზღვევო კომპანიაში.

როცა სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი სიას კითხულობდა, ვანო ხრიკულს თამთა სირაძე კალთაში ეჯდა და ცდილობდა, თავისი ტუჩები თამთას ლოყიდან ტექნიკურად თამთას ტუჩებამდე გაეცურებინა. თამთა ხვდებოდა, რომ იქ ჯდომა არ უნდოდა და ბიჭის კალთაში მორცხვად იკლაკნებოდა. ამაზე ხრიკული უფრო გიჟდებოდა და ლამის იყო, დაუწყებლად დაემთავრებინა. ვანო ხრიკული ქალთან ჯერ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი.

მაკდონალდსში ოცდაათი ლარი დავახარჯე და მაინც არ მაკოცნინებსო, ნერვები ეშლებოდა ხრიკულს. თამთას კი, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, ვისთან უნდოდა ზასაობა. ვანოზე სიმპათიურები კლასელი პაკლონიკები იყვნენ…

 

* * *

„თამთუუ…“ – გადაკოცნა გაკვეთილიდან გამოსულმა ვერიკო ჩაჩუამ სკოლის წინ მობირჟავე თამთა.

„სირაძე სად იყავი?!“ – ჩათლახურად ჰკითხა სოსო შვანგირაძემ.

„შატალოზე“. – ტუჩები გამობურცა თამთამ.

„მარტო, ტო?“ – გაუკვირდა სოსოს.

„ჰო.“ – მოკლედ მოუჭრა თამთამ.

„იმდენი შენ მოგიტყ…“ – გაიფიქრა სოსომ.

„უიმეე, რაღას მოდიოდი საერთოდ?!“ – მიახალა სათვალიანმა მაიამ.

„დღეს მამიკომ უნდა გამომიაროს და აქ უნდა დავხვდე“. – თამთას უტყდებოდა დაბალრეიტინგულ კლასელებთან ლაპარაკი.

„ოე, შვანგირრრრრ… წამო რა მალე!“ – დაუყვირა შორიდან ნიკუშამ სოსოს.

„მოვდივარ, ჰო.“ – დაიძრა შვანგირაძე.

„მალე თორე ორზე გავტეხავთ შეჩემა“. – დააშინა გიომ.

 

სამეული სკოლას გასცდა. თამთა და გოგოები ისევ სკოლასთან იდგნენ. ყველა გოგოს შურდა თამთასი. ვერც გაამტყუნებდი, პატარები იყვნენ და უტყდებოდათ, სხვა რომ მათზე ლამაზი იყო. ვერიკო ჩაჩუა ხომ თამთას დაქალი იყო, მაგრამ მაგას ყველაზე ძაან შურდა. ისე, ვერიკოც ლამაზი გოგო იყო, მარა თამთას მერე. საერთოდაც ვერიკო თამთას იმიტომ ედაქალებოდა, რომ პრესტიჟული დაჯგუფების შექმნის რომანტიკა იტაცებდა. ვერიკო ხშირად უყურებდა ამერიკულ ფილმებს, სადაც კოლეჯის მაგარი ნაშები სულ ერთად ბირჟაობდნენ და ლუზერებს დასცინოდნენ. არადა, გულის სიღრმეში სულ იმას გაიძახოდა, თამთასნაირი ოჯახი რომ მქონდეს თავს მოვიკლავდიო. თამთას მამის ეშინოდა კიდეც ვერიკოს.

 

„მოპარე მამაშენს შეჩემა?“ – ჰკითხა გიომ ნიკუშას.

„გამომართვი…“ – ნიკუშამ გიოს ორი ღერი წითელი მარლბორო მისცა.

„მომე რა ერთი მე“. – გაიწია შვანგირაძემ.

„ოოო ნაპასის დარტყმა არ იცი შენ და ტყუილა აფუჭებ რა…“ – არ აძლევდა გიო.

„მომე რა…“ – დაძაბა შვანგირაძემ.

„ვაბშე რა დროს თქვენი მოწევაა ტო…“ – მორალი ჩაურთო ნიკუშამ.

„მაიცა რა… მასე არასდროს არ არი დრო. ორასი წლისა რო ვეწეოდე კაია?“ – გზა მოუჭრა გიომ.

„უფრო ცუდია, ორასისამ რო მოწიო. ეხლა ჯობია. სანამ ახალგაზრდა ხარ“. – შვანგირაძემ სიგარეტს მოუკიდა.

„შენ ვაბშე არ მოწიო ნიკუშ. სპორცმენი ხარ“. – გაიცინა გიომ.

„არც მოვწევ!“ – პრინციპულად თქვა ნიკუშამ.

„დავაი ეხლა, შოკოლადს რო მოვიპარავთ მე მომეთ რა. ვერულიძეს ვაჩუქებ“. – წინადადება ჩამოაგდო შვანგირაძემ.

„ოუფ. რატო?“ – ვერ მიხვდა გიო.

„მევასება შეჩემა“. – მხრები აიჩეჩა სოსომ.

„მასე მე ვაჩუქებ თამთას…“ – ჩაერთო ლაპარაკში ნიკუშა.

„შენ და თამთა პრიჩომ?!“ – დაიძაბა გიო.

