Guest Merlin Posted 11 ივნისი, 2021 Posted 11 ივნისი, 2021 „საქართველოს მთავარი როლი აქვს რეგიონულ თანამშრომლობაში“, – აცხადებს ანკარა. საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს „ყველა ფორმატში“. შეხვედრა ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტისა და თურქეთის მიმართ გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე გაიმართა. 2021 წლის 1-ელ ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი; რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ასევე რეგიონში შექმნილი სიტუაცია. საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობასაც შეეხო. თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2020 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გარკვეული შემცირების მიუხედავად, მათ გამიზნული აქვთ, $3 მილიარდ სავაჭრო ბრუნვას მიაღწიონ. ამავე დროს, ორივე ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თურქეთის ინვესტიციები საქართველოში, განსაკუთრებით, ენერგოსექტორში, სადაც 2020 წელს მისმა მოცულობამ $214 მილიონს მიაღწია. შეხვედრა ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის ფონზე გაიმართა. როგორც ცნობილია, ჰესის მთავარი ინვესტორია თურქული კორპორაცია ENKA Insaat ve Sanayi A.S, თუმცა, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების დროს ნამახვანჰესის საკითხს არ შეხებიან. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად (FETÖ) მიიჩნევს. თურქეთი – მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2020 წელს $1.597 მილიარდით, საქართველოს იმპორტიორთა ჩამონათვალში თურქეთი პირველ ადგილზეა. თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2021 წელს იანვარ-აპრილის მონაცემებითაც – $594.9 მილიონით. შარშან საქართველოდან თურქეთში $27.3 მილიონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან საქართველოში 2020 წელს $114.8 მილიონის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, იმპორტი 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით, 14%-ით შემცირდა. 2007 წელს თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რის შემდეგაც სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი თითქმის გაორმაგდა. 2006 წლიდან საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს. ყოველწლიურად საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გადადის. საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან სეზონურ სამუშაოებზე, ძირითადად, ჩაის ან თხილის კრეფის დროს, ხშირად დადიან თურქეთში. საქართველოსთვის თურქეთი არის ელექტროენერგიის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი. 2020 წელს თურქეთი ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზეც გამოჩნდა. პანდემიის გამო თურქეთში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად შემცირდა და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ენერგიას კონკურენციას უწევდა. შესაბამისად, საქართველოში, დეფიციტის დროს, მისი იმპორტი მიზანშეწონილი გახდა. ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა/gov.geმნიშვნელოვანია ორი ქვეყნის თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში. 2020 წლის დეკემბერში, ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალზე საქართველოში თურქეთიდან პირველი საექსპორტო მატარებელი შემოვიდა. მატარებელს თურქეთიდან ჩინეთამდე 8 693 კილომეტრის გასავლელად 12 დღე სჭირდება. მითი და რეალობა ყარსის ხელშეკრულებაზე ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის შესაძლო მითვისების, ეკონომიკური ექსპანსიისა თუ სხვა კონსპირაციული განცხადებები. ერთ-ერთი კონსპირაცია ყარსის ხელშეკრულების ვადას ეხება. საუბრობენ იმაზე, რომ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სათუო გახდება. რეალურად, ყარსის ხელშეკრულება უვადოა. მასში არ არის ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამასთან, 1993 წლის 25 მარტს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მხარეები „დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“. ქალაქ ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. შეთანხმების თანახმად, თურქეთმა აჭარის დიდი ნაწილი და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, სანაცვლოდ კი ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო. საქართველომ ამ ხელშეკრულებით დაკარგა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი და ტაო-კლარჯეთი. The post თურქეთი და საქართველო: Factchecked appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა