Jump to content
×
×
  • Create New...

რა თქვა სებ-ის პრეზიდენტმა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ გაუმართლა – ის ერთი-ერთი პირველი წარდგა პარლამენტში, ოპოზიციის წევრებით ახლად დაკომპლექტებული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პირველი მომხსენებელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. სებ-ის პრეზიდენტს 4 საათის განმავლობაში მოუწია კითხვებზე პასუხების გაცემა და თავდამსხმელთა მოგერიება:

– როდესაც სებ-ი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი? – პარტიის – ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სებ-ი ვერც ფასებისა და ლარის სტაბილურობას, ვერც ეკონომიკის მაღალ ზრდასა და ვერც კაპიტალის ბაზრის განვითარებას უზრუნველყოფს.

– ეროვნულმა ბანკმა, ორგანიზაციამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ გაატარა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს ექსპერტიზა, აღნიშნავს, რომ სებ-მა გაატარა სწორი პოლიტიკა, – უპასუხა კობა გვენეტაძემ

–  რა შემთხვევაში გადადგება კობა გვენეტაძე?გირჩის ერთ-ერთი ლიდერის – ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით მოქმედებს:

– არ ვფიქრობ, რომ რამე პირობები უნდა დადგეს. მე ვასრულებ იმ მოვალეობას, რაც გაწერილია ეროვნული ბანკის შესახებ კანონით. ხშირად მე მიწევს არაპოპულარული და არაპოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება. რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ის კეთდება. მე არ ვიცი, თქვენთან, სამეფოში, რა წესებია, მაგრამ ჩვენ კანონის მიხედვით ვსაქმიანობთ.“

როგორი პრეზიდენტი ხართ კარგი, ცუდი თუ ისე რა?  ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ კობა გვენეტაძეს სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში თავისი საქმიანობა შეაფასოს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ის საკუთარ საქმიანობას ვერ შეაფასებს, ხოლო სებ-ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის IMF და სარეიტინგო სააგენტოები, დადებითად აფასებენ.

ამის საპასუხოდ კი ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გვენეტაძეს უთხრა, რომ „ჩაძირვამდე ტიტანიკსაც დადებითად აფასებდნენ“.

უნდა აღინიშნოს, რომ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ლელოს დამფუძნებლის –  მამუკა ხაზარაძის განცხადებები განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკის ნომერ პირველი ამოცანაა, თუმცა, მარეგულირებელს ინფლაცია „გაექცა“ და ვერანაირ ფასებს ვერ აკონტროლებს. შედეგად, ეს მაჩვენებელი დღეს 7%-ს აღემატება.

მამუკა ხაზარაძე კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხსაც შეეხო, სებ-ის პრეზიდენტი უმოქმედობაში დაადანაშაულა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისკენაც მიუთითა:

„თქვენ, როგორც მარეგულირებელი, ამავდროულად ზედამხედველობთ კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ამ მიმართულებით ინტერესთა კონფლიქტს – ერთი მხრივ, იყო მარეგულირებელი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების და მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ კონკურენტი უნდა იყოს საკრედიტო სისტემის. რა გააკეთეთ იმისთვის, რათა საფონდო ბირჟა აქტიური ყოფილიყო? თქვენ ეს პერსპექტივა მოკალით და ქვეყანაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბიზნესებმა ან ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომპანიის მფლობელობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამ კითხვაზე პასუხისას, კობა გვენეტაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სადავო ტრანზაქცია ახსენა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა.

„ჩვენ არ შევხებივართ ამ თემას, თქვენ შეეხეთ და მარტო ამის გამო, ბოდიში და, გასაგდები ხართ ამ თანამდებობიდან. თქვენ დაარღვიეთ ადამიანობა, თქვენივე სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები და თქვენი სიჩუმით, 12-წლიან საქმეზე გაგვიშვით მე და ბადრი ჯაფარიძე. როგორ გიძლებთ ნამუსი, გამოდიხართ და ტრანზაქციას ახსენებთ. თქვენ ხართ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის ნაწილი“, –  მიმართა მან გვენეტაძეს და პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.

გარდა მწვავე პოლიტიკური, ხმაურიანი განცხადებებისა, კობა გვენეტაძის ანგარიშის წარდგენისას გაირკვა, რომ:

  •       ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. მიზეზი აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის 44.8%-იანი მაჩვენებელია. პროგნოზი კი, 23 ივნისს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გადაიხედება
  •       მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
  •       სებ-ი შეეცდება, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის „ოქროს ბალანსი“ იპოვოს. გვენეტაძის განმარტებით, თუ ეკონომიკური ზრდაც და ინფლაციაც მაღალი იქნება, მომავალში ეს ზრდას უფრო შეამცირებს, ამიტომ ცენტრალური ბანკი ინფლაციის „მოთოკვას“ შეეცდება.
  •       გასულ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზად სებ-ი პანდემიის ეფექტსა და ტურიზმის შეზღუდვას მიიჩნევს, ვინაიდან, ქვეყანამ ტურიზმიდან ვერ მიიღო დაახლოებით, $3 მილიარდის შემოსავალი.
  •       ბოლო პერიოდის ლარის გამყარების მიზეზი ეკონომიკის ზრდის დასაწყისი, ინფიცირების რიცხვის შემცირება და დადებითი მოლოდინებია.

მთლიანობაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკურად, ძალზე რთული 2020 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის შემდეგ; საქართველოშიც და გლობალურადაც ეკონომიკის აღდგენა მეტწილად დამოკიდებული იქნება პანდემიის დაძლევაზე. ეროვნული ბანკის ქმედებები კი, მისივე მტკიცებით, „ანალიზზე დაფუძნებული და არსებული ვითარების შესაბამისი“ იქნება.

The post რა თქვა სებ-ის პრეზიდენტმა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share