Jump to content
×
×
  • Create New...

ევრიპიდე – ჰერაკლესი


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/06/herakle.jpg

 

(ძვ.წ. 416 წ.)

 

ძველი ბერზნულიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა

 

         ტრაგედია „ჰერაკლესი“ (ძვ. ბერძნ. Ἡρακλῆς μαινόμενος, „შეშლილი ჰერაკლესი“, ასევე ცნობილი ლათინურად Hercules Furens) დაიდგა ქალაქის დიონისიებზე ძვ.წ. 416 წ. ესაა ევრიპიდეს ჩვენამდე მიღწეული მეორე ტრაგედია ჰერაკლესის მითოსიდან. პირველი იყო „ჰერაკლესის შვილები“ (ძვ. ბერძნ. Ἡρακλεῖδαι, „ჰერაკლეიდესები“), რომელიც დაიდგა ძვ.წ. 430 წ.

            ჰერაკლესი ათენის სცენის იშვიათი სტუმარი იყო, თუმცა მისი ლეგენდარული ბიოგრაფიის ცალკეული ეპიზოდები საკმაოდ კარგად იყო დამუშავებული ჰომეროსის შემდგომ ეპოსსა და საგუნდო ლირიკაში. ამ ჟანრებში უკვე ცნობილი ყოფილა ჰერაკლესის მიერ ადრეულ ახალგაზრდობაში სიგიჟის მოვლენისას მეგარასგან შობილი ბავშვების დახოცვის ამბავი, რაზეც ჩვენამდე მხოლოდ ირიბი ცნობებია შემორჩენილი. ამ მოვლენის ჰერაკლესის ცხოვრების ბოლოსკენ გადატანა, ისევე როგორც ეპიზოდი ლიკოსის მონაწილეობით და, რაც მთავარია, თესევსის ჩარევა, მთლიანად ევრიპიდეს მიერ შემოტანილ სიახლეებს მიეკუთვნება.

 

მოქმედი პირები

 

ჰერაკლე (გმირი, ზევსის ძე)

 

ამფიტრიონი (ალკმენეს მეუღლე, ჰერაკლესის მოკვდავი მამა)

 

მეგარა (ჰერაკლესის მეუღლე)

 

ლიკოსი (‘მგელი’ ბერძნულად, თებეს ტახტის უზურპატორი)

 

თესევსი (ათენის მეფე)

 

ირისი (ჰერას მოახლე)

 

ლისა (სიგიჟის ქალღმერთი)

 

გუნდი (თებეს მოხუცებისგან შემდგარი)

 

ორი შეიარაღებული მცველი (უსიტყვო)

 

მაცნე

 

ჰერაკლესის სამი შვილი (უსიტყვო)

 

პროლოგოსი

 

თებეში ჰერაკლესის სასახლის წინ. ახლოს დგას ზევსის საკურთხეველი, რომლის საფეხურებზეც ახლა სხედან ამფიტრიონი, მეგარა და მისი სამი შვილი ჰერაკლესისგან.

ისინი საკურთხეველთან ითხოვენ თავშესაფარს.

 

ამფიტრიონი. რომელი მოკვდავი არ იცნობს ამფიტრიონს, რომელსაც ზევსის საზიარო ცოლი ჰყავდა? არგოსელ[1] ამფიტრიონს, რომელიც პერსევსის[2] ძე ალკეოსმა[3] შვა, ჰერაკლესის მამას? იგი ხომ აქ, თებეში ცხოვრობდა; აქ დათესილი[4] დრაკონის კბილებიდან აღმოცენდა მოსავალი – მიწის შობილი გოლიათები, რომელთა მოდგმი­დან არესმა გადაარჩინა მცირე რიცხვი; მათი შვილთა შვილები ასახლებენ ახლა კადმოსის ქალაქს. ამის შემდეგ იშვა კრეონი, მენეკევსის ძე, ამ მიწის მეფე. კრეონი კი ამ მეგარას მამა გახდა, [10] რომელსაც ოდესღაც მთელი კადმოსური მოდგმა სალამურის  მუსიკის თანხლებით მოჰყვა ქორწილში, როდესაც სახელგანთქმულმა ჰერაკლესმა იგი ჩემს სასახლეში მოიყვანა. დატოვა თებე, სადაც მე ვცხოვრობდი, მიატოვა მეგარა და მოყვრები ჩემმა შვილმა და მოწადინებულია, ბინა დაიდოს არგოლისში, გალავნიან ქალაქში, რომელიც კიკლოპებმა ააგეს[5], რომლისგანაც მე გამოვიქეცი ელექტრიონის[6] მკვლელობის გამო. ჩემი გასაჭირის შესამსუბუქებლად და თავის მიწაზე დასასახლებლად დაჰპირდა ევრისთევსს[7] დიდი საზღაურის გადახდას. [20] რომ გაათავისუფლებდა მიწას ველური ურჩხულებისგან, ან ჰერამ აიძულა და დამორჩილდა ან მისი ბედი იყო ეს. სხვა გმირობებიც ჩაიდინა, უკანასკნელად კი ტენარონის[8] პირის გავლით ჩავიდა ჰადესში, სამსხეულიანი ძაღლის მზის სინათლეზე ამოსაყვანად, წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. არსებობს ძველი გადმოცემა კადმოსელებში, რომ ვინმე ლიკოსი ოდესღაც იყო დირკეს მეუღლე და ამ შვიდკოშკიანი ქალაქის მბრძანებელი, სანამ თეთრცხენებიანი ამფიონი და ძეთოსი, ზევსის შვილები, [30] არ გამეფდებოდნენ ამ მიწაზე. მისმა ვაჟმა, რომელსაც მამამისის სახელი ჰქონდა, რომელიც კადმოსელი არ იყო, არამედ ევბეადან ჩამოსული უცხოელი იყო, მოკლა კრეონი და ამის შემდეგ ხელში აიღო ძალაუფლება, ისარგებლა სამოქალაქო უთანხმოებით და თავს დაეცა ქალაქს[9]. ჩვენთვის ეს კავშირი, რომელიც კრეონთან გვქონდა, როგორც ჩანს, უდიდესი უბედურების საფუძველი გახდა. რადგან ახლა ჩემი შვილი არის დედამიწის წიაღში, ეს ახალი ბატონი ამ ქვეყნისა, ლიკოსი, აპირებს დახოცოს ჰერაკლესის შვილები, [40] რომ მოიკლას სისხლის წყურვილი სხვა მკვლელობით, სურს მისი მეუღლის მოკვლა და ჩემიც – თუ საჭიროა ჩემი ჩათვლაც ადამიანებში, როცა უსარგებლო ბერიკაცი ვარ – ეშინია, რომ ოდესმე, ეს ბავშვები რომ დაკაცდებიან, პასუხს მოთხოვენ მათი დედის მხრიდან წინაპრის სისხლისთვის. ამრიგად, მე აქ დამტოვა ჩემმა შვილმა, სანამ თვითონ მიწის შავ წყვდიადში არის ჩასული, რომ მოვუარო და დავიცვა მისი შვილები მის სახლში; მე მათ დედასთან ვზივარ, რომ ჰერაკლესის მოდგმა არ გადაშენდეს, მხსნელი ზევსის საკურთხეველთან, რომელიც ჩემმა კეთილშობილმა შვილმა ააგო [50] მინიებზე[10] მისი შუბის ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად. და აქ გვიკავია ეს საფეხურები, გვაკლია ყველაფერი: საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, პირდაპირ მიწაზე ვართ დაყრილები, რადგან სახლიდან ვართ გამოძევებული და აქ ვსხედვართ სასოწარკვეთილები. მეგობართაგან აშკარად ვხედავ, რომ ზოგიერთები არ არიან მეგობრები; ვინც არიან, იმათ დახმარება არ შეუძლიათ. აი, რას ნიშნავს ადამიანისთვის განსაცდელი: ნეტავ არასოდეს ნახონ იმათ, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა, თუმცა მეგობრობის გამოცდა მხოლოდ განსაცდელს შეუძლია.

 

მეგარა. [60] მოხუცო, რომელმაც ოდესღაც ტაფოსელების ქალაქი[11] აიღე, უხელმძღვანელე კადმოსელების ლაშქარს და დიდება მოუტანე მას, ღმერთების ადამიანებისადმი განწყობა არასოდესაა მყარი! რადგან მე, მამაჩემთან დაკავშირებით, ბედს არ ვუჩიოდი, სიმდიდრის გამო ხომ ოდესღაც დიდკაცად ითვლებოდა, ჰქონდა სამეფო ძალაუფლება. გრძელი შუბები აღიმართნენ მის წინააღმდეგ; კეთილდღეობას მოწყურებულები ასე ექცევიან წარმატებულებს. შვილებიც ჰყავდა და შენს შვილს გამაყოლა, დამაქორწინა სახელოვანი ქორწინებით ჰერაკლესთან. და ახლა ეს ყველაფერი მოკვდა და გაქრა, [70] მე და შენაც სიკვდილი გველის, მოხუცო, და ჰერაკლესის ამ შვილებსაც, რომლებიც ფრთებქვეშ მყავს ჩიტის ბარტყებივით შეყუჟული. მეკითხება ხან ერთი, ხან მეორე: „დედა, სად არის მამაჩვენი, რომელ მიწაზე? რას აკეთებს? როდის დაბრუნდება?“ ბავშვური გულუბრყვილობით ეძებენ მშობელს. მე გადამაქვს მათი ყურადღება და ამბებს ვიგონებ. სულ მგონია, რომ ისაა, როდესაც კარი გაიჭრიალებს; ესენიც წამოიშლებიან, რომ მამას მუხლებზე მოხვიონ ხელი. [80] ახლა კი რა იმედი და გადარჩენის რა გზა გესახება, მოხუცო? რადგან შენზე ვარ მონდობილი. ჩვენ ვერ გადავკვეთთ ქვეყნის საზღვრებს საიდუმლოდ – ყველა გასასვლელს ჩვენზე ძლიერი მცველები დარაჯობენ. და არც იმის იმედი გაგვაჩნია, რომ მეგობრები გადაგვარჩე­ნენ. რას ფიქრობ? გამოგვიცხადე. მზად უნდა შევხვდეთ გარდაუვალ სიკვდილს.

 

ამფიტრიონი. ჩემო შვილო, არ არის იოლი ასეთ საქმეზე გააზრების გარეშე მნიშვნელოვანი რჩევის მოცემა, მაგრამ შეგვიძლია გავწელოთ დრო, რაკი უძლურნი ვართ.

მეგარა. [90] ტანჯვა გაკლია, თუ სიცოცხლე გიყვარს ასე?

ამფიტრიონი. ესეც მახარებს და იმედიც მიყვარს.

მეგარა. მეც; მაგრამ შეუძლებლის არ უნდა გჯეროდეს, მოხუცო.

ამფიტრიონი. ამ დაგვიანებაში უბედურების ერთი წამალი არსებობს.

მეგარა. მაგრამ მის მოსვლამდე მწვავე ტკივილი მკბენს.

ამფიტრიონი. ჩემო შვილო, შეიძლება ბედნიერი გამოსავალი მოიძებნოს ახლანდელი გასაჭირიდან ჩემთვის და შენთვის; ჩემი ვაჟი, შენი მეუღლე, შეიძლება ჩამოვიდეს. მაშ, დამშვიდდი, გაუმშრალე ცრემლები შენს შვილებს და დააწყნარე ისინი ნაზი სიტყვებით, [100] გამოგონილი ამბებით მოატყუე, საბრალო ცბიერებით. სუსტდება ხოლმე ადამიანის უბედურება და ქარის დაბერვასაც ყოველთვის არ გააჩნია ძალა; და ბედნიერებიც დასასრულამდე ბედნიერები არ არიან; რადგან ყველაფერი იცვლება, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. მამაცი კაცი ყოველთვის იმედიანადაა, სასოწარკვეთა ლაჩრობის ნიშანია.

 

პაროდოსი

შემოდის მოხუც თებელთა გუნდი.

 

გუნდი

სტროფი

 

მაღალჭერიანი სასახლისკენ, მოხუცის საწოლისკენ, ჯოხზე დაყრდნობილი მოვედი, [110] სამგლოვიარო სიმღერის თანხლებით, როგორც რომელიღაც ნაცრისფერი ფრინველი, დავრჩი მხოლოდ ხმა და ღამეული სიზმრის ჩვენებების უცნაური გამოვლენა, სიბერისგან მოცახცახე, თუმცა სიკეთის კეთების მსურველი. სალამი, დაობლებულო ბავშვებო, სალამი მოხუცო და შენც, უბედურო დედავ, რომელიც გლოვობს თავის მეუღლეს ჰადესის სახლში.

 

ანტისტროფი

 

გული არ წაგივიდეს შენს გზაზე, ან არ დაიქანცო, როგორც კვიცი იქანცება უღლის ქვეშ, როდესაც ადის ქვიან ბორცვზე და მიათრევს ბორბლიანი ეტლის წონას. ჩასჭიდე ან სამოსს მოუკიდე ხელი, ვისაც ფეხი ერევა და ბარბაცებს. მოხუცი მოხუცს გაჰყვეს, უწინ, სიყმაწვილის წლებში ახალგაზრდა ახალგაზრდას ედგა მხარში შუბით შეიარაღებული და ომის განსაცდელში სამშობლოს დიდებას ამრავლებდა.

 

ეპოდოსი

 

[130] ნახე, მამამისივით როგორ პირქუშად უელვარებს ბავშვებს თვალები! საბრალო ბავშვები, მამამისის უბედურება შეიძლება დაინახო მათში! ჩემო საბერძნეთო, რა თანამებრძოლებს დაკარგავ, ამათ თუ თუ დაკარგავ, საკუთარ თავს გაძარცვავ!

 

კორიფაიოსი. მაგრამ ვხედავ, ამ ქვეყნის მბრძანებელი ლიკოსი მოდის სასახლისკენ.

 

პირველი ეპისოდიონი

 

შემოდიან ლიკოსი და მისი მსახურები.

 

ლიკოსი. [140] ჰერაკლეს მამასა და მეუღლეს, თუ შემიძლია, კითხვას დავუსვამ; რა თქმა უნდა, როგორც თქვენს ბატონს, უფლება მაქვს, გკითხოთ, რაც მინდა. რამდენ ხანს აპირებთ, გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე? რა იმედი და რა ხსნა გაქვთ, როგორ ფიქრობთ, სიკვდილს თავი დააღწიოთ? ამათი მამა ჰადესში წევს და გჯერათ, რომ დაბრუნდება? (ამფიტრიონს) რა უღირსი იყო ეს წუხილი შენს სიკვდილზე! მთელ საბერძნეთში ამ ცარიელი ტრაბახის გავრცელება, რომ ზევსი შენი სარეცლის მოზიარე და შენი ბავშვების მოზიარეა. (მეგარას) [150] და შენ თავს აცხადებ საუკეთესო მოკვდავის მეუღლედ. რა ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა შენმა მეუღლემ, ჭაობის ჰიდრა რომ მოკლა ან ნემეის ურჩხული? რომელიც ბადით დაიჭირა და ბრძანა, ხელით დავახრჩვეო. ამით იბრძვით? ამის გამო ჰერაკლესის შვილები არ უნდა მოკვდნენ? ამ კაცმა სახელი მოიხვეჭა, თუმცა კი ვაჟკაცია მხოლოდ მხეცებთან ბრძოლაში, დანარჩენში მამაცი არაა, მას არასოდეს სჭერია მარცხენა ხელში ფარი, [160] შუბის წინააღმდეგ არ წასულა, მხოლოდ მშვილდი ჰქონდა, ყველაზე ლაჩრული იარაღი და სულ მზად იყო გასაქცევად. კაცის ვაჟკაცობას მშვილდი ვერ გამოცდის. არა, კაცს უკავია თავისი ადგილი საბრძოლო რიგში და მტკიცედ უყურებს სწრაფ ჭრილობას, რომელიც შეიძლება შუბმა მიაყენოს. მოხუცო, ურცხვობა კი არა, სიფრთხილე მამოძრავებს; რადგან ვიცი, რომ კრეონი მოვკალი, ამ ქალის მამა და ტახტს დავეუფლე. ასე რომ, არ მინდა, ეს ბავშვები გაიზარდონ და შური იძიონ იმისთვის, რაც მე გავაკეთე.

 

ამფიტრიონი. [170] დაე, ზევსმა დაიცვას ზევსის წილი თავის შვილში. რაც შემეხება მე, ჰერაკლეს, მე ვაპირებ სიტყვებით გამოვავლინო ამ კაცის უმეცრება შენთან დაკავშირებით; რადგან დასაშვები არ არის შენზე ძვირის მოსმენა. უპირველესად ის, რაც არ უნდა თქმულიყო — როგორ შეიძლება ლაპარაკი შენს ლაჩრობაზე, ჰერაკლეს?! — ღმერთების დამოწმებით მე უნდა მოგაცილო ეს ბრალდება. ზევსის ელვას მივმართავ და ოთხცხენიან ეტლს, რომელსაც მართავდა ჰერაკლესი, როდესაც მიწიდან აღმოცენებული გიგასები[12] ისრებით დახოცა და [180] ბრწყინვალე გამარჯვება ღმერთებთან ერთად იზეიმა. ოთხფეხა კენტავრების ველურ მოდგმასა და ფოლოესთან მიდი და ჰკითხე, მეფეთაგან უბოროტესო, ვინ მიაჩნიათ კაცთაგან უმამაცესად, თუ არა ჩემი ვაჟი, შენი აზრით, სხვა ვინაა? დირფისს ჰკითხე აბანტისის[13] კუნძულზე, შენ რომ აღგზარდა. ქებას არ აღგივლენენ, რადგან ერთი გმირობაც არ ჩაგიდენია, რომელსაც შენი სამშობლო დაემოწმებოდა. და ამ ბრძნულ გამოგონებას, მშვილდოსნის იარაღს ჰკიცხავ, ახლა მოდი, მომისმინე და სიბრძნეს გასწავლი. [190] წინა ხაზზე მებრძოლი, მძიმედ შეიარაღებული კაცი თავისი იარაღისა და თანამებრძოლების მონაა და თუ ისინი ვერ ივარგებენ, თავადაც კვდება მეზობლების ლაჩრობის გამო, თუ შუბი გაუტყდა, თავს ვერ გადაირჩენს სიკვდილისგან, რაკი მხოლოდ ერთი საშუალება აქვს დაცვის. ვისაც ხელთა აქვს აუცდენელი მშვილდი, ერთი, მაგრამ საუკეთესო იარაღი აქვს, უთვალავ ისარს ისვრის და სხვაც რჩება სიცოცხლის დასაცავად, შორს დგას მტრისგან და დაცულია, ისინი კი ვერც ხედავენ და იჭრებიან უხილავი ისრებით, [200] საკუთარ სხეულს კი არ გამოუჩენს თავის მოწინააღმდეგეებს, კარგადაა დაცული[14]. ეს არის ბრძოლის ყველაზე გონივრული ხერხი: მტერი დააზიანო და თავი გადაირჩინო და არ იყო შემთხვევაზე დამოკიდებული. აი, ამ სიტყვებს ვუპირისპირებ შენს მოსაზრებებს ამ საკითხზე. ახლა, ამ ბავშვების დახოცვა რატომ გინდა? რა დაგიშავეს? მგონი ესაა შენი სიბრძნე, რომ გეშინია მამაცი კაცის შთამომავლობის. და მაინც მძიმეა ჩვენთვის, [210] რომ შენი ლაჩრობის გამო უნდა დავიღუპოთ, პირიქით, ჩვენი ხელით შენ უნდა დაიღუპო, თუკი ზევსი სამართლიანად განეწყობა ჩვენს მიმართ. თუკი გსურს ამ ქვეყნის კვერთხი შეინარჩუნო, ნება დაგვრთე დავტოვოთ ეს მიწა და დევნილობაში წავიდეთ. თავი აარიდე ძალადობას, თორემ თავად მოგადგება იგი, როდესაც ღმერთი შენსკენ დაუბერავს ბედისწერის სიოს. აჰ! კადმოსის მიწავ – შენც უნდა მოგმართო, გამკიცხავი სიტყვები უნდა გითხრა – ასე იცავ შენ ჰერაკლესსა და მის შვილებს? [220] მარტო შეებრძოლა ყველა მინიელს და თებეს საშუალება მისცა, თავისუფალი თვალით გამოეხედა. ვერ ვაქებ საბერძნეთს, ვერც დუმილს დავიცავ, რადგან ასე უმადურია ჩემი შვილის მიმართ; მას მართებდა, ცეცხლითა და მახვილით მოსულიყო და დახმარებოდა ამ ბარტყებს, იმის სანაცვლოდ, რომ მათმა მამამ ზღვა და ხმელეთი თავისი გმირობით გაწმინდა. ეს დახმარება თქვენ, ჩემო შვილებო, არც თებეს ქალაქმა და არც საბერძნეთმა არ აღმოგიჩინათ; მე, უძლურ მეგობარს შემომყურებთ, მე კი არაფერი ვარ, მხოლოდ ცარიელი ენა. [230] ძალამ დამტოვა, რომელიც ადრე მქონდა, რა ძალაც მქონდა მუხლებში, ასაკთან ერთად დამაკლდა და ჩემი სიძლიერე ჩაქრა. ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი და სხეულით ძლიერი, შუბს ავიღებდი და ამ კაცის ოქროს კულულებს სისხლით შევღებავდი, და ეს ლაჩარი ატლასის სვეტების იქით გაექცეოდა ჩემს შუბს!

 

კორიფაიოსი. მოკვდავთაგან კეთილები ხომ პოულობენ კარგ რამეს სათქმელს, თუნდაც გვიან იყოს ლაპარაკი?

 

ლიკოსი. რაც გინდა, ილაპარაკე, კოშკებად აღმართე სიტყვები, მე კი ვიმოქმედებ შენი სიტყვების საპირისპიროდ. [240] (ეძახის მსახურებს) წადით თქვენ ჰელიკონზე, თქვენ კი პარნასოსის ხეობებში[15], უბრძანეთ შეშის მჭრელებს მუხის ხის მორები მომიჭრან და როცა ქალაქში ჩამოიტანენ, ყოველი მხრიდან შემოუწყონ საკურთხეველს, ცეცხლი შეუნთონ და დაწვან ესენი ყველანი ცოცხლად, რომ გაიგონ: მკვდარი მეტად აღარ მართავს ამ ქვეყანას და ამჟამად მე ვარ მეფე. (მრისხანედ გუნდს) თქვენ კი, ბერიკაცებო, რაკი ჩემს აზრებს ეწინააღმდეგებით, არა მხოლოდ ჰერაკლესის შვილებზე უნდა იკვნესოთ, არამედ საკუთარ [250] უბედურებაზეც და აღარასოდეს დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ მონები და მე ვარ თქვენი ბატონი.

 

გუნდი. ო, მიწის ნაყოფნო, რომლებიც ოდესღაც არესმა დაგთესათ[16], როდესაც მძვინვარე დრაკონს ყბიდან ამოაგლიჯა კბილები, რატომ არ აღმართეთ ჯოხები, რომელსაც ხელით ეყრდნობით და არ დაუსისხლიანეთ უღირსი თავი ამ კაცს, რომელიც კადმოსელიც არ არის, უცხოელია და თავზე დააჯდა სამარცხვინოდ თქვენს ახალგაზრდებს; მაგრამ ჩემი უფროსი ვერასოდეს ვერ გახდები და ვერ გაიხარებ. ჩემი ნაშრომის მოსავალს შენ ვერ [260] მოიწევ. დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი შენი ქედმაღლობით. რადგან, სანამ ცოცხალი ვარ, შენ ვერ მოკლავ ჰერაკლესის ამ შვილებს. ისე ღრმად არ არის დაკრძალული ჰერაკლესი, რომ თავისი შვილები მიატოვოს. შენ ეს მიწა გაანადგურე, რომელზეც მეფობ, მან კი, რომელმაც ის გადაარჩინა და ჯილდო ვერ მიიღო. და მე მეტისმეტს ხომ არ ვიღებ ჩემს თავზე, როდესაც ვინც მიყვარს, მათი სიკვდილის შემდეგაც ვუერთგულებ, რაკი მეგობარი სჭირდებათ? ო, ჩემო მარჯვენა, როგორ გინდა, შუბი აიღო ხელში, მაგრამ უძლურება კლავს ამ სურვილს. [270] რადგან მაშინ შეგაწყვეტინებდი ჩემს მონად მოხსენიებას და ამ თებეს სახელოვნად გავუძღვებოდი. ახლა კი შენ ხარობ მასში; აღარ არის მეტი სიბრძნე ამ ქალაქში, ავადაა განხეთქილებითა და ბოროტი რჩევებით, თორემ შენ მეფედ ვერასოდეს მიგიღებდა.

 

მეგარა. მადლობა, ბერიკაცებო; მეგობრების გამო სამართლიანი გულისწყრომა მეგობრებს მართებთ; მაგრამ ჩვენს გამო რომ ტირანს განურისხდებით, უბედურება არ მოიწიოთ. მოუსმინე ჩემს აზრს, ამფიტრიონ, და ნახე, გონივრულს თუ ვამბობ. [280] მე მიყვარს ჩემი შვილები, ან როგორ არ უნდა მიყვარდეს, თუკი გავაჩინე და წვალებით გამოვზარდე?! სიკვდილი საშინელ რამედ მიმაჩნია, მაგრამ გარდაუვალობის წინააღმდეგ ვინც მიდის, ის უგუნური მგონია. რაკი უნდა მოვკვდეთ ჩვენ, დაე, მოვკვდეთ და ცოცხლად არ დავიწვათ, მტრები არ გავაცინოთ, რაც სიკვდილზე უარესი უბედურება იქნებოდა. ამ სასახლის მიმართ კეთილშობილება გვევალება. შენ ყოველთვის გქონდა შუბოსნის განთქმული სახელი, რაც არ მოგცემს საშუალებას ლაჩარივით მოკვდე. [290] უტყუარია, რომ ჩემი სახელოვანი მეუღლე არ ისურვებდა ამ ბავშვების გადარჩენას, თუკი მათ ლაჩრობით სახელი გაუტყდებოდათ; რადგან კეთილშობილი ხალხი იტანჯება, შვილები თუ შეარცხვენენ, მე კი უნდა მოვიქცე, როგორც ჩემი ქმარი მოიქცეოდა. რაც შეეხება შენს იმედს, მოდი, ვნახოთ: მართლა გგონია, რომ შენი შვილი მიწისქვეშეთიდან ამოვა? რომელი მიცვალებული ამოსულა ჰადესიდან ისევ? ან იქნებ გგონია, რომ სიტყვებით ამ კაცს ბრაზს ჩავუცხრობთ? ო, არა! სულელ მტერს კაცი უნდა გაექცეს, [300] ბრძენ და განათლებულ ხალხს კი უნდა დაუთმოს; რადგან უფრო იოლია მათთან მეგობრული ზავი, მათ წესიერებას რომ მიმართავ. მე უკვე ვიფიქრე, გამომეთხოვა ბავშვებისთვის დევნილობაში წასვლის ნებართვა; მაგრამ რა აზრი აქვს მათი სიცოცხლის გადარჩენას, თუ გაჭირვებასა და სიღატაკეში უნდა ამოხდეთ სული?! ხომ ნათქვამია, ლტოლვილ მეგობრებს მასპინძელი მხოლოდ ერთ დღეს უღიმისო. გაბედე და ჩვენთან ერთად მოკვდი, მაინც ეს გელოდება. შენს კეთილშობილებას მივმართავთ, მოხუცო. თუკი ვინმე იბრძვის, რომ ღმერთების გამოგზავნილ ბედს დაუპირისპირდეს, [310] მამაცია, მაგრამ ეს უგუნური სიმამაცეა, რადგან რაც უნდა მოხდეს, იმას ვერავინ ვერ აირიდებს.

 

კორიფაიოსი. ვინმეს რომ შეურაცხყოფა მოეყენებინა შენთვის, როდესაც მკლავში ძალა მქონდა, იოლად აღვკვეთდი ამას; ახლა კი არაფერს წარმოვადგენ. ამიერიდან შენ უნდა ნახო, როგორ აიცილო უბედურება.

 

ამფიტრიონი. ლაჩრობისა და სიცოცხლის სიყვარულის გამო კი არ გავურბივარ სიკვდილს, არამედ იმიტომ, რომ შვილს მინდა ბავშვები გადავურჩინო, თუმცა, უეჭველია, რომ შეუძლებლის იმედი მაქვს. შეხედე! ჩემი კისერი მზადაა ხმლისთვის, [320] გამკვეთე, მომკალი, კლდიდან გადმომაგდე. მხოლოდ ერთი მოწყალება გვიბოძე ჩვენ ორს, გევედრებით. მოგვკალი მე და ეს უბედური ბავშვებზე ადრე, რომ არ ვნახოთ მათი სიკვდილი, საზარელი სანახაობა, მომაკვდავები რომ დაუძახებენ დედასა და მამის მამას. სხვას რაც შეეხება, გააკეთე, რაც გსურს, რადგან ჩვენ არანაირი დაცვა სიკვდილის წინააღმდეგ არ გაგვაჩნია.

 

მეგარა. მე კი გევედრები, რომ ამ წყალობას კიდევ ერთი წყალობა დაუმატო, ამით შენ ერთი ჩვენ ორს ორმაგ სიკეთეს გვიყოფ; მომეცი ნება, ბავშვებს სიკვდილის სამოსი ჩავაცვა, [330] გაგვიღე სასახლის კარიბჭე, რადგან ახლა ჩაკეტილია, რომ მამის სახლიდან ეს მაინც აიღონ.

 

ლიკოსი. ასე იყოს, მსახურებს ვუბრძანებ გააღონ კარიბჭე. შედით და თავად ჩაიცვით, არ მენანება სამოსი. როგორც კი ტანზე ჩაიცვამთ, მოვბრუნდები, რომ ქვედა სახლში გაგაგზავნოთ.

 

ლიკოსი და მისი ამალა გადის.

 

მეგარა. შვილებო, გამოჰყევით უბედური დედათქვენის კვალს მამისეულ სახლში, რომლის ქონებას ახლა სხვები ფლობენ, თუმცა მისი სახელი ჯერაც ჩვენია.

 

მეგარა და მისი შვილები სასახლეში შედიან.

 

ამფიტრიონი. ო ზევს, თურმე ამაოდ ჩამეზიარე საქორწინო სარეცელში! [340] ამაოდ გთვლიდი ჩემი შვილის მამად ჩემთან ერთად. შენ ნაკლები მეგობარი ხარ, ვიდრე ჩანდი. ღირსებით მე, მოკვდავმა, ამოდენა ღმერთი დაგამარცხე, რადგან ჰერაკლესის ბავშვებს არ ვუღალატე. შენ კი ჩემს სარეცელთან საიდუმლოდ მოსვლა მოახერხე, სხვისი ცოლის უნებართვოდ დაუფლება იცი, მაგრამ ძვირფასი მეგობრების გადარჩენა არ იცი! შენ ან უვიცი ღმერთი ხარ, ან უსამართლო.

 

სასახლეში შედის.

 

გუნდი

 

სტროფი პირველი

 

სხივოსანი მღერის სამგლოვიარო სიმღერას მხიარული სიმღერების შემდეგ, [350] რადგან მშვენიერი ლინოსი მოკვდა და ოქროს პლექტრონით[17] უკრავს კითარაზე. მე კი მას მინდა ვუმღერო და გვირგვინით შევამკო, ვინც ჩავიდა წყვდიადში მიწის ქვეშ, ზევსის შვილად მოვიხსენიებ თუ ამფიტრიონისად. კეთილშობილ საქმეთა სათნოება მიცვალებულის დიდებაა. ჯერ ზევსის ჭალას [360] მოაცილა ლომი, მისი ტყავი მხრებზე მოიგდო, ხოლო ოქროს თავზე დაიდგა მხეცის საშინელი ხახა.

 

ანტისტროფი პირველი

 

შემდეგ მთებში მოხეტიალე კენტავრების მოდგმა მომაკვდინებელი მშვილდით დაჭრა და ფრთოსანი ისრებით ამოხოცა. მას კარგად იცნობს პენეიოსი ლამაზმორევიანი და მისი უნაყოფოდ ქცეული ვრცელი ყანები [370] და პელიონის ხეობები ახლომდებარე ჰომოლეს გამოქვაბულები, საიდანაც კენტავრები გაჭენდნენ თესალიის მიწის დასაპყრობად ფიჭვებით შეიარაღებულები. ოქროსრქიანი შველი, კოპლებიანი ზურგით, მოსახლეთა მძარცველი მოკლა, მონადირე ქალღმერთს, ოინოეში პატივცემულს მიუძღვნა.