„მევასება შეჩემა…“ – სოსოს პაროდია გააკეთა ნიკუშამ.

 

გიო გაჩუმდა. სახე აუწითლდა, მერე დაიყვირა შე ნაბოზაროო და ნიკუშას წიხლი ამოარტყა. ნიკუშას სიმულანტი ფეხბურთელის ჩვევები ჰქონდა და ეგრევე გაგორდა ასფალტზე.

„შიგ ჰო არ გაქ, ე?“ – გამწარებულმა ამოსძახა ქვევიდან.

„ტრამვა არ მიიღოს ტო. რატო ჩაარტყი?“ – შვანგირაძემ ნიკუშა წამოაყენა.

„აბა თამთაო და… “ – ლუღლუღებდა დაბნეული გიო.

„მერე შენ რა გინდა, ბლიად?!“ – დაუყვირა ნიკუშამ.

„კაი იზვინი. არ მინდოდა. წამო წავიდეთ ლავაში დავითრიოთ“. – დანაშაულს ინანიებდა გიო.

„არ მინდა. წავედი სახლში“.

 

ნიკუშა სახლში წავიდა. სოსო და გიო მაღაზიაში. ხმას არცერთი არ იღებდა. მაღაზიას გვერდით თონე ჰქონდა. ბიჭები გამყიდველს ეუბნებოდნენ, ლავაში გვინდაო. სანამ ის ლავაშს გამოიტანდა, ესენი შოკოლადებს იყრიდნენ ჩანთაში. ოღონდ ცოტას, რომ არ დამწვარიყვნენ. ყველაზე მაგარი მომპარავი გიო იყო. გიო შოკოლადებს იმიტომ იპარავდა, რომ ექსტრემალური გასართობების დროს თავი პერსონაჟი ეგონა. წინა დღეს რამეს წაიკითხავდა, მეორე დღეს იმ რომანიდან ამორჩეულ რომელმე გმირს თამაშობდა. ფილმებზეც მასე ემართებოდა ხოლმე. პირველად მოდილიანი რომ ნახა, კლასში შევარდა და მაგიდაზე ახტა. მერე საიდანღაც ვარდი დააძრო, თამთას ცხვირი ცხვირთან მიუტანა და უჩურჩულა, ფაქტია, რო ხელოვნების მომავალი ქალშია განსხეულებულიო. მარა მოდილიანი კიდე ისეთი პონტი იყო… რაც ნაიარევ სახეს უყურა, იმის მერე აიკვიატა ტონი მონტანა ვარო. გიომ თავი ტონიდ გამოაცხადა და აკლდებოდა უბნის მაღაზიას შოკოლადები. ნიკუშა მენოლოდ მონათლა. შვანგირაძეს კი ანჯელოს ეძახდა და თან აშინებდა, ოდესმე კოლუმბიელები მოგკლავენ და მე ვერ გიშველიო.

 

„რა დაიადე, ე?“ – ჰკითხა შვანგირაძემ.

„სნიკერსი და ტვიქსი… დავაი, ლავაში სულ შენი იყოს, შოკოლადი სულ ჩემი“. – შესთავაზა გიომ.

„იდი ნახუი. მეც მინდა შოკოლადი“. – უარყო წინადადება სოსომ.

„კაი ჰო…“ – გიომ ტვიქსი გაუწოდა.

„თამთა შენც გევასება, ჰო?“ – ჰკითხა სოსომ.

„მერე?“

„კაი ვიდზეა, მარა, ინგლისურის მასწავლებელზე მაგარი ნაშა მაინც არაა… ძმაკაცს გოგოს პონტში არ უნდა დაარტყა“. – დაარიგა სოსომ.

„ნაშა რა შუაშია შეჩემა. ისეთ პონტში კი არ მევასება“. – ჩურჩულებდა გიო.

„ისე ინგლისურის მასწი არ დაიკერება რო რამე?“ – დაინტერესდა შვანგირაძე.

„შენ ვერ დაკერავ. მე კი. მარა არ მინდა“. – გაიბლატავა გიომ.

 

შვანგირაძის კორპუსისკენ მიდიოდნენ. სოსოს მკაცრი და სათვალიანი ბებია ჰყავდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომელზე მთავრდებოდა გაკვეთილები და თუ სოსო აგვიანებდა, ბებია საკმაოდ არასასიამოვნო რეჩით შემოიფარგლებოდა ხოლმე მის სახლში არსებული წესების შესახებ, რომლის დარღვევის უფლებაც ახლადწამოზრდილ ლაწირაკებს ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ. ამიტომ, ბებიაჩემმა თუ გვკითხა რატო დააგვიანეთო, უთხარი რო ფიზკულტურა გვქონდაო, არიგებდა გიოს სოსო. კორპუსთან ვზროსლები ისხდნენ და ჭამდნენ მზესუმზირას.

 

„ბიჯო, ე… მოდით აქა…“ – დაიძახა ერთ-ერთმა.

„გაუმარჯოს…“ – უთხრა გიომ.

„ზდაროვა. მე ვანო ვარ, ბრატცი“. – ხელი გაუწოდა ორივეს ვზროსლმა.

„გიცნობთ შორიდან“. – თქვა სოსომ.

