Guest Merlin Posted 9 ივნისი, 2021 Posted 9 ივნისი, 2021 საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის საგარეო აქტივებია. ის მოიცავს უცხოურ ვალუტას, საბანკო დეპოზიტებს, სახაზინო ობლიგაციებს, ოქროსა და სხვა ინსტრუმენტებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეზერვები ქვეყნისთვის ერთგვარი სიმდიდრე და დოვლათია. ის ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკური კრიზისებისა თუ საგარეო შოკების დასაბალანსებლად გამოიყენება. საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის განმსაზღვრელიცაა. მისი ადეკვატური დონე საერთაშორისო თუ ადგილობრივ ინვესტორებში აჩენს ნდობას და ქმნის წინაპირობას, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინების რისკი მცირდება. ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს ფლობს, ინახავს და მართავს ეროვნული ბანკი. მართვის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დიდი ნაწილი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ნაწილი კი – უცხოური ვალუტასა და დეპოზიტებში. რეზერვების შევსების რამდენიმე წყარო არსებობს. მათ შორისაა სავალუტო ინტერვენციები, რა დროსაც ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ყიდულობს დოლარს. გარდა ამისა, რეზერვების შევსების მნიშვნელოვანი წყაროა სესხები და გრანტები, რომელსაც მთავრობა იღებს სხვადასხვა საერთაშორისო დონორისგან (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ.). 30 აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზეა და $3 მილიარდ 927 მილიონს აღემატება. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდის ზრდაზე ძირითადად იმოქმედა სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულმა კრედიტმა. რეზერვების კლების მიმართულებით მოქმედებს მთავრობის სავალუტო ხარჯები, ასევე ის ინტერვენციები, რომელსაც სებ–ი მოკლევადიან პერიოდში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს. ამ დროს ეროვნული ბანკი ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს. ასეთი ინტერვენციები ხორციელდება მაშინ, როცა სებ–ი მიიჩნევს, რომ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ ზედმეტად გაუფასურდა, გაჩნდა სამომხმარებლო ფასების ზრდის საფრთხე და პროდუქციის გაძვირებამ ინფლაციის რისკი წარმოშვა. სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის დასაწყისიდან ხუთ აუქციონზე $242.9 მილიონი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3.4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. იმავე მიზეზით, გასულ წელს რეგულატორმა 26 აუქციონი გამართა და $873 მილიონი გაყიდა. ამის მიუხედავად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები $394 მილიონით (12%-ით) გაიზარდა და $3.7 მილიარდს მიაღწია. რეზერვების ზრდა პანდემიის გამო მიღებულმა საგარეო დახმარებებმა და კრედიტებმა განაპირობა. რეზერვების ადეკვატურობის დონე განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების პარამეტრებით. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ადეკვატურად ფასდება ის რეზერვები, რომელთა დონე 100-დან 150-მდე პროცენტის ფარგლებშია. საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს – 111%-ს გასულ წელს მიაღწია (დონორებისგან მოზიდული დიდი მოცულობის სახსრების გავლენით). IMF–ის შეფასებით, 2021 წელს, დონორების შედარებით დაბალი მხარდაჭერის გამო, რეზერვების ადეკვატურობის დონე 98%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. The post რამდენი ფული გვაქვს რეზერვში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა