Jump to content
×
×
  • Create New...

ბილეთი Silicon Valley-მდე: 500 Startups-ის შემდეგ Payze ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გეგა წურწუმიამ და კახა გელაშვილმა საჯარო თუ კერძო სექტორში წარმატებულ კარიერაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ თავად სურდათ ნულიდან შეექმნათ ინოვაციური და რეალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ასე დაიბადა ონლაინგადახდების პლატფორმა Payze-ის იდეა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორის – 500 Startups-ის რჩეულებს შორის მოხვდა. გუნდი სულ მალე Silicon Valley-ზე გაემგზავრება.

500 Startups ყველაზე მეტად ინოვაციურ იდეებს აფასებს და სტარტაპერებს საწყის ეტაპზევე პროდუქტის განვითარებასა და დაფინანსების მოზიდვაში ეხმარება. ის საქართველოში პირველად 2020 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. რეგიონის მასშტაბით პროექტი 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება.

180-გრადუსიანი შემოტრიალება

გეგამ და კახამ ჯერ ელექტრონული საფულეების შექმნა დაისახეს მიზნად, თუმცა, მუშაობის პროცესში მიხვდნენ, რომ ამ პროდუქტისთვის საქართველო ჯერ მზად არ იყო. პარალელურად ისიც შეამჩნიეს, თუ როგორ იზრდებოდა ელექტრონული კომერცია. 

Payze-ის დამფუძნებლებმა ტექნოლოგიური კომპანიები გამოჰკითხეს და დაინახეს, რომ ყველაზე მეტად ისინი ონლაინრეჟიმზე გადასასვლელად საჭირო გაწელილ და ჩახლართულ სარეგისტრაციო პროცედურებზე, თანხების განკარგვისა და ორგანიზების მოუქნელ სისტემაზე წუხდნენ. 

„ამ კვლევამ ბევრი კომპანიისთვის ძალიან მწვავე პრობლემები დაგვანახა. ელექტრონულ საფულეებს შევეშვით, 180 გრადუსით შემოვტრიალდით და ჯერჯერობით სწორი მიმართულებით მივდივართ“, – გვითხრა გეგა წურწუმიამ. 

ასე დაიწყო Payze-ზე მუშაობა და ნელ-ნელა შეიქმნა ონლაინგადახდების პლატფორმა, რომელზე დარეგისტრირებაც კომპანიებს ორ დღეში შეუძლიათ. საქართველოში ხელმისაწვდომ სხვა საგადასახადო სერვისპროვაიდერებზე კი ამ პროცედურისთვის მათ სპეციალური განაცხადების შევსება და საბოლოო პასუხისთვის ერთ თვემდე ლოდინი უწევთ. 

Payze-ს დამფუძნებლები

Payze-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია Bill-Splitting-ია. ამ მოდელის მეშვეობით, კომერციაში ჩართულ ორ ან მეტ მოვაჭრეს გაყიდვიდან მიღებული თანხის ავტომატურად განაწილება შეუძლია – ისინი მათზე მორგებული ინდივიდუალური სქემის მიხედვით მიიღებენ კუთვნილ თანხას. Payze-ზე მოვაჭრეებს Subscription-ის, ანუ გამოწერის ფუნქციის ჩაშენებაც შეუძლიათ. 

პლატფორმით სარგებლობა მიკრო ან საოჯახო ბიზნესსაც შეუძლია – მას, ვისაც ონლაინმაღაზია ჯერ არ აქვს. ამისთვის Payze-ზე მხოლოდ პროდუქციის განთავსება, აღწერა და ფასის მითითებაა საჭირო. 

Payze-ის ონლაინგადახდის მარტივ და მოქნილ სერვისს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს, მისი მსგავსი პროდუქტები არც კავკასიის რეგიონშია კარგად განვითარებული. სწორედ ეს გახდა 500 Startups-ის დაინტერესების მთავარი მიზეზიც. 

500 Startups და საკუთარ თავთან შეჯიბრი

Payze-ის ეს და სხვა ფუნქციები, ის, რაც მხოლოდ სატესტო რეჟიმში არსებობდა, 500 Startups-ზე მოხვედრის შემდეგ რეალობად იქცა. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, მათი სტარტაპის ნამდვილი თავგადასავალიც აქედან დაიწყო. 

