Guest Merlin Posted 4 ივნისი, 2021 Posted 4 ივნისი, 2021 IKEA წლებია მომხმარებლის საყვარელ ბრენდად იქცა. ყველასთვის კარგად ცნობილ შვედურ კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკვე 455-ზე მეტი მაღაზია აქვს და ქსელი კიდევ ფართოვდება. კომპანიას ზრდა არც პანდემიის პირობებში შეუჩერებია, რადგან საკუთარი პროდუქტები და მომსახურება მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნილებებს მოარგო. რა არის IKEA-ს წარმატების საიდუმლო? სპეციალისტების თქმით, ბრენდის წარმატებას განაპირობებს ხარისხიანი პროდუქტი, დაბალი ფასები და ავეჯის საკუთარი ხელით აწყობის საშუალება. ამ სამ ძირითად ფაქტორს ემატება კომპანიის სწორი მარკეტინგული სტრატეგია. „იაფი ავეჯის დამზადება მარტივი, თანამედროვე და პრაქტიკული დიზაინით“ – ეს კომპანიის მთავარი იდეაა. IKEA-ს უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მის მაღაზიებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი – ავეჯითა და ჭურჭლით დაწყებული, ნახატებით დამთავრებული. ხელმისაწვდომი ფასი თავიდანვე იყო IKEA-ს ძირითადი პრიორიტეტი, რადგან სამიზნე აუდიტორიად კომპანიამ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები აირჩია. ბრენდის პრინციპია, რომ პროდუქციის ფასი ფიქსირებული იყოს მთელი წლის განმავლობაში, რათა საყიდლებზე მისულ მომხმარებელს კატალოგში წინასწარ შერჩეული ნივთის ღირებულება გაზრდილი არ დახვდეს. კომპანია მაღაზიებისთვის ადგილს ტრადიციულად ქალაქგარეთ არჩევს, სადაც მიწის ფასი დაბალია. გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ მომხმარებელი, რომელიც მაღაზიაში მისასვლელად შორ მანძილს გაივლის, უკან ხელცარიელი აღარ დაბრუნდება და რამე ნივთს აუცილებლად იყიდის. IKEAსიმარტივე ბრენდის მთავარი ხაზია. IKEA-ს ავეჯს მოჰყვება ინსტრუქცია, რომლის მეშვეობით მყიდველს მისი სახლში აწყობა შეუძლია. ამის გამო მომხმარებელი თანაავტორად გრძნობს თავს და ნივთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. IKEA-ს ისტორია კომპანიის დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 1926 წელს შვედეთში დაიბადა. მან პატარა ასაკშივე დაიწყო ვაჭრობა. 5 წლის ასაკში ასანთს ყიდდა ქუჩაში. შემდეგ საშობაო ბარათებით, საახალწლო აქსესუარებით, თავისი დაჭერილი თევზითა და სხვა ნივთებით ვაჭრობდა. IKEA-ს ისტორია 1943 წელს იწყება. ინგვარ კამპრადი 17 წლის იყო, როცა თავისი პირველი კომპანია IKEA შექმნა. კომპანიის სახელის პირველი ორი ასო ინგვარის ინიციალებია, მესამე – ბაბუის კომპანიის სახელის (ელმტარიდი) პირველი ასო, ხოლო მეოთხე უახლოესი სოფლის ეკლესიის დასახელების (აგუნარიდი) პირველი ასო. კომპანია თავიდან ავტოკალმებით ვაჭრობდა. შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ უკვე ავეჯის გაყიდვა დაიწყო. იმ დროს შვედეთში ავეჯი ძვირი იყო, ამიტომ მან ძირითად მიმართულებად იაფი ავეჯით ვაჭრობა აირჩია. 1951 წელს პატარა ქარხანა იყიდა და კიდევ უფრო იაფი ავეჯის გამოშვება დაიწყო. მალე კომპანია ასაწყობი ავეჯის წარმოებაზე გადავიდა, რომელიც გაცილებით მოსახერხებელი იყო ტრანსპორტირებისათვის. IKEA-ს პირველი მაღაზია კამპრადმა შვედეთში, მშობლიურ ქალაქ ალმჰულტში 1958 წელს გახსნა. მანამდე ის პროდუქციას სახლიდან ფოსტით ყიდდა, შემდეგ კი – პირდაპირ საწყობიდან. მაღაზიები გარეუბნებში Cash&Carry პრინციპით განთავსდა. მალევე მაღაზიებში გაჩნდა პატარა კაფეები, სადაც კლიენტებს დასვენება და დანაყრება შეუძლიათ. IKEA-ს სათაო ოფისი ამჟამად ჰოლანდიაშია განთავსებული, მას შემდეგ, რაც კომპანიის წილი ჰოლანდიურმა ფონდმა INGKA Foundation-მა შეიძინა. ქსელში სულ 217 ათასი თანამშრომელი მუშაობს. 2019 წელს მათი რიცხვი 211 ათასი იყო. გაფართოების სტრატეგია 1963 წელს საზღვარგარეთ IKEA-ს პირველი მაღაზია ნორვეგიაში გაიხსნა. კომპანიას დღეს ყველაზე მეტი მაღაზია ევროპაში აქვს – 273. ახალ ბაზრებზე შესვლამდე კომპანია ზედმიწევნით სწავლობს ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებსა და კულტურულ განსხვავებებს. კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ევროპაში მაღაზიის გახსნა მათთვის ყველაზე იოლია. აშშ-ის ბაზარი, ევროპასთან შედარებით, ნაკლებად მომგებიანია, რადგან მიწისა და მშენებლობის ღირებულება იქ უფრო მაღალია. პერსონალისთვისაც აშშ-ში კომპანიას მეტის გადახდა უწევს, მაღალია სხვა ხარჯებიც. იაპონიასა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში მაღაზიის გახსნა კომპანიას ძვირი უჯდება. თუმცა, რეგიონის პოტენციალის გათვალისწინებით, კომპანიამ ამ ბაზრებზე უარი არ თქვა. იაპონიაში სირთულეს ქმნიდა ისიც, რომ ადგილობრივ მომხმარებელს პროდუქციის ხარისხის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ბრაზილიაში შესვლაზე კომპანია დიდხანს თავს იკავებდა – მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბე აფერხებდა. თუმცა, ბოლოს ბრაზილიაში მაღაზიის გახსნა მაინც გადაწყვიტა, რადგან მოსახლეობის სიმრავლის გათვალისწინებით, გაყიდვების მასშტაბი მაინც დიდი გამოდის. სოციალური პასუხისმგებლობა IKEA-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის სტატუსი აქვს. ის თანამშრომლობს სოციალურ ბიზნესებთან, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ადგილებს ქმნიან ღარიბი მოსახლეობისთვის, მაგალითად, სირიელი ლტოლვილებისა და იორდანელი ქალებისთვის. კომპანიის ახალი სტრატეგიაა, რომ 2030 წლისთვის გახდეს Climate-positive. ეს იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს სათბურის გაზების ემისიას, რაც პროდუქციის დამზადების პროცესში გამოიყოფა. ასევე, ჩაიბარებს ძველ ავეჯს, განაახლებს და მას ხელახლა გაყიდის. კომპანიამ დაიწყო ინვესტორებისგან გამოყენებული ტყის მასივების შეძენა, რომელსაც თავად აღადგენს. yun-jeongho/unsplash.comIKEA პანდემიის პირობებში რადგან პანდემიამ ფინანსური სირთულეები შექმნა და ხალხი სახლში მეტ დროს ატარებდა, კომპანია შეეცადა, მათთვის უფრო კომფორტული ავეჯი შეექმნა. საფასო პოლიტიკაც ახალ რეალობას მოარგო და პროდუქცია გააიაფა. პანდემიის მიუხედავად, IKEA-მ მომხმარებელს 2 ათასი ახალი სახეობის პროდუქტი შესთავაზა. საკუთარ რესტორნებში ჯანსაღი პროდუქტის ასორტიმენტი გაზარდა და მენიუში ხორცი ნაწილობრივ ბოსტნეულით ჩაანაცვლა. IKEA-მ პანდემიის პირობებში ონლაინვაჭრობის სერვისიც გააუმჯობესა. შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ონლაინგაყიდვები 45%-ით გაეზარდა. 2020 ფისკალურ წელს €39.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო (2019 წელს მისი შემოსავალი €41,3 მილიარდი იყო). The post მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკა: IKEA appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა