ფორუმელი Moor Posted 7 ივნისი, 2021 Posted 7 ივნისი, 2021 მყვინთავებმა შეჰკივლეს და ხელ-ფეხის ქნევა დაიწყეს სიხარულისგან. ეს 2020 წლის აგვისტოს ხდებოდა. ფლორიდა-კისის ერთ-ერთ რიფზე, ოთხი მეტრის სიღრმეზე ჩასაფრებული საზღვაო ბიოლოგი ჰანა კოხი და მისი კოლეგები (Mote Marine Laboratory & Aquarium) მოთმინებით ელოდებოდნენ ამ მომენტს. შუაღამისაკენ მთელი მარჯნის რიფიდან ჩუმად გამოიფრქვა ციცქნა მოვარდისფრო-ნარინჯისფერი წინწკლები – სპერმა და კვერცხები – რომლებმაც ზღვაში სიცოცხლის პუანტილისტური აფეთქება მოაწყო. ეს უეცარი ორომტრიალი რიფების ამგები მარჯნების გამრავლების ჩვეულ ხერხს წარმოადგენს. როგორც წესი, ეს წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ღამეს ხდება, სავსე მთვარის შემდეგ რამდენიმე დღეში. მთვარის ციკლის, წყლის ტემპერატურისა და დღის სიგრძის კარნახით, მარჯნის სხვადასხვა სახეობა მთელ ფლორიდაში ერთდროულად აფრქვევს ტრილიონობით სპერმატოზოიდსა და მილიონობით კვერცხს; ეს გიჟური პროცესი გენეტიკურ მრავალფეროვნებას უწყობს ხელს და იმის გარანტიას იძლევა, რომ კვერცხების მცირედი ნაწილი მაინც განაყოფიერდება, ლარვულ სტადიაში რიფზე დასახლდება და მომავალ თაობას მისცემს დასაბამს. თუმცა, ეს არ იყო ერთი რიგითი მოვლენა. გადაშენების საფრთხეში მყოფი მარჯნის ეს სახეობა – Orbicella faveolata – მეცნიერებმა 2015 წელს, რიფის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში მოაშენეს და „დარგეს”. მარჯანი იმავე წელს გადაურჩა გაუფერულებას, 2017 წელს – IV კატეგორიის ქარიშხალს და კიდევ ორი წლის შემდეგ – ეპიდემიას; ასეთი გამძლეობის გამომჟღავნება კი იმედისმომცემი აღმოჩნდა. ამ მარჯნებმა, ველური ნათესავებისაგან განსხვავებით, რამდენიმე წლით ადრე მიაღწიეს რეპროდუქციულ სიმწიფეს და პირველები იყვნენ აღდგენილ მასიურ მარჯნებს შორის, რომლებიც ზღვაში გამრავლდნენ. მელანთევზი ლივლივებს დიდი ბარიერული რიფის სიცოცხლით სავსე ოაზისში, რომელმაც წყლის ტემპერატურის მატებას გაუძლო. მეცნიერები ასეთ მარჯნებს ეძებენ მათი გამძლეობის საიდუმლოს ამოსახსნელად და რიფების აღდგენის მიზნით გასამრავლებლად. თითქმის 40 წლის წინ შეესწრო ავსტრალიის Southern Cross University-ს საზღვაო ეკოლოგი, პიტერ ჰარისონი, მეცნიერების მიერ პირველად დაფიქსირებულ მარჯნის მასშტაბურ გაუფერულებას. მან მაგნეტიკ-აილენდიდან ჩაყვინთა დიდ ბარიერულ რიფზე და ნანახით გაოგნებული დარჩა. „რიფი წარმოადგენდა ჯანსაღი და ძლიერ გაუფერულებული მარჯნის მოზაიკას – ნახევრად მიტოვებულ ქალაქს მოგაგონებდათ”, – ამბობს იგი. არადა, რამდენიმე თვით ადრე ამ ადგილას სიცოცხლე ჩქეფდა. მარჯანი არსებობს მიკროორგანიზმებთან, მაფოტოსინთეზებელ წყალმცენარეებთან სიმბიოზში, რომლებიც მის ქსოვილში ბინადრობენ და საარსებო საკვებით (და შეფერილობით) უზრუნველყოფენ, თუმცა მაღალმა ტემპერატურამ და სხვა სტრესმა წყალმცენარეები შეიძლება მომწამლავი გახადოს. როდესაც ასე ხდება, წყალმცენარეები შეიძლება ან დაიღუპონ, ან ისინი მარჯანმა გააძევოს – ამ პროცესს გაუფერულებას (გათეთრებას) უწოდებენ, რადგან ამ დროს მარჯნის გამჭვირვალე ქსოვილი და კალციუმის კარბონატის თეთრი ჩონჩხი შიშვლდება. იმ შემთხვევაში, თუ მარჯანი წყალმცენარეებთან კავშირს ვერ აღადგენს, მას ან შიმშილი მოკლავს, ან დაავადება. ჰარისონის მიერ 1982 წელს ნანახი უბედურება იმავე და მომდევნო წელს წყნარი ოკეანის სხვა მრავალ რიფზეც განმეორდა. 1997-98 წლებში ეს მოვლენა გლობალურად გავრცელდა და მსოფლიოს მარჯნის 16% გაანადგურა. ტემპერატურის ზრდის, დაავადების, ოკეანის მჟავიანობის მატების, ინვაზიური სახეობებისა და სხვა კატასტროფების გამო ჰარისონის ე.წ. მიტოვებული ქალაქები სულ უფრო ფართოვდება. მეცნიერების ვარაუდით, გასულ ოთხ ათწლეულამდე, მარჯნის მწვავე გაუფერულება დაახლოებით 25 წელიწადში ერთხელ ხდებოდა და მას აღდგენის საშუალება ეძლეოდა, ახლა კი ეს მოვლენა სულ უფრო ხშირდება – თითქმის ექვს წელიწადში ერთხელ, ზოგან კი შეიძლება ყოველწლიური სახე მიიღოს. „ამოსავალი წერტილი გლობალურ დათბობასთან გამკლავებაა” – ამბობს ავსტრალიის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი ტერი ჰიუსი. ცხელი წლების კასკადის დამაგვირგვინებელ, უცხელეს 2016 წელს, დიდი ბარიერული რიფის 91% გაუფერულდა. რიფი სავსეა მუსიკით და მოძრაობით. რბილი მარჯნების ლივლივს, კრევეტების, თევზების და კიბორჩხალების ფაციფუცს ტკაცუნი და ბუყბუყი უწევს აკომპანემენტს. მურენები რიფის ღრუებიდან იჭყიტებიან, რიფის ზვიგენები საკბილოს გამო კინკლაობენ, ცნობისმოყვარე მელანთევზები თვალს შეავლებენ სანახაობას და ელვის სისწრაფით ეცლებიან იქაურობას. რიფების ზღაპრულ სამყაროს ქმნიან ცხენირემის რქებივით განტოტვილი თუ ლოდივით მასიური მარჯნები, რომლებიც ზღვის მარაოებით მორთულ, ვარდისფერ-მწვანედ მოჭიქულ ტორტებს ჰგვანან. ფლორიდა-კისში, Mote Marine Laboratory-ს რიფის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, 18 წლის მოხალისე ჯონ ზისკა მარჯნის „ნერგებს“ უვლის. უკანასკნელ 10 წელიწადში მყვინთავებმა ფლორიდის დაავადებულ რიფებზე თითქმის 110 000 მარჯნის ფრაგმენტი „დარგეს“. თორმეტი წლის წინ 15 დაუჯერებელი დღე გავატარე მათ გარემოცვაში, დიდ ბარიერულ რიფზე, სადაც ფოტოგრაფებთან – დევიდ დუბილესა და ჯენიფერ ჰეისთან ერთად ჩავყვინთე. ამავე ჟურნალისთვის დავწერე სტატია, რომელიც რიფს მიაგებდა პატივს და გვაფრთხილებდა, რომ შეიძლებოდა ეს არაჩვეულებრივი ადგილი დაგვეკარგა. როგორც ჟურნალისტი და განათლებით ბიოლოგი, მოვთქვამდი მოშლილი ეკოსისტემების გამო; როგორც მყვინთავს და ზღვაზე შეყვარებულს, კიდევ უფრო დიდი დანაკლისის მეშინოდა. ასე რომ, როდესაც ჩემთვის ნაცნობი რიფების ახლანდელი ფოტოები ვნახე, იქაური ნანგრევების სამარისებური სიჩუმეც წარმოვიდგინე და ავტირდი. დაზიანების მიუხედავად, დიდი ბარიერული რიფი მაინც კოლოსალურია – 3000 ცალკეული რიფი 2300 კილომეტრზეა ჩამწკრივებული ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებაზე; ის იმითაც გამოირჩევა, რომ ტროპიკული, წყალმარჩხი მარჯნის რიფების კომპლექსები მსოფლიო ოკეანის ფსკერის მხოლოდ 1%-ს ფარავენ, თუმცა წყალქვეშა ცოცხალი ბუნების, სულ მცირე, მეოთხედს მაინც ასაზრდოებენ. რიფები ადამიანისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა – ბუფერულ ზონას ქმნიან შტორმებისგან სანაპიროს დასაცავად, მდგრად თევზის მრეწველობას უწყობენ ხელს და ტურისტებსაც იზიდავენ. მარჯნის შემსწავლელი ეკოლოგი, ავსტრალიის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი მეცნიერი, ჩარლი ვერონი აღნიშნავს, რომ თუმცა კლიმატის ცვლილება მთელ დედამიწას ეხება, დეტალებში უამრავი სხვაობაა. „მარჯანი ალაგ-ალაგ უფერულდება და გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივ ამინდს აქვს: ერთგან შეიძლება მუსონური ღრუბლები იცავდნენ რიფს, სხვაგან კი უღრუბლო ციდან მზე პირდაპირ ურტყამს წყალს”. მისივე თქმით, ასეთი სხვაობების გამო განსაკუთრებით რთულია უნივერსალური ჩარევის მექანიზმის შემუშავება. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) 20 წელიწადზე მეტია იყენებს სატელიტურ და საველე მონაცემებს, ისევე როგორც მოდელირებას იმის პროგნოზირებისათვის, თუ სად არის გაუფერულების მეტი ალბათობა. ამ გზით ისინი სანაპიროს მენეჯერებს დროის მოგების საშუალებას აძლევენ იმისათვის, რომ დამცავი ღონისძიებები დაგეგმონ”, – ამბობს მარკ იკინი, მარჯნის რიფების ზედამხედველობის სამსახურის კოორდინატორი. ადრეული შეტყობინების სისტემამ ზოგ მენეჯერს საშუალება მისცა, რიფის დასუსტებულ მონაკვეთებთან წვდომა შეეზღუდა, იშვიათი მარჯნები „გადაერგო“და ხელოვნური დაჩრდილვა დაემონტაჟებინა. დიდი ბარიერული რიფი (მარცხნივ 2009 წ. მარჯვნივ 2018 წ.) 2009 წელს ოპალის რიფზე მარჯნის ორი სახეობა – Acropora muricata და Acropora cytherea – ხარობდა. ცხრა წლის შემდეგ დაბრუნებულ დუბილეს და ჰეისს იქ უსიცოცხლო სანახაობა დახვდა. წნეხის ქვეშ აღმოჩენილმა მარჯნებმა განდევნეს სიმბიოზში მყოფი წყალმცენარეები, რომლებიც მათ კვებავდნენ და ფერს ანიჭებდნენ; შედეგად, მარჯნები გაუფერულდნენ და ბოლოს დაიღუპნენ. რიფის სხვა ბინადრებიც უფრო ჯანსაღ გარემოში გადასახლდნენ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დიდი ბარიერული რიფის მარჯნების ნახევარი დაიღუპა. რიფის აღდგენა ადაპტირებად სახეობებსა და ადამიანის ჩარევაზეა დამოკიდებული. ასეთი „სასწრაფო დახმარების“სტრატეგიები იაფი არ არის და არც გრძელვადიან შედეგს იძლევა. ასევე ყოვლად უსარგებლოა, თუ მარჯანი უკვე დაღუპულია. ამიტომ მეცნიერები რიფების ხელახლა აგებასაც ცდილობენ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ მარჯნები ცხოველთა სამეფოს მიეკუთვნებიან, მათი გაზრდა მცენარეების მსგავსად შეიძლება: მოაგროვეთ მარჯნის ფრაგმენტები, ჩითილებივით გამოზარდეთ ლაბორატორიაში, შედარებით მომწიფებული ორგანიზმები გადანერგეთ დეგრადირებულ რიფზე და ახალ სიცოცხლესაც ჩაეყრება საფუძველი. ამ მეთოდს ეკოლოგები ათეულობით წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ სწრაფად მზარდი ტოტებიანი მარჯნების გასამრავლებლად. ბოლო დროს კი ოკეანის რამდენიმე ფერმერმა რიფის ამგები მასიური მარჯნების კულტივირება სცადა. ეს, მყარი კიროვანი ჩონჩხის წარმომქმნელი მარჯნის პოლიპები ნელამზარდი გიგანტები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ და რეპროდუქციული სიმწიფის მისაღწევად ათეულობით წელი სჭირდებათ. ამასობაში გარღვევაც მოხდა: Mote-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი მარჯნებიდან ჩამოთლილ მიკროფრაგმენტს კანის ჭრილობასავით სწრაფი აღდგენის უნარი აქვს და დიდ ნატეხებთან შედარებით ათჯერ უფრო სწრაფად იზრდება. ლაბორატორიის აკვარიუმში გვერდიგვერდ მზარდი, ერთი და იმავე კოლონიის პოლიპები ერთმანეთს ერწყმება და რეპროდუქციული ზომის მისაღწევად საჭირო დრო გაცილებით მცირდება. ამ გზით გაზრდილმა ზოგიერთმა სახეობამ, რომელთაც, ჩვეულებრივ, ათ წელზე მეტი სჭირდება მოსამწიფებლად, სულ რამდენიმე წელიწადში დაიწყო გამრავლება. ლაბორატორიაში გაზრდილი ტოტებიანი მარჯნის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში სიცხესთან ბრძოლაში მაინც დამარცხდა. ამიტომაც ამბობს Mote-ის უფროსი ბიოლოგი ერინ მალერი, რომ გადამწყვეტია სიცხის მიმართ მაღალი ამტანობის მქონე მარჯნებზე აქცენტირება. მალერი ასევე იკვლევს კავშირს ტემპერატურასა და დაავადებას შორის, რომელსაც მადრეპოროვნების ქსოვილის დაკარგვასაც უწოდებენ; ის პირველად 2014 წელს დაფიქსირდა ფლორიდა-კისში და დღეს უკვე თითქმის მთლიანად მოედო 580-კილომეტრიან ბარიერულ რიფს. „მარჯნის დაავადება ქრონიკული პრობლემაა და ტემპერატურული ამტანობის სკრინინგის დროს დაავადებების მიმართ ამტანობასაც ყოველთვის აღვრიცხავთ; ვცდილობთ, ამ ნიშნით გამორჩეული სახეობების გამრავლებაზე უფრო მეტად ვიზრუნოთ”, – მითხრა მან. მსგავსი სტრატეგია აქვს ჯგუფს Raising Coral Costa Rica, რომელიც ადგილობრივი და ამერიკელი ეკოლოგების ხელმძღვანელობით ცდილობს გოლფო-დულსეს უძველესი რიფები გააცოცხლოს როგორც ტოტებიანი სახეობების მოშენებით, ისე მადრეპოროვნების მიკროფრაგმენტების გამრავლებით. ეს ათასობით წლის მარჯნები განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებენ, რადგან ბინადრობენ ყურეში, რომელშიც ოთხი მდინარე ჩაედინება და ისინი ტემპერატურის, მჟავიანობისა და მარილიანობის მკვეთრ რყევებს განიცდიან – შესაბამისად, ცვალებად პირობებთან გასამკლავებლად აღჭურვილნიც არიან. მათმა და მსგავს მერყევ პირობებში ბინადარი მარჯნების გენებმა შეიძლება პასუხი მოგვცენ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ სხვა მარჯნები. პლანეტის მეორე მხარეს კი ჰარისონმა კარგად იცის, რომ რამდენადაც განსაკუთრებული გენეტიკა უნდა ჰქონდეთ მარჯნის მშობლებს, ცალკეული ლარვის გადარჩენის შანსი მილიონში ერთია. მას ამ ალბათობის მკვეთრად გაზრდა სურს. ლარვების უმრავლესობა დინებას მიაქვს და დროთა განმავლობაში სათანადო სუბსტრატს თუ არ შეეჩეხა, აუცილებლად რომელიმე არსების ხახაში აღმოჩნდება, – აღნიშნავს ჰარისონი. ამიტომ ჰარისონის სხვადასხვა ჯგუფი იმ მარჯნების გამოფრქვეულ კვერცხებს და სპერმას აგროვებს, რომლებიც გაუფერულებას გადაურჩნენ და მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობა გამოავლინეს. ოკეანის ზედაპირთან ახლოს, გამეტებისთვის თავის მოყრა განაყოფიერებას და ლარვების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ შთამომავლობის დაზიანებულ რიფებზე მოფრქვევა. ჰარისონი გავრცელების ორ მეთოდს ცდის: დისტანციურად მართული რობოტები – “LarvalBots“, რომლებიც ლარვებს რიფებზე ასხურებენ და კერამიკული მრავალწახნაგა საცობები, რომლებზეც ლარვებია მიმაგრებული და რომლებიც რიფის ნებისმიერ ღიობში შეიძლება ჩაერჭოს. ტამონის ყურე, გუამი (მარცხნივ 2005 წ. მარჯვნივ 2017 წ.) დუბილეს და ჰეისის ვიზიტებს შორის ჯანსაღი მარჯნები უფერულ ნამსხვრევებად იქცა. ტამონის ყურეში პრობლემა შექმნა წყლის ტემპერატურის ზრდამ, მიქცევის დროს წყლის დონის საზიანო დაწევამ და ეპიდემიებმა. 2013-2017 წლებში 60%-ით შემცირდა მარჯნის ერთი სახეობის პოპულაცია, რომელიც თევზისა და უხერხემლოების ჰაბიტატს წარმოადგენდა. ერთი საკვანძო სახეობა სრულიად გაქრა. მიკრონეზიის ყურე, თავისი წყალმარჩხი მარჯნის პოპულაციით, საზღვაო ნაკრძალად გამოცხადდა 1997 წელს და მუდამ იზიდავს სტუმრებს. „მძიმე სურათია, – ამბობს გუამის უნივერსიტეტის ეკოლოგი ლორი რაიმუნდო, – განსაკუთრებით მძიმეა ნახევრად აღდგენილი მარჯნის ხელახალი დაღუპვა“. ლარვების წერტილოვანმა კოლონიზაციამ გაამართლა საცდელ ნაკვეთებზე, თუმცა ჰარისონს ესმის, რომ რეალური შედეგის მისაღწევად მასშტაბის ბევრად გაზრდაა საჭირო – ოკეანის ფსკერზე მილიარდობით ლარვის მოფრქვევა. გამეტების მასობრივი ფრქვევა (რომლის დროსაც მათ ჰარისონი იტაცებს) გენეტიკურ მრავალფეროვნებას უწყობს ხელს, თუმცა რიფის დასუსტებასთან ერთად მარჯნების წარმატებულად გამრავლების შესაძლებლობებიც იკლებს. ჰიუსმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ 2016-2017 წლების გაუფერულების შემთხვევების შემდეგ, დიდ ბარიერულ რიფზე, ლარვების კოლონიზაცია 89%-ით დაეცა. ავსტრალიის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის ლაბორატორიაში გენეტიკოსი მედელინ ვან ოპენი ცდილობს წაახალისოს ბუნებრივი ადაპტაციები, რომლებსაც ასეთი დანაკარგის შემცირება შეუძლია. ის ცდის მარჯნების ბინადარ წყალმცენარეებსა და ბაქტერიებში ტემპერატურის ამტანობასთან დაკავშირებულ გენებს. ლაბორატორიაში გაზრდილ წყალმცენარეებს ეტაპობრივად უმატებს ტემპერატურის ზემოქმედებას, შედეგად კი ბუნებრივი გადარჩევა და შემთხვევითი მუტაციები ამ წყალმცენარეებს სიცხისადმი მეტ ამტანობას გამოუმუშავებენ – დაჩქარებული ტემპით. ის მარჯნები, რომლებმაც ცდებით განვითარებული წყალმცენარეები მიიღეს პარტნიორებად, ნაკლებ მიდრეკილნი აღმოჩნდნენ გაუფერულებისაკენ. ვან ოპენი აპირებს „ლაბორატორიული ევოლუცია“მოუწყოს მარჯნის მიკრობიომის ბინადარ ბაქტერიებსაც. „რომ შეგვეძლოს მარჯნის იმუნიზაცია ლაბორატორიაში გაზრდილი წყალმცენარეებითა და ბაქტერიებით, სიცხის სტრესის ნეიტრალიზებასაც შევძლებდით”, – ამბობს იგი. ინსტიტუტის მეცნიერები ჰიბრიდებსაც ქმნიან – აჯვარებენ თბილ წყალთან ადაპტირებულ სახეობებს იმავე სახეობის ცივი წყლის მარჯნებთან იმის შესამოწმებლად, შთამომავლობით გადადის თუ არა სითბოს ამტანობა. თავდაპირველი შედეგები იმედისმომცემია. მარჯნის კვერცხებისა და სპერმის თეთრი ბურუსი მურის რიფს ეფინება. გამეტების ეს ყოველწლიური, საყოველთაო ფრქვევა (რომელიც დამოკიდებულია მთვარის ციკლზე, წყლის ტემპერატურასა და დღის სიგრძეზე) მარჯნის პოლიპებს სქესობრივი გამრავლების შესაძლებლობას აძლევს და გენეტიკურ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. ზოგ შემთხვევაში მარჯნები საქმეს დამოუკიდებლადაც კარგად ართმევენ თავს: ცენტრალურ წყნარ ოკეანეში, მსოფლიოს უდიდეს ატოლ კირიტიმატის რიფებზე მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარჯნები, რომლებმაც უშუალოდ სითბური ტალღის პერიოდში სითბოს ამტან წყალმცენარეებთან გაერთიანებით შეძლეს გაუფერულების შემდეგ გამოჯანმრთელება. რიფები მთელ მსოფლიოშია დაზიანებული, რადგან ისინი საშუალოდ 1 გრადუსით გაზრდილ ტემპერატურას შთანთქავენ. „და მაინც არ ნებდებიან”, – ამბობს ჰიუსი. ეჭვი ეპარება, რომ ცხოველებს 1-2 გრადუსიან დათბობასთან გამკლავება შეეძლოთ და განიცდის, რომ ზედმეტ იმედებს ვამყარებთ რიფების გაცოცხლებაზე. „აღდგენა უბრალოდ ყურადღების გადატანაა. გადაუდებელი