Payze-მ 15 შერჩეულ სტარტაპერთან ერთად ჯერ აქსელერაციის საბაზისო პროგრამები გაიარა. 10 ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპერს შორისაც მოიპოვა ადგილი და ბოლო ეტაპზე ტოპ ხუთეულში მოხვდა. მესამე ფინალურ – ინტენსიური ზრდის ფაზაზე თითოეულ სტარტაპს კვირიდან კვირამდე უნდა გაეუმჯობესებინა საკუთარი პროდუქტი. პროცესი აშშ-სა და ევროპაში მსგავსი პროდუქტების განვითარებაში უდიდესი გამოცდილების მქონე 500 Startups-ის მენტორების უშუალო ხელმძღვანელობითა და მითითებებით მიმდინარეობდა.

„ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ. გვეხმარებოდნენ პროდუქტის დიზაინის დახვეწაშიც და მისი ფუნქციების გაუმჯობესებაშიც. გვასწავლიდნენ იმასაც, თუ როგორ უნდა დაგვემყარებინა სწორი კომუნიკაცია კლიენტთან თუ ინვესტორთან. მოითხოვდნენ გვეჩვენებინა მათთვის, რამდენად სწრაფად შეგვეძლო წინსვლა. ეს საკუთარ თავთან შეჯიბრება იყო. მიზნად დავისახეთ, ყოველ კვირას წინაზე 20%-ით უკეთესი შედეგი გვქონოდა. ბოლომდე უნდა გამოგვეყენებინა ის რესურსი, რასაც 500 Startups გვაძლევდა“, – გვითხრა კახა გელაშვილმა. 

ასე, კვირიდან კვირამდე მსჯელობდნენ და მუშაობდნენ პროდუქტის ახალ მახასიათებლებზე. ისწავლეს, არა მხოლოდ ის, თუ როგორ დაეანგარიშებინათ კონკრეტული მიზნისთვის საჭირო თანხა, არამედ ისიც, როგორ მიეღოთ ის ინვესტორისგან. 

„თუ ზუსტად არ გათვალე, რამდენი, რამდენი ხნით და რისთვის გჭირდება, შეიძლება მოიზიდო ფული, თუმცა, გაფლანგო – ვერც მიზანს მიაღწიო და შენი კომპანიის ნაწილიც ტყუილად გაყიდო“, ამბობს კახა.

Payze-ს გუნდი

ახლა Payze 500 Startups-ის გამარჯვებულებიდან ერთ-ერთია. ის ერთი თვით Silicon Valley-ზე გაემგზავრება და ინვესტიციების მოზიდვას იქ განაგრძობს. გუნდს მათი პროდუქტით დაინტერესებულ რამდენიმე ფონდთან უკვე აქვს ურთიერთობა, რათა იქ ჩასულებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები თავიდან აიცილონ და მხოლოდ არსებით საკითხებზე ისაუბრონ. 

500 Startups-მდე Payze-ის გუნდი ორი თანამშრომლისგან შედგებოდა, ახლა კი 15 წევრია. მანამდე გვყავდა 5 კლიენტი, რომლებთანაც ბეტა ფაზაში ვმუშაობდით, ახლა კი მათი რიცხვი 180 კლიენტამდე გაიზარდა“, გვითხრა გეგა წურწუმიამ.

Payze-მ ამ ხნის განმავლობაში სტარტაპის განვითარების დეტალური სტრატეგიაც შეიმუშავა და მენტორებთან ერთად ახალი მიზნები დასახა. 

„წლის ბოლომდე Payze-ის გუნდი გაორმაგდება. ამ დროისთვის ჩვენი პროდუქტი მინიმუმ 4 ქვეყანაშიც უნდა იყოს. 2022 წლისთვის კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სრულად მოვიცავთ. როგორც ბურგერზე გვახსენდება McDonald’s, ონლაინგადახდებზეც გაგვახსენდება Payze”, – ამბობს გეგა წურწუმია. 

The post ბილეთი Silicon Valley-მდე: 500 Startups-ის შემდეგ Payze ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share