„ჰოდა ძაან კაი. გიყურებთ და გულიანი ბავშვები ხართ. ჯიგრები. თამთას კლასში ხართ, სირაძის, ხო?“ – მხარზე დაადო ხელი გიოს ვანო ხრიკულმა.

„ჰო“. – ჩუმად თქვა გიომ.

„ვინმე ხო არ აწუხებს და რამე?“ – დასერიოზულდა ვანო.

„არა. ვინ უნა შეაწუხოს“. – ისევ ჩუმად ლაპარაკობდა გიო.

„ჯიგრები ხართ. თქვენი იმედი მექნება აწი. თუ რამე ნიტო, ეგრევე გამაგებინეთ“. – დაემშვიდობა ბიჭებს ხრიკული.

„ამას რაღა უნდა ტო…“ – ბუტბუტებდა სოსო.

„რავი მაგის დედაც მოვტყან“. – გამწარებული იყო გიო.

 

* * *

გიო ფეისბუქზე აზიარებდა ქვინის ფრენდს ვილ ბი ფრენდსს, რომ მერე ნიკუშა დაეთაგა და მასე შემოერიგებინა. კაი ხანი იწვალა, მარა ნიკუშა არ ითაგებოდა და გიო მიხვდა, ძმაკაცმა რომ მიაბლოკა. ფუ რა ქაჯიაო, გაიფიქრა, მაგრამ თან მაგრად ეწყინა. თავს დამნაშავედ გრძნობდა და სოსომ რო უთხრა იმაზე ფიქრობდა, გოგოს გამო ნიკუშას როგორ ვაფეთეო. ზოგადად სოსო შვანგირაძე დებილის იმიჯით სარგებლობდა კლასში, მაგრამ გიომ და ნიკუშამ იცოდნენ, მომენტებში იდეინი რო იჩითებოდა ხოლმე. მერე გიო ცოტა დაწყნარდა. ვნახავ ნიკუშას, ხელს გადავხვევ და შევრიგდებითო, იფიქრა. გადაშალა „სამი მუშკეტერი“ და კითხვა დაიწყო. იმ მომენტს კითხულობდა, დარტანიანს მილედის გათანგვა რო უნდა და ათოსი ეუბნება, ეგ ჩემი ნაშა იყოო. უფრო აერია რამსი. მიხვდა, ათოსივით დასტოინად უნდა მომეგვარებინაო. მერე ჭერში დაიწყო ყურება და წარმოიდგინა, რომ თამთა სირაძე კონსტანსია ბონასიე იყო და პარიზში ბანძი როჟები აეკიდნენ… კარდინალის ბანძი როჟები. ყველას ვანო ხრიკულის სახე ჰქონდა და შევალიე გიო დ’არტანიანი, ყველას ტრაკებს შპაგათი დაემუქრა.

მერე ფეისბუქზე ვიღაცამ გაზიარებული სიმღერა დაულაიქა. ვიღაცა კი არა, აეროსმიტის ფანი გოგო იყო. გიოზე სამი წლით დიდი. ლილიანი ეწერა ფეისბუქზე და გიოსაც ეგ უთხრა, სწორედაც რომ ლილიანი მქვიაო. გიო ფიქრობდა, ალბათ ლილე ქვიაო, მაგრამ ტვინს არ უბურღავდა. ამ ჩემ ფეხებს, რაც უნდა ის ერქვასო. ლილიანს ჰქონდა ლამაზი ქერა თმა, ნაღვლიანი თვალები და დიდი ტუჩები. ფოტოებში საოცრად უხდებოდა დახეული შავი შლაპა და შავი ჩრდილი თვალების გარშემო. ღამით, როცა გიო ლილიანს სწერდა ხოლმე, დარწმუნებული აღარ იყო, რომ თამთაზე ჰქონდა გარეკილი. უბრალოდ დილაობით, როცა სკოლაში მიდიოდა, თამთას ლაივში ხედავდა და ვიზუალური ეფექტები გონებას უფარჩაკებდა. საერთოდ კი, ლილიანი გაცილებით საინტერესო გოგონა იყო, ვიდრე თამთა, რადგან მასთან გიოს მუსიკაზე, ლიტერატურაზე და რენესანსის ეპოქის მხატვრებზე შეეძლო საუბარი. ლილიანი ოცნებობდა, რომ სტივენ ტაილერს გაეჟიმა. ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ გიომ იცოდა. აეროსმიტის გარდა სხვა ბენდების აზრზეც იყო და გიოსაც ძალიან ეხსნებოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დებილი კლასელები ვერასდროს ესაუბრებოდნენ იმეებზე, რაზეც გიო ფიქრობდა. საერთოდაც, გიო არ იმჩნევდა, მაგრამ საკმაოდ ტრამვირებული ბავშვი იყო. ისეთი რამეები აინტერესებდა, სხვებს რომ ქინძზე ეკიდათ. ამის გამო, ხანდახან იმაზე დიდი იდიოტის გათამაშება უწევდა, ვიდრე იყო, რადგან სხვანაირად შეუძლებელი ჩანდა თანატოლებთან ერთად გართობა. ამიტომ გიო გიჟდებოდა ლილიანზე, რომელსაც არასდროს გაესინჯა ნარკოტიკები, მაგრამ ძალიან მალე აუცილებლად გასინჯავდა, რადგან მისი საყვარელი რომანი ჩაშვებულ ამერიკელ მორფინისტზე იყო. გიო დიდი იდიოტი არ იყო, მაგრამ ცოტას მაინც წაუიდიოტებდა. ამიტომ ლილიანს სულ უხურებდა, ამერიკელები დაიკიდე და პროსპერ მერიმე წაიკითხეო. წლების შემდეგ, გაიზრდებოდა გიო და მიხვდებოდა ამერიკული რომანების მუღამსაც, რომელზეც დაცენტრილი და ლამაზი გოგონა ლილიანი ქიმავდა. მანამდე კი, იმითაც უბედნიერესი იყო, ლილიანი რომ ეუბნებოდა, რა ექსტრავაგანტული ბავშვი ხარ, ჩემო პატარავო.

ნიკუშას კი თამთას ხელები ჰქონდა ჩაბღუჯული და ხმას არ იღებდა. სკვერში მარტო ეგენი ისხდნენ და იღიმოდნენ დებილებივით. აკობიას გულში საოცრებები ხდებოდა, ვინაიდან ფაქტი იყო, თამთა მაგასთან ჩამოვიდა საბირჟაოდ და ყველაფერი სიყვარულის გოიმური ახსნების გარეშე გაიასნდა. როგორც უნდოდა, ისე ეფერებოდა თამთაჩოს გრძელ და გამხდარ თითებს, ის კი ხელს არ უშლიდა, ანუ უსწორდებოდა და დაბროს აძლევდა ნიკუშას. აკობიას ეგონა, რომ მისი ერთადერთი კონკურენტი გიო იყო. ფიქრობდა, გიოს კი ჩავხევ ასი წელი მსოფლიოს ყველა გოგოს თვალშიო და თამთაც გოგოაო.

მერე თამთას მამამ დაურეკა, მალე ამოენძერი სახლშიო. მამას ძალიან უყვარდა თამთაჩო, მაგრამ ლოთი და უხეში კაცი იყო. მკაცრად ექცეოდა თავის მზეთუნახავ გოგოს. მამა რომ ურეკავდა, თამთას თვალები უდიდდებოდა და რა კითხვაც არ უნდა დაესვა მამრ მშობელს, ეს მაინც კაი მაააო, პასუხობდა ჩქარ-ჩქარა.

„გშიაა?“

„კაი მააა…“

„პულტი სად დადე?“

„კაი მააა…“

 

წასვლის წინ ნიკუშამ ჰკითხა, თამთუ, ექსკურსიაზე ხო მოდიხარო. თამთა დაიბნა და მოწყენილმა უპასუხა, რავი, ვნახოთო. ნიკუშა მიხვდა, რომ თამთას ფული არ ჰქონდა. ეგრევე იფიქრა, ჩემს ფულს თამთას დავუდებო, მაგრამ მერე ისიც იფიქრა, თამთას თუ დავუდებ, მე ვეღარ წავალო და ეგრე გინდ ყოფილა თამთა იქ, გინდა არა, მე რააო?! ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცოტას დავჩალიჩდებიო. მარა თუ ვერ გავუჩითე, მეც თბილისში დავრჩებიო.

 

* * *

ნიკუშა დილის ცხრის ნახევრიდან თამთას კორპუსის წინ იცდიდა. მერე სირაძე სკოლისკენ რომ წავიდა, ნიკუშა ჯერ ნელა აეკიდა, მერე აუჩქარა და ბოლოს წამოეწია. აკობიას ეცვა დინამოს ლურჯი სპორტულები და მხარზე ეკიდა დინამოს ლურჯი ჩანთა. თამთამ, ვა, მომსდევდიო? ნიკუშამ რა მოგსდევდი, შემთხვევით დაგინახეო. თამთა ძალიან ლამაზად მიდიოდა სკოლაში. ცდილობდა, გუბეში არ ჩაეყო ახმეტელზე ნაყიდი ჩინური კედები. სკოლაში ასე მოდიხარო, უკვირდა თამთას. ნიკუშამ სკოლაში ვაბშემც არ მოვდივარ, თამაში მაქვს გორის დილასთან და დიღმის ბაზაზე გავდივარო. თან ამ წინადადებას ხაზი მაგრად გაუსვა. გაგებული ჰქონდა, ლამაზი გოგოები მოდებილოები არიანო და მოდებილო გოგოებს კიდე ფეხბურთელებზე ერხევათო. ისიც იცოდა, ფეხბურთელებს მოდელი ცოლები რომ ჰყავდათ. მამენტ შენი ნახვა ისედაც მინდოდაო, უთხრა ნიკუშამ. შენ ისედაც სულ ეგ გინდაო, ეშმაკურად გაუცინა თამთამ. ნიკუშას გაუტყდა, მიყვარხარ და რაღაცეები არ მითქვამს და ეს რა დღეშია, ნახეო. მერე ჩანთა გახსნა და ჯასტინ ბიბერის პლაკატი ამოიღო. თამთას მიაწოდა, შენთვის გავჩითეო. თამთამ აუ ძააან საყვარელი ხარო. მადლობაო, ისაო, ესაო, მაგრამ მე აზრზეც არ ვარ ეს ვინ არიო და ვაბშეტა, უან დირექშენის მოსმენა მიყვარსო. თამთა ერთხელ ემო ბიძაშვილმა ბარში წაიყვანა. ბარის ნაშობა ბიბერს აგინებდა, ეგ სიქაჯე ცვეტში როა, მაგრად ტეხავსო. იმის მერე თამთა ამბობდა ხოლმე, აუ ეგ ვაბშემც არ ვიცი ვინ არიო. თამთუ კაბა კედებზე მაგრა გიხდებაო, ვეღარ შეიკავა თავი ნიკუშამ. თამთას ეგონა დამცინისო და არ ესიამოვნა. მაგრამ მერე აკობიას გახშირებული სუნთქვა გაიგო და მიხვდა, ფეხბურთელი გულწრფელი რომ იყო. თამთას გაგებული ჰქონდა, ფეხბურთელები დებილები არიანო და დებილები კიდე გულწრფელებიო. სკოლას რომ მიუახლოვდა, მერე ეუბნება, აუ თამაში რო არ გქონდეს გაკოცებდიო, მარა რას იზამ, ბედი არ გაქვსო. ეხლა რო გაკოცო ვეღარ ითამაშებო. ვაბშე არ ვითამაშებ და ბუცებს ლურსმანზეც დავკიდებ, ოღონდ შენ მეზასავეო, უნდა წამოეყვირა ნიკუშას, მაგრამ თამთა სკოლაში შევიდა.

 

* * *

“დილით რვაზე ყველა უნდა ვიყოთ სკოლის წინ…“ – იძახდა დამრიგებელი.

„რვაზე ვერ ავდგები მას“. – წუწუნებდა სოსო შვანგირაძე.

„ოოო…. გაჩუმდით, რა, ძლივს ექსკურსია გვეღირსა“. – შეუღრინა ვერიკო ჩაჩუამ.

„შვანგირაძე რვაზე კი არა, შვიდზე უნდა ადგე, რომ რვაზე აქ იყო!“ – შეუსწორა მასწავლებელმა.

„მათემატიკაში სლაბი ვარ მასწ“. – ღლიცინებდა შვანგირაძე.

„არსებობს საგანი, რომელშიც მაგის თქმა არ შეგიძლია?“ – წაუსისინა მასწავლებელმაც.

„ქართული…“ – უპასუხა სოსომ.

„ქართულს კარგად სწავლობ?!“ – ირონიულად ჰკითხა დამრიგებელმა.

„რაღა სწავლა მინდა მასწ, ვიცი ისედაც“. – არ იბნეოდა შვანგირაძე.

„კიდევ ვინ მოდის აიწიეთ ხელი“. – კლასს გადახედა დამრიგებელმა.

„მეც მოვდივარ, მას“. – ხელი აიწია ნათია ვერულიძემ.

„აბა რას იზამ. იმდენი ფული გაქვს…“ – ფიქრობდა სათვალიანი მაია.

„უი, ნათი, მამიკოც ხომ წამოვა?“ – დატკბა მასწავლებელი.

„მამა ალბათ ვერ. დედა აუცილებლად“. – უპასუხა ნათიამ.

„აუ, მშობლები რა პონტია…“ – არ ესიამოვნა შვანგირაძეს.

„სოსო დაწყნარდი თორე გისვრი გარეთ“. – მაგიდას ხელი დაარტყა დამრიგებელმა.

„მეც ჩამწერეთ მასწ…“ – ნაზად წამოიწია მერხიდან თამთა სირაძე.

„ნეტა გაკვეთილებსაც ესეთი ენთუზიაზმით ესწრებოდე“. – ჩაილაპარაკა მასწავლებელმა.

„ანუ დიდი ავტობუსით მოგვიწევს წასვლა. აწი ყველა ბიჭი ხელს აიწევს…“ -ფიქრობდა სათვალიანი მაია.

„ფულს იქვე მოგცემთ მასწ“. – ჩუმად თქვა თამთამ. უტყდებოდა ხმამაღლა იმის თქმა, ჯერ არ მაქვსო.

„ვნახავთ გერგეტის სამებას, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს…“ – აგრძელებდა დამრიგებელი.

„ყანობში არ ავალთ, მასწ?!“ – გამოენთო გიო.

„ოჰ, ალაპარაკდა ჯააან ჭკვიანი“. – ფიქრობდა სათვალიანი მაია.

„ყანობი რა არის, ფარესაშვილო?“ – ბოლო მერხისკენ გაიხედა დამრიგებელმა.

„ხევისბერ გოჩაში ძიძია როა, ყანობელი იყო ეგა…“ – გამოიჭირა დამრიგებელი გიომ.

„ეხლა ვალენტობის გამოთვლა რომ გკითხო, ნეტავ ისიც ესე გეცოდინება?!“ – თვალი მოჭუტა დამრიგებელმა, რომელიც ქიმიის მასწავლებელიც იყო.

„ეგ არ ვიცი. არ მაინტერესებს თქვენი საგანი მასწ“. – თამამი ბიჭი იყო გიო.

„ჰოდა, რო ჩაგტოვებ ნახავ…“ – გაბრაზდა დამრიგებელი.

„რატო ჩამტოვებთ? ისტორია ვიცი ზატო.“ – არ ჩერდებოდა გიო.

„რამდენს ტლიკინებ?! გადი გარეთ!“ – დამრიგებელმა კარისკენ მიუთითა გიოს.

გიო წამოდგა. გასვლის წინ სათვალიან მაიასთან ჩაიმუხლა.

„რომელი ფილმი გიყვარს მაი?“ – ჰკითხა გიომ.

„რავი… ყველა.“ – შეცბა მაია.

„ჰაჰაჰაჰაჰაჰაა…. ამას არ ტოვებთ კლასში, ხო, მას?! მენდელეევის რაღაც იცის ზატო და რატო ჩატოვებთ…“ – ხარხარებდა გიო.

 

* * *

თბილისის გარეუბნებში მხოლოდ ტრადიციულ ქართულ ტაძრებს შეხვდებით, რომლებსაც ისეთივე გუმბათები აქვთ, როგორიც ტაძრებს თბილისის ცენტრალური უბნებიდან. ანუ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რელიგიური არქიტექტურის თვალსაზრისით, თბილისის გარეუბნები არაფერს გვთავაზობენ ახალს და დასავლურს, როგორიც, როგორც წესი, ახლის სინონიმია ხოლმე. ამავდროულად, თბილისის გარეუბნებში არ არის მუზეუმები და ძველებური თეატრები. არის ახმეტელის თეატრი, თუმცა ახმეტელის თეატრი სხვა გარეუბანშია და იმ გარეუბანში რომელზეც მე გიამბობთ, არც თეატრი არ არის. კაცი იფიქრებს, არაფერია ამ გარეუბნებში ისეთი, ხაზი რომ გაუსვას მის ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ მნიშვნელობასო… იმასაც იფიქრებს, ამ გარეუბნებში თავს მხოლოდ ობმოდებული კრიმინალური სუბკულტურების დიდებული ცოდნით იწონებენ და კიდევ ამიტომ არიან ასეთი უსუსურებიო. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ამ გარეუბნებში არის სკოლები და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სამოციან წლებში აშენდა და სამოციანი წლებიდან უკვე სამოცი წელია გასული.

და არის სკოლა, როგორც კომუნისტური გოთიკის გოროზი ნიმუში, თავისი არაერთი ორეულის გვერდიგვერდ.

სკოლა კომუნისტური გოთიკის ნიმუშია, რადგან კრიშაზე აქვს უცნაური შვერილები და ამას აუცილებლად დაგიმტკიცებდით, ამ სკოლის თავზე კვლავაც რომ იდგეს ის ძველი კრიშა, რომელიც გახლდათ სიმბოლო კომუნისტური გოთიკისა.

თუმცა მთავარია არა სკოლა, არამედ მისი უკანა ეზო. როგორც ალაგი გაცნობისა, დავიწყებისა, სიყვარულისა, სიძულვილისა, შერიგებისა, გაურკვევლობისა, გარკვევისა, ანდაც უბრალოდ, სასიამოვნო საუბრისა. უკანა ეზო, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა ამინდს გარეუბნებში, როგორც ახალგაზრდობის, ანუ უბნის სისხლის ჯანსაღი მიმოქცევის, კომუნიკაციის ალაგი და გარანტი. სწორედ რომ უკანა ეზოს ფუნქცია და იქ შექმნილი აურა თუ დაბადებული საუბრები ქმნიდნენ გარეუბნის ისტორიულ-კულტურულ-სოციალური მნიშვნელობის შემადგენელ ქეისებს, რომლებიც არასდროს იყინებოდა და კვლავაც აგრძელებდა სიცოცხლე-განვითარებას, მიუხედავად სოციალური ქსელის გამოგონებისა.

სკოლის უკანა ეზო, რომელშიც უტრაკებდა პირველკურსელი ლადო ვეშაგური მეთორმეტეკლასელ ვანო ხრიკულს, ბავშვებს შეეშვიო, ბიჭოო. ვანომ რას მიედ-მოედებიო, რა ბავშვებიო… თავს ნუ იდებილებო, არ ჩერდებოდა ვეშაგური. ერთმანეთი უყვართო მეათე კლასში არიანო და ვზროსლი რო ერევი ურთიერთობაში ეგ არასწორიცაა და არასამართლიანიცო. შეიძლება იმ პატარა ბიჭს შენი შეეშინდეს და მაგის გამო შენ ნამდვილი გრძნობა მოკლაო. მერე მიხვდა ხრიკული, უეჭველად თამთას ბაზარიაო. შენ საიდან იცი საერთოდო ეგ ამბებიო? – შეეკითხა ვეშაგურს. მე საიდან ვიციო, მაგას მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ დასამალი რა არიო, ერთმა ჩემმა პატარა ძმამ გამანდოო, რო მის უახლოეს ძმაკაცსო, ეგ თამთა უყვარსო. თამთასაც უყვარს ძმაკაცი და შენ ეჩრები, მურმანის ეკლადო ჩემო ძმაკაცოო. აწიოკებ ბავშვებსო და ეგრე არ მოსულაო. ხრიკული უკან არ იხევდა და თავსაც კარგად იცავდა, ჩემი დაწიოკებული იქ კაციშვილი არ არისო და პირზე დამაყენე ვინც გინდაო. აი, თამთას ვინ უყვარს, ეგ კიდე საკითხავიაო. წინა კვირაში ვისთან ერთად სეირნობდა და ვის ეფერებოდა ჯერ ეგ გაარკვიეო და მერე მოდი ჩემთან მაგ სიტყვებით, რო თამთას მაგ შენი ძამიკოს ძმაკაცი უყვარსო. ვეშაგურმა, შენი მანქანის ხათრით გოგო კი არა, მეც წამოგყვები სასეირნოდო. ჰოდა, ნუ იყენებ მაგ შენს მატერიალურ უპირატესობებს, თორე მერე შენვე ინანებო. იმიტო რო მიხვდები, კი არ უყვარხარ, პუტანკასავით გხმარობსო და გეწყინებაო. მე ჩემი გითხარიო და ისიც იცოდე, იმ ბავშვებს ვერავინ ვერასდროს ვერ დაჩაგრავსო. ხრიკულმა ხელი ჩამოართვა ვეშაგურს და ბოლოს მაინც უთხრა, თამთას გული საითაც და რისკენაც გაუწევს, ისე იქნება ეგ ამბავიო. პატივისცემა ჰქონდა ხრიკულს ვეშაგურის, მაგრამ თამთასთან ზასაობა ყველა პატივისცემაზე მეტად ეძვირფასებოდა.

 

* * *

დილის შვიდზე ძმაკაცები, გიო, ნიკუშა და შვანგირაძე უკვე უბანში იდგნენ. შვანგირაძემ ჩანთა გახსნა და ჭაჭა ამოიღო, ეს მომაქვს ექსკურსიაზეო. ბაბუაჩემმა იჩალიჩა კრიშაზე ორი კვირის წინო. სოსომ ბოთლი შეაჯანჯღარა და მოიყუდა, უნდა გავსინჯოო. გიომ, მოიტა, მეც მინდაო და მერე ხველება აუტყდა. შვანგირაძის ბაბუას შევეციო, გაიფიქრა. ნიკუშამ, მე არ დავლევ, მარშუტკაში აბრატკას მომცემსო. გიომ ნიკუშას ჰკითხა, ორი-სამი ღერი ხო გამიძრეო, მაგრამ აკობია ხმას არ სცემდა. არაფერი არ უთქვამს, მაგრამ აგრძნობინებდა, დობრად დაგშორდიო. გული ჰქონდა ნატკენი, გიომ ეგრევე რომ დაიკიდა ყველაფერი და ცემა დაუწყო. მერე კი იძახდა ბოდიშიო, მაგრამ ეგ ფეხებზე ეკიდა ნიკუშას. ამიტომ ხმასაც არ სცემდა ფარესაშვილს და მარტო შვანგირაძესთან ლაპარაკობდა.

სკოლის წინ ყველაზე ადრე მივიდნენ, რომ ბოლო სკამები დაეთრიათ. მასწავლებელს გაუხარდა, მარტო აღარ ვიდგებიო, მაგრამ ბიჭები ეგრევე მარშუტკაში ავიდნენ და მასწავლებელი ისევ მარტო იდგა. მერე ნათია ვერულიძე და დედამისი მოვიდნენ. ნათიას ვარდისფერი კურტკა ეცვა და ზონტიკიც ვარდისფერი ეჭირა. ზონტიკი რად უნდოდა არ ვიცი, საერთოდ არ წვიმდა. ნათიამ მარშუტკაში თავი შეყო და ბიჭებს ხელი დაუქნია. ნათია მარტო გიოს უყურებდა. აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ გიოს წაეთვლიმა და გოგონას მისალმებაზე გრძნობისმიერი რეაქცია მხოლოდ სოსო შვანგირაძეს ჰქონდა.

ვეკო ჩაჩუაც პირდაპირ მარშუტკაში ამოვიდა და ბიჭები სათითაოდ გადაკოცნა. ვეკოს ყოველთვის ბევრი ტონალური ესვა  ხოლმე და სახეზე წაუსვა ტიპებს. ფიქრობდა ხოლმე, რა კაია თამთას ფული რომ არ აქვს და ვერ ყიდულობს, ტონალურის ქონაში მაინც ვჯობივარო. ვითომ ძაან ისე და ვითომ ფეხებზე ჰკიდიაო, ნიკუშამ ვეკოს ჰკითხა, თამთა რა უყავიო? ვერიკომ ცივად მიახალა, მოვაო. გიომ ცალი თვალი გაახილა და მერე ისევ დახუჭა, თამთას მოუსვლელობაზე ძაან ის აწუხებდა, ნიკუშა რო არ ელაპარაკებოდა. ამდენი ხანი მაშინ არ მეროჟებოდა, მერხის ქვეშ ნეხვი რო შევუზილე და მერე თეთრი საროჩკა რო უყარდაო.

დიდი ხნის მოსული იყო სათვალიანი მაიაც, მაგრამ ბავშვებთან არ ადიოდა. მასწავლებელთან დგომა ერჩია.

შვანგირაძემ დაიყვირა, წავედით ბლინ, დაღამდაო. ნიკუშამ გვერდიდან ფერდში ჩაარტყა ეგრევე, სად წავედით თამთა არ მოსულაო.

ოოოჰ, აგერ სირაძეც მოდისო, მასწავლებლის ხმა გაიგეს ბიჭებმა. ნიკუშას სუნთქვა გაუხშირდა. გიომ თვალები გაახილა და მერე ისევ დახუჭა. შვანგირაძემ გვეშველა, დედააფეთქებულიო. თამთაც ეგრევე მარშუტკაში ამოვიდა. ბიჭებს გაუღიმა და წინ, მარცხენა ფანჯრის მხარეს დაჯდა. მოკლე ფრიალა შავი კაბა ეცვა და მოტმასნილი ტყავის კურტკა. შვანგირაძეს ნერწყვი მოადგა, მაგრამ არ იმჩნევდა, გიოც მცემს და ნიკუშაცო, ფიქრობდა. მასწავლებელს ვიღაცა ტიპმა ორმოცი ლარი მისცა და მერე ის ტიპიც ამოვიდა. იმ ტიპს დანარჩენი ეკიპაჟიც ამოჰყვა და მარშუტკა მოიქოქა. გიომ, ამას რაღა უნდა აქაო და თვალები ისევ დახუჭა. ვანო ხრიკული უკან წავიდა და ზდაროვა ბიჭობაო, ჩამოუარა სამეულს, გადაკოცნა ძმაკაცებივით. თამთა სირაძე ძალიან ამაყი ჩანდა, გოგოებს რომ აჩვენა, ფული ბიჭმა გადამიხადაო. ვერიკო ჩაჩუა წამოდგა და თამთას გვერდით დასაჯდომად გაემართა, მაგრამ ვანომ გააჩერა, თქვენის ნებართვით, მე ეგ ადგილი ჩემთვის დავაზანიატეო. მარშუტკა დაიძრა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რომლის იქითაც არის ქალაქი მცხეთა, მერე მთიანეთი და სულ ბოლოს ყაზბეგი.

ვანო ხრიკული დემონსტრაციულად ეხუტებოდა თამთას. გოგონას ძალიანაც არ სიამოვნებდა ეს სიახლოვე, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. შვანგირაძემ საიდანღაც ის დანა გამოაცურა, შვეიცარიის დროშა რომ ახატია და გიოს დაანახა, ხო არ იმასგვექნა ეს ახვარიო… გიომ თვალებით ანიშნა, ეხლა აი, ეგ რო ნიკუშამ დაინახოს, სახსნელის ნაწილით გაგიკეთებ საკუარშიო. არ უნდოდა ფარესაშვილს, ძმაკაცი რომ გაშარულიყო. მარა ნიკუშა ვერაფერს დაინახავდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ტექნიკურად ცდილობდა ცრემლების მოწმენდას. ეგონა, რომ ეხლა ატირებულსაც თუ დაინახავდნენ, მსოფლიოში ყველა მაგას დასცინებდა. თამთამ ვანო ვეღარ მოიგერია და ყველას თვალწინ იყო ზასი, თავის ენის ჩაყოფით და ამბებით. მასწავლებელს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გაიფიქრა, ვიცოდი რო ეს ბალღი ჩათლახი იყოო. ნიკუშამ წამოიყვირა, დავაი გააჩერეო. მძღოლმა ვერ გაიგო და ამან გააჩერე ბოზიშვილი ვიყოო. მარუშტკა ჯერ კიდევ თბილისში იყო. ზაჰესის და მცხეთის საზღვართან ახლოს. მასწავლებელმა იფიქრა, ალბათ მგზავრობას ვერ იტანს, გული ერევაო და მიდი ნიკუშ, ამოიღეო, ეუბნებოდა. მე კი არა, შენ ამოიღეო, ნიკუშამ, აღარ მოვდივარო. დაბნეულმა მასწავლებელმა ოცლარიანი უხეშად ამოაძრო დასტიდან და აკობიას მიუგდო გაბრაზებულმა. გიო გამოვარდა, მეც ვრჩებიო, მაიტაო, მაასწო. დამრიგებელს ფერი ჰქონდა დაკარგული. მის დასტაში დარჩენილი ფული მძღოლის ასაღებ ჰონორარზე ცოტა იყო. თავისი ჯიბიდან დამატება უწევდა და დიდი სიამოვნებით გაიგდებდა კლასის პოპულარულ ბიჭბუჭებს, ერთად რომ მოინდომეს ფულის უკან დაბრუნება.

 

„შენ სადღა მოდიხარ?“ – ჰკითხა ნამტირალევმა ნიკუშამ გიოს.

„ეგ მაყუთი გჭირდება რამეში?“ – კითხვაზე კითხვით უპასუზა გიომ.

„მაიცა რა…“ – ფეხებზე ეკიდა ნიკუშას ფული.

„წამო, ლილიანს მივწერ და დავლიოთ სადმე“.

„აუ, შემეშვი რა!“ – სახე მიატრიალა ნიკუშამ.

„აუ, ნუ მეროჟები ბიჭო. მაგრა მკიდია ეგ შენი თამთა!“ – დაუღრიალა გიომ.

„ლილიანი ვინ არი?“ – დაიკერა ნიკუშა.

„ხურდა ხომ არ მოგცეთ, გზის ფული გაააქვთ?!“ – ღლიცინებდა დაქოქილი მარშუტკიდან სათვალიანი მაია.

„იდი ნახუი, მაი…“ – დაუძახა გიომ.

 

© არილი

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share