საჭიროება საწყის მიზეზებთან გამკლავებაა, – ამბობს იგი, – ის, რაც რიფებს დაემართა, მართვის კრიზისია – წყლის ხარისხის, თევზსაშენების და, განსაკუთრებით, სათბურის აირების – და ამ სამივე მიმართულებით მუშაობაა საჭირო”. საზღვაო ეკოლოგი პიტერ ჰარისონი მარჯნების გამრავლების ცერემონიის წინ მურის რიფზე გამოფრქვეული კვერცხებისა და სპერმის შესაგროვებელ ბადეს ამზადებს. დაჭერილი კვერცხები და სპერმა სანაშენე აუზებში შეინახება, ლარვის ჩამოყალიბებამდე; შემდეგ მათ ჰარისონი დაზიანებულ რიფებზე მოაფრქვევს. ამ რიფის ნაწილი 2016-17 წლებში გაუფერულების ტალღას გადაურჩა და შესაძლოა ამ მარჯნებს მაღალი ტემპერატურის ამტანი გენები ჰქონდეთ. გლობალური დათბობის ტენდენციის ფონზე, ზოგიერთმა მეცნიერმა თადარიგის დაჭერა დაიწყო – „ცოცხალ ბიობანკებში“ინახავენ მყარ მარჯნებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდი მრავალფეროვნება დაიცვან. ასეთი ბანკები უკვე არსებობს აშშ-სა და ავსტრალიაში. „ესაა, რაც ახლა შეგვიძლია: თავი მოვუყაროთ ყველა სახეობას, აღვრიცხოთ და ცოცხლად შევინახოთ განუსაზღვრელი ვადით – გენეტიკური კვლევებისა და, თუ შესაძლებელი იქნება, ოკეანეების რეპოპულაციის მიზნით”, – ამბობს ვერონი, ბიობანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. „რიფებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა ხერხის გამოყენება ჩვენზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ამის არგაკეთება არ შეგვიძლია”. ჯენიფერ ს. ჰოლანდი სამეცნიერო თემებზე წერს და ჟურნალთან დიდი ხანია თანამშრომლობს. დევიდ დუბილე და ჯენიფერ ჰეისი ინდონეზიელ მეცნიერებთან ერთად გეგმავენ, მიიღონ მონაწილეობა მარჯნის სამკუთხედის კონსერვაციის პროცესში. როგორ დავეხმაროთ მარჯნის რიფს თუ ესტუმრებით, საყვინთად ისეთი აღჭურვილობა გამოიყენეთ, რომელიც რიფს არ დააზიანებს. რიფზე ცურვის ან ყვინთვის დროს არ შეეხოთ მარჯნებს და არც ზღვის სხვა ბინადრები შეაწუხოთ. გრძელსახელოიანი საცურაო კოსტიუმი ჩაიცვით, რომ მინიმალური რაოდენობის მზისგან დამცავი საცხი დაგჭირდეთ; თან ზღვის ბინადრებისთვის ნაკლებად მავნე ნაწარმი შეარჩიეთ. არ შეიძინოთ მარჯნის ან ზღვის სხვა არსებებისგან დამზადებული სუვენირები. მრავალი ორგანიზაცია მუშაობს მარჯნის რიფების აღდგენა-გადარჩენაზე. მათ შორისაა, სტატიაში ნახსენები ორგანიზაციების გარდა, National Geographic Society-ს პროექტი Pristine Seas. დონაციისა და მოხალისეობის შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მათ ვებგვერდებს. თუკი გსურთ მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ პლანეტას, ეწვიეთ ბმულს: natgeo.com/planet. The post რიფების გადარჩენა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა