Jump to content
×
×
  • Create New...

ფულის მასის დინამიკა საქართველოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ფულის მასა მიმოქცევაში არსებული ფულია. ეკონომისტები მას M2-ს, ანუ ფართო ფულს უწოდებენ, რაც მოიცავს ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციული ბანკების დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე).

მთავრობებს გააჩნიათ მონოპოლიური უფლება, დაბეჭდონ და ეკონომიკას მიაწოდონ ფულის განსაზღვრული რაოდენობა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში და, მათ შორის საქართველოშიც, ფულის მიწოდება ცენტრალური ბანკის პრეროგატივაა.

ეკონომიკაში ფულის რაოდენობა მჭიდროდ უკავშირდება სხვადასხვა სახის ოპერაციების შესასრულებლად საჭირო ფულის რაოდენობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკაში რაც უფრო მეტი გარიგება (კომერციული გაცვლა) ხდება, მით მეტი ფული უნდა იყოს მიმოქცევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში, მით მაღალია ეკონომიკის მონეტიზაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ფულის მასამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკაში ნაღდი ფულის დონემ 13.798 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფულის მასის ზრდის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია – 2020 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 11.397  მილიარდი ლარი იყო, 2019 წელს კი – 9.912 მილიარდი.

გაზრდილია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა. 30 აპრილის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი (დეპოზიტების გარეშე) 4.638 მილიონ ლარს აჭარბებს. მონაცემები ამ შემთხვევაშიც მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ნაღდი ფული მიმოქცევაში

ეკონომიკის ფულით უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზა ცენტრალური ბანკის მიერ ფულის ბეჭდვაა. თუმცა, ცენტრალური ბანკი ფულს დიდი რაოდენობით ბეჭდავს მაშინაც, როდესაც მთავრობა ზრდის ხარჯებს და როცა საბიუჯეტო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების დასაფარად.

მართალია, ამ პრაქტიკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფულის მასას არ აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი თანამედროვე მონეტარულ პოლიტიკას იშველიებს და აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი – რა დროსაც კორელაცია ფულის მასასა და ინფლაციას შორის ირღვევა, ამიტომ, ფულის მასაზე დაკვირვება არაფრის მომცემია. შესაბამისად, სებ-ის განმარტებით, რეგულატორი ფულის მასას მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდურობის სამართავად აკვირდება.

ეკონომისტთა ნაწილი კი სებ-ის მიერ ბაზარზე ფულის მასის მიწოდების ზრდასა და ინფლაციურ პროცესებს შორის პირდაპირ კავშირს ხედავს. განმარტება ასეთია – ფულის ჭარბი მიწოდება იწვევს ინფლაციას, ლარის მასა იზრდება ბაზარზე, შესაბამისად, მისი ღირებულება იკლებს.

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი Business Feed-თან აცხადებს, რომ ფულის მასის ზრდა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ბიზნესისა და შინამეურნეობების მიერ ხარჯვის ზრდის გამო. თუმცა, ამან შესაძლოა, ინფლაციური პროცესებიც წაახალისოს.

„ეკონომისტები ვერ თანხმდებიან მის ინფლაციურ გავლენაზე: ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ფულის მასის (M2) სწრაფი ზრდა იწვევს ინფლაციას, სხვა კვლევები ამ კავშირს არ ადასტურებს. თუმცა, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, და რომელშიც დოლარიზაციის, ანუ უცხოური ვალუტის ეკონომიკაზე გავლენის კოეფიციენტი მაღალია, M2-ის სწრაფმა ზრდამ უნდა გამოიწვიოს ადგილობრივი ვალუტის უცხოურთან მიმართებაში გაუფასურება. რაც ზვავის ეფექტით საბოლოო ფასების ზრდაში, ანუ მაღალ ინფლაციაში გადაიზრდება“, – განმარტავს ვასილ რევიშვილი.

მისივე თქმით, ეკონომიკისთვის ფულის მასის მიწოდება კრიზისულ პერიოდში გამართლებულია. მართალია, ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებისთვის დროდადრო ეროვნულ ბანკს უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, თუმცა, დღესდღეობით პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს.

„რაც შეეხება გონივრულ ჩარჩოებს, მე პოსტკრიზისულ პირობებში ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის მომხრე ვარ, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, ფულის მასის ზრდა იწვევს მოსახლეობისა და ბიზნესების მიერ ხარჯვის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკისთვის (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) მნიშვნელოვანი „საწვავია“. ბუნებრივია, ვგულისხმობ მოკლევადიან პერიოდს, სანამ ეკონომიკა არ დაუბრუნდება ზრდის ინერციას“, – ამბობს ვასილ რევიშვილი.

The post ფულის მასის დინამიკა საქართველოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share