 

სტროფი მეორე

 

[380] ოთხცხენიან ეტლზ ავიდა და აღვირით მოთოკა დიომედესის ცხენები, რომლებიც სისხლიან თავლაში სისხლიან საკვებს ხარბად ცოხნიდნენ ულაგამო ყბებით, ნთქავდნენ საზიზღარი სიხარულით ადამიანის ხორცს; შემდეგ გადაკვეთა ჰებროსის სიმაღლეების ვერცხლის წყაროები, რათა შეესრულებინა მიკენის ტირანის ბრძანება. შემეგ პელევსის ყურესთან, ანავროსის ნაკადთან ისრებით განგმირა უცხოელთა მკვლელი კიკნოსი, ამფანაიაში მცხოვრები.

 

ანტისტროფი მეორე

 

ჰიმნების მომღერალ ქალწულებთან მივიდა მათ დასავლურ ბაღში, რომ მოეწყვიტა ვაშლის ხის ოქროს ფოთლებიდან ოქროს ნაყოფი, იქ მოკლა ცეცხლისფერზურგიანი დრაკონი, რომელიც ხეს იყო შემოხვეული საზარელი რგოლებით; [400] შევიდა ზღვის სიღრმეში და სიმშვიდე მოუტანა ნიჩბოსან ხალხს. მან გაიწვდინა ხელები, რომ დაეკავა ცარგვალი, შევიდა ატლასის სახლში და ღმერთების ვარსკვლავებით მოჭედილი სახლი ვაჟკაცურად დაიჭირა.

 

სტროფი მესამე

 

ამორძალების მხედარ ლაშქარს მიადგა [410] მეოტისის მრავალმდინარიან ტბასთან, გადაიარა შავი ზღვის ტალღები, თავისი დროშის ქვეშ მოუყარა მეგობრებს თავი მთელი საბერძნეთიდან, მეომარი ქალწულის ოქრომკედით ნაქსოვი კაბა და სარტყელი, სასიკვდილო გმირობა! საბერძნეთმა მოიპოვა ბარბაროსი ასულის ეს საბრძოლო ნადავლი და ახლა ინახება მიკენეში. მან დაწვა მრავალთავიანი, [420] მრავალთა მკვლელი ლერნეს ურჩხული ჰიდრა. მისი შხამით გააჯერა თავისი ისრები, რომლითაც მოკლა ერითეიას სამტანიანი მწყემსი.

 

ანტისტროფი მესამე

 

ბევრი სხვა ბრძოლაც მიიყვანა ბედნიერ დასასრულამდე. ახლა გაცურა მრავალცრემლიან ჰადესში, უნდა ჩაიდინოს უკანასკნელი გმირობა, რათა დაასრულოს თავისი სიცოცხლე და აღარ დაბრუნდეს უკან. [430] ახლა შენი სახლი დარჩა მეგობრების გარეშე და ქარონის ნავი ელოდება შენს შვილებს, რომ გადაიყვანოს ისინი სიცოცხლის მიღმა მოგზაურობაში, დაუბრუნებლად, ღმერთების კანონისა და ადამინური სამართლის საწინააღმდეგოდ. შენს ხელებს როგორც მხსნელს უყურებს სახლი, თუმცა შენ არ ხარ აქ. სიყმაწვილის ძალა რომ მქონოდა, შუბი რომ შემერხია ბრძოლაში, და თან მყოლოდა კადმოსელი თანაროლები, შენს შვილებს გვერდით ამოვუდგებოდი [440] მცველად; ახლა კი გამოვეთხოვე ბედნიერ სიყმაწვილეს[18].

 

მეორე ეპისოდიონი

 

სასახლიდან გამოდის მეგარა; მას მოჰყვებიან შეშინებული ბავშვები სამგლოვიარო სამოსში;

უკან მოჰყვებათ ამფიტრიონი.

 

კორიფაიოსი. მაგრამ ვხედავ ოდესღაც მძლავრი ჰერაკლესის შვილებს, რომლებსაც ძაძები აცვიათ და მის საყვარელ მეუღლეს, რომელსაც ბავშვები მიჰყავს და ჰერაკლესის მოხუც მამას. ვაი მე უბედურს, ვეღარ ვაკავებ ცრემლების ნაკადს [450] ბებერი თვალებიდან.

 

მეგარა. კარგი, ვინ არის ქურუმი, ვინაა შემწირველი ამ სვეგამწარებული ბავშვების? ვინ არის ჩემი უბედური სულის მკვლელი? სულები მზად არიან ჰადესში წასაყვანად. შვილებო, ერთად მივდივართ საზარელი ჯგუფი ცხვრებისა, ბერიკაცი, ბავშვები და დედები. ვაი უბედურო ჩემო და ამ ბავშვების ბედო, რომლებსაც ჩემი თვალები უკანასკნელად ხედავენ! თქვენ გშობეთ, გაგზარდეთ, რომ ჩემმა მტრებმა ქედმაღლურად დაგცინონ და დაგხოცონ! [460] ოჰ! მთელი ეს იმედები, მამათქვენმა რომ მომცა! იმედის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც მითხრა! ყველა შვილს რიგრიგობით მიმართავდა და შენ გაძლევდა არგოსს შენი მკვდარი მამა, შენ უნდა გეცხოვრა ევრისთევსის დარბაზებში, გემეფა ნაყოფიერ პელასგიაზე,[19] გქონოდა მბრძანებლობა, თავზე კი უნდა დაგეხურა ლომის ტყავი, რომლითაც თვითონ იყო შეიარაღებული. შენ კი უნდა ყოფილიყავი ეტლებით სახელგანთქმული თებეს მეფე, მემკვიდრეობად უნდა მიგეღო ჩემი ვრცელი მიწები, რადგან ამაზე დაითანხმე შენი ძვირფასი მამა. [470] მარჯვენაში დაცვის საშუალებად კომბალი მოგცა ოსტატურად ნაკეთები, დედალოსის ცრუ საჩუქარი[20]. შენ კი დაგპირდა, რომ მოგცემდა ოიქალიას[21], რომელიც ოდესღაც მისმა მშვილდმა მოიპოვა. სამნი ხართ და სამ სამეფოს ტოვებდა, ამაყი თქვენი ვაჟკაცობით; ამასობაში მე გირჩევდით საუკეთესო საცოლეებს, მინდოდა ქორწინებით დაკავშირებოდით ათენს, თებესა და სპარტას, რომ შეგძლებოდათ გეცხოვრათ ბედნიერი ცხოვრებით, კიჩო კარგად მომაგრებულებს. [480] ყველაფერი ეს ამაო იყო. ბედის ქარმა დაქროლა და საცოლეებად მოგცათ კერები,[22] ხოლო ჩემი ცრემლები იქნება საქორწინო განბანვა; ვაი მე სულელური ფიქრებისთვის! მამათქვენის მამა ამზადებს საქორწილო სუფრას, ჰადესს მოუხმობს სიმამრად, მამის საზრუნავია. ვაიმე, რომელი მიგიკრათ პირველი მკერდზე, რომელი ბოლო? პირველი რომელს გაკოცოთ და ბოლო ვის ვაკოცო სიცოცხლეშო? (კოცნის, ტირის) რომ შემეძლოს ფუტკარივით მოვკრიბო თქვენი ტუჩებიდან, თქვენი თვალებიდან მთელი მწუხარება, რომ ცრემლების მდინარით დაგიტიროთ თქვენც და საკუთარი თავიც მძიმე ტანჯვით. (ძლივს შორდება ბავშვებს). [490] ჩემო საყვარელო ჰერაკლეს, შენ მოგიხმობ, იქნებ შესაძლებელია, რომ მოკვდავის ხმა ისმოდეს ჰადესის დარბაზებში. კვდებიან მამაშენი და ბავშვები, მეც განწირული ვარ, მე, ვინც ადრე შენს გამო უბენიერესად მივაჩნდი ყველა მოკვდავს. მოდი, დაგვეხმარე. გევედრები გამოჩნდი თუნდაც როგორც მოჩვენება, სიზმრადაც რომ მოხვიდე, საკმარისია, რადგან ლაჩრები არიან შენი შვილების მკვლელები.

 

ამფიტრიონი. მოამზადე დაკრძალვისთვის რაცაა საჭირო, ქალო. მე კი შენ, ზევს, ცაში აწვდილი ხელით მოგმართავ, დაეხმარე ამ ბავშვებს, [500] თუ ასეთია შენი განზრახვა, თორემ მალე უკვე გვიან იქნება. და მაინც ბევრჯერ მოგმართეთ. ამაო გარჯაა. სიკვდილი, როგორც ჩანს, გარდაუვალია. (გუნდს) მაგრამ, მოხუცებო, ხანმოკლეა სიცოცხლე, ამიტომ რაც შეიძლება ტკბილად გაატარეთ, მწუხარე ნუ იქნებით დილიდან საღამომდე. დროს არ ადარდებს ჩვენი იმედების შენახვა. მხოლოდ თავისი საფიქრალი აქვს და მიფრინავს. შემხედეთ მე, წარმატებული ვიყავი, დიდი სახელი მოვიპოვე მოკვდავებში დიდი საქმეებით. მაგრამ ბედმა ერთ დღეში გამძარცვა ამ დიდებისგან, როგორც ქარით ბუმბული ცაში აიჭრა. არავინ არ ვიცი, ვისი სიმდიდრე და დიდება მუდმივად რჩება მასთან; მშვიდობით, მეგობრებო, უკანასკნელად ვხედავთ ერთმანეთს, ძველო მეგობრებო, თანატოლებო.

 

მეგარა. აჰ! მოხუცო, ჩემს უსაყვარლესს ვხედავ? თუ რა ვთქვა?

 

ამფიტრიონი. არ ვიცი, ასულო: ენა წამერთვა.

 

მეგარა. ეს ისაა, ვისზეც გვითხრეს, მიწისქვეშ არისო? თუ დღისით-მზისით სიზმარი რამ დაგვცინის? რას ვამბობ? რა აჩრდილს ხედავენ ეს აღელვებული თვალები? მოხუცო ეს სხვა არავინაა თუ არა შენი შვილი. [520] მოდით, ბავშვებო, ჩაეჭიდეთ მამას სამოსში, იჩქარეთ, ჩაეჭიდეთ და არ გაუშვათ, ისაა თქვენი მშველელი, თუმცა ჩვენი მხსნელი ზევსიც აქაა.

 

შემოდის ჰერაკლესი.

 

ჰერაკლესი. გაიხარე, სასახლე და ჩემი კერის კარიბჭე, რა სასიხარულოა სინათლეზე ამოსვლა და შენი ნახვა! აჰ! რა ხდება? სახლის წინ ბავშვებს ვხედავ სასიკვდილო სამოსელში, თავზე გვირგვინით, კაცების ბრბოში ჩემი მეუღლეა, მამაჩემი ტირის – რა უბედურებაა? მიმიშვით ახლოს, გამოვიკთხო; ქალებო, ბედის რა უცნაური დარტყმა მოუვიდა ჩემს სახლს?

 

მეგარა. უსაყვარლესო კაცთაგან…

ამფიტრიონი. მამისთვის გამოჩენილო სინათლის სხივო…

მეგარა. მოხვედი, რომ იხსნა დროულად შენთვის საყვარელი ხალხი?

ჰერაკლესი. რას ამბობ? რა არეულობაში მოვედი

მეგარა. ვიღუპებოდით; მაპატიე, მოხუცო მეგობარო, თუ სიტყვა დაგასწარი, შენ გეკუთვნოდა მისთვის ამის თქმა; მაგრამ ქალის ბუნება უფრო მიდრეკილია გლოვისკენ, ვიდრე კაცისა და ეს ჩემი შვილებია, რომელიც სასიკვდილოდ მიჰყავდათ და მეც ვიღუპებოდი.

ჰერაკლესი. აპოლონ, ეს რანაირი შესავალ სიტყვაა?

მეგარა. ძმები მომიკლეს და მოხუცი მამაც.

ჰერაკლესი. [540] როგორ ამბობ? რა ქნა? ვის შუბს შეეყარა?

მეგარა. ლიკოსმა, ამ მიწის ახალმა მბრძანებელმა მოკლა.

ჰერაკლესი. სამართლიან ბრძოლაში შეხვდა? თუ ქვეყანას სჭირდა რამე?

მეგარა. აჯანყებით: კადმოსის შვიდკარიბჭიან ქალაქს ფლობს ახლა.

ჰერაკლესი. შენ და მამაჩემი რაღამ შეგაშინათ?

მეგარა. მოკვლას გვიპირებდა მამას, მე და ბავშვებსაც.

ჰერაკლესი. რას ამბობ? რით შეაშინეს ჩემმა ობოლმა ბავშვებმა?

მეგარა. კრეონის მკვლელობისთვის შური რომ არ ეძიათ.

ჰერაკლესი. ბავშვებს აცვიათ მკვდრების შესაფერისად.

მეგარა. ეს სასიკვდილო სამოსია, მე ჩავაცვი.

ჰერაკლესი. [500] მაშ უნდა მომკვდარიყავით? ვაი მე უბედურს!

მეგარა.  მეგობრებმა მიგვატოვეს, ვიცოდით, რომ მკვდარი იყავი.

ჰერაკლესი. საიდან გაჩნდა ეს სასოწარკვეთილი ფიქრები თქვენს თავში?

მეგარა. ევრისთევსის შიკრიკებმა გვამცნეს ეს.

ჰერაკლესი. რატომ დატოვე ჩემი კერა და სახლი?

მეგარა. გვაიძულა; მამაშენი ლოგინიდან გამოათრიეს.

ჰერაკლესი. არ შერცხვა, უღირსად რომ მოექცა მოხუცს?

მეგარა. სირცხვილი? ეგ ქალღმერთი და ის კაცი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ჰერაკლესი. ასე ღარიბი ვიყავი მეგობრებით აქ არმყოფი?

მეგარა. ჰყავს კი კაცს განსაცდელში მეგობრები?

ჰერაკლესი. [560] მინიელებთან რაც ვიომე, აღარ ახსოვთ?

მეგარა.  არა ჰყავს-მეთქი, ხომ გითხარი, მეგობრები უბედურებას.

ჰერაკლესი. მოიშორეთ ეგ ჰადესის თავსარქველი, შეხედეთ მზის სინათლეს, დაივიწყეთ ქვესკნელის წყვდიადი თქვენს თვალებში. მე კი – რადგან ახლა ჩემი ხელის სამუშაოა, – პირველად წავალ და ახალი ტირანების სახლებს გავაცამტვერებ, და როდესაც თავებს წავაცლი, ძაღლებს მივუგდებ საჯიჯგნად: ხოლო თითოეულ თებელს, რომელმაც ჩემს სიკეთეს ღალატით უპასუხა, [570] ამ გამარჯვების მომტანი იარაღით გავანადგურებ: დანარჩენებს ამოვწყვეტ ჩემი ფრთოსანი ისრებით, სისხლიანი ცხედრებით ავავსებ ისმენოსს, ხოლო დირკეს კამკამა ნაკადი გასისხლმდინარდება. ვის უნდა ვიცავდე, თუ არა მეუღლეს, ბავშვებს და ასაკოვან მამას? მშვიდობით, გმირობებო! ამაოდ ჩავიდინე ისინი, სჯობდა ამათ დავხმარებოდი. მე მათ დაცვაში უნდა მოვკვდე, რადგან ისინი მამის გამო იყვნენ განწირული; რა უნდა იყოს კეთილშობილი ჰიდრასთან და ლომთან ბრძოლაში, [580] ევრისთევსის ბრძანებით, თუ თითს არ გავანძრევ, რომ შვილები სიკვდილისგან ვიხსნა? მაშინ აღარ მეკუთვნის, ვიწოდებოდე გამარჯვებულ ჰერაკლესად.

 

კორიფაიოსი. სამართლიანია, რომ მშობელმა დაიცვას შვილები, მოხუცი მამა და თანამეცხედრე.

ასმფიტრიონი. ჩემო შვილო, შენი ვალია, გიყვარდეს შენიანები და გძულდეს მტრები; მაგრამ მეტისმეტად ნუ იჩქარებ.

ჰერაკლესი. სად არის აქ აუცილებელზე მეტი სიჩქარე, მამა?

ამფიტრიონი. ბევრი ღატაკი, სიტყვით რომ მდიდრობას ჩემულობს, ჰყავს მოკავშირედ მეფეს, [590] რომელთაც აჯანყება წამოიწყეს და დაღუპეს ქალაქი თავისი მეზობლების გაძარცვის მიზნით; რადგან ქონება, თვითონ რაც ჰქონდათ, საკუთარი სიზარმაცით და უქნარობით გაფლანგეს. დაგინახავდნენ, ქალაქში რომ შემოხვედი. რაკი ეს ასეა, გაფრთხილდი, ერთად არ შეჰყარო მტერი და არ დაეცე მოლოდინის საწინააღმდეგოდ.

ჰერაკლესი. არ მადარდებს, თუნდაც მთელ ქალაქს რომ დავენახე. მაგრამ გზად ფრინველი ვნახე, ავისმომასწავებელ ადგილზე იჯდა, მივხვდი, რომ რაღაც უბედურება სჭირდა ჩემს სახლს; ამის გამო განზრახ საიუმლოდ შემოვედი ქვეყანაში.

ამფიტრიონი. კარგი; ახლა შედი და მიესალმე კერას [600] და დაენახვე მამისეულ სახლს. რადგან თვითონ მოვა შენი მეუღლისა და ბავშვების სასიკვდილოდ წასაყვანად და მეც მიმამატებს სისხლიან სიას მეფე. აქ თუ დარჩები, ყველაფერი კარგად იქნება, სარგებელს ნახავ ამ უსაფრთხოებით; ქალაქს კი ნუ ააღელვებ, სანამ ყველაფერს არ მოაწყობ, შვილო.

ჰერაკლესი. ასე ვიზამ, რადგან კარგად თქვი; შევალ სახლში. ბოლოს და ბოლოს ჩემი დაბრუნების შემდეგ უმზეო ჰადესისა და კორეს საუფლოდან, უპატივცემულოდ არ დავტოვებ და მივესალმები ჩემი ჭერის ქვეშ ღმერთებს.

ამფიტრიონი. [610] მართლა შეხვედი ჰადესის სახლში, შვილო?

ჰერაკლესი. და სინათლეზე ამოვათრიე სამთავიანი მხეცი.

ამფიტრიონი. ბრძოლაში დაამარცხე, თუ ქალღმერთმა გაჩუქა?

ჰერაკლესი. ბრძოლაში; რადგან გამიმართლა და საიდუმლოს ნაზიარები ვარ.

ამფიტრიონი. ახლა ევრისთევსის სახლშია ურჩხული?

ჰერაკლესი. დემეტერის მღვიმესა და ჰერმიონეს ქალაქს ჰყავს ახლა იგი.

ამფიტრიონი. ევრისთევსმა არ იცის, რომ ზედა სამყაროში დაბრუნდი?

ჰერაკლესი. არ იცის; აქ მოვედი, თქვენი ამბები რომ გამეგო.

ამფიტრიონი. ამდენი ხანი როგორ იყავი მიწის ქვეშ?

ჰერაკლესი. ერთხან დავყოვნდი, თესევსი რომ ამომეყვანა ჰადესიდან, მამა.

ამფიტრიონი. [620] და სადაა იგი? თავის სამშობლოში წავიდა?

ჰერაკლესი. ათენში წავიდა, ქვესკნელიდან გამოქცევით ბედნიერი. ახლა კი წამოჰყევით სახლში, შვილებო, მამათქვენს; ჩემი შინ შესვლა ხომ უკეთესია თქვენთვის, ვიდრე გამოსვლა. აბა, გამაგრდით და თვალებიდან ცრემლი აღარ დაღვაროთ; შენაც, ჩემო მეუღლევ, თავი მოუყარე ვაჟკაცობას და შეწყვიტე ცახცახი; ხელი გაუშვი ჩემს სამოსს; მე ვერ გაგიფრინდებით და არ მინდა გავუფრინდე იმათ, ვინც მიყვარს. აჰ! როგორ ჩამაფრინდნენ ბავშვები! [630] კიდევ უფრო ჩამეჭიდნენ! რა დღეში, რა საფრთხეში ყოფილხართ! აბა, მე გაგიძღვებით, როგორც დიდი ხომალდი და თქვენ გამომყვებით პატარა ნავებივით. უყურადღებოდ არ დავტოვებ მე ჩემს პატარებს. ამაში ყველა ერთნაირი ვართ; ყველას უყვარს შვილები, შეძლებულსაც და უპოვარსაც; სიმდიდრით განსხვავდებიან – ზოგს აქვს და ზოგს არა, შვილები კი ყველას უყვარს.

 

ჰერაკლესი, მეგარა, ამფიტრიონი და ბავშვები შედიან სასახლეში.

 

გუნდი

 

სტროფი პირველი

მიყვარს ახალგაზრდობა! სიბერე უსასრულო ტვირთია! უფრო მძიმე, ვიდრე ეტნის კლდეები. [640] თავზე მაწვება, თვალზე მაფენს წყვდიადის საბურველს. აზიის ტირანების მთელ სიმდიდრეში, ოქროთი სავსე სასახლეებში არ გავცვლიდი სიყმაწვილეს, რომელიც მშვენიერია სიმდიდრეში და მშვენიერია სიღარიბეშიც. სიბერე კი პირქუში და სასიკვდილოა; [650] მძულს იგი! ტალღებში ჩაიძიროს! დაე, ვერასოდეს ვერ შეძლოს შესვლა მოკვდავთა სახლებსა და ქალაქებში, სულ ქარმა აფარფატოს ეთერში.

 

ანტისტროფი პირველი

ღმერთებს რომ გამოევლინათ გამჭრიახობა და სიბრძნე ადამიანების მიმართ, ხალხი სიჭაბუკეს ორგზის მიიღებდა, ეს იქნებოდა ხილული ნიშანი დაფასებისა, [660] ვინც დაიმსახურებდა, სიკვდილის შემდეგ ისინი ხელმეორედ ისევ მზის შუქს ნახავდნენ, ხოლო სულმდაბლებს ექნებოდათ სიცოცხლის მარტო ერთი წილი; ასე შეიძლება გაგვერჩია სიკეთე და ბოროტება, როგორც მეზღვაურებმა იციან ვარსკვლავების რიცხვი ღრუბლებს შორის; მაგრამ ახლა არანაირი ცხადი საზღვარი არ არსებობს [670] კარგსა და ცუდს შორის; ესაა მხოლოდ: მუდმივად თუ იშრომებ, მხოლოდ სიმდიდრეს გაზრდი.

 

სტროფი მეორე

არასოდეს შევწყვეტ ქარისებისა[23] და მუზების შეერთებას, უტკბესი ერთობაა. ნეტავ, არ მაცხოვრა უმეცართა შორის, მუდამ მამყოფა გვირგვინოსათა შორის. თუნდაც ასაკოვანი მომღერალი განადიდებს ისევ იმას, რაც ახსოვს: [680] ისევ ჰერაკლეს გამარჯვებებს ვუმღერი, თუ ბრომიოსი[24], ღვინის მჩუქებელია ახლოს, ან თუ შვიდსიმიანი ლირის ჰანგები ისმის, ან ლიბიური სალამური კვნესის; კიდევ არ შევწყვეტ მუზების დიდების სიმღერას, სანამ ჩემი პატრონები ცეკვავენ.

 

ანტისტროფი მეორე

დელოსის ნიმფები მღერიან სიხარულის სიმღერას ტაძრის კარიბჭის გარშემო, აპოლონის სადიდებლად, ლეტოს მშვენიერი ძის, [690] მოხდენილი მოცეკვავის. მეც ასე, როგორც ასაკოვანი გედი სიკვდილის წინ ვიმღერებ ჩემი ბებერი ბაგეებით დიდების სიმღერებს შენი ტაძრის კარებთან. ბევრია მასზე სამღერი! ზევსის ძეა ის, მაგრამ მის კეთილშობილ წარმომავლობაზე მაღლა დადგა მისი გმირობები, რადგან მისმა გარჯამ ადამიანს მშვიდი ცხოვრება მოუტანა, [700] როცა მოსპო ყველა შემზარავი მხეცი[25].

 

ამფიტრიონი გამოდის სასახლის კარიბჭიდან. ამ დროს მოდის ლიკოსი ამალასთან ერთად.

 

 

მესამე ეპისოდიონი

 

ლიკოსი. სწორედ რომ დროულად გამობრძანდი სასახლიდან, ამფიტრიონ; დიდი დრო მოანდომეთ სასიკვდილო სამოსში გამოწყობას. ახლა კი მოუხმე ბავშვებსა და ჰერაკლეს მეუღლეს, გამობრძან­დ­ნენ ამ სასახლიდან, რომ მოკვდნენ, როგორც შემპირდით.

ამფიტრიონი. მეუფე, ძალიან მავიწროვებ, მიუხედავად ჩემი უბედურებისა და მეტისმეტად შეუ­რა­ცხ­მყოფ ისედაც გამწარებულს შვილის სიკვდილით. გმართებდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყა­ვი შენს გულმოდგინებაში, თუმცა კი ჩემი ბატონ-პატრონი ბრძანდები; მაგრამ დიახ, თუ გვაიძულებ, რომ უნდა მოვკვდეთ, რა თქმა უნდა, გემორჩილებით.

ლიკოსი. სად არის მეგარა, სად არიან ალკმენეს ძის შვილები?

ამფიტრიონი. (აქეთ-იქით იხედება) ვფიქრობ, რომ იგი, როგორც გარედან ჩანს…

ლიკოსი. რის საფუძველზე ფიქრობ, საბუთად რა გაქვს?

ამფიტრიონი. …ზის როგორც მავედრებელი საკურთხევლის წმინდა საფეხურებთან…

ლიკოსი. მავედრებლობა ვერ უშველის, ვერ გადარჩება.

ამფიტრიონი. …და ამაოდ მოუხმობს თავის მკვდარ მეუღლეს.

ლიკოსი. ის ახლოს არ არის და ვერასოდეს ვერ მოვა, აშკარაა.

ამფიტრიონი. არა, თუ ღმერთთაგან ვინმე არ აღადგენს მკვდრეთით.

ლიკოსი.  [720] მიდი მასთან და გამოიხმე სასახლიდან.

ამფიტრიონი. ამას თუ ვიზამ, მკვლელობის თანამონაწილე გავხდები.

ლიკოსი. რაკი შენ გაღელვებს ეგ ამბავი, მე შიშს დავივიწყებ და თვითონ გამოვიყვან დედას და შვილებს. მომყევით, მსახურებო, რომ მხიარულად დავასრულოთ ამათგან გაჯანჯლებული საქმე.

ლიკოსი და მისი ამალა შედიან სასახლეში.

ამფიტრიონი. კარგი, წადი, მიდი შენს ბედთან; დანარჩენზე სხვები იზრუნებენ და ბოროტი საქმეებისთვის სამაგიერო მოგეზღვება. ბერიკაცებო, კარგ დროს მოდის, თავის დაღუპვას უახლოვდება. მკვლელი შედის იმის იმედით, რომ მოკლავს, მაგრამ ხმლების [730] მახე ელოდება უბოროტესს. მეც შევალ, რომ ვნახო, როგორ დაეცემა მკვდარი. საამო სანახავია, როგორ კლავენ მტერს და როგორ იხდის სრულ ფასს თავისი სიავისთვის.

 

ამფიტრიონი სასახლეში შედის.

 

გუნდი

 

პირველი სტროფი

ბოროტების დასარული: ოდესღაც მძლავრი მეფის ცხოვრება შემობრუნდა და ჰადესის გზას დაადგა. დიდება შენ, სამართლიანობა და ღმერთების გარდაუვალო სასჯელო!

კორიფაიოსი. [740] დადგა დრო, როდესაც შენი სიკვდილით ვალს გადაიხდი, ქედმაღლურად რომ  შეურაცხყვე შენზე უკეთესები.

გუნდი. სიხარულმა ცრემლებად დამღვარა. იგი დაბრუნდა – რაც ჩემს ფიქრებში არ მეგონა, რომ მოხდებოდა, იმედი გადამეწურა – ამ მიწის მეფე დაბრუნდა!

კორიფაიოსი. მაშ, მოხუცებო, შევიხედოთ, ვნახოთ, ვინმეს ისეთი რამ ხომ არ შეემთხვა, რაც მე მგონია.

ლიკოსი. (სცენის მიღმა) [750] ვაიმე, ვაიმე!

 

გუნდი

 

ანტისტროფი პირველი

რა ტკბილია პირველი ბგერა სასახლეში წამოწყებული სიმღერისა; სიკვდილი ახლოსაა მასთან ახლა. მეფე ყვირის, მოთქვამს სიკვდილის შესავალზე.

 

ლიკოსი. ო კადმოსის მთელო მიწავ, ვიღუპები ცბიერებით.

კორიფაიოსი. შენ თვითონ მოიწიე ეს, როდესაც სხვები დაღუპე; ახლა სამაგიერო მოგეზღო! ეს სასჯელია იმისთვის, რაც დააშავე.

გუნდი. ვინ იყო იგი, მხოლოდ მოკვდავი, ნეტარ ზეციურ ღმერთებზე რომ ბრიყვულად ბრძანა, უკეთური მკრეხელობით მიიჩნია ისინი უსუსურებად?

კორიფაიოსი. [760] ბერიკაცებო, ის ბიწიერი კაცი აღარ არის! სახლი დუმს, ცეკვა უნდა დავიწყოთ, ბედმა გაუღიმა, როგორც მინდოდა, ჩემს მეგობრებს.

 

გუნდი

 

სტროფი მეორე

ცეკვა, ცეკვა და ნადიმი მეფობენ ახლა მთელ წმინდა ქალაქ თებეში. ცრემლებმა და მწუხარებამ ადგილი დაუთმეს სიმღერას. ახალი მეფე წაბრძანდა; ძველი მონარქი [770] მეფობს, ჩამოვიდა აქერონის ნავსაყუდელიდან. ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმედმა მაინც გაიმარჯვა.

 

ანტისტროფი მეორე

ღმერთები, ღმერთები ზრუნავენ, რომ დაინახონ უსამართლობა და ღვთისმოსაობა. ოქროსა და წარმატებას შეცდომაში შეჰყავს მოკვდავი და გონებას უსამართლო ძალაუფლებისკენ უბიძგებს. ხოლო დროის შემოტრიალებამ რა შეიძლება მოიტანოს, ამაზე ფიქრს ვერ ბედავს, მაგრამ როცა კანონს უგულებელყოფს და უკანონობას ეძლევა, [780] თავად ამსხვრევს წარმატების შავ ეტლს.

 

სტროფი მესამე

ისმენოს, მოირთე გვირგვინებით! შვიდკარიბჭიანი ქალაქის მოკირწყლულო ქუჩებო, იცეკვეთ! დირკე ლამაზნაკადიანო, ნიმფებო, ასოპოსის[26] ასულებო, ამოდით მამის ტალღებიდან და შეუერთეთ ხმა ჩვენს ჰიმნს, ჰერაკლესის სახელოვან გამარჯვებას. [790] პითოს ტყიანო კლდეო, ჰელიკონელი მუზების სახლო, ჩამოდით ჩემს ქალაქში და გაავსეთ მისი კედლები სიხარულის ყიჟინით; სადაც გაჩნდა სპარტების მოდგმა, სპილენძისფარიანთა რაზმი, რომელმაც გადასცა თავისი სამეფო, თებეს წმინდა ნათელი შვილების შვილებს.

 

ანტისტროფი მესამე

საქორწინო სარეცლის ორო ნეფევ, მოკვდავად შობილო და [800] ზევს, რომელიც მობრძანდი საქორწინოდ პერსევსის შთამომავალ პატარძალთან[27]; ამ ქორწინების ნამდვილობა, ზევს, გასულ დღეებში განმტკიცდა ყველა მოლოდინის მიუხედავად. დრომ დაადასტურა ჰერაკლესის ძალის ელვარება; იგი ამოვიდა მიწისქვეშა მღვიმეებიდან და ქვემოთ დატოვა პლუტონის დარბაზები. შენ ჩემთვის უფრო მძლავრი მბრძანებელი ხარ, [810] ვიდრე ის საძაგელი წარმოშობის მეფე, რომელიც ცხადად დაინახავდა მეომრებს შორის ბრძოლაში, დარჩა თუ არა სამართლიანობას გასავალი ღმერ­თებში.

 

მეოთხე ეპისოდიონი

 

ზემოთ ჩნდებიან ლისა, შეშლილობის ქალღმერთი და ღმერთების შიკრიკი ირისი. გუნდი მათ ხედავს.

 

კორიფაიოსი. ჰეი, ჰეი! ხედავთ იქ, ბერიკაცებო, ველური შიში დაგვეცა თავს, რა აჩრდილია, სახლის თავზე რომ ვხედავ? გავიქცეთ, გავიქცეთ, ზანტი ფეხი გაანძრიე, მოშორდი აქაურობას! [820] მეუფე პაიან[28], მაშორე ეს უბედურება!

