Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ აშენდა ბარსელონა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გოტიკური კვარტალი, ანტონიო გაუდის არქიტექტურული შედევრები და ლამაზი პორტები ბარსელონას ყველასთვის მიმზიდველ ქალაქად აქცევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმზიდველობამდე ქალაქმა საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გაიარა.

მიჩნეულია, რომ ბარსელონას ქალაქისთვის საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს. აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით კოლზეროლას მთები, ჩრდილოეთით მდინარე ბესუსი, სამხრეთ-დასავლეთით კი მდინარე ლლობრეგატი – ეს იყო მკაფიოდ შემოსაზღვრული, ადვილად დასაცავი ტერიტორია. ქალაქის წარმოშობასთან დაკავშირებულ ისტორიულ ცნობებს რომაელებთან მივყავართ. ისინი ამ მხარეში ძველი წელთაღრიცხვით 15 წელს დასახლდნენ და პირველ საუკუნეში (ძველი წელთაღრიცხვით) ქალაქი ბარჩინო ააშენეს. ეს იყო პატარა, ქვის კედლით გარშემორტყმული ტერიტორია რომაელებისთვის დამახასიათებელი პერპენდიკულარული ქუჩების ქსელით.

ამ მოკრძალებული დასაწყისის მიუხედავად, თავიდანვე გამოიკვეთა ორი მახასიათებელი, რამაც ბარსელონას შემდგომი განვითარების ბედი განსაზღვრა.

უპირველეს ყოვლისა, ეს ქალაქის საზღვრებია. ბარსელონა „დაიბადა“ და შემდეგ მუდმივად დარჩა შეზღუდული საზღვრების მქონე, მჭიდრო ქალაქად. ჯერ კედლებმა, შემდეგ კი გეოგრაფიულმა საზღვრებმა მისი არეალი გამოძერწა და იქ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა.

ბარსელონას დაბადებაUnsplash

მეორეც – ქალაქის განვითარების ყოველი ეტაპი იყო ნაფიქრი და გააზრებული. ბარსელონას ისტორიაში დაუგეგმავი ზრდის ძალიან ცოტა შემთხვევებია. ბევრი ახალი ქალაქისგან განსხვავებით, ის დიდ სივრცეში არ გაშლილა. ზრდის ყოველი ახალი ეტაპი მიზანმიმართულად იწყებოდა. ყოველთვის იყო გეგმა.

მართალია, ბარსელონა საუკუნეების განმავლობაში გარდაიქმნებოდა, თუმცა, ძირითად დამგეგმავად არქიტექტორი ილდეფონს სერდა მიიჩნევა. ის დღემდე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ურბანისტად მოიაზრება. მისი გეგმა ქალაქის გაფართოებასთან დაკავშირებით ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ 1855 წელს დაამტკიცა.

სერდა აქტიურად ჩაერთო ქალაქის დაგეგმვის ყველა ეტაპზე, შეიმუშავა რუკები და გააანალიზა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხები. სურდა დარწმუნებულიყო, რომ ქალაქის თითოეულ მოსახლეს ექნებოდა საკმარისი წყალი, სუფთა ჰაერი, მზის სხივები, სივრცე და ვენტილაცია. სერდას საცხოვრებელი ბლოკები მიმართული იყო ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინათ მზის სხივები და დღის განათება.

ბარსელონას ქალაქის გეგმაUnsplash

მისი გეგმა მაშინაც და დღესაც ქალაქის თანასწორობის იდეალურ ვერსიად მიიჩნევა. თითოეული ბლოკი (მანზანა) უნდა აშენებულიყო იდენტური პროპორციით, სიმაღლით, დაშორებითა და მწვანე სივრცის გათვალისწინებით. პირველი სართულები სავაჭრო სივრცეებად განისაზღვრა. ბურჟუაზია (კატეგორია, რომელიც აქამდე ქალაქის განაპირა სასახლეებში ცხოვრობდა) იცხოვრებდა ამ სივრცის თავზე, ხოლო მუშები ზედა სართულებზე გადანაწილდებოდნენ. ამგვარად, ყველა ერთად გაიზიარებდა ერთსა და იმავე ქუჩებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს, დაექვემდებარებოდნენ ერთსა და იმავე სანიტარულ პირობებს.

ქალაქის ძველი ნაწილისა და ორი დიაგონალური გამზირის გარდა, ბარსელონას იერსახე სწორხაზოვანმა, ერთნაირმა შენობებმა განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ სერდას „მანზანები“ მათი ერთგვაროვნების გამო გააკრიტიკეს (და აკრიტიკებენ), ურბანისტი მიიჩნევდა, რომ რეგულარული ქსელი ნავიგაციისთვის მარტივია. ერთნაირი ქუჩები კი ფეხით გადაადგილებისთვის კომფორტულია.

სერდას გეგმით, საავადმყოფოები, პარკები და მოედნები თანაბრად უნდა განლაგებულიყო მთელ ქალაქში, რათა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მისმა გეგმამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ბარსელონას, შემდგომმა მოვლენებმა კი ქალაქი გლობალურ ტურისტულ მიმართულებად აქცია.

1888 წელს ბარსელონაში (იმ დროისთვის 450 000 ადამიანი ცხოვრობდა) არქიტექტურული გამოფენა გაიმართა. ღონისძიებამ ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ განახლებას დაუდო სათავე. განახლდა კანალიზაციისა და წყლის სისტემები და დაიწყო მოდერნიზმის არქიტექტურული ხანა. აშენდა რამდენიმე გრანდიოზული შენობა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ანტონიო გაუდის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლითაც ცნობილია ბარსელონა.

ანტონიო გაუდიUnsplash

შემდგომი დიდი ტრანსფორმაცია 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. თამაშებისთვის მომზადების სტრატეგია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ურბანისტები მას დღემდე სწავლობენ. ბარსელონამ მთელი ქალაქის მასშტაბით ახალი ინვესტიციები განახორციელა, განაახლა და შექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რაც ღონისძიების მოთხოვნებს ბევრად წინ უსწრებდა.

აღნიშვნის ღირსია პობლენუს ზღვისპირა რაიონი, რომელიც ჩამოშლილი სამრეწველო შენობებით იყო დაფარული. ნანგრევები ოლიმპიური სოფლითა და თანამედროვე რეზიდენციებით ჩაანაცვლეს, რომლებიც შემდეგ საცხოვრებელ სახლებად იქცა. ბარსელონეტას პლაჟი პობლენუს რაიონის მიღმაც გაიშალა, განახლდა სანაპირო ზოლი და აშენდა ახალი პორტი ოლიმპიკი.

1992 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ბარსელონა სრულად თანამედროვე გლობალურ ქალაქად და ძალიან პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცა.

ოლიმპიური თამაშებიUnsplash

1999 წელს ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და სამეფო ოქროს მედლით არა არქიტექტურა და ინდივიდუალური არქიტექტორი, არამედ ქალაქი დააჯილდოვა. ბარსელონამ ოქროს მედალი თავისი „ამბიციური, მაგრამ პრაგმატული ურბანული სტრატეგიისთვის“ მიიღო. იმ სტრატეგიისთვის, რომელმაც „გარდაქმნა ქალაქის საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღადგინა ეკონომიკა. შედეგად, ქალაქი სიამაყით აღავსებს მის მცხოვრებლებს და აღაფრთოვანებს ტურისტებს“.

The post როგორ აშენდა ბარსელონა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share