ირისი. გამაგრდით, ბერიკაცებო! ეს ქალი, აქ რომ ხედავთ, გახლავთ ღამის ქალიშვილი ლისა, მე კი ღმერთების მოახლე ირისი ვარ. ქალაქს არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, მხოლოდ ერთ კაცსა და მის ოჯახს ვეომებით, რომელსაც ზევსისა და ალკმენეს ძედ იხმობენ. რადგან სანამ დაასრულებდა თავის მძიმე გმირობებს, ბედი იცავდა და მამა ზევსი ნებას არ გვრთავდა არც ჰერას, არც მე რამე დაგვეშავებინა მისთვის. [830] მაგრამ ახლა, როდესაც ევრისთევსის დავალებებს მორჩა, ჰერას სურს შებღალოს იგი დანაშაულით, მშობლიური სისხლის დაღვრით, სურს, საკუთარი შვილები დაახოცინოს და მეც ეს მსურს. ახლა მიდი, შავი ღამის გაუთხოვარო ქალწულო, დაუნდობლად გაიმხეცე გული, სიგიჟე მიუვლინე ამ ადამიანს, შეშლილს შვილები გააჟლეტინე, ტვინი აუმღვრიე და ფეხები აუცახცახე, გააშმაგე, აუშვი სიგიჟის იალქნები, რომ თავისი მკვლელი ხელით ჩააბაროს აქერონის ნავს ბავშვების ეს მშვენიერი გვირგვინი. [840] გაიგოს, რამოდენაა მის წინააღმდეგ ჰერას მრისხანება და ჩემიც გამოსცადოს; თუ ის გაექცევა სასჯელს, ღმერთები იქნებიან არაფერი და მოკვდანი ყველაფერი[29].

ლისა. კეთილშობილი მამისგან და დედისგან ვიშვი, ღამისგან და ურანოსის სახლიდან; და მე მაკისრია ეს მოვალეობა. არ მინდა, მივმართო იგი მეგობრების მიმართ, არანაირად არ მახარებს, ადამიანთა სახლებს თუ უნდა ვეწვიო; ამიტომ მინდა ჰერას მივცე რჩევა, სანამ იგი მძიმედ შეცდება და შენაც, თუკი ჩემს სიტყვას დაუჯერებ. ეს კაცი, რომლის სახლშიც მე მაგზავნით, უცნობი არ არის არც მიწაზე და [850] არც ღმერთებისთვის; მან აითვისა გაუვალი მიწა და აბობოქრებული ზღვა, მან ერთმა აღადგინა ღმერთების პატივისცემა, უღირსი კაცების მიერ შელახული. […] ამიტომ გირჩევ, ნუ უსურვებთ მას ბოროტებასა და უბედურებას.

ირისი. შენი შენიშვნა არ სჭირდება ჰერასა და ჩემს ჩანაფიქრებს.

ლისა. მინდა დაგანახო უკეთესი გზა და ბოროტ გზას აგაცილო.

ირისი. აქ ჭკუის დასარიგებლად არ გამოუგზავნიხარ ზევსის მეუღლეს.

ლისა. ჰელიოსს ვიმოწმებ, რომ იმას ვაკეთებ, რის გაკეთებაც არ მსურს;  მაგრამ მე უყოყმანოდ უნდა დაგემორჩილოთ ჰერასაც და შენც [860] და გამოგყვე, როგორც ძაღლები მიჰყვებიან მონადირეს, მაშ, მივდივარ: ვერც ოკეანოსი თავისი მძვინვარედ მოგუგუნე ტალღებით, ვერც მიწისძვრა, ვერც ელვა სულთმობრძაობის აფეთქებით ვერ შეედრება იმ დაუოკებელ იერიშს, რომლითაც ჰერაკლესის გულში შევიჭრები; ჭერიდან დავაცხრები თავს მის სახლს, უპირველესად ბავშვებს დავღუპავ; მათ მკვლელს არ ეცოდინება, რომ კლავს თავისსავე ჩასახულ შვილებს, სანამ არ გამოვიყვან შეშლილობიდან. ახლა უყურეთ, როგორ ველურად აქანებს თავს და თვალებს აბრიალებს და აქეთ-იქით ატრიალებს უსიტყვოდ; როგორ ვერ აკავებს მოცახცახე სუნთქვას, როგორც საშინელი ხარი, თავდასხმას რომ აპირებს. ბღავის, [870] უხმობს ქვესკნელის ქალღმერთებს, ტარტაროსის კერებს. მალე კიდევ უფრო ველურ ცეკვას დაგაწყებინებ და ძრწოლის ბგერას ჩაგიდებ ყურში. წადი, ირის, ოლიმპოსისკენ გასწი კეთილშობილი გზით. მე კი, უხილავი, შევიპარები ჰერაკლესის დარბაზებში.

 

ირისი და ლისა ქრებიან.

 

გუნდი. ვაიმე, ვაიმე! იტირეთ; ზევსის ძე, შენი ქალაქის ყვავილი, მოწყვეტილია. ვაი საბერძნეთს! გეკარგება შენი კეთილისმყოფელი, ისპობა იგი, უკვე ცეკვავს ლისას სიგიჟის სალამურის ხმაზე. [880] შედგა თავის ეტლზე, კვნესის დედოფალი, დაქრიან მისი ცხენები, ემზადება თავდასხმისთვის, ღამის ასული, ასი გველის თავი უსისისნებს თვალებანთებულ ლისას. ღმერთმა მალე შეცვალა ბედი უბედობით, მალე მამა საკუთარი ხელით ბავშვებს სულს ამოხდის.

ამფიტრიონი. (შიგნიდან) ვაი მე უბედურს! უსამართლო შურისძიება!

გუნდი. აჰ, ზევს! გაშმაგებული, უმი ხორცის მჭამელი, უსამართლო შურისძიება შენს შვილს მალე უშვილოდ აქცევს და [890] უბედურებაში ჩააგდებს.

ამფიტრიონი. (შიგნიდან) ვაი ჭერო!

გუნდი. იწყება ცეკვა დოლის გარეშე, ბრომიოსის საყვარელი კვერთხის გარეშე.

ამფიტრიონი. ვაიმე სახლო!

გუნდი. სისხლს დაღვრის და არა დიონისოსის ყურძნის წვენის ზედაშეს.

ამფიტრიონი. (შიგნიდან) გაიქეცით, ბავშვებო, თავს უშველეთ!

გუნდი. ეს სიკვდილის ხმაა, სიკვდილის, სალამურის კი არა! დარბის, ბავშვებზე ნადირობს! ლისა უნაყოფოდ არასოდეს არ აწყობს სახლში ბაკქოსის მისტერიებს.

ამფიტრიონი. [900] (შიგნიდან) ვაი, უბედურება!

გუნდი. ვაი! დავტირი ამ მოხუც მამას, ამ დედას, ბავშვების გამზრდელს, რომელმაც ამაოდ შვა შვილები.

კორიფაიოსი. უყურე, უყურე! ქარიშხალი, ჭერი ჩამოიქცა!

ჰერაკლესი. (შიგნიდან) ჰეი ჰეი! რას უშვრები, ზევსის ასულო, სახლს? ტარტაროსულ ნგრევას უგზავნი სასახლეს, როგორც ოდესღაც ეს გაუკეთე ენკელადოსს, პალას!

 

სასახლიდან გამოდის მაცნე.

 

მაცნე. თეთრთმიანო მოხუცო…

გუნდი. რატომ მომიხმობ [910] ამ ხმაზე?

მაცნე. საშინელებაა სასახლეში.

გუნდი. მისანიც არაა საჭირო!

მაცნე. დახოცა ბავშვები!

გუნდი. ვაიმე!

მაცნე. იტირეთ, გოდება გმართებთ!

გუნდი. სასტიკი მკვლელი, მტარვალი მამის ხელები!

მაცნე. ვერავინ აღწერს ჩვენს უბედურებას.

გუნდი. როგორ აღგვიწერ მამისგან განწირული ბავშვების სატირალ ბედს, ბედს? გვითხარი, ღმერთებიდან გამოგზავნილი განსაცდელი როგორ დაატყდა [920] სახლს თავს და გააცამტვერა; თქვი, საბრალო ბავშვები როგორ შეხვდნენ ბედისწერას?

მაცნე. სახლის განსაწმენდელი მსხვერპლი თავმოყრილი იყო ზევსის საკურთხეველთან, რადგან ჰერაკლესმა მოკლა და სასახლიდან მოისროლა ამ მიწის მეფე. ბავშვების, მამამისისა და მეგარას მშვენიერი გუნდი იდგა იქ. კალათმა უკვე შემოუარა საკურთხეველს[30] და ჩვენ ვიცავდით ღვთისმოსავ დუმილს; მაგრამ როგორც კი მარჯვენა ხელით აიღო ჩირაღდანი, რომ წმინდა წყალში ჩაეყო, ალკმენეს ვაჟი [930] უსიტყვოდ შეჩერდა. მამა რომ შეყოვნდა, ბავშვებმა შეხედეს მას; ის უკვე ის აღარ იყო, სისხლით ჩაწითლებულ თვალებს ატრიალებდა, ბუდიდან კინაღამ ამოუვარდა, წვერზე კი ქაფი მოადგა. ბოლოს ხმა ამოიღო და გიჟური სიცილით გაიცინა: „მამა, რატომ ავანთო ევრისთევსის მოკვლამდე განმწმენდი ცეცხლი, ორჯერ რატომ გავირჯე? როდესაც შემიძლია ორივე ერთი ხელის დაკვრით ერთბაშად გადავწყვიტო? როდესაც აქ მოვიტან ევრისთევსის თავს, [940] ორი მკვლელობისთვის ერთად განვიწმენდ ხელებს. გადაასხით წყალი, ხელიდან გაუშვით კალათს. ვინ მომცემს მშვილდს? ვინ მომცემს კომბალს? მიკენში მივდივარ, საჭიროა, ხელი დავავლოთ ძალაყინებსა და წერაქვებს, რათა ისევ დავამსხვრიო რკინის წერაყინით ქალაქის კედლები, რომლებსაც კიკლოპებმა მეწამული სამართითა და უროთი საძირკველი ჩაუყარეს. და წავიდა ასე, ეტლი არ ჰყავდა, მაგრამ ეგონა, რომ ჰყავდა; მასზე თითქოს ავიდა, თითქოს დაჯდა და წკეპლა ისე მოიქნია, თითქოს ხელში მართლა ეჭირა. [950] ორმაგმა გრძნობამ, სიცილმა და ძრწოლამ ერთდროულად შეიპყრო მსახურები. ერთმანეთს გადახედეს და ერთმა თქვა: „გვეთამაშება ბატონი თუ შეიშალა?“ დაიწყო სასახლეში ზევით-ქვევით სირბილი, კაცების ნახევრის შუაგულში დადგა და გამოგვიცხადა, ნისოსის[31] ქალაქში ჩავედიო. შევიდა თუ არა სახლში, იატაკზე წამოწვა, როგორც იყო, მოემზადა ლხინისთვის. ცოტა მოისვენა და შემდეგ დაიწყო ისევ სიარული სახლში და განაცხადა, ისთმოსის ტყიან ხეობაში ჩავედიო. შემდეგ, ეგონა, რომ ისთმოსურ თამაშებში მონაწილეობდა, გაიხადა ტანზე [960] და დაიწყო ჭიდაობა მეტოქესთან, რომელიც არ არსებობდა და საკუთარი თავი მაცნის დაყენებული ხმით გამარჯვებულად გამოუცხადა მაყურებლებს, რომელიც არ იყო. შემდეგ სასტიკი მუქარის სიტყვები შეუთვალა ევრისთევსს მიკენიდან, სადაც ეგონა, რომ იყო. მამამისი მის მაგარ მარჯვენას შეეხო და უთხრა: „შვილო, რა მოგდის? რა უცნაურობებს ჩადიხარ? იქნებ შენი ბოლო მსხვერპლის სისხლმა დაგიბნელა გონება?“ მან კი ჩათვალა, რომ მამამისი ევრისთევსის მამა იყო და იმიტომ ეხებოდა, რომ ევრისთევსის გადარჩენას სთხოვდა; ამიტომ ის მოიცილა. შემდეგ კი ისარი აიღო, მშვილდი მოზიდა და [970] საკუთარ შვილებს დაერია მოსაკლავად, რადგან ისინი ევრისთევსის შვილები ეგონა. ისინი, დაზაფრულები, აქეთ-იქით გარბოდნენ, ერთი დედის კალთას ჩაეჭიდა, მეორე სვეტის ჩრდილს ამოეფარა, მესამე კი საკურთხევლის ქვეშ ჩიტივით შეიყუჟა. მაშინ მათმა დედამ დაიყვირა: „რას შვრები, მშობელო? ბავშვებს კლავ?“ ბერიკაცი და მსახურების ბრბოც ყვიროდა. ის კი სვეტის ირგვლივ დასდევდა ბავშვს, ეს იყო საზარელი ტრიალი და როდესაც პირისპირ გაუსწორდა, [980] შიგ გულში[32] ესროლა. ბავშვი ზურგზე დაეცა, მოთხვარა სისხლით ქვის სვეტი და სული ამოხდა. მამამისმა კი გამარჯვების ყიჟინა დასცა და ხმამაღლა დაიქადნა: „ევრისთევსის ერთი ბარტყი აგერ კვდება, სამაგიერო ზღო მამამისის ჩემს მიმართ ბოროტებისთვის!“ შემდეგ მშვილდი მიმართა მეორე შვილისკენ, რომელიც მიწაზე იყო განრთხმული საკურთხევლის ძირში; ეგონა, მკვლელი ვერ დაინახავდა და მას დაუძვრებოდა. სანამ ესროდა, საბრალო ბავშვი მუხლებში ჩაუვარდა მამას, ხელი გაიწვდინა, მის წვერს ან კისერს რომ მიწვდენოდა და დაუყვირა: „ო, მომისმინე, უსაყვარლესო მამა, არ მომკლა! მე შენი შვილი ვარ, შენი საკუთარი, ევრისთევსის შვილს არ კლავ ახლა.“ [990] იგი ავად მზირალი გორგოს მზერით მობრუნდა, რადგან ბავშვი ახლოს ედგა და მშვილდს ვერ იხმარდა, თავი დაულეწა, როგორც მჭედელი უტყამს გამეტებით უროს, ასე დასცა თავისი კომბალი ოქროსთმიან ბიჭუნას და დაუმსხვრია თავის ქალა. ისევ  დაიძრა, რომ მესამე მსხვერპლიც შემატებინა ამ ორისათვის. მაგრამ სანამ ამას მოახერხებდა, საბრალო დედამ ხელი დაავლო შვილს, ოთახში შევარდა და წინ ყველა კარი ჩარაზა. მაშინ მან წარმოიდგინა, რომ მის წინ მართლაც კიკლოპების გალავანი იყო, კარის ქვეშ ამოთხარა წერაქვით, ამოაგდო კარები ჩარჩოიანად [1000] და ერთი ისრით განგმირა ორივე, მეუღლეც და ბავშვიც. მერე ველური სვლით მამამისის მოსაკლავად გაიწია; სწორედ მაშინ გამოჩნდა აჩრდილი, როგორც ჩვენ მივხვდით, ვინც ვუყურებდით, ეს პალასის აჩრილი იყო, თავზე ჯიღიანი მუზარადი ეხურა და ფარს არხევდა. ლოდი ესროლა პირდაპირ მკერდში ჰერაკლესს, რომელმაც მკვლელობის წყურვილის შეშლილობა ჩაუცხრო და ძილქუში მოუვლინა. მიწაზე დაეცა და ზურგით მიეყრდნო ერთ-ერთ სვეტს, რომელიც წაიქცა და ორად გატყდა, როდესაც სახურავი ჩამოიქცა. [1010] ამან მოგვცა საშუალება, მოგვეკრიფა ძალა; დავეხმარეთ მამამისს და შევკარით კაცი, თოკის კარგად შეკრული კვანძებით სვეტს მივაბით, რომ გაღვიძებულმა ახალი უბედურება არ დაგვატეხოს თავს. უბედურს სძინავს არა ბედნიერი ძილით, სძინავს ბავშვებისა და მეუღლის მკვლელს. მე კი არავინ მეგულება მოკვდავთაგან მასზე უფრო უბედური.

 

მაცნე გადის.

 

გუნდი. საბერძნეთში ჩადენილი ყველაზე დაუჯერებელი და ყველაზე ცნობილი იყო მკვლელობა, რომელიც არგოსის კლდეს ახსოვს, რაც დანაოსის ქალიშვილებმა ჩაიდინეს, მაგრამ ამან გადააჭარბა, [1020] გადაასწრო მაშინდელ უბედურებას… ვაი ზევსის უბედურ ძეს! შემიძლია ვახსენო პროკნეს მიერ ჩადენილი მხოლოდშობილი ძის მკვლელობა და მუზებისთვის შეწირვა; შენ კი სამი შვილი გყავდა, უბედურო მშობელო და შენს სიგიჟეში სამივე მოკალი. ვაი! რა კვნესა, რა მოთქმა, რა სამგლოვიარო დატირება, რა სიკვდილის ცეკვა წამოვიწყო? ვაი, ვაი! უყურეთ, მაღალი სასახლის [1030] ჩარაზული კარი გაიღო. ვაიმე! შეხედე უბედურ ბავშვებს[33], ისინი წვანან მათი უბედური მამის წინ, მას კი სძინავს საშინელი ძილით მათი სისხლის დაღვრის შემდეგ. ირგვლივ შემოხვეული აქვს ხუნდები და თოკი, სახელდახელოდ შეკრული კვანძები ჰერაკლესის სხეულის ირგვლივ, რომელიც მიბმულია მისი სასახლის ქვის სვეტზე.

 

ექსოდოსი

 

წინა სცენაზე ჩანს სვეტზე მიბმული მძინარე ჰერაკლესი. იქვე ყრია მშვილდი, კაპარჭი და მიმობნეულია ისრები. ჩანს მეგარასა და სამი ბავშვის ცხედრები. სცენის სიღრმეშია ამფიტრიონი.

 

კორიფაიოსი. ამფიტრიონი უფრთო ჩიტივით დასტირის [1040] თავის დაუფრთიანებელ ბუდობას, აჩქარებული მოდის აქეთ მოხუცი, მერყევი ნაბიჯით მოყვება თავის მწარე ხვედრს.

ამფიტრიონი. კადმოსელო ბერიკაცებო, ჩუმად, ჩუმად, იყოს, ეძინოს, დაივიწყოს თავისი დარდი.

გუნდი. შენ გგლოვობ და დაგტირი, მოხუცო, ბავშვებსა და ამ გამარჯვებულ კაცს.

ამფიტრიონი. უკან დაიხიეთ, ნუ ყვირიხართ, ნუ ხმაურობთ, ნუ გამოაღვიძებთ [1050] ღრმა ძილიდან.

გუნდი. ვაიმე, ეს სისხლი…

ამფიტრიონი. ეჰ, ეჰ! დამღუპავთ.

გუნდი. …დაღვრილი ამოდის მის წინააღმდეგ.

ამფიტრიონი. ჩუმად იგლოვეთ, ბერიკაცებო! თორემ გაიღვიძებს, დაწყვეტს ამ თოკებს, გაანადგუ­რებს ქალაქს, მამასაც მოკლავს და დააქცევს სასახლეს.

გუნდი. არ შემიძლია! არ შემიძლია!

ამფიტრიონი. გაჩუმდით, სუნთქვას შევუმოწმებ; [1060] მოდი, ყურს დავადებ.

გუნდი. სძინავს?

ამფიტრიონი. დიახ, სძინავს, მაგრამ რა ძილით! მკვლელის ძილით: ცოლი და შვილები ამოხოცა თავისი მოზუზუნე მშვილდით.

გუნდი. იგლოვე ახლა.

ამფიტრიონ. ვგლოვობ.

გუნდი. ბავშვების დაღუპვა…

ამფიტრიონი. ვაიმე!

გუნდი. …და შენი შვილის უბედურება.

ამფიტრიონი. ვაი!

გუნდი. მოხუცო…

ამფიტრიონი. ჩუმად, ჩუმად! შეტრიალდა! იღვიძებს! [1070] მე წავალ და დავიმალები სასახლეში!

გუნდი. ნუ გეშინია! ღამემ ისევ მიულულა თვალი შენს შვილს.

ამფიტრიონი. უყურეთ, უყურეთ! სიკვდილის კი არ მეშინია ამდენი უბედურების შემდეგ, მე გაჭირვებულს! მაგრამ მამას თუ მოკლავს, მაშინ ერთ უბედურებას მეორეს მიუმატებს და თავის ერინისებს მამისმკვლელზე შურისძიებასაც დაუმატებს.

გუნდი. მაშ შენ უნდა მომკვდარიყავი იმ დღეს, როდესაც შენი ცოლისთვის შურის საძიებლად წახვედი მისი მკვლელი ძმების დასახოცად და [1080] ტაფოსელების[34] ზღვით განბანილი ქალაქის დასაქცევად.

ამფიტრიონი. გავიქცეთ, გავიქცეთ, ბებრებო, შორს, შორს სასალიდან, გადავურჩეთ მის მძვინ­ვა­რებას. გავიქცეთ, თორემ ის ახალ მკვლელობებს მიუმატებს ძველებს და მძვინვარება კადმოსის მთელ ქალაქს მოიცავს.

კორიფაიოსი. ო ზევს, რატომ მოიძულე ასე ველურად საკუთარი ვაჟი და რატომ ჩააგდე იგი ამ განსაცდელის ზღვაში?

ჰერაკლესი. (იღვიძებს) აჰ! ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, თვალებიც ხედავენ, რასაც უნდა ხედავდნენ, [1090] ცას, მიწასა და სხივების მომფენ მზეს; მაგრამ სული მორევსა და მღელვარებაშია… დავეცი და ცხელი სუნთქვით ვსუნთქავ, ძლივს ამოდის ჰაერი ფილტვებიდან. ეს რაა? რატომ ვწევარ აქ, ჩემი მძლავრი მკერდი და საჭურველი რატომაა გემივით მიბმული ნახევრად დამსხვრეულ ქვის სვეტზე მეზობელ სხეულებთან ერთად? რატომაა იატაკზე დაყრილი ჩემი მშვილდი და ისრები, ჩემი მარჯვენის ერთგული მეგობრები? [1100] ეს ისრები მიცავდნენ მე და მეც მათ არ უნდა ვიცავდე საგულდაგულოდ? ხელმეორედ ხომ არ ჩავედი ჰადესში, როცა ახლახან დავბრუნდი იქიდან ევრისთევსთან? ჰადესში? საიდან? მაგრამ სისიფოსის კლდეს ვერ ვხედავ, პლუტონსაც, ვერც დემეტერის ასულის კვერთხს. აშკარად დაბნეული ვარ, სად ვარ ასე უიმედო? ეი, მანდ! რომელიმე ჩემი მეგობარი არ არის ახლო-მახლო, რომ ამ არცოდნიდან გამომიყვანოს? რადგან ჩვეული საგნების ცხადი ცოდნა არ გამაჩნია.

ამფიტრიონი. ბერიკაცებო, მივუახლოვდე ჩემი გლოვის ადგილს?

კორიფაიოსი. [1110] დიახ და ნება მომეცი, მეც წამოვიდე, არ მიგატოვო განსაცდელში.

ჰერაკლესი. მამა, რა გატირებს და რატომ მარიდებ თვალებს, შორს რატომ დგახარ შენი საყვარელი შვილისგან?

ამფიტრიონი. ო, შვილო, რადგან ცუდად რომ ხარ, მაშინაც ჩემი შვილი ხარ!

ჰერაკლესი. რატომ, ასეთი რა მჭირს, ასე რომ ტირი?

ამფიტრიონი. თვითონ ღმერთიც, თუ გაიგებდა, იტირებდა.

ჰერაკლესი. დიდი სიტყვებია, მაგრამ რა მოხდა, არ ამბობ.

ამფიტრიონი. თვითონაც ხედავ, თუ დაგიბრუნდა უკვე გონება.

ჰერაკლესი. მითხარი, რამე ახალი ემუქრება ჩემს სიცოცხლეს?

ამფიტრიონი. თუ ჰადესის ავი სული აღარა ხარ, გეტყვი.

ჰერაკლესი. [1020] ვაიმე, ისევ საეჭვო და ნართაული ლაპარაკი!

ამფიტრიონი. ჯერაც ვამოწმებ, საღად აზროვნებ თუ ვერა.

ჰერაკლესი. არაფერი არ მახსოვს, შეშლილი თუ ვიყავი.

ამფიტრიონი. შევხსნა ბორკილები, ბერიკაცებო, ჩემს შვილს? თუ რა ვქნა?

ჰერაკლესი. შემხსენი და ვინ შემკრა, მითხარი! რა სამარცხვინოა!

ამფიტრიონი. ეს იცოდე შენს სიავეთაგან, დანარჩენი დაივიწყე.

ჰერაკლესი. სიჩუმე მიშველის, გავიგო, რაც მინდა?

ამფიტრიონი. ო, ზევს, ხედავ ამ ამბებს ჰერას ტახტიდან?

ჰერაკლესი. როგორ! რამე მომივიდა მისი მტრობის გამო?

ამფიტრიონი. შეეშვი ქალღმერთს, საკუთარ უბედურებას მოუბრუნდი.

ჰერაკლესი. [1030] დავიღუპე; რაღაც საშინელების თქმას მიპირებ!

ამფიტრიონი.  შეხედე აქ შენი შვილების ცხედრებს.

ჰერაკლესი. ვაიმე, ეს რა საზარელ სანახაობას ვუყურებ უბედური?

ამფიტრიონი. შენ გქონდა ომი, რომელიც არ იყო ომი, საკუთარ შვილებთან.

ჰერაკლესი. რა ომზე ამბობ? ესენი ვინ დახოცა?

ამფიტრიონი. შენ, შენი მშვილდი და რომელიღაც ღმერთი ხართ ამის მიზეზი.

ჰერაკლესი. რას ამბობ? რა ვქენი? რა სიავის მაცნე ხარ, მამა!

ამფიტრიონი. შეშლილი იყავი, ესაა მწარე პასუხი შენი შეკითხვის.

ჰერაკლესი. და ჩემი ცოლის მკვლელიც მე ვარ?

ამფიტრიონი. ყველაფერი ეს მხოლოდ შენი ნახელავია.

ჰერაკლესი. [1140] ვაი! ოხვრის ღრუბელი გადამეფარა.

ამფიტრიონი. ამის გამო დავსტირი შენს ბედს.

ჰერაკლესი. და ჩემი სახლი? ჩემი სახლიც მე დავაქციე?

ამფიტრიონი. არ ვიცი არაფერი იმის გარდა, რომ შენი ცხოვრება შენ დააქციე.

ჰერაკლესი. სად ავიკიდე ეს შეშლილობა? სად დავიღუპე?

ამფიტრიონი. შენ ხელებს განიწმენდდი საკურთხევლის ცეცხლზე.

ჰერაკლესი. ვაიმე! რატომ დავინდე საკუთარი სიცოცხლე, თუკი მე თვითონ გავხდი საკუთარი შვილების მკვლელი? არ უნდა გადმოვხტე ახლა რომელიმე ციცაბო კლდიდან, ან არ უნდა დავიცე  გულში მახვილი, რომ ვზღო ჩადენილისთვის? [1150] არ უნდა დავაგდო კოცონზე ეს სხეული, რომელიც შეშლილი იყო? არ უნდა ავაცილო ასე ჩემს სიცოცხლეს ეს სირცხვილი, რომელიც ახლა მელოდება? მაგრამ ახლა თესევსს ვხედავ, ჩემი სასიკვდილო სურვილების შეფერხებას, რომელიც მოდის, ჩემი ნათესავი და მეგობარი. მე ახლა უნდა ვიდგე გამოაშკარავებული და ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა უნდა ნახოს სიბილწე, რაც თავს დავაწიე საკუთარი შვილების მოკვლით. ვაიმე, რა ვქნა? სად ვიპოვო ბოროტების უდაბნო? ავფრინდე თუ მიწაში ჩავძვრე? მოდი თავი შევაფარო წყვდიადს! (სახეზე სამოსს იფარებს).  [1160] რადგან მრცხვენია იმ ბოროტებისა, რაც ჩავიდინე; რა რაკი მე თავს დავაწიე ეს ახალი სისხლი და დანაშაული, არ მინდა, დავაზიანო უცოდველი კაცი.

 

შემოდის თესევსი და მისი ამალა.

 

თესევსი. (ამფიტრიონს) მოვედი სხვებთან ერთად, ახალგაზრდა მეომრები ჩამოვიყვანე ათენის მიწიდან, დავბანაკდით ასოპოსის ნაკადთან; გვინდა, როგორც მეგობრები, ბრძოლაში შევეხიდოთ შენს ვაჟკაცს, მოხუცო. ამბავი ჩამოვიდა ერექთეიდესების ქალაქში, რომ ლიკოსმა ამ მიწის კვერთხი დაიპყრო და ომი წამოიწყო თქვენს წინააღმდეგ. აქ მოვედი, რომ სამაგიერო პატივი მივაგო ჰერაკლესს, [1170] რომელმაც ქვესკნელიდან ამომიყვანა და მიხსნა. თუ რამ გჭირდება, ჩემი ხელი ან ლაშქარი, მოხუცო, მე აქ ვარ, როგორც მოკავშირე[35]. (დაინახავს ცხედრებს) აჰ! რატომაა ცხედრების გროვა იატაკზე? ნუთუ ძალიან დავაგვიანე? დავაგვიანე და ვერ გავაჩერე ეს ახალი უბედურება? ვინ დახოცა ეს ბავშვები? ვის მეუღლეს ვხედავ აქ? არა, ბავშვებს ომში ვინ გაუშვებდა? ეს აშკარად კიდევ სხვა უბედურებაა, რომელიც მე აღმოვაჩინე.

მომდევნო დიალოგში თესევსის დასმულ შეკითხვებს ამფიტრიონი სიმღერით უპასუხებს.

ამფიტრიონი. ზეთისხილიანი ბორცვის[36] მფლობელო მეფევ!

თესევსი. რაში გჭირდება ასეთი საბრალო მომართვა ჩემდამი?

ამფიტრიონი. [1180] ღმერთებმა მწუხარე ტანჯვა მოგვივლინეს.

თესევსი. ვისია ეს ბავშვები, რომლებსაც დასტირი?

ამფიტრიონი. ჩემი საკუთარი შვილის ბავშვებია, ვაი მაგათ! ისაა მამა მათი და ყასაბი მათი, შვა და დახოცვაც გაბედა.

თესევსი. ჩუმად, ნუ მკრეხელობ!

ამფიტრიონი. ვისურვებდი, შემძლებოდა.

თესევსი. საშინელებას ამბობ.

ამფიტრიონი. დავიღუპეთ, დავიღუპეთ, დავსრულდით!

თესევსი. რას ამბობ? რა ჰქნა?

ამფიტრიონი. სიგიჟის შეტევით შეპყრობილმა [1190] ასთავიანი ჰიდრის შხამში ამოვლებული ისრებით.

თესევსი. ეს ჰერას ნახელავია; ის ვინ წევს მკვდრებში, მოხუცო?

ამფიტრიონი. ჩემი შვილი. ჩემი მეომარი შვილი! ჩემი მრავალტანჯული შვილი, რომელიც ოდესღაც ღმერთებთან ერთად ფლეგრის ველზე ებრძოდა გიგასებს და დახოცა ისინი.

თესევსი. აჰ! ვინ ყოფილა ბედით მასავით დაწყევლილი?

ამფიტრიონი. მეორე მოკვდავს ვერ იპოვი, ვინც ასე დაიჩაგრა და ასე დაიტანჯა.

თესევსი. და უბედურს სამოსით რატომ დაუფარავს თავი?

ამფიტრიონი. შენ თვალს ემალება, რცხვენია; [1200] მისი ნათესავის მზერამ და ბავშვების სისხლმა დააბნია.

თესევსი. მე თანაგრძნობისთვის მოვედი, მოხსენით საფარი!

ამფიტრიონი. შვილო, გადაიძვრე ეგ სამოსი თვალებიდან, მოიშორე, გამოუჩინე შენი სახე მზეს. ძნელი საქმეა, კაცი ცრემლებს რომ მოერიოს. გევედრები, შენს წვერს ვეხები, შენს მუხლებს ვეხები, შენს ხელებს ვეხები! [1210] ცრემლიც მდის ბებერი თვალებიდან. ო ჩემო შვილო! დაიცხრე ლომის მაგვარი ხასიათი, მას მიჰყავხარ უწმინდური სისხლისღვრის მიმართულებით, გამატებინებს უბედურებას უბედურებისთვის!

თესევსი. კმარა! შენ მოგიხმობ, აქ რომ წევხარ და უბედურებაში ხარ ჩაძირული, გამოუჩინე შენს მეგობრებს შენი სახე. არ არსებობს ისე ბნელი წყვდიადი, რომ დამალოს შენი მწუხარე უიღბლობა! რატომ იწვდენ ხელს და მაჩვენებ მკვლელობას? გეშინია, რომ სიტყვას თუ მეტყვი, მე შენი ცოდვებით დავისვრები? [1220] თუ შენს უბედურებას გავიზიარებ, მე ცუდი რა მომივა? ერთხელ ხომ ბედს ვეწიე შენთან ერთად! მე ვგულისხმობ იმ დროს, როდესაც შენ მე უვნებელი ამომიყვანე მკვდართა საუფლოდან სიცოცხლის სინათლეში. მძულს ის მეგობარი, რომელსაც უძველდება მადლიერება; ისეთი მეგობარი, რომელიც მეგობრის ლხინში მხიარულია, მაგრამ ჭირში არ სურს მწუხარების გემით გაცუროს მასთან ერთად. წამოდექი, გადაიძვრე თავზე ეგ სამოსი, უბედურო, შემოგვხედე. მოკვდავთაგან ვინც კეთილშობილია, ღმერთების დარტყმებს უძლებს და არ უაყოფს მათ.

 

თესევსი ჰერაკლესს სამოსს გადახდის. ჰერაკლესი ფეხზე დგება.

 

ჰერაკლესი. თესევს, ნახე ჩემი ომი ჩემს შვილებთან?

თესევსი. [1230] მოვისმინე და ახლა ვხედავ, რა უბედურებასაც გულისხმობ.

ჰერაკლესი. მაშ რისთვის გამოუჩინე ჩემი თავი ჰელიოსს?

თესევსი. როგორ თუ რისთვის? შენ, მოკვდავი, ვერ დასვრი ღმერთებს.

ჰერაკლესი. გაექეცი, უბედურო, ჩემს უწმინდურ სიბილწეს.

თესევსი. შურისძიების სული მეგობრიდან მეგობარზე არ გადადის.

ჰერაკლესი. ამისთვის გმადლობ; არ ვნანობ, სიკეთე რომ გამიკეთებია შენთვის.

თესევსი. მე კი იმ სიკეთის გამო, რაც შენგან მიმიღია, თანაგიგრძნობ ახლა.

ჰერაკლესი. დიდი თანაგრძნობა მჭირდება ბავშვების დამხოცველს.

თესევსი. ვგლოვობ შენს ახალ უბედურებას.

ჰერაკლესი. სხვა ვინმე გინახავს ამაზე დიდ გასაჭირში?

თესევსი. [1240] შენი უბედურება ცამდეა ასული.

ჰერაკლესი. ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, მოვკვდე.

თესევსი. ნუთუ გგონია, რომ ღმერთები უსმენენ შენს ამ მუქარას?

ჰერაკლესი. ღმერთი უმოწყალო იყო ჩემს მიმართ, მეც იგივე ვიქნები ღმერთისთვის.

თესევსი. დადუმდი, ეს ლაპარაკი განსაცდელს მოგიმატებს.

ჰერაკლესი. უბედურებით გადატვირთულია ჩემი ხომალდი, ადგილი არაა ახლის დასამატებლად.

თესევსი. და რას გააკეთებ? სად მიჰყავხარ მძვინვარებას?

ჰერაკლესი. მოვკვდები და საიდანაც მოვედი, ისევ იქ, ქვესკნელში, დავბრუნდები.

თესევსი. ჩვეულებრივი ადამიანივით ლაპარაკობ.

ჰერაკლესი. შენი რჩევა კი მწუხარების უნახავი კაცის სიტყვას ჰგავს.

თესევსი. [1250] ამდენი ჭირის გადამტანი ჰერაკლესი ამბობ ამას?

ჰერაკლესი. მაგრამ ასეთის არა, გამძლეობასაც ჰქონია საზღვარი.

თესევსი. ესაა მოკვდავთა კეთილისმყოფელი და დიდი მეგობარი?

ჰერაკლესი. მოკვდავები ვერ მიშველიან, ჰერა მბრძანებლობს.

თესევსი. საბერძნეთი არასოდეს არ დაუშვებს, რომ ასე უაზროდ მოკვდე.

ჰერაკლესი. მაშ, ახლა მისმინე, შემიძლია, სიტყვით შევედავო შენს რჩევას; მე აგიხსნი, რატომ გახდა ჩემი სიცოცხლე ახლაც და რატომ იყო ადრეც შეუძლებელი. უპირველეს ყოვლისა, მე ვარ შვილი კაცისა, რომელმაც სისხლი დაღვარა, დანაშაული ჩაიდინა, სანამ დედაჩემს, ალკმენეს, ცოლად მოიყვანდა, [1260] მოუკლა მას მოხუცი მამა. რაკი საფუძველი მოდგმისა არაა სწორად ჩაყრილი, მთელ შემდეგ თაობებსაც დაწყევლილი ცხოვრება ელის. და ზევსმაც, ვინც უნდა იყოს ეს ზევსი, მე ჩამსახა, როგორც ჰერას მტერი. შენ ნუ ღელავ, ბერიკაცო, რადგან ზევსს კი არა, სწორედ შენ მიგიჩნევ ნამდვილ მამად. შემდეგ, ძუძუს რომ ვწოვდი, საზარელი გველები მომიგზავნა აკვანში ზევსის თანამეცხედრემ, რომ მოვეკალი. ახალგაზრდობაში ხორცი რომ შევისხი, [1270] უამრავი გმირობა ჩავიდინე, რა საჭიროა მოყოლა? რატომ ვილაპარაკო ლომებზე, სამსხეულიან ტიფონებზე ან გიგასებზე, მე რომ დავხოცე? ან იმ ომზე, მე რომ მოვუგე ოთხფეხა კენტავრებს? ან როგორ მოვკალი ჰიდრა, ეს მრავალთავიანი ურჩხული, რომელსაც თავი იმავე წამს ამოსდიოდა, როგორც კი მოვკვეთდი? მერეც ხომ უთვალავი საქმე ჩავიდინე და დავასრულე იმით, რომ, ევრისთევსის ბრძანებით, ქვესკნელიდან მზის სინათლეზე ამოვათრიე სამთავიანი ძაღლი, ჰადესის კარიბჭის მცველი. და ეს, ოჰ, ეს! ჩემი ბოლო გმირობა! ეს სისხლიანი უბედურება, რაც ჩავიდინე და დავაგვირგვინე ჩემი მოდგმის უბედურება [1280] საკუთარი შვილების სიკვდილით! აჰა, მოვედი ბედისწერის ამ წერტილამდე! ჩემს საყვარელ თებეში ვეღარ ვიცხოვრებ; რომც წარმოვიდგინო, რომ დავრჩე, რომელ ტაძარს ან რომელ მეგობარს უნდა მივადგე? ჩემს დაწყევლილ ბედს მეგობრულად ვერავინ მიიღებს. იქნებ არგოსში წავიდე? როგორ, როცა გამოძევებული ვარ მშობლიური მიწიდან? რომელიმე სხვა ქალაქი არის, რომელსაც შეიძლება მივაშურო? ყველა ხომ ალმაცერად შემომხედავს და ავი სახელის კაცად მცნობს? როგორ უნდა გადავიტანო მათი მწარე სიტყვები? ხომ იტყვიან: „ეს ზევსის შვილი არ არის, ერთხელაც ცოლ-შვილი რომ [1290] ამოხოცა? ჭირს წაუღია ამ მიწიდან!“ ჩემისთანა კაცისთვის, რომელიც ოდესღაც ბედნიერი ყოფილა, ასეთი ცვლილება აუტანელია. კაცისთვის, რომელიც მუდმივად უბედურებაში ყოფილა, ასეთი შავი დღე ვერაფერს შეცვლიდა, რადგან უიღბლობა ყოველთვის მისი თანამგზავრი იყო. ეს, მე მგონია, ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ეს მოხდება: მიწა ხმას ამოიღებს და ამიკრძალავს მასზე ფეხის დადგმას, ზღვა და ყველა მდინარე მასში შესვლაზე უარს მეტყვის და მე გავხდები იქსიონივით, პირველი კაცივით, ვინც ახლობლის სისხლი დაღვარა, რომელიც ბორბალზე მიკრული ტრიალებს. ეს საუკეთესოა, რომ ვერც ერთმა ბერძენმა ვერ დამინახოს, [1300] რომელთა შორისაც ბედნიერი ცხოვრება გამიტარებია. მაშ, რა საჭიროა, რომ ვიცოცხლო? რა სარგებელს მომიტანს უაზრო, უღირსი სიცოცხლე? იცეკვოს ზევსის სახელოვანმა მეუღლემ, დაჰკრას ოლიმპოსის გაპრიალებულ იატაკს ღვთაებრივი ფლოსტები. როგორც იქნა, აისრულა თავისი გულის წადილი, საბერძნეთის შვილებიდან პირველი კვარცხლბეკიდან ძირს დაანარცხა. ვინ უნდა ილოცოს ასეთ ქალღმერთზე? ქალზე თვალი დარჩა ზევსს და მისი მეუღლის ეჭვიანობამ გაანადგურა [1310] საბერძნეთის კეთილიმყოფელი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია!

კორიფაიოსი. ეს არც ერთი სხვა ღმერთის გაკეთებული არ არის, მხოლოდ ზევსის მეუღლის; სწორად მიმხვდარხარ.

თესევსი. […] ვერ გაძლევ სხვა რჩევას, უნდა იტანჯო. არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომელსაც უბედურება არ შემთხვევია, ღმერთიც კი, თუკი პოეტები სიმართლეს მღერიან. ნუთუ ერთმანეთზე არ ქორწინდებიან იმ გზით, რასაც კანონი კრძალავს? მამებს არ სვამენ სამარცხვინო ბორკილებში, უზენაესი ხელისუფლება რომ მოიპოვონ? ჯერაც ოლიმპოსზე აგრძელებენ ცხოვრებას დამნაშავეები. [1320] და რაღა უნდა თქვა თავის დასაცავად, შენ ხარ მოკვდავი, რომელიც ასე მკაცრად სჯის თავის საკუთარ ცოდვას, მაშინ, როდესაც ღმერთები თავიანთ დანაშაულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ![37] დატოვე თებე, რადგან კანონი ითხოვს ამას, წამომყევი მე პალასის ქალაქში. მე იქ განგწმენდ შენ ბიწიერებისგან, საცხოვრებელსაც მოგცემ და იმის ნახევარს, რაც კი მაქვს. და მოგცემ, რასაც მჩუქნიან მოქალაქეები მათი ორგზის შვიდი შვილის გადარჩენისთვის[38], როდესაც კნოსოსელი ხარი მოვკალი. მთელ ქვეყანაში მაქვს ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები და სანამ ცოცხალი ხარ, [1330] ხალხს ეცოდინება, რომ შენია. როცა მოკვდები და ჰადესში წახვალ, მთელი ათენის ქალაქი შემოგწირავს მსხვერპლს და აგიგებს ქვის ქანდაკებებს[39]. რადგან კეთილშობილურ გვირგვინს დაიდგამენ და სახელს მოიხვეჭენ მოქალაქეები მთელ საბერძნეთში, რომ დაეხმარნენ ღირსეულ კაცს. მეც მინდა, დაგიბრუნო სიკეთე, რადგან შენ გადამარჩინე მე და ახლა კი მეგობრები გჭირდება. როდესაც ღმერთები პატივს სცემენ ადამიანს, მეგობრები არ სჭირდება; ღვთის შეწევნა, თუკი იგი იძლევა მას, საკმარისია.

ჰერაკლესი. [1340] ვაი! შენ რაც ბრძანე ჩემს უბედურებას ვერ შველის. ჩემდა თავად, მე არ მჯერა, რომ ღმერთები უწმინდურ კავშირში არიან; ბორკილებში ჩასმის ამბავიც არასოდეს მიმიჩნევია სარწმუნოდ. ასევე არასოდეს არ მჯეროდა, რომ ერთი ღმერთი შეიძლება მეორის ბატონი იყოს. რადგან ღმერთს, თუ ის მართლა ღმერთია, არაფერი არ სჭირდება; ესაა პოეტების საბრალო ზღაპრები. და მაინც, თუმცა ამ გასაჭირში ვარ, არ მინდა სახელი გამიტყდეს და სინათლეს თავად თუ დავტოვებ, ლაჩრად არ ჩამთვალონ; რადგან ვინც განსაცდელს ვერ აღუდგება, [1350] ის ვერც მტრის ისარს ვერ აღუდგება წინ. დიახ, მე უნდა ვიცოცხლო, მოვდივარ შენს ქალაქში, უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველა საჩუქრისთვის. (ცრემლს მოიწმენდს) მე გამოვცადე მრავალი უბედურება, ეს ცნობილია. არც ერთს არ შევუშინდი და ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია თვალიდან; ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ეს მომივიდოდა და ცრემლი დამდინდებოდა; მაგრამ ახლა, როგორც ჩენს, ბედისწერის მონა ვარ. იყოს ასე. ჩემო მოხუცო მამა, ხედავ, დევნილად მივდივარ და ჩემში საკუთარი შვილების მკვლელს ხედავ. [1360] დაკრძალე ისინი, ისევ ჩააცვი სასიკვდილო სამოსი და დაღვარე მათთვის ცრემლი. მე კანონი მიკრძალავს ამის გაკეთებას. თავი ჩაუდე თითოეულს დედის კალთაში, მე უბედურისგან, ჩემგან უნებლიეთ მოკლული დედის ხელები მოხვიე მათ; ო, უბედური ერთობა! როდესაც მიწას მიაბარებ მიცვალებულებს, დარჩი ამ ქალაქში, ეს იოლი არ იქნება შენთვის, მაგრამ გაიმაგრე გული და გაიზიარე ჩემი ტკივილი. ჩემო შვილებო! თქვენმა მშობელმა, თქვენმა საკუთარმა მამამ მოგისპოთ სიცოცხლე და თქვენ ვერ ისარგებლეთ ჩემი გამარჯვებებით, ჩემი დაუღალავი გარჯით, რომ დამეტოვებინა დიდი [1370] სახელი თქვენთვის, სახელოვანი მემკვიდრეობა მამისგან. შენაც, უბედურო მეუღლევ, ამ ხელმა მოგკლა, ცუდად გიპასუხა იმ ერთგულებაზე, რომლითაც შენ მას უმანკოდ შეუნახე სარეცელი და ასე მამაცად გაუფრთხილდი ჩვენს კერას ჩემი ხანგრძლივი არყოფნის დროს! ვაი ცოლო და შვილებო, ვაი მე, ვაი ჩემს ბედს, უნდა დავშორდე ჩემს ცოლ-შვილს! (კოცნის) რა მწარე და რა ტკბილია თქვენი კოცნა! რა ტკივილი ახლავს ამ იარაღს! ეს მშვილდ-ისარი! უნდა წავიღო თუ უნდა გადავაგდო? თუ მხარზე გადავიკიდებ, ყოველთვის შემახსენებს თავს და მეტყვის: [1380] „ჩვენით დახოცე ცოლ-შვილი; ჩვენ ვართ შენი შვილების მკვლელები და შენ ჩვენ გვინახავ!“ უნდა ვატარო ამის შემდეგ? რა ვუპასუხო? არადა, თუ მოვიცილებ ამ იარაღს, საბერძნეთში მოპოვებულ დიდებაში ჩემს მეგობრებს, და ჩემი მტრების ხელში ჩავიგდებ თავს, ხომ სამარცხვინო სიკვდილი მელის? არა, ისინიც უნდა შევინარჩუნო და ის უბედურებაც, რაც მათ ახლავს. ერთი სათხოვარი მაქვს, თესევს. წამომყევი არგოსში, რომ ამ უბედური ძაღლისთვის ჯილდო მივიღო; მარტო თუ წავალ, ჩემი შვილების დარდს ვერ გადავიტან და თავს რაღაცას დავმართებ. ო, კადმოსის მიწავ და ყველა თებელო, [1390] თმა მოიკვეცეთ და იგლოვეთ ჩემთან ერთად; მოდით ჩემი შვილების დაკრძალვაზე და ცრემლი დაღვარეთ ყველა ჩვენგანისთვის, მკვდრებისთვისა და ჩემთვის; რადგან ყველანი დავიღუპეთ ჰერას ერთი უმოწყალო დარტყმით!

თესევსი. ადექი, უბედურო კაცო! საკმარისი ცრემლები ღვარე.

ჰერაკლესი. არ შემიძლია ადგომა. გამიშეშდა ფეხები.

თესევსი. დიახ, უბედურება ძლიერებსაც მოერევა.

ჰერაკლესი. ვაი, ქვა უნდა გავხდე, ჩემი გასაჭირი რომ დავივიწყო.

თესევსი. შეწყვიტე! მიეცი ხელი დამხმარე მეგობარს.

ჰერაკლესი. ფრთხილად, არ მინდა, რომ ამ სისხლმა სამოსი დაგისვაროს.

თესევსი. [1400] გაიწმინდე და დარდი ნუ გაქვს, მე არ ვღელავ მაგაზე.

ჰერაკლესი. შვილები რომ დავკარგე, შენ ახლა შვილად მყავხარ.

თესევსი. კისერზე დამადე ხელი, შენი მეგზური ვიქნები.

ჰერაკლესი. მეგობრების წყვილი, რომელთაგან ერთი უბედურების კაცია. აჰ! მოხუცო, ასეთი კაცი უნდა გყავდეს მეგობრად.

ამფიტრიონი. მაგის სამშობლოს სულ საუკეთესო შვილები ჰყავს!

ჰერაკლესი. თესევს, ერთიც მომაბრუნე, ერთხელ კიდევ ვნახო შვილები.

თესევსი. რატომ? გგონია, რომ სულის ტკივილს წამალს უპოვნი?

ჰერაკლესი. მინდა, ისევ დავინახო! მამაჩემის ჩახუტებაც მინდა!

ამფიტრიონი. აქ ვარ, ჩემო შვილო; შენი სურვილი ძვირფასია ჩემთვის.

თესევსი. [1410] უკვე დაგავიწყდა, რაც მოგივიდა?

ჰერაკლესი. ყველაფერი, რაც ადრე გადამიტანია, უფრო იოლი იყო, ვიდრე ეს.

თესევსი. ვინმემ რომ გნახოს, ქალივით რომ ტირი, დაგცინებს.

ჰერაკლესი. მაშ, ასე დავეცი შენს თვალში? მგონი, ადრე ასე არ იყო.

თესევსი. დიახაც! გლოვაში ის სახელოვანი ჰერაკლესი აღარ ხარ.

ჰერაკლესი. შენ თვითონ როგორი იყავი ქვესკნელის უბედურებაში?

თესევსი. კიდევ უარესი, ვაჟკაცობის მხრივ ყველაზე უარესი კაცთაგან.

ჰერაკლესი. აბა, როგორ მეუბნები, რომ უბედურებამ დამაკნინა?

თესევსი. წავედით!

ჰერაკლესი. მშვიდობით, მოხუცო მამა!

ამფიტრიონი. მშვიდობით, შვილო!

ჰერაკლესი. დაკრძალე ბავშვები, როგორც გითხარი.

ამფიტრიონი. მე ვინ დამკრძალავს, შვილო?

ჰერაკლესი. [1420] მე.

ამფიტრიონი. როდის ჩამოხვალ?

ჰერაკლესი. შვილებს რომ დაკრძალავ, შემდეგ.

ამფიტრიონი. როგორ?

ჰერაკლესი. თებედან ათენში წაგიყვან. ბავშვები შინ შეიყვანე, მძიმე მოვალეობაა, ვიცი.მე, მას შემდეგ, რაც დავაქციე ჩემი სახლი სამარცხვინო გმირობით, უკან გავყვები თესევსს პატარა ნავივით, სრულიად განადგურებული. ვისაც სიმდიდრე და ძალაუფლება ურჩევნია კარგი მეგობრების ყოლას, არასწორად აზროვნებს.

 

გადის თესევსთან ერთად.

 

კორიფაიოსი. მწუხარებითა და მწარე ცრემლებით მივუყვებით ჩვენს გზას, დავკარგეთ ჩვენი უდიდესი მეგობარი.

                [1] სტრ. 1. არგოსი – არგოლისის ქალაქი პელოპონესოსის ნახევარკუნძულზე.

                [2] სტრ. 3. პერსევსი – ზევსისა და დანაეს ძე, მიკენის ლეგენდარული დამაარსებელი.

                [3] სტრ. 2. ალკეოსი – პერსევსისა და ანდრომედეს ძე.

                [4] სტრ. 5. …დათესილი… – საუბარია სპარტებზე („დათესილებზე“), გმირებზე, რომლებიც მიწიდან ამოიზარდნენ კადმოსის მიერ დათესილი დრაკონის კბილებიდან.

                [5] სტრ. 15. კიკლოპებმა ააგეს – იგულისხმება მიკენი, რომლის გალავანიც გიგანტური ზომის ქვებითაა ნაშენები, ესაა ე.წ. „კიკლოპური წყობა“ (იხ. სტრ. 944). V საუკუნეში, მას შემდეგ, რაც მიკენი მეზობელმა არგოსმა დააქცია, მიკენის ლეგენდარული დახასიათება მასზე გადაიტანეს.

                [6] სტრ. 17. ელექტრიონი – ტირინსელი გმირი, ამფიტრიონის ბიძა და ალკმენეს მამა, რომელიც შემთხვევით შემოაკვდა ამფიტრიონს და ამის გამო მას მოუხდა დევნილობაში წასვლა. ამის შემდეგ არგოსში ხელისუფლებას ელექტრიონის მეორე ძმისშვილი, ევრისთევსი დაეუფლა; ჰერას ცბიერების წყალობით მას ჰერაკლესი უნდა მომსახურებოდა.ევრიპიდე, ტრადიციის საწინააღმდეგოდ, საქმეს ისე წარმოადგენს (სტრ. 17-21), რომ ჰერაკლესი ნებაყოფლობით შევიდა ევრისთევსის სამსახურში, რომ სამშობლო და ტახტი დაებრუნებინა.

                [7] სტრ. 19. ევრისთევსი – არგოსის მეფე, პერსევსის შვილიშვილი. ჰერას ცბიერების წყალობით ჰერაკლესის მბრძანებელი გახდა. მისი ბრძანებით ჩაიდინა ჰერაკლესმა თავისი გმირობები.

                [8] სტრ. 23. ტენარონი –მღვიმიანი კლდოვანი კონცხი პელოპონესოსის სამხრეთით, სადაც, ბერძნების წარმოდგენით, მიწისქვეშეთის სამეფოში ერთ-ერთი შესასვლელი იყო.

                [9] სტრ. 27-34. მითოლოგიურმა გენეალოგიამ იცოდა თებეს მეფე ლიკოსი, რომლის მეუღლე დირკე ყველანაირად აწამებდა თავის ძმისწულ ანტიოპეს, ღვთაებრივი ტყუპების, ამფიონისა და ძეთოსის დედას. ეს ბიჭები გაიზარდნენ და თავიანთი დედის წვალებისთვის დირკეს სამაგიერო მიუზღეს, ლიკოსი კი ტახტიდან ჩამოაგდეს. მეორე ლიკოსი, შეიძლება, ევრიპიდეს გამოგონება იყო

                [10] სტრ. 50 მინიები – თებეს მეზობელი ორქომენოსის მკვიდრნი, რომლებიც ოდესღაც თებეზე მბრძანებლობდნენ. ჰერაკლესი მათ თავს დაეცა და ამგვარად გაათავისუფლა თებე მათი მონობიდან (შდრ. სტრ. 220).

                [11]  სტრ. 63 ტაფოსელების ქალაქი – როდესაც ამფიტრიონი ახალგაზრდა იყო, მისი ბიძისა და სიმამრის, ელექტრიონის (იხ. სტრ. 17) სამეფოს თავს დაეცა კუნძულ ტაფოსის (დღევანდელი მეგანიონი, მდებარეობს იონიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, აკარნანიის ნაპირებთან) მეფის, პტერელაოსის ლაშქარი, ომში დაიხოცა ელექტრიონის ყველა ვაჟი, მაგრამ ამფიტრიონი სათავეში ჩაუდგა არგოსელების ლაშქარს, შეებრძოლა ტაფოსელებს და გაიმარჯვა მათზე (იხ. ასევე სტრ. 1080).

 

                [12] სტრ. 177-180. გიგასები … დახოცა – მითოლოგიური ტრადიცია ჰერაკლესს სხვა გმირო­ბებ­თან ერთად მიაწერდა ღმერთებისა და გიგასების (გიგანტების) ბრძოლაში მონაწი­ლე­ობა­საც.

                [13] სტრ. 185. აბანტისი – კუნძული ევბეა.

                [14] სტრ. 188-205. აქ და ოდნავ ზემოთაც (სტრ. 159-164) ევრიპიდე შევიდა ცნობილ კამათში მძიმედ შეიარაღებულ მებრძოლებისაა (ჰოპლიტების) და მშვილით მსუბუქად შეიარაღებულ მსროლელთა მომხრეებს შორის. პელოპონესოსის ომის დროს ამ კამათს აქტუალური ხასიათი ჰქონდა.

                [15] სტრ. 240. …პანაოსის ხეობებში… – ეს ბრძანება უნდა მიანიშნებდეს ტირანის უგუნუ­რე­ბა­ზე: თებედან პარნასოსის უახლოეს მთისწინეთამდე მანძილი 50 კმ-ზე მეტია.

                [16] სტრ. 252. არესმა დაგთესათ – იხ. შენ. სტრ. 5. რა თქმა უნდა, დრაკონის კბილები არა თავად არესმა, არამედ კადმოსმა დათესა, რომელმაც არესის გამოზრდილი დრაკონი მოკლა.

                [17] სტრ. 350. პლექტრონი – წკირი, რომლითაც სიმებიან საკრავზე უკრავდნენ. თანამედროვე „მედიატორი.“

 

                [18] სტრ. 348-441. გუნდი იხსენებს ჰერაკლესის გმირობებს: ნემეის ლომთან ბრძოლას (ზევსის ჭალა – ნემეა ზევსის ტაძრითურთ); კენტავრებთან ბრძოლას (პენეიოსი – მდინარე თესალიაში, იქვე მდებარეობს პელიონის მთა); ნადირობას ოქროსრქიან შველზე; დიომედესის ცხენების მოთ­ვინიერებას (ჰებროსი – თრაკიის მდინარე); კიკნოსთან ორთაბრძოლას; გამგზავრებას ჰესპერისების ბაღში ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად; ამაძონებთან ბრძოლსა; ლერნეს ასთავიანი ჰიდრისა და გოლიათ გერიონის მოკვლას; დაბოლოს, ჩასვლას ჰადესში კერბეროსის ამოსაყვანად, რომელიც, გუნდის აზრით, წარუმატებლად დასრულდა.

                [19] სტრ. 464. პელასგია – აქ: არგოსის სამეფო.

                [20] სტრ. 471. დედალოსის ცრუ საჩუქარი – ჰერაკლესს მისმა სახელგანთქმულმა იარაღმა, კომბალმა, აქ ვერ უშველა. სწორედ ამიტომ ეწოდა მას „ცრუ საჩუქარი“.

                [21] სტრ. 473. ოიქალია – ვინაიდან „ჰერაკლესში“ ევრიპიდემ ჰერაკლესის გაგიჟება მისი სიოცხლის ბოლოსკენ გადაიტანა, ოიქალიის აღებასთან არანაირი საბედისწერო მოვლენები აღარაა დაკავშირებული (შდრ. „ჰიპოლიტოსი“, სტრ. 545-554).

                [22] სტრ. 482. კერები – ნიქსისა (ღამისა) და ერებოსის (წყვდიადის) ასულები, სასიკვდილო ხვედრის ქალღმერთები.

                [23] სტრ. 673. ქარისები – მხიარულებისა და სიცოცხლის ხალისის სამი ქალღმერთი, დახვეწილობისა და მომხიბვლელობის განხორციელება: აგლაია („სილამაზე“), ევფროსინე („სიხა­რუ­ლი“) და თალია („სიუხვე“).

                [24] სტრ. 680. ბრომიოსი – დიონისოსის (ბაკქოსის) რიტუალური ეპითეტი; მას მუდმივად ახლდა ბაკქოსის გაშმაგებული მხევლების, ბაკქანტების, გუნდი. მისი მუმივი ატრიბუტებია თირსოსი (სუროთი და ვაზით მორთული კვერთხი) და წინწილა.

                [25] სტრ. 637-700. ამ გუნდის სიტყვებში ბევრი მკვლევარი ხედავს პოეტის მიერ საკუთარ ასაკზე ხაზგასმას: ევრიპიდემ „ჰერაკლესის“ შექმნისას გადააბიჯა სამოცდაათწლიან ზღურბლს.

 

                [26] სტრ. 785. ასოპოსი – მდინარე ბეოტიაში.

                [27] სტრ. 800. პერსევსის შთამომავალი პატარძალი – ალკმენე; მამამისი ელექტრიონი (იხ. სტრ. 17 და შენ.) პერსევსის ძე იყო.

                [28] სტრ. 821. პაიანი – აპოლონის ძველი სახელი.

                [29] სტრ. 822-842. ირისის მონოლოგს ევრიპიდეს პროლოგოსის ყველა ნიშანი აქვს, რაც ხაზს უსვამს ამ ტრაგედიის ფორმალურ ორნაწილიანობას; დრამის ორი ნახევარი შეერთებულია კონტრასტული პრინციპით.

 

                [30] სტრ. 926. კალათმა უკვე შემოუარა საკურთხეველს – კალათი, რომელშიც მსხვერპლ­შე­წირ­ვისთვის საჭირო ნივთები იყო ჩაწყობილი, მათ შორის წმინდა წყვლიანი ჭურჭელი; მასში აგდებდნენ საკურთხევლის ნახშირის ნატეხს და ამ წმინდა წყლით აკურთხებდნენ მსხვერპლ­შე­წირვის ადგილსა და მის მონაწილეებს (იხ. სტრ. 928).

                [31] სტრ. 954. ნისოსი – მეგარის ლეგენდარული მეფე.

                [32] სტრ. 980. შიგ გულში – იმ ფსიქოლოგიურ ფუნქციებს, რასაც ჩვენ გულს მივაწერთ, ძველი ბერძნები ღვიძლს მიაწერდნენ. ამ ადგილასაც ორიგინალში ღვიძლი (ἧπαρ) წერია.

                [33] სტრ. 1031. შეხედე უბედურ ბავშვებს – ორქესტრის მიღმა მომხდარი მოვლენების საჩვენებლად ბერძნულ თეატრში გამოიყენებოდა სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. ეკკიკლემა – ბორბლებიანი მოძრავი ბაქანი, რომელიც გამოდიოდა სცენის ცენტრალური კარიდან. მასზე ჩვენს ტრაგედიაში დასვენებული იყვნენ სვეტის ნამსხვრევზე მიბმული ჰერაკლესი და მოკლულთა ცხედრები.

 

 

                [34] სტრ. 1080. ტაფოსი – კინძული ლევკადასა და აკარნანიის დასავლეთ სანაპიროს შორის.

                [35] სტრ. 1171. თესევსის გამოჩენა არა მხოლოდ კარგადაა მოტივირებული, არამედ მისი სიტყვა შეიცავს ათენელებისთვის კარგად გასაგებ მინიშნებასაც: საზღვრად ატიკასა და ბეოტიას შორის, სადაც თესევსმა თავისი ლაშქარი დატოვა, იგი თვლის მდინარე ასოპოსს, მაშინ როცა ბუნებრივი საზღვარი საბერძნეთის ამ მხარეებს შორის გადიოდა უფრო სამხრეთით, კითერონის ქედზე. ევრიპიდე თესევსს ასე იმიტომ ალაპარაკებს, რომ კითერონსა და ასოპოსს შორის განლაგებული იყო პლატეელების მხარე, რომლებიც ათენელების მოკავშირეები იყვნენ პელოპონესოსის ომში და ამის გამო მათ ბეოტიელები დაესხნენ თავს.

                [36] სტრ. 1178. ზეთისხილიანი ბორცვი – გადმოცემის მიხედვით, აკროპოლისის კლდოვან მწვერვალზე ქალღმერთმა ათენამ დარგო ზეთისხილის პირველი ხე.

 

                [37] სტრ. 1314-1321. თესევსის ლოგიკა გასაოცრად ემთხვევა „ჰიპოლიტოსის“ ძიძის ლოგიკას (სტრ. 456 და შმდგ.). პოეტებში, რომლებიც ზეცის „უკანონო ქორწინებებზე“ საუბრობენ, ევრიპიდე გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ჰომეროსსა და ჰესიოდეს; ღმერთი, რომელმაც მამა ბორკი­ლებში ჩასვა, ეს, რა თქმა უნდა, ზევსია, რომელიც ასე მოექცა კრონოსს.

                [38] სტრ. 1327. ორგზის შვიდი შვილის გადარჩენისთვის – იგულისხმება შვიდი ათენელი ჭაბული და შვიდი ქალწული, რომლებიც სიკვდილისგან იხსნა თესევსმა, როცა კნოსოსის ლაბირინთში მინოტავროსი მოკლა.

                [39] სტრ. 1324-1335. ჰერაკლესის ათენში მიწვევა და მისთვის საჩუქრების შეთავაზება სიახლეა, რომელიც მითოსში შემოაქვს ევრიპიდეს და რომელიც ბუნებრივად „ჯდება“ მითოლოგიურ ტრადიციაში.

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share